четверг, 28 августа 2014 г.

28 აგვისტოს შუქჩრდილები

ნუთუ მართლა დაუშვებს კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას და ჩვენ რა გვეშველება?! დეიდა ნატოს შეშფოთება დაგვიცავს?!
რა ვიცი, ერთ ცნობილ ქართულ ფილმში გაჟღერებული (!) ფრაზის იმედი მაქვს - "თუ დეიდა ნატო შეგპირდა, აუცილებლად მოვა"... მე კი მაქვს იმედი და დანარჩენი იმ პატივცემული დეიდის სინდის-ნამუსზე იყოს...
ომზე ფიქრი და პოეზია არ მაძინებს (სახლში მიმდინარე დამთრგუნველ სანტექნიკურ რემონტზე რომ აღარაფერი ვთქვათ...); გათახსირებულ პუტინზე ფიქრში ნეტარხსენებული პეტრარკას 231-ე სონეტი შემომეთარგმნა მარიამობის ღამის მიწურულს...

ჰოდა, ყველა მაკა-მარინე-მარიამს გილოცავთ და გიძღვნით ამ თარგმანს და ერთგვარი სინანულით ვაფიქსირებ იმ ფაქტს, რომ, ჩემი მდიდარი და მრავალწლოვანი სასიყვარულო ბიოგრაფიის მიუხედავად, არცერთი მაკა-მარინე-მარიამი არ ყოფილა, ასე ვთქვათ, ტრფიალის ნომინანტი, რაც ფრიად საკვირველია ამ “მარიამების ქვეყანაში”... და, ალბათ, ასე უმარიამოდ დაიხურება ჩემი “სიყვარულის ალბომი”...
და რაღა მეთქმის ღაღადის გარდა - ჰოი, ცხოვრებაო, უმარიამოდ გაფლანგულო... მაშ!

ფრანჩესკო პეტრარკა, სონეტი #231

ბედს შევურიგდი, არ ვიმჩნევდი სულის ჭრილობას,
სხვის მიმართ შურმაც დამტოვა და სადღაც შორს გამცდა...
ჩემი ბედკრული სიყვარულის ყოველი განცდა
სჯობდა მავანთა ათასობით სიამტკბილობას.

აწ ვერც მის მზერას, მისგან მოგვრილ ვერც შეშლილობას
ვეღარ განვიცდი... თითქოს ნისლმა დაფარა ცაც და
ჩამომიბნელდა, მინათებდა სიცოცხლეს რაც და
ვეღარც მზეს ვხედავ, ვეღარც სადმე მის შუქჩრდილობას.

დედა-ბუნება, ხან მოწყალე და ხან ცბიერი,
ამ წუთისოფლის შეუცნობი თვალსაწიერი,
თავად რომ ქმნის და თავად რომ კლავს, სამდურავს ვბედავ!

ან მამამ ჩვენმა ზეციერმა, მისგან იერი
რომა აქვს მოკვდავს, სატრფო ჩემი უფლისმიერი,
თვით რომ მიბოძა, რად წარმტაცა თავადვე ნეტავ?!

суббота, 16 августа 2014 г.

პაპანაქება ზაფხულში დამლაიქებლად გინატრე

ძილისპირული მონოლოგი 

მცირე შესავალი
ჩემმა ცუდად ჩავლილმა ცხოვრებისეულმა სულისკვეთებამ ისე ინება, რომ ტიტულების და ე.წ. ხარისხებისკენ წამითაც არ გამახედა... ჰოდა, სადღაც მოვკარი თვალი, რომ თურმე "თარგმანმცოდნის" სამეცნიერო წოდებაც კი არსებობს და ახლაღა გამახედა იმ ბედდამწვარმა სულისკვეთებამ მეცნიერობისკენ, მაგრამ რაღა დროისაა?! - ჩემი მატარებელი წავიდა, მაგრამ ხომ არსებობს თვითმფრინავი? ერთი სიტყვით, ვიწყებ სამეცნიერო კარიერის შექმნას (!), თუნდაც "ფეისბუქთან" ასოცირებული პროფესორის ვაკანტური ადგილი დასაკავებლად და გთავაზობთ ჩემი მომავალი დისტერტაციის პირველ "ოპუსს":

მავანი “ჰაფეზოლოგები” ამბობენ - ჰაფეზის ყაზალების თარგმნა შეუძლებელიაო და ერთ მათგანს ასეთი შედარებაც კი მოაქვს: “მისი თარგმნა მთვარის სხივებით ლარნაკის ავსების მცდელობაა”-ო... დიახ, შეუძლებელია ჰაფეზის თარგმნა, მაგრამ ნუთუ ბაირონის ან გოეთესი შესაძლებელია?! ან თუნდაც მარინა ცვეტაევასი... ან რაბინდრანათ თაგორის?! ნებისმიერი პოეტის ლექსის სხვა ენაზე ასევე ლექსად გადატანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული... მაშ, არ უნდა არსებობდეს პოეტური თარგმანი, რაკიღა "მთვარის სხივებით ლარნაკს ვერ ავავსებთ?! 
თუ სხენებული “პოეტო-ლოგების” პრინციპით ვიმოქმედებთ, მხატვრული თარგმანი არ უნდა არსებობდეს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ის “უზუსტობით და გადაცდენებით სცოდავს ორიგინალის წინაშე”... მაშ, რა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც არ შეუძლია, არა მარტო ჰაფეზის, არამედ ნებისმიერი უცხოენოვანი პოეტის შემოქმედების გაცნობა ენის არცოდნის გამო? უნდა დაკმაყოფილდნენ იმით, რომ ე.წ. ფილოლოგიური თარგმანები (პწკარედი... სიტყვასიტყვითი თარგმანი...) იკითხონ და დაუჯერონ მათ, ვისაც ორიგინალში აქვს წაკითხული, რომ ეს არის ძალიან ლამაზი პოეზია?! არა, ვერანაირად ვერ დაიჯერებენ, რაც არ უნდა დიდი ხათრი ჰქონდეთ მთქმელისა... 
ანუ: რა ქნას პეპელამ?! - არც წაიკითხოს, არც დაიჯეროს?! (დელიავ-რანუნი...)
პასუხი ასეთია: ერთი ცნობილი სპექტაკლი არსებობდა ადრე, სადაც დაქორწინება-არდაქორწინების შესახებ მთავარი გმირი ამბობდა: “შეირთავ, ინანებ... არ შეირთავ და მაინც ინანებ”-ო... ჰოდა, ბარემ ლამაზად “თარგმნილი” წაიკითხე და ის დაიწუნე, რა...

(უკვე) 17 აგვისტოს ღამე... სადაცაა 2014-ის ზაფხულიც გავა

ძილი ნებისა!

среда, 13 августа 2014 г.

აბანოდან რევოლუციამდე

13 აგვისტოს მონოლოგი

ზოგჯერ საოცარი ბედი ეწევათ ხოლმე სიტყვებს...
პირველი კურსის პირველივე დღეებში, სპარსულის სწავლა რომ დავიწყეთ, პირველი გაოცება ის იყო, რომ აღმოვაჩინე - თურმე "მოედანი" სპარსული სიტყვა ყოფილა... ასეთი ანდაზა იყო: "ინ გუი, ინ მაიდან" (ჰა, ბურთი, ჰა მოედანი)...
სიტყვა "მოედანი", ცხადია, ასოცირდებოდა ადგილთან ქალაქში ან სპორტულ არენასთან, მაგრამ ასეთი ვარიანტი - მეიდანი - სულ სხვა რამის "მეტაფორა" იყო ჩვენს უბანში... ვინმე რომ იტყოდა - მეიდანში მივდივარო, ესე იგი აბანოში მიდიოდა...
მეორე გაოცება ამ სიტყვამ გამოიწვია, როცა უკრაინაში (ხარკოვში) ჩავედი პირველად და აღმოვაჩინე, რომ უკრაინულად "площадь"-ს "მაიდანი" ჰქვია... (სხვათა შორის ისიც სახალისო იყო, სიგარეტი რომ ვიყიდე, ადგილობრივი "კოსმოსი" და ზედ უკრაინულად "თუთუნ" ეწერა).
ამ ბოლო დროს კიევის მოვლენებმა კი სიტყვა "მაიდანი" თურმე - არც მეტი, არც ნაკლები - რევოლუციის სიმბოლოდ და მინიშნებად აქცია.

В России назревает Майдан. Путин и ФСБ не знают что делать-ო - წერია ერთ-ერთი ექსპერტის ვნებათა და სიტყვათა ღელვაში..…(http://elise.com.ua/?p=15242)
(ბრჭყალებშიც კი აღარ სვამენ, უკვე იციან, რომ, მაიაკოვსკის სიტყვების პერიფრაზირებისა არ იყოს (я говорю партия, подразумеваю ленин) - я говорю майдан, подразумеваю Революцию...

ძველი თბილისის ამბები თუ გაინტერესებთ (თავისი აბანოებით და აშუღებით და რამე....) მოისმინეთ ჩემს გვერდზე რადიოგადაცემის ჩანაწერი (ზუგდიდის რადიო "ათინათი") - Тбилисские ашуги. აქვე მადლობა უნდა ვუთხრა ქალბატონ მაია ფიფიას ასეთი მშვენიერი გადაცემის მომზადებისთვის!

среда, 6 августа 2014 г.

ფოტოგასეირნება დროსა და სივრცეში

(ფულად-საკრედიტო კომენტარით)

ქრონოლოგიური სხვაობა ორ ფოტოს შორის 32 წელზე ცოტა მეტია,  სიvრცობრივი - ალბათ, 4-5 ათასი კილომეტრი (ხარკოვი და ბარსელონა)... 

აკვარიუმში რომ შევდიოდით, პატარა, აუცილებლად გადასასვლელი ბოგირი უნდა გაგვევლო... იქით ერთი ყოჩაღი ფოტოგრაფი ქალი იყო ჩასაფრებული და გვიბრძანა - სტოპ! მერე "ერთი, ორი, სამი" იტალიურად გვითხრა (გარეგნობის მიხედვით დაადგინა, რომ "იტალიელები" ვიყავით), მერე ჩააჩხაკუნა და... ჩიტი ნამდვილად არ გამოფრენილა... რაც გამოფრინდა, ხედავთ შუაში (იხილეთ დაზუსტება პოსტსკრიპტუმში); დავათვალიერეთ აკვარიუმი და რომ გამოვდიოდით, ფოტოებიც დაგვახვედრეს - ერთი ცალი - 8 ევრო, გინდა-არგინდა, უნდა აიღო... თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბილეთი 20 ევრო ღირს, ესე იგი - ერთი კაცის "სიამოვნება წყალქვეშ" ნახევარი საათით 28 ევრო ჯდება... ჩვენ კიდევ მივჩერებივართ ამ კაზანტიპს და გავიძახით - ფულს შემოიტანს-ო..... დაიჭირეთ, ბატონო, ეს ზვიგენები და მისთანა ურჩხულები, შავ ზღვაში რომ ბინადრობენ, გააკეთეთ აკვარიუმი და არც ხალხი გაირყვნება შიშველ დუნდულებზე დაგეშვით და არც თავ-პირის დასისხლიანებით დაემუქრებიან ვინმეს... იქვე, აკვარიუმთან - ხაჭაპური, მწვადი, ხინკალი... მამაპაპური ღვინო, "შენ დაუკა, ლურჯი ჩიტი გამოფრინდება"  და... ჩამოსრიკინდებიან ევროპელები და დატოვებენ ანაკლიაში ან ფოთში ან სადმე იქვე ახლოს (ლაზიკა აღარ შენდება?) ფულს... 
ასეთია ჩემი კომენტარი...

P.S. დავაზუსტებ, რომ მე შუაში ვდგავარ, გაწოლილი არსებაც შუაშია, მაგრამ მე არ ვარ.