(ვითომ) ლექსები

001
ვის რად უნდა ფეისბუქი?! -
ფიქრმა კითხვა დაბადა...
ზოგს მიეცა მისგან შუქი,
ზოგს - სიბნელის ლაბადა...

ზოგი მხოლოდ დროს ატარებს,
სიზარმაცით შემოსილს...
ზოგი მოძღვრავს აქ პატარებს,
ვით ეთნარქი დემოსის.

ზოგი რაღაც "ლექსებს" ხლართავს
(ლექსი თავად ჰგონია!)
და იმ ზომის "პიარს" მართავს,
რომ "ის" მონაგონია.

ზოგი ცდილობს ყურადღება
მიიზიდოს ფოტოთი,
ზოგი კლიპს დებს და ლაღდება
კუტუნიო ტოტოთი.

ზოგი აწყობს (იქნევს ხელებს!)
მითქმა-მოთქმის ბრიფინგებს,
"რეალიდან" აქ აგრძელებს
ვირტუალურ მიტინგებს.

ზოგი სატრფოს ეძებს ახალს.
(ოჰ, იქნებ ის აქ არის?!)
და სანამ იმ ახალს ნახავს,
განწყობა აქვს ქაქანის.

ერთი სიტყვით, ცოდვებს კვებავს
ეს ბაზარი ამაო!...
და ცოდვათა აღსარებას
აქვე ისმენს მამაო...

რა ჩააცხრობს ბოლოს ნეტავ
დღეის ქარს და დღეის ბუქს?!
მე მგონია, უფრო მეტად
ჩვენ ვჭირდებით ფეისბუქს.
002
ჩემო თბილისო, ვიდრემდე
დამგვანებიხარ მაპუტუს,
ვიდრემდე ვნახავთ ქართველებს
გაძარცვულსა და გაპუტულს,
ჩვენ თავს მივხედოთ, ნუ ვკივით -
"კაპუტ ენგლის" და "კაპუტ რუს",
თორემ სულ მალე გვეტყვიან -
ლიკვიდუს! მოჭრუს! ამპუტუს!
003
- ლალი, ლალი, ჩემო ლალი,
- რაო, ჩემო მანანა?
- მოსაწვევი იმ პოეტმა
ჩემთან გამოგატანა?

- რასა ბრძანებ, ქალბატონო,
არ მოგიწვევთ არასდროს.
გინდა ისევ დაიწუნო
და ინფარქტი დამართო?

- რადგან ასე მეუბნები,
სიბრაზით და სიჯავრით,
დამიბრუნე ჩემი რითმა,
რომ მოგეცი იჯარით!

- არაფერიც, არაფერიც,
არაფერსაც არ მოგცემ.
იმ რითმისთვის ყველა შენი
კრიტიკოსი დავკოცნე

– მე შენს ლექსებს ძლივს რომ ვიგებ,
ვჩხიბავ როგორც მკითხავი?!
- მე რომ გაქე, როცა შენი
ოპონენტი ვიყავი?

-ჰო,ჰო,ჰო,ჰო დიდი საქმე ,
სულ არ გესმის ლექსები!...
თავში მხოლოდ გიტრიალებს
კაცები და სექსები.

- როგორც ვხედავ, ქალბატონო,
უმადურიც ბრძანდები.
გახსოვს მარტო მე მიყვარდი,
როცა გვერქვა ბანძები?!

- არც რითმები მინდა შენი,
და არც ეგ მოსაწვევი,
ბუტე,ბუტე,გაგებუტე,
დავიძინებ... დავწვები!
004
რა სიგრძეა, რა განია! –
ევროპა ვართ გაგანია!
ღამურებად გადაქცევა
დღეს მთავარი საგანია!
005
რა დრო დადგა! – მოიხსენი ეგ სათვალე მუქი;
სიმართლეა, რასაც ვამბობ, განა ბაქი–ბუქი;
გაიხედე – არის შუქი? დიახ, არის შუქი!....
არის შუქი!... არის შუქი!... არის ფეისბუქი!
006
სიბრძნე "ფეისბუქისა"– 1

გინდ იყო ფალიაშვილი,
გინდ დაგეწეროს "აიდა",
ფელინიც იყო... დე სიკაც...
თუნდაც ანჯეი ვაიდა,
ვერვინ გიშველის, რაც უნდა
იყვირო ვუი... ვაი და...
თუ "ფრენდმა" თავის კედელზე
სასტიკად დაგა–ჰაიდ–ა.

სიბრძნე "ფეისბუქისა"–2

"ფეისბუქს" რომ ჩაუჯდები
გარეთა თუ შინ,
რომ იხილავ – რას გწერენ და
რით გახარებს ვინ....
დაიხსომე, თუკი ვინმე
"ნინო" დაგხვდა წინ,
დღევანდელი მოთხოვნებით
უნდა უთხრა – "ნინ".

სიბრძნე "ფეისბუქისა"–3

ია, შენც თუ შემოფრინდი
"ფეისბუქში" – ფრი!
თუკი ახალ ყაიდაზე
შენც კერავ და ჭრი,
("ნიჭერშიც" თუკი გინდა,
გქონდეს სამი "კი"")
შენს "ა"–ს უნდა შეელიო,
დარჩი მხოლოდ "ი".

სიბრძნე "ფეისბუქისა"–4

მეგობარო, თბილისურად
გეფერები – 'ჯან"!
"ფეისბუქშიც" შემობრძანდი
ხანდახან და ხან....
ოღონდ ამას გეხვეწები,,
არ გაბრაზდე თან –
შენ აქ ნანა ვერ იქნები,
უნდა გითხრა – "ნან"!

სიბრძნე "ფეისბუქისა"–5

მტერს ვუსურვებ, ბესარიონს
რაც დამართეს დღეს:
ჯერ "ბესიკ"–ად რომ აქციეს,
ყველამ ვიცით ეს,
მერე "ბესო"–დ შეკვეცეს და
ვითომ კარგი ქნეს?!
საბოლოოდ ამ კაიკაცს
დარჩა მხოლოდ "ბეს".
007
შამამეყარა ვირუსი,
ამაღამ.... ძილის პირასა....
დაშეარება მთხოვა და
მივეცი რჯულძაღლსა იმასა,
სტატუსიც მთხოვა, მივეცი...
ვურჩევდი ძველს თუ წინასა...
დალაიქებაც ინდომა....
წამგლიჯა თითქმის მძინარსა...
"ახლა თაგიც და კომენტიც
მინდაო~ – მითხრა მშიშარსა...
ბოლოს თქვა – "ეგ ხმაც მომეცი,
და გეტყვი ვიშ–ს და ვიშასა...
მაგრამ ხმა ვეღარ მივეცი,
ბევრი შანსიც რომ იშანსა...
ანკი ხმას როგორ მივცემდი?! –
არ მივეც ის არც მიშასა....
მერე დავხოცეთ ერთურთი,
ვსპობდით გზა–კვალს და ნიშანსა....
ეჰ, დავიღალე! ღმერთსა ვთხოვ
ძილისკენ რომ გამიშვასა.
008
ჩემი გულის კომენტი ხარ,
განა რამე ფრაზა ხარ!...
სიყვარულის ფანჯარა და
სიძულვილის რაზა ხარ...
ყვავილი ხარ, ლარნაკი ხარ...
იქნებ ბროლის ვაზა ხარ...
მე გიჟი ვარ, შენ სიგიჟის
საწყობი და ბაზა ხარ...
009
საქართველოს ბაზარი
რომ ივსება წიგნებით,
უკვე ძლივს რომ ყიდიან
დახლით.... თხოვნით... ციგნებით,
ერთმანეთს რომ ჰგავს ყველა
ყდით თუ იმიჯ–მიგნებით,
შეხვედრებს რომ აწყობენ
(არვინ მიდის იქ ნებით),
რეკლამით რომ გვტანჯავენ
ტვინის გამოშიგვნებით,
იცით რატომ? დავიხრჩვით
მომწერლო–ინტრიგნებით....
მონიტორთან დავსხედით
და აწ სულ აქ ვიქნებით.
010
ამ "ფეისბუქმა" საქართველო მთლად დააქცია:
გადაგვავიწყა მიტინგი და ქუჩის აქცია,
არც პარლამენტი გვაღელვებს და აღარც ფრაქცია
და ყველა ერთად პოეტად და მწერლად გვაქცია.

და იწერება მილიონი დღეში "კომენტი" –
წერს დომენიკო.... იქნებ დომნა?! - ანდა დომენტი,
მაგრამ ვაი, რომ ყველგან მოჩანს ერთი მომენტი –
უნიჭობაა ძირითადი იქ კომპონენტი.

რომ შეამჩნიონ, შენგან სადმე თუ რამ იდება,
მეხოტბეთაგან რომ არ გქონდეს შენ დამშვიდება,
სჯობს დაივიწყო მოკრძალება და მორიდება
და, გწამს თუ არ გწამს, "ცის ბინადრებს" უძღვნა დიდება.

ანდა სამშობლოს სიყვარულით იცე მჯიღები,
იფიცო – გული რომ ღია გაქვს და არ იღლები
მოყვასზე ზრუნვით.... რომ ულვაში (თუნდაც ღინღლები)
გაქვს ნამუსით და ხარ სიკეთის გამცემ–მიმღები...

ვინც გინდა იყო – კონკია თუ ჯეინ ეარი –
გაიგე, ნიჭი წყალობაა, განა ზნე არი,
რომ ყველას ჰქონდეს თუკი სადმე ქვა და ხე არი....
თუ ვერ გაიგე, არ გექნება ჩემგან "შეარი".
011
ერთი პოეტის ვერლიბრი წავიკითხე, ძალიან მომეწონა, მაგრამ მაინც მომინდა პაროდიის დაწერა, განსაკუთრებით მოვიწადინე რითმებით აღჭურვა  ამ ორი ფრაზისა:
– ა) "მე ვიქნები შენი ენის წვერზე მომდგარი სიტყვა..
– ბ) ვიქნები მძიმე – სასვენი ნიშანი – რომელიც დაგავიწყდა რთულ წინადადებაში

შენი ენის წვერს რომ სიტყვა მოადგება, მე ისა ვარ...
გზაზე ჩრდილს რომ დაინახავ, ჩრდილის წყარო – ხე – ისა ვარ,,
"დო"–დან გადახტები "მი"ზე? – მათ შუა ვარ "რე" – ისა ვარ,
გუშინდლიდან ხვალინდლამდე პაუზა ვარ, დღე ისა ვარ....

მე "მძიმე" ვარ შენს სინტაქსში, რაც შენ მუდამ გავიწყდება,
სიმაღლე ვარ, რასაც მხოლოდ პრეზიდენტის თავი სწვდება,
"პროფილი" ვარ, სადაც ყველა ბოროტი და ავი წყდება....
("ნორკის" ქურქი ვერ ვიქნები – ამბობენ, რომ წავი წყდება).

შენი გზა ვარ, თუმც არ გახსოვს რად მიდიხარ, ვისთან, საით....
გარეთ ცივა, ჩემთან მოდი, გიმასპინძლებ ცხელი ჩაით!
პაროდიის ანბანს ვსწავლობთ "აი ია, ია აი"–თ.
გავიღიმოთ! – ნუ შემრისხავთ ან "პაშოლ"–ით... ან "დავაი"–თ.
012
ტარაკნული მონოლოგი

სულ ტახტის ქვეშ დავდივარ,
ბნელში დავეცეცები,
ტახტის ზემოთ ვიცი, რომ
ცხოვრობენ სულ მხეცები...
ანდა როგორ არიან
ზემოთ ასე ბეცები,
რომ ათასჯერ ნათქვამი,
ასჯერ ნაათკეცები,
აღარ ახსოვთ! – არა ვართ
ავად გადამბრეცები...
ნეტავ რატომ ვგონივართ
ცუდის "აბრაზეცები"?!
ქვემოთ სულ სიკეთეა,
ზემოთ – ცოფის ქეცები...
ფულის და სიმდიდრისკენ
მანჭვა–გადაღრეცები...
დამანებონ რა, თავი!...
ნუ ჰგონიათ, შევცბები,
ტახტისქვეშეთს ოდესმე,
რომ სადმე გავეცლები,
ტახტის ზემოთ სჩვევით
გადაგდება–შეცვლები...
მე კი ქვემოთ სულ ვარ და
წასვლას არსად ვეცდები.

013
პოეტად არ დავიბადე,
ჩვევად არა მაქვს მე წერა,
უფრო მიტაცებს თეატრი,
კინო, თარგმნა და ფერწერა.
როცა ხანდახან მე მუზა
ძველი დოსტივით მეწვევა,
სულ "აქშა-აქშას" ვეძახი
და გული ეჭვით მერწევა.
სხვასავით არ შემიძლია
ხალხში, ვით პოეტს შეღწევა,
ალბათ, ამისი შნო არ მაქვს
ანდა უფლისაგან შეწევნა...
ეჰ, ერთი სიტყვით, მე ნიჭი
დამესეტყვ-დამემეწყერა
და მაინც... ღირდა ცხოვრება
ზოგჯერ ლექსი რომ მეწერა.
014
კესანე, ჩემო კესანე,
მამხედე, შენი კვნესა მე!
ნიავს რომ ებიბინები,
არ მამწონს, რა ვქნა, ესა მე!
ერთი მეც გამეთამაშე, –
რად გვინდა ვიღაც მესამე?!

015
ჩართვას და ჩალაიქებას როგორც კი ვნახავ, იმწამში
ჩაგბლოკავ... ჩაგასამარებ ამ ვირტუალურ მიწაში.
016
მე მგონი, ისე გავნათდით
"დემოკრატიის შუქურით",
ლამის ნამდვილი ცხოვრება
შევცვალოთ "ფეისბუქურით".

აღარ გვნაღვლებს არავის
გავბრწყინდებით თუ შევრცხვებით
ევროპისაკენ მივდივართ
"შლოპანცებით" და კვერცხებით.
017
გახსოვთ, ალბათ, წიგნებს ყიდდნენ
ხელმოწერით.... ქვითრით... რიგით...
ან დახლქვეშა გარიგებით,
სპეკულანტით... ჩარჩით... ციგნით;
და ვაი, რომ წიგნი ხშირად
მიდიოდა იქით, იმ გზით,
სადაც კი არ კითხულობდნენ,
მხოლოდ დებდნენ "სწენკის" შიგნით.
დღეს კი წიგნებს ძლივს ყიდიან
ლაქუც–ლაქუც თხოვნით, ლიქნით...
აწ სიმცირეს კი არ ვჩივით,
ჭირს სიმრავლის გამო ვიქმნით...
* *
ვაჭარნო და ბიზნესმენნო,
თქვენ სიხარბეს ფუჭად იგვრით –
სიმდიდრე და ფუფუნება
ჯერ ვერავინ ჰპოვა წიგნით.
018
ამ ჩვენს სამშობლოს ჩვენ დავკანკალებთ
და ვუზრდით შვილებს აკვან–აკვან და...
მაგრამ ვაი, რომ ზოგი ეს "შვილი"
გამოშტერდა და გამოთაყვანდა.
019
ამაზე მეტად გასაოცარი
ნეტავი ქვეყნად რა უნდა მოხდეს?!
ფანტასტიურად დიდი სპექტაკლი
"რობერტ სტურუა" სცენიდან მოხსნეს....
020
რა ხანია, არ მინახავს
"ფეისბუქზე", არა...
და ცუკერბერგს ვეკითხები –
მიპასუხე ჩქარა! –
დამბლოკა თუ გადამისვა
უჩინარი ხაზი?
სად წავიდა? ნუთუ
ჩემგან გაიყოლა ბრაზი?
ის წაღვერში ჩრდილში ზის
და განერიდა თბილისს?
ვერ გავიგე... ის კი ვიცი,
გადავიტან ივლისს,
და თუ მაინც არ გამოჩნდა, –
ფუჭად მარაკრაკა,
მეც წავალ და მოგშორდები:
პაკა, ცუკერ, პაკა!
021
ერთხელ მითხრეს - ნულოვანი ლოგიკა გაქვსო...
შემარცხვინეს, შემრისხეს!...
ჩათვალეთ, რომ მოგიკვდით –
როგორ უნდა ვიცხოვრო
ნულოვანი ლოგიკით?!
022
Люда-ც წაგვართვეს, Света-ც წაგვართვეს,
კოცნაც წაგვართვეს Маша–სა და მე...
ახლა kiss party–ს უნდა ვუყუროთ -
ჩვენ ევროპა ვართ მაშასადამე!
023
უსექსო სსრკ–დან
ცხოვრებამ სექს–ში შეტოპა...
"kiss party" გსურდათ? – მოვიდა!
და მოიყოლა ევროპა.
024
იმისთვის, რომ ალალივით
იქცეოდე ვიღაც გერი,
რომ მოყვასის ქურქს ისხამდე
რომ დამალო, რომ ხარ მტერი,
რომ სხვას თეთრად მოაჩვენო,
რომ შენ გიყვარს შავი ფერი,
საჭიროა თავხედობა!...
– მეტი?
– მეტი არაფერი...
025
ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნას
რაც ამქვეყნად კაცი ცოცხლობს, დაადგინეს ამად ესო,
რომ სიკეთე მოკვდავთათვის ცხოვრების წესს განაგებსო,
რომ ბოროტი, სურს თუ არ სურს, ბოლოს უნდა გადადგესო,
რომ მართალი ცრუს დაძლევს და გაკიცხავს და გააგდებსო,
რომ ნიჭიერ კაცს ეს ვალი წუთისოფლად დაადესო,
რომ თავისი მშვენიერი სულით ღვთიურ გზას ადგესო...
და ჯემალსაც წესად ჰქონდა, რაც ზემოთ ვთქვი, მარად ესო...
აქაც კარგი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესო!
026
ხაიამისებური
"გაშრა ყელიო!" – შემომჩივის დოქი საწყალი –
ჰოი, რა ღვინო მისვამს მისგან... ჰოი, რა წყალი!
ეს ცხოვრებაა?! – დოქიც მე მთხოვს შეწყალებას და
ვერ ვშველი, რადგან თავადა ვარ მე ღმერთგამწყრალი.
027
თუ ცხოვრება გიყვარს წყნარი... საქმიანი... მშვიდი,
თუ არა ხარ თვალთმაქცი და მლიქვნელი და ფლიდი,
თუ სხვას თვალში ძალად არ სჩრი, რასაც შენთვის ქმნიდი,
სანამ ცოცხლობ, არ გექნება წარმატება დიდი.

მოკვდები და გაეხსნება სულ ახალი ცა მას,
ვინც გლანძღავდა, ხელს გიშლიდი, გიგინებდა მამას,
კვლავაც თავის სასიკეთოდ ის მოიხმარს ამას
და მოჰყვება შენი ქებით თავად პურის ჭამას.

ეს სამყარო დააშენეს ისეთ თვალსაწიერს,
სადაც უგნურს მაძღარს ხედავ, გონიერს კი – მშიერს,
სადაც გონჯი ლამაზივით წარმოაჩენს იერს
და ჯაბანი მხოლოდ სიტყვით უტოლდება ძლიერს.

მაგრამ გწამდეს მაინც ნიჭის, – ნიჭი მარად ნიჭობს,
ბრიყვი ბიჭი მხოლოდ ერთხანს და დროებით ბიჭობს,
მისი კბილით არ შეშინდე, ვინც კიჭებით კიჭობს,
ფიჭა რაგინდ თაფლს ემსგავსოს, საქმით მაინც ფიჭობს.
028
15.04.12.
(კობა ჭუმბურიძეს, მის დაბადების დღეს)
ასეთია უფლის ნება და საწუთროს დღეთა წყობა:
უფროსი ხარ! - ბედისწერამ შენ ერთი დღით ადრე გშობა;
ჰოდა, პირველს მევალება მოსალოცი ტექსტის თხრობა
და ვეცდები კარგი სიტყვით დავამშვენო ჩვენი ძმობა,
მოვიძიო, რაც კი რამ მაქვს დაგროვილი შენთვის გრძნობა
და გისურვო დიდხანს.... დიდხანს... სიტყვით, ფერით, ბგერით ტკბობა...
შენს სახელზე იყოს ბევრი პურის ცხობა.... ღვინით თრობა...
მავან ბრიყვთა დასაძრახად არ მოაკლო ენას წრთობა...
შენს მეგობრების უწილადე მუდამ შენი გულის ტრფობა...
და სანამ მე ქვეყნად ვცოცხლობ უფროსი ძმა მყავდეს კობა!
16.04.12.
(კობას პასუხი, ჩემს დაბადების დღეს)
შენ პირველმა მომილოცე, რაკი ვიშვი შენზე ადრე,
თანაც ლექსად გამიმართე, პროზაული არ მაკადრე,
თან ისეთი ლექსი მიძღვენ, კაფიობა მომანატრე,
მენაც წელში გავიმართე, ერთიანად გავიბადრე,
ახლა ჩემი ჯერი არის გარითმულად გითხრა - ანტრე!
ნიჭის, ცოდნის, მონდომების თაიგულო ალექსანდრე.
029
ჰე, შოთავ, შფოთავ შენ დღესაც ქართველთა ბედის კვანძებზე,
გინდა, რომ ვზრდიდეთ მომავალს შენგან დატოვილ განძებზე,
მაგრამ ვაი, რომ კარგ ქართულს ცვლიან დღეს უცხო ბანძებზე....
ჰოდა, მეც გეტყვი ორ სიტყვას მათზე – ხან მტრებზე, ხან ძმებზე.
030
რა უცნაური დრო დადგა –
ვფიქრობ და არა მჯერაო,
რადგან ასეთი ამბავი
არსად მსმენია ჯერაო:
ამ პოეტებმა მკითხველის
რომ ვეღარ ნახეს მზერაო,
ერთმანეთისთვის დაიწყეს,
მე მგონი, ახლა წერაო.
031
შემოიპარა დღეს გაზაფხული,
როგორც ოთახში პატარა ფისო...
ჯერ ბევრს ნუ მოსთხოვთ... მშიერია და
რძის მოლოდინში კუთხეში ზისო.
032
მეც ვფიქრობ, რომ ეს სამყარო ღმერთის გამონაგონია,
მაგრამ ამდენ გიჟს რომ ვხედავ, ზოგჯერ ასე არ მგონია
და ვშიშობ, რომ ახლოვდება ჩვენი ქვეყნის აგონია.
033
მიმბაძველების "წყალობით"
ყალბმა წალეკა ხალასი...
ჰამლეტ გონაშვილს არჩიონ
ლამის მარია კალასი,
ერთმანეთს გაუთანაბრეს
წიწამური და დალასი
და ბრუკლინს შესციცინებენ
შვილები ნარიყალასი...
034
ჩვენ ღმერთი გვყავს, რუსებისთვის ცაში "ბოგია"...
ადრე რასაც პროზა ერქვა, ახლა ბლოგია....
ძაღლი იყო? – გაიზარდა, დღეს ის დოგია...
შენ რომ ფიქრი მომასიე, ირმის ჯოგია....
ტკივილს მესვრი!... ხარება ხარ?! იქნებ გოგია?!
მე ვთქვი.... ახლა შენ გაიგე (დემაგოგია?!)
ჩემი გულის ფენტეზი ხარ..... მითოლოგია!
035
ამ ქარმა ისე აგვიწიოკა
ყველა ძარღვი და ყოველი ნერვი,
რომ მასზე ლექსის თხზვით ინუგეშებს
თავს ვინმე ბრიყვი ან ენამჭევრი;
მე მოკლედ ვიტყვი – დამღალა ქარმა! –
არ ვარ პოეტთა (ჰ)ამქარის წევრი,
ის, ვინც მგოსნობის ტიტულს იფერებს,
მან თქვას კარგი რამ... ან თუნდაც ბევრი.
(08.03.2013)
036
ფიქრები გზადაგზა

მე რომ მგონია, ის არ ვარ,
შენ რომ გგონია, არც ისა...
მადლობა ღმერთს, რომ ცხოვრებამ
ვერაფრით გამანარცისა.
037
ერთი სამწუხარო ამბის დაფიქსირებისთვის აწრიალებული რითმები

ქართულია ორივე – ბარტყიცა და ლაპიცა....
და არაქართულია ტრამპლინიც და ტრაპიცა....
გინდა კუპრი დაისხი, მიაყოლე შხაპიცა –
არა და არ გვაღირსეს ნატოცა და მაპიცა,
საწვავია ვისოლიც, გალფიცა და აპიცა
და რომ ძლიერ ძვირია, ამას ხვდება ღლაპიცა....
ჰოდა, იმას ვამბობდი – რომში წუხს თვით პაპიცა,
მოკვდა მეცნიერი და დიდი კაცი კაპიცა.
038
გინდა თუ არა, გსურს თუ არა გსურს,
მიდის თუ არა მადლი სულამდე,
ყველა სიბრიყვე და კლოუნადა
თავისით მივა დასასრულემდე.
039
(ფეისბუქური მაჯამა)
არ მინდა იყო შენ ჩემი
ან მეგობარი, ან ფრენდი.
ყოველთვის მზად მაქვს, იცოდე,
შენთვის ბლოკი და ანფრენდი.
040
ისევ ის სიმღერა მახსენდება – "ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე უბერავს" – და ვფიქრობ, რომ ამაზე უკეთ არცერთ სხვა სიმღერას არ გამოუხატავს 20–ე საუკუნის დასაწყისის საქართველოს სინამდვილე.

ამ ცხოვრებას თურმე ადრე
სულ შორიდან ვზვერავდით,
თავად ვჭრიდით გამოსაჭრელს
და თავადვე ვკერავდით;
მეგობრებთან ჩუმად ვწერდით
(შეცდომაა – ვწერავდით).
და იმის ზღვარს, რაც არ ვიცით,
არსად გადავსერავდით;
დღეს კი, როცა "ფეისბუგში"
ყველა ერთად შევვარდით,
არ მეგონა, თუკი ყველა
ერთად დავუბერავდით...
041
ერთმა (უკვე ყოფილმა) ფრენდმა მომწერა - დაგბლოკავ და წაგშლიო...
ღმერთმა ხელი მოგიმართოს-მეთქი - ვუთხარი და ასეთი ლექსიც "ვუძღვენი":

დამბლოკე, ძმაო, დამბლოკე,
აქა ვარ ჩემის „ვოლითა“,
ცესკოსთან გაუტეხელი
ცინცხალი ეგზითპოლითა.

რაც უნდა წყევლა მომკერძო,
დედით, დითა თუ ცოლითა,
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
ბრიყვების მონაყოლითა.
042
ახლა გვქვია "user"–ები,
აღარა ვართ, მგონი, ე–ე–რი–ი–ი....
ფეისბუქმა გადარია,
ვინც კი იყო გონი–ე–ე–რი–ი–ი....

დელი–დელი–დელასა,
დელი–დელი–დელი–დელასა,
მირჩევნიხარ ყველა–ა–ს–ა–ა..
043
...როცა აშშ–ში ბობოქრობდა ქარიშხალი "სენდი"

ჩემი ფრენდების სიკეთით, რადგან სულ უფრო ვმშვენდები,
შენ მათკენ ავად ნუ იფრენ, ნუ აეხსნები, სენდ ები!
და სანამ წუთისოფლიდან წავალ და გადავშენდები,
ღმერთო, სულ კარგად მიმყოფე ჩემი ლამაზი "ფრენდები"!
* *
მოშორდი სენდი! შენ გადაშენდი!
ასე გიჟურად ცაში რად ფრენდი?!
მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა ჩემი
ყველა კარგი და ჭკვიანი ფრენდი!
044
ეს თვე განა მხოლოდ თვეა,
რასაც ჰქვია აპრილი?!
ის უფლისგან არის ჩამო-
გზავნილ, ჩამო-ზღაპრილი.
045
ერთმა ფშაველმა ქალბატონმა ბრძანა - შუაფხო ფშავის დედაქალაქიაო
და მე, თბილისელმა "პოეტმა", ლექსი შევუთხზი

ხინკლისა და ხაჭო-ერბოს
ერთად ჭამის თუა ხოში,
წადი დიდი ქალაქიდან
დედაქალაქ შუაფხოში.
046
ძველებს გეხსომებათ, თემურ ცაგურია მღეროდა
"დელი–დელი–დელასა,
დელი–დელი–დელი–დელასა....
მირჩევნიხარ ყველასა"–ო

ჰოდა, ამ ჰანგზე წაიღიღინეთ ეს სტრიქონებიც:

"ფეისბუქმა" მოამრავლა
პოეტები და მწერლები!...
მაგრამ, მგონი, წასაკითხად
არ ღირს მათი ნაწერები...

ცასა და ქვეყანას შუა
მზე ჩავა მთვარე ამოვა,
განა ყველა პოეტია, –
ათასში ერთი გამოვა.

წყალსიქით ბევრმა მწერალმა
წიგნები დაახვავაო...
მკითხველი კი აქეთ დარჩა,
წიგნებთან არვინ გავაო...

დელი–დელი–დელასა,
დელე–დელი–დელი–დელასა....
გენაცვალეთ ყველასა!...
გოგოა თუ ბიჭია,
ნიჭი–ნიჭი–ნიჭია,
რაც სჭირდება მწერალსა...
დელასა!
047
(ირანიდან) დაბრუნების მაჯამა
დავბრუნდი საქართველოში... ღმერთო, მხოლოდ აქ მიწამე!
მხოლოდ აქა მაქვს საფლავის ამოსათხრელი მიწა მე!
სოფელი წუთად კი არა, აქ თუგინდ წამად მიწამე!
ზნისწინად მიყვარს "მო... ჩამო..." და არა "გა... ჩა... მი... წა..." მე.
048
ჩემ პროფაილ ავად გახდა,
ვერ ვუშველე წამალითა,
ამირია მთლად ფრენდები
მთელი მათი ამალითა...
ვინც დედლობით გავიცანი,
თავს იწონებს მამალითა,
სიგიჟეებს მწერს და ფიქრობს
მწვავს ამ ცეცხლით, ამ ალითა...

დავიღალე ვირუსების
მომწამლავი აირითა,
განა ერთი პრობლემითა -
სულაც ნაირ-ნაირითა.
ამიტომაც ეს საკითხი
გადავჭერი, აი, რითა:
სჯობს მოვშორდე მე ფეისბუქს
ამ უკბილო შაირითა.
049
გახარებთ და მოგილოცავთ -
დღეს პირველი მაისია!
ხემ ტოტები კვირტებით და
ყვავილებით გაისია;
აგრემც ყველა კვირტი იქცეს
ალუბლად და ალუჩებად!
სიყვარული მოგვცეს ღმერთმა
ჩვენ ასაკის განურჩევლად!
050
ქვეყნად იმ კაცს გაუმარჯოს,
ვინც ცხოვრებას ზეიმს ადრის,
ვინც ლუკმა-პურს იშოვის და
ურჩევნია მდიდრის სადილს,
ვინც კარგ საქმეს გააკეთებს,
არ მოჰყვება კვეხნა-ქადილს
და ამ ქვეყნის ბილიკებზე,
რომ უყვარდეს, მისთვის დადის!
051
გვაქვს ყოველდღე ჩვენ ახალი ლექსიკური პორციუმი,
"ხალხი", ერი" აღარ მოგვწონს... მოდურია "სოციუმი",
ამიტომაც "ლოცვა" მალე უნდა გახდეს "ლოცვიუმი",
თავად ხვდებით, რომ "კოცნასაც" ჩაანაცვლებს "კოცნიუმი",
"ცოცხმა" რაღა დააშავა? – იყოს ესეც "ცოცხიუმი"...
კიდევ რამე გაგახსენდათ? – დიახ! "მოცვი – მოცვიუმი"...
ერთიუმი... ორიუმი... ათიუმი... ოციუმი...
ევროპისკენ ქროლა გმართებს, განა რამე "ცოცვიუმი"!
052
მეტისმეტი მღელვარებით,
მეტისმეტი აზარტით
ნუ აღიქვამთ ამ "ფეისბუქს"...
დაშოშმინდით! დაზავდით!
053
ოოოოოოოო, ამდენი "ენჯეოთი"... ტრენინგებით... ბორდებით....
საქართველოს უფრო... უფრო... უფრო მეტად ვშორდებით.
054
გუშინ ერთი ხალხური ლექსი წავიკითხე, პირველი ორი სტრიქონი დავტოვე, დანარჩენი მე მივამატე და ახლა გთავაზობთ თქვენ, თუ მოგეწონებათ, უთხარით ხოლმე ხინკალს ჭამის წინ

"შენი ჭირიმე, ხინკალო,
შენამც დამაყრი მიწასა"
ქვაბში მოგხარშავ, ჩაგფუფქავ
და გადაგყლაპავ იმწამსა.
დღეს თუ ვერ შეგჭამ, დილაზე
გნახავ ტაფაზე მიმწვარსა....
არაყსაც გამოგაყოლებ
კუჭის კედლებზე მიმწყდარსა..
055
ერთი რამე უნდა გითხრათ -
Мы, грузины, странный народ!
ღმერთს კლოუნი მოუცია
უფასოდ და უანგაროდ...
ჩვენ კი ვადა დავაწესეთ,
დრო ვაქციეთ სათვალთვალოდ...
სხვა ასეთი აღარ მოვა
სამასხროდ და სახარხაროდ.
056
ზოგიერთ (უკვე ყოფილ) ფრენდთან გამოსამშვიდობებელი ეპისტოლე.... ლექსად!

არც ჩინი მაქვს, არც ტიტულის თანამ-რამე-დებობა,
არც ვტრენინგობ, არც მაღელვებს კრება (თუნდაც კრებობა),
შენ ამაში ვერსად ნახავ შენს სასურველ ლოგიკას,
რადგან შენ სცნობ წარმატების ევრო-პედაგოგიკას;
შენ გზაც "ევრო" გენატრება," მზეც "ევრო" და ცაც "ევრო",
ყველა ევრო-პარტიაში შეიტანე საწევრო...
ჰოდა, აღარ დამენახო (ჩემი რჩევა აგია!),
მე აზიის "ჯადო" მიყვარს, შენ კი - ევრო-მაგია.
057
გადამღალა შეუცნობი "გარდასახვის" ლოდინმა...
დამივიწყეს: ზევსმა, ღმერთმა, ალაჰმა და ოდინმა.

გალიიდან თუ გაფრინდა სული, როგორც ნიბლია,
ვერ დაიჭერს მას თორა და ყურანი და ბიბლია.

არ მანაღვლებს – რადგან ვცოცხლობ, ვით შროშანი ღელეთა –
შარიათის კანონი და მცნება ევანგელეთა...

დაე, ირგვლივ საცდუნებლად ბევრი ქსელი გაებას,
მე ერთადერთს, საქართველოს, ვხედავ, როგორც ღვთაებას.
058
ჩემ ფეისბუქ ავად გახდა,
ვერ ვუწამლე პროგრამითა,
ვირუსები შემოდიან
ჩემთან გოგმან-გოგმანითა...
ზოგმა სიტყვით მანუგეშა,
ზოგმა - რით და ზოგმა - რითა...
წავალ, ვნახავ ნაღდ ცხოვრებას
მოყვრითა და მოგვარითა.
059
ცოლად დათვიც რომ დაისვა და აჩინოს ბელზე ბელი,
მსახურებად რომ დაგიდგნენ ეშმაკი და ბელზებელი,
ნიმფები და ფერიები რომ გეხვიონ ბევრზე ბევრი,
უფრენდებოდ ეს ცხოვრება არის მოსაბეზრებელი!!!
060
გაზეთ "ფანტაზიის" პოეზია

ანეკდოტი ლექსად
ერთხელ პატარა ბეღურამ
უთხრა ტონიან სპილოსა:
"გინდა გაიგო, კაიფი
რა არის, ჩემო შვილოსა?"
"მინდაო" - უთხრა სპილომ და
ბეღურამაც თქვა - "წამო, ძმა!" -
სპილოს ხორთუმში შეძვრა და
უკანალიდან გამოძვრა.
- "კიდევ გინდაო?“ - "ჰო, კიდევ" -
ბეღურა შეძვრა ისევ და
სპილომ ხორთუმი მიიდო
(იქ) უკანალზე მყისვე და
თქვა: "მგონი ახლა მოვიდნენ
ჩემთან საამო ფიქრები!...
შენ, ძმაო, წრეზე რომ ირბენ,
მე სულ კაიფში ვიქნები!"
["ფანტაზია" #44 (70), 1997 წ]

სვეტლექსი
1.
დრომ ჩვენი გადაგვარება
ერთობ უხამსად ინება,
სულ თავზე გადაგვატარა
ცხოვრების ბილწი დინება;
მორევში გზა გაიკვლიეს
მხოლოდ "ჩალიჩა ჩინებმა",
ჩვენ კი ნება გვაქვს ვიგინოთ,
როცა კი მოგვეწყინება.
2.
დღეს ბევრი მასწავლებლისთვის
ერთობ უჟმური დარია,
ცხოვრებამ მათი "პედსაბჭო"
მართლაც რომ არვ-დარია;
ზოგი სკოლიდან წავიდა,
ვაჭრობას ხელი დარია,
ზოგი კი დარჩა სკოლაში
და სულით... დახლიდარია.
3.
ჩვენთვის ლარია ფული და
პოლონეთისთვის ზლოტია,
ჩვენ "მარშრუტკებს: რომ ვეძახით,
ვენეციისთვის ფლოტია;
ისე კი, მართალს თუ ვიტყვით,
ჩემო ჯუმბერ და ჯოტია,
ჩვენი ცხოვრება ნამდვილად
უკბილო ანეკდოტია.
["ფანტაზია" #43 (69), 1997 წ]
სვეტლექსი
1.
იანვარს გოზინაყი აქვს,
აპრილს აქვს ლურჯი იები,
მოგზაურს გზა აქვს, მევახშეს -
მოვალეების სიები;
მთავრობას აქვს თუ - პარდონ! - ჰყავს
ჯიბემდიდარი ძიები,
ჩვენ კი - ჩვენ რა გვაქვს? რა გვაქვს და
უაზრო ლატარიები.
2.
მეტროში პრესას ყიდიან,
დღეს ეს პრობლემა მკვეთრია,
იქ წაიკითხავთ თუ ვინ - სად,
რატომ და რისთვის ეთრია;
მართალი გითხრათ - ეს პრესა,
პრესა კი არა, კეთრია,
მაგრამ რა? - მაინც ყიდულობ,
რადგან ათიოდ თეთრია.
["ფანტაზია" #42 (68), 1997 წ]

შაირ-შაირები
1.
ჩვენ სიტყვა "თავისუფლება"
პირზე რომ გვქონდა მიკრული,
მიტომ ვამტვრიეთ რუსული
სახლის კიბე და რიკული;
მაგრამ რა?! - ჩვენს თავს დავმართეთ
საქმე ბრიყვული, კიკური...
ახლა უღელად დავიდგით
ცხოვრება ამერიკული.
2.
გამკვირვებია, ღმერთმანი,
მე ყიფიანი დათოსი?! -
იგი მინდორზე ბრწყინავდა,
ვით მუშკეტერი ათოსი! -
სომხებს შვიდით ნოლს რომ უგებს
(წაგვკიდა ჰაოს-ქართლოსი),
პორტუგალიელ ბიჭებთნა
რად ეკარგება პათოსი?!
3.
გახსოვთ, რომ იყო ყინვა და
ხელის მოთოშვა, დაზრობა,
რომ იყო მიტინგობა და
ხელისუფლების ბრაზობა,
რომ იყო ერის ხსნისათვის
ფიქრი, განსჯა და აზრობა...
ახლა კი - ახლა რა არის?!
ბაზრობა. მხოლოდ ბაზრობა.
4.
წარსულ დროთაგან შემოგვრჩა
ბევრი ისეთი უწყება,
რომელიც, საქმის კი არა,
ფულის კეთებას უძღვება;
და ახლა ვიტყვი იმ სათქმელს,
გული დიდხანს რომ უძლებდა,
ღმერთო! რა ერთად წამოყო
თავი ამდენმა უძღებმა?!
5.
რაც რამ ცრუბიზნესს შეუწყო
ხელი ამ ჩვენმა ეკრანმა,
მწამს, რომ ბულბული მოხიბლა,
ვარდმა კი არა, ეკალმა,
ჰოდა, ეს სიბრძნე ირწმუნა
ყველა თიკამ და თეკლამა -
რომ გონჯსაც ტურფა ერქმევა,
თუკი აქვს კარგი რეკლამა.
6.
ზოგს ფულის მოსვლა ახარებს,
ზოგი მისტირის გასავალს,
ზოგი გასულ გზას გასცქერის,
ზოგი - მომავალ გზასავალს.
ზოგი სახლს რკინებს უკეთებს,
ზოგი - სილ ფიცრის მასალას...
და ყველა ერთად კითხულობს
გაზეთ 'ასავალ-დასავალს".
["ფანტაზია" #41 (67), 1997 წ]

შაირ-შაირები
1.
დღეს რუსთაველის პროსპექტი
ერთ დიდ რეკლამად გახადეს;
რეკლამა საქმე ჰგონიათ,
ფულში მალავენ "მახათებს";
მათ ფიროსმანის ნახატზე
"MARLBORO" გადაახატეს,
ჩვენ კი? - ჩვენ ვცხოვრობთ (სხვა რა ვქნათ?!)
და ვიხდით გადასახადებს.
2.
თბილისში თავი იჩინეს
კაპიტალიზმის ნიშნებმა,
და "სამარშრუტო" სერვისი
სულ უფრო ფართოდ იშლება;
გვწამს, თუ დავუშვით ამ საქმის
თავის ნებაზე მიშვება,
მალე ეზოდან ეზომდეც
"მარშრუტკა" დაინიშნება.
3.
შიშველ-შიშველი ქალები
დღეს ბევრ გაზეთში ხატია,
(ზოგს მართლაც კარგი ტანი აქვს,
ზოგი აშჯარად "ბატია");
ჩვენ ამ პრობლემას სულ მალე
გვინდა მივუძღვნათ სტატია,
ანუ - რომ მეფობს თბილისში
"შიშველი დემოკრატია".
4.
ბევრი "ახალი ქართველი"
ჯიბეებს ძლიერ ასუქებს;
გაზ. "ფანტაზიის" პოეტი
ამ საკითხს ასე აშუქებს:
კონტროლის სფერო სიმდიდრის
უფლებას იმას აჩუქებს,
ვინც უხვად აყრის ამ სფეროს,
კანონით ნაკრძალ სასუქებს.
5.
დღეს ისე ვცხოვრობთ, თითქოს-და
კანონს კანონი არ ერქვას,
ყურს ვიხშობთ, თვალებს ვიბრმავებთ,
ოქროს დავარქმევთ მალე ქვას;
ხალხს კი ეს აზრი გაუჩნდა -
სანდროს, ლექსოს და ალექსას -
კანონს კანონად მაშინ ვცნობთ,
თუ ბალახაძე გალექსავს.
["ფანტაზია" #40 (66), 1997 წ]
061
"სელებრითი პერსონები", ვიპები" და "გლამურები",
ვისაც უყვარს დასავლური კუპიდონებ-ამურები,
სურთ "დედური" მამები და დედები კი - "მამურები",
მათზე ერთხელ თქვა აკაკიმ - არიანო "ღამურები".
062
ხან მგონია - ეს ცხოვრება
ბრიყვისა და ხეპრესია,
ამიტომაც შეიძლება 
ზოგჯერ მქონდეს დეპრესია;
მაგრამ უმალ მახსენდება -
ვინც შტერია და სნობია,
ვინც ზნეობის და სიკეთის
წესებს არსად გასცნობია,
ბოლოს იმას თავისივე
სიხარბე და თავხედობა
ისე მოსპობს, სანატრელი
გაუხდება სახედრობა.
063
"ფეისბუქმა" დღეს შეცვალა ლამის ნაღდი ცხოვრება,
მალე, ალბათ, რეალობა აღარ გვემახსოვრება.

ჩემი აზრით, ყველა კარგს და ყველა აუგს ვეხები:
ყველამ ნახა აქ თავისი გასართობი ხერხები.

ზოგი რაღას არ იგონებს, ხტის ხან აქეთ, ხან - იქით,
რომ როგორმე დასაჩუქრდეს ათიოდე ლაიქით.

ზოგი მუდამ ჩუმად არის, "სქროლავს... სქროლავს" ყურყუტა
და სულ იცის ვინ, სად, როგორ, ვისთან გაიცუღლუტა. 

ზოგი "ლექსებს" წერს ზედიზედ უზომოს და ურიტმოს,
ეზარება, ალბათ, სიტყვა სიტყვას რომ გაურითმოს.

ზოგი ელის თარიღების დადგომას და მიმოცვლას
და გასძახის ორი ათას ფრენდს "გილოცავ-გილოცავ"-ს.

ზოგი წარამარა იცვლის "ქავერებს" და სურათებს
და თუ უცებ ვერ იცანი, აქეთ დაგამუნათებს.

ზოგი უფალს სტატუსებით უხდის მრავალ მადლობას,
მერე ცოდვას იქმს თამამად, რადგან ელის დანდობას.

ზოგი მხოლოდ ილანძღება საწყის-დაბოლოებით -
და წერტილით ცვლის ასოებს, ხანაც - სიმბოლოებით.

ზოგს კი წერა "ევასება" პირდაპირ და უხამსად,
სპილო იყოს, თაგვს დაარქმევს, ვეშაპს აქცევს სულ ხამსად.

ასეთია ეს სამყარო ერითა თუ ბერითა,
ვითომ ესეც იმ "რომელმან" შექმნა ბევრი ფერითა?!

064
რა ვქნა სიბრმავეს ვერ ვგუობ ვერც კატარაქტით, ვერც ლიბრით,
სათქმელი ლექსით უნდა ვთქვა, არ შემიძლია ვერლიბრით.

დღეს ღამურული დრო დადგა (ვთქვათ, იყო ადრე კვატური)
ჰოდა, ღამურის მიბაძვას ზნე მოაქვს ადეკვატური.

ევრო–ზნეობის მოძღვარი თვით აზიატი კაცია,
განა ყველაფერს ამართლებს NATO–ს ორიენტაცია?!

ვის ახსოვს ახლა ჰამლეტი ანდა, ვთქვათ, პოლონიუსი?!
დღეს სულის საზრდოს იძლევა კრიმინალური ნიუსი.

"შენ ჩემო დიდო იმედო"–ს რაგინდ ცეცხლივით მივენთო,
მეტყვიან: ჯობდა, რომ გეთქვა – "შენ ჩემო დიდო ივენთო"

რივერ საიდზე ჩემს ნერვებს დღეს დავაწყვიტე სიმები...
წავალ, დავწვები, იქნება ვნახო ლამაზი DREAM–ები

065
არ აქვს სიმღერას დღეს მელოდია
და აღარც ცეკვას შერჩა გრაცია...
სულიერ საზრდოს ახლა წარმოშობს
შოკი, სკანდალი და სენსაცია.

066

დილა გათენდა ჩვეულებრივად
და დავემსგავსე ფეის–ობობას,
ფეის–კედელზე რაიც ნებივრად
ვირტუალური ძაფით მობობღავს...

როცა გათიშვის დადგა მომენტი,

კვლავ უიმედო დარჩა შედეგი:
ასი სტატუსი, ასი კომენტი,
ასი ლექსი და ნული შედევრი.

067

ო, ენავ ჩემო! (ხმა ფეისბუქთან)

იბერიულ-კავკასიურ ოჯახს შინა დიდო წევრო,

მრავალ სიტყვას ფლობ და მუდამ გსურს მარაგი გაიბევრო,
მაგრამ ზოგ შენს შვილს შეუჩნდა რაღაც სენი ლინგვო-ნევრო:
სიტყვა "კარგი" აღარ უნდათ, ყველაფერი გახდა "ევრო".

068


მოდიოდნენ დამპყრობლები ჩვენკენ დიდი გამწარებით,

ხან სულთნებით გვაშინებდნენ, ხან - შაჰებით, ხან - ცარებით...
თუმცა ჩვენში სახურავის მოხდით, ნგრევით,ხანძარებით
უფრო ბევრჯერ დავზარალდით თავად ჩვენი ცანცარებით.

069

ქალაქურ მოტივებზე

ქალბატონო მარიამო,
ამ საღამოს ჩემთან ამო,
იქნებ შენი სიყვარულით
ტკივილები დამიამო!
* * *
ქალბატონო ნატალია,
რა ტანი გაქვს, რა ტალია!
შენთან ისე გავერთობი,
მიმიქარავს ანტალია...

ქალბატონო მარინეო,

შენ გაგიღე კარი მეო...
შემოდი და გამიჯავრდი,
კოცნით დამაჯარიმეო.
* * *
ქალბატონო ხათუნაო,
უკარება ხარ თუ რაო?
არ გაბრაზდე ჩემმა ხელმა 
თუკი მოგითათუნაო. 

070

სატრფიალო–ფეისბუქური შაირები
(სავარაუდოდ 21–ე საუკუნის მეორე ნახევრის პოეზიიდან)

01

ქალო, სადღაც ალთას წახველ, მე დამტოვე ბალთასაო,
შენი ერთი ლაიქისთვისსტატუსს დავწერ ათასსაო.
02
ჩემთვის აღარ გემეტება შეარი და კომენტიო,
იქნებ გინდა დამბლოკო და ჯერ ვერ ნახე მომენტიო?!
03
ეჰ, რა გითხრა – უშენობით გულში გაჩნდა დარდი დიდი...
ნუთუ აღარ გენატრება თუნდაც ჩემი ნიუზფიდი?!

071

სიტყვა, თუნდ იყოს ძალიან თბილი,
არ გამოდგება ბუხრად თუ ქურად...
მაგრამ სიცხოვლეს უმალ შეიძენს,
თუ ის გახურდა ფეისბუქურად.

ჩვენი ცხოვრება, მგონი, კვლავ მიდის
მუქად, მუქივით, მუქებრ, მუქურად,
არ ეშველება ქვეყანას რამე
თუ არ აშენდა ფეისბუქურად.

თუ გამოჩნდება კვლავაც მავანი
და თავს გაგაცნობთ ერის შუქურად,
დასცხეთ, დაჰკარით, დასცხეთ, დაჰკარით,
დასცხეთ, დაჰკარით ფეისბუქურად.


072



8 სტრიქონში ჩატეული 14 წელი 21–ე საუკუნისა
რუსეთის და ევროპის
ჩხიბვასა და დავაში,
ვაჰთუ, ჰალსტუხს დავარქვათ


ჩვენ პური და ლავაში...

ეჰ, ჯანდაბას შიმშილი! –

სიბრიყვე გვაქვს ჰავაში,

დღეს გმირებად ვაქციეთ 

ფამუქი და სავაში.

073

გვიუქმდება ეროვნული მუზეუმი და საცავი,
ძმამ ძმას ავად შეუბღვირა, გაუმზადა დასაც ავი,
აქ ზის, სადაც იყო ბრიყვი, საც ბოროტი და საც ავი,
საქართველო ქართველისგან არის, ხალხო, დასაცავი.

074

ნეტავ მალე მეთქვას, ღმერთო! - რომ გვაქვს საქმე აწყობილი...
რომ დიდ პოსტზე არ ზის იგი, ვისაც ეს აქვს „ჩაწყობილი",
რომ მწერალმა იცის წერა, სტილისტურად გაწყობილი,
რომ აქვს წინადადებები - ქვეწყობილი... თანწყობილი...
რომ პოეტის აზრებია რითმულ-რიტმულ-დაწყობილი,
რომ პირობა საქმე გახდა, ერთმანეთზე წაწყობილი...
რომ კარგია ან სრულია, ან სავსეა, ან წყობილი...
რომ ყველა ვართ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი.

075

(ჯალალური ანუ ჩემი)
სულს ღაფავს, ბრიყვნო, ეს ქვეყანა თქვენი ბრბოებით...
ჩემს ცხოვრებასაც, უკვე ვხედავ, მრავლად მოებით;
მე ორი რამით გავაწამე ჩემი სიცოცხლე:
ამ წუთისოფლის სიბრიყვით და ამაოებით.

076

(უძილობის ჯალალური)
იქით გახედავ - ვითომ ქალია...
აქეთ უმზერ და - ვითომ კაცია...
კაცობრიობას მოსპობს ერთხელაც
ეს ამღვრეული ინფორმაცია.

077

66-ე შეგონება
ანუ ევრო-ლექსი ევრო-ხალხისათვის
სჯობს ვიცვალოთ ზნე და ნირი საქმეში და მცდელობაში,
ვთქვათ, სიტყვები არ ჩავურთოთ სხვას საუბრის მსვლელობაში
და ცხრა ლარი არ ვითხოვოთ ორი ლარის ხელობაში
და უნარი გავუმყაროთ ჩვენს ლარს გადამხდელობაში
და დავიცვათ ჰიგიენა ნაგვის გადამყრელობაში
და პიარი არ ვეძებოთ მოწყალება-ქველობაში
და არ ჩავდოთ ანგარება ჩვენი ყრმების მზრდელობაში
და ერთმანეთს შევეჯიბროთ ჩვენი ენის მცველობაში...
რატომ-რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ახლა ევროპაში?!
არა! მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დევს ხალხის ზნეობაში!

078
საფეხბურთო შარადა
ჩამოფრინდა თბილისშიო
თვით ღმერთკაცი მესი,
არ უნახავს ჩვენს მიწასო
მასზე უმაგრესი...
მე კი უნდა გითხრათ ერთი
ფონეტიკის წესი:
"ხ"-თი მეტი ჩვენ რომ გვყავდა,
იყო უკეთესი!

079
(ციკლიდან - „...ჩამდეთ ტიკჭორაშია")
ჩემს სიკვდილს ნუ ინაღვლებენ
ევროპა-ამერიკანი,
არც ვნატრობ, რომ მომტიროდნენ
ეკა-მაკა-და-ლიკანი...
არც ხსოვნის სუფრა გაშალოთ,
არ დაკლათ ბატკან-ციკანი,
მხოლოდ ამას გთხოვთ -  ჩემს საფლავს
აპკურეთ ზოგჯერ „ლიკანი".

080

როგორ ვუშველოთ იმ ენას
და მის უგნურად მიმყოლებს,
ვინც ცხრაჯერ ამბობს „იმენას",
რომ მივხვდეთ იმის „პრიკოლებს".
დღეს გაუმრუდა დიქცია
ყველას სიბრიყვის „იტოგმა“,
ენა „ენუშკად“ გვიქცია
ჩვენმა ჯიშმა და თვისტომმა.
გვიხმობენ ჩვენც, რომ მათ მივყვეთ
მორჩილი „ჰედლაინებით“
და „კრეატიულ“ სიბრიყვეს
გვანდობენ ჩქარი დინებით.
უგნურს ვერ მოვთხოვ შესმენას,
ის მხოლოდ „წაიკაიფებს“
და ისტორიაც ჩვენს ენას
„პახოდუ“ ფეხქვეშ გაიგებს.

081
დეფმა ცის თაღებს შესძახა:
პასტოი, ცაო, პასტოი!
მე სავსე გული მიძგერს და
შენ სვლა გაქვს მთლად ხალასტოი!
ჩემს მაღალ სულთან ვერ მოვა
ვინმე პოეტი პრასტოი,
შურით მიმზერენ შორიდან
ბაირონი და ტალსტოი!


082

სევდიანი მაჯამა სპარსული ელფერით
დილეგიდან ახედა
ზეცას მაჰმუდ აღამ და
თქვა: "ჩემთვის სულერთია
გათენდა თუ დაღამდა...."

083
შუაზაფხულის მაჯამა

ჯიუტს თუ სურს, დაგაჯერებს,
რომ ხახვიც და პრასიც ხეა...
მეგობრებო, თქვენ არ იცით -
ავლაბარში რა სიცხეა.

084
ზაგარის და რუჯის ბალადა
ზაფხულის უკანასკნელი ღამის უძილობისას შეთხზული

ზაგარ იყო, ზაგარ იყო,
სოჭის პლაჟი მაგარ იყო,
სსრკ-ს პოლიტიკა
ასეთი და ამგვარ იყო:
რუსი იყო, ლეკი იყო,
სომეხი თუ თათარ იყო,
ყველა სოჭში ჩადიოდა,
არვინ სჯიდა - რა გვარ იყო.
ყველა უცებ შავდებოდა:
მსუქანი თუ გამხდარ იყო...
კანთან მზის სხივს ატარებდა
ბალანი თუ ჯაგარ იყო...

სოჭში ახლა ვერ ჩავდივართ
ვიცით რა და რაგვარ იყო:
ომი იყო, სროლა იყო,
ბლინდაჟი და სანგარ იყო...
რუსს დაერქვა ოკუპანტი,
ის „დიდი ძმა“ აღარ იყო...
Пожалуйста-ს ნაცვლად ყველგან
Пошел к черту-ს თქმაღა იყო...
დღეს ბათუმში იარება,
ვინც ქორთუ თუ მარგალ იყო...
ერთი სიტყვით, შეგვრჩა „რუჯი“,
ხოლო ადრე „ზაგარ“ იყო.

085
(4 ოქტომბერი, 2017 წელი, პარიზი)
პარიზული მაჯამა

მოვწყდი მე ძმების საფლავებს,
ვერ მივაწვდინე დას ენა
და მონატრებამ ეს გული
დაასნეულა, დასენა.
ერთად შეგვყარა განგებამ
მე, მთვარე, ლუვრი და სენა...
ცხოვრება მეღადავება,
თანაც წაიჯოდასენა.

086
სიბერის მაჯამა

დრომ თავისი ქნა: მრავალ სიკეთეს
განმაშორა და გამააჯამა,
არდაბერების არც ცდამ გაჭრა და
არც ვედრებამ და არცა აჯამა.
ასაკთან ერთად ბევრი ტკივილიც
რომ დამიგროვა და დააჯამა, 
ჯანდაბის იქით მიტომ მივდივარ
და სამახსოვროდ რჩება მაჯამა.

087
საარჩევნო მაჯამა

არ გვიშველის არც რუსეთი,
არც ქურდული გარჩევანი,
თუნდ ხავერდით მორთე ხონი,
თუნდაც მოაფარჩე ვანი...
მიზეზს ფუჭად არჩევ გია,
არჩევ ია, არჩევ ანი...
რა ვქნათ, როცა უარესს და
ცუდს შორის გვაქვს არჩევანი.

088

ხმა თუ ხარ, იყავ ნაღდი „ყვააააა“,
ცხვრის ხმაში ნაღდი იყავ „ბეეეეე“, 
ეს მოგვსპობს, განა რამე „სხვააა“:
თვალთმაქცობა და სიყალბეეეე.

089
ზამთრის მაჯამა
(21 დეკემბერს დაიწყო.ნამდვილი ზამთარი)

დადგა ზამთარი ჩემი ცხოვრების
შემოყინვით და შემოციებით,
შაბაშ, აღარ ვდევ გრძნობის ცდუნებას,
არ ვღელავ, შაბაშ, ემოციებით.
ირგვლივ ვარდებით ტკბობა დასრულდა,
დაობლდა გარეშემოც იებით.

090
სასოწარკვეთის მაჯამა

შესძახე ზესკნელ-ქვესკნელს "ჰარალე".,
გასძახე სიგრძე-განსაც "დელია",
ეს ვერ გიშველის, როცა მიხვდები,
რომ ეს ცხოვრება განსაცდელია.

091
სევდიანი (სამსახიობო) მაჯამა

ო, რა არტისტები გვყავდა:
რა კაცები და ქალები!
აქ მათ ცეცხლი რომ დაანთეს,
ღვივის მარად აქ ალები...
აწ დრო თითქოს მუშტებს გვირტყამს,
გვაზის თვალად აქა ლები...
არტისტების ნაცვლად შეგვრჩა
 „ჩემი ცოლის დაქალები“

092

სულ ლექსებით ვაზროვნებ და
ვფიქრობ წარამარა ზმებით.
ლექსი თითქოს ლაშქრით მიპყრობს
და თავს მესხმის ზმა რაზმებით.
ბოროტს ვკიცხავ, კეთილს ვაქებ
ხშირად, მაგრამ არ აზმებით....
თავს ვიტყუებ, თითქოს არ მკლავს
ეს ცხოვრება მარაზმებით

093

ხან მგონია, ავარა ვარ,
კარგი ვარ თუ ცუდი ვარ....
ამქვეყნისა აღარა ვარ,
იმქვეყანას ვუნდივარ.
ჩემი დარდი ჩემთან იყო,
განა სხვისთვის დამქონდა,
საფიქრალი შექმნა იყო,
დასანგრევი რა მქონდა?!
ამას ვნატრობ - რაც გზებია,
სიკეთისკენ მიმყავდეს...
და აქ როგორც მყვარებია,
იმქვეყნადაც მიყვარდეს.
ბნელში ქრება ნათელი და
ჩუმად გავყვე გზას უნდა...
მახლას! - ჩემი სათქმელი და
სანახავი დასრულდა.

094
ჩემი უბნის მაჯამა

ქართველი სომეხს ყავას სთავაზობს,
რუსთან ბაასით ქურთი ერთობა,
თბილისი მუდამ ასეთი იყო:
ყველას უყვარს აქ ურთიერთობა.

095

ამ საბრალო საქართველომ
მტერიც ბევრი იგერია,
შვილებშიაც ვერ არჩევდა - 
ვინ ღვიძლი და ვინ გერია...
თურქ-არაბებს-სპარსებს-რუსებს
აწ ჩინ-ინდოც მიგვერია...
ეს არ კმარა თურმე ჩვენთვის - 
ახლა მოდის ნიგერია.

096
„ფეისბუქური“ მაჯამა
წავუშლივარ ფრენდებიდან„ ალბათ, რამე არ „ევასა“,
ეს სჯობს მისი პასუხებით ჩემთა ნერვთა არევასა.

097
აივნური მაჯამა

ბევრი მინახავს ამქვეყნად კაცი,
ერთუჯრედობით რომ ჰგავს ამება,
თითოოროლა კარგსაც შევყრივარ
და ვცდილვარ მხარი მის მხარს ამება.
ჩემს გულში ზოგჯერ, ერთი კი არა,
ხან ორი სატრფო, ხანაც სამ ება,
ახლა კი მარტო ვზივარ და მოჩანს
მარცხნივ მთაწმინდა, მარჯვნივ სამება.



098
ყველგან ვხედავთ ოკუპანტებს, ავაბუქეთ მტვერი,
დუშმანია ჩვენთვის ყველა - ჭკვიანი თუ შტერი.
არც მარსი და არც ვენერა, არც იუპიტერი -
ქართველია საქართველოს უმთავრესი მტერი.
099
თუ ცხენებში უკეთესი შეარჩიოს უნდა დოღმა,
ნიჭით უნდა შეგარჩიოს ღმერთმა (რუსი იტყვის: „БОГ-მა“);
ავ კაცს რაგინდ დაუხვავო გაღმა მადლი, გწამლავს მოღმა,
რადგან მისი საარსებო გრძნობა არის მხოლოდ ბოღმა.
100
მიტომ ისხამენ ბუჩქები ვარდებს
და ამშვენებენ ველებს იანი,
რომ მათ ხედავდეს და თან აღწერდეს
ლექსებში საშა გველესიანი.
101
რაჭული მაჯამა - 20 ოქტომბერი

აქ მზე დაგვიხვდა სხივ-იერით და
თვალი მოგვტაცა ცამ ბროლ-აურით...
მთელ საქართველოს მივესალმები
ნიკორწმინდით და ამბროლაურით.

102
დონ ჟუანური მაჯამა

კმარა, რაც ვნებებს მისევდი, ანა!
ეჭვით ნუ შემჭამ ისევ, დიანა!
შორს, ბარონესა მის ევ დ'იანა!
ტრფობამ დრო მიდარდ-მისევდიანა.

103
ორი დრო

ხუთი წუთით მეც გამიჩნდა
ლექსის წერის მზაობა
და მსურს ახლა მოგახსენოთ
ორი დროის სხვაობა:
პირველ დროში რომ შეთითხნეს
ქვეყნის მართვის რაობა,
დაადგინეს – "პურის" ნაცვლად
იყოს "სანახაობა".

მეორე დრომ სულ ახლახან
ფეხთ მოირგო სანდალი,
ჯერ აღმოფხვრა ტაშ-ფანდური...
ადანდალი-დანდალი...
მერე რაღაც უცნაური 
შექმნა აჯაფსანდალი
და ხალხს "პურის" შესაცვლელად
ახლა ერგო „სკანდალი".

104

როგორც მოჩეხილ მორსა აქვს მუდამ ზმანება პალოსი,
სულ ასე თრთიან დღეს შვილნი ქართლ-კახეთ-სამარგალოსი...
ყურმილში - „ფალოს" - ჩასძახონ ლამის სანაცვლოდ „ალოსი";
ის საქმე, მგონი, არ ახსოვთ, რასაც სჭირდება ფალოსი.




Комментариев нет:

Отправить комментарий