четверг, 29 декабря 2016 г.

მოდა და იდეოლოგია აბსოლუტურად იდენტური ცნებებია

საბაზრო მოთხოვნათა მიხედვით მხატვრული ნაწარმოების შექმნა ისეთივე ზეგავლენა და მორჩილებაა იდეოლოგიისა, როგორიც საბჭოთა ეპოქაში იყო, ნაირ-ნაირ პოეტებს ლენინის და მისი დამქაშების სადიდებელ ლექსებს რომ აწერინებდა... და ახლაც ხომ იგივე ხდება?! - ლიტერატურის მოდურ მიმდინარეობათა ან ამ „ლიტერატურის“ და ზოგადად „ხელოვნების“ ნაწარმოებთა მომხბარებელთა რაოდენობისა და გემოვნების გათვალისწინებით წერა, აბსოლუტურად იგივე მოვლენაა, რაც ხდებოდა კომუნისტობისას და რასაც „ეპოქის მოთხოვნათა“ იძულებითი მორჩილება დაარქვეს ახლა... ღმერთმა ხელი მოგიმართოთო, წერეთ და შექმენით ის, რაც საზოგადოებრივ აღიარებას და პირად კომფორტს მოგიტანთ, მაგრამ იმ კომუნისტობისას, გარდა „ლენინურ-სტალინურ-პარტიული ხელოვნებისა“, ბოლშევიკური წნეხის ქვეშ ღირსებით შემკული ნაწარმოებებიც (ლექსი, რომანი, ფილმი თუ სპექტაკლი....) ხომ იქმნებოდა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... დანარჩენზე თქვენ დაფიქრდით, თუ დაგაინტერესათ (რასაკვირველია!) ზემოთ მოტანილმა რთულმა ქვეწყობილ-თანწყობილ-მიმოწყობილმა წინადადებამ. ეს ყველაფერი კი იმან მათქმევინა, რომ რაღაც 500+ სერიიანი სატელევიზიო „საღეჭი რეზინა“ რჩება ისტორიაში და თუნდაც ვახტანგ გორგასალის შესახებ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი, სულ რაღაც 30-წუთიანი, მხატვრული ფილმიც კი არ არსებობს...

вторник, 27 декабря 2016 г.

რატომ ემტერებიან „ნ“-ს?

„ნარიყალა“, როგორც ახლა ვამბობთ, ცნობილია, რომ მონღოლურ-თურქული კომპოზიტია და ნიშნავს „პატარა ციხეს“... გვაქვს ეს სიტყვა კიდევ სხვა ისტორიულ ფაქტში: დავით-ულუ - დიდი დავითი (ლაშას შვილი) და დავით-ნარინი (რუსუდანის შვილი, გურჯი ხათუნის ძმა)... ეს ყველაფერი ყველამ კარგად იცის, უბრალოდ საინტერესო ის არის, რომ სრული ფორმით - ნარინ-ყალა - თბილისის ციტადელის სახელი მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ყოფილა შემორჩენილი და ამის დასტურია გიორგი ერისთავის მიერ გამოცემულ ჟურნალ „ცისკრის“ პირველი ნომრის (1852) ერთი დიდი მხატვრულ-დოკუმენტური მასალა, სადაც გვხვდება ხსნებული ტოპონიმი სრული სახით.
საინტერესოა - რატომ ამოაგდეს ეს „ნ“ კომპოზიტიდან? სხვათა შორის იგივე შეიძლება ითქვას „ვეფხისტყაოსნის“ ქალაქ მულღაზანზარის შესახებ, სადაც ასევე ამოგდებულია „ნ“ და უნდა იყოს „მულღ+ან“ = ფრინველ-ებ-ი („-ან“ მრავლობითის მაწარმოებელი ბოლოსართია).


четверг, 15 декабря 2016 г.

ამირანი და აივანი

კონოთეატრების დეპოპულარიზაცია ანუ „ამირანიდან“ „აივანამდე“... „რადიატორის“ სეზონური ჩართვით


  • ოდესღაც (ეს უკვე არის „ოდესღაც“!) ახალი ფილმი რომ გამოვიდოდა ქალაქში, ჯერ რამდენიმე პრივილეგირებულ კინოთეატრში გადიოდაო და ჩვენც მივდიოდით: „რუსთაველში“, „ამირანში“, ჭავჭავაძის კლუბში...  და იქ ერთდროულად და ერთად რამდენიმე ათასი თბილისელი ეცნობოდა ფილმს... მე რატომღაც „ამირანი“ მიყვარდა, ოღონდ „პლეხანოვზე“ როცა იყო მაშინდელი..
  • ცოტა მოგვიანებით, სადღაც 70-80-იანების ზღვარზე, ტელევიზია რომ გაფერადდა საბოლოოდ და გარკვეულად მრავალფეროვანიც გახდა, ფილმებს ოჯახის წევრები და მეზობლები (ეზოშიც გამოგვქონდა ტელევიზორი, ან ფანჯარაში გადმოვდგამდით ხოლმე) ვუყურებდით ერთად სატელევიზიო კინოთეატრ „ილუზიონში“ ბატონი ოთარ სეფიაშვილის წყალობით.
  • ახლა რამე ფილმის ნახვა რომ მინდა, ჩემი ძირითადი კომპიუტერიდან გადმოვჯდები ხოლმე ე.წ. ნოუთ-ბუქთან და კინოთეატრ YouTube-ში სრულიად მარტო ვუყურებ ფილმს, თუმცა ასეთი სახელი ჩემი პირადი კინოთეატრისთვის არ მომწონს და, თქვენი ნებართვით, მას კინოთეატრ „რადიატორს“ დავარქმევ... ზამთარში მაინც... ვნახოთ, ზაფხულში რა იქნება; ალბათ, სავარაუდოდ, საზაფხულო კინოთეატრს გავხსნი და, ცხადია, „აივანს“ დავარქმევ....

  • რა იქნება მომავალში?
  • დღეს ბანკში პენსიონერთა დიდი რიგი იყო და ერთ სამოცდაათოდე წლის ქალბატონს ჩართული ჰქონდა მობილურში რაღაც სერიალი და რიგმა ისე მოუწია, ვერც გაიგო....