პოლიტიკური "ლირიკა"

001
სულ ახლახან, ვინც უაზროდ
ტუჩი ააცმაცუნაო,
ან დიადი "ნაცი" გახდა
ან პატარა ნაცუნაო.
მაგრამ ახლა მოუწიათ
უკან გამოცოცებაო...
და ამბობენ – "მგონი, დროა
ჩვენც დავიწყოთ ოცნებაო". (2013 )

002
"ერთიანი პროვოკაციული მოძრაობის" ჰიმნი
(კომპოზიტორებს შეუძლიათ შურჩიონ მელოდია)

დავახვავეთ შუშები,
გავაბრიყვეთ მუშები;
ტკივილები დავტოვეთ
ძნელად მოსაშუშები.
ჰე! (2013 )

003
"ფეისბუქისგან" მთლად გადაღლილს აღარ მაქვს შვება,
რადგან შევყურებ ინტერნეტით წარყვნილ თაობას,
რეალურ გრძნობებს რადგან სრულად წარსტაცეს ვნება
და დროს სწირავენ ვირტუალურ არარაობას.
და იყიდება ლაიქებზე კაცის ღირსება
და ყურადღება მთლად დაიპყრო პოლიტ-მეძავმა
და ლექსის წერა გრაფომანთა გახდა თვისება
და ყველა უგნურს ჭკვიანობა შემოეძალა.
და მასხარები დარბაისელ პოსტებს ხლართავენ
და მედროვენი პარპაშებენ თავის ნებაზე
და უვიცები პოლემიკას ბრძენთან მართავენ 
და ქილიკობენ სიყვარულზე და ოცნებაზე.

ყველაფრით დაღლილს მე გაქცევა მიელავს თვალში,
მაგრამ ვერ ვტოვებ ჩემს მეგობრებს ამ ცოდვა-ბრალში. (2012 )

004
ეჰ, საქართველოვ ბედკრულო! ეს რა შავ დღეში ჩავარდი?!
შემოგესია მრავალი არაკაცი და ნამარდი;

შენმა შვილებმა შენს ჭირად იწყეს ქვეყნებში ნავარდი...
სინგაპურამდე აგწევთო“ - გითხრეს და უფრო დავარდი,

ახლა მორიგი ხმა ისმის, თავს მოგვახვიეს სხვა დარდი -
თსუ უნდა გახდესოკავკასიური ჰარვარდი“ 

ნეტავ ამ ხალხმა შეიგნოს, რომ არსად არ გადაგვარდი
და ამ მსოფლიოს ბაღნარში საუკეთესო ხარ ვარდი! (2012 )

005
ქართულია ორივებარტყიცა და ლაპიცა....
და არაქართულია ტრამპლინიც და ტრაპიცა....
გინდა კუპრი დაისხი, მიაყოლე შხაპიცა
არა და არ გვაღირსეს ნატოცა და მაპიცა,
საწვავია ვისოლიც, გალფიცა და აპიცა
და რომ ძლიერ ძვირია, ამას ხვდება ღლაპიცა....
ჰოდა, იმას ვამბობდირომში წუხს თვით პაპიცა,
მოკვდა მეცნიერი და დიდი კაცი კაპიცა.  (2012 )

006
ლექსები კეთდება აქ! -1

"მაესტროს" სტუდიიდან გვაყლაპებენ აბებს...
თეატრში ორშაურად არიგებენ "საბებს"...
ლექსს უძღვნიან მგოსნები ნანდაურს თუ ძღაბებს...
ქაღალდზე აშენებენ ქალაქებს და დაბებს...
მალე ჩვენი "კაცებიც" ჩაიცვამენ კაბებს...
ბარათს ახლა არქმევენ მაჩვს თუ ციყვს თუ ზღარბებს...
"სწერვა" ლამაზმანები იპუტავენ წარბებს...
მინისტრებად ნიშნავენ პრაპრაპრაპრარაბებს...
სამურაბე კაკლისთვის ზოგი ეძებს შაბებს...
ლუდხანების ადგილზე აშენებენ პაბებს...
ციხეში აგზავნიან პოტენციურ "ჯაბებს"...
რუსი ოკუპანტები ჩვენთან ხსნიან შტაბებს...
ერთი თუა მაძღარი და პირს აღაბღაბებს...
ათასია მშიერი, ვერ ავსებენ ქვაბებს...
ნამდვილ სახეს მალავენ, გვაჩვენებენ ყალბებს...
თეატრებში (ბერნარდას!) აღარ დგამენ ალბებს...

...ვითომ დემოკრატიით ყურში გვჩრიან ბამბებს
და, კი აღარ ყვებიან, აკეთებენ ამბებს! (2012)

007
ვინც მშობლიურ ქვეყანაში
ხალხის ნებას ადებს ვეტოს,
სჯობს გაშორდეს სამშობლოს და
უცხო ქვეყნის შარა ხვეტოს.   (2013 )

008
2013-ის სურვილები
2012-თან განშორებამდე

ღმერთმა სულ სხვა საქართველო
მოგვიტანოს ახალ წელს და
სიყვარულის ტვირთის გარდა
არაფერი დაგვაწვეს და
ნუღარავის დაგვიკარგავს,
ნუღარავის გადახვეწს და
გაგვახარებს ქართულ აკვანს
რაც უფრო მეტს დაარწევს და
მოხუცებთან განშორებას 
რაც უფრო შორს გადაწევს და
შეგვინახავს მამა-პაპის
ადათს, ჩვენთვის რომ დაწესდა.

წელი იყოს ისეთი, რომ
არ გვენახოს სხვა ასეთი,
შეგვნატროდეს აღმოსავლეთ-
ჩრდილოეთ და დასავლეთი,
მოსპოს, სადაც შემოგვრჩება
აწ ჩავლილი "მასხარეთი",
სხვა "კანონის მანქანა" ვსურს,
სხვა ზნეობით დასაზეთი,
სხვა გვსურს ტელევიზია და
გვენატრება სხვა გაზეთი,
და დაბრუნდნენ სხვა გრძნობებით
ოსეთი და აფხაზეთი!

009
დაბადებიდან თუ დაგყვა
ნაძირალობის შენ გენი,
ვერას გიშველის "ეუთო",
"ნატო", "მაპი" და "შენგენი".  (2012 )

010
ზოგ-ზოგს მხოლოდ ის აღელვებს - ხარისხი და ჩინი ჰქონდეს,
მაქსიმუმი მიიტაცოს, გასაცემი მინი ჰქონდეს;
მე კი კაცად იმას ჩავთვლი - ნიჭი ჰქონდეს... ტვინი ჰქონდეს
და სიკეთის საკეთებლად თუნდაც შალაშინი ჰქონდეს.  (2012 )

011
ვლოცავ ახალ წელს ჩემი ფრენდებით,
ყველა "სტარტით" და "ჰეფი ენდებით,"
საქართველოს და ქართველთა მოდგმას
ბედნიერ დილად დავათენდებით.
(2013 )

012
მაჯამა – მივიწყებული, მაგრამ მარად მომხიბლავი....
(ვაჰ! – ხუთი "" გამოვიდა)

ჩემს ნერვებზე მან იმდენი იარა და ირონია,
ლექსისთვისაც აღარ დამრჩა სარკაზმი და ირონია;
თუ სამშობლო გვიყვარს, გვმართებს საქმენი საგმირონია
ერთი კარგი დამშვიდება ჩვენთვის (მალე!) მირონია.  (2011 )

013
ევროპაში გვითხრეს - ბრავო!
რუსეთს, ალბათ, ეთქმის "უხ, ტი"
არჩევნები ჩავამთავრეთ,
დროა, გაქრეს მტრობის მუხტი.
ამერიკა იტყვის "ვაუ",
ბარემ თურქმაც გვითხრას "საღოლ",
ის დრო დგება, რომ ამქვეყნად
ქართველებმაც გაილაღონ!  (2012)

014
ეს შენობა, თვალს რომ მოგჭრის,
ევროპული ვექტორია -
სადაც კია ვინმე გიჟი,
ჩვენთვის არქიტექტორია.  (2011 )

015
ეს ხვედრი ღმერთმა ჩვენს ქვეყანას რატომ მიაგო?!
ოტელოს მიჯრით მისხდომიან გვერდზე მონები...
დღეს ღირსებაა მავანთათვის - იყოს იაგო
და დასახრჩობად მოიძიოს დეზდემონები.
(2013 )

016
რა სიგრძეა, რა განია! –
ევროპა ვართ გაგანია!
ღამურებად გადაქცევა
დღეს მთავარი საგანია!  (2012 )

017
ზამთარი მოდის, ზამთარი მოდის
შემოყინვით და შემოციებით....
ნეტავი როდის.... ნეტავი როდის...
კვლავ ავივსებით ემოციებით?!
(2012 )

018
რა დრო დადგა! – მოიხსენი ეგ სათვალე მუქი;
სიმართლეა, რასაც ვამბობ, განა ბაქიბუქი;
გაიხედეარის შუქი? დიახ, არის შუქი!....
არის შუქი!... არის შუქი!... არის ფეისბუქი!
(2012 )

019
ეს პოლიტიკა მან თურმე
ოდესღაც მთლად შეიძინა...
მერე თითქოსდა გაქრა და
სადღაც შორს დიდხანს იძინა;
მაგრამ ჰა! უცებ მოვიდა!
ბევრსამც შესძახა иди на...
(ეს ლექსი თქვენ დაასრულეთ)
ვინ ვიგულისხმე?   ..............
(2011 )

020
ადრე თუ გვიან ყველაფერი ხდება რუტინა,
უნდა იცოდეს "პატარამ თუ დიდმა პუტინმა"
შურისძიება კვალში დასდევს მუდამ ტირანებს
ხალხს უკვე ბევრი ქათმებივით გააპუტინა
(2012 )

021
ერთი სიბრძნე შემასწავლეს მოყვრებმა თუ მეზობლებმა,
რომ ის კაცი, ვინც ელიტას სნობისტურად ეზომება,
ვინც სხვას ბაძავს და სხვის ჯაჭვზე (ეგზომ!) მონად (ეგზომ!) ება,
სხვათა თვალში ჩხერის შემდეგ აღარავის ეხსომება.
(20.02.2013 )

022
ბრიყვის ცხოვრება ასეა
თავს რომ პარტიას ატაკებს,
ჰგონია, ცოდნით აჯობებს
მავან და მავან "ზნატაკებს";
მერე რაც უფრო ბევრ უფროსს
ის ჩააბარებს პატაკებს,
მით უფრო მალე მის სინდისს
ცხოვრება გააღატაკებს. (2011)

023
მიჯობს ტყვია მახალონ და გამიტანონ მე საკაცით,
ვეღარ ვუძლებ ცხოვრება რომ იწამლება  ქლესა კაცით. (2013

024
ნეტავ ყველა ნაძირალა რად ფიქრობს, რომ ნაღებია?! –
ყვავი ჩხავის და ბულბულად თავი გაუსაღებია...
სახლს რომ ფუძეც არა აქვს და ამბობენ, რომ თაღებია,
იმიტომაც უგნურებას გზები გაულაღებია. (2011 )

025
რომ დაფასდე შენ ამქვეყნად
(რაგინდ იყო "ტვინიკოსი"),
არ გეგონოს - უნდა იყო
შვილი ვინმე თინიკოსი,
ან აკასი, ან მაკასი,
ნიკოსი ან ნინიკოსი,
ან ბესოსი, ან კესოსი,
ანდა აგრაფინიკოსი;
არც ის გაჭრის, რომ ექიმი
იყო (კარგი!) კლინიკოსი,
ან შეგეძლოს თამადობა
ჭირისა თუ ლხინიკოსი
და ჭაჭიკოს სმა გიყვარდეს,
ან კახური ღვინიკოსი...
არა... არა! მთავარია
იყო მაღალჩინიკოსი
და გარს ბევრი გეხვეოდეს
შენისთანა ცინიკოსი. (2012 )

026
1.
უნამოსოთა შემქმნელი
განა მავანი კაცია,
მათს დედებს გველთან ჰქონიათ,
ალბათ, "კოჰაბიტაცია".
2.
თავად ზემწოლი თუ ჩივის -
არისო ჩემზედ "ზეწოლა",
ის ჯობდა, დედის კი არა,
მას ძაღლის ძუძუ ეწოვა.
3.
"კეთებას" თუ არ დავიწყებთ
და ვიარსებებთ "ხედვებით",
მთლად გადაგვთელავს პუტინი
მალე თავისი მხედრებით. (2013)

027
პატიმრის ელეგია

სიფრთხილის მიზნით გაცნობებთ! -
გთხოვთ, გადაეცით ბაჩოსა,
რომ ყურადღებით იყოს და
თვალები კარგად ქაჩოსა:
ემანდ მზაკვრულად შეგზვანილ
საკვებს, სასმელს და სარჩოსა
არ მიეძალოს, დასჯერდეს
ციხის უბრალო სარჩოსა,
ნუ მიენდობა მშფოთვარე
აკოს, პაკოს თუ დარჩოსა,
ვინც დაჰკანკალებს მას, რათა
სიტყვა არ ჩაიჩაჩოსა,
არ დაფქვას ის, რაც არ აწყობს
ჯერაც "თლა უფროს მაჩოსა";
ჰოდა, სჯობს ლეიბ-საბანი
გაინაზ-გაიფარჩოსა,
იჯდეს (ან იწვეს) და ჩუმად
უმზიროს ციხის ჩარჩოსა. (2012)

028
ლექსები კეთდება აქ– 2

როგორც წესი, "ყლუპ"– რომ გვაქვს,
მანამდეა "ყლაპი",
"სხუპ"–ის წინაც ლაპარაკში
არის მუდამ "სხაპი"...
ჩვენში ზოგჯერ როცა მოთოვს,
იმას მოსდევს ჭყაპი...
წვიმაშიაც წესრიგია:
(2) "წკუპ"–ამდეა (1) "წკაპ"–.
ტყემალს ქვაბში რომ აზელენ,
მერე ხდება ტყლაპი,
სანამ ხოხობს დაარქმევენ,
მის ბარტყს ჰქვია ლაპი,
ორმეტრიან კაცს რომ ხედავ,
ადრე იყო ღლაპი,
იოანეც ქსენძი იყო,
მერე გახდა პაპი...
გაგვაწამესჩვენ "ნატო"–მდე
არ გვაღირსეს "მაპი"...

ერთი სიტყვით... ჯერ წყალია
და მზადდება შხაპი...
დავიძახოთ ყველამ ერთად
"სნიპსნაპსნურესნაპი"
და ჩავრეცხოთ სიბინძურე....
გავხსნათ ყველა ტრაპი! (2012 )

029
ბატონი შოთა ნიშნიანიძის ხსოვნის წინაშე ბოდიშს ვიხდი, რომ მისი ლექსი გამოვიყენე ქვემოთმოტანილი პაროდიისთვის (შესადარებლად ლექსის დედანი შეგიძლიათ ნახოთ აქ – http://lib.ge/book.php?author=246&book=7781)

* * *
რომ ჟურნალისტის სახელი გერქვათ,
ყველა როდი ხართ ღირსი,
დაბინდული გაქვთ გონება ერთად
ნისლით, სიცრუის ნისლით.

თუ ჟურნალისტი გქვიათ სახელად,
ძალა არ არის თქვენი მომრევი?!
სიმართლეს ამბობთ ზოგჯერ ნახევრად,
ზოგჯერ კი ცრუობთ მთელი ცხოვრებით.
* * *
მავანმა ხალხს რომ ჭკუა წაჰგვარა
და გააბრიყვა სხვა მომავალით;
სწორედ თქვენა ხარ, რომ ვთქვათ ამგვარად,
მისი სიცრუის შთამომავალი.

ვერ დაიცავდა მაღალ ღირსებას,
მართალი რომ თქვას კაცმა, –
ვერ ივარგებდნენ ჟურნალისტებად
ბაყბაყდევები -  ცხრა ძმა?

ან შადიმანი, ინტრიგათმცოდნე,
ანდა ვარსქენი გაავებული...
ცოდვა კი არის, ღმერთმანი, ცოდვა, –
ადრე არიან დაბადებულნი.

თითქოს დღევანდელ დროს უპატაკებთ,
თუმც არ ხართ ჩვენი თანამედროვე:
თქვენ ხომ სიცრუით ხიბლავთ ღატაკებს,
რომ გაამდიდროთ ვინმე მედროვე.
* * *
ჯერ არ გვაქვს მაპი... არსად ჩანს ნატო...
სისხლისღვრა... ომი...
დრო რთულზე რთული...
თქვენ კი ტვინში გაქვთ ეს აზრი მარტო,
რომ ტყუილის თქმით იშოვოთ ფული.

ვინც ნაღველს თაფლში ჩუმად აწვეთებს
და გამოცანებს ხლართავს ხალხისთვის,
აი ასეთებს,
სწორედ ასეთებს,
აქვთ სიმპათია
დღეს ჟურნალისტის!
* * *
რომ ჟურნალისტის სახელი გერქვათ,
ყველა როდი ხართ ღირსი,
დაბინდული გაქვთ გონება ერთად
ნისლით, სიცრუის ნისლით?!

მაშ, ფრთხილად! ფრთხილად! გზა-კვალს ნუ ხლართავთ,
ხალხი პურს განა ამისთვის გაჭმევთ?!
არ დაგავიწყდეთ - თქვენ საჭეს მართავთ,
ყოვლისმძლეველი სიმართლის საჭეს. (2011 )

030
ბელადს ჰქონდა ერთი წესი სსრკ- განფენისთვის
პოლიტიკას ქმნიდა იგი მეურნეთა ძაფებისთვის:
ვთქვათ, ურალში გაწყდა რკინა ქვაბისა და ტაფებისთვის,
მაშინ ტაშკენტს ცხიმს აკლებდნენ ფლავისა და ფაფებისთვის...



თუმც ბელადი აღარ არის, მისი წესი დარჩა წესად

და მას ახლა იყენებენ მთლად ფართოდ და უკეთესად;

ვთქვათ, კანადას მარცვლეული არ აქვს თუნდაც დასათესად,

ეს მაშინვე უნდა იქცეს ნახალოვკის გულის კვნესად...



თუ მონტანას უმტყუნა და ნავთს ვერ ქაჩავს ჯალამბარით,

ის ამ "დეფოლტს" უმალ ავსებს დიდუბით თუ ავლაბარით,

ან თუ ჩინეთს პურის ჭამა წესად ექცა მთით და ბარით,

ეს იდარდონ გლდანელებმა სიძვირით და ხათაბალით.



თუკი გვალვა კამბოჯაში სპობს ბრინჯსა და იმის თავთუხს,

უმალ დედა ეტირება შიმშილისგან ამ ჩვენს ნავთლუღს,

გულანშაროს თუ წესები დაავალებს ჩადრის ფართხუნს,

ეს ავთანდილს ადარდებდეს, – ვეღარ ნახავს ფატმან-ხათუნს.



ერთი სიტყვით "ძაფის კანონს" ვინც არასდროს ჩამორჩება,

ვინც სხვას ბაძავს, სხვას შეჰხარის, სხვის წესებს არ ეურჩება,

ის თავისთვის სახეიროს სულ ნახავს და გამორჩება, -
წყობა კვდება, პოლიტიკის ცრუ მოდგმა კი მუდამ რჩება. (2012 )

031
ზოგს ხორბალი აქვს, ზოგს - ხორცი,

ზოგს - ანანასის კომპოტი....

ზოგს მრავლადა აქვს ზღვა თუ ტბა,

ზედ ააშენონ რომ პორტი,

ჩვენ რას ვაშავებთ, ღმერთო?! -

Зачем нам столько хлопоты?! -

ოცი წელია ვტრენინგობთ

და არსადა ჩანს კომფორტი.... (2012 )

032
წუთისოფელი ჰგავს ბრიყვთა საწყობს
და აქეთიქით უგნურ მიმოსვლას...
ვიღაც ჩინოვნიკს ბოლომდე აძღობს
და შიმშილით კლავს იქვე ფიროსმანს (2011 )

033
იმას, ვისაც ცხოვრებაში ბევრი რამ აქვს მინაქარი
ყველაფერი დაემსხვრევა თავზე, როგორც მინა()ქარი.

ვერ უშველის მას ვერავინ, ვინც არია მონასტერი,
თუ მოყვარემ ვერ იმარჯვა, მოსპობს სხვების მონას ()ტერი. (2011 )

ყველა ჩირგვში და ბუჩქნარში ეჩვენება მონას მტერი,

ოდეს ქვეყნის სასიკეთოდ აირევა მონასტერი...

034
ამ ჩვენმა ხალხმა რამდენი
იწვალა და იშიმშილა...
თავი რომ გადაგვერჩინა,
ვინ ქვა გაყიდა, ვინსილა;
გარედან მტერი მოგვიხტა,
"მოყვარემ" გვტკიცა შინ სილა...
ოჰ, ღმერთო, გთხოვთ, მოგვაშორე
პოლიტიკოსთა სინსილა(2011 ) 

035
რაგინდ უაზრო სიტყვებით
წყალი წყალზედა ნაყოსა,
რაგინდ ზეცაში ავიდეს,
თავი ღრუბლებში გაყოსა,
რაგინდ წარსულთა საქმეთა 
მოყოლით იამაყოსა,
აღარაფერი უშველის,
აგრე მგონია, ჯაყოსა! (2012 )

036
(გრიშაშვილი ასე იტყოდა)

რად ვართ დასჯილნი უფლისგან?!
რად გვაქვს დრო, სულის მდაღველი?!
არ გვეყო სსრკში 
რაც გვქონდა სევდანაღველი?!
ვერ დავდუმდებით, ვით უწინ,
ეს ჩვენთვის მეტისმეტია...
აუუუუუ, რამდენი გიჟია?!!
აუუუუუ, რამდენი ცეტია?!  (2012 )

037
წერტილების ნაცვლადთქვენი გემოვნებით 
ჩასვით გამოტოვებული სიტყვა ან სიტყვები 

ტელევიზიამ დაკარგა სახე,
აღარ ეტყობა პრესას "პრესობა",
არც მუშის ყოფა აღელვებს ვინმეს,
არც იმას ვჩივით - სად გვყავს მწყემსობა;
არც გიჟი გვახსოვს და არც ჭკვიანი,
არც ალალობა და არც ქლესობა;
არც მშვილდს იღერებს ტრფობისთვის ვინმე,
არც სხვის ისარი ჩვენს გული ესობა,
არც ბულბულების კვნესა გვინდა და
არც ვარდი - მისი უნაზესობა...

მხოლოდ მას ვხედავთ - როგორ მყარდება
უმრავლესობის უმდგრადესობა
და ეჭვით ვუმზერთ, თუ რას ჩაიდენს
................... უმცირესობა.  (2012 )

038
აღარც ნატაშა, არცა ნადიაა...
ვერც დაგვამსგავსა სკოტლანდბრიტანეთს...
კაცი კი არა "გრენლანდიაა" – 
საქართველოდან ვერ გავიტანეთ. (2012 )

039
დაგვეხსნენ არაბნი.... ბერძნები (грек-ები),
თურქნი და მონღოლნი - ჩვენი წამლეკები,
მოგვეშვნენ ღლიღვები, დიდონი, ლეკები.
კავკასის მთის იქით ტყვეთ გადამრეკები.
წავიდნენ სტალინთა მშობელნი (კეკები),
ლენინის НЭП-ები... ძერჟინსკის ЧЕК-ები....

მათ ნაცვლად მოვიდნენ ჯონები, ჯეკები,
შტატებში გარეკეს ლიკები, ეკები,
ხელმარჯვე ოსტატებს დღეს ცვლიან შრეკები,
გიჟუას როლს გვთხოვენ გრეგორი პეკები...
აღარ იზრდებიან ალგეთზე ლეკვები,
შიშითღა ყვავიან არაგვზე დეკები...

ვაჰ, კაცო! არ გვეყო რაც ვკაკვეთ ნეკები?!
სურთ ესეც წაგვართვან - ბიბლიოთეკები?!  (2013 )

040
ქალზე ხელი არ აწიო!“ -
ეს ადათი ძველიაო...
მაგრამ ქალი ბევრია და
მათგან ზოგი გველიაო.  (2013 )

041
გლდანში ყელკისერს იღერებს ტოტო,
ბათუმის ცისქვეშ გალობს ხულიო...
ეს სიმართლეაარ არის ფოტო
მრუდე სარკეში დანახულიო.
"ჩვენ ევროპა ვართ!" – ეს ფრაზა მწველი
მოფრინდა როგორც გაზაფხულიო...
ვითომ ეს იყო ათასი წელი
ქართულ ენაში ჩამარხულიო?!  (2011 )

042
გვეუბნებიანარ ღირსო
ახლა განსჯა და მსაჯობა:
ამერიკულმა ცხოვრებამ
თითქოს ქართულსაც აჯობა;
გადაივიწყეთ რუსებში 
შეჭრა და მათში მარჯვობა,
თორემ მოგიწევთ ხელახლა 
ირანულ კიტრზე დაჯდომა.  (2011 )

043
ამ მოფუსფუსე ხალხმა თუ
სულ იმეორა – "რუსეთი",
მე მგონი, ჩვენგან დარჩება
მარტოდენ საფუსფუსეთი. (2010 )

044
წლები გადის... და ეპოქა
იცვლის თავის "მუსიკოსს",
პეპოს ახლა "პიტერ" ჰქვია
და რეგინა – რუსიკოს...
"ჩინოვნიკიც" შევიცვალეთ –
აღარ ვაცლით რუსს იყოს....
გეი–პარადს მალე ვნახავთ
უნიფხვო–უტრუსიკოს... (2010 )

045
ვაზელინის ჩივილი

ამასწინათ ვაზელინის ჩივილს მოვკარ ყური ღამით,
მედროვეებს უჩიოდა და ამბობდა – "დასაბამით

სამკურნალოსაამებლად შემქმნა ღმერთმა... დღეს კი ნახეთ,
რა დამმართეს, რა მაკადრეს და საშველი მიკარნახეთ!...

როგორც კი დრო შეიცვლება, ჩემთვის ჩნდება დიდი შიში
მედროვენი გამხსნიან და მთელი მოდგმა, მთელი ჯიში

მურტალ ცხვირპირს გაიგლესენ.... დახარჯავენ მთელ ჩემს დოზას....
და ახალი "შესაძრომი" რაწამს შექმნის ნანატრ პოზას,

უმალ "ვაშას" ძახილით და ერთმანეთის ჯიქნაბუქნით,
თავს დურთავენ... არ არჩევენ არც სიგამხდრით, არც სიმსუქნით

მთავარია თავი იყოს შიგნითდარჩეს გარეთ მხრები
და ვაი, რომ ამ საქმეში ყოველთვის მე ვეხმარები.

დავიღალე აღარ მინდა ეს გარემო საარსებო!
ღმერთო, იქნებ შემიცვალო ფუნქცია და გავხდე წებო,

რომ თავიდან შევაძვრინო სრიალსრიალ... ფრთხილად... ნაზად....
მაგრამ უცებ გავქავდე და გავამზადო ჩასარაზად

იმ "საძრომის" კედლები და გავიხარო მეც იმ შრომით,
რომ შერწყმული ძეგლი შევქმნა მძრომელით და შესაძრომით".

მაგრამ მალე ხმა ჩაუწყდა.... თუმც ისმოდა დიდხანს კვნესა....
აბა, როგორ გაიხარებ, როცა დროც კი გახდა ქლესა!

046
ერთმა ქალმა – "გურჯი ხარო" –
მითხრა და ვერ გავიგე
კარგია თუ აუგია,
ketili თუ avi.ge?
დამცინა თუ იეთიმ გურჯის
მსგავსი ვინმე ვგონივარ?
"ობოლიც" ვარ და "ქართველიც",
მოპოეტოც, მგონი, ვარ....
მაგრამ ასეთ ქალს რომ ვუსმენ,
მეჩვენება საეჭვოდ
იეთიმ გურჯის არსებობა
მან იცოდეს საერთოდ....
ესე იგი სიტყვა "გურჯი"
ახლა იქცა "პრიკოლად"?! –
ვით ოდესღაციმერელი
"კიკოლიკოკიკოლად"?!
ეჰ, ჯანდაბას, თუ დამცინის,
ჭკუა არ აქვსრაღა ვქნა?!
ისღა მრჩება ამ არსებებს
"ჯორჯიანი" დავარქვა.

047
"საბჭოვ", რაც სხვებს გაუსწორდი
და დაირქვი რაღაც "ბორდი",
მგონი, ქართულ სინამდვილეს
მთლად გასცდი და მთლად დაშორდი... (2013)

048
ბევრი ჰქონდა საქართველოს
ღირსება თუ ნაკლი... ზადი,
ცხოვრება სულ იცვლებოდა,
სიკეთის თუ ავის ქმნადი;
მაგალითად, ყველას გახსოვთ
ქიაჩელის ბიგვა გვადი,
არამდგრადი იყო, თუმცა
მდგრადობაში გადასვლადი;
სხვა გმირებიც გავიხსენოთ
ბევრი გვყავდაძუ თუ ხვადი
ვინც იცხოვრა და არ დაწვა
არც შამფური და არც მწვადი,
დიახ, გასახსენებელი
გვაქვს თვლადი თუ არათვლადი,
მაგრამ ვაჰ, რომ დღეს ცხოვრება
არის მხოლოდ მასკარადი,
თუმცა ეკონომიკურად
ამბობენ,რომ ჩვენ ვართ მდგრადი.
ერთი სიტყვით... გაიგეთ, რომ
მთავრობებიც არის ცვლადი!
მდგრადი ხარ თუ არამდგრადი,
წადი, შვილო! დროზე წადი!

049
დღეს პოლიტიკა ბევრისთვის რომ ლუკმაპურია,
თითქოს ხელობად მამისგან აქვთ... ან პაპურია...
ჩვენს ქართულ წესებს სჯობს მივხედოთ, სანამ დრო არის.
რა დროს ლაზიკა... კორეა და სინგაპურია?!


050
ვინც კი სად იურისტები

გამოუზრდია ENA–სა,

კანონიერად ახმარს ხალხს

ყველა ჭკუას და ენასა...

თუმც არაფერი ეშველა

ნაცთა ყრუდ დახშულ სმენასა...

კვლავ ოქტომბერი წაუხდენს

ამათ მთელ "აღმაფრენასა".

051
ვერაფერი გამიგია,
დრომ ეჭვები მომისია:

ან მშვიდობას ვინ ქმნის ჩვენთვის,

ან ვინ შექმნა ომის სია?!

ვინ ჩათვალა, რომ დროს ფლობს და

ყველაფერი რომ მისია?!

ჩვენს სამართალს რატომ მართავს

ვენეციის კომისია?!

052
გარდაიცვალა უგო ჩავესი – 
პოლიტიკოსი უყოჩაღესი.

053
სადაც გვიღრენდნენ მაშა და გოშა,

იქ აფრიალდა ქართული დროშა

054
უძვლო ენები მათ ძლიერ ზნიქეს და მოიდრეკადეს,
ვისაც არ სურს, რომ ქართველი კრემლის სცენაზე ცეკვავდეს...
მრავალს წაუხდა გუნება, ეძგერა გულზე ეკლად ეს,
რომ ქართულ დროშას რუსების თვალწინ ფრიალი შეკადრეს...
უჯობთ ქართველი ჭაბუკი რუსებს ბრძოლაში შეაკვდეს,
ხოლო სარდალი ხოხავდეს და შიშით კვერცხებს ჩეკავდეს...
დროა, სიმშვიდე ვინატროთ! – სიკეთის ზარი რეკავდეს!... 
აღარ მოვესწროთ სკანდალურ წლებს და თვეებს და დეკადებს...
(2013 , მარტი)

055
დავაი, ბიჭო, დავაი!
ბევრ უაზრობას ფქვავ, აი!
ჩვენთვის რაც საქართველოა,
შენ რად გგონია ჰავაი?! (2012)

055
არ მოისხამს მუხა ევროს, ბზა – დოლარს და ნაძვი – ლარებს,
არაფერი ეშველებათ დაბადებით ნაძირალებს. (2013)

056
ო. რა ზღაპრულ დროში ვცხოვრობთ:
ლომთა რისხვად იქცა ტურა...
პროლეტარებს ჩაენაცვლა
პოლიტ–ბიზნეს დიქტატურა. (2012)

057
პოლიტიკური ვნებათაღელვა,
მე როგორც ვამჩნევ, დღითიდღე ცხრება,
და გადაღლილი საქართველოსთვის
ობლობის კვერიც ნელინელ ცხვება. (2012)

058
თბილისიდან ქუთაისში მიმავალო გზაო,
თუ ოქტომბრის ქუთაისმა გკითხა - რეიზაო?!
უპასუხე, რომ "მავანმა" უნდა გაჭრას ლენტი
და "ოცნებას" ჩააბაროს ჩვენი პარლამენტი! (2012)

059

იმ ნატო–ს ჯადო რაც ედო, კვლავ ადევს ზედვე დევისა,
ორთავიანი დევია ის პუტინ–მედვედევისა.

060
პუტინმა თქვა: "კრემლში ვზივარ,
ვერვინ მოვა ჩემზედაო,
ოპოზიცია ხელში მყავს,
კვერს რომ მიკრავს კვერზედაო,
მილიცია გვერდში მიდგას,
დაგეშილი ბევრზედაო,
რვა წელს კიდევ ვიჯდები და
სულ მკიდიხართ ფეხზედაო"

061
რაც რომ გვტანჯა და დაგვიპყრო
უაზ–მა, ვაზ–მა, პაზიკ–მა,
მათზე ერთბაშად ჯავრს იყრის
ჩვენი მაგარი "ლაზიკა"!!!

062
რიტორიკულ–პოლიტიკური კითხვა

თუმცა გვჩვევია ხშირად სიტყვის ფუჭად ნაყვანი,
თუმცა დავეცით მტრულად ბევრჯერ ერთურთს ჯაყვანი,
თუმცა ბევრ ბრიყვს და შეურაცხადს ვეცით თაყვანი,
რა ვქნათ?! – არა ვართ შემდეგ "კლასში" გადასაყვანი?

063
ბრეჟნევიდან "ბრეჟნევამდე"
ეს ცხოვრება გამიბია,
ძველ დროში ვარ თუ ახალში?!
ვერაფერი გამიგია.

064
ლადო იტყოდა:

ეს რა ეშმაკი პოლიტიკის შეგვიჩნდა ჟინი?
აგვიწიოკა, დაგვირბია მთელი ცხოვრება...
მე მგონი, მალე წაგვერთმევა იმდენად ტვინი,
ჩვენი დედ–მამის სახელიც არ გვემახსოვრება.

* * *
დღეს პოლიტიკა რადგან ნავარდობს,
გონების ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა მას მოვსპობთ ამქვეყანაზე.

065
ჩვენი თაობის ელეგია

ერთხანს საწუთრომ სასიცოცხლოდ ჩვენც მიგვიზიდა,
ახლა კი  ვხვდებით - ორიოდ დღე რომ მოუცია...
რა ვნახეთ კარგი?! - არშემდგარი კომუნიზმი და
ძმათმკვლელი ომი... და ბრიყვული რევოლუცია...

066
(29 აპრილი, 2013 წ)

ხალხს უყვარს მოდური სიტყვის
მტვერსასრუტივით შეწოვა,
ჰოდა, დროის ცვლას სულ მოსდევს
სიტყვების ცვლა და ცვლილება...
პირველ კვარტალში თუ ძლიერ
მოგვწონდა სიტყვა "ზეწოლა",
მე მგონი, რომ მეორეში
ტვინს შეჭამს სიტყვა "მხილება".

067
ო, რამდენი ბარბაროსი!
ო, რამდენი ვანდალია!
საქართველო ახლა ერთი
უსასრულო სკანდალია...
ის ზოგისთვის სინათლეა,
სანთელი და შანდალია...
ზოგისთვის კი ფულის შოვნის
ადანდალი–დანდალია...

068
შენ თუ თაყვანს სცემ, მიეცი... მე ვერ მოგყვები ამაში;
მიბაძავ? – ღმერთმა შეგარგოს სხვისთვის საამო თამაში.
მამინაცვალი ირჩიე, გაცვალე საწყალ მამაში
და თუ ალგეთი არ მოგწონს, წაბრძანდი ალაბამაში.

069
შაირზე მეტად თუ პატივს მივაგებთ ხოკუ–ტანკასა,
ყველა ნანას და ნანულის თუ დავუძახებთ ნანკასა,
ერისიონს თუ გავგზავნით, რომ ახარებდეს ვანკასა,
კვლავ გაგვიმზადებს რუსეთი "ოკუპაციის ბანკასა".

070
...მთავარი ბრალდება, რაც უნდა წაუყენოს საქართველომ ყოფილი ხელისუფლების ლიდერს

შენს პოლიტიკურ შოუში
მთელი ქვეყანა შოუშვი.

071
თურქული მარში

არ შეგეშალოთ სტამბოლი ვენაში ან ვარშავაში...
იქ დღეს თურქები გახელდნენ სახელმწიფოსთან დავაში...
ოსმალოს დიდი ძალა აქვს (მათ ჰყავთ რაინდი სავაში!)
ჩვენ კი? - ჩვენ ვჭამოთ ერთურთი და “პოლიტიკის ლავაში”.

072
თითქმის პოლიტიკური მაჯამა

ოსი აფხაზთან მუშაობს, სომეხთან ქურთი ერთობა...
ჩვენ კი ჩვენს სამეზობლოსთან წაგვიხდა ურთიერთობა.

073
ჰოსნი მუბარაქს მივუძღვენი ლექსი, მოამარ კადაფისაც მივუძღვენი.... მურსიმ რაღა დააშავა? 

ერთი რამე უნდა გითხრა
ჭკვიანური, ჩემო მურსი...
პრეზიდენტებს კი გჭირდებათ 
გაიაროთ ერთი კურსი...
რა კურსზეა საუბარი?
მოგახსენებ, ჩემო მურსი:
ზნეობრივი კანონების
წინ მორჩილად გასაყურსი. 

074
საქართველო, ალბათ, ღმერთმა
დასასჯელად მისცა ამას,
რომ აზრების ფრქვევა ანდო
ამ ცანცარას, იმ ცანცარას....

სხვა ლანძღოს და სხვას დასცინოს
და გაჭოროს იტყვის სხვა რას,
საზრუნავი მეტი არ აქვს 
ამ ცანცარას, იმ ცანცარას....

როცა ბრძენი ზეცას უმზერს,
სურს გაიგოს – გვიზამს ცა რას...
ბრძენს დასცინოს, მხოლოდ ეს სურს
ამ ცანცარას, იმ ცანცარას....

ზოგი ძაღლი ნადირს დასდევს,
ზოგი ყეფს და იცავს ფარას...
მაგრამ თავის საქმე არ აქვს
ამ ცანცარას, იმ ცანცარას....

ღმერთო, მათი სიცანცარით
ყველა მტერი მიწას გვპარავს...
ეს საერთოდ არ ანაღვლებს
ამ ცანცარას, იმ ცანცარას....

075
ხუთი წუთით მეც გამიჩნდა
ლექსის წერის მზაობა
და მსურს ახლა მოგახსენოთ
ორი დროის სხვაობა:
პირველ დროში რომ შეთითხნეს
ქვეყნის მართვის რაობა,
დაადგინეს – "პურის" ნაცვლად
იყოს "სანახაობა".

მეორე დრომ სულ ახლახან
ფეხთ მოირგო სანდალი,
ჯერ აღმოფხვრა ტაშ–ფანდური...
ადანდალი–დანდალი...
მერე რაღაც უცნაური 
შექმნა აჯაფსანდალი
და ხალხს "პურის" შესაცვლელად
ახლა ერგო "სკანდალი".

076

დევგმირობას ჩემობს ზოგი,

ზოგს ჰგონია, რომ ხარია

და სიკეთე წუთისოფლად

ყველა მისგან მომხდარია...

ეჰ, არადა ჩვენ ხომ ვნახეთ:

ვინ რა შნოის მომხმარია:

ვინ - გამქცევი, ვინ - წამქცევი

და მიწაზე მხოხავია...

ყველგან ფულის მშოვნელი და

სხვისი ლუკმის მცოხნავია,
დარბაზებში ლაღობს ბრიყვი,
ჭკვიანისთვის - ქოხნარია...
რა მეფობა აიტეხეს?! -
ქვეყნის ფესვი მომხმარია...
საქართველო აღარსად ჩანს -
ფსევდო-ევრო-დომხალია.

077

თუ გწადია, რომ რუსეთი,
ვით ეშმაკმა, დალახვრო,
ყველა მტერი საკადრისად
დასაჯო და გალახო
და ევროპას ძმაბიჭივით
კარი აუტალახო,
დაუკარით!... დაუკარით!...
და იცეკვეთ შალახო!

078

მარად აქტუალური სიმღერა:

შემოვიდნენ "წითლები,
ატყდა დავიდარაბა –
რომელ პარტიას ეკუთვნის
ეძგვერაძე ბარნაბა?!

შემოვიდნენ "მრგვალები",
კაცებს ჰგავდნენ ქალები,
ომებით და კინკლაობით
აგვიცრემლეს თვალები...

შემოვიდნენ "მოქ–ები"
გადაწერეს ოქმები –
"ქართველები არიანო
მუხლზე დასაჩოქები"...

შემოვიდნენ "ნაცები" – 
ამერიკის კაცები...
გაიტაცეს, რაც კი იყო
ქვეყნად გასატაცები...

შემოვიდა "ოცნება",
მგონი, ფუჭად მოცდება,
მეტი საქმე აღარა გვაქვს –
დიპლომები მოწმდება...

079

ქართველი ჩინოვნიკის სურვილები 2014 წლისთვის

მინდა მყავდეს ორი "პრადო":
ერთი იყოს საპარადო,
მეორე კი – საოჯახო,
ყოველდღიურ სახმარადო...

ოღონდ ჩემთვის ჩუმად მყავდეს,
ვინმეს შიშით არ დამყავდეს...
არც ფეისბუქს უთხრას ვინმემ,
არც სოც.ქსელი აყაყანდეს....

მინდა ორი "პრადო" მყავდეს!

080

ამღვრეული წყალი გვქონდა,
დაემატა ახლა ჭყაპი:
პოლიტიკის საქმეს არჩევს
დღეს უგნური ყველა ღლაპი;
უფრო "კათოლიკე" გახდა
ყველა, ვიდრე რომის პაპი,
"მე არწივის მართვე ვარო" - 
ამბობს ხოხბის ბრიყვი ლაპი,
"რწმენაც" ბიზნესად აქციეს
და გაწელს, როგორც ტყლაპი...

საქართველო გვიკვდება და
ვის რად უნდა რაღაც მაპი?!

081

აი, რატომ დაიწერა ეს პატარა ბალადა:

ჯერ იყო და გვაბრიყვებდნენ კარაქ-სავსე გემით და
ფოთისაკენ მომცურავი შაქრითა და ჯემით და
მერე ყველა ჩაგვაბნელეს სოფლით, უბნით, თემით და
ლამფის შუქზე წაკითხული კლარკითა და ლემით და
სიზმარივით სიცხადით და უსიზმრებო თვლემით და...
მერე "ვარდი" დაგვაჯახეს დიდი მუცლის გვრემით და
გვპირდებოდნენ, თუ უარვყოფთ რუსეთს თავის კრემლით და
ამერიკას შევიყვარებთ "მისტერ ძია სემით" და
დავივიწყებთ ქართულ წესებს ტერფითა და თხემით და
ჩვენ ევროპა მიგვიღებსო ბაგრატით და გრემით და...
აი, ასე გაგვაბრიყვეს ცხრაწლიანი  სქემით და
იძულებულს გვხდიან ახლა ტყეპითა და ცემით და
გული თავად მოვიოხოთ ჩვენით, შენით, ჩემით და
სხვა საშველი აღარსად ჩანს?! მოკვდა ჩვენთვის თემიდა?!

082
"ხომ ხედავ - სამჯერ არ დაგიჭირე!" (თენგიზ ჩანტლაძე)

საქართველოს ამჯერადაც არ აღირსეს რაღაც მაპი,
თუმცა მასზე უკეთესი ოქროსიო გვაქვს ბარათი...
გაბრწყინებას კვლავ გვპირდება ხან ბობოლა და ხან ღლაპი
და კვლავ მოჩქეფს სიტყვიერი (უკაცრავად!) ფაღარათი.

083


ზოგი იმით მიშლის ნერვებს, რომ უგნურად პრორუსია,
ზოგს აშშ ისე უყვარს, მისთვის ყოფნის “ბონუსია”,
ზოგს ჰგონია გერმანია წუთისოფლის “პოლუსია”,
მას რუკაზე ვერ პოულობს, თუმცა უყვარს “ბორუსია”.

ზოგი ამბობს - პოეტი ვარ! - პარტყა-პურტყით ბეჭდავს წიგნებს,
პრეზენტაციებსაც მართავს, დამკვრელებად იწვევს “ციგნებს”,
თუმცა ორი რითმის იქით ლექსში გზა-კვალს ვეღარ იგნებს,
ვინც კრიტიკას გაუბედავს, დაუძახებს მათ ინტრიგნებს.

ზოგი იცვლის სულ პარტიებს, ვით მიჯნური ხელსახოცებს,
არჩევნების დაწყებამდე უყვარს ხალხი, მართავს კოცნებს,
დაპირებებს უხვად აფრქვევს, ხორხოცებს და გვახორხოცებს
ესეც მიშლის ნერვებს, მაგრამ, აღარ მიკვირს, არ მაოცებს.

ზოგს თავისთვის აქვს “ივენთი”, ხან ტრენინგი, ხან აქცია,
სასიცოცხლო მიზნად ექცა პარლამენტი და ფრაქცია,
ხალხს წაართვა სამუშაო და ქვეყნიდან გააქცია,
საკუთარი წარმატებით საქართველო დააქცია.

ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ! სჯობს წიგნივით გადავშალო,
ყველას თავის ნაკლი აქვს და ვის რომელი დავუშალო?!
აღარც მინდა ეს ფიქრები რომ ლექსებად ვაშანშალო,
ფრენდლისტიდან ამოვშალო?! - მაგრამ ხსოვნა რით წავშალო?!

084

კომუნისტი, ნაცი, ქოცი, ამისისტი, იმისისტი,
სრულად ქართლის მტერნი ვართ და ყველამ ვკარით თითო ქიშტი;
ლამის ისევ ავიშალოთ - ძმამ მოუდვას ძმასა ყისტი...
ჰოდა, გონზე თუ არ მოვალთ, მოვა ისევ რუსის ხიშტი.


Комментариев нет:

Отправить комментарий