"ბიჭი თანდილა"
ორმოქმედებიანი პიესა ქართული ზღაპრების მოტივებზე
პირველი სურათი
(გლეხური დარბაზი, მარჯვნივ მოჩანს ბუხარი, მარცხნივ - ტახტი, ტახტის ქვეშიდან ვიღაცის ფეხები ჩანს; მარცხნივ, სიღრმეში ფანჯარაა; შემოდის დედა)
(დედა) - (ცოცხით ხელში, ოთახს გვის და თავისთვის ლაპარაკობს) სად დაიკარგა ის ბიჭი?! აგრემც ჯანდაბაში წასულა და იმის იქით გადაკარგულა. განა ტყუის მამამისი?! კაცი ლამის წელზე ფეხს იდგამს, ლუკმა-პურის საშოვნელად გათენებიდან დაღამებამდე შრომობს და ეს ამხელა მუტრუკი კიდევ ჭამის მეტს არაფერს აკეთებს.... თანდილა!.... ბიჭო თანდილა!... სად დაიკარგე, შე ჭირში დასაკარგავო?! (ჩამოჯდება, ქვაბიდან ლობიოს ჩაიყრის კალთაში, არჩევს და ჯამში ყრის). ან ის მკითხავი რაღა იქნა, ჰა?! მითხრა - საღამომდე მოვალო.... საცაა პეტრეც მორჩება საქმეს და მოვა.... აბა, ერთი გავხედო გზასა... (ფანჯარასთან მიდის და იყურება), უი, ქა!... მოდის.... მოდის განა ეს დასაწვავი (დაფაცურდება, სკამებს მიალაგ-მოალაგებს, ბუხარში შეშის ნაჭერს შეაგდებს).
(მკითხავი) - (სცენის მიღმა) ჰეი, ხალხო... ადამიანებო... არავინა ხართ სახლში?
(დედა) - მობრძანდით, დედი, რა ხანია, გელოდებით..
(მკითხავი) - (შემოდის ბანცალით, ცოტა ნასვამიც უნდა იყოს) აქა მშვიდობა და სიამტკბილობა! გამარჯობა და კიდევაც გამარჯობა! გამარჯობა-მეთქი!
(დედა) - უი, ქა, სალამი! აქეთ მობრძანდით!
(მკითხავი) - (ტახტზე ჩამოჯდება და თავშალს ჩამოიხსნის) აგრემც მტერი დაგლევიათ და კიდევაც დაგლევიათ, აგრემც ხვავი და ბარაქა არ მოგკლებიათ და კიდევაც არ მოგკლებიათ... ქალო, ჯერ წყალი დამალევინე და მერე ღვინოსაც მოგთხოვ.
(დედა) - მოითხოვე, დედი, რაც გინდა ის მოითხოვე, ოღონდაც ჩემს თანდილას რამე უშველე და... (უსხამს წყალს) დედი, გეტყობა, შორიდან მოდიხარ, ამქვეყნის ამბები გეცოდინება...
(მკითხავი) - (სვამს წყალს და ლუღლუღით ამბობს) ქვეყანა აირია, შვილოსან, და კიდევაც აირია....
(დედა) - რაო ვითომაო, რა გვინდაო?!
(მკითხავი) - ვინც მუშაკაცია, ნაშრომს ართმევენ და ვინც ყბედი და მუქთახორაა, თავისთან მიყავთ და ძალას და ქონებას აძლევენ....
(დედა) - ეეეეეეეეეეეეეე?!
(მკითხავი) - ტარტაროზების ერთი წყება წავიდა და მეორე მოვიდა... მარანი შორსა გაქვთ?
(დედა) - ნეტა ჩემს პეტრეს ხომ არაფერს დაუშავებენ?! მაშ, მუქახორებს ქონებას აძლევენო?
(მკითხავი) - ეგრეა!
(დედა) - ჩემ თანდილასაც მისცემენ?
(მკითხავი) - მისცემენ, მაშა! მარანი შორსა გაქვთ-მეთქი?
(დედა) - ეხლავე, ეხლავე მოგიტან ღვინოსა...
(დედა გადის, უცებ ტახტი შეტორტმანდება და მკითხავი ძირს მოადენს ზღართანს)
(მკითხავი) - მიწა იძრა თუ მთვრალი ვარ, ჰა? (ზლაზვნით წამოდგება... ღიღინებს) ალიასა-ბალიასა, ჭინკა ჩაჯდა გალიასა... ყველას ერთად გაუმარჯოს, ვაჟიანს და ქალიანსა... (ისევ ჩამოჯდება ტახტზე და ისევ შეტორტმანდება), მთვრალი ვარ, განა?!... (აგრძელებს ღიღინს) ყველას ერთად გაუმარჯოს, ფხიზლიანს და მთვრალიანსა...
(შემოდის დედა)
(დედა) - (უსხამს ღვინის მკითხავს და აწვდის) დაგვლოცე, დედი!
(მკითხავი) - ალიასა-ბალიასა, ჭინკა ჩაჯდა გალიასა... ყველას ერთად გაგიმარჯოთ, ვაჟიანს და ქალიანსა!... (სვამს) ჰოოოო, ღვინო კარგი გქონიათ, ახლა მითხარი შენი უქნარა შვილი სად არის და მერე სუფრის გაშლასაც მოგთხოვ...
(დედა) - (თავისთვის) სუფროს გაშლა რაღააო ვითომა? (მკითხავს) უიმე, ჩემი შვილი, ჩემი თანდილაი.... ენაცვალოს დედა, ამდილას წავიდა, სამსახური უნდა ვიშოვოო და ჯერ არ დაბრუნებულა, არ უმართლებს და რა ქნას?! იქნება შენ უშველო, ჰა?! ერთი შაულოცე შენებურად.
(მკითხავი) - კიდევ დამისხი.... ჰა.... ნუ გენანება, თუ გვარიანად არ გამოვთვერი, შენს უქნარა შვილს ვერ ვუშველი... დაასხი-მეთქი, ქალო! (დაუსხამს და ისევ სვამს) ეხლა წადი, ტაშტი, ნახშირი, დანა და სარკე მომიტანე... (იწყებს ბურტყუნს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს) ალიასა-ბალიასა, ჭინკა ჩაჯდა გალიასა... ალიასა-ბალიასა, ჭინკა ჩაჯდა გალიასა...
(დედა) - უიმე.... ეს ვინა ყოფილა?! (გადის დანაბარების მოსატანად, მკითხავი კი ტახტზე მიწვება და ხვრინვას ამოუშვებს... "ფხუ-ფხუ-ფხუ-ფხუ-ფხუ" უცებ გუგული გამოხტება საათიდან და ხუთჯერ დაიძახებს "გუ-გუ-გუ-გუ-გუ" და ეს "ფხუ" და "გუ" ერთმანეთს ენაცვლება... შემოდის დედა; შემოაქვს ის, რაც მკითხავმა დააბარა, საათს შეხედავს) ხუთი საათიც გამხდარა... საცაა პეტრეც მოვა... ჰეი, დედი!... დაიძენე, ქა?! აბა, მომხედე, მოვედი.... მოვიტანე, (ანჯღრევს) გაიღვიძე, სადაცაა პეტრეც გამოჩნდება, გესმის, გაიღვიძე-მეთქი!
(მკითხავი) - (გაიღვიძებს) ალიასა-ბალიასა, ჭინკა ჩაჯდა გალიასა... ეგენი მანდ დაალაგე და სუფრის გაშლა დაიწყე! ყოჩაღად, ქალო! - რას მამჩერებიხარ?! ხომ გითხარი, ქვეყანა აირია, ტარტაროზები მიდი-მოდიან, ერთმანეთს არ აცლიან ლაქლაქსა... შენი უქნარა შვილიც, ხომ გინდა, რომ წაიყვანონ და საქმე გამოუჩინონ?
(დედა) - ეხლავე, დედი, ეხლავე...
(მკითხავი) - ბევრი არაფერი მინდა: ყველი, პური, მწვანილი, ხილი... და ქათამი.
(დედა) - უი, ქა... ქათამიცა?!
(მკითხავი) - (გაბრაზებით აცეცებს თვალებს) ალიასა-ბალიასა, ჭინკა ჩაჯდა გალიასა...
(დედა) - ეხლავე, ჰო, ეხლავე, ოღონდ ნუ მაშინებ (შლის სუფრას)
(მკითხავი) - (იღებს დანას, ნახშირს ჩათლის ტაშტში, გამურავს სარკეს, მერე გაწმენდს, შიგ იყურება და მკითხაობს... თან ამთქნარებს) ჰოოოოო. ვხედავ.... შენი პეტრე მშრომელი კაცია, ტანზე სულ ძველმანები აცვია... შენც უყვარხარ და შენი შვილიც!... (პაუზა, ამთქნარებს, ნახშირს ისევ წაუსვამს სარკეზე, მერე გაწმენდს და ისევ იყურება სარკეში) შენს პეტრეს ძალიან ეჯავრება სიზარმაცე და მუქთახორობა... ჰოოოო.... ვხედავ.... ვაიიიიიიიმეეეეე! დავინახეეეეეეეე!
(დედა) - (შეშინებული წამოხტება) რა დაინახე, დედი?!
(მკითხავი) - ქალი დავინახე! უცხო ქალი!
(დედა) - უცხო ქალიიიიი?!
(მკითხავი) - მაშა!... ქალი!... უცხო! ერთიც დამისხი, დავლევ და კარგად დავინახავ, ვინ არის! წადი ერთი დოქიც ამოიტანე, თუ გინდა რომ ყველაფერი გითხრა იმ ქალისა...
(დედა) - ეხლავე დედი, ეხლავე!.... (თავისთვის) ქალი?! უცხო ქალი?!ვაიმე, ჩემო პეტრე, ვაიმე!!! არააააა! ვაი მე კი არა, შენ, პეტრე, ვაი შენი ბრალი! (დაქადნებით ირტყამს გულზე ხელს და სასწრაფოდ გადის ღვინის მოსატანად)
(უცებ ტახტი აყირავდება, მკითხავი სადღაც კედელთან გადაგორდება და ისევ ჩაეძინება, ტახტის ქვემოდან კი თანდილა გამოძვრება, ერთი გემრიელად გაიზმორება და დაიძახებს)
(თანდილა) - დედიჯან, დედიჯან, ამდილას ძალიან მოშივდა თანდილას! აი, პურ-მარილიც გაუშლიათ... რა დედა მყავს! რა დედა!
Комментариев нет:
Отправить комментарий