რას ნიშნავს „მირანდუხტი“?
ალბათ ამ სახელის მსგავსი სახელიც გსმენიათ - გურანდუხტ-ი...
ვახტანგ გორგასალის დედას კი ერქვა საგდუხტ-ი
ესე იგი „დუხტ“ რაღაცას ნიშნავს... დიახ, „დუხტ“ გახლავთ სპარსული „დუხთარ/დოხთარის“ შემოკლებული ფორმა და ნიშნავს ასულს... ესე იგი: მირანის (მირიანის) ასული - მირანდუხტ, გურანის/გურამის ასული - გურანდუხტ... საგდუხტთან კი ცოტა თავს ვიკავებ, რადგან „საგ“ სპარსულად ნიშნავს ძაღლს, ალბათ, ეს სიტყვა სხვა რამესაც ნიშნავდა...
არის კიდევ ასეთი საინტერესო ფაქტი: ყველას გსმენიათ იტალიელი მეზღაპრის, კარლო გოცის პიესა-ზღაპარი - „პრინცესა ტურანდოტ“... აქაც გვაქვს „დუხთ“, ოღონდ ევროპელ-ებმა კიდევ უფრო შეკვეცეს: ტურან + დუ(ხ)ტ = თურანის ასული... „თურანი“ კი ისტორიულად ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, თანამედროვე შუა აზიის ტერი-ტორიის ნაწილს ერქვა... თუმცა კარლო გოცისთან მოქმედება „ჩინეთში“ ხდება, მაგრამ ეს ის ჩინეთი არ გახლავთ, ჩვენ რომ ვიცით; სამე იმაშია, რომ ჩვენთან ეს პიესა რუსეთიდან შემოვიდა და შესაბამისად „Китай" თარგმნეს ჩინეთად. არადა, „კიტაი“ არის იგივე სპარსული „ხათაი“, რაც ახლანდელი ჩინეთის დასავლეთ ნაწილს, ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რეგიონს აღნიშნავდა (ხვარაზმსა და ინდოეთს შორის მდებარე ქვეყანას)...
ჰოდა, ეს გახლავთ ჩვენთვის კარგად ცნობილი „ხატაეთი“ (ხათთაი + ქართული ტოპონიმების დაბოლოება „ეთ“-ი) ასე რომ, პრინცესა ტურანდოტი, ვინმე ალტოუმის კი არა (ასე ჰქვია გოცის ზღაპარში ტურანდოტის მამას), უფრო „ჩვენი“ ხატაეთის მეფე რამაზის ასული გამოდის...
--------------------------------------------------------------
ექსკლუზიურად და სენსიტიურად თქვენთვის.
ახლა ერთ საქმეს ვაკეთებდი, ხაიამის რობაიები დამჭირდა და ამ ერთ რობაის მივაქციე ყურადღება (...რაც ადრე ათასჯერ წამიკითხვს და ნათარგმნიც მაქვს... ლექსადა), მაგრამ ახლა გავბრაზდი და მინდა ეს ბრაზი თქვენც გაგაცნოთ: ამ ერთ პატარა ტექსტში არის რვა ისეთი სპარსული სიტყვა, რომლებსც დღემდე მოვიხმართ მეტყველებაში და ბევრმა არც-კი იცის, რომ „ოკუპანტებთან“ გვაქვს საქმე... თუმცა ეს „ოკუპანტები“ ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი ნებით შემოიტანეს და „გაგვიმდიდრეს“ ენა: 1. „დო“ - დუ, ორი... ნარდის მოთამაშეებმა იციან, ზოგიერთ ცნებას დავაზუსტებ, რაც არ იციან: „დუბარა“ - ორჯერ... „სებაიდუ“ (სამი ოერთან). 2. „სარა“ - სრა... სასახლე (ეს სიტყვა „სარა“ რუსულშიც შევიდა და გახდა „сарай“). 3. „ჩარ“ - ჩარა, საშველი. 4. „ბაზარ“ - განმარტებას არ საჭიროებს. 5. ჲექ - იაქი/იაქე - ერთი... აქაც დავაზუსტოთ, ვთქვათ, როგორ იშიფრება „ჲაგან“ (ორი ერთიანი) - ეს არის „ჲაქ+ან“ (ერთები... „ან“ არის მრავლობითის ბოლოსართი). 6. „ნერხ“ - ბოლო ორი ასო გადაადგილდა და მივიღეთ „ნიხრ“-ი - ფასი, ღირებულება. 7. „ახერ“ - ბოლო, უკანასკნელი... იმდენად, რამდენადაც აქ არის გრძელი „ა“, რომელიც საუბრისას „ო“-ს ემსგავსება, მივიღეთ „ოხერ“ ანუ ისეთი რამ, რაც ბოლოა, უკანასკნელია, ჩამორჩენილია, ოხრად არის დატოვებული. 8. „ქარ“ - საქმე... ამ სიტყვაზე ერთხეულ უკვე ვილაპარაკეთ, ახლაც ჩამოვთვლი: „ქარ+ხანა“ - საქმის სახლი, „მინა(ნ)ქარი“ - მინით მოჭიქული, „სარ+ქალ(რ)ი“ - საქმის თავი და ა.შ. დანარჩენი დასკვნები თქვენ გამოიტანეთ და თუ თვლით, რომ ამ სიტყვების შემოტანით არაფერი დაშავდა, თქვენ ნუ გაბრაზდებით, დასხედით და სადმე „სენსიტიურ ლოკაცაში ენარატივეთ“ ერთმანეთს...
გიყიდი, გიყიდი ფაჩუჩებს....
იულიუს კეისარმა რომ შეიცხადა - „შენც ბრუტუს“-ო?“ - მეც ასე დამემართა დღეს, როცა გავიაზრე, რომ „ფაჩუჩ“-იც ლინგვისტური ოკუპაციის შედეგი ყოფილა.
როგორ იშიფრება „ფაჩუჩი“?
ეს „ფა“, რაც სპარსულად ფეხს ნიშნავს, სხვა სიტყვაშიც გვაქვს - ფ(ა)ი+ანდაზ ანუ ფეხქვეშ დასაგები რამ... მაგრამ „ჩუჩ“-ი რაღაა?
შეიძლება არ დამიჯერონ, მაგრამ ამ სიტყვას რამდენიმე ეტაპიანი ფონეტიკური ცვლილება განუცდია: ფუშ > ფუჩ > ჩუჩ...
„ფუშ“ არის ზმნა „ფუშიდან“-ის აწმყო დროის ფუძე და ნიშნავს ჩაცმას, ანუ „ფა+ფუშ“ გამოდის ფეხზე ჩასაცმელი რამ და ჩვენ ეს, უკვე გაქართულებული „ფაჩუჩ“, მხოლოდ სახლში ჩასაცმელი რბილი საბავშვო ფეხსაცმალის მნიშვნელობით დავიტოვეთ...
ეს ძველი სიმღერაც ხომ გახსოვთ?
გიყიდი, გიყიდა, ფაჩუჩებს,
ჩიმჩაირა-ჩაირა,
დაგიკოცნი მაგ ტუჩებს,
ჩიმჩაირა-ჩაირა...
(არადა, მხოლოდ ამ რითმის შესაქმნელად ღირდა ამდენი ფონეტიკური დავიდარაბა - ფაჩუჩებს - მაგ ტუჩებს - პოეტები დამეთანხმებიან)
ირონიულად „ბაჩაჩებსაც“ ვამბობთ ხოლმე ფეხსცმლის აღსანიშნავად და ეს უკვე „ფაჩუჩ“-იდან განხორციელებული სხვა ფონეტიკური ცვლილების შედეგია: ფაჩუჩ > ბაჩაჩ.
არ ერჩივნა, არ შემოსულიყო? - ამდენი ცვლილება განვაცდევინეთ „ფაფუშ“-ს და მაინც ვამხილეთ (ლინგვისტურ) ოკუპანტობაში.
პაკისტანელი ფაქიზო?! ამოცანაში გვაქვს ასეთი პირობები: 1) პაკისტანი ქვეყანაა ირანსა და ინდოეთს შორის... 2) ფაქიზო ოლღა ბებიას ძროხას ჰქვია გურიაში... უნდა გავარკვიოთ: არის, თუ არა, მათ შორის რაიმე კავშირი? „-ისთან/-ესთან“ რომ ტოპონიმების აღმნიშვნელი დაბოლოებაა, ამაში ყველა ადვილად დამეთანხმება, რადგან „გურჯისტანის“ მნიშვნელობა ყველამ იცის; ესე იგი „პაკისტანში“ ეს „პაკ“ ისევე ნიშნავს რაღაცას, რაც „გურჯ“ ჩვენს აღმოსავლურ სახელში... იმასაც გეტყვით ბარემ, რომ არის ასეთი ვარაუდი - „გურჯ“ არის იგივე „გორგ“, მგელი -სპარსულად... და ჩვენ „მგლების ქვეყანა“ გამოვდივართ - გორგა-სალ-ი რომ მგლისთავაა, ესეც იცით, თუმცა ჩემთვის გაურკვეველია - მეფე ვახტანგს მგლის ფორმის ჩაჩქანი ეხურა და იმიტომ ეწოდა „მგლისთავა“, თუ იგი „მგლების ქვეყნის“ მეფე და თავი და მეთაური რომ იტო, ამიტომ უწოდეს „მგლების თავი“... მე ეს მეორე ვერსია უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია, რადგან მგლის თავის ფორმის მქონე ჩაჩქანის თავზე წამოცმა მეფეთე წესად არ მიმაჩნია... ერთი სიტყვით, გვაქვს „პაკ“, რაც, სავარაუდოდ ჩვენს ტოპონიმაკაში ევროპული ენებიდან დამკვიდრდა, რადგან სინამდვილეში ჟღეს, როგორც „ფაქ“ და სპარსულად ნიშნავს სუფთას და წმინდას; ანუ „პაკისტანი“ (ფაქესთან) არის „წმინდა ქვეყანა“ (მისი სიწმინდის მიზეზი ნამდვილად არ ვიცი და არც მაინტერესებს ჯერჯერობით). ესე იგი „ფაქ“ არის წმინდა და სრულიად მარტივად მივედით მეორე სიტყვამდე, რაც ასევე ვიცით, რადგან ქართულში დიდი ხანია, რაც დამკვიდრებულია და ეს გახლავთ „ფაქიზი“ და სპარსულშიც თითქმის ასევე წარმოთქვამენ - „ფაქიზე“. აი, რაც შეეხება გურულების მიერ ძროხის წმინდა, სუფთა და სათუთ არსებად მიჩნევას, ამაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა პაკისტანის მეზობლად ინდოელები ხსენებულ არსებას (ხარსაც და ძროხასაც) რომ წმინდა სულიერად მიიჩნევენ, ეს ჩემგან არ გესწავლებათ... * * * ჩვენი მასწავლებელი სკოლაში, დავით გონდაური, რომელიც ალგებრა-გეომეტრია-ტრიგონომეტრიას გვასწავლიდა, ამა თუ იმ ამოცანასთან დაკავშირებით ზემოთ განხორციელებულ პროცესს რომ ჩაატარებდა, ბოლოში მიაწერდა ხოლმე - „რის დამტკიცებაც გვინდოდა“, ზოგჯერ კი, ადგილის და დროის ეკონომიის მიზნით მოკლედ მიაწერდა - რ.დ.გ. ერთხელ ერთმა უცხომ ჰკითხა, ეს რ.დ.გ. რა არისო და მან უპასუხა - რედაქტორი დავით გონდაური... ჰოდა, მეც მივაწერ - რ.ა.ე.
იცით თ არა, რომ....
ადრეც დავწერე, რომ „ჟ“ ბგერა ქართულ ენაში მოგვიანებით ჩანერგილს ჰგავს
თუნდაც „ვეფხისტყაოსანს“ თუ ავიღებთ, ასეთი მონაცემები გვაქვს:
- მთელ პოემაში მხოლოდ ოთხი არსებითი სახელი, სადაც ფიგურირებს ასო-ბგერა „ჟ“: ჟამი, პატიჟი, ვაჟი, ლაჟვარდი... (ოთხივე არაქართულია) და მათგან ნაწარმოები სიტყვები: სივაჟე, ჟამიერი, პატიჟნი და ა.შ.
- ერთადერთი ზედსართავი სახელი - მჟავე (მისი აღმატებითი ხარისხით - უმჟავესი).
- ხუთი სახელზმნა: გამჟღავნება, ჟლეტა, ჟღერა, შეჟრენა („შეჟრენით მონაწყენია“, 198), დატყლეჟვა („ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა“, 1632) - ეს ორი უკანასკნელი ვერ დამკვიდრდა ენაში.
ანუ მთელ „ვეფხისტყაოსანში“ მხოლოდ 10 ლექსიკური ერთეული შეიცავს „ჟ“-ს.
„ჟ“-სთან დაკავშირებით სხვა მონაცემთა ბაზის მოხმობაც საინტერესო იქნება: ჩემ მიერ შეკრებილი ყველა დროის და ეპოქის 2600-ზე მეტი ქართველი პოეტის გვარებიდან მხოლოდ თერთმეტი იწყება ამ ასო-ბგერით და კიდევ ცამეტი გვარის შუა ნაწილებში გვხვდება, ანუ მთელი ბაზის ერთი პროცენტია...
დასკვნები თავად გამოიტანეთ... ეს უბრალოდ საინტერესო ფაქტია და არავინ აპირებს „ჟ“-ს განდევნას ქართული ანბანიდან და ჟინვალელებს თუ ჟებოტელებს მშვიდად შეუძლიათ განაგრძონ ჟიპიტაურის სმა.მეჭურჭლეთუხუცესი და ჯაბადარბაში
დღეს წავიკითხე:ვახტანგ მეექვსემ დავით გურამიშვილს ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძაო... მოსკოვში ყოფნისას!
დღეს იცის ვინმემ, რას ნიშნავს ეს სიტყვა „ჯაბადარბაში“?
არადა, იმდენად რთული კომპოზიტია, რომ სამი ნაწილისაგან შედგება და სამივე განსხვავებული ენაა...
სულხან-საბა ასე განმარტავს ამ სიტყვას: „საჭურჭლე მას სახლსა ეწოდების, სადა საომარი ჭური და აბჯარი შეინახებიან და საჭურჭლედ უთქვამთ კიდობანიცა“.
1. „ჯაბა“ (جعبه) - ყუთს, ზანდუკს, საჭურჭლეს ნიშნავს და არაბულია.
2. „დარ“ - ზმნა „დაშთან“-ის (ქონა, ყოლა) აწმყოს ფუძეა და სპარსულია... არსებით სახელთან ის ითარგმნება, როგორც „მქონე“... ასე რომ, გვარი „ჯაბა+დარ“-ი ნიშნავს საჭურჭლის მქონეს, ხოლო „მიზან+დარ“-ი - მიზნის მქონეს.
3. „ბაშ“ - თურქულად ნიშნავს თავს... ეს ყველამ იცის: ბაში-აჩუკი, რუსული „башка“ და ა.შ.
საინტერესოა, რამ აიძულა ქართველები მე-18 საუკუნეში, რომ სიტყვა „მეჭურჭლეთუხუცესი“ დაევიწყებინათ და მის ნაცვლად „ჯაბადარბაში“ გამოეყენებინათ...
არადა, ისიც საინტერესოა და დღეს აღმოვაჩინე, რომ შოთა რუსთველიც და დავით გურამიშვილიც მეჭურჭლეთუხუცესები ყოფილან... ალაბთ, დროებით, მცირე ხანს, მაგრამ მაინც....
დაჰკვირვებიხართ ამ სიტყვებს კარგად?
ნამდვილად ქართული სიტყვები რომ ძირითად საყრდენ წყვილ თანხმოვანზეა დაშენებული, ეს ყველამ იცის და ჩვენც არაერთხელ გვითქვამს (არის უფრო ნაკლები შემთხვევები, როცა ერთი ან სამი თანხმოვანია საყრდენი).
ახლა ამ საყრდენი თანხმოვნების „ბაზაზე“ ე.წ. შუასართებით შექმნილი სიტყვები ვნახოთ: წყ-ალ-ი, წყ-ენ-ა, წყ-არ-ო, ცხ-ელი, ცხ-იმ-ი, ცხ-არ-ე და ა.შ.
ანუ, ამ ლოგიკის თანახმად, შეგვიძლია ის სიტყვები ამოვკენკოთ მთელი, აწ უკვე გაქართულებული, ლექსიკიდან, რომელთა ნამდვილქართულობა ეჭვს არ იწვევს.
საინტერესო კიდევ ის არის, რომ ხსენებული შუასართები უმეტესად ნარნარა თანხმოვნებთან (ლ-მ-ნ-რ) ჩვენი ხუთივე ხმოვნის მონაცვლეობითაა შექმნილი და მყარ კანონზომიერებასაც კი ემორჩილება (ეს კანონზომიერება შეინიშნება როგორც არსებით, ასევე ზედსართავ სახელებში და ზმნიზედებში თუ სახელზმნებში). თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამდენად კანონზომიერია ეს ყველაფერი
1) შუასართები, სადაც მთავარია თანხმოვანი „ლ“
„-ალ/ელ/ილ/ოლ/ულ“:
ძვ-ალ-ი, თვ-ალ-ი, კვ-ალ-ი, რვ-ალ-ი, ჯვ-ალ-ო, ხვ-ალ-(ე)...
ძვ-ელ-ი, ხმ-ელ-ი, სვ-ელ-ი, ცხ-ელ-ი, გვ-ელ-ი...
შვ-ილ-ი, კბ-ილ-ი, ტკბ-ილ-ი, ცვ-ილ-ი, წვლ-ილ-ი, წყვ-ილ-ი, ფქვ-ილ-ი...
ბრძ-ოლ-ა, თრთ-ოლ-ა, სრ-ოლ-ა, ც-ოლ-ი, რგ-ოლ-ი...
კრ-ულ-ი, ხნ-ულ-ი, წყლ-ულ-ი, სრ-ული.... და აშ.
2) შუასართები, სადაც მთავარია თანხმოვანი „რ“
„-არ/ერ/ირ/ორ/ურ“ :
სვ-ან-ი, ჯღ-ან-ი, ბლ-ან-ტი, რგ-ან-ი, მ-წვ-ან-ე, ფრ-ან-ი....
სხვ-ენ-ი, ლხ-ენ-ა, თმ-ენ-ა, სმ-ენ-ა, ღრ-ენ-ა, ფრ-ენ-ა, რწმ-ენ-ა....
ლხ-ინ-ი, ტვ-ინ-ი, ზვ-ინ-ი, ღვინ-ო....
ქ-ონ-ი, წ-ონ-ა, მ-ონ-ა....
ს-უნ-ი, ფ-უნ-ა, ჭყ-უნ-ვა...
3) შუასართები, სადაც მთავარია თარხმოვანი „რ“
„--არ/ერ/ირ/ორ/ურ“ :
მხ-არ-ი, ზღვ-არ-ი, ქმ-არ-ი, წყნ-არ-ი, მყ-არი, ბზ-არ-ი, კვ-არ-ი....
მტ-ერ-ი, მწ-ერ-ი, ჟვ-ერ-ი, ზვ-ერ-ი, ჩქ-ერ-ი, შტ-ერ-ი....
ძვ-ირ-ი, სტვ-ირ-ი, წკ-ირ-ი, მც-ირ-ე, მწ-ირ-ი
მძ-ორ-ი, თქ-ორ-ი, შ-ორ-ი, თ-ორ-ი, ჭ-ორ-ი...
ყ-ურ-ი, შ-ურ-ი, ჭ-ურ-ი, სქ-ურ-ი, ზღ-ურ-ბლი...
4) შუასართები, სადაც მთავარია თარხმოვანი „მ“
„--ამ/ემ/იმ/ომ/უმ“ :
ჩქ-ამ-ი, ხრ-ამ-ი, შხ-ამ-ი, გვ-ამ-ი, თხ-ამ-ი, წ-ამ-ი....
მრწ-ემ-ი, თხ-ემ-ი, თ-ემ-ი, კდ-ემ-ა...
ცხ-იმ-ი, წვ-იმ-ა, მძ-იმ-ე, მ-ღვ-იმ-ე, კვ-იმ-ატი, ყვრ-იმ-ალი....
გ-ომ-ი, ღ-ომ-ი, შრ-ომ-ა...
ჭყ-უმ-ი, ცხ-უმ-ი, მრ-უმ-ე...
რა თქმა უნდა, მეტნაკლებობა ყველაფერში არსებობს და აქაც შეინიშნება: „ლ“ თანხმოვანი ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა ამა თუ იმ საყრდენ ფუძეზე დასაშენებლად. შესაძლოა, ამ „ლ-მ-ნ-რ“ ასოების გამოყენებასაც თავისი კანონზომიერება ჰქონდა, რასაც ასე უცებ ვერ დავადგენთ, ხანგრძლივი ძებნაა საჭირო და უფრო მეტად - დიალექტებში.
სავარაუდოდ, ქართული ლექსიკის უძველესი ერთეულები ძირითადად ასეთი აგებულების იყო: საყრდენი თანხმოვნები + შუასართები, მაგრამ
მათი დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დაიკარგა და, ვთქვათ, ლოგიკით და კანონზომიერების გათვალისწინებით შეგვიძლია რომელიმე მათგანის აღდგენა, ასე მაგალითად:
„წყ“ ფუძეზე დაყრდნობით თუ არსებობდა და არსებობს „ლ-ნ-რ“ თანხმოვნებიანი შუასართებით შექმნილი სიტყვები ( წყ-ალ-ი, წყ-ერ-ა, წყ-არ-ო), უნდა არსებულიყო „მ“-ს მონაწილებით შექმნილიც... რაღაც ასეთი: წყ-ამ, წყ-ემ... წყ-იმ... წყ-ომ... კომბინაციების ლექსიკური ერთეულებიც... შესაძლოა, ამის დასტური იყოს „წყრ-ომ-ა“, სადაც „რ“ მოგვიანებით ჩაჯდა... შესაძლოა-მეთქი...
არის კიდევ ასეთი შუასართები:
„-ივ“ - სხ-ივ-ი, წვ-ივ-ი, მძ-ივ-ი, მკვრ-ივ-ი, მწკრ-ივ-ი....
„-უვ“ - გლ-უვ-ი...
„-უბ“ - ჩხ-უბ-ი, კ-უბ-ო
მე მეტი არ მახსენდება, თუ რაიმე კანონზომიერებას შევნიშნავ, მოგახსენებთ.
* * *
„ამაყი ახმახი“ - ასეთები მრავლად არიან ჩვენთანაც და სხვაგანაც (გვარებს არ დავასახელებ), მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ორივე სიტყვა, ამაყიც და ახმახიც, ერთი არაბული სიტყვიდან მოდის და სხვადასხვა გზით და ეპოქით შემოვიდა ჩვენთან.
1. სავარაუდოდ, ჯერ „ამაყი“ შევითვისეთ მაშინ, როცა არაბები ბატონობდნენ საქართველოში და ეს არაბული სიტყვის „აჰმაყ“ ( احمق ) გაქართულებული ვარიანტია (ქართულში, როგორც წესი, აღმოსავლური სიტყვები „ჰ“-ს კარგავენ); თავისი მნიშვნელობით კი ეს „აჰმაყ“ არაბულში არის ბრიყვი, სულელი... ძნელია არ დაეთანხმო ამას, რომ ყველა ამაყი ადამიანი ნაწილობრივ მაინც არის ბრიყვი (სავარაუდოდ, ეს ჩვენი „ბრიყვი“ არაბულმა „აჰმაყმა“ მთლად ვერ განდევნა და სხვა მნიშვნელობით დამკვიდრდა).
2. რაც შეეხება „ახმახ“-ს.... ესეც არაბული „აჰმაყ“-ის სახესხვაობაა და სპარსულის გავლით, ცოტა მოგვიანებით უნდა იყოს შემოსული.... ირანელებისთვის ეს „აჰმაყ“ ერთ-ერთი საყვარელი გასაკიცხ-გასათათხი სიტყვაა და არა მხოლოდ „აყლაყუდებს“ მიმართავენ ასე... ჩვენთან კი რატომღაც მხოლოდ მაღალი ადამიანების ირონიულად მოხსენიებას ხმარდება....
მზესუმზირამ რა ჰქმნა
(მთარგმნელთა კლუბში გამართული პოლემიკა)
- ალექსანდრე ელერდაშვილი: ეკა, მზესუმზირას მეგრულად რა ჰქვია?
- ეკა ცხადაია: ჭვიტინია
- ალექსანდრე ელერდაშვილი: - ესეც ახალი ვარიანტი; მარტვილელებმა მითხრეს - „მეჩხორიე“, ზუგდიდელებმა - „ბჟაპიორი“, ერთი წალენჯიხასაც უნდა ვკითხო... საინტერესოა, რას მეტყვიან.
- ეკა ცხადაია: ბებიას გარდა არც გამიგია სხვისგან. ჭვიტინიას რომ ეძახდა, მახსოვს. ჩემს ძმას აფრთხილებდა, ბურთით ,,ჭვიტინია ვადომტახა" (არ დამიმტვრიოო) ყვავილად თესავდა.
- ზაალ ჯალაღონია: ჭვიტინია არის ჭრაქი, სანათი.
- ალექსანდრე ელერდაშვილი: „ჭრაქი“ კიდევ გაქართულბული „ჩ(ე)რაღ“ გახლავთ... ეს სიტყვა ორჯეერ შემოვიდა ქართულში: პირველად უსუფიქსოდ, დიდი ხნის წინ და მივიღეთ „ჭრაქი“, მერე მოგვიანებით, თავისი ბოლოსართით და მივიღეთ „ჩირაღ-დან-ი“; „-დან“ არის რაღაც შემცველობის მანიშნებელი ბოლოსართი - ჩაი-დან-ი, ყავა-დან-ი, შან-დალ-ი (სანთლის შემცველი); ამ სიტყვამაც განიცადა ფონეტიკური ცვლილება, დედანში ასე ჟღერს: შამ'+დან... შამ' არის სანთელი... თეიმურაზ პირველის პოემა - შამიფარვანიანი ანუ სანთელ-პეპლიანი... აი, სადამდე წაგვიყვანა უბრალო „ჭვიტინიამ“.
- ზურაბ პაპიაშვილი: მინდა ბატონ ალექსამდრეს "ჭრაქთან" დაკავშირებით ჩემი მოსაზრება შევთავაზო. თავიდან კომენტარებში მინდოდა გამოხმაურება, შემდეგ გადავწყვიტე მოსაზრების აქ "გამომზეურება", რათა ყველამ ნახოს და, იქნებ ქართული სიტყვებისადმი (თუნდაც ზოგიერთისადმი) არსებული შეხედულებები კარდინალურად შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში ჩემს საქციელს ამართლებს ყოველივე ქართულის დიდი სიყვარული და მისი დაცვის უზომო სურვილი.
ბ-ნო ალექსანდრე, თქვენ კომენტარში განმარტეთ:-"ჭრაქი" კიდევ გაქართულებული "ჩ(ე)რაღ" გახლავთ...ეს სიტყვა ორჯერ შემოვიდა ქართულში...". და რატომაა შემოსული ქართულში და არა პირიქით, ქართულიდან შესული და შემდეგ მათი სუფიქსებითა და ბოლოსართებით შეცვლილი? ხომ შეიძლება ასეც იყოს? მაგალითისთვის იგივე "ჩ(ე) რაღ"-ს განვიხილავ; ქართველებს მშვენივრად შეგვიძლია წარმოვთქვათ ეს სიტყვა, ისე რომ "ჭრაქად" გადაკეთება არ დაგვჭირდეს. ხოლო მავანთ, ვისაც არ შეუძლიათ ჭ - ბგერის წარმოთქმა, დიახაც რომ სჭირდებათ და იძულებულნიც არიან. საფიქრებელია,ამიტომ გადაკეთდა ქართული ჭრაქი-"ჩ(ე)რაღად" და არა პირიქით, ისევე, როგორც ღვინო - ვინიდ, ვაინად, ვინოდ გინიდ და ა. შ. რაც შეეხება ბოლოსართ "დან"-ს (ჩირაღდანი) ხელმეორედ შემობრუნების ასოციაციას იწვევს, როგორც მირზა შაფის ლექსების გერმანულიდან აზერბაიჯანულად თარგმანი.
მესმიის, რომ არსებობს სპეციალური ლინგვისტური კვლევები და მათ საფუძველზე იდება დასკვნები, მაგრამ მიმაჩნია რომ, ამ ლოგიკურ აზრსაც აქვს არსებობის უფლება. პატივისცემით.
- ალექსანდრე ელერდაშვილი: დიახ, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ თუ სიტყვის წარმომავლობის ახსნა ქართული ენის თვისებებით არ ხერხდება, მაშინ უფრო მისაღებია, რომ ეს სიტყვა სხვა ენიდან შემოვიდა. ეს ჩვევა, უცხო ენებიდან დიდი რაოდენობით შემოტანა სიტყვებისა, სამწუხაროდ, ქართველების მარადიული ბრიყვული სენია და ამაში ვრწმუნდებით არაბული, სპარსული, ბერძნული, თურქული, რუსული და ახლა ინგლისური სიტყვების უხვად შემოტანით, ლამის ხელჩართული ბრძოლის გამართვით მათ დასამკვიდრებლად და მერე იმით კეკლუცობით, რომ „გვერდითი მსაჯი“ მოძველებული ცნებაა, ხოლო „ლაინსმენი“ პროგრესულია და შეასაბამისად მისი მთქმელიც სხვებზე საღად და თანამედროვედ მოაზროვნეა... რაც შეეხება „ჭრაქს“, ეს რომ ქართული იყოს, უნდა შედგებოდის საყრდენი ფუძის (ჭრ) და მაწარმოებელი სუფიქსისგან (-აქ)... არც ერთი და არც მეორე არცერთ სხვა ქართული სიტყვაში არ დასტურდება... „ჩ“-ს გამჟღერება და „ჭ“-დ ქცევა სხვა სიტყვაშიც გვაქვს - „ჭა“, ეს სპარსული „ჩაჰ“ გახლავთ. ზემოთ ხსენებული სენის სანუგეშოდ ჩვენ სხვა თვისებაც გაგვაჩნია - ჟღერადობით ვაქართულებთ ხოლმე სიტყვებს... ერთი ასეთი მაგალითიც შემიძია მოვიტანო: ასანთის რუსული ბარბარიზმი გახლავთ „სპიჩკა“, მაგრამ კახეთის და ფშავის სოფლებში უმეტესობა ასე ამბობს - სპიჭკა. იგივე შეიძება ითქვას ბოჩკა-ბოჭკას (კასრის) შესახებ.
P.S. „ჭრ“ ფუძე კი გვხვდება „ჭრასთან“ დაკავშირებულ სიტყვებში, მაგრამ ჭრას ნათებასთან (ჭრაქთან) არავითარი კავშირი არ აქვს).
(თავ)ხედლაინები
(გაზეთი „ფანტაზია“ #291, 2003 წელი)
მოგეხსენებათ, ამ ბოლოხანს ჩვენს ენაში ამკვიდრებენ კიდევ ერთ სიტყვას - "ჰედლაინს", რაც უკვე თავისთავად "თავხედლაინობაა", თუმცა ამგვარ ფაქტებს იმდენად მივეჩვიეთ, რომ აღარ გვიკვირს. ერთი სიტყვით, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს... მაგრამ შეცდომით რომ ხმარობენ ამ სიტყვას, უბედურება სწორედ ეს გახლავთ. საქმე იმაშია, რომ "headline" ორი ინგლისური სიტყვისაგანაა შედგენილი: "head" - თავი და "line" - ხაზი და "ჰედლაინი" ჰქვია გაზეთში განთავსებული სტატიების სათაურებს და არა სტატიების შინაარსს. ასე რომ, ამა თუ იმ ამბის "ჰედლაინად" მონათვლა იგივეა, მატარებლის კუპეს "თბილისი-ბათუმი" რომ დააწერო.
ამგვარი "თავხედლაინობანი" დღეს, ალბათ, ქართული ენის სიწმინდის დამცველ მთავარ ადმინისტრაციულ ორგანოსაც აღარ აკვირვებს, საკვირველად კი ჩანს ისეთი ფაქტები, როცა კარგ და იმედისმომცემ მაგალითებს წააწყდები. ამის ნიმუში კი ჩვენი რაგბისტების თამაშების თვალყურის დევნებისას შევნიშნეთ. ამ თამაშის მესვეურებმა იმდენი შეძლეს, რომ მთელი ტერმინოლოგია ქართულ ენაზე შექმნეს, ამიტომაც საოცრად სასიამოვნოა ჩვენი ნაკრების მატჩების ყურება, რადგან გესმის ასეთი სიტყვები: "მარაო", "არეკნი", "გარდასახვა", "კვაჭი", "დერეფანი", "ლელო" და სხვა, ფეხბურთში კი - "პლეიმე-იკერიო", `ლაინსმენიო", "გოლკიპერიო" და მისთანები... ვინმე შეიცხადებს - ეს ხომ საერთაშორისო სტატუსის მქონე სიტყვებიაო?! - ჰოდა, იმიტომაც გვაქვს საქმე კარგად ფეხბურთში! თქვენ თუ გნებავთ, ნუ დამიჯერებთ, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბორჯღალოსნების მსოფლიო ფორუმზე გასვლა, რაც თავისთავად უკვე წარმატებაა, ქართული ენისადმი პატივისცემითაცაა განპირობებული...
ერთხელ ერთი ჟურნალისტი ვერაფრით ვერ დავარწმუნეთ, რომ "ჰმატებს" არასწორია, რომ "ჰოე", როგორც ირიბი ობიექტური პირის ნიშანი, მხოლოდ შვიდი ბგერის (ბ-ფ-პ, გ-ქ-კ და ყ) წინ იხმარება... ბევრი მაგალითიც მოვუყვანეთ, ბევრი ავტორიტეტიც დავუსახელეთ, მაგრამ არ გაჭრა - "ჰმატებს" უნდა დავწერო, რადგან უფრო ლამაზად ჟღერსო... ამან ერთი ანეკდოტი გაგვახსენა:
ხაჩიკიანს ჰკითხეს - Какая птица тебе нравится?
- Орел - უპასუხა ხაჩიკიანმა.
- Почему? - კვლავ ჰკითხეს.
- Нос красивый-ო....
* * *
და ბოლოს რიტორიკული კითხვა:
- (ჰ)მატებს რამეს ქართულ ენას "ჰედლაინი"?
თომას ალვა ედისონს დავასწარით ჩვენ!
შორიდან დავიწყოთ:
„ღარიბი“ და „ყარიბი“ - ამ ორ სიტყვას თანამედროვე, უფრო სწორად - ლიტერატურულ,
ქართულ ენაში მკვეთრად განსხვავებული მნიშვნელობანი აქვს. პირველი „უპოვარის, გლახაკის,
ღატაკის“ სინონიმი გახლავთ, ხოლო მეორე - უცხოელის, უთვისტომოს, ბოგანოს, არაამქვეყნელის
შემცვლელი სიტყვაა ბევრი ქართველი კლასიკოსის შემოქმედებაში.
მივყვეთ ქრონოლოგიურად:
1. „შუშანიკის წამება“ არ იცნობს არც „ღარიბს“ და არც „ყარიბს“
2. „ვეფხისტყაოსანში“ „ღარიბი“ ძალიან ბევრჯერ გვხვდება, ოღონდ იმ მნიშვნელობით,
რაც ახლა „ყარიბს“ გააჩნია და ნიშნავს უცხოს, უთვისტომოს, იშვიათს, უცნაურს და ასე
შემდეგ. აბსოლუტურად ამავე მნიშვნელობით იხმარება სიტყვა „ღარიბი“ „ვისრამიანშიც“
(...სიმარტოისა და ღარიბობისგან მოწყუედილი და თავისა ქუეყნისაგან მოშორვებული.)
3. სულხან-საბას ორ ძირითად ნაწარმოებში („სიბრძნე სიცრუისა“ და „მოგზაურობა
ევროპაში“) არსად არის არც „ღარიბი“ და არც „ყარიბი“. „სიტყვის კონაში“ არის ასეთი
ინფორმაცია: „ღარიბი - გარეშე წერილში სწერია, უ ც ხ ო ს ა ჰქვიან“. (სულხან-საბას
ლექსიკონი „ყარიბს“ არ იცნობს).
4. გურამიშვილთან „ღარიბი“ არის უკვე იმ მნიშვნელობით, რაც ახლა გვაქვს და
„დავითიანში“ გვხვდება მხოლოდ ორჯერ: „აგებულობით მყოფელი აროდეს გაღარიბდება (არ გაღატაკდება).“ „„ნუ ჰგონებ, კაცი თვით იყოს მდიდარი განაკეთია,
ანუ ღარიბი წამხდარი, ვის ჩოხა ტანთ გასცვეთია;“
(შეიძლება ვივარაუდოთ,
რომ მე-18 საუკუნეში ჯერ არ იყო ეს სიტყვა ისე „პოპულარული, როგორც ახლაა. „ყარიბს“
გურამიშვილი არ იცნობს).
5. მე-19 საუკუნეში ეს ორი სიტყვა უკვე დაშორებეულია ერთმანეთისგან და „ყარიბი“
ისეთი მნიშვნელობებით იხმარება, როგორიც ვიცით ახლა ჩვენ: 1. უცხოობაში მყოფი, გადახვეწილი. უცხო თემის ყარიბ მთქმელსა რად აღმიგზენ სიყვარული? (ილია). [გლეხი] უნდა წავიდეს უცხოეთს, იქ შეეთვისოს ყარიბად (აკაკი). 2.გადატ. უპატრონო, საცოდავი, საწყალი, ღარიბი. კაცი გამოჩნდა უცხო რამ, ჩამოგლეჯ-ჩამოწეწილი, ერთი ყარიბი, უშნო რამ (ვაჟა). ქვრივი და ყარიბი თავი ვის უნდა დაუგირავო? (რ. ერისთ.).
* * *
როგორც თავად რწმუნდებით, ეს ორი სიტყვა ერთი საერთო სათავიდან მოდის და
ქართულში განსხვავებული მნიშვნელობანი შეიძინა. ეს გახლავთ არაბული სიტყვა غریب
და ნიშნავს სწორედ იმას, როგორც რუსთველი იყენებს მას (უცხო, უცნაური,
იშვიათი), ოღონდ „ღარიბ“ ფორმით („ყარიბს“ რუსთველი არ იცნობს).
სავარაუდოდ, სადღაც მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ამ სიტყვამ („ღარიბ“)
ქართულ ენაში მნიშვნელობა შეიცვლა და გახდა „უპოვარის“ სინონიმი. ალბათ, ეს ასე მოხდა
- სპარსულენოვანი კახელები თუ თბილისელები
„ღარიბად“ ანუ მათთვის, მდიდრებისთვის მიუღებლად თვლიდნენ ყველას, ვინც ირანელების
კეთილგანწყობით თუ მოწყალებით ვერ სარგებლობდა და ასეთ ადამიანებს, ეძახდნენ რა „ღარიბს“
(მათთვის უცხოს), ამასთანავე ქონებრივ უზრუნველყოფას მოკლებულად, ანუ უპოვარად თვლიდნენ...
ასე რომ, „ღარიბ“-მა თავისი ძირითადი მნიშვნელობა დაკარგა და ქართველებისთვის
ახალი შინაარსი შეიძინა, მაგრამ ამ სიტყვის პირველად არსს, ანუ - უცხო-უთვისტომო-უცნაურს,
ასე ადვილად ვერ შეელიენ ქართველი პოეტები (...და შემდეგ მწერლებიც) და დაამკვიდრეს
სიტყვა „ყარიბი“, თითქოს რამე ახალი აღმოეჩინოთ.
საქმე იმაშია, რომ სპარსელები ბგერებს
- „ღ“ და „ყ“ - პრაქტიკულად ერთნაირად წარმოთქვამენ და ამ ენისგან შორს მდგომი ყური
ერთგვარად აღიქვამს მათ და ჩვენ "ახალი სიტყვის" მისაღებად დავაფიქსირეთ მათ შორის სხვაობა. ან შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ მავანმა ქართველმა
უკვე მე-18 საუკუნეში გამოიყენა ის „პროგრესული“ მეთოდი, რაც ღაღადებს იმას, რომ
ჩვენც ისევე უნდა წარმოვთქვათ უცხო სიტყვა, როგორც მას თავად უცხოელები ამბობენ (კლინტონი
- ქლინთონი, ვაშინგტონი - ვოშინგთონი და ა.შ. ანუ მიმბაძველობის უნარი ახლა არ შეგვიძენია,
ყოველთვის გვახასიათებდა).
ასეთი მოვლენები - უცხო ენიდან შემოსული სიტყვების შინაარსის შეცვლა -
ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ აქ ჩვენ ერთი კეთილი სამსახური გავუწიეთ თურმე სპარსელებს,
ანუ:
სადღაც მოვკარი ყური ასეთ ფაქტს, მავანი აღმოსავლეთმცოდნე ამბობდა, რომ
ადრე სპარსელებიც ჩვენ მსგავსად წარმოთქვამდნენ „ღ“-ს და მხოლოდ ახალ ეპოქაში, მე-18
საუკუნის შემდეგ მიამსგავსესო ეს ბგერა „ყ“-ს და საქმე იქამდე მივიდა, რომ დღევანდელი
ირანელები ამბობენ, ჩვენს ენაში ორი ასო გამოხატავსო ბგერა „ყ“-ს (ق და غ); ეს სპარსულისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რადგან
„ზ“-სთვის მათ ოთხი ასო აქვთ (ذ ز ض ظ), „ს“-თვის - სამი ასო (س ص ث), „თ“- სთვის კი - ორი (ت ط).
კეთილი და პატიოსანი, მაგრამ საიდან დაასკვნა იმ პატივცემულმა მეცნიერმა,
რომ ადრე ამბობდნენ „ღ“-ს - "ბაღ", ახლა კი იმავე სიტყვაში ამბობენ „ყ“-ს - „ბაყ“? ცხადია,
შუა საუკუნეებში ხმის ჩაწერის არანაირი საშუალება არ იყო და ვერავინ მოიტანს „ბგერით
ჩანაწერს“ იმის დასამტკიცებლად, რომ „ღ“ და ყ“ სპარსულშიც განსხვავებული ბგერები იყო ოდესრაც...
არადა, ქართულში სწორედ ამ სხვაობებით არის შემოსული: ღაბაბი, ღალატი, ღალა, ღაზლი,
ყანდი, ყალთაბანდი, ყადრი, ყოლაუზი და ა.შ. ზემოთ კი ვთქვი, რომ უცხო ყური ერთგვარად
აღიქვამს-მეთქი სპარსელთა მიერ წარმოთქმულ „ღ-ყ“-ს (ინგლისელები, რუსები, სომხებიც
კი....), მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვარჩევთ, რომ ამ ბგერებს შორის არის სხვაობა, რადგან
ქართულში ორივეს დამოიკუდებელი და სათანადო ადგილი აქვს მიჩენილი.
ერთი სიტყვით, უნდა დავასკვნათ, რომ (...ხმისჩამწერი აპარატების არარსებობის
ეპოქაში) ქართველებმა იკისრეს ეს მისია - სპარსული ბგერების ჩაწერა-დაფიქსირებისა და
მივიღეთ ასეთი შედეგი: სავარაუდოდ მე-16-17 საუკუნებმდე, ალბათ, სპარსელებიც ისევე
წარმოთქვამდნენ „ღ“-ს, როგორც ჩვენ (ამიტომაც გვაქვს ფორმა „ღარიბი“), მე-18 საუკუნის
შემდეგ კი პატივცემულმა ირანელებმა ბგერა „ყ“-ს მიანიჭეს უპირატესობა და მიიღეს სიტყვა
„ყარიბ“, რაც მაშინვე აიტაცეს ქართველებმა და სრულიად უნებლიეთ შეასრულეს სპარსული
ენისათვის „ხმისჩამწერი აპარატის“ მოვალეობა და ხსენებული ცვლილების დრო და ეპოქაც კი დააფიქსირეს.
ჰოდა, სულ ტყუილად ტრაბახობენ ამერიკელები, ხმის ჩაწერა ჩვენმა ედისონმა
მოიგონაო და ასეთ ამბავსაც ყვებიან: „...ედისონმა შექმნა რაღაც მანქანა და საგანგებოდ
მოწვეული მტერ-მოყვრის წინაშე ამაყად წარდგა. როცა სეირის მოყურიადენი გაყუჩდნენ, ედისონმა
ხმამაღლა წარმოთქვა " Mary had a lamb ", მერე თავის
მანქანაზე რაღაც გადართო და მანქანამ ხრიალ-ხრიალით გაიმეორა "Mary had a lamb "... მაყურებელი შოკში ჩავარდა!
ახლა თქვენ თავად დაასკვენით - ვინ უნდა ჩავარდეს შოკში და რატომ.
ჩაოსტრილი
Острый - 1.ბასრი, მახვილი, მჭრელი; გამჭრიახი: 2.მწვავე, ცხარე; მძაფრი; მკვეთრი: 3.წვეტიანი, წაწვეტებული (რუსულ ქართული ლექსიკონი).
"ოსტრი" რომ ჩვენი სასადილოების განუყოფელი სადილი გახდა, ამით ჯერ კიდევ ჩვენმა მშობლებმა გაიხარეს, ახლა ჩვენი სიხარულის ჯერიც დადგა, რადგან ახალი დროის შესაფერისად და ქართული ენის შესაძლებლობათა გამოყენებით ახალმა ქართველებმა შექმნეს ახალი ფორმები, რის შედეგადაც ხშირად გაიგონებთ ამგვარ ფრაზებს:
...შევწვათ თუ ჩავოსტროთ ეს ხორცი?
...ერთი კილო ჩასაოსტრი ხორცი ამიწონე...
... რა საოსტრე ნაჭერია!
* * *
გავა ახლა ასეთი სიტყვა საქართველოს გარეთ, ვთქვათ - ჩაოსტრილი (ჩახოხბილის მსგავსად), და რუსები ვერც-კი მიხვდებიან, რომ ეს მათი სიტყვის "ნაჩალიჩარი შედევრია"!
რა (ს)პონტია, სიმონ?!
თითქმის ნამდვილი ამბავი
(რედაქტირებული ნაწყვეტი გაზეთ "ფანტაზიის" 2001 წლის პუბლიკაციიდან, #30,232)
...ადრე ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს ახალი სიტყვის "შემოწევრიანება-გაქართულების" ფაქტები. მაგალითისათვის შეგვიძლია დავასახელოთ ფრანგული სიტყვა "ზუსტი", რამაც 30-იანი წლებიდან დღემდე ისეთი შემართებით იმუშავა, რომ დღეს მის "ქართულობაში" აღარავის ეპარება ეჭვი; ასევე მუშაობს 60-იანი წლების ბოლოდან "კაიფიც" და, როგორც ჩანს, არანაკლებ ძალისხმევას გამოავლენს სიტყვა "პონტიც", რათა "ჟარგონულობის სტატუსი" ისეთი საპატიო და აუცილებელით ტიტულით შეიცვალოს, რასაც წინ განსაზღვრებად "ლიტერატურული" უძღვის.
ამჯერად სწორედ რომ "პონტის" შესახებ გვსურს ორიოდე ტკბილი სიტყვის თქმა.
* * *
თუ "კაიფის" წარმომავლობა ჩვენთვის მთელი სისრულითაა ცნობილი, "პონტის" სადაურობაზე ვერაფერს გეტყვით. გვახსოვს და ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს სიახლე ჩვენი მეტყველების ჯურღმულებში გასული (XX) საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა და "ახალი თაობისათვის" გახდა ის "საჯილდაო ქვა", რამაც მათი მეტყველებიდან ნაფტალინდაფენილი "სიაფანდის" ამოღება და ახალი, ევროპული სურნელების მქონე ლექსიკური ერთეულის ჩანაცვლება გამოიწვია.
გახსოვთ, ალბათ - "რა პონტია, სიმონ!" - იტყოდა ვინმე და ვიცოდით, რომ საკითხი გაცრუება-გაწბილებას შეეხებოდა. ნელინელ შემდეგი დამხმარე-სამეტყველო დანიშნულებაც შეიძინა "პონტმა":
1. რა პონტია?! (რა ხდება?)
2. რას მეპონტავები, ტო! (ზედმეტის უფლებას ნუ აძლევ თავს, ვაჟო!)
3. აუ, რა საკაიფო პონტები ეძრობა, ბრატიშკა! (ო, რა საამო ამბები იჩენს თავს, ძმობილო!).
...ერთხელ ერთ პროვინციულ ქალაქში ერთი ასაკოვანი ქალბატონი შეგვხვდა (ისევ იმ 70-იან წლებზე მოგახსენებთ), რომელსაც გაქალაქელება-გაახალგაზრდავების პროცესი ერთად დასწყებოდა და "რა სპორტია, რა სპორტია"-ო წამდაუწუმ დაგვძახოდა ახალგაზრდა ქალაქელებს. რა თქმა უნდა, "სპორტი" მაშინ უკვე დიდი ხნის გალიტერატურულებული იყო და მისი მოხსენიება არავის უკვირდა - არც ქალაქელს და არც პროვინციელს, მაგრამ იმ ქალბატონის მეტყველებაში აშკარად იგრძნობოდა, რომ "სპორტს" გაუაზრებლად ამბობდა და რაღაც "ძაღლის თავი" იყო ჩამარხული მის გაქალაქელება-გაახალგაზრდავების პროცესში... მალე ყველაფერი გაირკვა, როცა ამ ქალბატონის ახალგაზრდა (უკვე გაქალაქებული) შვილიშვილიც გავიცანით, რომელიც ბებიის მსგავსად ტყვიამფრქვევივით გვაყრიდა "გაქალაქელებისათვის" აუცილებელ ფრაზებს და მათ შორის ჩვენი ახლანდელი საუბრის თემასაც. მაგრამ შვილიშვილის მეტყველებაში ერთი სხვაობა იჩენდა თავს; იგი ასე ამბობდა:
"რა სპონტია, სიმონ?!"
ერთის შეხედვით, აქ არაფერია გასაკვირი, რადგან ნარნარა ბგერებს (რ-ნ) მონაცვლეობა ახასიათებს, როგორც ცუდად, ასევე კარგად მეტყველის საარტიკულაციო ორგანოებში, მაგრამ არტიკულაცია აქ არაფერ შუაში გახლდათ და ყველაფერი უმეცრების გამო ხდებოდა... ანუ:
შვილიშვილს ქალაქში მოსმენილი ჰქონდა ასეთი გამოთქმა - "ს პონტომ!", რაც საკმაოდ რთული ლინგვისტური მიმოხვრის შედეგად შექმნილი ნაერთია და (გაქალაქელების გარდა) რუსული ენის ცოდნასაც მოითხოვს. "с" ამ შემთხვევაში რუსული предлог-ი გახლავთ (ბოლოკიდური -ом კი "დატელნი პადეჟის" ნიშანი გახლავთ) და მისი მოშველიებით მაშინდელი ახალი თაობა საკუთარ განსწავლულობასაც ამჟღავნებდა, ქალაქელობასაც და, თუ გნებავთ, პოლიტიკურ ორიენტაციასაც. ერთი სიტყვით, იმ ბებია-შვილიშვილის შემთხვევაში ასეთი რამ მოხდა: შვილიშვილმა "პრედლოგების და პადეჟების", ალბათ, არაფერი იცოდა და ამიტომაც მათი ნიშნები "პონტის" ფუძეს მიუერთა ("რა სპონტია?"), ბებიამ კი "სპონტის" არსებობაში შეიტანა ეჭვი და მისთვის უკვე კარგად ნაცნობი "სპორტი" მოიშველია...
...აი, ასეთი "პონტები იჩითება" ხოლმე საქართველოში.
25 აგვისტო, 2015 წელი
(პირველი ნაწილი - ოხრახუში)
ახლა ერთმა "ფრენდმა" მკითხა - მწერალი ხომ არა ხარო - და უნდა ვუპასუხო, რომ მწერლობისგან ყოველთვის შორს ვიყავი, ეს ჩემი საქმე არასოდეს ყოფილა, უბრალოდ ხანდახან წერა ამიტანს ხოლმე და დღესაც ასეთი "წერასატანილი" დღეა, მგონი.
სიტყვების თავგადასავლების ძებნა მიყვარს ძალიან და ზოგჯერ ვცდილობ ხოლმე უკვე თითქოს ახსნილსა და დადგენილში ეჭვის შეტანით ჭეშმარიტებას მივაკვლიო - ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ - არა და როცა შევატყობ ხოლმე, რომ საქმე არ გამოდის, იუმორისკენ ვიხრები... ასეთი საშველი მეორე არ შეუქმნია ღმერთს! ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: ასაკის მატებასთან ერთად ქალები სულ უფრო მეტად ამყარებენ იმედს კოსმეტიკაზე, კაცები კი - იუმორზეო... მე კი ჯერ იუმორისკენ გადავიხრები და მერე ვიტყვი მთავარ სათქმელს.
* * *
ვახუშტის უყვარდა ხოლმე მხატვარ-კარიკატურისტ გიგლა ფირცხალავას ამბების მოყოლა და სულ სიცილ-ხარხარით გვიამბობდა მისი პოეტური შექმოქმედების შესახებ და მაგალითებიც მოჰყავდა: ერთხელ გიგლამ რუს მეგობარს შესთავაზა წითელი ხიდისკენ წასვლა რაღაც ფაქტში დასარწმუნებლად და რუსმა შეიცხადა - А разве стоит это делать?! გზად მათ შემოხვდათ სოფელი "ფოილო" და გიგლასაც წამიერად შეუთხზავს ექსპრომტი:
Вот деревня Поило,
Нам приехать стоило.
მსგავს ექსპრომტებს მეც ვთხზავ ხოლმე ამ ბოლო დროს და ჩემი ნაცნობები, იციან რა, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ - "სიტყვების თავგადასავლების ძებნა მიყვარს", მეკითხებიან ხოლმე ზოგი სიტყვის ასავალ-დასავალს. ამასწინათ მკითხეს - "ოხრახუში" საიდან გაჩნდაო ქართულში.
მართალი რომ გითხრათ, არასოდეს მიფიქრია "ოხრახუშზე", ჭამით კი, ცხადია, ბევრჯერ მიმირთმევია და ჩემს თავს ვუსაყვედურე - არ უნდა იცოდე, შე ოხერო, რას ჭამ?!
...ჟღერადობა ამ სიტყვას აშკარად თურქული აქვს... მე კიდევ თურქული არ ვიცი, ჰოდა, სხვა რა გზა მქონდა - ნაცნობ-მეგობრებში პრესტიჟის შესანარჩუნებლად "ოხრახუშის თავგადასავალი" თავად მოვიგონე და "სპარსულად" ავხსენი:
ერთხელ თურმე ძველ თბილისში ქართველი და სპარსელი პურსა ჭამდენ.. აი, აქვე, რა... შეითანბაზრის მიდამოებში, სადაც თათრის ფოლორცი იწყებოდა (შეთხზული ამბის შესანიღბად მართლაც არსებული ტოპონიმები გამოვიყენე და უფრო დამიჯერეს... მე კი არა, თავად გრიშაშვილმა თქვა: "შეითან ბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორციო"....); ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, იმ ორ პატიოსან თბილისელ მოქალაქეს სუფრას უმშვენებდა კიტრი, პამიდორი, გუდის ყველი, ლავაში... ქინძი, წიწმატი, ოხრახუში და ასე შემდეგ... ქართველს სადღეგრძელო უთქვამს ქართული ენისა და სპარსელსაც მხარი აუბია მისთვის, მაგრამ თავისი "შაჰაბასური" მზერით მაინც უკბენია თანამეინახისთვის: "აბა, თუ მეტყვი - ოხრახუში საიდან გაჩნდაო ქართულში?!"
- რავი, მაგის ასეც და ისეცო... - უპასუხია ქართველს და ფიალა შეუვსია მორიგი სადღეგრძელოსთვის და სანამ ის ულვაშებში ახალ სათქმელს ამზადებდა, სპარსელს ეტიმოლოგიური კვლევა-ძიება ჩაუტარებია:
- ოხრახუშის ამბავი ასეთია: სპარსულად "ხუშ/ხოშ (خوش)" ნიშნავს "კარგს, საამოს. მშვენიერს..." (გაიხსენეთ - ხოშ-იანი), ჰოდა, მავან თბილისელ სპარსელს ოხრახუშის ჭამისას უთქვამს - “ოხ, რა ხუშია”-ო, ესე იგი, ვაჰ, რა ხოშიანიაო, კარგიაო, რა... იმის მერე დარჩა ეს სიტყვა ქართულში - "ოხრახუში" - გაიგე, ბიჭო?
- გავიგე! (დაიჯერა ბიჭმა, სხვა რა გზა ჰქონდა: მარტო ულვაშებში კი არა, ახალი სადღეგრძელო უკვე ტვინშიაც ჰქონდა ავარდნილი).
* * *
ბევრი რომ არ გავაგრძელო, პრესტიჟიც შევინარჩუნე, ოხრახუშის ამბავიც ავხსენი და მთელი ეს ამბავი იმისთვის გავიხსენე, რომ "სირაჯხანის" შესახებ მელაპარაკა, რასაც სრული სერიოზულობით მოვეკიდები, როცა მეორე ნაწილსაც დავწერ...
დაშლა-არმოშლას გაუმარჯოს!
...მაშინ, როცა ბლოგი და "ფეისბუქი" არ არსებობდა, გაზეთში ვწერდით.
"მოგეხსენებათ, ჩვენი დამოკიდებულება ქართულ ენაში დღეს მიმდინარე პროცესებისადმი საკმაოდ კრიტიკულია და არაერთხელ გამოგვითქვამს მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ჩანს, თავად ენაც იბრძვის საკუთარი სიწმინდისათვის და დღეს ამაში ერთხელაც დავრწმუნდით, რამაც ძალზედ გაგვახარა:
ყველამ იცის, რომ სიტყვა "დახურდავება" ფულის გადაცვლასთანაა დაკავშირებული და დიდი ფულადი ნიშნის პატარებად დანაწევრებას გულისხმობს. ეს სიტყვა წარმოდგება სპარსული "ხურდ"-იდან (خرد), რაც სწორედ რომ "პატარას" ნიშნავს... ერთი სიტყვით, საუკუნეების მანძილზე ჩვენს ენაში არსებული "სარეველა" დღეს ერთმა ქალბატონმა (ბაზრობაზე!) ისე კარგად ამოძირკვა, რომ სიხარულისაგან გული ვარდივით გადაგვეშალა (...თუმცა-კი "ვარდიც" სპარსულია!...) იმ ნამდვილად მშვენიერმა ქალბატონმა გამყიდველს 20-ლარიანი მიაწოდა და უთხრა - "დამიშალეო", რაც არავითარ შემთხვევაში არ არის არც რუსული Разменять-ის და არც ინგლისური Exchange-ის გადმოკეთება...
...ეს უბრალოდ ენის ბრძოლაა საზიზღარი სარეველების წინააღმდეგ!
("ფანტაზია" #198, 2001 წელი)
მუშტაიდის ბაღში მნახე - ვინა ვარ!
....ერთმა ჩემმა ახალგაზრდა ნაცნობმა "ფეისბუქში" დაწერა სიტყვა "მუშტაეთი"; ასეთი ფორმა ადრეც მქონდა მოსმენილი და წაკითხული სხვებთან და ასეთი აზრი გამიჩნდა: ჩვენი თაობის შემდეგ ამ სიტყვამ ერთხელაც იცვალა იერი და უფრო მეტად გაქართულდა... ჩვენი თაობა, უბანში თუ სკოლაში, ვამბობდით ასე - "მუშტაიდი"; ესე იგი ოციოდე წილიწადში სიტყვამ ჩვენი ბოლოსართი -"ეთ" შეიძინა და ახლა უკვე მთლად ქართულ ტოპონიმს დაემსგავსა - ხატაეთი/მუშტაეთი... შეიძლება დავასკვნათ, რომ ფონეტიკური სახეცვლილების პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს (ამასწინათ დავწერე კიდევ, რომ вообще ისე გახდა "ვაფშემც" რომ მასაც მალე ვეღარავინ გაარჩევს ქართული სიტყვებიდან).
ცხადია, მუშტაეთიც და მუშტაიდიც რაღაც სხვა სიტყვიდან მომდინარეობს და როცა გავიგე, რომ ეს სიტყვა გახლავთ არაბული "მოჯთაჰედ" ( مجتهد ), მერე შევეცადე გამომეკითხა ნაცნობი ძველთბილისელები და აღმოვაჩინე, რომ "მუშტაეთ-მუშტაიდ"-ამდე იყო ფორმა "მუშთაჰიდი" და ამ "ჰ"-ს ყრუდ წარმოთქვამდნენ ძველი უბნების არაქართველები (სომხები, აზერბაიჯანელები...); ერთი სიტყვით, თითქმის ყველა ბგერამ შეინარჩუნა პოზიცია და, როგორც ჩანს, პირველმა საკუთარი სახე დაკარგა "ჯ"-მ... არადა, უცნაურია - რატომ? ეს ბგერა პრაქტიკულად ყველა აღმოსავლურ ენას ახასიათებს და არ უნდა შეცვლილიყო ასე მწარედ... ანუ სრულად.
აი, ასეთი პროცესი მივიღეთ:
მოჯთაჰედი - მუშთაჰედი - მუშთა(ჰ)იდი - მუშტაიდი - მუშტაეთი...
თავად სიტყვა "მოჯთაჰედი" კი აღნიშნავს პირს ვინც არის მუსლიმან ღვთისმეტყველთა უმაღლესი კატეგორიის წამომადგენელი, კანონმცოდნე-შიიტი, რომელიც უკიდურესად კარგად ფლობს რელიგიურ კანონმდებლობას.... სწორედ ეს წოდება ჰქონდა ერთ ირანელ (თავრიზელ აზერბაიჯანელ) კაცს, რომელმაც ქართველი ქალი შეირთო ცოლად და მის საპატივცემლოდ ბაღი გააშენა მტკვრის მარცხენა ნაპირზე... ეს ამბები ვიკიპედიაშიც წერია და შეგიძლიათ წაიკითხოთ.
ურყევი და შეუბღალავი "შ"
...ამასწინათ სიტყვა "ბოდიშ"-ის შესახებ მომიხდა საუბარი ერთ პიროვნებასთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ "ბოდიში" ქვედა საცვალს ნიშნავს და ამ სიტყვის უკან არსებული ქვეტექსტი ხსენებული ქვედა საცვლების ჩახდას და სხეულის გაშიშვლებული ნაწილების დასჯა-დამუშავებას გულისხმობდა-ო ("დამუშავებაში" რა იგულისხმა, მე არ ვიცი და არც მიკითხავს). ვერაფრით დავაჯერე, რომ ეს ჩვეულებრივი სპარსული სიტყვა - "ფუზეშ" - გახლავთ და ნიშნავს პატიების, შენდობის თხოვნას... თანამოსაუბრე "საცვლების" არგუმენტს აწვებოდა ჯიუტად და არ სურდა იმ ვერსიის მიღება, რომ "ფუზეშ" გარკვეული ფონეტიკური ცვლილებების შემდეგ (ფ-ბ, ზ-დ... ძლიერი "შ"-ს შენარჩუნებით) გადაიქცა გაქართულებულ "ბოდიშ"-ად... არ მიყვარს ხოლმე კამათი მასთან, ვისაც ვერანაირად ვერ დააჯერებ და გედავება მხოლოდ იმიტომ, რომ დათანხმება და დანებება საკუთარ სისუსტედ მიაჩნია... კარგი, დავანებოთ მას თავი. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ თავად სიტყვა "ფუზეშ"-ის საწყისი მნიშვნელობა არ ვიცი, ეს ირანელების შინაური ფილოლოგიური პრობლემაა და, შესაძლოა, რაიმე საცვლებთან ან თუნდაც მუთაქებთანაც იყოს დაკავშირებული... მაგრამ როგორ და რატომ?! - ამაზე მათ იმტვრიონ თავი, ვისთვისაც სპარსული მშობლიური ენაა.
ახლა კი ვსვამ რიტორიკულ კითხვას:
ასი-ორასი წლის შემდეგ სიტყვა "ვაფშე" რომ უკვე დაკანონებულ-გაქართულებულ სიტყვად იქცევა, ალბათ, ძნელი დასაჯერებელი იქნება, რომ ის წარმოიშვა რუსული სიტყვიდან вообще?! აქაც, როგორც ხედავთ, ბ-ფ ენაცვლება ერთმანეთს, მყარი და მაგარი "შ" კი ინარჩუნებს პოზიციას... არ ნებდება დროს და ეპოქებს!
იპოვეთ განსხვავება:
ფუზეშ - ბოდიში
ვოობშჩე - ვაფშე
"ლაჟვარდი"
სპარსულში არის სიტყვა; "ლაჯურდ" (لاجورد), რაც ქართულში შემოვიდა და გახდა "ლაჟვარდ"-ი, ხოლო რუსულში - "лазурь", იტალიურშიც შესულა ეს სიტყვა და რომ დაუწერია მავან პასკუალეს ან ჩეზარეს (თუნდაც ადრიანოს) ასე l'azzurro, დანარჩენ იტალიელებს ეს თავკიდური l' არტიკლად ჩაუთვლიათ და ამიტომ "ლაჟვარდის" ფუძემ მათთან "ლ" დაკარგა და დარჩა მხოლოდ azzurro... ვინც იტალიის ფეხბურთელთა ნაკრებს ადევნებს თვალს, ალბათ, მოუსმენია, რომ ეს არის "სკუადრა აძურა"... დიახ, დიახ... ქართულად იქნება "ლაჟვარდოვანი გუნდი" და ამაზე მათი მაისურების ფერიც მეტყველებს.
ზარფუში და ნიშანი
ახლა ტექსტში სიტყვა "სარფუშ" ( سرپوش ) შემხვდა და ერთი ამბავი გამახსენდა:
თიანეთში ერთი სამგლოვიარო პროცესის თანამდევ სამზარეულ ღონისძიებაში მომიხდა უნებლიედ მონაწილეობა (აი, "ჯარისკაცის მამაში" რომაა, ისე - დავაჲ ვადა, დავაჲ დრავა), რადგან მთვარი მზარეული ხეიბარი (ინვალიდი!) კაცი იყო და დახმარება სჭირდებოდა და იმ კაცმა, ოხშივარით და სურნელით სავსე ქვაბს თავს რომ დასტრიალებდა, მანიშნა და თან მითხრა - ზარფუში მომაწოდეო.
ამ სიტყვამ წამიერად შემაყოვნა და იმ მზარეულთუხუცესმა მაშინვე საყვედური მითხრა და ისეთი ქვე-ინტონაცია ჰქონდა მის სიტყვებს, რომ აშკარად დამცინოდა ჩემი ქალაქელობის გამო:
- რა იყო, ბალღო ("ბალღო" მაინცადამაინც "ბავშვს" არ ნიშნავს... ხან მოსაფერებლად ამბობენ და ხან დასაცინად)?! - არ იცი ზარფუში რა არის? - თავად მივიდა, აიღო ქვაბის თავსახური და მითხრა - აი, ამასა ჰქვია "ზარფუში"!...
ახლა მე იმას იქ ახსნა-განმარტებებს ვერ დავუწყებდი, რომ ძალიანაც კარგად ვიცოდი, მიუხედავად ჩემი "ბალღობისა", რაც არის "ზარფუში" [სარ (თავი) + ფუშ (დახურვა)]; იქ რომ მეთქვა - სპარსული ვიცი-მეთქი, შეიძლება ჩაეთვალათ, რომ მასხარად ვიგდებ იქაურობას და ხორცით მოთუხთუხე ქვაბში მეც ჩამაყუდებდნენ და ზარფუშსაც დამახურავდნენ თავზე... ამიტომაც გავჩუმდი...
საინტერესო კია, ისტორიულად გარესამყაროსგან ასე კარგად "გარიყულ" რეგიონში მსგავსი სიტყვა როგორ შეიჭრა, მაგრამ როცა ხვარამზეს პოეზიაში სიტყვა "ლიშანი" ამოვიკითხე, რაც სხვა არაფერია, თუ არა "ნიშანი" ( نشان ) და მით უმეტეს უკვე ისე გათავისებული და დიდიხნის წინ შესულ აღმოსავლელმთიელთა მეტყველებაში, რომ დისიმილაციის გამო ორი "ნარ"-დან ერთი "ლას"-ად იქცა ისევე, როგორც "ზარფუშ"-ში თავკიდურ "სან"-ს ჩაენაცვლა "ზან"-ი, მივხვდი, რომ სპრასული ენის ზეგავლენა საქართველოს ყველა რეგიონში საკმაოდ საგრძნობი ყოფილა და ეს არცთუ სასიამოვნო "აღმოჩენა" იყო და არის ჩემთვის დღემდე...
ახლა კიდევ ამ "ვალიდურმა" ამიშალა ნერვები...
ვინმე იტყვის - რას ერჩი ამ "ვალიდურ"-ს?! მისი განაყარი სიტყვა "ინვალიდური" ხომ დიდი ხანია მიღებულიც გვაქვს და გაქართულებულიცო, მაგრამ მაინც ამეშლება ნერვები: "სახიჩარი" გვქონდა, "საპყარი" გვქონდა, "ხეიბარი" გვქონდა... ეს ინვალიდი რაღა საჭირო იყო?! გავამდიდრეთ ჩვენი ენა? - რა თქმა უნდა! - ამ "ინვალიდმა" პრაქტიკულად განდევნა მეტყველებიდან ზემოთხსენებული სამი სხვა სინონიმი და ასე "გავმდიდრდით"?!
ამიტომაცაა უკვე სრულიად "ვალიდური" ასე მეტყველება:
ინვალიდმა მზარეულმა მანიშნა - ზარფუში მომაწოდეო...
ჰოდა, დავიწყებთ მალე ქართული სიტყვების ამოკენკვას რაიმე ლექსიდან ან რომანიდან... თუ პოლიტიკოსებმა და სერიალებმა საერთოდ არ ამოგვხადეს სული უახლოეს მომავალში.
ჯიჰადი და მუშტაიდის ბაღი
ამ ორ ცნებას შორის წმინდა ენობრივი კავშირი არსებობს:
"ჯიჰად" (جهاد) არის ის სავალდებულო "მცდელობანი", რაც ყოველმა მუსლიმანმა უნდა გამოამჟღავნოს ალაჰისკენ მიმავალ გზაზე და, როგორც წესი, ეს მცდლეობანი ბრძოლით გზა–სვლას გულისხმობა, ანუ მარტივად და გასაგებად, რომ ვთქვათ – ეს არის "საღვთო ომი".
"მოჯთაჰედი" (مجتهد) კი გახლავთ ადამიანი, რომელმაც რელიგიურ კანონთა შემეცნებაში უმაღლეს საფეხურს მიაღწია...
თუ ზუსტად გაინტერესებთ, არაბისტებს ჰკითხეთ და ისინი აგიხსნიან ამ სიტყვების გამაერთიანებელი "ჯ–ჰ–დ" არაბული ძირი როგორ და რანაირად წარმოქმნის სხვადასხვა ცნებას.
მე კი ის ვიცი, რომ "მოჯთაჰედ" თბილისურ ტოპონიმიკაში გახდა "მუშტაიდი" (სხვა ვარიანტებსაც შეხვდებით – მუშთაიდი, მუშტაეთი და ა.შ.)
აშპაშხანა
აშპაშხანა (სპარსულად: آش پز خانه – "აშ" – წვნიანი, "ფაზ" – მხარშავი, "ხანა" – სახლი) – სასადილოების რიგები (სახაშეები, საქაბაბეები, სამწვადეები) ისტორიულ ძველ თბილისში, თათრის (ახლანდ. გორგასლის) მოედნის სამხრეთ მხარეზე და ახლანდ. გორგასლის ქუჩის დასაწყისში. აშპაშხანა მოხსენიებული აქვს იოსებ გრიშაშვილს რამდენიმე ლექსში.
შენზე ამბობენ: კუშტიაო, ამპარტავანი
და გიწოდებენ უკარებელს, თავკერძს და ტრაბახს;
მე კი მორცხვი ვარ! ვაქებ ტფილისს, სალაყბოს ყაბახს
და მხიბლავს ნუში. აშპაშხანა, მკერდის მტევანი ("სონეტი რობაქიძეს")
აშპაშხანისკენ, სადაც კლდის ქიმზე
დგას ნარიყალა ჯავრით მზირალი,
ჩავივლი დაღმართს და ერთ ნადიმზე
შემხვდება ორი ნაჯიბგირალი. ("აშპაშხანისკენ")
ფუტზალი
თქვენი არ ვიცი და, ჩემს ყურს ძალიან ცუდად ხვდება ეს სიტყვა – "ფუტზალი". ოფიციალურ საიტზე წერენ ასე (ციტატა):
"ფუტზალი – სავარაუდოდ, სახელწოდება მიღებულია ესპანური ფუტბოლ-ის შეერთებით ესპანურ სალა-თან, რაც დარბაზს ნიშნავს".
ჯერ ერთი "ფუტბოლ" რომ ესპანური კომპოზიტი არ არის, ყველამ იცის და მეორე ძალიან საეჭვოა, რომ ქართულ ენაში შემოსულიყო სიტყვა ესპანურიდან (სალა... მაშინ უნდა ყოფილიყო – "ფუტ–სალა") და არა რუსულიდან – Фут-зал.
მე მგონი, ზემოთმოტანილი ციტატის ავტორები უბრალოდ ანტირუსული კამპანიის ზეგავლენით წერენ ასე... ცხადია, სიტყვა "ფუტზალი" რუსულიდან შემოვიდა.
სიტყვა შეიძლება შემოვიდეს რუსულიდანაც, ესპანურიდანაც, სპარსულიდანაც, სომხურიდანაც და ა.შ. ამაში სათაკილო არაფერია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი არ არის...
ცნობილია, რომ სიტყვები "ფეხბურთი", "კალათბურთი", "ჩოგბურთი" და მისთანები გიორგი ნიკოლაძის მცდელობით შეიქმნა; ახლა ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ქართული ენა ხსენებული სიტყვების გარეშე, არადა, რომ არა მე–20 საუკუნის დასაწყისში ჩადგმული "ჯებირი", ჩვენ ახლა ასე ვიტყოდით: დღეს საქართველოს საფუტბოლო ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩია... ნამდვილად ასე ვიტყოდით... "ფუტზალს" ხომ ვამბობთ?
რა შეიძლება იყოს "ფუტზალის" ნაცვლად?
ვთქვათ, "დარბაზ–ბურთი"...
თუ მაინცადამაინც გაიოცებთ – "დარბაზ–ბურთში" სად ჩანს რომ ფეხით თამაშობენო იქ, მაშინ გკითხავთ საპირისპიროს: "ფუტ–ზალ"–ში სად ჩანს, რომ იქ "ბურთს" თამაშობენ? იქნებ "ზალ–ში" მხოლოდ დადიან "ფუტ"–ით?
ტაბაკა, თეფში და ლაპარაკი
ზოგს ჰგონია, რომ ეს რუსული სიტყვაა, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისაგან ხშირად გვსმენია ფრაზა – “Цыплёнек-табака”; თუმცა (უფრო მეტად თბილისში) ბევრმა იცის – “ტაბაკა” – წიწილას კი არა, ბრტყლად დაჭრილ კარტოფილს გულისხმობს. ასე რომ, რუსული ენა არაფერ შუაშია. საქმე ეხება არაბულ სიტყვა “ტაბაკა”–ს, რაც ფენას ნიშნავს, შემდეგ ეს სიტყვა გადაბარგდა სპარსულში და “თეფშს” დაერქვა; იქიდან ჩვენთან (და რუსებთან) შემოვიდა ბრტყლად მომზადებული საკვების აღსანიშნავად, სომხურში კი “ტაფაკ” სხვა არაფერია თუ არა “ბრტყელი” და ამგვარი ფორმის შეიძლება იყოს წიწილაც, კარტოფილიც, და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლაპარაკიც; ანუ ჩვენი ბრტყელ–ბრტყელი ლაპარაკი სომხისათვის “ტაფაკ–ტაფაკ” მეტყველება გახლავთ…
ვახშამი და შამფური
...არა, მე დაბეჯითებით ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ ასეთი სიტყვები თანამედროვე სპარსულში არ არსებობს; საამისოდ მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს, ირანის სხვადასხვა რეგიონების მცხოვრებთა მეტყველებას უნდა გაეცნოს კაცი, მე კი მხოლო სამი ლექსიკონით ვმსჯელობ: Гаффаров, Рубинчик, Steingass
ამ ლექსიკონებში ქართულში შემონახული სიტყვების "ვახშამ"–ის და "შამფურ"–ის კვალს ვერსად წავაწყდი... არადა, ეს ორივე სიტყვა ნაწარმოებია სპარსული სიტყვიდან – شام – "შამ" (საღამო; სამხარი; საღამოს საჭმელი).
وقت شام [ვაყთ–ე შამ] – (სიტყვასიტყვით) საღამოს საკვების მიღების დრო (ვახშამი)
უფრო ძნელად დადგინდა "შამფურის" წარმომავლობა.
شام پوره [შამ–ფურე] – საღამოს საკვების მოსამზადებელი ღერო (ტოტი) ხისა
ეს پوره (ფურე) დაფიქსირებულია მხოლოდ სპარსულ-ინგლისურ ლექსიკონში (რუსებთან არსად ჩანს), ანუ – trunk of a tree.
...სანამ დადგინდება, რომ სპარსელებმაც იციან თავის ენაში ასეთი კომპოზიტების არსებობა, ჩავთვალოთ, რომ ჩვენ შემოვუნახეთ მათ ეს სიტყვები (მაგალითად ასეთივეა – "გულანშარო" ანუ ყვავილების ქალაქი – მთლიანად "გულ–ან–შაჰრ" – მათ არ იციან, ეს მე ზუსტად ვიცი, არადა ამ კომპოზიტის სამივე ნაწილი სპარსულია:
გულ–ყვავილი
ან–მრავლობითის მაწარმოებელი
შაჰრ – ქალაქი...
გულანშარო კი არ შემორჩათ ერთად (ან არც ჰქონიათ და რუსთველმა თავად შეთხზა?). აგული ერისთავისა არ იყოს: შუბლი ჰგავს? – ჰგავს! ცხვირი ჰგავს? – ჰგავს! ტუჩ–ნიკაპი ჰგავს? – ჰგავს!.... მაგრამ მაინც არაა ეგ ჩემი სიდედრი?).
სახლი და ზამთარი
მოგეხსენებათ, უზნეო და არაკანონიერი საქციელია, როცა აყვანილ ბავშვს საიდუმლოს გაუმხელ და ეტყვი, რომ ის თავისი მშობლების ნამდვილი შვილი არ არის... არ შეიძლება ამის გაკეთება!
ალბათ, ასევეა გაქართულებული სიტყვების შემთხვევაში, როცა დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ჩვენი სიტყვაა, მაგრამ უცებ აღმოჩნდება, რომ ღვიძლი შვილი კი არა, გერი ყოფილა....
ცოტა შორიდან მოვუაროთ:
Сакля (от грузинского Сахли — дом) — монументальное каменное сооружение жителей Кавказа а также деревянный дом в Крыму, преимущественно в горной зоне.
"Сакля была прилеплена одним боком к скале, три мокрые ступени вели к ее двери" (Лепмонтов)
ესე იგი სიტყვა "სახლი" ქართულიდან შევიდა რუსულში, მაგრამ ამას რა ვუყოთ ამას? – ساخلو (სახლოუ) – გარნიზონი, ჯარის სცხოვრებელი.
ვითომ სპარსულშიაც ქართულიდან შევიდა? რატომაც არა?
თუ ეს სიტყვა ჩვენი ღვიძლი შვილია, როგორ შეიძლება მისი წარმომავლობა ავხსნათ?
სა–ხლ–ი
ა) "სა" – ამა თუ იმ დანიშნულების მაწარმოებელი თავსართი (მაგ., სა–ქმ–ე)
ბ) "ხლ" – ძირი (შეიძლება ეს ძირი იყოს სიტყვებში "ხლება, ახლო" და ა.შ.)
გ) "ი" – სახელობითი ბრუნვის ნიშანი.
თუ რუსებმა ისესხეს, სპარსელები რატომ ვერ ისესხებდნენ (მაგალითად)?!
* * *
თქვენი არ ვიცი და მე მგონია, რომ ჩვენი სიტყვა "ზამთარი" აქედან მოდის
زمهریر [zamharir] - Intensive cold; forty days after the winter-solstice (ძლიერი სიცივე; 40 დღე ზამთრის ბუნიობის შემდეგ).
იქტიოლოგიური ძიებანი
ماهی قزل آلا [მაჰი–ე ყეზელალა] – წითელლაქებიანი თევზი ანუ კალმახი (Trout, Форель).
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ "კალმახი" რატომ იქცა ქართულში "ქვირითად" (ხიზილალად), გაუგებარია.
"მაჰი–ე ყეზელ–ალა" სპარსულ–თურქული კომპოზიტია: "მაჰი" – თევზი, "ყეზელ" – წითელი, "ალა" – წაცხებული, დალაქავებული.
"მაჰი" გვაქვს კიდევ სხვა სიტყვაში – "შამაია" ანუ – "შაჰ–მაჰი" (شاه ماهی მეფე–თევზი).
"ყეზელ" – ყიზილ–ბაში (წითელთავიანი).
ან თავად სიტყვა "კალმახი" საიდან წარმოიშვა? ვინმემ იცის?
აჯამები (თუ იკუმშება და - "აჯმები"?!)
"აჯამ" (اعجم) არაბული სიტყვი და ნიშნავს "არაარაბს" ანუ მას, ვინც არაბი არ არის და არაბულად არ ლაპარაკობს.... ეს სიტყვა შემდეგ ირანშიც გადავიდა და აღნიშნავდა ისლამის გავრცელების საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც მუსლიმანები (რბილად რომ ვთქვათ) არცთუ ცივილიზირებულად თვლიდნენ....
ეს სიტყვა ქართულშიც შემოვიდა და ახლა ისეთი ადამიანებისთვის გამოიყენებოდა, რომლებსაც ვერაფრით ვერაფერს ვერ გააგონებდი... ვინც "ერთხელ რომ შეჯდა ვირზე" იქიდან ჩამოსვლას აღარაფრისდიდებით აღარ აპირებს....
* * *
ქვემო იმერეთში არის "აჯამეთის ნაკრძალი", სოფელი აჯამეთი და მდინარე აჯამურა (ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების საზღვრების აქეთ–იქით); ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს უბრალო დამთხვევაა სიტყვებისა თუ არის რამე კავშირი (არაბული "აჯამ" და ქვემოიმერული "აჯამ" ძირი), მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ 1987 წელს გამოცემული წიგნის – "საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის" – შემდგენლები ნამდვილი "აჯამები" არიან:
* * *
ჯამურა (გვ.138) – მდინარე საჩხერის რაიონში, ყვირილის აუზში დააკვირდით – მითითებული არ არის, თუ რომელი მხრიდან ერთვის ყვირილას და ამას თავისი მიზეზი აქვს (ქვემოთ მოგახსენებთ მიზეზს)... ყველა სხვა მდინარესთან კი აუცილებლად მითითებულია, თუ საიდან ერთვის სხვა მდინარეს.
აჯამურა (გვ.21) – მდინარე ზესტაფონის რაიონში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.
მართველა (გვ. 66) – მდინარე საჩხერის რაიონში, ჯამურის მარცხენა შენაკადი
* * *
რომ გადაატრიალოთ ყველა რუკა, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ჯამურას მისი შენაკადით – მართველათი – ვერსად იპოვით, სამაგიეროდ ზესტაფონთან არის მდინარე აჯამურა (სამხრეთი მხრიდან შედის ზესტაფონში და უერთდება ყვირილას) და მას მარცხნიდან ერთვის მართველა.... საინტერესოა, რა მონაცემების საფუძველზე გადააქციეს ხსენებული წიგნის ავტორეებმა აჯამურა ჯამურად და მისი შენაკადიც თან მიაყოლეს ზესტაფონიდან საჩხერეში გადაბარგებით?!
* * *
თუ ეს ყველაფერი მე მეშლება და საჩხერის ტერიტორიაზე ვერ ვიპოვე "ჯამურა" თავისი შენაკადით, დამიძახეთ "აჯამი" და მაიძულეთ "ჩემი ვირით" მოვიარო მთელი ზემო და ქვემო იმერეთი და მოვძებნო ეს ეს ჩემი ცოდვით სავსე მდინარე "ჯამურა".
* * *
ჯამურა კი იმიტომ მოიხსენიეს ყვირილის აუზის მდინარედ, რომ რუკაზე მათაც ვერ იპოვეს და ვერ გაარკვიეს, საიდან ერთვის ეს არარსებული მდინარე ყვირილას.
გორსალა და ორტაბახა
თბილისურ ჟარგონში მსმენია სიტყვა "გორსალა"... არა, არც ისე ხშირად, რომ საგანგებო ინტერესი გამოეწვია, მაგრამ მაინც... აზრობრივად ნიშნავს იგივეს, რაც არის "გოიმი, ტეტია, ტლუ, ხეპრე და ა.შ." მახსოვს ერთხელ ამ სიტყვის მთქმელს ვკითხე – რას უნდა ნიშნავდეს–მეთქი "გორსალა" და უმალ "გორიდან ჩამოსულს დაუკავშირა" (ხომ გახსოვთ ასეთი გამოთქმა – რა გორელივით შუა გზაში დადიხარ?!); რა თქმა უნდა, აქ სკრა–აგარა–ქარელი–გორი და ხაშური არაფერ შუაშია... აი, ახლა ასეთ ლექსიკურ ერთეულს წავაწყდი (..და მხოლოდ ვვარაუდობ!):
گرشال (горшал) – помесь волка и шакала.
"გორშალ" – მგლის და ტურის ნაჯვარი ყოფილა და ისეთივე დატვირთვის სიტყვაა, როგორც "ჯორი", რომელიც თავის მხრივ ცხენის და ვირის არაკანონიერი სიყვარულის და ვნებათაღელვის ნაყოფი გახლავთ...
მერე ყოველი შემთხვევისთვის ეს "помесь" რომ გადავამოწმე რუსულ–ქართულ ლექსიკონში, იქ დამხვდა მორიგი სიურპრიზი: Помесь – 1. ნაჯვარი, ჯიშნარევი, ორტაბახა: 2. გადატ. ნარევი.
ორტაბახა – ?
რუსულ–ქართული ლექსიკონის გარდა სხვაგან არსად ჩანს "ორტაბახა"; ორჯერ გაბახებულია ვითომ?!))))))
თქვენ გსმენიათ და შეგხვედრიათ სადმე ეს სიტყვა?
ვიკიპედია – ტყუილების გუდა
ძალიან საინტერესო საქმეა ლექსიკონის შედგენა, ბევრ კურიოზს ან დღემდე უცნობ ფაქტს შეიძლება წააწყდეს კაცი... აი, მაგალითად, სიტყვა კლარნეტი.
"ვიკიპედიაში" მასალები რეალური წიგნებიდან არის შეტანილი, თუმცა გვხვდება თავად ინტერნეტში მოაზრებული ცნებებიც... სხვადასხვა ენებზე თარგმნა და გადაწერა ხდება, როგორც წესი, ინგლისურიდან და გადამწერები ზოგჯერ საკუთარ "ვარიაციებსაც" დებენ. ინგლისურიდან დავიწყოთ:
Clarinet The name derives from adding the suffix -et (meaning little) to the Italian word clarino (meaning a type of trumpet).
ინგლისელები ამბობენ, რომ ამ სიტყვის საფუძველი არის clarino საყვირი) და კნინობითი სუფიქსის -et დამატებით მიიღებაო, ანუ - "პატარა საყვირი".
რუსული "ვიკიპედია" ამ სიტყვის ასეთ ვარიაციებს გვთავაზობს: Кларне́т (итал. clarinetto, фр. clarinette, нем. Klarinette, англ. clarionet და ამტკიცებს, რომ Был изобретён около 1700 года в Нюрнберге თუმცა თავად სიტყვის ძირითად ფუძეს ("კლარ" - როგორც მათ ჰგონია), არ განმარტავს. ქართული ვიკიპედია კი განმარტავს ასე: "კლარნეტი" (ლათ. clarus „მკაფიო ბგერა“) - წარმოიშვა სალამურისაგან-ო.
როგორც ხედავთ ორი ვარიანტი გვაქვს: "პატარა საყვირი" (ინგლ.) და "მკაფიო ბგერა" სალამურისა (ქართ.) ახლა წავიდეთ აღმოსავლეთისკენ.... სპარსულენოვანი ვიკიპედიის სტატია "კლარნეტის" შესახებ (შესავალი):
کلارینت یکی از سازهای بادی قمیشی است که انواع حرفهایاش معمولا از چوب سیاه آفریقایی ساخته میشود
სპარსელები ამბობენ, რომ ეს სასულე საკრავი რაღაც "აფრიკული შავი ხისგან" მზადდებოდა"-ო...
ჰოდა, გვეშველა ჩვენც და "კლარნეტსაც"...
სპარსულ-ქართული ლექსიკონის ასო-ბგერა "ყ"-ს რომ ვამუშავებდი, ჩემი ყურადღება მიიპყრო სიტყვამ قره نی , რაც სიტყვასიტყვით "შავ სალამურს" ნიშნავს: "ყარა" - შავი (გაიხსენეთ ყარა-ყუმი - შავი უდაბნო, კარა-დენიზ - თურქულად "შავი ზღვა") და "ნეი" – სპარსულად სალამური... ანუ "ყარა-ნე", რაც თურქულში "კარა-ნე" გახდა და მერე იქიდან წავიდა ევროპაში....
ესე იგი "კლარნეტ" – "კარა-ნე" - შავი სალამური....
ხომ მართლა შავია? - მე წითელი ან ლურჯი კლარნეტი არ მინახავს.
"საწინწონემ" რა დააშავა?!
ახლა წავიკითხე: "ჩინეთი ამერიკის საპირწონე ქვეყანა ვერ გახდება"–ო (ისე გახდება, როგორც დაგიბარებიათ... გნახავთ მალე, რომ იტყვით – "მე ქართველი ვარ და მაშასადამე ჩინელი ვარ").
ძალიან ნერვებს მიშლის ეს სიტყვა – "საპირწონე" – და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მისი მთქმელი ("იმენა") კარგი მოქართულეა, ძალიან ცდება.
ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული ПРОТИВОВЕС–ის ე.წ. "კალკა" (პირდაპირი თარგმანი).
ПРОТИВОВЕ́С – 1. Груз, присоединяемый к одному из концов вращающейся части механизма для уравновешивания силы инерции, тяжести (тех.). 2. Заземление из проволоки для наружных антенн (радио). 3. перен. Противоположение, уравновешивающее что-нибудь или противодействующее чему-нибудь
მავან "კარგ მოქართულეს" პირველად, ალბათ, სიტყვა "საპირისპირო" გაახსენდა და არა "საწინააღმდეგო", თორემ ახლა გვექნებოდა ასეთი სახესხვაობა – საწინწონე.
თუ "შემეწინწონებით", სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს აზრს.
ალიბუხარი
"ალიბუხარი" რომელი ქლიავიაო – მკითხეს.
კარგი ქლიავია, ტკბილი.... თიანეთშია ბევრი; რომ მწიფდება, ქარვისფერი გადაჰკრავს.
ალი და ბუხარი და ცეცხლი და ნავთი არაფერ შუაშია ამ ქლიავის სახელთან; ახლავე მოგახსენებთ ამ სიტყვის წარმომავლობის ამბავს:
"ალუ" ზოგადად ხილის (არა ყურძნის და საზამთროს და მისთანების) აღმნიშვნელი სიტყვაა, ასე მაგალითად:
"ალუ–ჩა" – პატარა "ალუ"
"ალუ–ბალუ" – ეს "ბალუ" ვერ გავარკვიე, რა არის, ისე კი ალუბალს ნიშნავს ერთად
"ზარდ–ალუ" – ყვითელი "ალუ" ანუ გარგარი.
"შაფთ–ალუ" – სქელი, უხეში 'ალუ" ანუ ატამი (ბუსუსებიანი)
"ალუ–ბოხარა" – გამოვიდა ბუხარის "ალუ" – ჩვენთან კი ქლიავის სახეობას დაერქვა (ბუხარა, მოგეხსენებათ ქალაქია ახლანდელ უზბეკეთში).
მგლების ქვეყანა
ასეთ მოსაზრებას პირველად შევხვდი – "მგლების ქვეყანა".
არის ამაში რაღაც ლოგიკა, რადგან სპარსულად "მგელი" ასე ჟღერს – "გორგ" (گرگ) და მეორე გ–ს გარდაქმნა ჯ–დ სრულიად დასაშვები მოვლენაა.
საინტერესოა კიდევ ის, რომ ჩემთვის მუდამ საეჭვოდ მიჩნეული განმარტება – გორგ+სარ (მგლისთავა) სხვაგვარად შეიძლება აიხსნას:
გორგასალს მგლის თავის გამოსახულების მქონე ჩაჩქანი ეხურა და ამიტომ უწოდესო "გორგ+სარ" – ეს ფანტაზიის ნაყოფად მიმაჩნია და უფრო ლოგიკურია, რომ მას "მგლების მეთაურის" ტიტული ჰქონოდა სპარსელთა ცნობიერებაში.
არის ამაში რაღაც ლოგიკა, რადგან სპარსულად "მგელი" ასე ჟღერს – "გორგ" (گرگ) და მეორე გ–ს გარდაქმნა ჯ–დ სრულიად დასაშვები მოვლენაა.
საინტერესოა კიდევ ის, რომ ჩემთვის მუდამ საეჭვოდ მიჩნეული განმარტება – გორგ+სარ (მგლისთავა) სხვაგვარად შეიძლება აიხსნას:
გორგასალს მგლის თავის გამოსახულების მქონე ჩაჩქანი ეხურა და ამიტომ უწოდესო "გორგ+სარ" – ეს ფანტაზიის ნაყოფად მიმაჩნია და უფრო ლოგიკურია, რომ მას "მგლების მეთაურის" ტიტული ჰქონოდა სპარსელთა ცნობიერებაში.
მანდილი – კუჭურა
არ ვიცი, ჩემს კოლეგა აღოსავლეთმცოდნეებს შემჩნეული აქვთ ეს თუ არა, მაგრამ მე პირველად დავაკვირდი და ელდა მეცა:
مندیل (мандил) - 1.тюрбан, чалма. 2. (уст.) салфетка, платок.
რუსებს არ დავუჯერე და სპარსულ–ინგლისურში ჩავიხედე:
مندیل (mandil) - a towel, a napkin; a table-cloth; handkerchief. იმასაც ამბობს სტეინგასი, რომ "მანდილს" უფრო ყელსახვევად და წელზე შემოსახევად იყენებდნან, გარდა იმისა, რომ ხელსახოცად ხმარობდნენ.
ამ ძებნა–ძებნაში გავიგე, რომ ქალის სხვა თავსაბურავიც ყოფილა გავრცელებული მთიან რეგიონებში – კუჭურა.... მაგრამ "მანდილზე" მაინც ძალიან დამწყდა გული... მასზედაც დიდი წერილებია დაწერილი, რომ ქართული ეროვნული სამოსის შემადგენელი ნაწილია, რომ ნაირგვარი ორნამენტებით და ჯვრებით ამკობდნენ და ასე შემდეგ... მაგრამ! – მანდილიც შემოგზავნილი სიტყვა ყოფილა...
Google–ს მთარგმნელის სპარსული ლექსიკა ამ სიტყვას არ იცნობს.... ესე იგი თანამედროვე ენაში არ მოიხმარება, სამაგიეროდ, იგივე платок ანდა towel და napkin რომ ვათარგმნინე, ასეთი სიტყვები ამომიყარა: შალი.... სუფრა...
მანდილი–შალი–სუფრა–ბაღდადი.... პლატოკი თუ კასინკა (გურიაში "სტოლსაფარიც" გამიგია)... ყველა ეს "ინტერვენტი" სიტყვა მშვენივრად ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი ჩვენი ნამდვილი, კარგი, თბილი, ქართული სურნელის შემომნახავი სიტყვა.... "კუჭურა".
Ямщик, не гони лошадей!
یام / یامه [იამ/იამე] – საფოსტო ცხენი (почтовая, курьерская лошадь), ამას დაემატა რუსული ბოლოსართი - щик და გამოვიდა სიტყვა "იამშჩიკ" – მეეტლე – ямщик
როგორც ჩანს ეს "იამ" თურქული წარმოშობის სიტყვაა და პარალელურად შევიდა სპარსულშიც და რუსულშიც. თავად ბოლოსართი щик–იც, ალბათ, თურქული چی (ჩი) ბოლოსართი გახლავთ (...რაც რაღაც პროფესიას, საქმიანობას აწარმოებს: ნავთ – ნავთჩი – "მენავთობე"), მაგრამ ამაზე რუსებმა იმტვრიონ თავი, ჩემს კომპეტენციას სცდება.
არიქა! გახაზირდი!
გურულ დიალექტში არის სიტყვა "გახაზირება"; რატომ, საიდან და როგორ მოხვდა ეს სიტყვა პატივცემული გურულების მეტყველებაში, ეს შესაბამისმა მეცნიერებმა იკვლიონ, მე კი ჩემს მოვალეობას შევასრულებ, როგორც ვირტუალური რედაქტორი გაზეთისა "იცით თუ არა რომ..."
ჯერ ანეკდოტი მოცემულ თემაზე:
რუსულ–გურული სასაუბროდან:
На старт! – წეიკუნცხე
Внимание! – გახაზირდი
Марш! – არიქაააა!
ყურადღება! – ანუ "გახაზირდი"... ესე იგი მზად იყავი (დაცქვიტე ყურები!).
დიახ, ზუსტად ასეა: حاضر باش (ჰაზერ ბაშ) – მზად იყავი!
* * *
"არიქა" სხვა დიალექტებშიც არის და ნიშნავს ამოძრავებისკენ მოწოდებას.
ძველმა თბილისელებმა შეიძლება გაიხსენონ ამავე სიტყვის ნათესავი – "არაქათი" (ორიგინალში – ჰარაქათ حرکت), რაც ზოგადად მოძრაობას ნიშნავს და ჩვენთან დამკვიდრდა ასეთ გამოქმაში – "არაქათი აღარა მაქვს" ანუ ამოძრავება არ შემიძლია (დაღლილი ვარ).
ელჩი
"საქართველოს არ ჰყავს–ო ელჩები წამყვან ქვეყნებში" (18.03.2013) – აცხადებს ხელისუფლების წარმომადგენელი... სანამ ძველი და ახალი მთავრობა ჭიდაობითაა დაკავებული, მე "ელჩის" თაობაზე მოგახსენებთ...
ერთხელ სტამბოლში ვიყავი და ბოსფორის სრუტეზე გემით გადავდიოდი... ჰოდა, ჩემს მხლებელ ქართველთან საუბარში ვახსენე სიტყვები "ელჩი" და "გემი"... მერე ერთ ადგილობრივთან მომიხდა დალაპარაკება ინგლისურად, მაგრამ მან თავი გაიგიჟა და მხოლოდ თურქულად მპასუხობდა, არადა, ინგლისურს ჩემზე კარგად ფლობდა (როგორც მერე აღმოჩნდა). თურმე გვისმენდა ის თურქი და მე რომ "ელჩი" და "გემი" ვახსენე, ივარაუდა, რომ მე თურქული ვიცი...
– არა–მეთქი, ეფენდი.... სპარსული მასწავლეს უნივერსიტეტში – ვუთხარი და საბოლოოდ "გავაიასნე" მისთვის ჩემი ლინგვისტური პრიორიტეტები და ბარემ "ხედვებიც" გავაჟღერე... (განვმარტავ მათთვის, ვისაც "გაიასნება" თავანკარა ქართული სიტყვა ჰგონია: ეს გახლავთ რუსული "ясный" - ნათელი, ცხადი, გასაგები და ა.შ. განსაკუთრებით თელაველებისგან მიყვარს ამ სიტყვის მოსმენა, რომლებიც თავკიდურ "ი"–ს ხაზგასმით ამბობენ: ი–ასნია?!)
ახლა ისევ "ელჩს" მივუბრუნდეთ:
ეს თურქული წარმომავლობის სიტყვაა და სპარსულშიც და ქართულშიც არის დამკვიდრებული, მისი წარმოშობა ასეთია:
یل [ილ] – ტომი, გვაროვნული გაერთიანება; ერთი ერის ხალხი.
یلچی [ილჩი] – ტომის, ხალხის, გვარის წარმომადგენელი.
ასეთივე წარმოშობისაა სიტყვა "ილ–ხან" – ტომის, ხალხის, გვარის მეთაური (ხანი).
ი–ასნია?!
ამხანაგის მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს
“ვეფხისტყაოსანი” არ იცნობს სიტყვებს – მეგობარი, მეგობრობა და მათ სანაცვლოდ ყველგან “მოყვარე, მოყვრობა” გვხვდება…. ასე რომ, პატივცემულო პედაგოგებო (ქართული ენისა და ლიტერატურისა–ვ) – ე.წ. თემა სახელწოდებით “მეგობრობა ვეფხისტყაოსანში” გაუმართლებელია ( კინაღამ ვთქვი “არაადეკვატურია”–მეთქი), რადგან ამ პოემაში “მეგობრობა” არ არის!
….სამაგიეროდა არის “ამხანაგი, ამხანაგობა” და ეს, კომუნისტებისადმი სიძულვილის გამო, კომუნისტურად შერაცხული სიტყვა სრულიად დაუმსახურებლად რომაა მივიწყებული დღეს, ძალზედ დიდ სამსახურს უწევს რუსთველს:
- სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად (17)
- ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე (261)
– აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა ვლიდია (442)
– მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი (673)
- ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა (1497)
….და ასე შემდეგ.
- ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე (261)
– აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა ვლიდია (442)
– მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი (673)
- ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა (1497)
….და ასე შემდეგ.
ბარემ აქვე მოგახსენებთ, თუ საიდან გაჩნდა ეს სიტყვა ჩვენ ენაში: – هم خانه (ჰამხანე) – კომპოზიტია: "ჰამ" – თანა, "ხანე" – სახლი, ესე იგი "თანამოსახლე" (სიტყვასიტყვით ასეა, აზრი თქვენ გამოიტანეთ); მსგავსი სიტყვებია: ამქარი და ამფსონი, აქაც “ჰამ”–ის ნარჩენი “ამ” ერთად საქმიანობას ან მოქმედებას აღნიშნავს. სხვათა შორის, ძალიან “პოეტური” სიტყვაა სპარსულში “მეზობელი”, რომელიც მათ ენაზე ეს სიტყვა ასე ჟღერს – ჰამ–საიე, სადაც “საიე” არის ჩრდილი, ანუ მეზობელი ის ადამიანია, ვინც შენთან ერთად ინაწილებს და იზიარებს ჩრდილს…. ( შენ, ჩემო თანამეჩრდილევ! – როგორ “გამაზეს” ეს ფრაზა ქართველმა პოეტებმა?!)
ერთი სიტყვით, შორეული წარსულის ირანში დაბადებული მშვენიერი სიტყვა “ამხანაგი” ჯერ შორეული აზროვნების კომუნისტებმა “გააბანძეს” და აგერ, სულ ახლახან შორეული ამერიკიდან წაქეზებულ დემოკრატებს შემოაკვდათ (“მოკლეს” ჩასწორდა “შემოაკვდათ”–ი პოლემიკის შემდეგ).
ცავეტანემ
ქართველები სომხებთან ურთიერთობისას ხშირად იყენებენ სომხურ სიტყვას "ცავეტანემ", თუმცა, როგორც ჩანს, არავინ იცის ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა და ისევე ამბობენ, როგორც რუსებს სჩვევიათ ჩვენთან საუბრისას "გინასვალე"–ს თქმა სრულიად უადგილოდ და გაუაზრებლად.
ენებით დაინეტერესებული ადამიანებისთვისაც საინტერესო იქნება "ცავეტანემ"–ის ახსნა და თარგმნა.
* * *
ცავ – "ტკივილია" სომხურად.
ცავ'ტ – შენი ტკივილი (აქ აპოსტროფი იმ თანხმოვნის აღსანიშნავად დავსვით, რომელიც ქართლ ენაში არ გვაქვს.... შეიძლება ამას ისეთივე "პაუზა" დავარქვათ, როგორც დ"არტანიან–ში ან კოტ დ"ივუარ–შია).
ტან–ემ – წავიღო მე..... სახელზმნა "ტანელ" – წაღება, "–ემ" პირვველი პირის ნიშანი.
* * *
ასე რომ, ეს ფრაზა ასე წარმოითქმის – ცავ'ტ ტანემ – "შენი ტკივილი წავიღო"
როგორც ხედავთ, ეს არ არის ერთი სიტყვა და თავისი აზრით თითქმის იგივეა, რაც "შენი ჭირიმე". მნიშვნელობით კი "გენაცვალე"–ს ანალოგიაა.
ჩარფუზანა
ეს სიტყვა პირველად სერგო კლდიაშვილის მიერ თარგმნილ ერთ პოეტურ იგავ–არაკში შემხვდა (ავტორი სერგეი მიხალკოვია): თეატრალური ინსტიტუტის აბიტურიენტებმა ეს იგავი კარგად იციან, რადგან მისაღებ გამოცდებზე ხშირად კითხულობენ მას. 1973 წელს მეც ვიყავი ამ ინსტიტუტის აბიტურიენტი (მადლობა ღმერთს, რომ არ მიმიღეს!) და იმდროიდან მახსოვს "ჩარფუზანა", თუმცა არ ჩავკვირვებივარ.... დღეს რატომღაც გამახსენდა და ინტერნეტში ასეთი ციტატები მოვძებნე:
1) სანამ არ დავიკიდებთ დასავლეთის, ჩრდილოეთისა თუ სამრეთ-აღმოსავლეთის ინტერესებს და საკუთარ ინტერესებზე არ ვიფიქრებთ, მანამდე ეს ჩარფუზანა არ დასრულდება!
2) რამოდონანი მოქუჩებულხართ??? მაგარი ჩარფუზანა გვექნება პირიქითაში.
3) სკამი ჩამაჯე __ (ხევსურ) დაჯექი ჩარფუზანა ხმაური კმარა.
რატომღაც "ხევსურული იერი" დაჰკრავს ამ ციტატებს და, როგორც ჩანს, ჩვენთვის საინტერესო სიტყვა იქ შემორჩა, მაგრამ წარმომავლობა, დამიჯერეთ რომ, სპარსული აქვს:
ჩარ – ოთხი ფა – ფეხი ზან – "ზადან" სახელზმნის აწმყო დროის ფორმაა და "დამრტყმელს, დამცემს" ნიშნავს – ჩარ–ფა–ზან – ანუ ოთხი ფეხის ცემა ხმაურის და არეულობის აზრითა და მნიშვნელობით.
გაგახსენდათ ხომ – ზარბა–ზან? დიახ, ზარბა (დარბა) – არაბულად "დარტყმაა"..... ესე იგი "დარტყმით დამრტყმელი" (ზარბაზნის შესახებ ერთი მოგონებაც მაქვს და, თუ დრომ და განგებამ მაცალა, გიამბობთ).
"იგი ნაზარდი სოსანი"
სიტყვა "სოსანს" რუსთველი ხშირად იყენებს როგორც ავთანდილის დასახასიათებელ მეტაფორას, ეს ყვავილია, თანამედროვე ვარიანტში – "შროშანი" და სწორედ აქ იწყება ისტორიული თუ მხატვრული სახეების გახსენება....
შროშანი ებრაული სიტყვა "შოშან"–იდან მოდის და მის პირველწყარო ენაშიც მშვენიერი ყვავილის მნიშვნელობა აქვს.... მე–8 საუკუნეში ბუხარელი ებრაელები რომ აუჯანყდნენ ხორეზმ მმართველებს, ამ აჯანყების ლიდერი ყოფილა ქალი – "შოშან–დუხთი" ("დუხთ" სპარსულად ასულს ნიშნავს, გაიხსენეთ სახელები – დულარდუხდი, გურანდუხტი, მირანდუხტი). ჰოდა, ეს "შოშან" სხვა არაფრია თუ არა სომხებს შორის გავრცელებული სახელი "შუშან", თუმცა ქართველებს შორისაც არის გვარი "შუშანაშვილი"" ასე რომ. ჩვენი ცნობილი შუშანიკი (მე–5 საუკუნე), ბუხარელი მეამბოხე შოშან–დუხთი (მე–8 საუკუნე) და მე–13 საუკუნის ავთანდილი–სოსანი ერთმანეთთან "მცენარეულ კავშირში" არიან.... ახალი ქართველებითვის კი ვთარგმნი – Plant Relations – მაგრამ ამათ PR აბრევიატურით ისე აქვთ გონება არეული, რომ უმალ "პიარ" გაახსენდებათ, არადა, ავთანდილი სულაც არ იყო პიარშიკი.... მადლობა ღმეერთს!
ხოჯა–ვანქი – ბატონის განსასვენებელი
რას ნიშნავს თბილისური ტოპონიმი "ხოჯავანქი"?
შევეცდები განვმარტო:
ახლა იქ სამების ეკლესია დგას, ჩემს ბავშვობაში კი ამ ტერიტორიაზე იყო ე.წ. "მეგობრობის პარკი" (ამ პარკს ყველა ხოჯავანქს–ხოჯევანქს–ხოჯივანქს ეძახდა მაინც), 98–ე რუსული საშუალო სკოლა, საბავშვო ბაგა–ბაღი და პიონერთა სახლი.... ჩემს დაბადებამდე 20–25 წლით ადრე კი (მეორე მსოფლიო ომამდე) ამ ადგილზე ხოჯავანქის სასაფლაო მდებარეობდა.... და იქ მართლა რომ იყო სასაფლაო. შეგიძლიათ დამიჯეროთ, რადგან ზემოთაღნიშნული სკოლის თუ ბაგა–ბაღის საძირკველს რომ თხრიდნენ, ჩვენ იქვე ახლოს ვთამაშობდით ხოლმე და არაერთხელ ჩაგვვარდნია ბურთი იმ საძირკველში, სადაც ჩასვლისა ყველას ეშინოდა გასაგები მიზეზის გამო.
ეს სასაფლაო დაახლოებით მე–17 საუკუნის 70–იანი წლებიდან არსეობდა და მისი პირველი "ბინადარი" იყო ხოჯა ბეჰბუთა, ბებუთბეგის ძე.... არსებობს ასეთი ინფორმაცია:
ბებუთაშვილები (ბებუთოვები) - თავადების დინასტია გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში (XVIII-XIX სს), მოვიდნენ სომხეთიდან, ითვლებოდნენ მსხვილ ვაჭრებად, თეიმურაზ II-მ აზნაურობა უბოძა, ერეკლე II-მ - თავადობა (მაგალითად, ხოჯა ბეჰბუთა, ბებუთბეგის ძე - ავლაბარში, ხოჯევანქის ეკლესიის ამშენებელი, XVII საუკუნე).
ააშენა ეკლესია და იქვე დაკრძალეს, შემდეგ ამ ადგილს ეწოდა "ბატონის განსასვენებელი" – ხოჯა+ვანქ.... სიტყვა "ვანქ" და "ვანი" ერთი და იგივე მნიშვნელობის მქონეა.... სა–ვან–ე.
....აი, ბემურაზი ტიგრანა გულოიანი კი არც ბატონს სცემდა პატივს, არც ეკლესიას უწევდა ანგარიშს და საფლავებს შორის ყომარს აგორებდა.... "პაჩტი" ხაიამისეული მოტივებია, რა....
თავზედ ღრუბელი დამდგომია და ცრემლებს მაღვრის,
თან მეუბნება: `ეს ცხოვრება უღვინოდ არ ღირს!"
დღეს თუ სხვის საფლავს ჩვენ გავთელავთ ცეკვა-თამაშით,
ხვალ ჩვენს საფლავზე სხვას ნახავენ, ქეიფით დაღლილს.
აი, თურმე "არახჩინი" რა ყოფილა
ნიკო ჩუბინაშვილი ქართულ რუსულ ლექსიკონში წერს
არახჩინი – იარაღჩინი, თალფაქი, скуфейка, колпак.
არა, ბატონო ნიკო! თურქული ელფერის სიტყვა "იარაღჩინი" აქ არაფერ შუაშია, ეს თავად არაბულ–სპარსული კომპოზიტი "არაყ–ჩინ"–ი ყოფილა.
ძალიან საინტერესო სიტყვაა: არაბულ "არაყ"–ს, რაც ნიშნავს "ოფლს" დამატებული აქვს სპარსული ზმნის "ჩიდან"–ის (კრეფა, შეკრება) აწმყო დროის ფორმა "ჩინ"....
გაიხსენეთ სახელი "გულ–ჩინ"–ა, რაც "ყვავილების მკრეფელს" ნიშნავს.
ასე რომ "არაყ–ჩინ" არის ქუდი, რომელიც ოფლს კრებს (ისრუტავს)....
ღარიბები
მაშრიყი და მაღრიბი ყველას გაგიგიათ, ანუ: აღმოსავლეთი და დასავლეთი.
შარყ – ამოსვლაა, ღარბ – ჩასვლა.... რა თქმა უნდა, მზის ამოსვლა და ჩასვლა, აისი და დაისი იგულისხმება. მერე ამ ძირებზე (შ–რ–ყ, ღ–რ–ბ) უამრავი სიტყვა იქნა დაშენებული და ჩვენსკენ ექსპორტირებული.
დიახ, "ღარიბ"–იც ამ ძირიდანაა ნაწარმოები და "დასავლელს" ნიშნავს, ეს ის ადამიანი იყო, რომელიც "დასავლეთიდან" (ევროპიდან.... ) მოვიდა აღმოსავლეთში, თუმცა შემდგომ ეს სიტყვა განზოგადდა და ასეთი მნიშვნელობები შეიძინა: 1. უცხოელი. 2. უცხო, გარეშე, უცნობი. 3. მაწანწალა, მოხეტიალე. სხვათა შორის, არსებობს კიდევ ერთი სიტყვა "ღორბათი" და აღნიშნავს ბოშას ("აცინგანი" - ძველად), ესე იგი "ღარიბ"–ები ბოშებივით ცხოვრების საწანწალო წეს–წყობილებას ეწეოდნენ.... ჩვენთან კი ამ სიტყვამ ერთი ასო–ბგერის ცვლილებით ორგვარი მნიშვნელობა შეიძინა: (პირველი). "ღარიბი" – მცირე ქონების მქონე ან სულაც უპოვარი, ღატაკი და (მეორე) "ყარიბი" – უცხო, უსახლკარო.
ასე რომ, სიტყვა "ღარიბ" თავისი ჩასახვითა და წარმომავლობით "დასავლელს" ნიშნავს.
ჩვენ კი ესღა დაგვრჩენი ვთქვათ, რომ დასავლეთის სამყაროსკენ სწრაფვა სულაც არ ნიშნავს სიმდიდრის მოპოვების გარანტიას... ამაში, შესაძლოა, ჩვენი ემიგრანტებიც მეთანხმებიან, ზოგადად კი იმის თქმა მინდოდა, რომ ოდესღაც აღმოსავლელთათვის დასავლეთიდან მოსულნი "ღარიბები" იყვნენ.
რა შუაშია "მიწათმოქმედება"?!
გეორგია
ხეორხია
ჟორჟია
ჯორჯია
ეს ერმანეთის მონათესავე ენების ვარიაციებია და, როგორც ამჩნევთ, ყველგან საყრდენი ასოა "რ", გ–ხ–ჟ–ჯ კი იცვლება ამა თუ იმ ენის თავისებურების კვალობაზე, თუმცა საფუძველი მაინც ბერძნულიდან წასული "გეორგიაა" (მეორე ეტაპი) ხოლო ყველა დანარჩენი ევროპული ვარიანტი მესამეული პროდუქტია.
ახლა ავიღოთ ორი აღმოსავლური ენა და სლავურიც
გორჯესთან
ვრასტან
გრუზია
როგორც ხედავ, აქაც ყველგან ფიგურირებს "რ' და ეს ბუნებრივია, რადგან "რ" საყრდენია ფუძე–სახელშიც – "საქართველო".
ესე იგი გვაქვს ეს ძირები: ქართ–გეორგ–გორჯ–გრუზ..... "ქ' და "გ" რომ მონათესავე ბგერებია, ყველას მოგეხსენებათ.... ხმოვნებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას..... ქრ–გრ ძირია უმთავრესი, რაც ასევე შეინიშნება სიტყვაში "ეგრისი".... ასე რომ, გეორგია არის წარმოქმნილი პირველი ეტაპის სიტყვიდან "ქართ" და არანაირი მიწათმოქმედება აქ არ შეიძლება დავინახოთ..... მესაქონლეობას არ მივდევდით, თუ რა?!
ხარფუხი
სიტყვა ხარფუხის წარმომავლობა - "სეიდაბადის გვიანი სახელია ხარფუხი.
ეს სიტყვა სომხურია და ადგილმა სახელი მიიღო თაბორის მთის ძირში, გორხანის ახლოს (თათრების სასაფლაო) მდგარი საკულტო დანიშნულების მქონე ქვის გამო, რომელზეც ხატი იყო მისვენებული. ხარფუხი სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს. თბილისელ ქრისტიანულ მცხოვრებლებს სურდოშეყრილი და ყივანახველიანი ბავშვები მიჰყავდათ იმ ქვასთან. შესაწირად მიჰქონდათ ქსოვილისგან შეკერილი თოჯინა, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული. ხურჯინში შაქრის ნატეხები ელაგა. ამ გასამრჯელოთი ცდილობდნენ წმინდა ხატის გულის მოგებას". (გ. ჩილინდრიშვილი)
არა, პატივცემულებო, ეს ყველაფერი ბევრად უფრო "პროზაულად" გამოიყურება და "სურდო–პოეტურ–რელიგიურობა" არამიზნობრივად მოძალებული ფანტაზიის ნაყოფია....
ვინც არ იცის, მოვახსენებ ამ უბნის ადგილმდებარეობას: თბილისში, აბანოთუბნის მარცხნივ, ფერდობზე შეფენილ უბანს ადგილობრივი მცხოვრებნი, და ზოგადად ძველთბილისელნი, ასე მოიხსენიებენ – "ხარფუხ(ღ)"; ამ უბნის მთავარი მაგისტრალი გახლავთ – Grishashvili street (ასე ნაწილობრივ გადაჯიშებული ქართველებისთვის დავწერე).
ხარ–ფუხ(ღ) – ამ სიტყვაში არის ორი ნაწილი:
1) "ხარ", რაც სპარსულად გახლავთ "ვირი" (იგივე სახედარი)
2) "ფუხ(ღ)", რაც სპარსულად გახლავთ "ხიდი" (ეს სომხური გადაკეთებაა "ფოლ"–ისა ანუ სპარსული ხიდისა)... საქმე იმაშა, რომ სომხები აღმოსავლურ სიტყვებში ხშირად ბგერა "ლ"–ს ცვლიან "ხ–ღ" ბგერებით, მაგალითად: ფული – ფოღ, ქალაქი – ქაღაქ, ფოლორცი (ქუჩა)– ფოღოც, ფილ (სპილო) – ფიღ და ასე შემდეგ.
ჰოდა, ხარფუხი–ხარფუღი (ხ–ღ ბგერებს ძველთბილისელთნი დღესაც უნაცვლებენ ერთმანეთს) რა გამოდის – ვირის ხიდი... დიახ, ასეთი ხიდი არსებობდა თბილისში და ახლანდელი მეტეხის ხიდის გვერდით, უფრო დაბალ დონეზე იყო განთავსებული.
მაშ, ხარფუხი ხსენებულ უბანს იმიტომ ეწოდა, რომ ვირის ხიდთან იწყებოდა მაშინ, "ვირი – ხარ, ხიდი – ფოლ (ფუხ/ფუღ)"
...როგორც ხედავთ, არავითარი სურდი, გრიპი და ანგინა საჭირო არ არის ამ ტოპონიმის წარმომავლობის ასახსნელად და მით უმეტეს საკულტო ქვა, რომელხედაც ხატი (!) იყო მისვენებული...
....არადა, კარგი ფანტაზიით არის "შეფუთული" ყველაფერი: ქსოვილისგან შეკერილი თოჯინა, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული. ხურჯინში შაქრის ნატეხები ელაგა. ამ გასამრჯელოთი ცდილობდნენ წმინდა ხატის გულის მოგებას... (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ყველაფერი უკავშირდება ვირს და არა თოჯინას).
მიყვარს ფანტაზიორები! – კარგი ხალხია, მაგრამ რეალობას მაინც ვერსად გავექცევით.
ფოლაქი
რა არის ფოლაქი? - დიახ, ეს გახლავთ ღილი.
არად, მისი წარმოშობა და მერე გადმოქართულება უკავშირდება "ფულს".
ფულ-აქ - პატარა ღილი ("აქ" სპარსულში კნინობითი ფორმის მაწარმოებელი ბოლოსართია და ქართულში უფრო ხშირად ჟღერადობას იძენს და ხდება "აკ": წიგნი - წიგნ-აკი.... "მიხ-აკ-ი" გახლავთ პატარა ლურსმანი, гвоздика).
ესე იგი "ფულ-აქ" არის პატარა ფული, პატარა მონეტა, რომელსაც ოდესღაც აღმოსავლელები ტანსაცმელზე სამშვენისის სახით იკერებდნენ... მერე, როგორც ჩანს, დანიშნულებაც შეიძინა და რაღაც ორ ნაწილს ერთმანეთთან აერთებდა, ანუ გახდა "ღილი".
ძლივს არ ამოვისუნთქე?!
"ლავაშ"–ი იცით, რაც არის, ჩემი ახსნა–განმარტება არ სჭირდება ამ სიტყვას.
მაგრამ, თქვენი აზრით, რა არის "ლავაშ–აქ"? – დიახ, პატარა ლავაშია ("–აქ" კნინობითი ბოლოსართია: წიგნი – წიგნაკი)....
"ლავაშაქ" – ასეა განმარტებული რუსულად: род приправы, приготовляемой из алычи в виде лаваша.... ინგლისურ განმარტებებში აღარ ჩამიხედავს, იქ მთლად საშინელება იქნება, დარწმუნებული ვარ.... "პატარა ლავაში", რომელიც წარმოადგენს "პრიპრავას" (სანელებელს, საკმაზს, მადისაღმძვრელ საჭმელს) და რომელიც მზადდება ალუჩისგან (?!)
ვაჰ, რა უნდა იყოს?!
"ალუ–ჩა" თავის მხრივ "პატარა მრგვალ ნაყოფს ნიშნავს.... ("ჩა"–ც კნინობითი ბოლოსართია.... ჯამი–ჯამჩა (ჩამჩა) – პატარა ჯამი). "ალუ" –ზეა დაშენებული ბევრი სხვა ხილის სახელი: ალუ–ბალუ (ალუბალი), ზარდ–ალუ (ყვითელი მრგვალი ხილი.... ანუ გარგარი) და ასე შემდეგ....
ესე იგი "პატარა ალუ" ანუ პატარა მრგვალი ხილი... ვითომ ქლიავი, ჭანჭური ან ტყემალი?
გიშველათ ღმერთმა! – აქედან ნებისმიერი გამოგვადგება საიმისოდ, რომ დავასკვნათ:
ლავაშაქ – род приправы, приготовляемой из алычи в виде лаваша – ანუ.... "ტყლაპი"
მადლობა უფალს! ჩვენი სიტყვა მოგვიძებნია ამ პროდუქტის სახელისთვის დატყლაპება–დაბრტყელებ–იდან გამომდინარე.
საკითხის დასმის წესით
მე საერთოდ არ ვუყურებ ტელეგადაცემებს და ამიტომაც არ შემიძლია ობიექტურად შევაფასო ამა თუ იმ წამყვანის (ე.წ. შოუმენის თუ შოუვუმენის) საქმიანობა; ეს არ არის არც კრიტიკა და არც ქება ამ ადამიანთა თუ ზოგადად გადაცემათა შესახებ, ჩემი ყურადღება ერთმა ფაქტმა მიიპყრო:
გუშინ საღამოს ერთ–ერთი გადაცემის წამყვანის ფრაზას მოვკარი ყური (ეკრანისთვის არ შემიხედავს, გვერდით ოთახიდან ძალიან გარკვევით გავიგონე ის, რასაც ახლა მოგახსენებთ):
"დუელანტები უნდა ვთქვა? არა, ასე ვერ ვიტყვი, აშკარად დუელяნტები უნდა ვთქვა–"ო (შესაძლოა, ციტატა ზუსტი არ არის, მაგრამ ძალიან ახლოს დგას ორიგინალთან).
დიახ, მე შემთხვევით არ დამიწერია რუსული ანბანის ასო я, სხვაგარად წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვას ზუსტად ვერ დავწერდი:
დუელ–я–ნტები
წესით და რიგით, უნდა ეთქვა დუელიანტები (მე რამდენადაც ვიცი და მესმის, ჩვენ სრულიად ადვილად შევეჩვიეთ სიტყვას "კომპიუტერი" და ასევე ვამბობთ, იშვიათი გამონაკლისის გარდა. არავინ ამბობს – კომპюტერი.... თუმცა პრო–ძ–ю-სერი დიდ გასავალშია).
* * *
მოგეხსენებათ, ქართულ ენაში გვაქვს მხოლოდ 5 ხმოვანი, ჩვენი ანბანიდან ოდესღაც განიდევნა ე.წ. დიფთონგები, რაც ევროპულ ენებში, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, მრავლადაა (რუსულშიც, ინგლისურშიც, ფრანგულშიც.... ესპანურში ტრიფთონგებიც კი არის). ჩვენ სრულიად თავისუფლად ვამბობთ და ვწერთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა გერმანია (Германия), ლატვია (Латвия), რიაზანი (Рязань), იამაიკა (Ямайка).... იარვეტი (Ярвет, ესტონელი მსახიობი, გრაფი სეგედის როლის შემსრულებელი), იურმალა (Юрмала), იურისპრუდენცია (Юриспруденция) და ასე შემდეგ.
მაშ, რატომაა აშკარა, რომ "დუელ– я–ნტი" უნდა ვთქვათ და იმავე (ან მსგავსი)
პირადად მე წინააღმდეგი ვარ უცხოური ბგერების, სიტყვების თუ მელოდიების არასწორი გამოყენებისა, უცხოურში იგულისხმება რუსულიც, ინგლისურიც, სპარსულიც და მონღოლურიც....
* * *.
აქვე მინდა დავსვა საკითხი, რასაც. იმედია, გამოეხმაურებით:
ხომ არ დაგვებრუნებინა ქართულ ანბანში "იოტა"? (კომპიუტერული შრიფტი არ მაძლევს საშუალებას ეს ასო დავწერო).
ფოლაქი: არის მოსაზრება, რომ ქუთაისში ღილების ქარხნის მეპატრონეები იყვნენ პოლონელები, ანუ Поляки, ხოდა ქუტაისელებს ღილის ყიდვა რო უნოდათ, ამბობდნენ, წავიდეთ პოლიაკებთანო. პოლიაკი/ფოლაქი .
ОтветитьУдалитьთანაც, "ფოლაქს", თუ არ ვცდები, მხოლოდ დასავლეტ საქართველოში ხმარობენ
ბატონო ალექსანდრე, ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ.
ОтветитьУдалитьხომ ვერ მეტყოდით, თუ არსებობს რაიმე ქართული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი ან სერიოზული ნაშრომი? ძველად ან ახლად გამოსული
წინასწარ გმადლობთ,
შალვა
არა, მე ასეთი ლექსიკონის არსებობის შესახებ არაფერი მსმენია.
Удалить