ჩემი "ვეფხისტყაოსანი"

მუშთარის და ზუალის შეყრა


2020 წლის 21 დეკემბერს ჩემ მიერ გამოქვეყნებულმა სტატუსმა დაინტერესებულ ადამიანთა შორის სრულიად ბუნებრივი ეჭვები და ვარაუდები აღძრეს. 
ახლა შევეცდები უფრო საფუძვლიანად და მშვიდად ვისაუბრო ხსენებულ საკითხზე.

1. ბევრმა დაწერა, რომ 1226 წელს თამარიც და რუსთველიც უკვე გარდაცვლილები იყვნენ... დიახ, თამარი ნამდვილად აღარ იქნებოდა ცოცხალი, მაგრამ მისი ამქვეყნად ყოფნა-არყოფნა არანაირად არ იმოქმედებდა პოემაში ორი დიდი პლანეტის ვიზუალური შერწყმის ხსენებაზე... თავად შოთას სიცოცხლის წლები კი, მით უმეტეს - გარდაცვალების თარიღი, ჯერ ზუსტად არავის განუსაზღვრავს და თუ მისი დაბადების სავარაუდო წლით ვიხელმძღვანელებთ (1164 ან 1166), 1226 წელს იგი სამოციოდე წლის უნდა ყოფილიყო, რაც სრულიად რეალურია.

2. ეჭვები გამოითქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ეს ფრაზა - „ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“ - არის არა მომხდარი ფაქტის კონსტატირება, არამედ ვარაუდი, წარმოსახვითი ხილვა ერთად შეყრილი ამ ორი ციური სხეულისა... ანუ ავტორს უნდოდა თქვა - ტარიელის და ნესტანდარეჯანის შეხვედრა ისეთივე იყო, მუშთარი და ზუალი ერთად რომ დაგვენახაო...   მაგრამ ამ ეჭვს აბათილებს სიტყვა „ოდეს“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს შეხვედრა ჰგავდა იმას, როცა ორი პლანეტა ერთგან შეიყარა... ორი პლანეტის ერთგან ყოფნა ადრევე რომ წარმოესახა ავტორს, შეიძლება დაეწერა ასე: ა) ამას ჰგვანდეს თითქოს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს; ბ) ორი პლანეტის ერთმანეთთან დახლოება მხოლოდ პოეტური ხერხი რომ იყოს, ავტორი, სავარაუდოდ, უფრო მარიხის (მარსის) და ასპიროზის (ვენერას) შეყრას ახსენებდა, რადგან ორივე ცთომილს დედამიწის ცის თაღზე ბევრად უფრო მეტი სიკაშკაშე ახასიათებს, ვიდრე იუპიტერს და სატურნს, ანუ შეიძლება ეთქვა ასე: ამას ჰგვანდეს თითქოს მარიხ და ასპიროზ შეიყარნეს... მით უმეტეს, რომ მარსსა და ვენარას სხვადასხვა ქვეყნის პოეზიაში მკვეთრად გამოხატული მამაკაცური და ქალური  საწყისები ახასიათებს. 
3. ერთად თუ ერთგან?
ავტორი პოემაში ერთმანეთისგან ასხვავებს ამ ორ ზმნიზედას, ანუ „ერთგან“ ნიშნავს - ერთ  ადგილზე, „ერთად“ კი - ერთსა და იმავე დროს...  და ამის დასტურია ფრაზა (...როცა ტარიელი ავთანდილს ფრიდონის ქალაქისკენ აცილებდა) - „მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა“... ანუ მუშთარი და ზუალი ერთგან, ცის თაღის ერთ წერტილში შეიყარნენ და არა ერთად ანუ ერთმანეთის სიახლოვეს... ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 1226 წლის 4 მარტის ვიზუალური შეყრა ყველაზე ზუსტი იყო სხვა მსგავს მოვლენებს შორის, რადგან ორი პლანეტა ერთმანეთს ძალიან კი არ მიუახლოვდა, არამედ იუპიტერის დისკომ ერთგან, ტატნობის ერთ წერტილში მთლიანად დაფარა სატურნი.
4. კიდევ ერთი ეჭვი: ეს ფრაზა „ვეფხისტყაოსნის“ გადამწერებმა ჩაამატესო... 
ეს სრული უაზრობაა, რადგან: ხსენებული ასტრონომიული მოვლენა ადამიანებს ეხსომებოდათ არათუ ასი, ორასი და მეტი წლის შემდეგ, როცა აქტიურად დაიწყეს პოემის ტექსტის შერყვნა, არამედ 1226 წლის 6-7 მარტსვე დაავიწყდებოდა ყველას... ეს მხოლოდ ჩვენ გაგვახსენდა ახლა, როცა კვლავ დაფიქსირდა ეს უნიკალური ციური სანახაობა... გარწმუნებთ, ხვალ აღარც ჩვენ გაგვახსენდება ეს ამბავი და ის 800 წლით მიეცემა დავიწყებას... თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ავტორს ადრე ასე ჰქონდა წარმოსახული - ან ასპიროზი და ვენერა შეიყარნეს... ან მზე და მთვარე შეიყარნეს... და ა.შ. მაგრამ როცა 1226 წლის 4 მარტს, უკვე პალესტინაში ყოფნისას იხილა ხსენებული პლაბეტარული პაემანი (იქაც ისევე ჩანდა ეს მოვლენა, როგორც საქართველოში), თავად შეიტანა შესწორება ტექსტში...
* * *
იქიდან, რაც ითქვა, შეგვიძლია გამოვიტანოთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა: 1226 წლის 4 მარტს „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი იყო ცოცხალი... სხვა დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია.

 
კიდევ ერთი შესწორება

ვფიქრობ, ის ხარვეზი, რაზედაც ვამახვილებ ყურადღებას, პოემის გადამწერის ბრალია, რადგან ნებისმიერი კარგი პოეტი, და მით უმეტეს - გენიალური რუსთველი, ასეთი პოეტურ უზუსტობას არ დაუშვებდა.
ინდოეთში დაბრუნებულ ტარიელს და მის ამალას საზღვარზე ვაჭრები შემოხვდებიან და ტექსტში ვკითხულობთ:

უბრძანეს: „გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა“. 
მათ ჰკადრეს: „ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა
დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა, 
მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა“.

დააკვირდით სარითმო სიტყვებს: ინდოეთისა - ზეცისა - წვეთისა - შეთისა... 
ზეცისა“ არანაირად არ ჯდება ამ წყობაში... 
არ ვიცი, ხელნაწერებში არის თუ არა სხვა ვარიანტები, მაგრამ იმაში, რომ აქ „ზეცის“ ნაცვლად უნდა ეწეროს „ღმერთისა“, ყველა დამეთანხმება, ვისაც „პოეტური სმენა“ გააჩნია (ტავტოლოგიას რომ თავი დავანებოთ: „ზეცით მოსრულა... ზეცისა...“).
იქნებ ასე დაწერა ავტორმა? 

უბრძანეს: „გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა“. 
მათ ჰკადრეს: „ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ღმერთისა
დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა, 
მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა“.





სრულიად აშკარაა!

ეს სტროფი არანაირად არ უნდა ეკუთვნოდეს იმ ადამიანს, ვინც „ვეფხისტყაოსნის“ ავტორადაა მიჩნეული:
„სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს,
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს“.
რატომ?
- სარითმო სტრუქტურა აგებულია ზმნებზე და თანაც მხოლოდ ბოლო მარცვალით (-ლებს) 
- სრულიად უსუსური ფრაზაა „მიჯნურობა საჭიროა“, რასაც მოსდევს მეტად ორაზროვანი, უფრო სწორად - უაზრო, ფრაზა: „მით სიკვდილსა მიგვაახლებს“; ისინი, ვისაც ძალიან უყვარს „ფილოსოფიაი“, ასე გაამართლებენ, ალბათ: სიკვდილთან მიგვაახლებს, ან დაგვაახლოებს და გაგვიადვილებს ამ რამე ასეთ სისულელეზე ააგებენ მსჯელობას... მაგრამ ლოგიკა სად არის? ბოლოს ლხინს მისცემს და თან სიკვდილს მიაახლებს?!
- მთლიანად სტროფს არავითარი სიუჟეტური დატვირთვა არ აქვს და ა.შ.
...ერთი სიტყვით, ვინმე გადამწერის ნაცოდვილარია და რაც მალე მოშორდება პოემას, მით უკეთესი.

რა არის „ვეფხი“?
რუსთველის პოემის ირგვლივ არსებულ პრობლემებს ვინც იცნობს, სმენია იმის შესახებ, რომ დღემდე დაუდგენელია - „ვეფხი“ იგულისხმა ავტორმა თუ „ვეფხვი“; ის მოსაზრებაც კი არსებობს, რომ „ვეფხი“ არის უფრო მცირე ზომის ხალებიანი კატა (ლეოპარდი, ფოცხვერი, ჯიქი და ა.შ.), ხოლო „ვეფხვი“ დედამიწაზე არსებულ ყველა კატას შორის უდიდესი ზოლიან არსება გახლავთ... ამიტომაცაა, რომ სხვა ენებზე გვაქვს პოემის სათაურში ასეთი ვარიაციები: „тигр" და "барс" (რუსულად), „tiger" "panther" (ევროპულ ენებში), „ბაბრ“ და „ფალანგ“ (სპარსულად) და ა.შ.
მაშ, რომელი ცხოველი იგულისხმა ავტორმა: ვეფხი თუ ვეფხვი და რა განსხვავებაა მათ შორის?
მე მგონი, აქ არანაირი სხვაობა არ არსებობს და „ვეფხი“, როგორც კატების ოჯახის დამოუკიდებელი სუბიექტი, საერთოდ არ არსებობს და ამგვარი სხვაობა ამ ორ სიტყვასა თუ ცნებას შორის ვიღაც გადამწერის უყურადღებობის ბრალია, რომელმაც უბრალოდ მოაკლო ერთი „ვ“ სიტყვას.
ამაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი:
ქართულ ენაში არსებობს ბევრი ერთმანეთის მსგავსი სიტყვა (საკუთარი თუ საზოგადო სახელი), რომლებსაც აქვთ საერთო დაბოლოება:
ჯიხვი, უხვი, ძეხვი, თახვი, ხახვი, კეხვი, ლიახვი, ცაცხვი, ციცხვი, რიცხვი და ასე შემდეგ (კიდევ შეიძლება მოძებნა)
ამავე რიგში დგას სიტყვა „ვეფხვი“, ხოლო „ვეფხი“ არც ქართულ ენაში, როგორც სიტყვა, და არც საქართველოს ბუნებაში, როგორც ცხოველი, არასოდეს არსებულა...

ხატაეთის „ელჩი“ - როგორც პერსონაჟი

ვნახე თამარ ხვედელიანის სტატია - ხატაეთის ელჩის სახე „ვეფხისტყაოსანში“
ზოგადად საინტერესო და ყურადსაღებია გამოკვლევაა, მაგრამ არის ერთი ფრიად საყურადღებო უზუსტობა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს პოემისათვის მასთან დაკავშირებული ქრონოლოგიიის თვალსაზრისით, ანუ: „ვეფხისტყაოსანი“ არ იცნობს სიტყვას - „ელჩი“ (სხვათა შორის, არც სიტყვა „დესპანია“ ცნობილი პოემისათვის და ყველგან, სადაც ორ მხარეს შორის ინფორმაციის გაცვლაზეა ლაპარაკი, ამას „მოციქული“ იქმს...)
რატომ არის მნიშვნელოვანი ის ფაქტი „ელჩის“ არ არსებობა პოემაში...
იმიტომ, რომ „ელჩი“ არის თურქული სიტყვა და ასეა ნაწარმოები „ილ“ - ქვეყნის ესა თუ ის რეგიონი, რასაც ემატება პროფესიის და კუთვნილების მაწარმოებელი სუფიქსი „-ჩი“ და ვიღებთ ამა თუ იმ რეგიონის წარმომადგენელს, ამ რეგიონში მოღვაწე ადამიანს... „ვეფხისტყაოსანში“ ამ ცნებას გამოხატავს სპარსული სიტყვა „მარზაპანი“... ელჩი კი, როგორც ვთქვით, არის წმინდა თურქიზმი, შოთას პოემისთვის კი თურქული ელემენტები პრაქტიკულად უცნობია... ასე რომ, ცნება „ხატაეთის ელჩი“ სრული უაზრობაა... პოემაში ეს უსახელო პერსონაჟი მოხსენიებულია უბრალოდ როგორც „კაცი“


ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების

მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია...


მოცალეობა თუ მოცილეობა


წავიკითხოთ „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის 23-ე სტროფი, აქ გვხვდება სიტყვა „მოცალეობა“

მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს მართ ვითა მზეობა, 
სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა. 
ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

ამ სიტყვას „მოცლას“ ანუ თავისუფლებას, სილაღეს, ყოფითი პრობლემებისგან შორს ყოფნას უკავშირებენ, ანუ თუ მოცლილი არ ხარ და საქმეები თავზე გაყრია, მიჯნურობას ვერ შეძლებო: 
(ციტატა) გაზეთ „ქომაგის“ 2000 წლის მე-18 ნომერში ვკითხულობთ: „აკუტაგავა რიუნოსკე წერს: „სასიყვარულო თავგადასავლებისგან ჩვენ გვიცავს არა გონება, არამედ დაკავებულობა. სიყვარულს რომ მთლიანად მიეცე, უპირველეს ყოვლისა, დროა საჭირო. გაიხსენეთ წარსულის საყვარლები – ვერტერი, რომეო, ტრისტანი – ყველანი უსაქმურები იყვნენ“ (თარგმანი დათო აბულაძისა, ციტატა  შეგვხვდა ბატონი ლევან ბრეგაძის საფეისბუქო სტატუსში).

ერთი სიტყვით, თუ მეტი საქმე არაფერი გაქვს, სიყვარულით მაინც უნდა გაერთოო - ასეც შეგვიძლია „მოცალეობის“ გაგება, რაც ერთგვარად შეურაცხმყოფელიც კი არის მიჯნურისათვისაც და მისი სატრფოსთვისაც... 
და კიდევ:  „მოცლილობაში“ სრულ ჩართულობას ანუ სხვა ყველაფრის დავიწყებასაც გულისხმობენ... კი ბატონო, მაგრამ ვაითუ ნესტანდარეჯანს პირდაპირი გაგებით გაეგო, ანუ ის, რომ ტარიელს „სხვა გასართობი“ არ ჰქონდა და იმიტომ შეუყვარდა იგი? - და რასაც დამართებდა მას, ძნელი მისახვედრი არ არის... მით უმეტეს, რომ ხშირად შეყვარებულ ქალბატონებს ყველაფერი ესმით ისე, როგორც მათ სურთ და არა ისე, როგორც რეალურად ხდება... 

ერთი სიტყვით, ვნახოთ მეორე ვარიანტი:
ეს ვარიანტი „ცალ“-თან (მეწყვილესთან) არის დაკავშირებული აზრი და ასე შეიძლება გავშიფროთ: უნდა შეგეძლოს ცალად ყოფნა, ცალობის გაწევა, მიჯნურობის ცოდნა, როგორც ეს ავთანდილმა გამოავლინა ფატმან-ხათუნთან ურთიერთობისას... თუნდაც მხარის აბმა თუ თანაგრძნობა სატრფოსა თუ მიჯნურის ვნებათაღელვისა... 
ასევე ყურადღებას უნდა მივაქციოთ, თუ რა წერია ამ სიტყვის წინ, ეს გახლავთ „სიყმე", ანუ სიყმე და მოცალეობა ნიშნავს ყმობას (მორჩილებას) და ამავე დროს - ცალად ყოფნას (თანასწორობას)

არის მესამე ვარიანტიც:
ტექსტის გადამწერებს ძალიან ხშირად ბრალდებათ დაშვებულ შეცდომები და ერთიც დავაბრალოთ, ნუ გვიწყენენ! (ასეთები შეშლიათ?!)
არ არის გამორიცხული, რომ გადაწერისას „მოცალეობა“ მიიღეს სიტყვისაგან - მოცილეობა, რაც უფრო ლოგიკურს ხდის ამ სტროფში მიჯნურისათვის სავალდებულო „უნარ-ჩვევათა“ ჩამონათვალს... ესე იგი: უნდა შეგეძლოს ვინმე სხვა მიჯნურის მოცილედ ყოფნა, კონკურენციის გაწევა, რასაც აღმოსავლურ ვარიანტში „რაყიფობა“ ჰქვია და მოდის არაბული სიტყვიდან „რაყიბ“ (رقیب), ეს კი ნიშნავს სიყვარულში მეტოქეს და კონკურენტს... თუმცა რაყიფობა „ვეფხისტყაოსანში“ არ გვხვდება და, როგორც ჩანს, მოგვიანებით შემოვიდა ქართულში, მაგრამ არ დამკვიდრდა.
ერთი სიტყვით, ხსენებული სტროფი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს მართ ვითა მზეობა, 
სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცილეობა
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა. 
ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

P.S. ახლანდელ „წინწასულთა“ ენით რომ ვთქვათ - სიყვარულში კონკურენტუნარიანი უნდა იყო!


პოეტური სმენა

ამას დიპლომი, დისერტაცია, ხარისხი, წოდება, თანამდებობა და რუსთველოლოგობა კი არა, ელემენტარული პოეტური სმენა სჭირდება, რომ თქვას: ამ სტროფში რითმის ჰარმონია დარღვეულია და ვიღაც გადამწერის თუ ტექსტის დამდგენი კომისიის წევრის შეცდომაა გაპარული... 
თუ სმენა არ ჰქონდათ, „ვიზუალით“ მაინც ვერ მიხვდნენ, რომ „უშობს“ არ ეთანხმება დანარჩენ სამ სარითმო ერთეულს და „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი ამას არ დაუშვებდა....
ცხადია, რომ უნდა იყოს ასე (ვაებს, ვუობს):




თუცა მისი არ-გაწირვა ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, 
გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, ვუობს, 
ლხინსა არას არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს. 
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს. 

ჰოდა, სანამ ვინმე „მეცნიერს“ დიდი პოეზიის შემცველ ტექსტთან მიუშვებენ, პოეტური სმენა (...მუსიკალურიც!) უნდა შეუმოწმონ...

შოთა

ცნობილია, რომ „შოთა“, როგორც სახელი ვეფხისტყაოსნის ავტორისა, პირველად მეფე თეიმურაზ პირველმა ახსენა...
არსებობს ასეთი ვერსია, რომ ეს სახელი (შოთა) ისევე, როგორც აშოტი (რაც ოდესღაც ქართველებსაც ერქვათ და ახლა სომხებსაც ჰქვიათ) წარმოიშვა სპარსული საზელიდან „აშოთან“; სპარასულეოვან ინტერნეტში დავძებნე ასეთი სახელი და მართლაც ფიგურირებს სხვადასხვა საიტებზე, ამა თუ იმ დოკუმენტში მოხსენიების შესაბამისად, آشوتان - აშუთან... ზუსტად ასეთივე ფორმითაა ეს სახელი ნახსენები ქეთევან დედოფლის შესახებ არსებულ სპარსულენოვან სტატიებში, რადგამ მოგეხსენებათ, ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული იყო - کتایون دختر شاهزاده آشوتان -موخران (ქეთევანი მეფისწულ აშოთან-მუხრანის ასული.
დიახ, აშოთან მუხრანბატონი იყო მეფე-პოეტის თეიმურაზ I-ის პაპა (დედის მამა)... ასე რომ იგი შესანიშნავად ერკვეოდა იმაში, რომ შოთა და აშოთანი სრულიად განსხვავებული სახელებია... „აშოტ“, ალბათ, ნამდვილად აშოთან-იდან შეიქმნა, მაგრამ „შოთას“ სრულიად ქართული წარმომავლობა უნდა ჰქონდეს და სავარაუდოდ ის არგუმენტი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ამ სიტყვის ძირი „შოთ/შოტ“ შეიძლება ოდესღაც  რაღაც გრძელ ან მაღალ ცნებებს უკავშირდებოდა:
1. შოთი პური - გრძელი პური
2. გა-შოტ-ილი - მთელ სიგრძეზე გაწოლილი.
3. მავანნი წერენ, რომ „გა-შოთ-ვა“ ძველად რკინისგან ხმლის გამოჭედვას ერქვაო...

ერთი სიტყვით, სპარსული „აშოთან“-სა და შოთას შორის არანაირი კავშირში არ არის, მით უმეტეს, რომ ქეთევანის მამას აშოთანი მე-16 საუკუნეში დაარქვეს, „ვეფხიტყაოსნის“ ავტორს კი შოთა  მე-12 საუკუნიდან ერქვა და უფრო ლოგიკური იქნებოდა გვეფიქრა, რომ აშოთანი წარმოიშვა შოთადან და არა პირიქით, თუმცა არ გვინდა, იყოს ეს „აშუთან“ (آشوتان) სპარსელების საკუთრება და „შოთა“-ს ჩვენ მივხედავთ... როგორც ვივარაუდეთ ის სიგრძე-სიმაღლეს უნდა უკავშირდებოდეს და ეს სრულიად მისაღებია ჩვენთვის, თუ გავითვალისწინებთ რომ არსებობს გვარები:  გრძელიძე, გრძელიშვილი, მაღალაშვილი... შოთაძე და შოთაშვილი.




ჭაშნაგირი - დეგუსტატორი

ერთ საინტერესო ფაქტს მივაქციე ყურადღება „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ თარგმანებში და ეს შეეხება პერსონაჟს, რომელსაც ჰქვია ჭაშნაგირი.
 ზაბოლოცკის და პეტრენკოს თარგმანებში იგი მოიხსენიება ასე - Чачнагир... გაუგებარია, თუ რატომ არ არის ასე -  Чашнагир? 
Иль убей ты Чачнагира, замышляющего мщенье (ზაბოლოცკი)
Чaчнaгиp жe, витязь юный, был в мoнapший пpинят дoм (პეტრენკო).
ამის წამკითხველმა გულანშაროს ძებნე ჩეჩნეთში რომ დაიწყოს, ხომ ვერ გავამტყუნებთ?
ბალმონტთან საერთოდ გაუგებარი რამ გვხვდება: 
Сказ о том, как умертвил Автандил Шах-Нагира... 
ჭაშნაგირი - შაჰნაგირი... აკუსტიკური მსგავსება არის
მივმართეთ შალვა ნუცუბიძის თარგმანს და იქ საერთოდ იგნორირებულია ამ პერსონაჟის სახელი და გვხვდება „Царедворец", რასაც მოსდევს მისი ნაცვალსახელებით მოხსენიება...
Этот юный царедворец украшал дарбаз собой

ცხადია, რომ არცერთ მათგანს არ ესმის ამ სიტყვის ეტიმოლოგია: 
“ჭაშნა+გირ“ - ეს გახლავთ კაცი, ვინც ჭაშნიკს სინჯავს, ეს არის და ეს? ანუ დეგუსტატორი... სპარსულ ლექსიკონებშიც ზუსტად ამ მნიშვნელობითაა დაფიქსირებული, თუმცა მათ გარეშეც შეგვიძლია ვირწმუნოთ ეს, თუ გავიხსენებთ შემდეგ გაქართულებულ სიტყვებს:
უნა+გირი  
ჯიბ+გირი
ჯამა+გირი
ქაფ+ქ(გ)ირი
მარ+გილ(რ)ი - სიტყვასიტყვით - გველის დამჭერი

ასეთივეა ჭაშნა-გირიც. 

1187 წლის 21 ივნისის პაემანი




წინა წერილში გამოთქმული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ავთანდილის სახით პოემის ავტორი თავად შეესწრო ასეთ აღლუმს, განმტკიცდა იმ ასტრონომიული გამოთვლით, რომ ასეთი "მცირე აღლუმი" ნამდვილად დაფიქსირდა 1186 წლის 17 სექტემბერს... მანამდე მსგავსი რამ 810 წელს ყოფილა და ეს თარიღი "ვეფხისტყაოსანთან" არანაირ თანხვედრაში არ მოდის იმ ვარიანტშიც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ "ესე ამბავი" სპარსული, შესაძლოა, მე-9 საუკუნეში შექმნილიყო,  მერე მე-12 საუკუნეში ეპოვა ეს "ხელით-ხელ საგოგმანები" მოთხრობა, ზღაპარი თუ პოემა შოთა რუსთველს და ეთარგმნა ის...  ესე იგი ლაპარაკია 1186 წლის 17 სექტემბრის "აღლუმზე" და ეს რომ "მცირე აღლუმი" იყო და არა დიდი და ამას პოემის ავტორი, როგორც თვითმხილველი ჰყავდა, მარტივი ლოგიკით დასტურდება - დიდ აღლუმში თავად დედამიწაც მონაწილეობს და შესაბამისად დედამიწელი აღლუმში მონაწილე ყველა პლანეტას ერთად ვერ დაინახავდა... ერთ მწკრივში რომ იდგეთ თქვენ დანარჩენ თანამწკრიველებთან ერთად, დაინახავთ ერთდროულად ან მარცხნივ მყოფთ, ან მარჯვნივ მდგომთ... ყველას ერთად კი დაინახავთ მაშინ, თუ რამდენიმე ნაბიჯით მათგან განზე გახვალთ... ესე იგი მავანი დედამიწელი 1186 წლის დანარჩენ ხუთ პლანეტას მცირე აღლუმისას აკვირდებოდა...
ამ ყველაფერს ერთი საინტერესი ფაქტიც დაადასტურებს, თუ დავუშვებთ იმას, რომ "აღლუმს" შოთა-ავთანდილი საკუთარი თვალით უმზერდა... ამჯერად მივყვეთ დროის ფაქტორებს და ვიანგარიშოთ...
როგორც ცნობილია, ავთანდილმა ტარიელს მისცა სიტყვა, რომ ერთ წელიწადში დაბრუნდებოდა და აცნობებდა მას ნესტანდარეჯანის ამბავს:

945
ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა 
აქავ ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; 
ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა, 
ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითა-მცა ძაღლი ყეფსა. 

მაშ, ერთი წლის შემდეგ, "ვარდ-იეფ" დროს დავბრუნდებიო და მართლაც ასე მოხდა, ავთანდილს სიტყვა არ გაუტეხია და მულღაზანზარის და გულანშაროს მოვლის შემდეგ დაბრუნდა ტარიელთან, ქვაბში და ეს მოხდა მაშინ, როცა (1137-ე სტროფი): გაზაფხული მიწურული იყო და "მოწურვილ იყო ზაფხული", ხოლო "ვარდის ფურცლობის ნიშანი" აუწყებდა მათ, რომ "პაემანის" დრო დადგა... ამას ადასტურებდნენ ვარსკვლავებიც (და არა პლანეტები): "ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა"... 
ეს "სარატანი" არაბულად კირჩხიბის თანავარსკვლავედს ეწოდება... ანუ, ლაპარაკია 21 ივნისზე, როცა წელიწადის დროთა ცვლაში "ზაფხულის ბუნიობა" ფიქსირდება... ეს ჩემი აღმოჩენა არ გახლავთ და ადრეც იყო ცნობილი, მე უბრალოდ ახლა შემიძლია დავამატო ის, რომ ავთანდილის და ტარიელის პაემანი შედგა 1187 წლის 21 ივნისს...
ამ ყველაფერს კიდევ ერთი არგუმენტი უჭერს მხარს, დროის მსვლელობის თვალსაზრისით...
პოემა გვეუბნება, რომ ავთანდილის გაბაასება ციურ სხეულებთან მოხდა იმ სამოცდაათი დღის განმავლობაში (978, "ყმა მტირალი სამოც-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა"), სანამ იგი ფრიდონის მენავეებს შეხვდებოდა და კიდევ ათი დღე ივლიდა ფრიდონამდე (982, "აქადაღმა ათ დღე მიხვალ"); საბოლოო ჯამში ავთანდილმა ტარიელთან განშორების შემდეგ ფრიდონამდე 80 დღე იმგზავრა და დაახლოებით 2400 კმ გაიარა (მანძილის გამოთვლის შესახებ იხილეთ მოსაზრებანი ქვემოთ); დავანებოთ თავი მანძილს და მივხედოთ დროს: 
80 დღე დაახლოებით სამი თვეა, თუ უფრო ზუსტად გინდათ - 2 თვე და 20 დღე.... გადავთვალოთ "პლანეტების აღლუმიდან" (1186 წ 17 სექტემბერი) უკან ეს დრო და მივიღებთ 1186 წლის 27 ივნისს...
მაშ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: ავთანდილმა თავისი პირობა შეასრულა: 1186 წლის 27 ივნისს პირობა მისცა ტარიელს, რომ ერთ წელიწადში დაბრუნდებოდა და მართლაც ასე მოხდა - 1187 წლის 21 ივნისს დაბრუნდა და გაახარა მეგობარი დაკარგული სატრფოს გზა-კვალის მიგნებით....

სწორედ ამის შესახებ გვინდოდა გვესაუბრა და თუ ვივარაუდებთ, რომ ავტორმა ავთანდილის სახით საკუთარ თავს გადამხდარი ამბებიც ჩართო პოემაში, მაშინ "პლანეტების მცირე აღლუმი" თავისი კონკრეტული თარიღით ყველაფერს განმარტავს და ადასტურებს, როგორც ერთგვარი ამოსავალი წერტილი.
  



პლანეტების აღლუმი "ვეფხისტყაოსანში"

პლანეტების აღლუმი (ანუ სხვაგვარად - პლანეტების შეერთება, პლანეტების მწკრივი), არის მოვლენა, რაც ცის თაღზე ტელესკოპების გარეშეც მოჩანს კარგად გაწვრთნილი თვალის და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი გონებისთვის. მსგავსი რამ იშვიათად ხდება და ასტრონომები მათემატიკური გამოთვლების საშუალებით ადგენენ ხსენებული აღლუმის“ გამოჩენის ზუსტ თარიღებს, მაგალითად, ცნობილია, როცა პლანეტები ისე განლაგდნენ, რომ დედამიწიდან მათი დანახვა ერთ მწკრივზე შეიძლებოდა და ეს მოხდა 1982 და 2012 წლებში. ამგვარი ჩამწკრივების ორ სახეობას განარჩევენ - დიდს და მცირეს...  დიდ აღლუმში მონაწილეობს თავად დედამიწა და კიდევ ურანი, ხოლო მცირე  აღლუმი აერთიანებს შემდეგ პლანეტებს: სატურნი (ზუალი), იუპიტერი (მუშთარი), მარსი (მარიხი), ვენერა (ასპიროზი), მერკური (ოტარიდი)... ახლა ჩახედეთ „ვეფხისტყაოსანს“ და ნახეთ - ზუსტად ამ თანამიმდევრობით მიმართავს ავთანდილი ციურ სხეულებს, როცა მიდის ფრიდონთან პირველად შესახვედრად მას შემდეგ, რაც მას ტარიელმა მიასწავლა გზა:
967
მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
968
ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
969
მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
970
მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
971
ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:

ანუ: ავთანდილს (იგულისხმება - თავად რუსთველს), საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი ეს „აღლუმი“, სხვა შემთხვევში არანაირად არ ეცოდინებოდა პლანატების ასეთი ზუსტი განლაგება მზიდან დაშორების მიხედვით... ცხადია, ინტერნეტს თავისი ვიკიპედიით და პროგრამა Stellarium-ს  ვერ გამოიყენებდა ზემოთხსენებული სიტყვების ავტორი მე-12 საუკუნეში.
მე რამდენიმე წერილი მივუძღვენი „ვეფხისტყაოსანში“ ასახულ რეალურ გეოგრაფიულ გარემოს და ამ წერილების  ნახვა შეგიძლიათ ამ ბლოგში, აქ კი დავაზუსტებ, რომ ტარიელმა ასე მიასწავლა ავთანდილს გზა ფრიდონისკენ:
956
ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა,
მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა:
"აღმოსავლითკე  წადიო, პირსა იარე ზღვისასა,
თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა".

...და ამ გზაზე, როცა ავთანდილი აღმოსავლეთისკენ მიდიოდა და იქ ქალაქი მულღაზანზარი ეგულებოდა (ქვემოთ არის სავარაუდო რუკაც), ერთ ღამეს სწორედ ეს აღლუმი დაინახა... უფრო სავარაუდოა, რომ ეს იყო მცირე აღლუმი, თუმცა, შესაძლოა, იყო დიდიც, იმ ეპოქაში ურანი და ნეპტუნი აღმოჩენილი არ იყო და არც ცაზე ჩანს ტელესკოპის გარეშე, თორემ ბატონი შოთა თითო სტროფს ნამდვილად არ დაინანებდა მათთვისაც.

ახლა ისღა დაგვრჩენია - ვთხოვოთ ასტრონომებს, გამოთვალონ, თუ როდის მოხდა „პლანეტების აღლუმი“ მე-12 საუკუნეში და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნამდვილ, რეალურ დროსა და გარემოში  „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე იმ წელს მოგზაურობდა.



ამ ბმულში (294-ე გვ.) წერია, რომ პლანეტების აღლუმი ყოფილა 1186 წლის 17 სექტემბერს.

http://articles.adsabs.harvard.edu//full/1994JBAA..104..293D/0000294.000.html


"ვეფხისტყაოსანი" და ინდოეთი

...ზოგადად ინდოეთი მთელი თავისი კულტურულ-სოციალური ინფრასტრუქტურით თუ მატერიალური პროდუქციით არასოდეს მიზიდავდა და პირიქით უსიამოვნო გრძნობებსაც კი წარმოშობდა ჩემში... ჩემგან იგნორირებული ინდოეთი, რა თქმა უნდა, არაფრით ზარალდებოდა, მე კი ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიკლებდი თურმე...
...ამ ზაფხულს პრაღაში კრიშნაიდების საზეიმო მსვლელობას შევესწარი, ფოტოებიც გადავიღე და ნახევარი საათიც კი ვდიე კუდში საოცარი სანახაობის მხილველმა და გულმა რეჩხი მიყო...



...ახლა გარკვეული სალექციო კურსის ჩატარება მიწევს და ვეცნობი ინდურ ლიტერატურას და აი ასეთმა აზრებმა შემაწუხეს:
ნახეთ რამაიანა - ანიმაციური ფილმი (იხილეთ "You tube-ს ბმული) და დააკვირდით, თუ რაზეა აგებული სიუჟეტი: მთავარ გმირს, ღმერთების ადამიანურ განსახიერებას რამას დემონი, ავსული (ქაჯი!) სტაცებს სატრფოს-სიტას... რამა მას დაეძებს დიდიხნის განმავლობაში და ბოლოს სადღაც ზღვის გადაღმა იპოვის... მაღალ და მიუდგომელ ციხეში ("ციხეს ვზი ეზომ მაღალსა...."); ისიც ვიცი, რომ ზოგი ქართველი მკვლევარი ტარიელს ღვთიურ, არაადამიანურ წარმოშობას მიაწერს და მათი ვარაუდები გამართლებული იქნება, თუ მისი კავშირი რამასთან დადგინდება... ორივე მათგანი რომ ინდოელია, ამას არანაირი დადგენა არ სჭირდება... "სიტა" (რამას სატრფო)... ახლა უკვე მე ვვარაუდობ, რომ ეს სახელი ნიზამი განჯელის ყოვლად-გზა-კვალ-არეულმა ფანტაზიამ აქცია ნესტანდარეჯანად... არ არის გამორიცხული.
- ასე რომ... "ესე ამბავი სპარსული" კი არა... "ესე ამბავი ინდური..."
- "რამაიანა" აზიის ყველა მეტნაკლებად განვითარებულ ერს უთარგმნია თავის ენაზე (მონღოლეთი, ყირგიზეთი, ვიეტნამი, ლაოსი...) და ყველა მათგანი იჩემებს, რომ რამა მათი ეროვნული გმირია... აქაც ჩანს "ნესტანდარეჯანის" კვალი - მის სახეს და სახელს ყირგიზულ სიმღერაში რომ მივაკვლიეთ, ამის შესახებ აქვე, ქვემოთ წერია...  სხვათა შორის ამ ამბის გამოძახილი (სატრფოს გატაცებისა ავსულთა მიერ) პუშკინის "რუსლან და ლიუდმილაშიც" კი ჩანს.

ერთი სიტყვით - ყველა გზა ინდოეთში მიდის.

P.S. ამ "რამაიანას" მსგავსი ანიმაციური "ვეფხისტყაოსანი" ჩვენც რომ გვქონდეს, მე მგონი, ცუდი არ იქნებოდა მით უმეტეს, რომ მავანი რეჟისორი თავის მსახიობებით რაღაც ........-ის გადაღებას აპირებს (წერტილების ნაცვლად თქვენ ჩასვით სასურველი სიტყვა).


https://www.youtube.com/watch?v=YHc2vPWxNBk

აი, კიდევ ერთი დამამკიცებელი საბუთი იმისა, რომ ნესტანდარეჯანის შესახებ მთელი აღმოსავლეთი ლაპარაკობდა და ლაპარაკობს.... ეს არის ყირგიზული სიმღერა, ინტერნეტში სამი სხვადსხვა შემსრულებლის ნამღერი მოვისმინე, ვვარაუდობ, რომ ძალიან პოპულარული სიმღერაა ყირგიზებისთვის, ალბათ, ისეთი, როგორიც "სულიკოა" ჩვენთვის... მოუსმინეთ, საკმაოდ სასიამოვნო მელოდიაა და ნეტავი ვინმე გამოჩნდეს, ვინც ყირგიზულიდან ამ სიმღერის შინაარსს მითარგმნის. მერე ისიც დავადგინე, რომ "Нестандарежан" ქალის პოპულარული სახელი ყოფილა ყირგიზეთში...

http://www.youtube.com/watch?v=JYxh2N9W6Yk





ესე ამბავი სპარსული და ამბავი ნესტანდარეჯანისა

001
პოემის პროლოგში განცხადებული ფაქტი იმის შესახებ, რომ "ვეფხისტყაოსანში" აღწერილი ამბავი სპარსულია, ყოველთვის დიდ ეჭვებსა და კამათს იწვევდა, თუმცა პირადად ჩემთვის ერთი რამ ცხადი და აშკარა იყო ყოველთვის - ავტორი არ ცრუობს და არავითარ ალეგორიას არ მიმართავს, ამბავი ნამდვილად სპარსულენოვანი სამყაროდან მოდის და მან ეს გადაამუშავა და გალექსა. ქართველ მკვლევართა თუ რიგით მკითხველთა შორის ბევრია ისეთი, ვინც კატეგორიულად უარყოფს ამას, რის ქვეცნობიერი საფუძველიც არცთუ გონივრული პატრიოტიზმი გახლავთ; მათ ჰგონიათ, რომ პოემაში მონათხრობი ამბის არაქართულობა რაიმე ჩრდილს მიაყენებს რუსთველის გენიალურ პოემას. ხშირ შემთხვევაში ასეთი "მკვლევარები" საერთოდ ვერ აცნობიერებენ "ვეფხისტყაოსნის" სიდიადეს და მას მხოლოდ იმიტომ აღიარებენ დიდ ნაწარმოებად, რომ ქართულია... მეტი არაფერი.
* * *
სხვა ქვეყნის ლიტერატურიდან თუ ფოლკლორიდან სიუჟეტის აღება და მისი გადამუშავება ჩვეულებრივი ამბავია მწერლობაში, თუნდაც გოეთეს "ფაუსტი" ან მოლიერის "დონ ჟუანი" შეგვიძლია დავასახელოთ, ხოლო შექსპირის "რომეო და ჯულიეტას" ამბავი აღებულია სრულიად კონკრეტული მწერლის კონკრეტული ნაწარმოებიდან - ეს გახლავთ იტალიელი ავტორის მატეო ბანდელოს ერთ-ერთი ნოველა, რომელსაც სწორედ ასე ჰქვია - "რომეო და ჯულიეტა".
მართალია, რუსთველოლოგები თითქმის ორი საუკუნეა ეძებენ "ვეფხისტყაოსანში"  გამოყენებულ ამბავს და საამისოდ, როგორც წესი დიდი სპარსელი პოეტების - ფირდოუსის, საადის, რუმის, ნიზამის, ჯამის - ნაწარმოებებს სწავლობენ და სრულიად სამართლიანად ასკვნიან, რომ ვერსად მიაგნეს ისეთ ამბავს, რომელიც ავთანდილ-ტარიელის საერთო თავგადასავლებს ჰგავს, თუმცა რაღაც მინიშნებები მაინც არის... შესაძლოა, ხსენებული ამბავი რუსთველმა რომელიმე უცნობი ან ანონიმი ავტორის თხზულებაში ამოიკითხა, ამის გარკვევა სრულიად შეუძლებელია შუა საუკუნეების სპარსული ლიტერატურის მრავალფეროვნების და ნაწარმოებების (კრებულების) სიმრავლის გამო... ჯერჯერობით არც ის ფაქტი მსმენია, რომ ქართველ მკვლევარს დაეწყოს ირანში არსებული სპარსული ხელნაწერების შესწავლა, რომელთა სიმრავლე და უსაზღვროება საკუთარი თვალით, მხოლოდ ზედაპირულად, მინახავს თეირანის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნსაცავებში, როცა ჩვენი ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მთარგმნელ-თარჯიმნებისა წაგვიყვანეს ამ გრანდიოზული შენობის და მისი აურაცხელი წიგნადი ფონდის დასათვალიერებლად... ერთი სიტყვით, ქართველ ირანისტებს კიდევ ბევრი საიდუმლოს ამოხსნა მოუწევს სპარსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში, მანამდე კი ერთი რამ უნდა გიამბოთ, რაც ჩემს მოკრაძალებულ კვლევას უკავშირდება ჩემი პირადი ბიბილიოთეკისა და ინტერნეტში არსებულ მასალებზე დაყრდნობით.

002
"ვეფხიტყაოსნის" ამბის სპარსულობა-არასპარსულობის ერთ-ერთი გასაღები ნესტანდარეჯანის, როგორც პერსონაჟისა და როგორც ზოგადად სახელის, გაანალიზებაში გვეგულება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის სამეცნიერო ნაშრომი და არ მქონდა მე იმის საშუალება (...და არც სურვილი), რომ სხვების ნაშრომები და მოსაზრებები მეძებნა და მეკითხა... ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ პირადად მე და თუ ეს ვინმეს უკვე აღმოჩენილი და გამოკვლეული აქვს, ამას მივესალმები და დიდი ინტერესით გავეცნობი, თუ ამის საშუალება მომეცა.
სტუდენტობიდან ვიცი, რომ "ნესტანდარეჯანი" არის წმინდა სპარსული სიტყვების ნაერთი, რაც ასე ითარგმნება: ნისთ (არ არის) + ანდარ (-ში, შიგან) + ჯეჰან (ქვეყნიერება, სამყარო, მსოფლიო)
ნისთ+ანდარ+(ე)+ჯეჰან = არ არის ქვეყანასა შინა -   نیست اندر جهان
ეს ყველა ირანისტმა იცის... ვიცოდი მეც და დავით კობიძის ქრესტომათიაში არსებული ნიზამის პოემის "ისქანდერ-ნამეს" ერთ-ერთ მცირე ეპიზოდშიც ამოკითხულიც მქონდა, რომ ალექსანდრე მაკედონელის (ისკანდერის) მავანი მხევალი ქალი ეუბნება მას ამ სიტყვებს განცხრომა-გართობა-წვეულებისას:
چو من نیست اندر جهان کس به کام  - ჩემი მსგავსი ქვეყნად არავინაა გალაღებული-ო (სურვილებ-ასრულებული)
ნისთ+ანდარ+ჯეჰან კი წერია ტექსტში, მაგრამ არსადაა მინიშნება იმის შესახებ, რომ ეს არის ადამიანის სახელი, ეს მხოლოდ მოცემული კონტექსტის ფრაზაა... ეს ვიცოდი დიდი ხნის წინ და მახსოვდა, თუმცა არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი, სანამ "ისქანდერ-ნამეს" რუსული თარგმანის თვალიერებისას, ამ ხუთიოდე წლის წინ არ წავაწყდი ასეთ პასაჟს:
И вернулся беглец в его царственный стан
На руках поднимая Нистандарджихан...
ეს უკვე ინტრიგა იყო, მაგრამ ამ პოემის სრული ტექსტის არქონის გამო, შეუძლებელი იყო იმის მიკვლევა, თუ სად და რატომაა მოხსენიებული ხსენებული პერსონაჟი ამ სახელით - Нистандарджихан.... ასე რომ, ინტერესი ინტერესადვე დარჩა...
მას შემდეგ, რაც მომეცა საშუალება ინტერნეტით სპარსული ტექსტების ძიებისა, ანუ მაშინ, როცა სპარსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაც დავიწყე (2011 წლის გაზაფხული), "ნისთ+ანდარ+ჯეჰან"-ის მოძებნის იმედიც გამიჩნდა... მალე ისიც აღმოვაჩინე, რომ ბატონ გურამ ასათიანს თავის ნაშრომში აქვს მოტანილი "ნისტანდარჯიჰანის" შესახებ არსებული ეპიზოდის მოკლე შინაარსი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ; გთავაზობთ ამ ნაშრომიდან ციტატას:

"ისკანდერ-ნამეში“ ნიზამის ასეთი ამბავი აქვს აღწერილი: მაკედონიის ხელმწიფეს, რომელმაც მრავალი ქვეყანა დაიპყრო, საბოლოოდ „რუსთა“ ჯართან მოუხდა შერკინება. არაერთი სახელოვანი მხედარი ეღუპება მას ამ ბრძოლაში, რადგან მოწინააღმდეგეთ ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ბრძოლის ველზე გამოჰყავთ უცნაური არსება, რაღაც ადამიანის მსგავსი ურჩხული, რომელიც თავზარს სცემს და მუსრავს ალექსანდრეს ლაშქარს. დაღონებული მეფე ბრძენკაცებს მოუხმობს რჩევისათვის. ერთი მათგანი ალექსანდრეს უყვება, რომ ასეთი ურჩხულები დედამიწის კიდეზე ცხოვრობენ, ქვესკნელივით ბნელ ადგილას, რომელსაც მზის სხივი არასოდეს ეკარება.
ალექსანდრე მაინც ამარცხებს ამ საზარელ არსებას, მაგრამ არ კლავს მას, პირიქით, ბორკილებს აახსნევინებს და ნადიმზეც მოიპატიჟებს.
ასეთი რაინდული სულგრძელობით გაოცებული ურჩხული რამდენიმე წუთით უჩინარდება და შემდეგ ალექსანდრესთან მოჰყავს მშვენიერი ქალი – ნისტან დარჯიხანი, რომელიც მის (ურჩხულის) პატრონებს ჰყავდათ დატყვევებული. მომდევნო თავებში აღწერილია ისკანდერისა და ტყვეობიდან დახსნილი ნისტან დარჯიხანის სიყვარულის ამბავი.
როგორც ცნობილია, ნისტან დარჯიხანი სპარსულ ენაზე ქვეყნად ულამაზესს ნიშნავს.
ეს სახელი უცნობი არ არის აღმოსავლური მწერლობისათვის. ნიზამის პოემაში მისი თავგადასავლის დაკავშირება ადამიანის მსგავს ურჩხულთა სამყაროსთან და მოტაცებისა და ტყვეობის მოტივთან აშკარად მიგვანიშნებს საერთო მითოლოგიურ პირველწყაროზე, რომლის შორეული ექო შემონახული იქნა XII საუკუნის ორ პოეტურ ძეგლში". (გურამ ასათიანი - „ვეფხისტყაოსანი“ და ქართული კლასიკური პოეტიკა).
ამ ციტატასთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ნესტანდარეჯანი "ქვეყნად ულამაზესს" არ ნიშნავს და რასაც ნიშნავს, უკვე ბევრჯერ დავწერე და კიდევ დავწერ.

003
დავიწყე ხანგრძლივი ძებნა და "ისკანდერ-ნამეს" რუსული თარგმანის ტექსტური ფაილი ვიპოვე, ანუ მომეცა საშუალება კომპიუტერის დახმარებით მომეძებნა Нистандарджихан-თან დაკავშირებული ყველა ეპიზოდი და ფრაზა...
სანამ თხრობას განვაგრძობ, მსურს დავაზუსტო ხსენებული სახელის დაწერის მართლწერა: როგორც ხედავთ, რუსულად ეს ერთი სიტყვაა, ყოველგვარი ინტერვალისა და დეფისის გარეშე, და ასეც უნდა იყოს; "ვეფხისტყაოსანში კი გვხვდება ასეთი ფორმა - ნესტან-დარეჯანი - და ეს იმის გამო ხდება, რომ ქართველები ამ სახელს ორი სახელის ნაერთად აღიქვამენ: ნესტანი და დარეჯანი... არადა, ეს სრული უგნურებაა! როგორც უკვე ვთქვით, აქ სამი სპარსული სიტყვაა - ნისთ+ანდარ+ჯეჰან, ჩვენს ვარიანტებში კი მეორე სიტყვა (ანდარ) გახლეჩილია და ერთი ნაწილით შექმნილია სახელი "ნესტან" (ნისთ+ან), მეორე ნაწილის სხვა სიტყვაზე მიბმით კი მიღებულია "დარეჯან" (დარ+ჯიჰან)... ერთი სიტყვით, ეს სახელი უნდა დაიწეროს ერთად - ნესტანდარეჯანი - და არანაირი დეფისი საჭირო არ არის; არც ცალკე "ნესტანის" დაწერაა სწორი ტარიელის სატრფოს მოსახსენიებლად. ქალის ქართულ სახელებში არის წმინდა ქართული ანალოგიც "ნესტანდარეჯანისა", რომელიც ასევე სამი სიტყვისაგან შედგება: მზე+ვინ+არი... ცხადია, ამ სახელში სამივე სიტყვა ერთად უნდა დაიწეროს და ასეთი ვარიანტი (დეფისით, "ნესტან-დარეჯანის მსგავსად)" "მზევი-ნარი" სრული უაზრობა იქნება.
* * *
დავუბრუნდეთ "ისკანდერ-ნამეს" რუსულ თარგმანს. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ეს არის ძალიან დიდი და მრავალფენიანი პოემა, აღწერილია მახლობელი აღოსავლეთის ქვეყნები, საბერძნეთი (რუმი ანუ "რომის იმპერია"), შუა აზია და, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსთა ქვეყანა და ყივჩაღეთიც კი... რომ აღარაფერი ვთქვათ ჩინეთსა და ინდოეთზე... პოემა შედგება ორი ნაწილისგან "შარაფ-ნამე" (დიდების წიგნი) და "ეყბალ-ნამე" (ბედის წიგნი) და გარდა ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებული დაპყრობითი ომებისა და ლაშქრობების აღწერისა, მოიცავს მრავალ იგავს, ფილოსოფიურ საუბრებს და ა.შ. ქართულად ეს პოემა არ არის თარგმნილი (მე არ მინახავს) და ვეჭვობ, რომ ახლო მომავალშ ვინმემ თარგმნოს მისი სირთულეების გამო, რაშიც ნაწარმოების მოცულობა, მრავალფეროვანი ტოპონიმურ-ონომასტიკური წიაღსვლები და, რაც მთავარია, ნიზამი განჯელის მხატვრული ენის წარმოუდგენელი სირთულე იგულისხმება... ჩემს მიერ მოძებნილი რუსული თარგმანის ტექსტიც (პოლიგრაფიულიც და ელექტრონულიც) არასრულია და ბევრი მნიშვნელოვანი ეპიზოდი პროზაული თარგმანით არის გადმოცემული, მაგრამ მაინც... ასეთმა თარგმანმაც ბევრი რამის გაგების საშუალება მომცა.
* * *
Нистандарджихан ტექსტში მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები და ეს ეპიზოდი გურამ ასათიანის ნაშრომიდან ამოღებული ციტატით უკვე მოვიტანეთ. ცხადია, სადღაც წინ ეს სახელი და მისი შესაბამისი პერსონაჟი კიდევ უნდა ყოფილიყო ნახსენები; თუმცა აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ბატონი გურამის ნაშრომში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რაც ასევე საინტერესოა პოემის მოცემული ეპიზოდიდან გამომდინარე:
"ნისტანდარჯიხანი" უამბობს ალექსანდრე მაკედონელს თავისი წარმომავლობის შესახებ და ეუბნება, რომ იგი არის უბრალო ჩინელი მონა ქალი, რომელიც მავანი ჩინელი ხაყანის ჰარამხანაში ცხოვრობდა და ალექსანდრე მაკედონელს ახსენდება, რომ ეს მონა-მხევალი ადრეც ჰყავდა ნანახი და არამარტო ჩინელი ხაყანის სასახლეში სტუმრობისას... ირკვევა, რომ ეს ქალი ხაყანმა მას საჩუქრად გადასცა, მაგრამ მაკედონელმა მას ყურადღება არ მიაქცია იმის გამო, რომ მას ქალი დაუხასიათეს, როგორც საუკეთესო მებრძოლი... "ქალი მამაკაცივით არ უნდა იბრძოდესო" - გაიფიქრა ისკანდერმა და მიივიწყა იგი, რამაც "ნისტანდარჯიხანი" ძალიან გაანაწყენა... ერთ მშვენიერ დღესაც, როცა ალექსანდრე მაკედონელმა რუსეთზე (ყივჩაღეთის სტეპების გავლით) გაილაშქრა, ჩინელი მებრძოლი მონა ქალი კვლავ გამოჩნდება თხრობის ასპარეზზე, ოღონდ უცნობი მხედრის სახით, რომელიც მუსრს გაავლებს მტერს და დიდად დაეხმარება ალექსანდრეს გამარჯვებაში... მაგრამ მოვკალი კომპიუტერი ძებნით და სახელი Нистандарджихан ვეღარსად აღმოვაჩინე უკვე ხსენებული რუსული ციტატის გარდა.... ესე იგი დღის წესრიგში დადგა "ისქანდერ-ნამეს" სპარსული ტექსტის მოძებნა და იმის გახსენება, რომ მეც ოდესღაც ირანისტი ვიყავი.... მადლობა ღმერთს! ინტერნეტში ბევრი რამის მოძებნა შეიძლება!...

004. (გაგრძელება)
ზემოთხსენებულ ეპიზოდთან დაკავშირებით დამავიწყდა იმის თქმა, რომ „ნისტანდარჯიჰანი“ ორჯერ შეებრძოლება რუსებს, პირველად წარმატებით, ხოლო მეორე შებრძოლებისას მას ხელთ იგდებს სწორედ ის ურჩხული (დემონი... დრაკონი... ნიანგადაც კი იხსენიებს მას ნიზამი), რომელსაც შემდეგ თავად ალექსანდრე ქამანდით დაატყვევებს, ჯერ დასჯის, მაგრამ შემდეგ დაუყვავებს (გველსა ხვრელით ამოიყვანს...) და ის უწმინდური და უხეში ძალის მქონე არსება, ადამიანური მოპყრობით მოხიბლული, მცირე ხნით გაუჩინარდება და მადლიერების ნიშნად მაკედონელ მეფეს მოართმევს მის მიერ წინადღით დატყვევებელ უმშვენიერეს ჩინელ მონა-ქალს (ყურგახვრეტილს, როგორც მონას, თუმცა ნიზამის თქმითვე სხვა არანაირი ძალადობრივ-ხელოვნური „ჩაღრმავება“ არ გააჩნდა სხეულზე და ჯერაც ბუნებრივად უხვრეტელი იყო... აკი გითხარით, ნიზამის მეტაფორების და მხატვრული ენის გააზრება და მერე თარგმნა ძალიან ძნელი საქმეა-მეთქი მთარგმნელისთვის).
ჰოდა, იმას ვამბობდი:
...რუსები ისეთ აგრესორებად ჰყავს გამოყვანილი ნიზამის, რომ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს პოემა არა მე-12-13 საუკუნეების ზღვარზე, არამედ ჩვენს ეპოქაშია შექმნილი; გთავაზობთ რუსული თარგმანიდან ნაწყვეტს (სპარსული ტექსტის აკრეფა და ქართულად თარგმნაც შემეძლო, მაგრამ ვარჩიე, რომ რუსული თარგმანი ამეღო, რათა თავად რუსების თარგმნილი ამბები წაგეკითხათ საკუთარი აგრესორობის შესახებ... აქვე ვიტყვი, რომ ნიზამი ნამდვილ ამბავზე, 944 წელს კავკასიაზე განხორციელებულ რუსულ აგრესიაზე დაყრდნობით წერდა ხსენებულ ეპიზოდს და, რა თქმა უნდა, ეს შეგნებულად გააკეთა და სიმბოლურად ალექსანდრე მაკედონელს დაუკავშირა ამ აგრესიის აღკვეთა, არადა, მაკედონელი ამ ისტორიულ ფაქტამდე 10 საუკუნით ადრე ცხოვრობდა... ნიზამის „სიმბოლოკაზე“ ორიოდე სიტყვას ქვემოთ ვიტყვით).
მაშ ასე: აფხაზეთის მმართველი დუვალი მიდის ალექსანდრესთან და სთხოვს დახმარებას:
Управитель Абхазии, мощный Дувал, Тот, которому царь важный сан даровал,
Искендеру служил. С препоясанным станом Он проехал по всем завоеванным странам.
И пришел он к царю. Весь горел он огнем И стенал, как литавры под бьющим ремнем.
Услыхал Искендер, славный сын Филикусов: «Повелитель! В Абхазии толпища русов.
Помоги, государь! Набежали враги, Полонили весь край! Помоги! Помоги!»
როგორც ხედავთ, толпища русов შეჭრილია აფხაზეთში...
იქვე დუვალი აფრთხილებს მაკედონელ გმირს, რომ თუ მას არ დაეხმარება, რუსები სხვა ქვეყნებსაც გადაჭამენ:
Покоривши наш край, в своем беге угрюмом, Завладеют они Хорасаном и Румом!»
ხორასანი ირანის უკიდურეს აღმოსავლეთშია, „რუმი“ კი ბიზანტია და საბერძნეთია ერთად, ასე რომ, რუსეთი მაშინაც  საფრთხეს უქმნიდა ყველას!...
ამის გამგონე ალექსანდრე მაკედონელმა შექმნა ერთგვარი „კოალიცია“ მის მიერ დაქვემდებარებული ქვეყნებისა და გაილაშქრა რუსეთზე, აი, ეს ეპიზოდიც:
И мужи, для врага час готовя возмездья Вкруг Владыки блистали, как блещут созвездья:
Медаинский Дубейс, из Хотана Гур-хан, Йеменский Велид, Чина вождь Кадар-хан,
И абхазский Дувал, и Хинди, что из Рея, Из Истахра Кубад, что был отпрыском Кея,
Зериванд, — им прославился Мазендера н —  И Ниял, что возвысил родной Хаверан,
Славный Кум из Ирака, звезда Хорасана —- Сам Бушек, Беришад из Армении, — стана
Нет славней! Миср, Юнан, франки, Сирия, — все Дали мощных, блиставших в убранства красе!
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ - ჩვენი ეპოქა ძალიან კარგად „ჩანს“ ნიზამის პოემაში, უბრალოდ ალექსანდრე მაკედონელი შევცალოთ „დასავლეთით“ და მივიღებთ იგივე სურათს: რუსების მიერ შეწუხებული ქვეყნები დახმარებას სთხოვენ იმ ძალას, რომელმაც მანამდე თავად დაიპყრო ეს ქვეყნები და ახლა „მხსნელად“ მოევლინა... სხვათა შორის, რუსული თარგმანი, რომლითაც მე ვსარგებლობ და რომელიც, მგონი, მეტად აღარ შესრულებულა, გამოცემულია ცალკე ტომად 1968 წელს და იქ რუსი რედაქტორები იძულებულნი გახდნენ სიტყვა „Русь“ თავისებურად განემარტათ, რათა „ჩორთი არ ჩამოეგდოთ“ რუსებსა და აზერბაიჯანელებს შორის კომუნისტურ ეპოქაში და პოემის ავტორი, აზერბაიჯანში დაბადებული სპარსულენოვანი პოეტი ნიზამი განჯელი, დღეს როგორც იტყვიან - „გაეპრავებინათ“: რუსი კომენტატორები ტექსტის დანართში წერენ, რომ „რუსეთი“ ნიზამის ეპოქაში სხვაგვარად აღიქმებოდა და იმდრონდელი კავკასიელები „რუსებად“ მოიხსენიებდნენ ყველას, ვინც ვოლგისპირეთში ცხოვრობდა და ესენი იყვნენ: თურქული ტომები, ყივჩაღები, ხაზარები და სკანდინავიელი ვიკინგებიც (?!) კი... როგორც ხედავთ, 21-ე საუკუნის დემოკრატებს ღირსეული წინაპრები ჰყავდათ ე.წ. „გაპრავების“ საკითხში...
მცირეოდენი გეოგრაფიული ჩანართი:
როგორც ვთქვით, 944 წელს ვოლგისპირელმა მომთაბარე ტომებმა დერბენტიდან (ახლანდელი დაღესტანი) შემოაღწიეს კავკასიაში და დაარბიეს მისი აღმოსავლეთი ნაწილი, ანუ ახლანდელი აზერბაიჯანი. საქმე იმაშია, რომ მეათე-მეთორმეტე საუკუნეებში (ანუ ნიზამის და რუსთველის ეპოქაში) თურქული ტომები ჯერ არ იყვნენ მასობრივად გადმოსახლებულნი დასავლეთისკენ და მხოლოდ არბევდნენ მათგან დასავლეთით მდებარე რეგიონებს (კავკასიას, ირანს, ბიზანტიას....), ამის შესახებ მე უკვე დავწერე, როცა „ვეფხისტყაოსანში“ ცნება „თურქ“-ის და „ნათურქალის“ შესახებ ვთქვი ორიოდე სიტყვა (იხილეთ ამ ბლოგში, ქვემოთ), ასე რომ, ნიზამი განჯელი არანაიარად არ იყო ეროვნებით აზერბაიჯანელი (ანუ თურქი.... აზერბაიჯანელები ხომ ძველი თურქ-სელჯუკების შთამომავლები არიან), იგი იყო კავკასიის ალბანელი და წერდა სპარსულად, ხოლო დღევანდელი აზერბაიჯანლები თავის დიდ პოეტს თარგმანის საშუალებით ეცნობიან... ეს იგივეა, ქართველ შოთა თავისი პოემა სპარსულად რომ დაეწერა და იგი ჩვენი უდიდესი პოეტი ყოფილიყო... ჰოდა, 944 წლის დარბევამ დიდი კვალი დატოვა ნიზამის სამშობლოს ისტორიაში და მან ერთგვარი „პოეტური შური იძია“ ჩრდილოელ აგრესორებზე, როცა, დაარღვია რა (შექსპირისა არ იყოს) „დროთა კავშირი“ -  „დასავლეთიდან“ მოსულ სიმბოლურ გმირს მისცა იმის საშუალება, რომ რუსებად მოხსენიებული აგრესორები დაემარცხებინათ...
რაც შეეხება „აფხაზეთს“... ესეც საკამათო და დასაზუსტებელი თემაა და თუ „ისქანდერ-ნამეში“ აღწერილი ომი რუსების წინააღმდეგ განხორციელდა კასპიისპირა დერეფნიდან (დერბენტი) და არა შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან, ესე იგი პოემაში სხვა „აფხაზები“ ანუ ჩრდილოკავკასიელები არიან და აქვე ჩანან ალანებიც ანუ ოსები, ყივჩაღები და კიდევ სხვა ტომები (არკები, ბუტუსები), რომელთა არსებობა პირადად ჩემთვის უცნობია... იქმნება აზრი, რომ პოემაში აღწერილია ამიერკავკასიის და ჩრდილო კავკასიის კასპიისპირა რეგიონები; თავად ნიზამი კი, როგორც კავკასიელი კაცი, კარგად იცნობდა ჩვენს რეგიონს და ეს არცაა გასაკვირი, მის პოემებში არიან სომეხი პერსონაჟები (თუნდაც შირინი), ხოლო ლირიკაში ჩანს, რომ იგი საქართველოშიც არის ნამყოფი და ლექსიც კი უძღვნა მშვენიერ ქართველ ქალს, რომელიც დიდებულად აქვს თარგმნილი გრიგოლ აბაშიძეს:
ლამაზ ქრისტიან ქალზე ვლოცულობ,
ის ჩემი ხატი და ტაძარია,
სად მუსლიმანი - სად ხატზე ლოცვა,
ჩემზე იტყვიან - რამ გადარია?! (და ა.შ.)

005
ძალიან გაგვიტაცა გეოგრაფიულ-პოლიტიკური ამბების განხილვამ და ავცდით ჩვენს ძირითად საკითხს - ვინ იყო ნესტანდარეჯანი და საიდან გაჩნდა იგი ნიზამის პოემაში?
იმ თავში, რომელიც არაერთხელ ვახსენეთ (რუსული თარგმანის მიხედვით) სამსიტყვიან სახელს - „ნისტანდარჯიჰანს“ (نیست اندر جهان) - ვერ მივაკვლიე... მივმართე ელემენტარულ არითმეტიკულ მეთოდს: შევნიშნე და დავრწმუნდი რა იმაში, რომ მთარგმნელი (კ.ლიპსკეროვი) ზუსტად მიჰყვება დედანს, ჩავთვალე, რომ სპარსულ ტექსტშიც 117-ე ბეითში უნდა ყოფილიყო ნახსენები ეს ჩემი ცოდვით სავსე ნესტანდარეჯანი, რადგან რუსული Нистандарджихан სწორედ ამ სტრიქონში გვხვდება; ვიპოვე სპარსულ ტექსტში ეს 117-ე ბეითი და ვნახე, რომ შინაარსი აბსოლუტურად ზუსტია, მაგრამ „ნისტანდარჯიჰანის“ სახსენებელიც არსად არის (...როგორც იცით, მე ვეძებდი ადამიანის საკუთარ სახელს და არა ასეთი შინაარსის  მქონე ფრაზას - „არა არს ქვყანასა შინა").
აი, ასეთია ორიგინალში მოცემული ეპიზოდის 117-ე ბეითი:
چو لختی گذشت آمد آن پیل مست
کمرگاه زیبا عروسی به دست
(თარგმანი - როცა მცირე ხანი გავიდა, ის მთვრალი (შმაგი) სპილო დაბრუნდა და ხელში ჰყავდა ერთი მშვენიერი ქალწული). 
სახელი „ნისთანდარჯიჰან“ არ ჩანს და მის ნაცვლად არის „არუსი“ - ქალწული, პატარძალი, ლამაზმანი. ვიფიქრე, რუსი მთარგმნელი რითმის შესამნელად იშველიებს-მეთქი ამ სახელს:
И вернулся беглец в его царственный стан
На руках поднимая Нистандарджихан... (стан - Нистандарджихан)
ასეც არის - სარითმო ერთეულმა გაახსენა მთარგმნელს ეს სახელი, რომელიც სადღაც წინ უნდა ყოფილიყო ნახსენები, მაგრამ სად? როგორ უნდა მიმეგნო მისთვის, როცა თავად რუსულ თარგმანში აღარსად იყო მისი ხსენება, ხოლო სპარსულ ორიგინალში, რომლის ტექსტის მთლიანად გადმოწერა შეუძლებელია ინტერნეტიდან, რათა საძიებო სიტყვით („ნისთ“ ან „ჯეჰან“) მიმეგნო ამ სახელისთვის, მიზნის მიღწევა შეუძლებლად მეჩვენა, რადგან თითო გვერდზე მხოლოდ 20 ბეითი დევს და სანამ რაიმე სხვას მოვიმოქმედებდი, ისევ მთარგმნელს დავაბრალე მეტისმეტი ‘ფანტაზიურობა“ და ისიც კი გავიფიქრე, რომ მან (ლიპსკეროვმა) ეს სახელი „ვეფხისტყაოსნიდან“ მოიპარა, მაგრამ ეს, მიუხედავად მთარგმნელთა ხშირი სპეკულაციებისა, მაინც მიუღებლად ჩავთვალე, რადგან სპარსულიდან ქართულში გადმოსვლისას დაკარგული „ჰ“ (ჯეჰან - ჯან) რუსულში მთარგმნელის მცდელობითაც კი ვერ აღდგებოდა... სხვათა შორის ეს „ჰ“ დაიკარგა არა მარტო ამ სიტყვაში: ვიცით, რომ ქართველებსაც ჰქვით „ჯანგირ“, არის გვარი „ჯანგირაშვილი“, ეს კი სპარსული „ჯეჰან-გირ“ ანუ ქვეყნის მპყრობელია... ასევე დკარგულია „ჰ“ სიტყვაში „ჩარ“ (ოთხი... ჩარი-სე... ჩარი-დუ...), სპარსულში კი არის ასეთი ფორმა - „ჩაჰარ“.
ერთი სიტყვით, სპარსულ ტექსტში რომ ვერაფერს მივაგენი, ყველაფერი მთარგმნელს დავაბრალე (რუსია... ახლა ხომ ყველა ჩვენი უბედურება რუსებს ჰბრალდებათ) და თავი უნდა დამენებებინა ამ თავსატეხისთვის, რომ გამიელვა კითხვამ - ინგლისურ თარგმანში რა ხდება? რომ არა ინტერნეტის ფენომენი, ასეთი კითხვა რათქმა უნდა, არ გამიჩნდებოდა, რადგან თბილისში, საკუთარ სახლში მჯდომი ადამიანი საძიებო სიტყვით - Nistandarjehan - სპარსული ლიტერატურის ინგლისურ თარგმანებს ვერანაირად ვერ მისწვდებოდა... საძიებო სიტყვამ არაფერი მომცა, სამაგიეროდ ვიპოვე „ისქანდერ-ნამეს“ ინგლისური პროზაული თარგმანი და მივაკვლიე ჩემთვის სასურველ ბეითსაც. აი აქ არის ეს თარგმანი:
CANTO LXIV. THE BATTLE OF THE SEVENTH DAY.
(translate by Henry Wilberforce Clarke)
http://persian.packhum.org/persian/main?url=pf%3Ffile%3D17602010%26ct%3D0

უკვე ნაცადი არითმეტიკული მეთოდით კი მივედი სასურველ 117-ე სტრიქონებამდე:

When some time passed that intoxicated elephant came,
The waist-place (the girdle) of a beautiful maiden in his hand.

აზრობრივი თარგმანი აქაც ზუსტია, მაგრამ „ნესტანდარეჯანი“ არ ჩანს და მის ნაცვლად არის სიტყვა maiden, რაც ინგლისურად ნიშნავს უკვე ხსენებულ „ქალწულს, პატარძალს, ლამაზმანს“... პოემის ინგლისური თარგმანის წინა თავებში კი (ეს ეპიზოდი არის 64-ე თავი) კომპიუტერმაც ვერ მომაძებნინა სასურველი სახელი Nistandarjehan, რადგან: ა) ან არასწორად ვწერდი, ბ) ან ბატონ Henry Wilberforce Clarke -საც რაღაც მთარგმნელობითი ბემურაზობა ჰქონდა ჩადენილი.

...როგორც ჩანს, კიდევ ბევრი საიდუმლო იმალება ნიზამის პოემაში, რაც პირველ რიგში ჩვენთვის არის საინტერესო და ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე ეს პოემაც ითარგმნება ქართულად და მრავალ უცნაურ ამბავს გავიგებთ.

006
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ერთმა იღბლიანმა გადაფურცვლამ („ეყბალ-ნამეში“ - იღბალის წიგნში) ყველაფერს ნათელი მოჰფინა და მივხვდი, თუ ზუსტად რომელ თავში უნდა ყოფილიყო ჩინელი მონა-ქალის სახელი ნახსენები... როგორც უკვე ვთქვი, ნიზამის პოემა ორი ნაწილისგან შედგება, პირველია „შარაფ-ნამე“ და მისი ერთ-ერთი ეპიზოდის შესახებ (ალექსანდრე მაკედონელის ბრძლა რუსებთან) უკვე ვისუბრეთ; გუმანმა მიკარნახა, რომ დიდი განჯელი პოეტის მსგავსი გენიალური შემოქმედი ასე უყურადღებოდ არ მიატოვებდა ნისტანდარჯიჰანს პოემის შაგულში და ნაწარმოების მეორე ნაწილშიც სადმე ახსენებდა აუცილებლად და ჩემი ვარაუდი სწორი გამოდგა - ჯერ რუსულ თარგმანში მივაქციე ყურადღება ასეთ თავს - Сказание об Архимеде и китянке - მერე სპარსულ ტექსტშიც მივაგენი ასეთივე თავს (افسانه ارشمیدس با کنیزک چینی) და გაირკვა, რომ ეს ჩინელი მხევალი ქალი ალექსანდრე მაკედონელმა თავისი დაპყრობითი ომების დასრულების შემდეგ არქიმედეს აჩუქა. ამ უკანასკნელს შეუყვარდა ჩინელი ლამაზმანი, მერე გარკვეულ ზნეობრივი კატეგორიების შესახებაა საუბარი მათ სიყვარულთან დაკავშირებით და აქვე სამუდამოდ ვემშვიდობებით ამ იდუმალებით მოსულ ქალს< თუმცა პოემაში კიდევ ბევრი ამბავი და არაკია... თუმცა ამჯერად ამ ნაწარმოების მთიანად წაკითხვა და შესწავლა ვერ შევძელი, მთავარი ისაა, რომ მივაგენი იმ თავს, სადაც ზუსტადაა მითითებული - რომელი ლაშქრობის შემდეგ აჩუქა ჩინელმა ხაყანმა ალექსანდრეს ჩვენთვის საინტერესო ქალბატონი და მე მეტი აღარფერი დამრჩენოდა, რომ პოემის პირველ ნაწილში მომეძებნა შესაბამისი თავი ჩინეთში ლაშქრობის დასრულებაზე და იქ აუცილებლად დამხვდებოდა საძებარი სახელი.... მანამდე კი მინდა მოგახსენოთ, რომ ნიზამის პოემაში ბევრი ისტორიული პირი და გამოჩენილი ადამიანი ჩანს (პლატონი, არისტოტელე, არქიმედე...) და მათი ცხოვრების წლების დროში აცდენა სულაც არ ანაღვლებს ავტორს და ეს უკვე სხვა ინეტერესთა სფეროა და ამის მიზეზები სხვებმა იკვლიონ... მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელი ძვ.წ.აღ. მე-4 საუკუნეში ცხოვრობდა, არქიმედე ასიოდე წლის შემდეგ... ნიზამის შემოქმედებაში კი ისინი ერთმანეტს შეხვდნენ....
მაშ ასე, მივადექით ასეთ თავს, რიგით 45-ეს - مهمانی کردن خاقان چین اسکندر را –თარგმანი - „ხაყანის მიერ ისქანდერის სტუმრად მიწვევა“, სადაც ამ თავის 96-ე ბეითში წერია:
تو گفتی که خود نیست او را دهان
(همان نام او ( نیست اندر جهان 
თარგმანი - გეგონება მას პირი არ აქვს, ხოლო მისი სახელია (ნისთ ანდარ ჯეჰან)
ლაპარაკია ხაყანის მონა-ქალის სილამაზეზე (პირი არ აქვს, ანუ პატარა პირი აქვსო), მისი სახელი კი შეგნებულადაა ჩასმული ფრჩხილებში, რათა მკითხველმა ეს არ აღიქვას ფრაზად - „არ არის ქვეყანასა შინა“.
* * *
ესე იგი დავრწმუნდი იმაში, რომ ასეთი სახელი - „ნისტანდარჯიჰანი - ნესტანდარეჯანი“ - ნამდვილად არსებობდა ნიზამის და რუსთველის ეპოქაში, თორემ მათ შემდეგ რამდენიმე ასეთი ქალია ცნობილი, ვისაც ნესტანდარეჯანი (ერთად და არა ცალკე „ნესტანი“ და ცალკე „დარეჯანი“) ერქვა, თუმდაც მეფე თეიმურაზ პირველის ასული, 1614 წელს დაბადებული ნესტანდარეჯანი გავიხსენოთ...
ნიზამისა და რუსთველს შორის ასაკობრივი სხვაობა ოციოდე წელს შეადგენდა (ნიზამი დაიბადა 1141 წელს) და გარდაცვალებითაც დაახლოებით ოციოდე წლის ინტერვალით გარდაიცვალნენ... განჯელი პოეტის გარდაცვალების დროდ 1203-1209 წლებს მიიჩნევენ... შოთაც, ალბათ, სადღაც ოცი წლის შემდეგ აღესრულა პალესტინაში.
ახლა დავსვათ კითხვები და ვუპასუხოთ:
1.საიდან აიღეს - ერთმა თუ მეორემ - ეს სახელი?
2.რაიმე საერთო წყარო ხომ არ ჰქონდათ?
3.იცნობდნენ თუ არა ერთმანეთის პოემებს?
4.ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ორივემ დამოუკიდებლად შეთხზა ეს სახელი სპარსულად?
და ასე შემდეგ...

კითხვები კიდევ ბევრია და აღარ დავიწყებ ჩამოთვლას, ვარაუდის დონეზე კი იმას ვიტყვი, რომ, მიუხედავად ორივე პოეტის დიდი განსწავლულობისა, ალბათ, ჩინურ ენამდე მათ ხელი არ მიუწვდებოდათ და რაიმე ჩინურ სახელს ვერ „გაასპარსულებდნენ“ და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ შეთხზავდნენ „ნისთ ანდარ ჯეჰან“-ს... ნიზამისგან კიდევ მოსალოდნელია, რომ სპარსულად შეეთხზა, რადგან ეს ენა მისი მშობლიური იყო, შოთასთვის კი სპარსული - მიუხედავად მისი სრულყოფილად ცოდნისა - მაინც უცხო იყო და, თუ რამეს შეთხზავდა, ქართულად უნდა შეეთხზა...
როგორც ჩანს, მართლა არსებობდა სადღაც სპარსული ამბავი უმშვენიერესი ქალის შესახებ, რომელიც სამშობლოს მოწყვეტილია და ხან ურჩხულების და ხან ქაჯების ხელში იტანჯება...ამბავი არსებობდა პროზაული სახით, მათ ამ ამბის ფრაგმენტებით ისარგებლეს და გალექსეს... ვინ რომელი ნაწილი გამოიყენა უკვე არსებული თავგადასავლიდან, ძნელი გასარკვევია თუნდაც იმიტომ, რომ ორივე პოეტი საკუთარი უსაზღვრო ფანტაზიით, მგონი, ბოროტადაც სარგებლობდა (...იმ ეპოქის პოეზიის მოთხოვნაც გავითვალისწინოთ) და ნაირგვარი გაგრძელება მოუძებნეს რაღაც ერთ საერთო ამბავს, სახელი კი შეუნარჩუნეს... ამ სახელის სპარსულობა არავითარ ეჭვს არ იწვევს უკვე სპარსულის არმცოდნეთათვისაც კი და სპარსულ სინამდვილესთან სიახლოვე და ამის ხაზგასმა „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში ასევე ადასტურებს იმას, რომ სახელი „ნესტანდარეჯანი“ რაღაც სპარსული ამბიდან მოდის... შედარებისთვის გეტყვით, რომ პოემის სხვა პერსონაჟთა სახლები ძირითადად არაბულ ენას უკავშირდება და მათში ამ ენისათვის დამახასიათებელი „ედ-დინ“ (სარწმუნოებისა) იკითხება:
- ფარსადანი - ფარს-ედ-დინ
- სარიდანი - სარ-ედ-დინ
- ნურადინი - ნურ-ედ-დინ
- შერმადინი - შარმ-ედ-დინ
- ალბათ, ავთანდილიც ამ რიგში უნდა ჩავაყენოთ - აუთან-ედ-დინ... თუმცა არის მეორე ვერსიაც - ოუთან-დილ (აქ არის სპარსული „დილ“, რაც გულს ნიშნავს, ანუ - სამშობლოს გული).
- ასმათი არაბულად სათნოებას და მოკრძალებას თუ რაღაც ასეთს ნიშნავს...
- ფატმან-ხათუნზე სადღაც უკვე ვთქვი ამ ბლოგში, რომ არაბულია სახელის ორივე ნაწილი...
- „თინათინი“ არ არის არაბული და ირანში „თინა“ ისეთივე პოპულარული სახელია, როგორც ჩვენთან, მაგრამ ამ სახელთან დაკავშირებით მაინც მგონია, რომ რუსთველმა ის პირველი ასოს მსგავსებით „თამარის“ მინიშნებად აქცია და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულში გვაქვს ისეთი სიტყვა, როგორიცაა „ათინათი“.
- სხვათა შორის პოემაში არის კიდევ ერთი ტიპიური სპარსული სახელის მქონე პერსონაჟი - „ჭაშნაგირი“... ეს ქართულად ასე ითარგმნება - ჭაშნიკის გამსინჯავი....
-საინტერესო სახელია დულარდუხტიც... აქ შეინიშნება სპარსული სიყვა დუხთ/დუხთარ, რაც ასულს, ქალიშვილს ნიშნავს და კიდევ ვიცით სახელებიდან - მირანდუხტი, გურანდუხტი... ნუ გაგიკვირდებათ და, ამ რიგში დგას „ტურანდოტ“-იც, რაც „თურან-დუხთი“ ანუ თურანის ასული გახლავთ; ცნობილმა იტალიელმა მეზღაპრემ კარლო გოციმ, როგორც ჩანს, ფრანგულად თარგმნილ სპარსულ ზღაპრებში ამოიკითხა ეს სახელიც და მისი ამბავიც და ამის საფუძველზე შექმნა თავისი ცნობილი პიესა-ზღაპარი „პრინცესა ტურანდოტი“.
ამგვარი სიჭარბე ქართულ სინამდვილეში სპარსულ-არაბული სახელებისა, ნუ გაგაოცებთ - ჩვენ მაშინ აღმოსავლური სამყაროს და მისი კულტურის განუყოფელი ნაწილი ვიყავით და შედეგებიც შესაბამისი შემოგვრჩა... დღეს რომ გადახედოთ ქართველების სახელებს, ასევე უნდა გაოცდეთ სლავურ-ზოგადევროპულ-ბერძნული ერთეულების სიჭარბით... რას იზამ?! - ასეთია ჩვენი ბედი, რადგან ათასწლეულების მანძილზე ორი განსხვავებული სამყაროს ზღვარზე გვიხდება ცხოვრება.
* * *
ერთი სიტყვით, არსებობდა რაღაც სპარსული ამბავი ნესტანდარეჯანის შესახებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორი პოეტის გენიალური პოემები რაიმეთი დამოკიდებული ან დავალებულია სხვის შეთხზულ ან აღწერილ ამბავზე.... მათ შექმნეს ახალი ნაწარმოებები, რაც კაცობრიობის ოქროს ფონდში შევიდა, ხოლო რაღაც ზღაპრული პირველწყარო, რაც რუსთველმა მხოლოდ ნესტანდარეჯანის შემთხვევაში გამოიყენა, ზღაპრულ ამბადვე ჩარჩა სადღაც სპარსულ ხელნაწერებში... სხვა დანარჩენი - „არაბეთი“, ავთანდილის მოგზაურობა, გულანშაროს თუ მულღაზანზარის ამბები კი, როგორც ჩანს, თავად შოთას გადახდა თავს და ეს ქვეყნები საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი... ამაზე მე უკვე ვილაპარაკე და აქვე წერია, ქვემოთ...
P.S.
ტარიელი დაგვავიწყდა?
მოდით, დავიტოვოთ თემა მომავალი ძიებისთვის და მოკლე ხანში კიდევ ვისაუბროთ შოთა რუსთველისა და მისი პოემის შესახებ... ტარიელთან დაკავშირებითაც მაქვს გარკვეული მოსაზრებები და, ერთი ცნობილი მავრისა არ იყოს, - ვიდრემდე წავალ, (კიდევ!) მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა....
არადა, თბილისიდან განჯამდე ორასიოდე კილომეტრია და ამ ქალაქებში ერთმანეთის თანამედროვე, ეპოქის ორი უდიდესი მოაზროვნე ქმნიდა უკვდავ პოემებს... ერთი საერთო სახელის პერსონაჟიც კი ჰყავთ და ნუთუ ერთმანეთს არ იცნობდნენ ნიზამი განჯელი და შოთა რუსთველი?! დარწმუნებული ვარ, მაშინდელი სახელმწიფო მოხელეები თუ ვაჭარ-სოვდაგრები მთელი კავკასიის არეალში აბამდნენ სანაცნობო კავშირებს და პოეტებმა რა დააშავეს?!

24 თებერვალი, 2014 წელი.



სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი

ეს აფორიზმი ფირდოუსის "შაჰ-ნამეში" (...რომელიც თითქმის 200 წლით ადრე შეიქმნა, ვიდრე "ვეფხისტყაოსანი") ასე გამოიყურება:



მცირეოდენი სტატისტიკა

თუ არ ჩავთვლით ე.წ. დამხმარე სიტყვებს (კავშირებს, ნაცვალსახელებს, ნაწილაკებს და ა.შ) ყველაზე მეტჯერ ტექსტში გვხვდება სიტყვა "ავთანდილ" (ზუსტად ასეთი ფორმით) – 116–ჯერ, ხოლო მისი სხვა ფორმებით (სხვადასხვა ბრუნვებში, ნაწილაკებით თუ თანდებულებით (ავთანდილმა, ავთანდილიც, ავთანდილთან და ა.შ.) ეს სახელი პოემაში 210–ჯერ გვხვდება. არსებით სახელთაგან ყველაზე ხშირია "გული" – 111 (ამ სიტყვის ყველა ფორმა სულ – 300) და "მეფე" – 108.
...თავად "და" (გრამატიკული კავშირი) კი 874–ჯერ არის ტექსტში ჩაწერილი.


როსტევანი ანუ როსთა-ვან
ერთ მკრეხელურ აზრს დავწერ "ვეფხისტყაოსნის" შესახებ და შევეცდები ერთი პერსონაჟის სახელის წარმომავლობა ავხსნა ("მკრეხელურს" იმიტომ, რომ პერსონაჟის სახელის  ისევ არაქართულ წარმომავლობას "ვაჟღერებ"):

მოგეხსენებათ, რუსთველი ერთ ადგილზე ახსენებს როსტომს ("შაჰნამეს" პერსონაჟს) - "როსტომის მკლავ უგრძესითა"-ო - ამბობს მშვილდის შესახებ; ესე იგი როსტომი და როსტევანი ავტორისთვის სხვადასხვა სახელებია... ეს დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია. 
რას უნდა ნიშნავდეს "როსტევან"-ი?
ამასწინათ ვთქვი - "რუსთა/როსთა" ( روستا ) სპარსულად "სოფელია" და "რუსთაველის" ფსევდონიმიც აქედან მოდის-მეთქი (და ტოპონიმი "რუსთავიც"); მე ასე ვვარაუდობ და რა ვიცი?! ჰოდა, თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ როსთა-ვან (მეორე ვარიანტი - როსთა-ბან) არის "სოფლის თავკაცი", მპყრობელი, მოსამართლე და მოწყალე -  მეფე... "სოფელი", რა თქმა უნდა, აქ ნიშნავს ქვეყანასაც და საწუთროსაც.... ("ვან/ბან" ბოლოსართი რაღაცის ფლობას აღნიშნავს (გაიხსენეთ "მარზ-ბან/მარზ-პან" - საზღვრის მფლობელი, მცველი). 

პროფესიონალი!!!
რუსთველის მეჭურჭლეთუხუცესობა, ალბათ, სიმართლეს შეეფერება და ამას ადასტურებს პოემაში უხვად მიმოფანტული აღწერები ნაირგვარი ძვირფასეულობისა. ესე იგი პოემის ავტორმა ეს საქმე "პროფესიულ" დონეზე იცოდა და, რაც მთავარია, ამ აღწერებს ხშირად "ბოროტადაც იყენებს", ანუ სიუჟეტს არაფრად არგია, მაგრამ ავტორს სიამოვნებას ანიჭებს საკუთარი ცოდნის გამოვლენა. აი, მხოლოდ ერთი ეპიზოდი:
1473 
მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ-ალქატისა, 
ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა, 
კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა, 
მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა. 
1474 
კვლა უძღვნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა, 
მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა; 
კვლა მოქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა, 
ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა. 
1475 
იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა.
ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა. 
აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა, 
ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა. 

....ასეთივე პროფესიული ინტერესი ჩანს "გულანშაროს" ეპიზოდებში, სულ დეტალურად არის აღწერილი ვინ ვის რა სახის ძღვენი გაუგზავნა, მართალი გითხრათ, ავტორის ამგვარი "მერკანტილიზმი" (თუ შეიძლება ასერ ითქვას) ჩემში უკვე გაღიზიანებასაც იწვევს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს შემთხვევით არ გაუკეთებია რუსთველს.... მიზეზი მოსაძებნია.

ამხანაგის მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს
 "ვეფხისტყაოსანი" არ იცნობს სიტყვებს – მეგობარი, მეგობრობა და მათ სანაცვლოდ ყველგან "მოყვარე, მოყვრობა" გვხვდება.... ასე რომ, პატივცემულო პედაგოგებო (ქართული ენისა და ლიტერატურისა–ვ) – ე.წ. თემა სახელწოდებით "მეგობრობა ვეფხისტყაოსანში" გაუმართლებელია (კინაღამ ვთქვია "არაადეკვატურია"–მეთქი), რადგან ამ პოემაში "მეგობრობა" არ არის!
....სამაგიეროდ არის "ამხანაგიამხანაგობა" და ეს, კომუნისტებისადმი სიძულვილის გამო, კომუნისტურად შერაცხული სიტყვა სრულიად დაუმსახურებლად რომაა მივიწყებული დღეს, ძალზედ დიდ სამსახურს უწევს რუსთველს:
 - სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად (17) 
- ეგრე უთხრა: "ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე (261)
– აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა ვლიდია (442)
– მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი (673) 
ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა (1497)
....და ასე შემდეგ.
   ბარემ აქვე მოგახსენებთ, თუ საიდან გაჩნდა ეს სიტყვა ჩვენ ენაში:  - هم خانه (ჰამ+ხანე) – კომპოზიტია: ჰამ – თანა, ხანე – სახლი, ესე იგი "თანამოსახლე" (სიტყვასიტყვით ასეა, აზრი თქვენ გამოიტანეთ); მსგავსი სიტყვებია: ამქარი და ამფსონი, აქაც "ჰამ"–ის ნარჩენი "ამ" ერთად საქმიანობას ან მოქმედებას აღნიშნავს. სხვათა შორის, ძალიან "პოეტური" სიტყვაა სპარსულში "მეზობელი", მათ ენაზე ეს სიტყვა ასე ჟღერს – ჰამ–საიე, სადაც "საიე" არის ჩრდილი, ანუ მეზობელი ის ადამიანია, ვინც შენთან ერთად ინაწილებს და იზიარებს ჩრდილს.... (შენ, ჩემო თანამეჩრდილევ! – როგორ "გამაზეს" ეს ფრაზა ქართველმა პოეტებმა?!); რომელი ინგლისელი და ამერიკელი დაინახავს მეზობელში ჩრდილის გამზაირებელს ან თუნდაც "თვალის სინათლეს"?! – დიდი–დიდი მაიკლმა თავის მეზობელ ჰილარის ასე გადასძახოს – მოდი საყვარელო, ბანკში წავიდეთ, ბანკი კარგი.... შენ კარგი, მე კარგი.... 
    ერთი სიტყვით, შორეული წარსულის ირანში დაბადებული მშვენიერი სიტყვა "ამხანაგი" ჯერ შორეული აზროვნების კომუნისტებმა "გააბანძეს" და აგერ, სულ ახლახან შორეული ამერიკიდან წაქეზებულ დემოკრატებს შემოაკვდათ ("მოკლეს" ჩასწორდა "შემოაკვდათ"–ი პოლემიკის შემდეგ)..
    * * *
    აკი გეუბნებოდით – ეს პოლიტიკოსები (ნებისმიერი "იზმის თუ კრატიის" მიმდევრები) სახლში არ არიან შემოსაშვები თორემ სიტყვებსაც აღარ შეგვარჩენენ, არათუ თანამოსახლეებს. 

ფლიიიიიიიიიზ, ანუ გეთაყვა?!

პოეზიის ენციკლოპედიაში ცნება „ინტერპოლაცია“ შევიტანე და გამახსენდა ერთი სტროფი (1118-ე), რომელიც „ვეფხისტყაოსანში“ აშკარად ვიღაც გადამწერის მიერაა მოგვიანებით შეტანილი:
რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა, 
ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა! 
„ამა საქმისა ვერ-ცნობა, - თქვა, - ჩემი სიძუნტე არსა“. 
ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, თუ ვითმე მისებრი არსა!
აშკარაა, რომ  აქ გვაქვს უსუსტესი სარითმო ერთეულები, რასაც არანაირად არ შექმნიდა ისეთი პოეტი, როგორიც შოთა რუსთველია:
ზიარსა - მხნე არსა - სიძუნტე არსა - მისებრი არსა
თუ პოეტიკის თვალსაზრით განვიხილავთ, ეს ბოლოკიდური „არსა“ ერთგვარი რედიფია, რაც აღმოსავლურ და ძველ ქართულ პოეზიასაც ახასიათებს, სარითმო ერთეული კი მის წინ უნდა იყოს, რაც საერთოდ არ არის: ზიარ - მხნე - სიძუნტე - მისებრი...
ეს მხოლოდ ის, რაც პოეტიკას შეეხება, მხატვრული სახეებსაც თუ ჩავუკვირდებით, სრულიად არარუსთველურიც და არალოგიკურიცაა ასეთი პასაჟი- „ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!“ - მით უმეტეს, რომ სიტყვა „ლახტი“ მხოლოდ აქ ერთადერთხელ გვხვდება პოემაში და საერთოდ - ეს სიტყვა მოგვიანებით უნდა იყოს შემოსული ქართულ ენაში.
თუ მაინცადამაინც აქვთ სურვილი რუსთველოლოგებს, რომ ეს სტროფი იყოს ტექსტში, სულ მარტივად შეიძლება მისი სარითმო სტრუქტურის ისე შეცვლა, რომ მკითხველს ეჭვები არ გაუჩნდეს, თუნდაც სუსტი რითმების გამო:
რა ესე ესმა ავთანდილს ლაღს, ვის ბუნება ზე არსა, 
ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა! 
„ამა საქმისა ვერ-ცნობა, - თქვა, - ჩემი სიძუნტე არსა“. 
ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, თუ ვისმე მისებრ ეარსა!
თუ სადმე ხართ კიდევ რუსთველოლოგები, ამოიღეთ ტექსტიდან ეს სტროფი, ფლიიიიიიიიიზ! 

    რას ნიშნავს "ამირბარი"?

    ...დღეს ტექსტთან მუშაობისას სიტყვა "დარბაისელი" დამჭირდა და ისევ ის ქალი გამახსენდა, ჩვენი ნათესავების სოფელში რომ ცხოვრობდა და აივანზე მედიდურად წარბშეკრული რომ გადმოდგებოდა და ბავშვებს თავზარს რომ გვცემდა ხოლმე... მაშინ, რა თქმა უნდა, ეს სიტყვა "დარბაისელი", ან სახელი მეგონა ან გვარი; აი, აქამდე, თითქმის 50 წლის განმავლობაში არ დავფიქრებულვარ იმის შესახებ, თუ რატომ მოიხსენიებდნენ თანასოფლელები იმ დედაკაცს ასეთი მეტსახელით და საერთოდ – რას ნიშნავს ეს სიტყვა.

    გუშინ ერთ სპარსულ სიტყვას ჩავუკვირდი და ჩავუჯექი –.دربار – "სასახლეს, სამეფო კარს" რომ ნიშნავს და ამიტომ დავაკავშირე "დარბარ–დარბაისელი"... ერთმანეთთან შესაძლოა, ქართული "ელი"–ს დამატებით ადრე ამ სიტყვით რაღაც წარჩინებულობას, დიდგვაროვნულობას გამოხატავდნენ... ანუ "სამეფო კარიდან" წამოსულიო... 

    ჰოდა, ამ მსჯელობამ ისევ ტარიელთან და "ამირბართან" მიმიყვანა.

    "ამირ–ბარ"

    მეცნიერთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს არის "ამირ–ალ–ბაჰრ" – საზღვაო პორტის, ნავთსაყუდელის (Harbour-master) და ფლოტის მეთაური (Commander of the fleet); ასეთივე აზრს გამოთქვამენ აკაკი შანიძე "ვეფხისტყაოსნის" ლექსიკონში (ფლოტის უფროსიაო) და ნოდარ ნათაძეც ტექსტის კომენტარებში (321–ე სტროფი – ფლოტის სარდალიაო). სიტყვა امیرالبحر აქვს ლექსიკონში ღაფაროვსაც და რუბინჩიკსაც.

    მეცნიერ–ლექსიკოგრაფთა მეორე ნაწილი არ იზიარებს ზოგადად "ზღვის" არსებობას ამ სიტყვაში და მის ნაცვლად სწორედ იმ دربار –ს ანუ "სამეფო კარს" კითხულობს და რა გამოდის? "ამირ–დარბარ", ანუ სამეფო კარის მმართველი; ნიკო ჩუბინაშვილი უფრო აკონკრეტებს თავის ქართულ–რუსულ ლექსიკონში: სახლთ უხუცესი, обергофмейстер; სულხან–საბა, მართალია, ზღვის შესახებ არაფერს ამბობს, მაგრამ არც "სამეფო კარის მოხელეობას და სახლთუხუცესობას" იზიარებს და ამირბარს პირწმინდად სამხედრო საქმესთან, სარდლობასთან, სტრატილატობასთან და სპასალარობასთან აკავშირებს...

    ესე იგი, გვაქვს ორი ვარიანტი: 

    امیرالبحر (ამირ–ალ–ბაჰრ – საზღვაო მეთაური) და امیردربار (ამირ–დარბარ – სახლთუხუცესი, სამეფო კარის მოძღვარი).

    მეორე ვარიანტს პირადად მე არ ვიზიარებ და საამისოდ შემდეგი არგუმენტები მაქვს: 

    1) ტარიელს ისეთ "სამოქალაქო" თანამდებობაზე არ დანიშნავდნენ, როგორიც სახლთუხუცესია და შესაბამისად ფარსადანი არ იამაყებდა – თქვა: "ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა"; სად გინახავთ, სკოლის დირექტორი ამბობდეს ჩემნაირი Завхоз-ი არავის ჰყავსო, მასწავლებლებს კი, იცოცხლე, აქებენ და მათი შნოთი ინარჩუნებენ სადირექტორო ადგილს... 2). "ამირ–დარბარ"–ს შეკუმშვა არავითარ შემთხვევაში არ მოგვცემდა "ამირბარს", რადგან ბგერა "დ" აღმოსავლური ლექსიკიდან ქართულში შემოსვლისას არასოდეს იკარგება, შესაბამისად "ამიდბარ" უფრო დაგვრჩებოდა, ვიდრე "ამირბარ"–ი. 3) სიტყვა "ამირ" (commander, governer, chief, emperor, leader, lord) ზოგადად "პირველი პირია", ასე რომ სხვის სამეფო კარზო მომსახურე ადამიანს "ლიდერი" ვერანაირად ვერ დაერქმეოდა. 4) სიტყვა ამირ–დარბარ (امیردربار ) ჩემთვის ცნობილ არცერთ ლექსიკონში არ არსებობს.

    რაც შეეხება "ამირ–ალ–ბაჰრს", აქ ყველაფერი თავის ადგილზე ზის: ა) ფონეტიკურად "ჰ" ყოველთვის იკარგება ქართულში შემოსვლისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ორ ხმოვანს შორის არის მოქცეული, მაგალითად "რეჰანი"), "ლ"–ს კი თავად აღმოსავლელები წარმოთქვამენ რედუცირებულად (მაგალითად, ამირეჯიბი..."ლ" აქაც დაკარგულია), ამიტომაც "ჰ" და "ლ" ადვილად გაქრა და დაგვრჩა "ამირბარი". ბ) ტარიელი რომ მებრძოლია, სარდალია, მხედართმთავარია და არა "Завхоз"–ი, ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება... რუსთველი იმასაც აკონკრეტებს, რომ ინდოეთში ამირბარი ამირსპასალარის მოვალეობას ასრულებსო ("თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ–სპასალარობა", 321 ან კიდევ, ტარიელი ასე ამბობს საკუთარ თავზე – "ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულნი ინდონი მმონებენ", 371) და რომელ სახლთუხუცესობაზე და ცერემონმაისტერობაზეა ლაპარაკი?! ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ტარიელი ნესტანდარეჯანის ძებნას ზღვიდან იწყებს, ზღვა–ზღვა ჩავა სწორედ მულღაზანზარამდე: "ნავსა შევჯე, ზღვასა შევე, კიდით კიდე გავალაგდი" (593).... არა, ეს უკანასკნელი "არგუმენტი" გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის, უბრალოდ გამახსენდა ტარიელის განსაკუთრებული მიდრეკილება საწყალოსნი სივრცისადმი.... იგი ხომ პირველად სწორედ "წყლისა პირსა" ნახეს, როგორც მტირალი უცხო მოყმე.





      დაჰკვირვებიხართ ამ წრეებს კარგად?

      თქვენი არ ვიცი და, მე პირველად დავუკვირდი იმ ეპიზოდს, როცა ტარიელი ინდოეთში ბრუნდება და გზად მისრეთიდან (ეგვიპტიდან) მომავალი ვაჭრები ამცნობენ, რომ ინდოეთის მეფე მკვდარია და მათს სამშობლოს ისევ ხატაელი რამაზი შემოესია.... ამ ეპიზოდში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გვხვდება:
      1) არაბეთიდან წამოსულ ტარიელს როსტევანი გააყოლებს ავთანდილს და 80 ათასიან ლაშქარს, რომელიც სულ ხვარაზმული აბჯრითაა შემოსილი.... ესე იგი ხვარაზმს მარტო ინდოეთთან კი არა, არაბეთთანაც ჰქონია ურთიერთობა.... ეს ფაქტი "კრავს" გეოგრაფიულ წრეს, რომლის "წრეწირზე" შემდეგ პუნქტები მოინიშნება: ინდოეთი–მულღაზანზარი–გულანშარო–ქაჯეთი–მისრეთი–არაბეთი–თურქთა ქვეყანა–ხვარაზმი–ხატაეთი–ინდოეთი.... წრე შეიკრა! საოცარი ისაა, რომ ამ "წრის" ცენტრი გახლავთ ტარიელის "ქვაბი" და სწორედ ეს ადგილი გახლავათ ამოსავალი წერტილი "ვეფხიტყაოსნის" მთელი გეოგრაფიისა.
      2) არაბეთიდან ინდოეთამდე სამ თვეზე მეტ ხანს მოუნდნენ პოემის გმირები მგზავრობას, ოღონდ ისინი ისე ნელა, ძებნა–ძებნით არ მიდიოდნენ, როგორც ავთანდილი, რომელივ 70 დღეში ჩავიდა ქვაბიდან მულღაზანზარამდე.... ჩვენ ერთ–ერთი წერილში დაახლოებით გამოვთვალეთ ავთანდილის მიერ გავლილი მანძილი, ანუ დღეში საშუალოდ დაახლოებით 20 კმ 70 დღის განმავლობაში გვაძლევს არაუმეტეს 1400 კილომეტრისა.... 90 დღეში არაბეთიდან ინდოეთამდე თუნდაც დღეში (საშუალოდ) 5 კილომეტრით მეტი გავლის პირობებში დაშორება არაბეთსა და ინდოეთს შორის მოგვცემს 90 x 25 = 2250 კმ–ს....
      3) მთავარი და უმნიშვნელოვანესი ფაქტი – შეშინებული რამაზი ტარიელის წინაშე ასე იმართლებს თავს:
      "დაიკარგენით, წაჰხედით თქვენ წელნი მეათენია".
      თი წელიწადი დასჭირდა ტარიელისგან ნესტანდარეჯანის მოძებნას და სამშობლოში დაბრუნებას!
      აქაც შეიკრა წრე!
      თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ათი წელი თითქმის თვე–თვე არის დაფიქსირებული პოემაში, ყველაფერი ძალიან ზუსტად შეესაბამება იმ ეპოქის დროისა და სივრცის პარამეტრებს (თუ შეიძლება ასე ითქვას) და მალე შევეცდებით ყოველივე ამის თანამიმდევრულად დალაგებას და "ვეფხისტყაოსნის" ეპოქისა და მისი გმირების სამოქმედო არეალის წარმოჩენას.

      მინანი თუ შინანი?

      პოემაში არის ასეთი სტროფი (827-ე)

      რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი,
      მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.
      მან თქვა: "მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,
      ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი".

      "მინანი"ის  შესახებ ნათაძე წერის, რომ ეს არის "მინანქარი" - ავთანდილის მეტაფორა, მაგრამ ეს თვით რუსთველისთვისაც კი მეტისმეტი მეტაფორულობაა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სიტყვა "მინანქარს" პოემა არ იცნობს, რადგან ეს მოგვიანო ეპოქებში შემოსული სპარსული სიტყვაა - "მინა-ქარ" (مینا کار) - და მინის ოსტატს, მომჭიქველს ნიშნავს, მეორე "ნ" კი ქართულში გაჩნდა კეთილხმოვანების მიზნით: 
      "მინა-(ნ)-ქარ".
      ამ სტრიქონში ალბათ უნდა იკითხებოდეს "შინანი" (შინ, შიგნით, აქვე, მესამე სტრიქონში ხომ არის "წინ"-ის პოეტური ფორმა "წინანი" ასე რომ, შინანი"–ც დასაშვებია.).

      მივიღებთ ამ აზრს – ვაზირმა ძებნა და ვერ იპოვა (ავთანდილი) შინ, სახლში... უკვე გაპარულიყო.

      ჩამატებული სტროფები
      იმ თავში, სადაც მოთხრობილია ამბავი ავთანდილის ფრიდონთა წასვლის შესახებ, გადამწერთა მიერ ჩამატებულია ორი სტროფი (თუმცა კი ლამაზი და ყველასთვის საყვარელი);

      976 
      რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან, 
      მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან, 
      ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან; 
      იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან. 
      977 
      მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი
      კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი, 
      ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი, 
      რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი. 
        
      1) რუსთველი ასეთი რითმას არასოდეს ქმნის: სულიერნი - მფრინველნი, მას ნამდვილად არ გაუჭირდებოდა რითმად 4 "ელნი" მოეძებნა და ეს აშკარად შეუსაბამო სული–ერნი არ ჩაესვა.
      2) ორივე სტროფი პრაქტიკულად ერთი და იგივე აზრს გადმოსცემს, და. შესაძლოა. ორი სხვადასხვა გადამწერის ჩამატებულია.
      3) "ზღვით ნიანგნი" - ეს არის სპარსული "ნეჰანგ", რაც სპარსულად "ზვიგენს" ნიშნავს და რომელიც რუსთველის ეპოქაში ჯერ "ნიანგ"-ად (ალიგატორად) არ იყო გადაკეთებული. მას, რასაც ახლა ჩვენ "ნიანგ"–ს ვეძახით, მაშინ ერქვა "ხვითქი" (крокодил)
      4) ნებისმიერ ადგილას იმ რეგიონში, და მით უმეტეს ფრიდონის ქვეყანასთან, ავთანდილის სიმღერის შესამკობლად რუსი, ფრანგი და ბერძენი ახლოს ვერანაირად ვერ მივიდოდა ; რა თქმა უნდა, ეს პოეტური ჰიპერბოლაა, მაგრამ არა რუსთველისა... ეს "მოფრანგენი" ხომ საერთოდ ვერ ეწერება რუსთველის ეპოქაში... მე–12 საუკუნეში ახლანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა (გალებმა) თავადაც არ იცოდნენ, რომ მომავალში მათ ეს სახელი "ფრანგი" დაერქმეოდათ.
      5) 975-ე სტროფი მთავრდება დიდებული შედარებით, რაც კრავს მთელ ეპიზოდს და ამას აღარანაირი გაგრძელება აღარ სჭირდება: 
      "მოიმღერის ხმასა ტკბილსა, არ გასწყვედდის ცრემლთა რუსა,
      მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდა ბუსა."

      ..ამის შემდეგ მოდის ზემოთხსენებული ორი სტროფი, რაც სრულიად ზედმეტად ჩანს.

      " ვეფხისტყაოსნის" დრო და სივრცე
      მსურს რამდენიმე წერილის გამოქვეყნება, რაც დაკავშირებული იქნება რუსთველის პოემის ზოგიერთ საკითხთან, რომელთაგან უმეტესი დღესაც მოითხოვს დაზუსტებას ან საერთოდ არ არის დადგენილი.
      თავიდანვე უნდა განვაცხადო “სენსაციური” ფაქტი, რაც თავად პოემის ტექსტის მიხედვით შეიძლება დადგინდეს, ანუ - პოემის ავტორისა და მის ტრფობის ოპიექტის დაბადების თვეები და წლები, ესენია:
      - პოემის ავტორად მიჩნეული შოთა რუსთველი დაიბადა 1164 წლის აგვისტოში.
      - პოემის მთავარი ადრესატი - თამარი - დაბადებულია 1170 წლის მაისში. ამგვარი ამბიციური განაცხადის საფუძველი თავად პოემის ტექსტში წარმოჩენილი ფაქტებია და მათ შესახებ ჩვენ მომავალში ვისაუბრებთ, 

      პირველი წერილი რას ნიშნავს გულანშარო?  სად მდებარეობს გულანშარო?

      ამ ტოპონიმთან დაკავშირებით არაერთო მოსაზრებაა გამოთქმული, რომელთაგან არცერთი არ არის სწორი. ქართველ მკვლევარებს ხშირად აბნევს სიტყვა “გულ”-ის ფაქტორი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველ რიგში აღიქმება, როგორც სხეულის მთავარი ორგანო და სწორედ ამაშია შეცდომათა სათავე.
      ბევრს ჰგონია, რომ ისეთი სახელები, როგორიცაა “გულნარა”, “გულნაზი”, “გულჩინა”, “გულიზარი”, სწორედ რომ გულთანაა დაკავშირებული, არადა ყველა ეს სახელი სპარსული წარმომავლობისაა და მათი შექმნა დაკავშირებულია “ვარდთან, ყვავილთან”, რაც სპარსულად ასე ჟღერს - “გულ”.

      გულ-ნარ - ვარდნარი, ყვავილნარი
      გულ-ნაზ - ნაზი ყვავილი
      გულ-ჩინ - ყვავილის მკრეფავი
      გულ-ზარ - ყვავილოვანი 

      “ვეფხისტყაოსნის” ცნობილ ტოპონიმშიც თავკიდური “გულ” სწორედ ყვავილს ნიშნავს, ანუ ასე შეგვიძლია დავშალოთ: გულ (ყვავილი) - ან (მრავლობითი რიცხვის ბოლოსართი) - შარო (“შაჰრ” - ქალაქი)  گل ان شهر
      ასე რომ, გულანშარო ნიშნავს “ყვავილების ქალაქს”.
      პოემის ტექსტი ადასტურებს ხსენებულ ფაქტს:
      (1070)
      ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა.
      ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა,
      გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა.
      მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა
      (1075)
      ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები

      ამ ქალაქზე საუბრისას ავტორი პრაქტიკულად ყველგან პოეტურ ხერხებად (ეპითეტები, მეტაფორები, შედარებები და ა.შ) ყვავილს, ვარდს თუ ბაღს იყენებს და ამაში ნებისმიერი დაინტერესებული პირი ადვილად დარწმუნდება. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ სად მდებარეობდა ეს “ყვავილების ქალაქი”?
      უნდა მოგახსენოთ, რომ რუსთველისეული გეოგრაფია მთელ პოემაში სრულიად კონკრეტულია და არანაირ ალეგორიულობას (ვთქვათ, საქართველოს მოდელს) ან სიმბოლიკას არ გულისხმობს. ძნელი სათქმელია, თუ რომელ ეპოქაში არსებობდა ქალაქი გულანშარო, მაგრამ მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ისევ და ისევ პოემაში არსებული ინფორმაციის თანახმად.

      გულანშაროში “მელიქ–სურხავი" ხელმწიფობს...
      სიტყვა “მელიქ” არაბული ენის ნებისმიერი მცოდნისათვის გასაგებია, რომ ნიშნავს “მეფეს, გამგებელს, პატრონს”; აქედან წარმოდგა არაერთი გვარი, რომელიც მთელ აღმოსავლეთსა და რუსეთსაც კი მოედო: მელიქიშვილი, მელიქიძე, მელ-იქია, მელიქიანი, მალექ-ზადე, მალიკოვი.... 
      აი, “სურხავი” კი სპარსული სიტყვაა და მის ძირში დევს სიტყვა “სორხ, სურხ” და ნიშნავს წითელს, ხოლო “სურხავი” შეიძლება ითარგმნოს როგორც “სიწითლე”. არ არის გამორიცხული, რომ პოემის საწყის ტექსტში “სურხავი” კი არა “სურხაბი” (سرخ آبی) ეწერა და ეს კიდევ უფრო ახლოს მივა სინამდვილესთან, რადგან “სურხ-აბ-ი” წითელი ზღვიდან წარმომავალს (“აბ” სპარსულად წყალია, ხოლო “ი” - წარმომავლობის ბოლოსართი) ნიშნავს.
      ამოტომაცაა “მელიქ-სურხავი” მბრძანებელი იმ ქალაქისა, რომელიც მდებარეობს “სიწითლეთში” (გამოვიყენოთ ასეთი ხელოვნური სიტყვა). უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არის “წითელი მეფე”, სწორედ აქედან წარმოიშვა თეორია იმისა, რომ ქალაქი გულანშარო მდებარეობდა წითელ ზღვაში შემავალი სრუტის ნაპირზე.... მაგრამ რომელ მხარეს - არაბეთის ნახევარკუნძულზე თუ აფრიკის სანაპიროზე?

      მცირე ჩანართი
      სანამ ამ საკითხს დავადგენდეთ, უნდა შევნიშნოთ ის ფაქტი, რასაც ადრე არ ვაქცევდით ყურადღებას და მხოლოდ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამოისობით მოექცა ჩვენი თვალთახედვის ცენტრში.
      ყველასათვის ცნობილია, რომ ავთანდილი გულანშაროში ჩასვლამდე ვაჭრებს დაეხმარება მეკობრეებთან ბრძოლაში' ამ რეგიონში, როგორც ჩანს მეკობრეობა ოდითგანვე გავრცელებული “ხელობა” ყოფილა და მას დღესაც წარმატებით იყენებენ სომალელი მეკობრენი:
      გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა
      * * *
      მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები
      * * *
      დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით

      დავუბრუნდეთ ჩვენს საკითხს - ზღვის რომელ ნაპირზე მდებარეობდა გულანშარო?
      ფატმან-ხათუნისგან გამოპარებული ნესტანდარეჯანი ქაჯებმა ხმელეთზე შეიპყრეს (...ალყად გარე მოვერტყენით, და პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით. ), ეს კი იმას ადასტურებს, რომ აფრიკაში მდებარე "ქაჯთა სამფლობელოსკენ" ნესტანდარეჯანი სახმელეთო გზებზე ცხენით მიემართებოდა, აკი ფატმანიც ხომ ამას ამბობს, რომ გულანშაროდან ცხენით გააპარა და არა ნავით:
      * * *
      შევე ფიცხლავ საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი,
      * * *
      შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი 

      ასე რომ, ქალაქი გულანშარო მდებარეობდა წითელი ზღვის აფრიკულ სანაპიროზე, ანუ იქ სადაც ახლა ერითრეის, ჯიბუტის ან სომალის სანაპიროებია.

      მეორე წერილი – "მულღაზანზარი"

      მულღაზანზარი გულანშაროსთან ერთად “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი საკვანძო სატრანსპორტო-საინფორმაციო პუნქტია. ამაზე მეტყველებს ეს სტრიქონები:
      ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა,
       შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა”.
       გავიხსენოთ, რომ პრაქტიკულად იგივე სიტყვებითაა დახასიათებული გულანშაროც:
      “აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა”
      გულანშაროს ადგილმდებარეობა გავარკვიეთ პირველ წერილში, ახლა მულღაზანზარიც “მოვძებნოთ” ადრეული შუა საუკუნეების მსოფლიო რუკაზე.
      * * *
      ჟურნალ “თბილისელების” 2009 წლის 37-ე ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ კობა ხარაძესთან, სადაც ვკითხულობთ:
      “- მულღაზანზარი აფრიკაში, კერძოდ სომალის ნახევარკუნძულზე იყო განლაგებული, აქვე იყო ტარიელის ქვაბოვანი.
      - მულღაზანზარი იხსენიება ფირდოუსის „შაჰ-ნამეშიც", კერძოდ, „როსტომიანში". ამასთან, მულღაზანზარი შეესაბამება ზენჯის იმპერიის დედაქალაქ კილვაკივინჯეს.
      - გულანშარო ლოკალიზებული უნდა იყოს მადაგასკარის ჩრდილოეთ ნაწილის სანაპიროზე, ქაჯეთის ციხეც იმავე კუნძულის ცენტრალურ, ამაღლებულ ნაწილში.”
       * * *
      სამწუხაროდ “შაჰ-ნამეში” ამგვარი ტოპონიმის არსებობა ვერ გადავამოწმეთ, მაგრამ ჩვენთვის უკვე ცხადია, რომ სომალის ნახევარკუნძულთან არის ქალაქი გულანშარო და არა მულღაზანზარი, ხოლო მადაგასკარის შემოტანა “ვეფხისტყაოსნის” გეოგრაფიულ არეალში უკვე საკმაოდ გაბედული ფანტაზიაა ამ კუნძულის სიშორის გამო და კიდევ იმის გამოისობით. რომ ხსენებული კუნძული რუსთველის ეპოქის არაბულ სამყაროში, ასე ვთქვათ, “ჩაწერილი” არ იყო, რადგან არაბთა დაპყრობითი ომები დასავლეთისკენ (მაღრიბისკენ) განვითარდა და არა სამხრეთი მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უფრო სარწმუნოა ხსენებული წერილის კიდევ ერთი ფანტაზია - “გიბრალტართან არის კლდეები და ზოგს ის მიაჩნდა ქაჯეთის ციხედ” - მაგრამ როგორც ჩვენ პირველ წერილში გავარკვიეთ, გულანშარო და მის სიახლოვეს მდებარე ქაჯეთის ციხე აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, აბისინიაში, ანუ თანამედროვე ეთიოპიაში მდებარეობდა, გიბრალტარი, ატლანტიდა და ესპანეთ-პორტუგალია კი უკვე რუსთველის ეპოქის შემდეგდროინდელი საკითხებია, რადგან არაბები თავისი სახალიფოს იმ უკიდურეს მაღრიბში (დასავლეთში) X-XI საუკუნეებში ჯერ საფუძვლიანად დამკვიდრებულნი არ იყვნენ და შესაბამისად “ესე ამბავი სპარსული” იქამდე ვერ გადასწვდებოდა.
      * * *
      ახლა ისევ “მულღაზანზარს” მივხედოთ და ჯერ მისი სახელის მნიშვნელობა გავარკვიოთ.
      სპარსული ენის მცოდნენი დაგვეთანხმებიან, რომ ამ ტოპონიმის საფუძველში დევს სიტყვა “მურღ” (مرغ), რაც სპარსულად ფრინველს ნიშნავს. შემდეგ უნდა მოდიოდეს მრავლობითის აღმნიშვნელი ბოლოსართი “ან”, რაც შეკვეცილია მომდევნო “ზან” ინფიქსის გამო, ანუ სრული ფორმა ასეთი უნდა იყოს:  მულღ-ან-ზან-ზარ

      ამა თუ იმ ბგერის ამოვარდნა, ზოგადად ჩვეულებრივი მოვლენაა აღმოსავლური ლექსიკის ქართულ ენაში შემოტანისას და არა მარტო აღმოსავლურ ლექსიკას შეეხება ეს, საამისოდ საკმარისია გავიხსენოთ “ვეფხი” და “ვეფხვი”. ასეა თუ ისე, “მურღ”-ის (ფრინველის) არსებობა ფრიდონის სამფლობელოს სახელში ცხადი და უტყუარი ფაქტია. ბოლოკიდური “ზარ” კი სიმრავლის მაწარმოებელი ბოლოსართია სპარსულ ენაში და ჩვენ ეს ერთხელ უკვე აღვნიშნეთ სახელ “გული-ზარ-თან” დაკავშირებით, რაც ყვავილებით მდიდარ ადგილს ნიშნავს. ასე რომ, “მულღაზანზარი” სხვა არაფერია, თუ არა ადგილი, სადაც ბევრი ფრინველი ბუდობს, ანუ - “საფრინველეთი”.
      ეს სიტყვა, სპარსულ ორიგინალთან უფრო მეტი სიახლოვით, გვხვდება "თამარიანშიც", სადაც ჩახრუხაძე წერს: "ღაწვი მწყაზარ - ა, მულღაზარი, უგავს ელობა კრონოს ციერსა" (3,10).
      სხვათა შორის, შეგნებულად თუ უნებლიედ, პოემის ავტორი მულღაზანზართან დაკავშირებულ ეპიზოდებში ხშირად მიმართავს ფრინველთა თემასაც და მათ მოშველიებასაც არ ერიდება მხატვრული ხერხების სახით:
      • "ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე"
      • “ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა"
      • "ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა,
      • აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა."
      • "მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა”
      •  “ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა”. 
      ყველა ეს ციტატა მულღაზანზართან დაკავშირებულ ეპიზოდებში გვხვდება, რა თქმა უნდა, სხვაგანაც არის წარმოჩენილი “ფრინველის" თემა, მაგრამ მათი “ერთად თავმოყრა" სწორედ რომ ფრიდონის პატარა და ლამაზ სამფლობელოშია შესაძლებელი:
      ბაზიერი (ბაზ - სპარსულად მიმინო), ყვავი, ყორანი, იხვი, შავარდენი, ქორი, ორბი, ბატი....დიახ, მრავალფეროვანი ორნითოლოგიური გარემოა!

      მცირე ჩანართი
      ყოველივე ზემოთქმულში თვალნათლივ დავრწმუნდით, როცა XX საუკუნის მიწურულს ირანის ქალაქ ბენდერ-აბასში მოგვიხდა ჩასვლა და იქ მართლაც რომ “საფრინველეთში” ამოვყავით თავი. იქ, სპარსეთის ყურის სანაპიროზე, უფრო კონკრეტულად კი ორმუზდის სრუტის მიმდებარე ტერიტორაზე და განსაკუთრებით კუნძულ ყეშმზე, მთელი ევროპა-აზიის გადამფრენ-გადმომფრენ ფრინველთა “დელეგაციები” ვიხილეთ, რომლებიც ხსენებულ გეოგრაფიულ სივრცეს, ასე ვთქვათ, სატრანზიტო პუნქტად იყენებენ “თბილი ქვეყნებისკენ” მიმავალ გზაზე. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ორმუზდის სრუტე დღემდე ინარჩუნებს საზღვა-საკვანძო დანიშნულებას ინდოეთის ოკეანიდინ სპარსეთის ყურისაკენ მიმავალ საწყალოსნო სივრცეში (“ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა”), ჩვენ ბენდერ-აბასის პორტში მსოფლიოს უამრავი ქვეყნის დროშის ეგიდით მცურავი გემი ვიხილეთ.
      * * *
      ასე რომ გაირკვა - მულღაზანზარი მდებარეობდა ორმუზდის სრუტის სანაპიროზე, თანამედროვე ირანის სამხრეთ ნაწილში. ამ ქალაქსა და არაბეთის ნახევარკუნძულს შორის მდებარე საზღვაო სივრცეშივე არსებობდა (და არსებობს) კუნძულიც, რომელიც, პოემის თანახმად, ფრიდონისა და მისი ბიძაშვილების სადავო ტერიტორიაა:

       “მამის ძმა და მამა-ჩემი პაპამ ჩემმან გაყვნა ოდეს,
       ზღვასა შიგან კუნძულია, - ჩემად წილად მას იტყოდეს, -
       თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
       მათკენ დარჩა სანადირო, არ მივსცემდი, მომერჩოდეს”.

      დიახ, ეს კუნძული დღესაც არსებობს და ამაში შეუძლია დარწმუნდეს ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბენდერ-აბასის პორტიდან მზერას მიმართავს არაბეთის ნახევარკუნძულისკენ, ანუ იქით, საითაც ახლა ყველასათვის ნაცნობი დუბაი და არაბთა საამიროები მდებარეობს, ერთ-ერთ ასეთ კუნძულზე კი 1995 წლის დეკემბერში ამ სტრიქონების ავტორს მოუხდა ღამის გათევა.
      * * *
      ...და კიდევ ერთი საკითხი მულღაზანზარის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით:
      ნესტანდარეჯანის საძებრად ზღვა-ზღვა მავალი ტარიელი პირველად სწორედ მულღაზანზარში უნდა მოხვედრილიყო გასაგები მიზეზის გამო - ეს ქალაქი ინდოეთსა და არაბეთს შორის მდებარეობს, საყურადღებოა კიდევ ერთი გეოგრაფიული ფენომენის გამოჩენაც, რასაც “თურქთა ქვეყანა” ჰქვია. თანამედროვე “თურქეთი” კი, როგორც ტოპონიმი, იმ ეპოქაში, ბუნებრივია, არ არსებობდა, რადგან მას მაშინ ბიზანტია ერქვა.

       ცნება “თურქ” პოემაში სამჯერ გვხვდება:
      •  “ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა”
      • “მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება”
      • “აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრე ფრიდონის ზღვებითა”
       ესე იგი ირკვევა:
      - რომ თურქების დაპყრობითი ომები ჯერ არ იყო გაცდენილი ირანის ტერიტორიას დასავლეთი მიმართულებით, რადგან ტარიელი "თურქთა მიღმა" როსტევანის სამფლობელოში აღმოჩნდა უნებლიედ.
       - რომ ისინი უკვე განთქმულნი იყვნენ როგორც დამარბეველნი (“ნათურქალი” გაპარტახებულის სინონიმია).
       - რომ ფრიდონის ზღვებს ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან) თურქთა სამფლობელო.
      * * *
       ისტორიული ფაქტების მოშველიებით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ საქმე ეხება ეპოქას, როცა თურქ-სელჯუკები ჯერ მხოლოდ თანამედროვე ირანის აღმოსავლეთ ნაწილს ფლობდნენ და კიდევ ერთი - პოემაში არსად ჩანს “მონღოლთა” ფენომენი, რაც იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ “ესე ამბავი სპარსული” მოხდა არაუადრეს და არაუგვიანეს X-XI საუკუნეებისა ანუ თურქ-სელჯუკთა ირანის ტერიტორიაზე გამოჩენამდე (X საუკუნე) და მონღოლთა დაპყრობების დაწყებამდე (XI საუკუნე). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს სიტყვა “ხათუნი” (იგულისხმება პერსონაჟი ფატმან-ხათუნი) მონღოლურად “ქალბატონს” ნიშნავს, ეს არაბული ფუძიდან წარმოებული მიმღეობაა და მის ძირში დევს სიტყვა “ხათ (ხატ)”, რაც ასევე სიტყვა “ხატვის” საფუძველს წარმოადგენს, ასე რომ “ხათუნი” ნიშნავს “დახატულს” და მონღოლოებთან არანაირი კავშირი არ აქვს.


      მესამე წერილი - ხატაეთი

      გულანშაროს და მულღაზანზარის ადგილმდებარეობათა განსასღვრის შემდეგ შევეცდებით კიდევ ერთი ტოპონიმის მოძებნას რუსთველისეულ რუკაზე და ეს გახლავთ “ხატაეთი”.
      ერთის შეხედვით თანამედროვე მსოფლიოს რუკაზე ამგვარი სახელის მქონე რეგიონი არსად ჩანს, მაგრამ თუ მცირეოდენ ეტიმოლოგიურ გამოკვლევას ჩავატარებთ სპარსული ლექსიკის მეშვეობით, გაირკვევა, რომ ამ სახელის მქონე ქვეყანა ნამდვილად არსებობს. საქმე ისაა, რომ ჩვენთვის საინტერესო დიდი რეგიონი, როგორც ჩანს, X-XI საუკუნეებში ორი ნაწილის სახით მოიხსენიებოდა, ერთ მათგანს ეწოდებოდა “ხატაეთი”, მეორეს კი “ჩინი”.
      ჩინ” ანუ ჩინეთი პოემაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება:
      “ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
      ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".
      დიახ, ეს (ჩინ) თანამედროვე ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილის მოსახსენიებელი ჩინური სიტყვა უნდა იყოს, ახლანდელი ირანის საზღვრებთან მდებარე რეგიონს კი სპარსელები “ხათაის” უწოდებდნენ და ეს დასტურდება სპარსულ კლასიკურ ლიტერტურაშიც და სპარსულენოვან ლექსიკონებშიც. მაშ, გვაქვს “ჩინ” (ჩინეთი) და “ხათაი” (ხატაეთი). აი, რუსებმა კი ეს ორივე რეგიონი თავიდანვე ერთ მთლიან გეოგრაფიულ გარემოდ აღიქვეს და, ოდნავ შეცვალეს რა სპარსული “ხათაი”, მიიღეს “КИТАЙ”.
      სხვათა შორის, ეს სიტყვა “ხათაი” ჩვენი ენის კიდევ ერთმა ლექსიკურმა ერთეულმა შემოინახა და ეს გახლავთ “ხატაური”, რაც ძვირფასი ქსოვილის აღმნიშვნელი სიტყვაა.
      * * *
      ხატაეთი რომ ინდოეთის მოსაზღვრე და მოხარკე ქვეყანაა, ამას პოემის ის ეპიზოდი ადასტურებს, როცა ტარიელი თავნება ხატაელების დასამორჩილებლად გაეშურება და, როგორც პოემის ავტორი ამბობს, ივლის “პაშტაი ხანს” ანუ მცირეოდენი დრო დასჭირდება ინდოეთიდან ხატაეთამდე ჩასასვლელად. ასე რომ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხატაელები არ მიიჩნევენ თავს ინდოელებად და ცდილობენ დამოუკიდებლად იარსებონ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის დღევანდელი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მხარე, სადაც ახლა ისეთი არაინდური ან ინდურისაგან განსხვავებული ქვეყნები მდებარეობს, როგორიცაა პაკისტანი ანდა ავღანეთი, შესაძლოა ნეპალიც, რომლებიც თავის მხრივ ირანული სამყაროსაგანაც რადიკალურად განირჩევიან. ამგვარი გეოგრაფიული ექსკურსის ჩატარება მხოლოდ იმისათვის დაგვჭირდა, რომ “ხატაეთის” დაახლოებითი კოორდინატები მოგვეძებნა და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პაკისტანსა და ავღანეთს კონკრეტულად მივიჩნევთ ჩვენთვის საძებარ რეგიონად, ეს უფრო თანამედროვე ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი უნდა იყოს და ვინც ამ საკითხის დაზუსტებით დაინტერესდება, შეუძლია ისტორიულ ლიტერატურას მიმართოს და გაარკვიოს თუ რა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არსებობდა X-XI საუკუნეებში ამ მეტად არაერთგვაროვან რეგიონში.
      * * *
      სანამ ტარიელი დაიწყებს ხატაელთა დამორჩილების შესახებ ამბის თხრობას, ხსენებული ქვეყანა ავთანდილის ცნობიერებაში შემოდის მისი პირველი საძებარი ღონისძიების დროს, როცა იგი სამი წლის განმავლობაში ამაოდ დაეძებდა “უცხო მოყმეს”.... ხატაეთის არსებობას ავთანდილი შეიტყობს ამ ქვეყნის ბინადარი სამი ძმისგან, რომელთაგანაც მიიღებს “უცხო მოყმესთან” დაკავშირებულ პირველ ინფორმაციას. მათთან შეხვედრამდე კი ავთანდილს ერთი დიდი უდაბნოს გადალახვა მოუხდება:


      “მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,
      თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა”.
      ეს უდაბური ადგილები თანამედროვე ირანის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოავლეთ ნაწილებში არსებობს და მას ამჟამად “დაშთ-ე ლუთ” (მლაშობი ველი) და “დაშთ-ე ქაბირ” (დიდი ველი) ეწოდება. მულღაზანზარის შესახებ საუბრისას მოგახსენეთ, რომ ამ სტრიქონების ავტორს მოუხდა იქ ყოფნა 1995 წლის დეკემბერში, საიდანაც სწორედ ხსენებული დიდი და მლაშე ველების გავლით დავბრუნდით თეირანში. საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი ეს უკაცრიელი გარემო, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთი ირანიდან პაკისტანის სიახლოვეს გამავალი გზით დაახლოებით 1000 კილომეტრის მანძილზე მანქანით გავიარეთ და “შინ” (თეირანში) მშვიდობით დავბრუნდით. ასე რომ, თითქმის იგივე ადგილები მოვინახულეთ, რომლებიც ავთანდილმა სამი წლის განმავლობაში მოიარა არაბეთიდან აღმოსავლეთი მიმართულებით. ეს ფაქტი შემდგომში თავად ავთანდილის სამშობლოს ადგილმდებარეობის დადგენაში დაგვეხმარება, მანამდე კი ერთ ფაქტსაც მოვიშველიებთ პოემიდან, რაც იმას ადასტურებს, რომ ავთანდილი სამ ხატაელ ძმას სწორედ სპარსულენოვანი სამყაროს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადაეყარა. ეს რეგიონი ჩვენ უკვე ვახსენეთ მეორე წერილში და აღვნიშნეთ, რომ ეს ადგილები უკვე თურქთა გამგებლობის ემორჩილებოდა იმ ეპოქაში, ასე რომ ავთანდილმა მიაღწია ტერიტორიას, სადაც იყოფოდა ინდურ-სპარსულ-ჩინურ (ხატაურ) და უკვე თურქულ სამყაროთა გზები, ოღონდ ამჯერად უფრო უკეთ დავაკონკრეტებთ – საუბარია ირანის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე, სადაც ახლა პაკისტანის საზღვრებია.
      სხვათა შორის: ბარემ აქვე ვიტყვით ცნობისმოყვარეთათვის - “ფაქესთან” სპარსულად ნიშნავს “სიწმინდის (ფაქ) ქვეყანას”. შეგიძლიათ გაიხსენოთ ჩვენს ენაში დაცული სიტყვაც - “ფაქიზი” და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
      და კიდევ სხვათა შორის: ისტორიული სპარსეთის უდაბნოებში მოხეტიალე ავთანდილი და მისი სატრფო ავტორს ახსენებს სხვა არავის თუ არა სწორედ რომ სპარსული ლიტერატურის ცნობილ პერსონაჟებს - რამინს და ვისს - “იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა”.

      ეტიმოლოგიური ჩანართი
      სპარსული ენიდან “ვისრამიანის” ქართული პროზაული თარგმანის შესრულებას ზოგი მკვლევარი შოთა რუსთველს მიაწერს და ეს ძალიან ახლოს უნდა იდგეს ჭეშმარიტებასთან თუნდაც იმის გამო, რომ “ვეფხისტყაოსნის” ტექსტში არსებული სპარსული სიტყვები მეტყველებს იმაზე, რომ რუსთველმა ძალიან კარგად იცოდა ეს ენა, რაც ცალკე კვლევის საგანია, აქ კი მხოლოდ ერთ ფაქტს მოგახსენებთ.
      პროლოგში არის ასეთი სტროფი:
      “ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
      მეფისა მზის-თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა,
      მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე-, რისა,
      მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი-, შერისა.”
       ამ სტროფში რამდენიმე სპარსული და არაბული სიტყვაა, რომლებიც არასწორადაა განმარტებული რუსთველოლოგიაში.
       “შიმშერი” (შამშირ, شمشیر) სპარსულად გახლავთ “ხმალი, მახვილი” (ნოდარ ნათაძეს კი უწერიათ “შიმშერი” - ფარი... შემდეგ გამოცემაში შეასწორა).

       “ მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე-, რისა

      აქ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ “შე-, რისა” არის აზრის გაძლიერების გამომხატველი ზმნისწინის გამეორება სიტყვებისთვის “შევკადრო და შესხმა”, სინამდვილეში კი ეს არის “შერიشیر - სპარულად “ლომი” - და ასე უნდა წავიკითხოთ:

      “მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა შერისა”
       ანუ: შევკადრო ლომის საკადრისი ხოტბა.


       “მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი-, შერისა”.

      “შერისა” აქ ახსნილია როგორც “რჩეული”, თუმცა ვერსად დავადგინეთ, რომ “შერი” რომელიმე ენაში “რჩეულს” ნიშნავდეს. სინამდვილეში კი ეს არის არაბული “შე'რ” شعر და ნიშნავს ლექსს, საიდანაც ნაწარმოებია სიტყვა “შაირ”-იც. ასე რომ ამ სტროფის უკანასკნელი სტრიქონი ასე უნდა გავიგოთ:
      “მის მჭვრეტელებს ყანდი (შაქარი) ისე უნდა მივართვათ, როგორც ლექსი”-ო.

       დავასკვნათ:
      ხატაეთი მდებარეობდა თანამედროვე ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო დღევანდელ ირანს ეს ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა.

      * * *
      რაც შეეხება “ხვარაზმს”, ეს ყველაზე ადვილად დასადგენი რეგიონია, რადგან შუა აზიაში დღესაც არსებობს ავტონომიური წარმონაქმნი უზბეკეთის შემადგენლობაში (მის დასავლეთ ნაწილში, თურქმენეთის საზღვართან) და მას “ხორეზმის ავტონომიური რესპუბლიკა” ჰქვია. აქედანვე იყო ჩვენი დაუძინებელი მტერი ჯალალედინიც, რომელიც მონღოლებმა ხვარაზმიდან განდევნეს და რბევა-რბევით საქართველომდე მოაღწია.
      “ხვარაზმთანაა” დაკავშირებული კიდევ ერთი პარალელი, რომელიც პოემას ისტორიულ სინამდვილესთან აკავშირებს.
       ხვარაზმშას მოწვევა ინდოელთა სასიძოს სახით სხვა არაფერია თუ არა გიორგი რუსის რუსეთიდან ჩამოყვანის ლიტერატურული პერიფრაზი და ეს ყველასათვის ცნობილია, საინტერესოა მხოლოდ ის, რომ ხსენებული ფაქტი ტარიელის მიერ ხატაელების დამორჩილების შემდეგ მოხდა, მართალია ავტორი არ ამბობს თუ რა დრო გავიდა ხატაეთის დამორჩილებიდან ხვარაზმშას ჩამოყვანამდე, მაგრამ ნესტანდარეჯანის გათხოვება დროული საკითხი რომ იყო, ეს სავსებით გასაზიარებელია. შეგვიძლია დაახლოებით განვსაზღვოთ მისი ასაკი ამ დროისათვის:
      თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა” - ამბობს ტარიელი.... შემდეგ მას მშობელი მამა, სარიდანი, გარდაეცვალა და ერთი წელს ბნელს იჯდა იგი “საწუთრო-გაცუდებული”... ესე იგი ტარიელს 16 წლის ასაკში ეწვია სიყვარული ნესტანდარეჯანის მიმართ, ნესტანდარეჯანი კი მასზე ექვსი წლით უმცროსია... მათი მიჯნურობის “პროლოგი”, წერილების მიწერ-მოწერა, ხატაელებზე გალაშქრება, შემდეგ ხვრაზმშას ძის ჩამოყვანა, ალბათ, ერთ-ორ წელს მაინც გრძელდებოდა, ასე რომ ტარიელი 18 წლის მაინც უნდა იყოს იმ დროისათვის, როცა ნესტანდარეჯანს გათხოვება დაუპირეს, თავად ინდოეთის მეფის ასული კი არანაკლებ 12 წლის იყო...
      ჩვენ შემდეგ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ პოემაში ასახული მთლიანი დროის შესახებ, ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ტარიელი ძალზედ დიხანს ეძებდა ნესტანდარეჯანს, ეს დასტურდება ფრიდონის სიტყვებით, რომელიც ავთანდილს ამცნობს, რომ მისი და ტარიელის გაცნობის დღიდან შვიდმა წელმა განვლო, ამას ზედ დაერთო თუნდაც ავთანდიილის მიერ 10 თვე გულანშარომდე მგზავრობა, მერე უკან დაბრუნება, სალაშქროდ მზადება, ქაჯეთის ციხის აღება და ასე შემდეგ.... აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ, რომ ტარიელი და ნესტანდარეჯანი საკმაოდ დიდი ასაკისანი იყვნენ, როცა შეუღლდნენ, ყოველ შემთხვევაში ტარიელი არანაკლებ 30 წლის ასაკისა ჩანს....

      * * *
      დავუბრუნდეთ ისევ ისტორიულ სინამდვილეს:
      გიორგი რუსისგან განსხვავებით, ხვარაზმშამ ქორწილამდე ვერ მიაღწია, ტარიელმა იგი სიცოცხლეს გამოასალმა და, ალბათ, იგივეს უპირებდა რუსეთიდან ჩამოყვანილ სასიძოს ქართველი თაყვანისმცემელი თამარისა და მან ეს მხატვრული სახით დააფიქსირა კიდეც პოემაში.
      როგორც ვხედავთ, საქართველოს ისტორიული სინამდვილე ერთი ცნობილი ამბითაც აისახა პოემაში, რაც იმას ადასტურებს, რომ ავტორმა მართლაც აიღო “ესე ამბავი სპარსული” პროზაული ტექსტის სახით (ამას ირანში “დასთან”-ი ეწოდება, ანუ “ამბავი, ზღაპარი, იგავი”), გამოიყენა მისი სიუჟეტი, რაც მხოლოდ ტარიელის თავგადასავალს მოიცავდა და მასში ჩართო რამდენიმე ისტორიული ფაქტი საქართველოს სინამდვილიდან.
      ასევე რუსთველის ფანტაზიის ნაყოფად მიგვაჩნია ავთანდილის სახეც და მასთან დაკავშირებული “არაბეთიც”, რაც ყველაზე უფრო გაურკვეველი და სავარაუდო გეოგრაფიული გარემოა თავისი სიდიდისა და მრავალფეროვნებისა გამო. ავთანდილის, როგორც პერსონაჟის შესახებ, ჩვენ შემდგომ წერილებში ვისაუბრებთ, სადაც შევეცდებით “ვეფხისტყაოსნის” გმირების სახელთა წარმომავლობის გარკვევას. მანამდე უბრალოდ ვიტყვით, რომ “ავთანდილი”, როგორც სახელი რუსთველის ეპოქამდე არ არსებობდა და, როგორც ჩანს, ეს სახელი “ვეფხისტყაოსნის” ავტორმა ხელოვნურად შეთხზა არაბულ-სპარსული კომპოზიტის სახით: “ოუთან” (არაბული “ვათან” - სიტყვა “სამშობლოს” მრავლობითი რიცხვი) და “დილ” (სპარსულად – “გული”) ან "დინ" (არაბულად – სარწმუნოება)
      ასე რომ, გვაქვს ორი ვარიანტი:ა) ოუთან-დილ – სამშობლოს (სამშობლოთა) გული.
      ბ) ოუთან-დინ – სამშობლოს (სამშობლოთა) სარწმუნოება... ან  სარწმუნოების სამშობლო.

      მეოთხე წერილი"(ტარიელის) ქვაბი"




      მეხუთე წერილი - იყო არაბეთს როსტევან?

      (ჟურნალ "ჩვენს მწერლობაში" დაბეჭდილი წერილი)
      დიახ, სრულიად შეგნებულად დავსვით კითხვის ნიშანი ამ წერილის სათაურად შერჩეული ფრაზის ბოლოში... ასეთი კითხვა შეიძლება გაუჩნდეს ყველას, ვინც დაკვირვებით შეისწავლის რუსთველის პოემაში ასახულ გეოგრაფიულ გარემოს და აღმოაჩენს, რომ აბსოლუტურად ყველა ტოპონიმი შეესაბამება რეალურად არსებულ გეოგრაფიულ გარემოს და მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეიძლება როგორც სახელების ეტიმოლოგიით, ასევე პოემის ავტორის მიერ მოცემული დახასიათებით თუU მინიშნებებით.
      "ვეფხისტყაოსანში" მოხსენიებული ყველა გეოგრაფიული პუნქტის ზუსტი მითითება შეიძლება რუკაზე, გარდა ერთისა და ეს გამონაკლისი გახლავთ "არაბეთი". სწორედ ამიტომ იბადება კითხვა - როსტევანი მართლა არაბი იყო და არაბეთში ცხოვრობდა, თუ ეს ამა თუ იმ მიზნით შექმნილი "ნიღაბია" სინამდვილეში არსებული სხვა ქვეყნისა თუ ქალაქისა.
      * * *
      ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერია, რადგან ქართველთათვის ცნება "არაბეთი" ცნობილი გახდა თუნდაც მას შემდეგ, რაც არაბებმა დაიპყრეს პრაქტიკულად მთელი ე.წ. "ახლო აღმოსავლეთი", შუა აზია, აფრიკის ჩრდილოეთი ნაწილი, თითქმის მთელი ესპანეთი და, რა თქმა უნდა, ამიერკავკასიაც და ეს ყველაფერი ჩვენი წ.აღ. VII საუკუნიდან დაიწყო.... არაბთა მიერ შექმნილ სახალიფო, თავისი მასშტაბებით, პრაქტიკულად არ ჩამოუვარდებოდა სხვა დიდი შეკოწიწებული იმპერიების ტერიტორიებს ფართობით (იგულისხმება თუნდა რომის იმპერია ან საბჭოთა კავშირი), ხოლო არსებობის ხანგრძლივობით ნებისმიერ სხვაზე მეტხანს იარსება. ჩვენ აღარ შევუდგებით თავად ამ სახალიფოს დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შეფასებას და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ საქართველო მთლიანადაც და ნაწილობრივადაც გარკვეული დროის განმავლობაში შედიოდა ხსენებული სახალიფოს შემადგენლობაში და სანამ კონკრეტულად რუსთველის პოემაში ხსენებულ არაბულ სამყაროს განვიხილავთ, უნდა აღვნიშნოთ ერთი საყურადღებო ფაქტი, რომ ქართულ ენაში არსებული აღმოსავლური ლექსიკა (არაბული, თურქული, სპარსული) გარკვეული თავისებურებით გამოირჩევა, ანუ: სპარსული ლექსიკა დამკვიდრდა ძირითადად კახეთის რეგიონებში და მერე შევიდა ზოგადქართულ მეტყველებაში, თურქული უფრო დასავლეთ საქართველომ შეითვისა და მერე განავრცო ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში, ხოლო არაბული ლექსიკა დანარჩენ საქართველოს "აჩუქა" თბილისმა და ამას თავისი კონკრეტული ისტორიული მიზეზები აქვს... (ამ სტატიის ავტორი დაიბადა და შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი ძველი გაატარა ძველი თბილისის "გულში" და გამუდმებით უწევს ისეთი სიტყვების ხელახლა "აღმოჩენა", რომელიც ნამდვილქართულად ითვლება.... მაგრამ ეს უკვე სხვა სფერო და თემაა)
      * * *
      იყო არაბეთს ავთანდილ?
      ...იმიტომ "ავთანდილ", რომ იგი ყვლაზე უფრო მეტად "არაბია" სხვა არაბთა შორის; პოემის თანახმად არაბები არიან: როსტევანიც, თინათინიც, შერმადინიც, სოგრატიც და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ავთანდილის თუ როსტევანის "არაბობის ხარისხის" დადგენას, მაგრამ ავთანდილს იმიტომ ვანიჭებთ უპირატესობას, რომ თავად ავტორმა შეუთხზა მას სახელი რეალურად არსებული არაბული ენიდან; ენის რეალურობას იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ რუსთველს შეეძლო გეოგრაფიული გარემო გამოეგონებინა ან უბრალოდ ალეგორიულობით შეენიღბა, ახალ ენას კი იგი თავისი პერსონაჟის სახელის შესათხზავად ნამდვილად ვერ გამოიგონებდა. მაშ, ასე - რას ნიშნავს "ავთანდილი"? ამის შესახებ რუსთველოლოგთა ის ნაწილი მსჯელობდა და სწორი დასკვნებიც გამოჰქონდა, ვინც იცოდა სპარსული თუ არაბული ენები. ამ ენების არცოდნის გარეშე კი სრულიად წარმოუდგენელია "ვეფხისტყაოსნის" ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობა; არ გვსურს ახლა არანაირი პოლემიკის გამართვა "რუსთველოლოგებთან", ეს მომავლის საქმეა, დავასახელებთ მხოლოდ ორ მაგალითს: ნებისმიერმა ირანისტმა იცის, რომ "შამშირ" არის ხმალი, ხოლო "სათ" შავი ფერის ძვირფასი ქვაა.... არადა, მავან მეცნიერებს უწერიათ განმარტებებსა და კომენტარებში: შიმშერი - ფარი, სათი - წითელი ფერის ქვა.... ხდება ხოლმე!
      ისევ "არაბ" ავთანდილს დავუბრუნდეთ:
      ჯერ ვერცერთმა მეცნიერმა ვერ შეძლო დაეფიქსირებინა სახელი "ავთანდილი" რუსთველამდე არსებული ლიტერატურულ თუ ისტორიულ ძეგლებში; იუსტინე აბულაძემ ასეთი განმარტება მოუძებნა ამ სახელს:
      ა) "ვათან" არაბულად არის "სამშობლო, ქვეყანა", მისი მრავლობითი რიცხვია "ავთან".
      დ) "დილ" - კლასიკური სპარსულის თანახმად არის გული (დღეს სპარსელები "ყალბ"-ს ამბობენ, როცა უნდათ გულის ხსენება, ხოლო "დილ" გახდა მთლიანად შინაგანი ორგანოები, ზოგადად - სტომაქი).
      "ავთან+დილ" - გამოდის სამშობლოს, ქვეყნიერების გული.
      თუმცა არის მეორე ვარიანტიც: "ავთან+დინ" და ეს "დინ" გახლავთ სარწმუნოება, ხოლო ამგვარი კონსტრუქცია სახელებისა ყველასათვის ყოველთვის ცნობილი იყო: ჯალალ-ედ-დინ - დიდება სარწმუნოებისა, ნურ-ედ-დინ - სინათლე სარწმუნოებისა, ფახრ-ედ-დინ - სიამაყე სარწმუნოებისა.... ამავე რიგში დგას ნესტანდარეჯანის მამის, ფარსადანის და ტარიელის მამის სარიდანის სახელებიც. ესე იგი, სრული ფორმა იქნება "ავთან-ედ-დინ" (იმასაც გეტყვით, რომ "ნესტანდარეჯანის" შუაზე გაჭრა ან დეფისით გაყოფა, სრულიად გაუმართლებელია, ეს სახელი უნდა დაიწეროს ერთად, ხოლო მისი წარმოშობა უკავშირდება ფრაზას "ნესთ ანდარ ჯეჰან" - არა არს შიგან ქვეყნიერებისა).
      რომელია უფრო მისაღები - "ავთან+დილ" თუ "ავთან-ედ-დინ"? - ეს ჯერჯერობით გაურკვევლია, მაგრამ გარკვეულია ის, რომ ავთანდილი ძალიან უცნაური "არაბია"
      რატომ?
      გავიხსენოთ პოემის ეპიზოდები:
      ა) ავთანდილი გულანშაროსკენ რომ მიცურავს, მოგეხსენებათ, გზაში გადაეყრება ვაჭრებს, რომლებსაც დაეხმარება მეკობრეთაგან თავის დახსნაში; იმ ვაჭრებმა ავთანდილს თავი ასე გააცნეს
      გარდახდა. ჰკადრეს: "ჩვენ ვართო მობაღდადელნი ვაჭარნი,
      მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი (1040)
      ბაღდადელი ვაჭრები არ იცნობენ ავთანდილს, ესე იგი ავთანდილი არ არის ბაღდადელი არაბი.
      ბ) მეკობრეთაგან დარბეული ნავის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი კი, ვინც ბაღდადელმა ვაჭრებმა ნახეს, მოდიოდა ეგვიპტიდან:
      თქვა: "ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა,
      ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა (1042).

      გ) ავთანდილი მულღაზანზარიდან გაემართა ნავით გულანშაროსკენ, იგი იქ ახლანდელი კუვეიტის ტერიტორიიდან მოხვდა მანამდე კი ავთანდილი ირანის გავლით მივიდა ხატაეთამდე (ხატა-ეთი არის იგივე რუსული "კიტაი"), იქ ხატაელმა ძმებმა დაანახეს შორს მიმავალი ტარიელი, ამიტომაც უკან გამობრუნდა დასავლეთისკენ და მიაღწია დიდ კლდეებს სადაც იყო ქვაბი, იმ ქვაბიდან კი ტარიელმა ავთანდილი ზღვის პირასა გაიყვანა და უთხრა:
      "აღმოსავლითკე წადიო, პირსა იარე ზღვისასა" (956)
      ესე იგი, თუ რუკას წარმოდგენთ, მიხვდებით, რომ ავთანდილი ახლანდელი არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიას არ გაკარებია და არც იქიდან წამოსულა ტარიელის საძებრად, ესე იგი ავთანდილი არ არის საუდის არაბეთის არაბი (ჩამოთვლილი რეგიონების ადგილმდებარეობისა და მათი სახელების შესახებ ნაწილობრივ გვაქვს გამოთქმული მოსაზრებანი წერილში, რომელიც ადრე უკვე დაიბეჭდა სხვა გამოცემაში, ამიტომ აქ ამაზე არ შევჩერდებით და მომავალაში ყველაფერს ერთად ერთ ნაშრომად წარმოვადგენთ).

      ზემოთხსენებული სამივე დიდი რეგიონი რუსთველის ეპოქაში ერთ მთლიან და კონკრეტულ "არაბეთს" წარმოადგენდა, მაგრამ ავთანდილი არცერთი ამ 'არაბეთის" ბინადარი არ არის.
      მაშ, სად არის ავთანდილის მშობლიური "არაბეთი"? - ამ კითხვაზე პასუხს გვაძლევს საქართველოს ისტორიაში ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტი:
      თბილისის საამირო — არაბთა სახალიფოს ვასალური პოლიტიკური ერთეული საქართველოში, არსებობდა 736-1122 წლებში. არაბი ამირები თავიდან მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მართავდნენ, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად მათი სამფლობელო ნელ-ნელა შემცირდა. IX საუკუნის დასაწყისში საამირო მოიცავდა მხოლოდ ქართლს, ხოლო XI საუკუნიდან — ქალაქ თბილისს და მის მიმდებარე მიწებს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. საამირო საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ებრძოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს, ასევე სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას. საამიროს სამი დინასტიის — შუაბიანთა, შაბანიანთა და ჯაფარიანთა წარმომადგენლები მართავდნენ. 1122 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი, რითაც წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას და ქალაქი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად აქცია (ციტატა Wikipedia-დან).

      ახლა პასუხი გავცეთ მორიგ კითხვას:
      თუ ესა თუ ის ქალაქი ან ქვეყანა თითქმის 400 წელი ითვლება სხვა ქვეყნის საკუთრებად, შეიძლება თუ არა, რომ ამ გეოგრაფიულ პუნქტს დროებით და სიმბოლურად ერქვას არა თავის მშობლიური მხარის არამედ დამპყრობი ქვეყნის სახელი? ანუ - თუ თბილის ოთხი საუკუნე იყო არაბეთის ნაწილი, შეიძლება, თუ არა, რომ ისიც "არაბეთად" მოეხსენიებინა რუსთველს თბილისის განთავისუფლებიდან სულ რაღაც სამოცი-ოთხმოციოდე წლის შემდეგ, როცა პოემა მან პოემის წერა დაიწყო?
      როგორც ჩანს, არაბეთი სხვა არაფერია, თუ არა თბილისი (თბილისის საამიროს შემორჩენილი სახელი).
      შედარებისთვის გაიხსენეთ მაგალითები ახლო წარსულიდან: როცა ჩვენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევდიოდით, პრაქტიკულად ყველას ეგონა, რომ ჩვენ ვცხოვრობდით რუსეთში და ვიყავით რუსები, რადგან ვითვლებოდით რუსეთის ნაწილად.... ლამისაა 200 წელი გახდეს, რაც ვორონცოვი აღარ არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თბილსში "ვარანცოველები" მუდამ იცხოვრებენ და ასე შემდეგ.
      * * *
      ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა....

      თუ დავიჯერებთ, რომ "არაბეთი" არის თბილისი მაშინ ეს "წყალი" უნდა იყოს მდინარე მტკვარი....
      ამგვარი ვარაუდები კი იმასაც გვაფიქრებინებს უნებლიედ, რომ ტარიელი სატრფოს ძებნამ მტკვრის პირებზე ატარა და ნადირობით გართულ როსტევანსა და ავთანდილს თბილისის შემოგარენში შეახვედრა.... მაგრამ ასეთი მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს და ჩვენი შეხედულებების დასამტკიცებლად ბევრი არგუმენტის მოხმობა დაგვჭირდება, რაც ერთ წერილში ვერაფრით ვერ ჩაეტევა, ამიტომაც გვაქვს განზრახვა "ვეფხისტყაოსნის" დროსა და სივრცეზე დიდი გამოკვლევის შექმნისა, მანამდე კი შევეცადეთ დაგვედგინა პოემაში მოხსენიებული "არაბეთის" ადგილმდებარეობა... ფაქტებს ვერსად გავექცევით - 400 წელი თბილისი იყო არაბეთის ნაწილი და საკითხის ასე დასმით ავტორმა კარგად შენიღბა თავისი გულისნადები, ანუ ის, რომ ავთანდილი არის თავად შოთა და მისი სატრფო თინათინი კი თამარ მეფეა.... ამ ალეგორიულ წიაღსვლას, ალბათ, დამტკიცება არ სჭირდება.
      * * *
      ....და კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც რეალური დროითა და მანძილით განისაზღვრება:
      ავთანდილმა ტარიელის ქვაბიდან, უფრო სწორად იქიდან, სადაც მან ტარიელისგან "აღმოსავლური ორიენტირი" მიიღო ნიშნად, ფრიდონის მულღაზანზარამდე "სამოც-ათ" (70) დღე ზღვა-ზღვა იარა და მერე კიდევ 10 დღე მენავეთაგან მისწავლებული გზის გავლას მოანდომა... ესე იგი, სულ 80 დღე. ახლა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეებში მგზავრთათვის ყოველ 25-30 კილომეტრზე არსებობდა ქარვასლა, სადაც მათ ღამის გათევა შეეძლოთ.... ანუ - ავთანდილმა იარა დაახლოებით 2000 კმ (80 დღე გავამრავლოთ 25-30 კილომეტრზე); ახლა შეგიძლიათ "Google"-ს ვირტუალურ რუკაზე გადაზომოთ მანძილი ქუვეითიდან ირანის ქალაქ ბენდერ-აბასამდე (ორმუზდის სრუტემდე) და ნახავთ, რამდენ კილომეტრსაც მიიღებთ.

      ყველაზე საინტერესო დასკვნა კი ის არის, რომ ეს გზები და ქვეყნები პოემის ავტორს თავად ჰქონდა მოვლილი და ნანახი.... შოთა რუსთველის სამოგზაური გამოცდილება გახდა, ალბათ, ერთ-ერთი სტიმული თუ საფუძველი გენიალური პოემის შექმნისა.





      Комментариев нет:

      Отправить комментарий