понедельник, 25 февраля 2013 г.

www.cnoribaxcha-vano99.com


 ამასწინათ, "Youtube" –ზე ხეტიალისას, წავაწყდი 1935 წელს გადაღებულ, თუ არ ვცდები, პირველ სომხურ ხმოვან ფილმს, "პეპოს"; მოგეხსენებათ, ეს პიესა თბილისელ დრამატურგს, გაბრიელ სუნდუკიანს ეკუთვნის და მე–19 საუკუნის 60–იანი წლების თბილისის ცხოვრებას ასახავს. დიდი სიამოვნებით ვუყურე, რადგან იქ ბევრი რამ ვნახე კარგად ნაცნობი და ჩემი თბილისიდან აწ უკვე პირწმინდად გამქრალიც და დაკარგულიც, თუმცა ახლა სხვა რამის გამო გამახსენდა ეს ფილმი. იქ არის ასეთი ეპიზოდი: საზამთროს გამყიდველთან რუსი ჩინოვნიკი მიდის მეუღლითურთ და იწყებენ ამორჩევას და ვაჭრობას – Давай за две копейки-ო (არადა "ტრი კაპეიკი" ღირს); გამყიდველი უარზეა, არც გაჭრას თანხმდება... ჩინოვნიკი  უწუნებს საზამთროს – Вообще нет звука–ო; ის (ბემურაზი) კინტო კი უმალ მოსწრებულად პასუხობს – "ტი ჩტო ხოჩიშ, ჩტობი ზა დვე კაპეიკი ტამ დუხოი მუზიკა იგრალ?!"...
   
    ამ ზაფხულს ჩვენს უბანს ვიღაც მეგაფონიანი კომერსანტი შემოეჩვია ("კინტოს და ჩარჩს" როგორ ვაკადრებ?!), დადის, მანქანით, დაატარებს საზამთროს და თან მთელი უბნის გასაგონად, კარგი ნუგზარ ჯუღელივით, კომენტარებს აკეთებს: "ახალ–ახალი საზამთრო პირდაპირ წნორიდან, ნებისმიერის გაჭრაზე... წითელი და ტკბილი ..." ერთი–ორჯერ მანქანის მაგნიტოფონის გამორთვაც დაავიწყდა და სარეკლამო კომენტარს ფონად დაედო ნინო ჩხეიძის მორიგი ჰიტი... აჰა, ეგეც შენ გაჭრილი საზამთროდან წამოსული "დუხოი მუზიკა"! – ასრულდა თუ არა თბილისელი კინტოს ბემურაზობა!  ამ ტექნიკურ პროგრესს სულ რაღაც 140 წელი დასჭირდა (პიესა "პეპოს" გამოქვეყნების წელს ვიღებ საწყისად.... ეს 1870–ში მოხდა).
   ახლა მე ვაკეთებ პროგნოზს, რადგან თავი მაინც იმ კინტო–ყარაჩოღელების შთამომავლად მიმაჩნია და არც მინდა ეს მემკვიდრეობა დავკარგო, რა ვქნა ამ "ევრაპეისკი მენეჯმენტებს" ჯერაც ვერ გავუგე მუღამი. ჰოდა, იმას ვამბობდი: სულ რაღაც 10–15 წელიწადში, საკუთარი კომპიუტერიდან შეხვალთ წნორის რომელიმე ბაღჩის საიტზე (მაგალითად, www.cnoribaxcha-vano99.com), ამოარჩევთა სასურველ საზამთროს გაჭრის, დუხოი მუზიკის და მეგაფონის გარეშე, გადარიცხავთ ფულს და რაღაც ორიოდე საათის განმავლობაში მიიღებთ ბინაზე სასურველ პროდუქტს (ჯერ კახეთში ავტობანი არ არის, როცა იქნება, ერთ საათშიც მიიღებთ).
    არა გჯერათ? 
    ნუ დაიჯერებთ, მე ჩემი ვთქვი და დანარჩენი თქვენ იცით....
    ახლა ერთ ლექსსაც მივაწერ და ამით მოვრჩები:

    წლები გადის... და ეპოქა 
    იცვლის თავის "მუსიკოსს",
    პეპოს ახლა "პიტერ" ჰქვია 
    და რეგინა – რუსიკოს...
    "ჩინოვნიკიც" შევიცვალეთ –
    აღარ ვაცლით რუსს იყოს.... 
    გეი–პარადს მალე ვნახავთ
    უნიფხვო–უტრუსიკოს...

Комментариев нет:

Отправить комментарий