четверг, 28 ноября 2013 г.

ქალაქელი თუ მოქალაქე?

ერთხელ, 90-იანებში, როცა ბენზინი სანთლით საძებარი იყო (...თუმცა სანთლით ნაპოვნი ბენზინი კაიდღეს დააყენებს მპოვნელს), თბილისთან ახლოს მდებარე იმ ერთ-ერთი რაიცენტრისკენ ავტობუსით მივდიოდი, ახლა რომ მუნიციპალიტეტის ცენტრი ჰქვია... ოციოდე კილომეტრი იყო დარჩენილი იქამდე და ამ მანძილის გავლას, გზის ხარისხის, რელიეფის და მგზავრთა ადი-ჩადის გათვალისწინებით, ერთი საათი მაინც დასჭირდებოდა... ჰოდა, ჩამთვლიმა და ათიოდე წუთში ხმამაღალმა შეძახილმა გამომაფხიზლა - გააჩერე, მეც ქალაქში მოვდივარო - და ავტობუსში სამოციოდე წლის კაცი ამოვიდა... ალბათ, ძილ-ბურანში ყოფნის გამო დავეჭვდი, თორემ იმ გზას ხუთი თითივით ვიცნობდი და გვერდით მჯდომ ქალბატონს ვკითხე - რა იყო, თბილისისკენ მივბრუნდით-მეთქი?! "არა"-ო - გაიოცა ქალმა და ეჭვის თვალით ამზომ-დამზომა - ემანდ, ვინმე შარიანი არ იყოსო...
ავტობუსი მშვიდობით ჩავიდა დანიშნულების ადგილზე და ის, "ქალაქში" მიმავალი კაცი, სადღაც (როგორც ახლა იტყვიან) "მუნიციპალურ სავაჭრო ცენტრში" (ბაზარში, რა....) გაუჩინარდა.... ესე იგი ის კაცი ქალაქად იმ დასახლებულ პუნქტს მოიხსენებდა, სადაც ერთად ჩავედით "პაზიკით" (...იყო ერთდროს ასეთი ავტობუსი - ПАЗ - და, მგონი, ახლაც შემორჩა ჩვენს მიგრეხილ-მოგრეხილ გზებს...); თავისთავად ის პატარა დაბა მე მეხიკო-ტოკიოს მსგავს 20-მილიონიან მეგაპოლისებს მირჩევნია, მაგრამ მისი "ქალაქად" მოხსენიება მეუხერხულა.... რატომღაც. 
ეს ყველაფერი კი იმიტომ გამახსენდა, რომ ამდილას გიზო ნიშნიანიძის წიგნს ვათვალიერებდი, სანამ ბავშვი ფეხბურთში ვარჯიშობდა, და ბატონი გიზოს ნათქვამი ასეთი ფრაზა წავიკითხე - "თბილისელობა ქალაქელობა კი არა, მოქალაქეობაა"-ო... 
ქალაქი ბევრია საქრთველოში და ღმერთმა ამრავლოს, მაგრამ "საკუთარი სამშობლოს მოქალაქეთა" რაოდენობა დღითიდღე იკლებს... რატომღაც.

вторник, 12 ноября 2013 г.

ვენეციური შთაბეჭდილებები

ყველა ოჯახს თავისი ნავი აქვს - არც ბენზინის პრობლემა აწუხებთ და არც "რაზვალნი ვტულკების"... დავდიოდი და ვფიქრობდი - ვინ ცხოვრობს ახლა ამ სახლებში? მერე გავიგე, რომ ქალაქი იცლება ადგილობრივი მცხოვრებლებისგან რამდენიმე ფაქტორის გამო: საყოფაცხოვრებო პირობების სიმცირის, მეტისმეტი სიძვირის, ტურისტების მოძალების და.... სახლების ჩაძირვის გამო... უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში თითქმის ერთი მეტრით ჩავიდა ყველა კუნძული წყალში, მოსახლეობის რაოდენობა კი 160 ათასიდან 50 ათასამდე შემცირდა... განიხილავენ საკითხს, რომ ტურისტების ყოველდღიურ შეშვებაზე ლიმიტი დაწესდეს, მაგრამ ვაჭრები და მაღაზიების მეპატრონენი ეწინააღმდეგებიან ამას - შემოსავალი შეგვიმცირდებაო... სან-მარკოს მოედანზე, სადაც მე საკმაოდ თბილი სამოსით დავსეირნობდი, დავინახე იაპონიიდან საგანგებო-საქორწილო მიზნით ჩამოსული რამდენიმე წყვილი - პატარძლები მთლად მოშიშვლებული მხრებით პოზიორობდნენ ფოტოგრაფების წინაშე და თან ძაგძაგებდნენ... აბა, წარმოიდგინეთ, მის გასათბობად რამდენი ყავა იქნება საჭირო, რაც იმდენად ძვირია, რომ არ მინდა ხასიათი გაგიფუჭოთ... ასე რომ... ტურისტები ტკეპნიან კუნძულს, ვაჭრები ითვლიან ხეირს, ვენეცია კი იძირება და საბრალოდ ტორტმანობენ წყალზე პატრონებისგან მიტოვებული ნავები...