ელერდაშვილები

.....ამ წიგნის დაბეჭდვის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი და "ფეისბუქზე" დამიკავშირდა ვინმე Nikoloz Elerdashvili, რომელმაც სპარსულად მომწერა წერილი და მითხრა, რომ იგი არის ფერეიდნელი ქართველი, ფერეიდნის სოფელ თორელში მცხოვრები "ელერდაანების" წარმომადგენელი, რომლებსაც იქაურები ხოსროვიანებად მოიხსენიებენ... ჩვენი საუბრიდან გაირკვა, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა მე (ალექსანდრე–უმცროსი ელერდაშვილი) ჩემი სპარსულ–ქართულ ლექსიკონის საშუალებით მომძებნა და ძალიან გაუხარდა, რომ "ელერდაშვილები" დღევანდელ საქართველოშიც ცხოვრობენ... ეს ამბავი, რა თქმა უნდა, მეც გამიხარდა მით უმეტეს იმის გამო, რომ გაქარწყლდა ჩვენს გვარში არსებული ლეგენდა ჩვენი ჩრდილოკავკასიური წარმოშობის შესახებ... რახან მე–17 საუკუნეში ფერეიდანში გადასახლებულ ქართველთა შორის ელერდაშვილებიც იყვნენ, ესე იგი ჩვენ გარეკახეთის და კონკრეტულად პატარძეულის ძირძველი მოსახლენი ვყოფილვართ და არსაიდან არ ჩავსახლებულვართ იქ და, რაც ყველაზე მთავარია (როგორც პოეტი იტყოდა) – "წვეთი სისხლი არ არის ჩვენში არაქართული"... ეს უნდა იცოდნენ ჩვენმა შთამომავლებმა და თუ ოდესმე ჩვენი საგვარეულო წიგნი ხელმეორედ დაიბეჭდა, ეს ფაქტი უნდა ჩაიწეროს იქ.

ელერდაშვილების საგვარეულო წიგნი

მასალები შევაგროვე მე, ალექსანდრე ვახტანგის ძე ელერდაშვილმა, ტექსტი შევავსე და დავაკაბადონე 2012 წლის აპრილ–მაისში დაიბეჭდა ივნისში.
14 ივლისს პატარძეულში შედგა ელერდაშვილების პირველი თავშეყრა.



ძირითადი ტექსტი დაფუძნებულია 
ალექსანდრე გიორგის ძე ელერდაშვილის 
ისტორიულ-დოკუმენტურ გამოკვლევაზე, რაზედაც დამატებულია ამა თუ იმ განშტოების შთამომავალთა მოყოლილი ამბები

წიგნს ერთვის საინფორმაციო-სტატისტიკური შინაარსის მასალა, აგრეთვე სხვადასხვა ჩანართი, რომლის ავტორია ალექსანდრე ვახტანგის ძე ელერდაშვილი

ელერდაშვილთა საგვარეულო წიგნის 
შექმნის ისტორია და აუცილებლობა

ყოველ გვარს, როგორც ქვეყანას თუ სახელმწიფოს, საკუთარი ისტორია გააჩნია... ამიტომაც ყოველ ასეთ გვაროვნულ გაერთიანებას თავისი მემატიანე სჭირდება, რაც ძალზედ დიდი ფუფუნებაა... საბედნიეროდ, ჩვენს გვარს ასეთი მემატიანე ჰყავს, ეს გახლავთ  ბატონი ალექსანდრე გიორგის ძე, რომელმაც თქვენს ხელთ არსებული გამოკვლევით შთამომავლობას ჩვენი გვარის შორეული ამბები შემოუნახა და ამით ელერდაშვილთა მარადიული არსებობა ხსოვნით აღჭურვა... ხსოვნის გარეშე კი არ არსებობს საკუთარი თავის, გვარის და ერის სიყვარული და სწორედ ამაშია საგვარეულო წიგნის შექმნის აუცილებლობა! 
ბატონმა ალექსანდრემ უზარმაზარი შრომა გაწია, შეისწავლა ბევრი დოკუმენტური წყარო, ჩაიწერა და მეცნიერული სახე მისცა ჩვენი გვარის წიაღში არსებულ ლეგენდებს, აღწერა წარსულის გმირების ღვაწლი...
ამ სამიოდე წლის წინ ავსტრალიიდან კობა ელერდაშვილი დამიკავშირდა და გადმომიგზავნა ბატონი ალექსანდრეს ხელნაწერების 50-მდე გვერდი, რომელთა ამოკითხვა და დამუშავება მე ძალიან გამიჭირდა და დახმარება ვთხოვე ქეთინოს და გადავუგზავნე მას ხელნაწერების ფოტოები აშშ-ში; მან დიდი შრომა მოანდომა საკმაოდ შელახული ხელნაწერების ფოტოპირების გაშიფრვას და შედეგად ჩემს ხელში აღმოჩნდა სრული ტექსტი ბატონი ალექსანდრეს ნაშრომისა... მერე გადავწყვიტე მეორე ნაწილი შემექმნა, უფრო საინფორმაციო-სტატისტიკური ხასიათისა და საბოლოოდ წიგნი ჩამოყალობდა ისე, როგორც ახლა ხედავთ და კითხულობთ.
ამ წიგნმა მომავალი საუკუნეების ელერდაშვილებს უნდა შეუნახოს ჩვენი გვარის დიდი და შინაარსიანი წარსული.

პირველი ნაწილი
დოკუმენტური წყაროები
ელერდაშვილების საგვარეულოს პირველი ფუძე-საცხოვრისი გარეკახეთის (საგარეჯოს რაიონის) სოფელ პატარძეულში ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის პირველ ნახევარში (20-იან წლებში);  XX საუკუნის 90-იან წლებისათვის ამ გვარის წარმომადგენელთა რაოდენობა ითვლიდა 294 სულს, აქედან თბილისში ცხოვრობდა 179 სული, საგარეჯოს რაიონში 112, დანარჩენი რუსთავში და სხვაგან1 (იხ. ა.სილოგაძე, ა. თოთაძე. გვარ-სახელები საქართველოში, თბილისი, 1997 წ. გვ.79)
ელერდაშვილების საგვარეულოს ფუძემდებელი დოკუმენტურად დასტურდება ქართლ-კახეთის კამერალური აღწერის XVIII საუკუნის დავთრების ჩანაწერებით სოფელ პატარძეულში ერთ კომლ ელერდას უცხოვრია, როგორც სახასო2 (სამეფო) გააზატებულ ყმას (იხ. ივ.ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორიის ძეგლები, ნაწილი პირველი, დემოგრაფიული ძეგლები, თბილისი 1967 წ. გვ. 32).
ლეგენდების კვალდაკვალ
ჩვენს გვარში ტრადიციულად არსებული ლეგენდის მიხედვით ჩვენს წინაპრებს უწინ უცხოვრიათ ჩრდილო კავკასიაში, ჩეჩენ-ინგუშეთში და მათ ქრისტიანობა არ დაუთმიათ, მიუხედავად თურქ-ოსმალთა თუ სხვა დამპყრობთა მხრივ ისლამის ძალით თავსმოხვევისა. გაურკვეველი მიზეზის გამო ორ ძმას _ ელერდას და ყუშიტას _ ინგუშეთი მიუტოვებიათ, კახეთში გადმოსულან და კახეთის მეფეების, ჯერ დავით იმამ-ყული ხანის, შემდეგ კი მისი ძმის მახმედ ყული-ხანის (კონსტანტინეს), სამსახურში ჩამდგარან. სამეფო კარის ერთგულებისა და რაინდული სულისკვეთების მქონე ორივე ძმისთვის სოფელ პატარძეულში მიუჩენიათ ბინა, იქ ჩაუსახლებიათ და ამ ორი ძმისთვის დაუვალებიათ მეფის სამსახური, ანუ მათ მოსახლეობა უნდა დაეცვათ გამუდმებით მოთარეშე ლეკთა შემოსევებისგან.
ელერდაც და ყუშიტაც პატარძეულში დაცოლშვილებულან და მიუღიათ ელერდაშვილისა და ყუშიტაშვილის გვარი. კველავა-ძიების შედეგად გაირკვა, რომ "ელერდა" ინგუშური (ჩეჩნური?) ენის ერთ-ერთ დიალექტზე თურმე ნიშნავს არწივს, ხოლო "ყუშიტა" - შევარდენს. ისიც უნდა ითქვას, რომ ელერდაშვილების და ყუშიტაშვილების გვარების შთამომავლებს XX საუკუნის დასაწყისამდე სოფელში სწორედ ასე - "ქისტებს" - ეძახდნენ. 
ელერდაშვილების უძველესი ნამოსახლარი ახლაც არის სოფლის ჩრდილოეთით ტყიან ზოლში და მას დღემდე "ძნელაანი" ჰქვია, ხოლო ყუშიტაშვილების საცხოვრისი ძველპატარძეული ყოფილა, ახლაც შეინიშნება ამ ტყიან ადგილას ყუშიტაშვილების ნამოსახლარები.
როცა საქართველო რუსეთმა შეიერთა და ლეკიანობის საშიშროებაც მოისპო ელერდაშვილებიც და ყუშიტაშვილებიც უფრო ქვემოთ, ახლანდელი პატარძეულის სხვა საგვარეულოებთან ერთად დასახლდნენ და საფუძველი ჩაუყარეს სოფელ პატარძეულს, რომელიც დღემდე პრაქტიკულად იმავე საზღვრებში არსებობს. 
ორივე ამ გვარის უხუცესებს გადმოცემით ახსოვდათ, რომ მათი წინაპრები წამოსული არიან ინგუშეთის სოფელ (აულ) ალაგირიდან4. თურმე ახლაც ახსოვთ ალაგირში უხუცეს მცხოვრებლებს, რომ მათი წინაპრების ერთი განშტოების შთამომავლები საქართველოში, სოფელ პატარძეულში ცხოვრობენ.
ჩვენი წინაპრებისაგან გაგვიგონია, რომ ელერდაშვილებიც და ყუშიტაშვილებიც არ წყვეტდნენ კავშირს თავის ძველ სამშობლოსთან და როგორც ინგუშეთში მცხოვრებმა, ისე პატარძეულში მცხოვრებმა სისხლით ნათესავებმა უკანასკნელ პერიოდამდე იცოდნენ თავისი წარმომავლობა და ერთმანეთთან მისვლა-მოსვლაც კი ჰქონიათ თავის დროზე.

ელერდაშვილები და ყუშიტაშვილები
ჩვენ ქვემოთ კვლავ გავიხსენებთ ამ ურთიერთობებს, ახლა კი დავუბრუნდეთ ისევ ელერდაშვილ-ყუშიტაშვილთა ნათესაურ ურთიერთდამოკიდებულებას; იცოდნენ რა თავიანთი სისხლით ნათესაობის შესახებ, ამ ორ გვარს მტკიცე ტრადიციად ჰქონდათ დაფუძნებული პირობა, რომ მათ შორის ქალი არ გათხოვდებოდა და ამ ტრადიციას ურყევად იცავდნენ XX საუკუნის შუა წლებამდე. მერე კი ზოგიერთმა ელერდაშვილმა პირობა დაარღვია და ყუშიტაშვილების ქალი ცოლად მოიყვანა. ამ ორივე გვარმა კი ზოგიერთი მთიულური ტრადიცია დღემდე შემოინახა. ამ ორივე გვარში მტკიცედ არის დამკვიდრებული რაინდული თვისება, ისინი უსამართლოდ არც არავის დაჩაგრავენ და არც არავის დაეჩაგვრინებიან. ორივე გვარში დღევანდლამდე არის შემორჩენილი სტუმართმოყვარეობა, კაცთმოყვარეობა, ერთურთში გვერდით დგომა, გამტანობა, თანაგრძნობა და ბევრი სხვა ღირსეული თვისება.
ორივე გვარში ძვალში და რბილში იყო გამჯდარი სპორტი, უპირველეს ყოვლისა ჭიდაობა და ეს ორი გვარი ფალავანთა ძველთაგანვე კერად ითვლებოდა, ჩვენ უფრო ქვემოთ შევეხებით სპორტის ამ სახეობისადმი დიდ ლტოლვას, რამაც ამ ორი გვარიდან ქვეყანას მისცა საუკეთესო ბეჭდაუდებელი ფალავნები. რაც მთავარია, ამ ორმა გვარმა ქვეყანას აღუზარდა საუკეთესო რაინდული თვისების არა მარტო ვაჟკაცები, არამედ ქალბატონებიც. ამავე დროს ამ ორივე გვარის წარმომადგენლები არიან საუკეთესო მწიგნობრები, ელიტარულ თვისებათა მატარებელნი, აქვთ დიდი ლტოლვა და მისწრაფება წინსვლისა და ლიდერობისკენ, აქვთ ნათელხილვის ფენომენალური ნიჭიც.
ჩვენ უფრო ქვემოთ დავინახავთ, თუ რას მიაღწიეს როგორც ელერდაშვილების, ისე ყუშიტაშვილების გვარების წარმომადგენლებმა განვლილი სამი საუკუნის განმავლობაში. მე, როგორც ელერდაშვილების გვარის ერთ-ერთი ლიდერი, შევეცდები ჯერ ელერდაშვილები წარმოვაჩინო, ხოლო შემდეგ (ან სხვა ნაშრომში) ყუშიტაშვილებიც.

2013 წლის ჩანართი:
ამა წლის სექტემბერში მე, ალექსანდრე ვახტანგის ძემ, "ფეისბუქის" საშუალებით მივიღე შეტყობინება.... სპარსულ (!), სადაც ამოვიკითხე ყველა ელერდაშვილისთვის საოცარი ინფორმაცია: ეს იყო ფერეიდნელი ქართველის, ნიკოლოზ ელერდაშვილის წერილი, საიდანაც გაირკვა, რომ შაჰ-აბასს მე-17 საუკუნის დასაწყისში ელერდაშვილებიც გადაუსახლებია ფერეიდანში და ახლა ისინი ცხოვრობენ ფერეიდუნშაჰრიდან (მარტყოფიდან) 24 კმ-ით დაშორებულ სოფელში, სახელად თორელი (სპარსულად - "მიანდაშთ" ანუ შუაველი); იქ არიან "ელერდაანი" ანუ "ელერდას" შთამომავლები... ეს ფაქტი ძირფესვიანად ცვლის ვერსიებს ჩვენი გვარის წარმომავლობის შესახებ და ირკვევა, რომ ჩვენ ყოველთვის პატარძეულში (გარეკახეთში) გვიცხოვრია და რასაიდან არ ჩავსახლებულცვართ იქ.


درود و سلام بر شما 
استاد الکساندر الرداشویلی گرامی امروز تصویر کتاب فرهنگ فارسی به گرجی به گردآوری شما را دیدم و تلاش می کنم تا در اولین فرصت که به تفلیس می آیم این کتاب را خریداری کنم
من از گرجهای ایران ( فریدن ) هستم
متاسفانه زبان گرجی را بسیار کم می دانم و امیدوارم به وسیله کتاب شما بتوانم با زبان مادری ام بیشتر آشنا شوم
اکنون که این نامه را برای شما می نویسم بسیار برای سرزمین مادری ام دل تنگ و بیقرارم
به امید روزهای خوب در گرجستان زنده ام و هنگامی که با شما فرهیختگان و مفاخر کشورم آشنا می شوم بسیار خوشحال هستم
برای شما آرزوی شادی و پیروزی دارم
دوستدار شما نیکولوز الرداشویلی
(از بابت اینکه نام خانوادگی من و شما یکی است خیلی خوشحال هستم، خانواده ما را در فریدن به نام خانوادگی خسروی می شناسد اما لقب ما الردانی هست  که همان فرزندان الردا می   

ისტორიაში შემორჩენილი ამბები
(მოვუსმინოთ ისევ ბატონ ალექსანდრე გიორგის ძეს)
წერილობითმა წყაროებმა მეტად ძუნწი ცნობები შემოგვინახა ჩვენი სახელოვანი წინაპრების ვაჟკაცობისა და მხედრული დამსახურების შესახებ საქართველოს მტრების წინააღმდეგ, მაგრამ მათი გმირობა უკვალოდ არ გამქრალა. ხალხურმა ფოლკლორმა აღწერა მათი ღვაწლი. ასევე თანამედროვე ომებში ბევრმა ელერდაშვილმა ისახელა თავი.
ჯერ ისევ ჩვენი წინაპრების ყოფა-ცხოვრებიდან მოვიყვან ზოგიერთ ფაქტს:
XVIII-XIX საუკუნეების ზღვარზე ელერდაშვილების ერთ-ერთი წინაპარი თავისი ოთხი ვაჟკაცით ძნელაანიდან პატარძეულში ჩამოსახლდა იქ, სადაც ახლა დგას ბუტულაანთ ციხე-კოშკი. ეს ციხე-კოშკი XVIII 70-იან წლებში ააშენა მღვდელმა ზაქარია ბუტულაშვილმა. ეს ბუტულაშვილები ადრე ბერთუბანში ცხოვრობდნენ თურმე, მათი პირვანდელი გვარი დრეიძე იყო, შემდეგ კი, მიზეზთა გამო, ბუტულაშვილების გვარი მიიღეს. ეს მღვდელი ოთარ ბუტულაშვილის შთამომავალი იყო და პირველი ის ჩამოსახლდა ბერთუბნიდან ღვთისმშობლის უძველესი ეკლესიის ახლოს. აქ ააშენა თავისი საცხოვრებელი სახლი და ამ სახლის გვერდით ციხე-კოშკი, სადაც "ლეკიანობის" დროს თავს აფარებდნენ ადამიანები. აი, სწორედ ამ ციხის მახლობლად ჩამოსახლდნენ ელერდაშვილები, ოთხი ძმა: კოჟინა, სოლომონი, დავითი და ოლაგირი (გიგო). მათ შორის ყველაზე უმცროსი იყო ოლაგირი, მაგრამ იგი ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ყველაზე უშიშარი და შეუპოვარი გახლდათ.
ელერდაშვილები ვიწროდ ცხოვრობდნენ, ბევრი საქონელი ჰყავდათ, საძოვარი კი მცირე ჰქონდათ. მათ მეზობლად ერთი მდიდარი გლეხი ანდრია ონაშვილი ცხოვრობდა. მას პატარძეულში, იმ მინდორში, რომელსაც ადრე "ვაკესაც" ეძახდნენ 88 დღიური მიწა (22 ჰექტარი) ჰქონდა და როცა ელერდაშვილები ბოსლიდან საქონელს გამოუშვებდნენ ხოლმე საბალახოდ, ეს საქონელი ანდრია ონაშვილის მამულში შედიოდა და იქ ძოვდა ბალახს.
ერთხელ, როცა ელერდაანთ საქონელი ანდრია ონაშვილის მამულში შევიდა საძოვრად, ანდრიამ დაირეკა ეს საქონელი და თავის ბაკში შეამწყვდია; როცა საქონლის დაბინავების დრომ მოაღწია, საქონლის მოსაძებნად და დასაბინავებლად ოლაგირი გამოგზავნეს ძმებმა. მაშინ  ოლაგირი 18 წლის ყოფილა, მკლავმსხვილი, ახოვანი და კარგი მოჭიდავეც. როცა შეიტყო, რომ საქონელი ანდრია ონაშვილს თავის ბაკში დაუმწყვდევია, თურმე ოლაგირი შეეხვეწა ანდრიას, რომ საქონელი გამოეშვა, მაგრამ ანდრიას მტკიცედ განუცხადებია: ~სანამ წანახედს არ გადამიხდით _ თქვენმა საქონელმა ხორბლის ნათესები ამიოხრა და არ გამოვუშვებო~, თან უცენზურო სიტყვებით დაუწყო ჭაბუკის ლანძღვა და საცემლადაც გაუწევია. ოლაგირი ძლიერი იყო და მასზე საცემლად წამოსული ანდრია თურმე ისე გააკავა, რომ მოხუცს სუნთქვა გაუჭირდა, ბოლოს რომ ვერაფერი დააკლო ჭაბუკს, იძულებული გახდა შეხვეწნოდა: ~ოღონდ გამიშვი და საქონელს გამოვუშვებო~. ანდრია ისე იყო შეწუხებული ელერდაანთ კუთვნილი პირუტყვით, რომ ბოლოს თვითონვე შეეხვეწა: ~მოდი და, რაკი ვიწროდა ხართ, ვაკეში მოგყიდით 12 დღიურ მიწასო~ და გაუყიდია ეს ადგილი. ელერდაანთ უყიდიათ ანდრიას მიწა და ამ ახლად შეძენილ ადგილებზე დასახლებულან სამი ძმა: სოლომონი, დავითი და ოლაგირი (ეს სახელი "ოლაგირი" ყველაზე პატარა ძმას ქალაქ ~ალაგირის~ მოსაგონებლად ერქვა თურმე, ისე კი გიგოსაც ეძაცდნენ). ანდრია ონაშვილმა კი გაყიდული მიწის საფასურით, რაც ელერდაშვილებმა მისცეს, ონაანთ უბანში ეკლესია ააშენა კვირაცხოვლის სახელზე. უნდა ითქვას, რომ ანდრია ონაშვილს სხვა დიდი შეძლებაც ჰქონია. ვენახის ზვრებიდან 10 საპალნე ღვინოს აყენებდა და საკუთარ წისქვილსაც ამუშავებდა იორზე.
ზემოუბანში (ვაკეში) ახლადშეძენილი მიწა სამ ნაწილად ძმურად გაუყვიათ სოლომონს დავითსა და ოლაგირს (გიგოს), ხოლო მეოთხე ძმა კოჟინა ისევ ქვემოუბანში დარჩენილა, ამიტომ პატარძეულში ელერდაშვილები ახლაც ორ _ ქვემო და ზემო უბნებად არიან დასახლებულნი.
ზემოუბანში დასახლებულმა ელერდაშვილებმა სამი მოდგმა წარმოშვეს, რომლებიც ასე იწოდებოდნენ: სოლომნიანები, დავითიანები და ოლიგარიანები, ქვემოუბნელ ელერდაშვილებს კი კოჟინაანი ერქვათ.
დროთა ვითარებაში თითოეული ეს მოდგმა დაიყო ქვეჯგუფებად და თითოეული თავისი ახალი სახელით იწოდებოდა, მაგალითად: ა) სოლომნიაანთ მოდგმა იყოფოდა ასე: ქიტიაანი, აღდუაანი, ვაზირიაანი, თუნიაანი. ბ) დავითიაანი იყოფოდნენ შემდეგნაირად: იაკოფაანი, დოღაანი. გ) ოლაგირიანებს კი ასეთი შთამომავლობა ჰყავდათ: გუგანაანი და ლაპრიკანჭიაანი, ესენიც თავის მხრივ სხვა შტოებად დაიშალნენ, რომელთა შორის უნდა გავიხსენოთ ილუაანი და კავკაველები.

ჩვენი სახელოვანი  წინაპრები
ოლაგირი (გიგო, გიგოლა)  ელერდაშვილი
უკვე ვთქვით, რომ ოლაგირი ელერდაშვილი თავის ძმებში ყველაზე პატარა იყო, მაგრამ იგი გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით და საზრიანობით. სანამ ზემო უბანში ამოსახლდებოდნენ, იგი ქვემო უბანში მეგობრობდა ზაქარია მღვდლის ვაჟიშვილთან სოლომონ ბუტულაშვილთან, რომელიც 1821 წლისათვის თელავის მაზრის სოფელ პატარძეულის ნაცვალად (მამასახლისად) ამოირჩიეს. სოლომონისა და ოლაგირის (გიგოს) მეგობრობა კვლავ გრძელდებოდა და ოლაგირი მუდამ სოლომონის აქტიურ მხარდამჭერთა და თანამდგომთა ჯგუფში შედიოდა.
სოლომონ ბუტულაშვილის ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული იყო მთელ პატარძეულში. ეს ოჯახი ქონებრივი მდგომარეობით არამც თუ ჩამოუვარდებოდა ანდრია ონაშვილის ოჯახს, არამედ აჭარბებდა კიდეც.
სოლომონ ბუტულაშვილის ოჯახი 25 სულისაგან შედგებოდა, ამის გამო მიწაც ბევრი ჰქონდათ. ეს ოჯახი ერთობლივი შრომით ამუშავებდა 300 დღიურ მიწას (დაახლოებით 150 ჰექტარს), ამიტომ უხვად ჰქონდათ პურ-ღვინო. ისინი 40 საპალნე ღვინოს აყენებდნენ (ეს უდრიდა 840 ჩაფს, ჩაფში კი შედიოდა 18 ლიტრი); ამ ოჯახს ჰყავდა 1200  სული ცხვარი, 140 სული ღორი, იორზე ჰქონდათ დიდებული ვენახები და საკუთარ, ექვს თვალზე გაწყობილ, წისქვილსაც კი ამუშავებდნენ.
* * *
სოლომონ ბუტულაშვილმა თავი ისახელა 1826 წელს ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ გმირულ ბრძოლაში. რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ არ დამთავრებულა უცხოელ დამპყრობთა თარეში საქართველოს წინააღმდეგ. ირანიდან და ოსმალეთიდან მოსული აგრესორები მაინც არ ისვენებდნენ და კვლავ განაგრძობდნენ საქართველოზე თავდასხმებს.
ქართველი ხალხის გადარჩენის ინტერესები მოითხოვდა, რომ ყველა ჩაბმულიყო ამ ომებში და ებრძოლა ქართული მიწა-წყლის დაბრუნებუსათვის.
1826 წლის 16 ივლისს სპარსეთის (ირანის) მრავალრიცხოვანმა ჯარმა მოულოდნელად გადმოლახა საზღვრები და შემოიჭრა ამიერკავკასიაში ერევან-ყარაბაღის მიმართულებიდან.
რუსეთის არმიას არ ძალუძდა საკუთარი ძალებით გაძღოლოდა აგრესორთა შეჩერებას, ამიტომ ქართველ ხალხს მოუწოდეს, რომ დახმარებოდნენ რუსეთის არმიას აგრესორთა გასანადგურებლად.
საქართველოში დაიწყო მოხალისეთა შეგროვება და ამ საქმეში აქტიური როლი შეასრულეს პატარძეულელმა ვაჟკაცებმაც, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პატარძეულის ნაცვალი (მამასახლისი) სოლომონ ბუტულაშვილი. სოფელში შეგროვდა კარგად შეიარაღებული საბრძოლო რაზმი 120 ვაჟკაცის შემადგენლობით და ამ სახალხო ლაშქარში ელედაშვილებიც გაერთიანდნენ ოლაგირის ხელმძღვანელობით. სოლომონ ბუტულაშვილი 120 კაციანი შეიარაღებული ცხენოსნით ომში წავიდა და მონაწილეობა მიიღო განჯის მახლობლად, სოფელ ფირუზთან გამართულ ბრძოლაში. სოლომონ ბუტულაშვილის ცხენოსანი რაზმი გრიგალივით შეიჭრა ცხენდაცხენ ბრძოლაში და ხმლით ჩეხვაში ასეულობით სპარსელს დაუბნელა მზე. ამ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის სოლომონ ბუტულაშვილის რაზმი ჯილდოზე წარადგინეს, თვითონ სოლომონი კი მთავარმართებელმა პასკევიჩმა დაიბარა და მადლობა უთხრა გმირობისთვის. მცირე ხნის შემდეგ სოლომონ ბუტულაშვილი კვლავ ბრძოლაში ჩაება და მძიმედ დაიჭრა, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა, თუმცა გარდაცვალებამდე თავის თანამებრძოლებს ანდერძად დაუბარა: "ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ დავტოვე და როცა იმშობიარებს, თუ ბიჭი ეყოლა, ბავშვს ჩემი სახელი, სოლომონი, დაარქვითო". 
ძველად ქართველები ომში დაჭრილ მეომრებს აწვენდნენ, გარშემო შემოარტყამდნენ ოვალურ წრეს და იწყებდნენ სიმღერას, ბევრი მათ შორის იყო  ქართული საგალობლები. თურმე ხმის ვიბრაცია აამებდა ჭრილობებს და აჩერებდა სისხლდენას. ასე მოუარეს დაჭრილ სოლომონ ბუტულაშვილს და წამოიყვანეს, მაგრამ თითქოს სიკვდილი ფეხდაფეხ მოსდევდა, როცა ბრძოლიდან ბრუნდებოდნენ ჩასაფრებულმა სპარსელებმა ტყვიით განგმირეს იგი.
სოლომონ ბუტულაშვილის და მისი რაზმის გმირობაზე მრავალი ლექსი გამოითქვა ხალხში და ეს ლექსები სხვადასხვა ვარიანტით გავრცელდა ჩვენში.
ამ ხალხურ ლექსში მოხსენიებულია სოლომონ ბუტულაშვილის რაზმის მეომარი ოლაგირი (გიგო) ელერდაშვილიც, რომელიც ჩვენი შორეული წინაპარი იყო. ამ ომიდან დაბრუნებულ ოლაგირ (გიგო) ელერდაშვილს ნადავლის სახით წამოღებული ჰქონდა საბრძოლო იარაღი, მათ შორის ვერცხლის ქამარ-ხანჯალი.
ოლაგირი (გიგო) ელერდაშვილის შესახებ ხალხში გაბნეულია მრავალი თქმულება, იგი ყოფილა საუკეთესო ფალავანი, კარგი გამრჯე მხვნელ-მთესველი. მას ჰყოლია ორი ვაჟიშვილი გუგანა და ლაპრიკანჭი; გარეკახეთში გავრცელებული ადათ-წესის მიხედვით, მათ სხვა სახელებიც ერქვათ: გუგანას ნათლობის სახელი ზაქარია (შაქრო) იყო, ხოლო ლაპრიკანჭის სახელი – სვიმონი. გუგანას დაბადების და გარდაცვალების წლები დაახლოებით ასეთია 1823-1883, ხოლო ლაპრიკანჭისა –1825-1880 წლები.

ისიდორე ელერდაშვილის თავგადასავალი
ჯერ მოკლედ შევეხოთ გუგანას მთელ მოდგმას. მას ჰყოლია 7 შვილი: ისიდორე, კატო, სოფიო, ტატო (ტატლება), გიგუა, ანა და დათიკო. მათ შორის პირველი იყო ისიდორე, რომელიც დაბადებული ყოფილა 1852 წელს.
გუგანა წვრილშვილი, ღარიბი გლეხი იყო და ცხოვრება ძალიან უჭირდა, ამიტომ თავისი უფროსი ვაჟიშვილი ისიდორე 9 წლის ასაკში ხელის ბიჭად მიუქირავებია ვიღაც სომხის ვაჭრისთვის თბილისში. თურმე პატარა ისიდორეს არაადამიანურად ექცეოდა ეს სომხის ვაჭარი, სცემდა, აშიმშილებდა და ჯოჯოხეთურ პირობებში აცხოვრებდა. ბოლოს პატარა ისიდორეს წინაშე სხვა არჩევანი არ იყო, გარდა გაქცევისა, მაგრამ სად წასულიყო გაქცევის შემდეგ ეს იყო მისი პრობლემა. სახლში დაბრუნებულიყო მშობლებთან პატარძეულში, მამა ცემით მოკლავდა; არადა, სად უნდა წასულიყო ეს თითისტოლა უილაჯო ბიჭუნა. ერთხელ, როცა მეპატრონემ ძლიერ სცემა პატარა ისიდორე, იმ ღამეს სახლიდან გაიპარა და თბილისის ქუჩებში ხეტიალი დაიწყო, გამოსცდა ვერის ხიდს და საბურთალოს მონაკვეთში გავიდა. იქ შეამჩნია ჯორ-აქლემების ქარავანი და ჩრდილო-კავკასიაში მიმავალი ვაჭრები, რომლებსაც რაღაც საქონელი მიჰქონდათ გასაყიდად ვლადიკავკავში. მათთან მივიდა ეს მიუსაფარი ბიჭუნა და პური სთხოვა საჭმელად. ერთ ვაჭარს მოეწონა ეს პატარა ბიჭი, გამოჰკითხა ვინაობა და, გაიგო რა იმ ბიჭუნას გასაჭირი, უთხრა; ~ მოდი ჩვენთან, მოგვეხმარე ჯორ-აქლემების მოვლაში და ჩვენთან იყავიო~. პურიც აჭამეს ბიჭუნას და როცა ირიჟრაჟა გზას გაუდგნენ. სამხედრო გზით როცა ვლადიკავკავში5 ჩავიდნენ, იმ ვაჭარმა, რომელმაც პატარა ისიდორე შეიკედლა თავისთან დააყენა სახლში, ჯერ შინამოსამსახურედ, შემდეგ თავის ერთ-ერთ სავაჭროში დახლიდარად. ისიდორე ცნობისმოყვარე და ცოდნის შეძენის მსურველი ბიჭი გამოდგა. ისწავლა რუსული ენა, ქართული წერა-კითხვა და თვითგანათლებით ყველა გააკვირვა.
ეს ვაჭარი უშვილო იყო და რაკი ისიდორე ასეთი კარგი ბიჭი დადგა, გადაწყვიტა იგი შვილად აეყვანა, ყველა საბუთი წესრიგში მოუყვანა და ისიდორე იშვილა, შემდეგ თავისი უძრავ-მოძრავი ქონება მას დაუმტკიცა, თავის კომპანიონადაც გაიხადა და მთელი თავისი საქმიანობა მას გადააბარა. 
* * *
გავიდა წლები და ისიდორემ გადაწყვიტა მოეძებნა თავისი დედ-მამა, რომელთაც ისიდორე ცოცხალი აღარ ეგონათ და გამოგლოვილიც კი ჰყავდათ.
ისიდორეს მამა გუგანა (ზაქარია) ერთი აჯამი, გაუნათლებელი კაცი იყო, ხოლო მისი მეუღლე ეფემია ღვთისნიერი, შვილების მოსიყვარულე ქალი იყო და უგზოუკვლოდ დაკარგულ შვილს გლოვობდა. როცა მშობლებს ეგონათ, რომ თავის შვილს ვეღარასოდეს ნახავდნენ, მოხდა სასწაული: ერთ მშვენიერ დღეს დამწუხრებულ მშობლებს ერთი უცნობი კაცი ესტუმრათ; იგი აღმოჩნდა თელაველი ვაჭარი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ვლადიკავკავში ვაჭრობდა. ერთხელ მას ისიდორე გამოემცნაურა და დადარდიანებულმა შესჩივლა ამ თელაველ კაცს თავისი გასაჭირი, კახელმა ვაჭარმა დაამშვიდა ისიდორე და უთხრა, ამ დღეებში თელავში უნდა გავემგზავრო და თუ გინდა წერილი გამატანე, შევივლი შენს სოფელში პატარძეულში და შენს მშობლებს, თუ ცოცხლები არიან, შენს ამბავს ვამცნობო.
ეს დღეც დადგა და ისიდორემ საჩუქრები და წერილი გადასცა ამ თელაველს თავის მშობლებთან გადასაცემად.
გაიხარეს ისიდორეს მშობლებმა, როცა გაიგეს რომ დაკარგული შვილი ცოცხალი და გამდიდრებული ჰყოლიათ. გახარებულმა გუგანამ (ზაქარიამ) მეორე დღესვე გადაწყვიტა შვილის სანახავად ვლადიკავკავში წასვლა. ჩაიცვა შინშეკერილი ცხვრის ტყავების ტყაპუჭი, წელზე თოკის ქამარი შემოირტყა, საგზლად წაიღო თონეში გამომცხვარი სამიოდ ლავაში პური, წელზე ხანჯალი ჩამოიკიდა, ხელში შვინდის მოზრდილი კომბალი დაიჭირა და ტყე-ტყე გომბორის გზით გზას გაუდგა. ფეხით გაიარა თიანეთი, მერე სტეფანწმინდა და ლარსის გზით კავკავში (მაშინ ვლადიკავკავს გლეხები შემოკლებით ~კავკავს~ ეძახდნენ) ჩავიდა. კითხვა-კითხვით მიადგა თავის შვილს. ისიდორემ გაიხარა მამის ნახვით, დააპურა, დაასვენა, რუსულ აბანოში კარგად გააბანა, დალაქთან თმები გაპარსა, ახალთახალი ტანსაცმლით გამოაწყო და ორი კვირა თავისთან ამყოფა. მერე, როცა გუგანას მოსწყინდა კავკავში ყოფნა და შინ წასვლა გადაწყვიტა, ისიდორემ დიდებულად შემოსა თავისი მამა, კარგ რუსულ შინელში და ჩექმებში გამოწყობილი უხვი საჩუქრებით პატარძეულში გამოსტუმრა. დილიჟანსში თავადურად გამოწყობილი გუგანა უხვი საჩუქრებით თბილისში ჩამოვიდა, მერე თბილისიდან საგარეჯოს დილიჟანსში გადაჯდა, პატარძეულამდე ასე იმგზავრა და ცოლ-შვილი გაახარა დაკარგული ისიდორეს კარგად ყოფნით.
ისიდორემ თავის მამას ისიც დააბარა, რომ სიღარიბეში მყოფი თავისი ძმები და ბიძაშვილები კავკავში ჩასულიყვნენ, ყველას პირდებოდა სამუშაოზე მოწყობას.
მართლაც მალე ისიდორესთან ჩავიდნენ მისი ძმები ტატო და გიგუა, ბიძაშვილი დათიკო, რომელთაც თავისი ძმა საკმაოდ კარგად მოწყობილი და გამდიდრებული დახვდათ.
როცა ისიდორე ელერდაშვილმა თავისი მამობილის ქონება ქარვასლებით მიიღო და თვითონაც თავისი საზრიანობით დიდი ქონება დააგროვა, ვლადიკავკავში ძეხვის ქარხანა მოაწყო, ქალაქში აიშენა სამსართულიანი სასახლე და დღითიდღე დიდ წარმატებას აღწევდა. იგი წარმატებული მეწარმის გზით მიდიოდა და მალე მთელ ჩრდილო კავკასიაში ძეხვის საწარმოთა ფილიალები გახსნა. ისიდორე ელერდაშვილმა კავკავის მახლობლად კაბილოვკაში შეიძინა მიწის ნაკვეთი და იქ ხეხლის ბაღი გააშენა კეთილმოწყობილი სახლით.
ისიდორე ელერდაშვილი მთელ ჩრდილო კავკასიაში წარმოადგენდა ძეხვის წარმოების მონოპოლისტს. მისი კაპიტალი დღითიდღე მატულობდა და თავისი მოგების გარკვეულ ნაწილს ახმარდა ქველმოქმედებას, ღარიბი თანამემამულეების დახმარებას და შრომით მოწყობას.

მცირეოდენი საინფორმაციო  ჩანართი განჯისათვის:
როცა ამ წიგნს ვამზადებდით, ინტერნეტის საშუალებით მოვძებნეთ მერაბ ელერდოვი, რომელიც ისიდორე ელერდაშვილის უშუალო შთამომავალი აღმოჩნდა, მან ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა:
Исидор, это дед моего отца. 
Он был промышленником известным. Его домовладения с заводами стоят во Владикавказе, а на них везде его инициалы. 
Мой отец более 20 лет через все возможные и не возможные инстанции, начиная с республиканских властей и заканчивая Страсбургским судом, пытается хоть что-то вернуть отобранное во время репрессий, но безрезультатно. 

ისიდორე ელერდაშვილმა გარკვეული თანხა შესწირა ვლადიკავკავში ქართული სკოლისა და ქართული კულტურის ცენტრის (კლუბის) შექმნის საქმეს.
ისიდორე ელერდაშვილმა საუკეთესო ქართული ოჯახი შექმნა, ცოლად შეირთო საგარეჯოელი ოტიაშვილების ქალიშვილი ეკატერინე (თეკლე), რომლისგანაც შეეძინა რვა შვილი, ესენი იყვნენ ექვსი ვაჟი: ნიკოლოზი, ვასილი (ვასა), ალექსანდრე, პეტრე, სიმონი, პავლე და ორი ქალიშვილო _  ნინო და თამარი. 
ისიდორე ზაქარიას ძე (გუგანას-ძე) ელერდაშვილი გარდაიცვალა 1933 წელს, დაკრძალულია თბილისში ვაკის ძველ სასაფლაოზე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

ვასილი (ვასა) ისიდორეს ძე ელერდაშვილი
ისიდორე ელერდაშვილმა შესანიშნავი შვილები აღზარდა, მათგან ერთ-ერთი ვასილ (ვასა) ელერდაშვილია, რომელიც დაიბადა 1888 წელს ჩრდილო კავკასიაში (ვლადიკავკავში).
ვასილ ელერდაშვილმა რევოლუციური საქმიანობა დაიწყო ჯერ კიდევ ვლადიკავკავის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, ხოლო 1905-07 წლების რევოლუციის დროს იგი უკვე ჩამოყალიბებული რევოლუციონერი იყო.
ვასა ელერდაშვილმა დიდი როლი შეასრულა ცარიზმის და მეფის ხელისუფლების დამხობის საქმეში ჩრდილო კავკასიაში.
პოლკოვნიკ ლაროვის დამსჯელი რაზმების წინააღმდეგ აქტიური გამოსვლების გამო ვასა ელერდაშვილი დააპატიმრეს და 1917 წელს სხვა რევოლუციონერებთან ერთად ციმბირში გადაასახლეს. მგზნებარე რევოლუციონერი არც გადასახლებაში წყვეტდა რევოლუციურ მოყვაწეობას. ვასა ელერდაშვილი მალე დაუკავშიდა ადგილობრივ ბოლშევიკურ ორგანიზაციებს და აქტიური ბრძოლა გააჩაღა ცარიზმის წინააღმდეგ.
ოქტომბრის რევოლიუციის შემდეგ ბურჟუაზიული რეაქციული ძალები შეეცადნენ ჩრდილო კავკასიაში სხვადასხვა ერებს შორის შუღლი ჩამოეგდოთ და ამით ხელი შეეშალათ საბჭოთა ხელისუფლების ჩამოყალიბებისთვის, ამიტომ ქალაქ მოზდოკში გამართულმა ყრილობამ ვასილი ელერდაშვილი დანიშნა ჩრდილო კავკასიის ერთა შორის შუღლის თავიდან ამცილებელი დელეგაციის ხელმძღვანელად. ვასილი ელერდაშვილმა ბრწყინვალედ შეასრულა ერთა შორის შუღლის აღმოფხვრის მისია და ჩეჩნების დელეგაცია ბოლშევიკების მხარეზე გადაიყვანა.
როდესაც ჩრდილო კავკასიაში შეიქმნა თერგის საბჭოთა რესპუბლიკა, ვასილ ელერდაშვილი ამ რესპუბლიკის სურსათის სახალხო კომისრად აირჩიეს.
1918 წელს სახიფათოდ გამწვავდა ეროვნული შუღლი ოსებსა და ინგუშებს შორის, ამიტომ მათ დასაშოშმინებლად გაიგზავნა ვასილი ელერდაშვილი, რომელმაც ტყვიების ზუზუნში ყველაფერი იზრუნა მშვიდობა დაებრუნებინა ამ ორ მეზობელ ერს შორის.
ვასილი ელერდაშვილმა, აგრეთვე, დიდი როლი შეასრულა 1918 წელს აგვისტოში ვლადიკავკავში თეთრგვარდიელების მზაკვრული გეგმის ჩაფუშვაში. მან ინგუშეთიდან ჩამოიყვანა კარგად შეიარაღებული ინგუშთა მებრძოლი რაზმი და გააფთრებული ბრძოლების შემდეგ ვლადიკავკაზიდან გაძევებულ იქნენ თეთრგვარდიელები.
ვასილი ელერდაშვილმა  დიდი როლი შეასრულა გენერალ დენიკინის თეთრგვარდიელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში 1918-1919 წლებში. მან ჩეჩნებისაგან და ინგუშებისაგან ჩამოაყალიბა მებრძოლი პარტიზანული რაზმები და კავკასიონის მთებიდან მოსვენებას არ აძლევდა თეთრგვარდიელების დენიკინის არმიას, რომელმაც ძალთა უთანასწორობის გამო დროებით დაიკავა ვლადიკავკავი.
1919 წელს ვასილი ელერდაშვილი თბილისში ჩამოვიდა, აქ იგი დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში მოათავსეს, მას დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ 1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმიის ნაწილების შემოსვლამ გადაარჩინა იგი დახვრეტას და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი საქართველოს ვაჭრობისა და დამზადების სახალხო კომისრად აირჩიეს. შემდეგ ვასილი ელერდაშვილი მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ, ხოლო მალე იგი დიპლომატიურ სამუშაოზე იქნა გაგზავნილი ნორვეგიაში სსრ კავშირის სრულუფლებიან ელჩად.
ვასილი ელერდაშვილი ლავრენტი ბერიას სისხლიანი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. იგი 1937 წელს ანტისაბჭოური ქმედებების ბრალდებით დააპატიმრეს და 1938 წელს დახვრიტეს.

სიმონ (სიკო) ელერდაშვილი
ისიდორე ელერდაშვილის შვილებიდან სასახელო გზა განვლო კიდევ ერთმა შვილმა ცნობილმა ქართველმა სწავლულმა ჰიდროგეოლოგმა სიმონ (სიკო) ისიდორეს ძე ელერდაშვილმა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის სამგორის სარწყავი სისტემის გეოლოგიური სამუშაოების დაპროექტებაში. სიმონ ელერდაშვილმა დიდი სამუშაოები შეასრულა ევიპტეში ასუანის წყალსატევ-საგუბარის დაპროექტებაში. სწავლული ჰიდროლოგი ასუანის საგუბარის მწყობრში ჩადგომის შემდეგ ერაყში იქნა მივლინებული, სადაც ოთხი წელი დაჰყო და მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა ამ ქვეყნის ჰიდრომელიორაციური ქსელის დაპროექტების სამუშაოებს.
სიმონ ელერდაშვილი, როგორც სწავლული მეცნიერი მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორია, რომელთაგან აღსანიშნავია ~ჰიდროლოგია და საინჟინრო გეოლოგია~ (რუსულ ენაზე, გამომცემლობა ~ნაუკა~, მოსკოვი, 1979 წ.) მის შესახებ მცირე საგაზეთო წერილი იხილეთ თხრობის ბოლოში, ეს წერილი მისმა შვლიშვილმა ნატალიამ მოგვაწოდა.
სიმონ ელერდაშვილი გარდაიცვალა 1974 წელს თბილისში, დაკრძალულია დიღმის ახალ სასაფლაოზე მშობლებთან ერთად.

პავლე ელერდაშვილი
ვლადიკავკაველი ელერდაშვილებიდან კიდევ ერთი პიროვნება, ისიდორეს უმცროსი შვილი პავლე  (1907-1985 წ.წ.) იყო საქართველოს დამსახურებული ზოოინჟინერი. მას დამთავრებული ჰქონდა ქალაქ ერევნის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოოვეტერინარული ფაკულტეტი 1935 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პავლე ელერდაშვილი მუშაობდა ხაშურის რაიონის მთავარ ზოოტექნიკოსად, 
ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის პავლე ისიდორეს ძე ელერდაშვილს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული ზოოტექნიკოსის წოდება. 1977 წლიდან იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსისონერი.
პავლე ელერდაშვილი გარდაიცვალა 1985 წელს. პავლე ელერდაშვილი მონაწილე იყო 1941-45 წლების სამამულო ომისა, რისთვისაც დაჯილდოვებული იყო მთავრობის ჯილდოებით.
* * *
ისიდორე ზაქარიას (გუგანას-ძე) ელერდაშვილს ჰყავდა ძმები _ ტატო, გიგო და დათიკო, რომელთაც დიდი დახმარება გაუწია ვლადიკავკავში სამუშაოზე მოწყობაში და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნაში.
ისიდორეს ძმებიდან ვლადიკავკავში დარჩნენ ტატო (ტატლება) და დათიკო, გიგო უკან დაბრუნდა პატარძეულში და ინდმეურნეობას ეწეოდა, მისი მეუღლე ევა იყო საგარეჯოდან ლაფაჩიაანთ ქალი, ფრიად კეთილშობილი ადამიანი. გიგოს და ევას ჰყავდათ ერთი ვაჟიშვილი შაქრო და ორიც ქალი.
გიგო რომ გარდაიცვალა, მისი ვაჟიშვილი შაქრო ვლადიკავკავში ჩავიდა თავის ბიძებთან და იქ სამუშაოდ დარჩა.
ტატოს ჰყავდა სამი შვილი, ორი ვაჟი გიორგი და ვანო, ერთიც ქალიშვილი ლიზა.
* * *
როგორც აღვნიშნეთ, ისიდორეს ჰყავდა 8 შვილი, ნიკოლოზი, ვასო, ალექსანდრე, პეტრე, სიმონი, პავლე, ორიც ქალიშვილი ნინო და თამარი.  მისი წყალობით ჩრდილოეთ კავკასიაში, ე.წ. კავკავში ელერდაშვილების ერთგვარი კოლონია დაარსდა.
XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე კავკავში ელერდაშვილების 9 კომლი ცხოვრობდა. ესენი იყვნენ:
1)  თვითონ იმ კოლონიის დამაარსებელი ისიდორე გუგანას (ზაქარიას) ძე ელერდაშვილი 
2) გაბო დათიკოს-ძე ელერდაშვილი, რომელსაც 9 შვილი ჰყავდა, 5 ვაჟი და 4 ქალი. ესენი იყვნენ: შალვა, იაშა, სიმონი, მიხეილი, გაბო (გაბუშა), სოფიო, ნინო, თამარი და ქეთევანი.
3) იასონ ელერდაშვილს ჰყავდა 7 შვილი: ტასო, გიორგი, ლაზო (ლაზარე), დათიკო, ნიკო, დიმიტრი, მარიამი.
ა) გიორგის ჰყავდა 5 შვილი, ვაჟები: ალექსანდრე და გრიგოლი; სამი ქალი: თამარი, ქეთევანი და რუსუდანი; 
ბ) ლაზოს (ლაზარეს) ჰყავდა ცხრა შვილი: ელენე, თამარი, ქეთო, მარიამი, ვასო, რუსიკო, ნატა, გოგი და ნუნუ. 
გ) დათიკოს შვილები: იოსები, კონსტანტინე, ვახტანგი, ნინო.

იაკოფა დავითის ძე ელერდაშვილი
მე მინდა ცალკე თავად წარმოვადგინო ჩვენი გვარის ერთ-ერთი დიდი განშტოება, რომლის წინამძღვარი და ფუძემდებელი იყო სოფელ პატარძეულის ერთ-ერთი გამოჩენილი თავკაცი იაკოფ დავითის ძე ელერდაშვილი, რომელმაც ისევე, როგორც თავისი თავი უკვდავყო სოფელ პატარძეულის ისტორიაში, ისევე დატოვა დიდი და სახელოვანი შთამომავლობა.
აი, მისი ~დიდი იაკოფას~ ბიოგრაფიული მონაცემები:
იაკოფ ელერდაშვილი პირდაპირი შთამომავალია იმ სამი ძმა ელერდაშვილებისა, ვინც მიატოვა თავისი სამოსახლო ბუტულაანთ უბანში და სოფლის თავში გადმოსახლდა. ამ სამი ძმიდან ერთ-ერთი იყო დავით ელერდაშვილი, რომელიც ერთ-ერთი პატარძეულელი თანამებრძოლი იყო სახალხო გმირ სოლომონ ბუტულაშვილისა.
იაკოფ დავითის ძე ელერდაშვილი სავარაუდოდ დაბადებული უნდა იყოს 1815 წელს სოფელ პატარძეულში, მონათლულია პატარძეულის შიოს სახელობის ეკლესიაში, აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანი, მისი მშობლების დაწვრილებითი მონაცემები არ გაგვაჩნია, მარტო ის ვიცით, რომ მისი მამა იყო დავითი.
იაკოფ ელერდაშვილი საკმაოდ კოლორიტული პიროვნება იყო, იგი თავის თანასოფლელებთან ერთად მონაწილეობდა თურქეთის დიდი სტრატეგიული ციხე-სიმაგრე ყარსისა და ბაიბურთის აღებაში, 1853-56 წლებში. ამ ომში გამოჩენილი გმირობისათვის იგი დააჯილდოეს წმინდა გიორგის ვერცხლის ჯვრით. იაკოფი პატარძეულის მამასახლისი იყო 1870-იან წლებში უწყვეტად თითქმის 12 წლის განმავლობაში. 
იაკოფ ელერდაშვილმა მამასახლისად არჩევისთანავე მიზანად დაისახა დაწყებითი სკოლისთვის შენობის აშენება, ვინაიდან დაწყებითი სკოლა მოთავსებული იყო პატარძეულის ქვემო უბანში ღვთისმშობლის ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ კოშკში, სადაც ბავშვებსაც ეძნელებოდათ შესვლა და მასწავლებლებსაც. ამიტომ სოფლის თავკაცებმა დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რათა სოფლის მოსახლეობის ხარჯით ახალი სასკოლო შენობის ასაშენებლად ადგილი გამოეძებნათ სადმე უფრო მოხერხებულ ადგილას. სოფლის თავკაცთა აზრთა აწონ-დაწონვის შემდეგ დაადგინეს, რომ სასკოლო შენობა აშენებულიყო გიუნაანთ უბანში მდებარე ფიდინაანთ ხევის მარცხენა სანაპიროზე, რასაც სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი პროტესტით შეხვდა. მათი აზრი გაიზიარა პატარძეულის მკვიდრმა ნიკო ლეონიძემ და საპროტესტო წერილების მთელი სერიალი გამოაქვეყნა გაზეთებში ~ივერიაში~ და ~დროებაში~, მიუხედავად ამისა იაკოფ ელერდაშვილმა თავისი გაიტანა და სკოლის მშენებლობა დაიწყო გიუნაანთ უბანში ფიდინაანთ ხევის მარცხენა სანაპიროზე, მამასახლის იაკოფ ელერდაშვილის ენერგიული მცდელობით ერთ წელიწადში აშენდა სასკოლო შენობა და მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ახალ შენობაში, რომელსაც ხალხმა ~რიყის სკოლა" უწოდა, დაიწყო სასწავლო წელი.
* * *
მეორე დიდი ჩანაფიქრი იაკოფ ელერდაშვილისა ის იყო, რომ პატარძეულის ზემო უბანში ჯერ კიდევ XVII საუკუნეში აშენებული წმინდა შიოს პატარა ეკლესია ვეღარ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მზარდ მოთხოვნებს, წირვის დროს მრევლი ეკლესიის სივიწროვის გამო ვერ იტევდა მლოცველთა რიცხვს, ამიტომ ენერგიული მამასახლისის მოთხოვნით, რომელიც სოფელმა წარადგინა თბილისში ეგზარხოსის კანცელარიაში, სინოდმა დააკმაყოფილა სოფლის მოთხოვნა, შედგენილ იქნა ახალი ეკლესიის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ამავე წმინდა შიოს პატარა ეკლესიის გვერდით გადაწყდა  ახალი ეკლესიის მშენებლობა. გზა გაყვანილი იყო, საჭირო იყო კარგი ხუროთმოძღვრის მოწვევა და მშენებლობის დაწყება. მამასახლისმა იაკოფ ელერდაშვილმა კარგ მშენებელ ხუროთმოძღვარს ეროვნებით ბერძენ პარასკევა ხრისტეფოროვს მიაგნო სოფელ ნორიოში, ჩამოიყვანა პატარძეულში და მისი ხელით ააგო მშვენიერი ტაძარი. იმისათვის, რომ სოფელს მუდმივად ჰყოლოდა კირითხურო იაკოფამ პარასკევა პატარძეულში დაასახლა. პარასკევა ქვრივი იყო და მას სოფელ პატარძეულში ჩამოჰყვა ობოლი პატარა ბიჭი გიორგი. მალე პარასკევას შერთეს ცოლად ბილანიშვილის ქალი და სახლიც აუშენეს ახლადაგებულ ტაძრის ახლოს.
პარასკევა ხრისტაფოროვის პატარძეულში ჩამოსახლებით იაკოფ ელერდაშვილმა დიდი საქმე გააკეთა. სოფელს ჰყავდა პარასკევას სახით მშენებელი, მაღალი კლასის კალატოზი. პარასკევამ თავის შვილებსაც კალატოზობა და კირითხუროობა ასწავლა და მას შემდეგ თითქმის მთელი სოფლის ახლად აგებული სახლები პარასკებაანთ ხელით იქნა აგებული.
იაკოფ ელერდაშვილი იყო სოფლის ამაგდარი კაცი, ხალხის გვერდში მდგომი ჭირში და ლხინში და მისი ნაშრომ-ნაამაგარი სოფლის ხსოვნაში დარჩა საუკუნოდ. იაკოფ ელერდაშვილი გარდაცვალა 1905 წელს და როგორც ღვაწლმოსილი სოფლისათვის თავდადებული კაცი დასაფლავებული იქნა შიოს ეკლესიის ეზოში, მისი საფლავის ქვა თავისი ეპიტაფიით დიდხანს იდგა შიოს ეკლესიის ეზოს ჩრდილოეთ მხარეს, მაგრამ კომუნისტური ათეიზმის დროს, XX საუკუნის 20-იან წლებში მისი საფლავის ქვა სხვა ქვებთან ერთად აკრიფეს და პატარძეულის საშუალო სკოლის მშენებლობის დროს სამშენებლო მასალად გამოიყენეს, იაკოფ ელერდაშვილის საფლავის ქვა თავისი წარწერა-ეპიტაფიით დიდხანს იდო სოფელ პატარძეულის საშუალო სკოლის კიბის საფეხურად XX საუკუნის 70-იან წლებამდე, მაგრამ ამ სკოლის სარესტავრაციო სამუშაოებისა და სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის დროს სოფლის ამაგდარი იაკოფ ელერდაშვილის საფლავის ქვა-ეპიტაფიაც უკვალოდ დაიკარგა. ასე გადაუხადეს და დაუფასეს ღვაწლი იაკოფ ელერდაშვილს მისმა უმცროსმა შთამომავლებმა.

იაკოფა ელერდაშვილის მრავალრიცხოვანი შთამომავლობა

(იაკოფას მოდგმის გენეალოგიური იხილეთ წიგნის ბოლოში)
იაკოფ ელერდაშვილმა დიდხანს იცოცხლა, იგი ამაყობდა თავისი წარსულით და შვილებსაც ზრდიდა მხედრული სულისკვეთებით.
იაკოფას უფროსი შვილები იასონიც და დოღაც (ნაომი) მიჰყვნენ მამის ტრადიციებს და მონაწილეობა მიიღეს რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში, ისინი ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული თურქ-ოსმალთა ბატონობიდან ქართული ტერიტორიებისა და დამონებული ქართველების განთავისუფლების საქმეში. 
მე ამ სტრიქონების ავტორი, ალექსანდრე გიორგის ძე, იასონას ვერ მოვესწარი, ის ჩემს დაბადებამდე მოკლა თავისმა უმცროსმა შვილმა მიტრომ (დიმიტრიმ), ამიტომ მახსოვს მხოლოდ ის, რომ მისი შვილის ნიკოს ოჯახში ინახებოდა თურქული იატაგანი ხმალი, რომელიც მას თურქეთიდან ომის დროს წამოეღო ნადავლის სახით, რაც შეეხება დოღას, მან დიდხანს იცოცხლა და გარდაიცვალა 1945 წელს ღრმად მოხუცი 90 წლის ასაკში, ამიტომ კარგად დამამახსოვრდა მისი ნაამბობი აჭარის განთავისუფლების შესახებ. მისი ნაამბობი შემდგომში გამოვიყენე მოთხრობების ციკლის ~მე და ჩემი რაზმის~ წერის დროს.
იასონა ელერდაშვილს 7 შვილი ჰყავდა, მათგან ხუთი ვაჟი, რომელთაგან მხოლოდ ლაზომ აღასრულა წინაპართა ტრადიციის მოწოდება, მისი ბიოგრაფიაც ღირსია უფრო ფართოდ წარმოვადგინო.

ლაზარე იასონის ძე ელერდაშვილი
ლაზარე ელერდაშვილი დაიბადა 1881 წელს. იგი ადრეული ასაკიდანვე ჩაება გლეხის დუხჭირ ცხოვრებაში, მაგრამ ბავშვობიდანვე დაუდგრომელი ბუნების იყო და ოცნებით ოქროს კოშკებს აგებდა. მას არ აკმაყოფილებდა გლეხური ყოველდღიური ჭაპანწყვეტა და როდესაც წამოიზარდა გულმა ჩრდილოკავკასიისაკენ, ვლადიკავკავისკენ გაუწია, სადაც ეგულებოდა თავის გარეშე ბიძა ისიდორე ელერდაშვილი. ამიტომაც იგი თავისი ფათერაკებით აღსავსე თავგადასავლებით და თავისი მშობლების თანხლებით ვლადიკავკავის გზას დაადგა.
მკვირცხლი ბუნების ჭაბუკი ისიდორემ გულმხურვალედ მიიღო და თავის ძეხვის საწარმოში დააწყებინა მუშად მუშაობა. ჭაბუკი ლაზარე სულაც არ გრძნობდა თავს უცხოდ ვლადიკავკავში (კავკავში). სადაც მასზე ადრე ცხოვრების მღვრიე ტალღებმა და ლუკმაპურის საძებნელად მისი ორი უფროსი ძმა გიორგი და დათიკოც გადატყორცნა. ლაზარემ ენერგიულად მოკიდა ხელი რუსული ენის შესწავლას, მალე ენაც გაიტეხა და რუსული წერა-კითხვაც იოლად შეისწავლა და როცა მოწიფულ ვაჟკაცს 18 წელი შეუსრულდა იგი რუსეთის რეგულარულ ჯარში გაიწვიეს, დისციპლინიანი და სამხედრო საქმის ბეჯითი მებრძოლი მალე დააწინაურეს და უნტეროფიცრის (უმცროს მეთაურთა) რაზმში დააწინაურეს. ყველგან და ყველაფერში წინ მიდიოდა ახალგაზრდა უნტეროფიცერი და იგი ოდესის შავი ზღვის მატროსთა ასეულის მეთაურად დააწინაურეს. ეს ის დრო იყო როცა მთელი რუსეთის იმპერიაში მიმდინარეობდა 1905-1907 წლების რევოლუციის გრიგალი და მღელვარე ჭაბუკი გულგრილი როგორ იქნებოდა ამ პოლიტიკური მოვლენების მიმართ, მით უმეტეს, რომ ეს რევოლუცია ითვალისწინებდა ცარიზმის რეაქციული ანტიხალხური რეჟიმის დამხობას და მშრომელი ხალხის ინტერესების დაცვას. ამიტომ ცნობისმოყვარე ჭაბუკი ფარულად დაუკავშირდა ქალაქ ოდესის რევოლუციური მუშების არალეგალურ ორგანიზაციას და გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა მრავალეროვანი და ჩაგრული მშრომელი ხალხის განთავისუფლების საქმეში.
ქალაქ ოდესაში დღითიდღე იძაბებოდა პოლიტიკური სიტუაცია, რამაც ხელი შეუწყო შავი ზღვის სამხედრო  ფლოტის კრეისერ ~პოტიომკინის~ მეზღვაურთა აჯანყებას. ამ გემის მეზღვაურებმა თავისი მეთაური გადააყენა და მთელი ხომალდი ოდესის სანაპიროს მიაყენეს, ოდესის მუშების მხარეზე გადავიდნენ. ეს იყო უდიდესი მოვლენა, სამხედრო გემი მთელი თავისი შეიარაღებით მუშების მხარეს იყო გადასული, რამაც შეძრა და შეაზანზარა მთელი იმპერია. მეფის მთავრობამ გადაწყვიტა მკაცრად დაესაჯა აჯანყებული ~პოტიომკინის~ ეკიპაჟი და აჯანყებული მეზღვაურების წინააღმდეგ კარგად შეიარაღებული ასეული გაეგზავნა. ასეთ ასეულად ყველაზე დისციპლინიანი ლაზარე ელერდაშვილის ასეული შეარჩიეს უბრძანეს უნტეროოფიცერ ლაზარე ელერდაშვილს თავისი ასეული მიეყენებინა ოდესის რეიდზე მდგარი გემის სიახლოვეს და პირდაპირი გახსნილი ცეცხლით გაენადგურებინა აჯანყებული გემის ეკიპაჟი.
ლაზარე ელერდაშვილმა იგრძნო, რომ დადგა მისი ვაჟკაცობისა და კაცობის გამოცდის დრო, არც მისი ჯარისკაცები იყვნენ პირსისხლიანი ჯალათები, ნაკურთხნი იყვნენ რევოლუციურ სულისკვეთებაზე. ამიტომ ლაზარემ აირჩია მეტად ეშმაკური ფანდი, იმისათვის რომ არც მწვადი დაეწვა და არც შამფური, თავის ჯარისკაცებს უბრძანა პირდაპირ დამიზნებით კი არ ესროლათ, არამედ ჰაერში, ისე, რომ შთაბეჭდილება შეექმნათ, ვითომც პირნათლად ასრულებდნენ მთავრობის ბრძანებას, მაგრამ ნათქვამია მტერი და ჯაშუში ყველგან არის ჩასაფრებულიო. ლაზარე ელერდაშვილის ეშმაკური ფანდი სარდლობამდე მიიტანეს და მთელი ასეული დააპატიმრეს, თვითონ ლაზარეს ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, ხოლო შეთქმულ ჯარისკაცებსაც სასჯელი დაადეს. სხვადასხვა ცდით ლაზარე მალე გათავისუფლდა სასჯელისაგან.
* * *
სასჯელის მოხდის შემდეგ ლაზარე ელერდაშვილი მშობლიურ პატარძეულს დაუბრუნდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, მალე დაოჯახდა კიდეც, ცოლად შეირთო ანთოკელი გლეხის ქრისტეფორე თარიმახიშვილის ქალიშვილი ნინო, ლაზო თავის მეუღლესთან ერთად 1908 წლამდე პატარძეულში დარჩნენ, ხოლო 1908 წელს საცხოვრებლად გადავიდნენ კავკავში (ვლადიკავკაზში) და იქ ლაზარე მუშაობდა თავისი ბიძის ისიდორე ელერდაშვილის ძეხვის ქარხანაში რიგით სპეციალისტად.
როცა მსოფლიოში დიდ იმპერიალისტურ სახელმწიფოთა შორის ძლიერ დაიძაბა ვითარება და კვლავ მასშტაბური ომის სუნი დატრიალდა, 1913 წელს ლაზარე ელერდაშვილი მობილიზაციით კვლავ რუსეთის ჯარში გაიწვიეს როგორც გამოცდილ უნტერ-ოფიცერს კვლავ ასეული ჩააბარეს. როცა დაიწყო პირველი მსოფლიო იმპერიალისტური ომი, ლაზარე ელერდაშვილს პოლკის სატრანსპორტო ნაწილი ჩააბარეს სამეთაუროდ. მის განკარგულებაში 15 ცხენებშებმული ფურგონი იყო. მისი პოლკი კარპატების მთებში იდგა და პირველი ბრძოლები ავსტრია-უნგრეთის ჯარების წინააღმდეგ მოუხდათ. მთელი დივიზია, რომელშიც ლაზარე ელერდაშვილის პოლკიც იმყოფებოდა, მტრის გარემოცვაში მოხვდა და ტყვედ ჩავარდნა ელოდებოდათ, მაგრამ აქ გაჭრა ლაზარე ელერდაშვილის გამჭრიახობამ და სიმამაცემ, იგი არ დაემორჩილა მეთაურთა ბრძანებას და თავისი საზრიანობის, სიმამაცისა და თავისუფლებისადმი უსაზღვრო სურვილით ლაზარემ შეძლო მძიმე ბრძოლებით თავისი ქვედანაყოფი სამშვიდობოზე გამოეყვანა. რუსეთის სარდლობამ ღირსეულად შეაფასა ლაზარე ელერდაშვილის გმირობა და იგი საბრძოლო გიორგის ჯვრით დააჯილდოვა.
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ლაზარე იასონის ძე ელერდაშვილი კვლავ დაუბრუნდა ცოლ-შვილს და ვლადიკავკავში ისიდორე ელერდაშვილის ძეხვის ქარხანაში დაიწყო მუშაობა მთავარ სპეციალისტად.
ლაზარემ და მისმა მეუღლემ, ნინომ შობეს და გაზარდეს 8 შვილი,  3 ვაჟი და 5 ქალი. ესენი იყვნენ: 
არჩილი, ვასილი, გიორგი, მარიამი, ელენე, მართა, ნატა, ნუნუ6. 
აღნიშნული შვილებიდან ყველამ ღირსეულად მოიხადა მოქალაქეობრივი მოვალეობა და იცხოვრეს ნორმალურად, თუმცა საჭიროდ ვრაცხ ზოგიერთ მათგანზე შევჩერდე. პირველ რიგში მინდა მკითხველს წარმოვუდგინო ოჯახის დიდი საბრძოლო ტრადიციების განმგრძობი, დიდი სამამულო ომის, ლეგენდარული, ლენინგრადის დამცველი გმირი, მტრის ზურგში მზვერავთა რაზმის მეთაური გიორგი ლაზარეს ძე ელერდაშვილი, რომლის შესახებ 1982 წლის რაიონულ გაზეთ ~ივრის განთიადის~ 6 ნოემბრის ნომერში გამოვაქვეყნე ვრცელი ნარკვევი, რომელიც აქ სრულიად გადმოვიტანე, აი, ისიც:

გიორგი ლაზარეს ძე ელერდაშვილი
"მზვერავის გმირობა"
ლენინგრადის7 ყინვით გათანგულ მიწას ჭახჭახი გაჰქონდა. 900 დღიანი ბრძოლის ხუნდებისაგან თავისუფლდებოდა ეს დიდი ქალაქი და როდესაც ტიტანური ბრძოლების შემდეგ მოახლოვდა თავისუფლების ნანატრი დრო, 1944 წლის 23 იანვარს მძიმე ჭრილობებისაგან გარდაიცვალა ლენინგრადის გმირი დამცველი გიორგი ლაზარეს ძე ელერდაშვილი, ღიმილის ბიჭს ჯერ 23 წელიც არ შესრულებოდა და იგი უკვდავებას ეზიარა.
გმირმა მომავალზე ოცნებაში დალია სული. თვითონ გაჭირვებული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ეხმარებოდა დაჭრილ თანამებრძოლებს. ამხნევებდა მათ, იმედის რწმენას უნერგავდამომაკვდავთ, ოცნებობდა მომავალზე, ექიმობაზე, ფიქრით დასტრიალებდა მშობლიურ საქართველოს, სოფელ პატარძეულს, თბილისს, სრულყოფილებამდე ამაღლებაზე ოცნებობდა, რათა თავისი ნიჭი და ენერგია მიეძღვნა საყვარელი სამშობლოსათვის.
ახლა მისი ნეშტი განისვენებს სანკტ-პეტერბურგის მახლობლად ლომონოსოვის რაიონის სოფელ ლიაბეჟის საშუალო სკოლის ეზოში, სადაც მის საფლავს სათუთად უვლიან ლიაბეჟის საშუალო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები.
შენიშვნა: ამჟამად სოფელი ლიაბეჟი შეერწყა ქალაქ სანკტ-პეტერბურგს.
გიორგი ელერდაშვილი წარმოშობით სოფელ პატარძეულიდანაა, მისი მშობლები და წინაპრები აქ ცხოვრობდნენ, თუმცა გიორგი ელერდაშვილი ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ ვლადიკავკავში დაიბადა 1921 წელს. მამამისი ლაზარე ელერდაშვილი დუხჭირმა ცხოვრებამ პატარძეულიდან ვლადიკავკავში ჩაიყვანა. 1935 წელს ლაზარე ელერდაშვილი თბილისში გადმოსახლდა საცხოვრებლად და პატარა გიორგიც სწავლის გასაგრძელებლად თბილისში კიროვის (ამჟამად ნაძალადევის) რაიონის შრომის 21-ე საშუალო სკოლაში ჩაირიცხა. ჭაბუკი გიორგი ზაფხულობით სოფელ პატარძეულში ატარებდა არდადეგებს, აქ ისმენდა ლეგენდებს, წარსულის ამბებს წინაპართა გმირულ წარსულზე და თვითონაც იმსჭვალებოდა იმ დაუოკებელი სურვილით, რათა თავისი ნიჭი, ძალა და ენერგია სამშობლოს კეთილდღეობისთვის მოეხმარებინა.
საშუალო სკოლა გიორგიმ ფრიადზე, წარჩინებით დაამთავრა და უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. მალე გამოავლინა თავისი უნარი, ლიდერობისადმი სწრაფვა და სწავლის ფრიადოსანი გახდა. იგი იყო, პირდაპირი, პრინციპული,  თავაზიანი,  იუმორის უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული და ამხანაგებისადმი უაღრესად ყურადღებიანი. იგი ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებში და სტუდენტებში საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, რისთვისაც  სტუდენტი ახალგაზრდობის წინამძღოლად აირჩიეს..
გიორგი თავდადებით სწავლობდა, მაგრამ როდესაც ჩვენი სამშობლოს8 ცაზე ომის ავბედითი ღრუბლები დაიგრაგნა და ომი დაიწყო 19 წლის გიორგიმ დროებით სწავლას თავი მიანება და თავისი განცხადებით მოხალისედ წავიდა საბჭოთა არმიის რიგებში, სამშობლოს დამცველთა რიგებში. მშობლებმაც მოუწონეს ეს გადაწყვეტილება თავის პირმშოს და ისიც შეახსენეს ~ვისი გორისა იყო~.
გიორგი ელერდაშვილმა საბოლოოდ ნათლობა ჯერ ფინეთის ომში მიიღო, ხოლო შემდეგ სამსახური გააგრძელა ბალტიის საზღვაო ფლოტის კრონშტადტის ბაზაში.
სამამულო ომის დაწყებისთანავე ბალტიის ფლოტის მეზღვაურები გადმოიყვანეს ლენინგრადის მიდამოების დასაცავად ფინეთის უბესთან. გიორგი ელერდაშვილი მოხვდა მეორე საზღვაო ბრიგადაში. ეს ბრიგადა ლენინგრადს ბლოკადის გარღვევამდე იბრძოდა გერმანელთა მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქში.
ომის დაწყებისთანავე საზღვაო-მსროლელი ბრიგადის  მე-2-ე ასეულის საზღვაო-ნაოსანთა ჯგუფს დავალებული ჰქონდა დაეცვა ლენინგრადი. გიორგი ელერდაშვილი თავის ამხანაგებთან ერთად მოხვდა ყველაზე ძნელ ადგილზე _ ორანიენბაუმის უბანზე (პლატფორმაზე). თავდავიწყებამდე სიმამაცემ, გამჭრიახმა ხასიათმა იგი ბატალიონის საუკეთესო მზვერავთა რიგებში მოაქცია.
მისმა ამხანაგებმა იცოდნენ, რომ თუ გიორგის გვერდით იქნებოდნენ მათ საშიროება არ ელოდათ, ვინაიდან გიორგი თავისი სიცოცხლის ფასად გაჭირვებიდან გამოიხსნიდა ამხანაგებს. ასე მოიქცა სერჟანტი გიორგი ელერდაშვილი, როდესაც მის მეთაურს ელისტრატოვს საშიშროება ელოდა. ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის დროს, 1943 წლის იანვარში მზვერავებს მეტისმეტად რთულ ვითარებაში დაევალათ ~მოენეს~ მოყვანა. პოლკის უფროსმა პირადად გიორგი ელერდაშვილს მიმართა: ~შენ აუცილებლად უნდა მომიყვანო ~მოენე~! აი, როგორ აღწერს ამ ეპიზოდს ლეიტენანტი ნ. ორლოვი: ~ბრძოლის გრუხუნი თანდათან ძლიერდებოდა, უცებ ძელმიწურში ორი ხელყუმბარა აფეთქდა... აფეთქებამ კარი შეანგრია და იქ პირველად დუდკო ჩაეშვა, მას ელერდაშვილი და წითელფლოტელი ზუევი მიჰყვნენ. იატაკზე ეყარა გერმანელების სხეულების ნაფლეთები, ჭერიდან სისხლი წვეთავდა. ბნელი კუთხიდან, როგორც დაფეთებული ნადირი, გერმანელი გამოვარდა, მან კონდახი დააძგერა გიორგის მხარში, გადახტა ამბრაზურისკენ და ხელის ტყვიამფრქვევს ეცა. გიორგიც მისკენ გადახტა. გერმანელმა კი ტყვიამფრქვევი დაუმიზნა და ის იყო ხელი დააჭირა გამშვებს, წამიც და მზვერავი მარცხენა ხელით სწვდა ტყვიამფრქვევის ლულას, გვერდზე მიაგდო ის და იმავეწამს გაისმა სროლის ხმაც. ტყვიებმა გაიზუზუნეს ძელმიწურის კედლებზე. გიორგი სიბრაზისაგან გაფითრდა, იგი აკუწავდა კიდეც ჰიტლერელს... მაგრამ თითქოს ვიღაცამ ყურში ჩასჩურჩულა ~არ მოკლა~. გიორგიმ ფეხებში შემოკრა გერმანელს და ძირს დასცა. ჯერ ხელები გადაუგრიხა, მერე თოკით გაკოჭა და ეს გერმანელი შტაბში მიჰგვარა უფროსს.
დაზვერვის ოპერაციებში მამაცობისთვის გიორგი ელერდაშვილი დაჯილდოებულ იქნა ~წითელი დროშის~ ორდენით.
შესანიშნავი მზვერავი გიორგი ელერდაშვილი მალე ბატალიონის დაზვერვის მეთაურად დაინიშნა, ხოლო 1943 წლის ივლისში იგი ცალკეული მზვერავი ბრიგადის ოცეულის მეთაური გახდა.
იგი დაჯილდოებული იყო, აგრეთვე, მედლით ~მამაცობისთვის~ და `ლენინგრადის დაცვისთვის~. გიორგი ელერდაშვილის საბრძოლო მიღწევების ანგარიშზე 16 ცოცხალი ~მოენე~ იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მიერ მოკლულ უამრავ გერმანელზე. მტრებთან დაუნდობელი, ბრძოლებში გააფთრებული, შესვენებებზე ყველაზე საყვარელი პიროვნება, ბრიგადის სული და გული იყო~ _ ეს ციტატა ამოღებულია წიგნიდან ~ლენინგრადის მიჯნებთან~ (სამხედრო გამომცემლობა, 1943 წელი).
აი, რას წერს მისი მეგობარი ე.გ.ბოიარსკაია გიორგი ელერდაშვილის შესახებ:
~1943 წლის ივნისში იგი დაინიშნა ბრიგადის ცალკე მზვერავი ოცეულის მეთაურად.
რა ეშმაკობას აღარ იგონებდა, რათა გერმანელეთა სიფხიზლე მოედუნებინა. ხშირად გერმანელთა ცხვირწინ ნეიტრალურ ზონაში გარმონის დაკვრას და სიმღერას გააჩაღებდა და იმ დროს როცა გერმანელები სროლას ატეხდნენ, მისი თანამებრძოლები მარჯვნივ და მარცხნივ 100-200 მეტრის დაშორებით გერმანელთა სანგრებში შეცვივდებოდნენ და ~მოენეებს~ იტაცებდნენ.
ერთხელ დაზვერვის დროს, ამოწმებდა რა თავის ჯგუფს, უცებ წააწყდა ორ გერმანელ მეტყვიამფრქვევეს, გიორგი არ დაიბნა ერთი დარტყმით მოკლა ერთი გერმანელი, ხოლო მეორე თავის ტყვიამფრქვევიანად ბრიგადაში მიიყვანა. მსგავსი გმირობა მრავალჯერ აქვს ჩადენილი.
შესვენების დროს ჩვენი მეთაური თვითონ იყო სიცოცხლის განსახიერება, სიმღერა და გიტარა მისი განუყოფელი თანამგზავრი იყო, მას ყოველთვის კარგი განწყობილება ჰქონდა და ამ განწყობილებას მის ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც გადასცემდა ხოლმე.
1944 წლის 14 იანვარს, ლენინგრადის ფრონტის ყველა უბანზე დაიწყო შეტევა. შეტევაზე გადავიდნენ აგრეთვე ჩვენი მეზღვაურთა მე-2 და 48-ე ბრიგადები. წინ დაზვერვა მიდიოდა გიორგი ელერდაშვილის მეთაურობით. დავალება რაც მის ჯგუფს ევალებოდა წარმატებით შესრულდა, მაგრამ გიორგი მძიმედ დაიჭრა. როდესაც მედპერსონალამდე მიაღწია ცნობამ ელერდაშვილის დაჭრაზე, მთელი მედპერსონალი ფეხზე დადგა. ელერდაშვილი  ხომ ყოველთვის მეგობრობდა გოგონებთან და იცავდა მათ სიძნელეებისაგან.
ჭრილობა მძიმე იყო, მას ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა, ნამსხვრევები ამოუღეს ბარძაყიდან. იგი წყალს თხოულობდა, წყლის დალევა კი არ შიძლებოდა. მან მე მომმართა: "ლიალია მომიტანე წყალი", როდესაც დავინახე მისი მავედრებელი თვალები, მე ექიმს ვუთხარი, მოვუტან და გავეცალე იქაურობას. მე მესმოდა როგორ მეძახდა, "ლიალია, სად ხარ? მე შენ სიკვდილს მომიტან და არა წყალს!" და როცა მივუტანე ცოტა წყალი, მან დაწაფებით მოსვა, მერე უკან გადმოღვარა. მერე მძიმე მდგომარეობის მიუხედავად დაიწყო ესენინის სიმღერა მოცვის შესახებ, მღეროდა თუ როგორ ყვაოდა ის, რომ ჩვენ ვეღარასოდეს შევხვდებით..... იგი გარდაიცვალა ერთი კვირის შემდეგ ჰოსპიტალში.…მძიმეა ამ ამბის გახსენება~... ამ ამბავს ყვებოდა მისი სიმპათია ულამაზესი გოგონა ლიალია, გიორგის თანამებრძოლი.
* * *
2012 წლის მაისის მინაწერი: გიორგი ელერდაშვილის ალალი ბიძაშვილის, ასევე ფრონტზე დაღუპული იოსებ ელერდაშვილის შვილიშვილმა იოსებ (სოსო) ელერდაშვილმა ინტერნეტის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ასეთი შეტყობინება მიიღო ვინმე მიხაილ პშენიჩნისგან: 
Добрый Вам день. 
Меня зовут Михаил. Я ищу родственников Элердашвили Георгия Лазаревича, 1921 г.р., призванного в РККА в 1939 году из гор. Тбилиси Орджоникидзевского района, разведчика морской пехоты балтийского флота, погибшего в 1944 году в Ленинградской области. Я знаю его место захоронение. Если я ошибся извините. Но может Вы знаете родственников этого воина. Спасибо.

გიორგი ელერდაშვილი დღემდე ახსოვთ ლენინგრადელებს....
* * *
განვაგრძოთ საუბარი იასონაანთ მოდგმის შესახებ:

ნატალია ლაზარეს ასული ელერდაშვილი
ნატალია ლაზარეს ასული ელერდაშვილი დაიბადა ჩრდილო ოსეთის დედაქალაქ ორჯონკიძეში (იგიე ვლადიკავკავში). იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1935 წელს ნატალია თავის მშობლებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა საცხოვრებლად და სწავლას განაგრძობს ჯერ თბილისის რკინიგზის სამედიცინო ტექნიკუმში, ხოლო 1939 წელს შედის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ მიდის გურჯაანში და ეწყობა გურჯაანის საშუალო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლად, იქვე დაქორწინდა. 
დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ნატალიას მეუღლე ფრონტზე წაიყვანეს, სადაც მალე დაიღუპა. ნატალიამ გურჯაანი მიატოვა და თბილისში დაბრუნდა, მუშაობა დაიწყო თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ენტომოლოგიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად, აქვე ჩაირიცხა ასპირანტურაში, რომელიც 1943 წელს დაამთავრა წარჩინებით, იმავე წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
ამის შემდეგ, მისი მთავარი საზრუნავი გახდა მომავალი მაღალხარისხიანი სპეციალისტების აღზრდა, სამეცნიერო მუშაობა. ნატალია წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუში მცენარეთა დაცვის, აგროქიმიის, მებაღეობა- მევენახეობის და კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტებზე.
მესამე, მეოთხე და მეხუთე კურსელი სტუდენტები დიდი ინტერესით ისმენდნენ ქალბატონი ნატალიას მიერ წაკითხულ ლექციებზე სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვაში, ბიოლოგიაში და ნატალია ელერდაშვილის ხელმძღვანელობით ასობით სტუდენტმა დაიცვა სადიპლომო შრომები.
გარდა პედაგოგიური მუშაობისა ნატალია ლაზარეს ასული ელერდაშვილი ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც ეწეოდა და მას გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
ნატალია ელერდაშვილის ავტორობით გამოცემულია დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის სახელწოდებით: ~სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა კარანტინის საფუძვლები~.
ნატალია ელერდაშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მუშაობასაც ეწეოდა, წლების განმავლობაში იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ქალათა საბჭოს თავმჯდომარე, ინსტიტუტის პროფორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 
ნატალია ელერდაშვილი ნაყოფიერი და ხანგრძლივი საზოგადოებრივ-სამეცნიერო მუშაობისათვის დაჯილდოვებული იყო მთავრობის ჯილდოებით.

ელენე ლაზარეს ასული ელერდაშვილი
ელენე ლაზარეს ასული ელერდაშვლი დაიბადა 1908 ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ვლადიკავკავში წვრილი მეწარმის ოჯახში. ელენე ლაზარეს ასულმა ჯერ დაამთავრა ამ ქალაქის არასრული საშუალო სკოლა, ხოლო 1924 წელს ოჯახთან ერთად თბილისში გადასახლდა და სწავლის გასაგრძელებლად შევიდა თბილისის ცხრკლასიან შრომით სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1925 წელს. ელენე ლაზარეს ასული 1925 წელს ისევ დაბრუნდა ჩრდილოეთ ოსეთში და 1927 წელს პედაგოგად დაიწყო მუშაობა მე-19 შრომით სკოლაში, შემდეგ მუშაობდა სახალხო განათლების განყოფილების ინსპექტორად და შეთავსებით პედაგოგად.
1930 წელს ელენე ელერდაშვილი კვლავ თბილისში გადადის და სწავლის გასაგრძელებლად შედის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1934 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ელენე სამუშაოდ გაგზავნილი იქნა სამეურნეო სამუშაოზე ~ყარაჯალას~ საბჭოთა მეურნეობაში. 1938 წელს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა (მათემატიკის) თბილისის 101-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1943 წელს გადაკეთდა თბილისის 30-ე ვაჟთა საშუალო სკოლად. შემდეგ ეს სკოლა გადაკეთდა თბილისის 70-ე საშუალო სკოლად, სწორედ ამ სკოლიდან პენსიაზე გავიდა ელენე ლაზარეს ასული 1973 წელს.
ელენე ლაზარეს ასული ელერდაშვილი გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, ეწეოდა აქტირ საზოგადოებრივ მუშაობას, წლების მანძილზე იყო სახალხო განათლების კიროვის რაიონის შტატგარეშე ინსპექტორი. წლების მანძილზე იყო როგორც ადგილობრივი, ისე საქალაქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარე და წევრი. აქტიური მუშაობისათვის ელენე ლაზარეს ასული ელერდაშვილი მრავალჯერ იქნა დაჯილდოვებული მთავრობის მედლებით. ელენე ლაზარეს ასული ელერდაშვილი გარდაიცვალა 1995 წელს.
* * *
ელენე ლაზარეს ასულით არ დამთავრებულა იასონაანთ მოდგმა. იასონას ლაზარეს გარდა ჰყავდა სხვა შვილებიც, როგორც წინ აღვნიშნე, იასონას 7 შვილიდან გიორგი, ლაზო და დათიკო ცხოვრების სახსრის საძებნელად ვლადიკავკაზში გადასახლდნენ, მაგრამ ისონას ვაჟიშვილებიდან სოფელ პატარძეულში დარჩნენ მისი მომდევნო შვილები ნიკო და დიმიტრი (მიტრუა). ნიკო ერთხანს სოფელში ცხოვრობდა, იქ დაქორწინდა და ცოლად მოიყვანა საგარეჯოელი გულიკაშვილების ქალი, შემდეგ კი თბილისში გადასახლდა და მუშაობა დაიწყო ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოში ტრამვაის ვატმანად, თბილისშივე დასახლდა, ხარფუხში, და შეეძინა სამი შვილი: იოსები, ადიკო და თამრიკო. მისი შვილებიდან მხოლოდ იოსებმა შექმნა ოჯახი, ადიკო დიდ სამამულო ომში დაიღუპა, ხოლო თამარი კი გაუთხოვარი დარჩა.
რაც შეეხება იოსებს მან კარგი ოჯახი შექმნა და მისი ბიჭები მალხაზი და კაკო კარგი დიზაინერი მხატვრები არიან (ინტერნეტში ვნახეთ 1958 წ დაბადებული მალხაზ ელერდაშვილზე ინფორმაცია და წერილიც გავუგზავნეთ მას, მაგრამ, სამწუხაროდ, მისგან პასუხი ვერ მივიღეთ, ფოტო კი ~მოვიპარეთ~ და ვბეჭდავთ გალერეაში - ალექსანდრე ვახტანგის ძე).
იასონას ყველაზე უმცროსმა შვილმა დიმიტრიმ (მიტრუამ) ისეთი საქციელი ჩაიდინა, რამაც მთელი ჩვენი სახელოვანი გვარი შეარცხვინა. მან ოჯახური კონფლიქტის გამო თოფით მოკლა თავისი სახელოვანი მამა იასონა, ქონების ძმებზე გაყოფის გამო, მკვლელობის მოტივად დაასახელა ის, რომ ვითომ მამამისმა ძმებზე საერთო ქონების გაყოფის დროს არ შეახვედრა კამეჩის ზაქი.
იასონა, ეს სახელოვანი კაცი დაბადებული იყო 1850-იან წლებში, ხოლო მისი მკვლელობა მოხდა 1930-იან წლებში.
დიმიტრი ცოლშვილიანი იყო, როგორც გვარის შემარცხენელი დიმიტრი წისქვილში მოკლეს 1935 წელს. მას დარჩა ერთი ქალიშვილი თეკლე.
ძმებიდან დათიკო იასონას-ძე ელერდაშვილი სიბერის დროს პატარძეულში დაბრუნდა, მაგრამ მისი ცხოვრება ვერ აეწყო, იგი ტრაგიკული პიროვნება იყო. მისი ერთ-ერთი ვაჟიშვილი გიორგი მდინარე არაგვში დაიხრჩო მდინარეში ბანაობის დროს, თავით კლდეს მიეჯახა, გრძნობა დაკარგა და წყალში დაიხრჩო.
მე მაშინ პატარა 5-6 წლის ბიჭი ვიყავი და კარგად მახსოვს დათიკოს ოჯახის ტრაგედია. დათიკომ თავისი პირმშო პატარძეულის კოპალეს სასაფლაოზე დაკრძალა. ამის შემდეგ არ დაცხრა შვილის სიკვდილით გამოწვეული სულის ტკივილი. დათიკოს სახლში გული არ უჩერდებოდა, სულ ტყე-ტყე დადიოდა და გოდებდა _ შვილო გიორგი, სად ხარ, მოდი, დამენახეო. ბოლოს დათიკო სულიერადაც დაავადდა და ასე დალია სული.
იასონას მოდგმიდან კარგად მახსოვს თეკლე მამიდა. ის ძალიან მომხიბვლელი ქალი გამოდგა და ცოლად გაჰყვა ცხვარიაანთ ჩოჩეს; შემდეგ მათ ნაფუძარზე ცხოვრობდა თეკლეს შვილიშვილი პატარძეულის სოფლის ერთ-ერთი თავკაცი ლაშა ცხვარიაშვილი.

დიდი იაკოფას მოდგმის გაგრძელება
დოღა (ნაომი) იაკოფას ძე ელერდაშვილი (დაიბადა დაახლოებით 1854 წელს, გარდაიცვალა 1943 წელს).
დოღა იაკოფას ძე ელერდაშვილი მეტად კოლორიტული პიროვნება იყო, მან დიდხანს იცოცხლა და 90 წელს მიღწეული, ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მისმა მეუღლე ფეფემაც დიდხანს იცოცხლა, კარგად მახსოვს მისი სახეც. დოღას და ფეფეს ჰყავდათ 4 შვილი _ ორი ქალი და ორი ვაჟი. ქალიშვილებიდან ნინოს და სალომეს პირადად ვიცნობდი. ნინო გაუთხოვარი, შინაბერა იყო, შეუხედავი, ერთი დუგეჯა ქალი. სალომე ეშხიანი, ლამაზი ქალი იყო და გათხოვილი იყო პატარძეულში ოთარაანთ გვარში. დოღას ვაჟიშვილებიდან სოლომონსა და აბრიასაც მოვესწარი და ჩემს ხსოვნაშიც ნათელი კვალი დატოვეს ორივემ.
სოლომონი (გამოცვლის სახელი ყარამანა) კარგი ვაჟკაცი იყო, საბჭოთა ხელისუფლების მოძულე, 1924 წლის აჯანყების მონაწილე, ჰყავდა კარგი ცხენი და ულამაზესი მეუღლე. სოლომონზე მოთხრობაც მაქვს დაწერილი, სახელწოდებით ~ბიძაჩემის შავი ცხენი~; მართლაც ლეგენდარული პიროვნება იყო სოლომონა ძია. იგი უსაზღვრო პატრიოტი იყო ჩვენი ქვეყნისა. კომუნისტური წყობილების სიძულვილი ბოლომდე გაჰყვა. არც კოლმეურნეობაში შევიდა და არც ახლოს არ გაეკარა საბჭოთა წყობილებას. გარდაიცვალა დაახლოებით 1939 წელს. მისმა შავმა რაშმა, გაწრთვნილმა ცხენმა ვერ აიტანა პატრონის სიკვდილი და ისიც მალე გარდაიცვალა.
სოლომონს დარჩა სამი შვილი: უფროსი ეთერი, რომელიც ხაშმზე იყო გათხოვილი, ლაზარე (ლაზო), რომელიც უცოლშვილო გარდაიცვალა 1972 წელს და უმცროსი ვაჟიშვილი _ შოთა სოლომონის ძე ელერდაშვილი, რომელიც დედამ თბილისში წაიყვანა და იქ დაამთავრებინა, როგორც საშუალო, ისე უმაღლესი სასწავლებლები, თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგ უნივერსიტეტი. შოთა უნიჭიერესი ბიჭი გამოდგა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურა დაამთავრა, დაიცვა დისერტაცია და იქვე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დატოვეს მეცნიერ-მუშაკად, შემდეგ გახდა დოცენტი და წლების მანძილზე ლექციებს კითხულობდა დასახელებულ ინსტიტუტში.
დოღა ელერდაშვილის მომდევნო შვილი აბრია (აბრამი) კარგი მეურნე გლეხი გამოდგა, მისი მეუღლე უშვილო იყო და შვილიც აიყვანეს საგარეჯოელი ტიგანიშვილების ობოლი ბიჭი გოგია, რომელიც შემდეგ ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ამგვარად დოღას მოდგმიდან მხოლოდ შოთა ელერდაშვილმა გააგრძელა გვარი.
დიდი იაკოფას მოდგმას ეკუთვნის ვანო (ივანე) იაკოფას ძე ელერდაშვილი.
შევეცდები ჩემს ხელთ არსებული მასალებიდან და მეხსიერებიდან ორიოდ სიტყვა შევაწიო ამ ღირსეულ ადამიანებს.

ვანო  იაკოფას ძე ელერდაშვილი
ვანო (ივანე) იაკოფას ძე ელერდაშვილი დაიბადა დაახლოებით 1850-იან წლებში. მისი პირველი მეუღლე იყო თუშის ქალი, მეორე მეუღლე სოფიო _ ცუცნიაანთ ქალი. ვანო ერთი ჭკვიანი გლეხი იყო, რომელიც არსად არ გაჰქცევია ცხოვრების დუხჭირ ხვედრს და სოფელში მისდევდა გლეხურ მეურნეობას. ის უშვილო და შედარებით გამართული გლეხი იყო.
ვანო ელერდაშვილის პირველი მეუღლე რომ გარდაეცვალა, ის უკვე ხანდაზმული კაცი იყო, 60 წელს გადაცილებული, მაგრამ მეორე ცოლი სოფიო, ყუშიტაანთ ნარძლევი რომ მოიყვანა, არავის ეგონა რომ მათ შვილი ეყოლებოდათ, ამიტომ ვანომ იშვილა სოფიოს გერები, მაგრამ მოხდა საოცრება _ სოფიო დაფეხმძიმდა და როცა ვანო უკვე 67 წელს გადაცილებული იყო, 1910 წელს ეყოლა ვაჟიშვილი, რომელსაც დიდი პაპას იაკოფას სახელი დაარქვეს. 1917 წელს სოფიოს კიდევ ერთი ქალიშვილი ეყოლა, რომელსაც სარა დაარქვეს. კიდევ ჰყავდათ იაკოფას მომდევნო შვილი ისაკი, რომელიც მალე გარდაიცვალა. ამგვარად ვანოს გერებს გარდა ჰყავდა ორი საკუთარი შვილი იაკოფა და სარა. იაკოფა საუკეთესო ვაჟკაცი გაიზარდა მთელი სოფლის თვალი, შესახედაობით და ტანადობით ნამდვილი რაინდი, სოფლის ახალგაზრდობის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი. ყველა, ვისაც კარგად ახსოვდა დიდი იაკოფა ამბობდა, რომ პატარა იაკოფა დიდი პაპის ნამდვილი ასლიაო.
იაკოფამ საშუალო განათლება მიიღო და კოლექტივიზაციის დაწყებისთანავე იყო პატარძეულის ბერთუბნის კოლმეურნეობის ბუღალტერი, მაგრამ სამამულო ომის დროს გაცივდა და ტუბერკულიოზით გახდა ავად, იგი 1942 წელს გარდაიცვალა.
სარა ვანოს უმცროსი და უსაყვარლესი ქალიშვილი, ულამაზესი გოგო იყო, სოფლის თვალი, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. იგი სწავლის ფრიადოსანი და უნივერსიტეტის სტუდენტი ახალგაზრდობის ლიდერი გახდა, მაგრამ ულმობელმა სენმა ტუბერკულიოზმა არც ის დაინდო, ლოგინს მიაჯაჭვა და დიდი მომავლის მქონე ულამაზესი ქალიშვილი სოცოცხლეს გამოასალმა 1943 წელს.
იაკოფას დაკრძალვა კარგად მახსოვს, უამრავი ხალხი აცილებდა მის კუბოს, ხოლო სართიჭალის გერმანელთა კოლონიის სასულე ორკესტრი წინ მიუძღოდა დამკრძალავ პროცესიას სამგლოვიარო მელოდიებით.
იაკოფას დარჩა ორი მცირეწლოვანი ვაჟიშვილი თენგიზი და მურთაზი, რომლებიც ობლად გაზარდა მათმა სასახელო დედამ, ქალბატონმა თამარმა. იგი ჭრა-კერვის სპეციალისტი იყო და თავისი სახელოვანი ქმრის ერთგული. მეუღლე ღირსეულად ზრდიდა თავის ვაჟიშვილებს.
თენგიზმა და მურთაზმა პატარძეულის საშუალო სკოლა დაამთავრეს და სპორტით, ქართული ჭიდაობის ოსტატები გახდნენ და ქართული სპორტის კვარცხლბეკზე მდგომებმა მთელი საქართველო ასახელეს.
უფროსი ძმა თენგიზ იაკოფას  ძე ელერდაშვილი იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ქართულ და ჭიდაობა სამბოში, იყო სპორტის ოსტატი, დამსახურებული მწვრთნელი და მსაჯი ქართულ და ჭიდაობა სამბოში (1956 და 1958 წლებში - სსრკ-ს ჩემპიონი, 1954 წლის ბრინჯაოს პრიზიორი 64 კგ წონით კატეგორიაში); მურთაზი 1960 წელს იყო სსრკს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
ასევე მისი ძმა მურთაზ იაკოფას ძე ელერდაშვილი არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ქართულ და ჭიდაობა სამბოში. არის სპორტის ოსტატი და მრავალი ქართველი ფალავნის გამზრდელი.
თენგიზ ელერდაშვილის შვილიშვილის, თორნიკეს ნაამბობი:
"მე მოგიყვებით ახლა პაპაჩემის, თენგიზის და თავისი ძმის მურთაზის ისტორიას, რომლებიც ერთმანეთს ტატამზე შეხვდნენ: იმ დროს თენგიზი უკვე მრავალგზის ჩემპიონი იყო, როდესაც ძმები ელერდაშვილები საბჭოთა კავშირის პირველობაზე გავიდნენ; მურთაზი უფრო ახალგაზრდა იყო მაშინ, ორივეს ერთი წონა ჰქონდათ, ორივე ფინალამდე უპრობლემოდ გავიდნენ და როდესაც ფინალის დღე დადგა, ძმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. (პაპაჩემმა ასე მიამბო): ~მე უკვე ბევრი რამ მქონდა მოგებული, ჩემს ძმას კი მნიშვნელოვანი არაფერი და ფინალში მურთაზს შეგნებულად დავუთმე, მოგვერდი გავაკეთებინე და ჩემი ნებით ისე დავწექი ხალიჩაზე, რომ მსაჯებს არანაირი ეჭვი არ აეღოთ”.


გაბო იაკოფას ძე ელერდაშვილის მოდგმა
გაბრიელ (გაბო) იაკოფას ძე ელერდაშვილმა და მისმა მეუღლემ ნინომ შობეს და გაზარდეს 9 შვილი. აქედან 5 ვაჟიშვილი და 4 ქალიშვილი. გაბოს შესახებ ის ვიცი, რომ თავის ოჯახიანად ჩრდილო კავკასიაში გადასახლდა თავის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. მისი ოჯახი ვლადიკავკავის ქართული კოლონიის ელერდაშვილების უბანს შეერწყა დროთა განმავლობაში. მისმა მოდგმამ ფაქტიურად ასიმილაცია განიცადა და ზოგი მათგანი მოსკოვშიც დასახლდა.
მასალების მოძიების დროს ელენე ლაზარეს ასულმა ელერდაშვილმა ჩემი რედაქტორობის დროს საგარეჯოში ჩამოიყვანა გაბრიელ იაკოფის ძე ელერდაშვილის ქალიშვილი თამარ გაბრიელის ასული ელერდაშვილი, რომელიც გათხოვილი იყო წარმოშობით რაჭველ კაცზე, გვარად ჩიხრაძეზე. გავიხარე, რათა კიდევ ერთი ჩემი ბიძაშვილი, ჩემი სისხლი და ხორცი გავიცანი. მან ბევრი საინტერესო ეპიზოდი მომიყვა თავისი ცხოვრებიდან. მისი ოჯახი სამამულო ომის პერიოდში ჩრდილო კავკასიის ქალაქ ნალჩიკში ცხოვრობდა და ფაშისტური ოკუპაციის წლებში ბევრი უბედურება გადახდა თავს. მე მისი მონაყოლი ნარკვევად ვაქციე და გამოვაქვეყნე საგარეჯოს რაიონულ გაზეთ ~ივრის განთიადის~ 1983 წლის 29 დეკემბრის ნომერში.
გაბრიელ ელერდაშვილის სხვა შვილების შესახებ მწირი მასალები მაქვს. შეიძლება მხოლოდ ითქვას, რომ მისი ვაჟის, შალვას შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში (ინტერნეტში საკმაოდ ხშირად შეიძლება შეხვდეთ მასალებს ალექსანდრე იურის ძე ელერდაშვილის შესახებ, ასევე არის ინფორმაცია მისი მეუღლის ეკატერინეს და შვილის მიხეილის შესახებ... ყველაზე საინტერესო არის ის, რომ მათ ჩვენი გვარი სრულად შეინარჩუნეს და არ დაწერილან რუსულ ყაიდაზე - “ელერდოვი”). 

სვიმონ (ლაპრიკანჭის) მოდგმა 
ზემოთ მე მოვიხსენე ორი ძმა გუგანა და ლაპრიკანჭი.
გუგანას მოდგმა შესაძლებლობის ფარგლებში გავაშუქე, ხოლო სვიმონ (ლაპრაკანჭის) შესახებ ახლა ვისაუბრებ, ესეც შესაძლებლობის ფარგლებში.
სვიმონა (ლაპრიკანჭი) იყო ამ სტრიქონების ავტორის პაპის მამა. მისი დაბადების და გარდაცვალების მიახლოებითი თარიღებია 1825-1880 წწ. მისი შვილები იყვნენ გიორგი (გოგლია, გირგოლა) და ალექსანდრე (ჩემი პაპა).

ა) გოგლიაანთ მოდგმა
გოგლიაანთ მოდგმის ფუძემდებელი იყო ლაპრიკანჭის (სვიმონას) შვილი გიორგი (გოგლია). მისი ვაჟიშვილები იყვნენ ვანო (გვირგვალა) და ილო. ვანოს შვილები იყვნენ გიორგი და დათა. მას ჰყავდა აგრეთვე ქალები: მართა, ანია და მარუსა გიორგის ჰყავდა შვილები: ვალიკო, არჩილი და მიხეილი (მიშიკო).
რაც შეეხება მის ძმას, დათას, ის უშვილოდ გარდაიცვალა.
გიორგი გოგლიას მეორე ვაჟიშვილის ილო (ილია) სახელის მიხედვით ამ განშტოებას ილუაანთ განშტოებასაც უწოდებენ.
ილოს ჰყავდა ერთი ვაჟიშვილი ლადო (ვლადიმერი). ლადო სამამულო ომში დაიღუპა. ლადოს დარჩა ერთი ვაჟიშვილი ილო და ორი ქალიშვილი: ლამარა და თინა. (უმცროს) ილოს ჰყავს ერთი ვაჟიშვილი ლადო.
ლადოს ერთი ქალიშვილი ლამარა გათხოვდა, მაგრამ მალე მიატოვა ქმარმა. ფეხმძიმედ დარჩენილ ლამარას ეყოლა ვაჟიშვილი ნოდარი, რომელიც უმამოდ გაზარდა და თავის გვარზე, ელერდაშვილად ჩაწერა. ნოდარი ძალიან ყოჩაღი შრომისმოყვარე და გერგილიანი ვაჟკაცი, ბიზნესმენი დადგა. აქვს საკუთარი მაღაზია და ცხოვრებაც კარგად მოიწყო. ჰყავს ორი ვაჟიშვილი თორნიკე, გიორგი და ერთიც ქალიშვილი ლამარა.
ილოს ვაჟიშვილს ლადოს სახლ-კარი აქვს სოფელ პატარძეულში, მხოლოდ დოლენჯაანთ უბანში, ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
გიორგის შვილები არჩილი, ვალიკო და მიშიკო თბილისში ცხოვრობდნენ. ამჟამად ცოცხალია მიშიკო. სამივე ძმას პატარძეულში აქვს სახლები. მათ ჩემი ალექსანდრე გიორგის ძე ელერდაშვილის მამაპაპეული სახლ-კარი შეიძინეს და დასახლდნენ ელერდაანთ უბანში.

ბ) ალექსანდრეს მოდგმა
ჩემი პაპის ალექსანდრე ელერდაშვილის დაბადების და გარდაცვალების მიახლოებითი წლებია 1854-1909 წწ.
ალექსანდრე სიმონის (ლაპრიკანჭის) ძე ელერდაშვილს ჰყავდა ორი შვილი გიორგი, იგივე ზაურბეგი (მამაჩემი) და ტასო (ჩემი მამიდა).
პაპაჩემი ალექსანდრე მონაწილე იყო რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომისა და მან თავის ბიძაშვილებთან იასონასთან, დოღასთან ერთად მონაწილეობა მიიღი თურქეთის ბატონობისაგან აჭარის გათავისუფლებაში. ჩემი პაპა ალექსანდრე ერთი უღარიბესი გლეხი იყო, მაგრამ ის მაინც მოუხერხებია, რომ პატარძეულში აუშენებია ღარიბული, მაგრამ ქვითკირის სახლი, კრამიტით გადახურული.
მამაჩემი გიორგი (იგივე ზაურბეგი) ალექსანდრეს ძე ელერდაშვილი დაიბადა 1880 წელს. პაპაჩემს ალექსანდრეს და მის მეუღლეს მარიამ გულისაურს მხოლოდ ქალ-ვაჟი ეყოლათ: ჩემი მამიდა ტასო, რომელიც ახბულახში (ახლანდელ წყაროსთავში) ბეჟიტაშვილების გვარში გაათხოვეს, ხოლო მამაჩემი დიდხანს იყო დაუქორწინებელი. მამაჩემმა დაწყებითი განათლება სოფელ პატარძეულის დაწყებით სკოლაში (რიყის სკოლაში) მიიღო. როცა წამოიზარდა მანაც ბედის საძიებლად ვლადიკავკავს მიაშურა, სადაც ბიძები და ბიძაშვილები მრავლად ჰყავდა. მამაჩემი ისიდორე ელერდაშვილმა ძეხვის ქარხანაში მიიღო მუშად, სადაც მამაჩემი მალე დაოსტატდა და როგორც ძეხვის წარმოების ოსტატი კარგ გასამრჯელოს იღებდა, მალე რუსული წერა-კითხვა და რუსული ენაც შეისწავლა და კავკავში თავისუფლად გრძნობდა თავს.
მიუხედავად მშობლების ვედრებისა გიორგი არ აპირებდა პატარძეულში დაბრუნებას, იქ საკმაოდ შინაურულად გრძნობდა თავს თავის ბიძებთან და ბიძაშვილებთან და ერთხანს სამუდამოდ დარჩენასაც აპირებდა კავკავში. მხოლოდ მამის, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ პატარძეულში. ეს უნდა მომხდარიყო 1910-1912 წლებში. მიუხედავად მოწიფულობისა (მან უკვე გადააბიჯა 30 წელს), არ აპირებდა ოჯახის შექმნას. გიორგი ერთხანს  სართიჭალაში მუშაობდა გერმანელთა კოლონიაში და კარგად ერთობოდა მათ გოგოებში. მხოლოდ 1912 წელს ნინოობის დღესასწაულზე გააცნეს ერთ ეშხიან და ლამაზ გოგოს და ამ გოგომ გაუღვიძა ოჯახის შექმნის სურვილი. ეს გოგო იყო კერატიშვილების ქალიშვილი, საქმეც  მალე გაიჩარხა და მამაჩემმა  გიორგი (ზაურბეგ) ელერდაშვილმა ცოლად მოიყვანა ახბულახელი კერატიშვილი მართა, რომლისგანაც 1914 წელს ეყოლა ვაჟიშვილი და მას ვასილი (ვასო) დაარქვეს, 1917 წელს ეყოლათ გოგო ქეთევანი, ხოლო 1920 წელს კიდევ გოგო, მარიამი.
მალე მამაჩემი დაქვრივდა, მისი მეუღლე მართა მშობიარობას გადაჰყვა, გარდაიცვალა. მამაჩემი დარჩა ქვრივად და კვლავ სართიჭალაში დაიწყო იქაურ გერმანელებთან მუშაობა, მამაჩემი ძეხვის სპეციალისტი იყო და სართიჭალაში გამოადგა ამ ხელობის ცოდნა.
უდედმამოდ დარჩენილ ობლებს  სამადლოდ მეზობელი, დაქვრივებული ძალო ევა უვლიდა, რომელსაც ქმარი გიგო ელერდაშვილი კავკავში ჰყავდა წასული და იქ გარდაეცვალა, ხოლო ერთადერთი შვილი შაქარა, ისიც კავკავში ცხოვრობდა და ეს ღვთისნიერი ქალი უვლიდა ობლებს.
ბოლოს მამაჩემს შეუჩნდნენ მეორე ცოლი მოიყვანეო და გააცნეს საკმაოდ მოხდენილი ქვრივი ანა სიბოშვილი-ნარმანიშვილისა. მამაჩემს მოეწონა ეს ულამაზესი ქალი და მიუხედავად გერებისა, ცოლად მოიყვანა 1927 წელს.
ანა დედაჩემი გახლდათ. მას 5 ქალი და 2 ვაჟიშვილი ჰყავდა ობლად დარჩენილი. როცა მამაჩემს მისთხოვდა, დედაჩემს 4 ქალი უკვე გათხოვილ-დაოჯახებული ჰყავდა და მამაჩემს 3 გერი მიაყენა სახლში, ერთი მცირეწლოვანი გოგო - ლუბა, 1920 წელს დაბადებული, და ორი ბიჭი, ერთი კოტე, დაბადებული 1918 წელს და მეორე დათა, დაბადებული 1922 წელს. ამგვარად მამაჩემს სარჩენი გაუხდა 6 შვილი, 3 დედაჩემის და 3 თავისი. კოტე როგორც ცოტათი წამოიზარდა, დედაჩემის გათხოვილმა ქალმა ელენემ თავისთან წაიყვანა, მაგრამ მამაჩემის სარჩენი დარჩა 5 ბავშვი. დათა მოზრდილი ბიჭი იყო და მოჯამაგირედ მისცა მამაჩემმა თავის ბიძაშვილს, ილო ელერდაშვილს. სახლში დარჩა 4 მცირეწლოვანი ბავშვი, რომელთა რჩენა არც თუ იოლი იყო. მამაჩემი გარე სამუშაოზე დადიოდა 1927 წლამდე, მერე სოფელში უღარიბესი გლეხებისაგან ჩამოყალიბდა ღარიბ-ღატაკთა არტელი, ~ქალაქისა და სოფლის კავშირი~ და ჩემი მშობლები ამ არტელში გაერთიანდნენ.
1928 წელს მე მოვევლინე ამ ცოდვიან ქვეყანას და ჩემს დედ-მამას სარჩენი გაუხდათ 5 ბავშვი. დედაჩემი და მამაჩემი ახლადშექმნილ არტელში დადიოდნენ სამუშაოდ და მე ჩემი და-ძმების ანაბარა ვიყავი დატოვებული.

ჩემი, ალექსანდრე გიორგის ძე ელერდაშვილის, დაბადების და ცხოვრების ამბავი
ჩემი მოვლენა ამ ცოდვიან ქვეყანაზე შემთხვევით და ბედის ირონიის წყალობით მოხდა. როცა დედაჩემი დაფეხმძიმდა ის 42 წლის იყო და ერცხვინებოდა ბავშვის გაჩენა. მართალიც იყო, მის გათხოვილ ქალებს ელენეს და ქეთევანს უკვე ჰყავდათ შვილები და დედაჩემი ამბობდა თურმე, როგორ უნდა გამოვყო ხალხში თავი ამ ხანდაზმულ ასაკში ქორფა ბავშვით ხელშიო და გადაწყვეტილი ჰქონდა მუცლის მოშლა. ეს განზრახვა გაანდო ჩვენს ოჯახთან გაშინაურებულ ევას, რომელიც სოფელში ცნობილი აბორტისხელოსანი იყო. მას შეუთანხმდა, რომელიც პირველად შეპირდა მუცლის მოშლას და ნაყოფის მოშორებას, მაგრამ როცა საქმე-საქმეზე მიდგა ევა ბაბომ ქვა ააგდო თავი შეუშვირა, უარი თქვა დედაჩემსთვის მუცლის მოშლაზე.
თურმე დედაჩემი ეხვეწებოდა, ემუდარებოდა - ქენი სიკეთე, ამხნის ქალს მომაცილე ბავშვი სირცხვილია, როგორ უნდა გამოვყო თავი სოფელშიო. ხან გასამრჯელო დაახარბა, ხან ხვეწნა-მუდარით დაუჩოქა, მაგრამ არაფერმა გაჭრა, არ ჩაიდინა ევა ბაბომ მორიგი ცოდვა. ბოლოს, როგორც იყო დაიყოლია მოხუცი და როცა ტანზე გაიხადა და ტახტზე წამოწვა, ევა ბაბომ ხელები დაიკაპიწა და ის იყო საქმეს უნდა შესდგომოდა, რომ უცებ ელდანაცემივით წამოხტა და ხელაპყრობით წამოიძახა, რა ვქნა, ღმერთი არ მიშვებს, მიკრძალავს ნუ მოუსწრაფავ სიცოცხლეს ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფ ყრმასო. ეს ისეთი უნდა გამოვიდეს ხალხის შემწე და მშველელიო, ღვთის შვილია და მან უნდა იცოცხლოსო.
რაღა გაეწყობოდა დედაჩემი დამორჩილებულა ღვთის ნებას და მე გავჩნდი ამ ცოდვილ ქვეყანაზე.
როცა წამოვიზარდე და ცნობიერება მომეცა, ეკა ბებო კალთაში ჩამისვამდა ხოლმე და ტკბილად მეტყოდა: ~შვილო, იცი რომ ღვთის შვილი ხარ და შენი ვარსკვლავი აგერ იქ არისო _ თითს გაიშვერდა ცისკენ და სადღაც უსაზღვრო სივრცეში გამახედებდა - აგერ, შვილო, ირმის ნახტომი, იქ რომ მუქად ჩანს ცა, იქ მილიონობით ვარსკვლავია და იქ შენი ვარსკვლავიც არის, იქიდან განაგებს შენს ბედსა და იღბალს, შენი ანგელოზიც იქ არის და იქიდან გმფარველობს~ - მეც გულდასმით ვუსმენდი და ვოცნებობდი იმ შეუცნობად, ირაციონალურ სამყაროს გავცნობოდი.
ასე და ამგვარად მე ვცხოვრობ ამ ცოდვიან ქვეყანაში და თავიდანვე ქუდბედად დამყვა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ცხოვრება.

პატარძეულელთა აჯანყება
1930 წლის 3 მარტს, როცა მე 9 თვის ვიყავი, პატარძეულში10 მრისხანე აჯანყებამ იფეთქა, საბჭოთა ხელისუფლებისაგან ძალადობით შეწუხებულ ხალხს, რომელთაც ყველაფერი წაართვეს და ძალმომრეობით ყველანი ძალით შექმნილ კოლმეურნეობებში შეყარეს, მოთმინების ფიალა აევსოთ და აჯანყდნენ, შეიარაღებულები მახარიკაანთ გორაზე გამაგრდნენ, რაიონის ცენტრში მიმავალი გზები გადაკეტეს, ტელეფონის ხაზი გადაჭრეს და კოლმეურნეობები გაანადგურეს. ხალხისაგან წართმეული პირუტყვი დაიტაცეს და გადამალეს, პატარძეულზე მიმაგრებული რწმუნებული ლოგინიდან წამოაგდეს, ტანთ გახადეს და გაცეცხლებულ დედაკაცებს გადასცეს დასასჯელად. კაცებმა კი ვის რა  იარაღით შეეძლო გამოსვლა, ისე შეიარაღდნენ, ზოგმა მარგილს წამოავლო ხელი, ზოგმა ჭიგოს და ზოგმაც ცეცხლსასროლ იარაღს, მამაჩემი მაშინ მთავრობის კაცად იყო მიჩნეული, საბჭოს წევრი იყო და იარაღიც ჰქონდა ჩაბარებული მთავრობისაგან. მეზობლისაგან, კომუნისტური პარტიის წევრ დევანოზასაგან შეიტყო სოფლის ამბოხება და თადარიგიც დაიჭირა. დედაჩემმა თბილ საბანში გამახვია, ბოღჩითაც რაღაც-რაღაცები მოიმარაგა, მამაჩემმა აიკიდა ~ვინტოვკა~, ჩამოიკიდა ნაგანი და გაუდგნენ ტყის გზას. ის ღამე დრეიძის ტყეში გაათიეს, მერე იქიდან ახბულახში ჩავიდნენ ტასო მამიდასთან და იქ სახლის სხვენზე დაიმალნენ.
თურმე აჯანყებული თანასოფლელები ღამით თავს დაესხნენ ჩვენს ოჯახს და ჩემი და-ძმები ააწიოკეს.
მეორე დღეს შინსახკომის11 ჯარები შემოვიდნენ სოფელ პატარძეულში და აჯანყება სასწრაფოდ და სასტიკად ჩაახშეს. შეიარაღებული დაპირისპირების დროს ერთი მილიციონერი დაიღუპა, ხოლო აჯანყებულებისგან ორი კაცი დაიჭრა. ამ აჯანყების დროს ჩემი გვარის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა, როცა ჩაწყნარდა მღელვარე ამბები, ჩემი მშობლები სოფელში დაბრუნდნენ. 
მე პირველად მაშინ გადამარჩინა ჩემმა მფარველმა ანგელოზმა.
1937 წელს, როცა 8 წელი შემისრულდა ჩემმა მშობლებმა მიმაბარეს სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1948 წელს. 1949 წელს სწავლის გასაგრძელებლად შევედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიის განყოფლებაზე და შევისწავლე თურქული ენა. 1954 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ისტორიკოსის დიპლომით ქალაქ საგარეჯოში ჩავედი. ჯერ ისტორიის მასწავლებლად მსურდა მუშაობა, მაგრამ ქალაქის სკოლებში არ იყო თავისუფალი ვაკანსია. მე უნივერსიტეტში კომუნისტური პარტიის წევრი გავხდი. ამიტომ დიდი ფიქრის შემდეგ მივადექი პარტიის რაიკომს. რაიკომის მდივანმა ოთარ ნემსაძემ გულთბილად მიმიღო, გამომკითხა ოჯახური მდგომარეობა. მე უკვე დაოჯახებული ვიყავი, 1954 წლის იანვარში ცოლად შევირთე საგარეჯოელი გოგონა ელისო გილაშვილი და მალე შვილსაც ველოდებოდით. რაიკომის მდივანი თანაგრძნობით მისმენდა და მერე ტელეფონის ყურმილი აიღო, რაიონული გაზეთის რედაქტორი გამოიძახა, რომელიც 7 წუთში პირველ მდივანთან გამოცხადდა. იქ გადაწყდა ჩემი სამსახურის ბედი, თურმე რედაქტორის მოადგილის ადგილი ვაკანტური იყო და იქვე მიმიღეს სამსახურში, გაზეთ "სტალინური სიტყვის" პასუხისმგებელ მდივნად და რედაქტორის მოადგილედ.
ჩემი პირველი დღეების დებიუტი წარმატებული გამოდგა, მაგრამ დიდხანს არ გამაჩერეს ამ თანამდებობაზე. მალე პარტიის რაიკომში გადამიყვანეს პარტკაბინეტის გამგედ და აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილედ.
1958 წელს გადამიყვანეს ახლადგახსნილი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად. არც იქ გამაჩერეს დიდხანს, ისევ რაიონული გაზეთის პასუხისმგებელ მდივნად გადამიყვანეს.
1965 წელს დამაწინაურეს და გადამიყვანეს პარტიის რაიოკომის აგიტაციის პროპაგანდის განყოფილების გამგედ. პარალელურად ვმუშაობდი საგარეჯოს #2 საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად. გარდა სამსახურეობრივი მოვალეობისა ვასრულებდი სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დავალებებსაც. ვიყავი პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ლექტორი და საქინფორმის კორესპონდენტი საგარეჯოს რაიონში, ვეწეოდი ჟურნალისტურ და სამწერლო მოღვაწეობას, აქტიურად ვთანამშრომლობდი, როგორც რაიონულ, ასევე რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში. რის გამოც ხშირად ვიღებდი როგორც ჰონორარებს, ისე მორალურ წახალისებებს. 1979 წელს აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და აქტიური შემოქმედებითი მუშაობის გამო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მომენიჭა საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება, ასევე დამაჯილდოეს მთავრობის მედლებით და სამადლობელო სიგელებით.
1971-73 წლებში ვმუშაობდი საგარეჯოს რაიონის სახალხო განათლების განყოფილების გამგედ, ხოლო 1973 წლიდან 1980 წლამდე კვლავ პარტიის საგარეჯოს რაიკომის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგედ გადამიყვანეს, ხოლო 1980 წლის 1 დეკემბრიდან საგარეჯოს რაიონული გაზეთის ~ივრის განთიადის~ მთავარ რედაქტორად დამაწინაურეს. გაზეთის რედაქტორად მუშაობის დროს 1983 წელს ჩემთან ჩამოვიდა იმდროინდელი დისიდენტი, ხოლო შემდეგ საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და წინადადება მომცა გავმხდარიყავი ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელი გარეკახეთში. მე ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს კავშირი მქონდა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დიდი კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახთან და მათი ხშირი სტუმარი ვიყავი, სწორედ მაშინ გავიცანი ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოსწავლე ზვიად გამსახურდია. ასე რომ, ჩვენ დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებდა. მე ჯერ არალეგალურად ვეწეოდი ეროვნული იდეების პროპაგანდას და ჩემს გაზეთში აქტიურად დავიწყე ისეთი პუბლიკაციების გამოქვეყნება, რაც ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძინებას უწყობდა ხელს.
ჩემი მოღვაწეობა დისიდენტებთან შეუმჩნეველი არ დარჩა სახელწიფო უშიშროების ორგანოებს და 1985 წლის თებერვალში გამათავისუფლეს გაზეთის რედაქტორობიდან. ამის შემდეგ უფრო გავააქტიურე ჩემი მოღვაწეობა  დისიდენტურ ორგანიზაციებთან. ჩემი ყოფნა პარტიაში დიდ დისკომფორტს მიქმნიდა, რის გათვალისწინებით მე ჩემი ნებით გავედი კომუნისტური პარტიის რიგებიდან 1990 წელს და ასაკიც მიწყობდა ხელს, დავინიშნე პენსია და მთლიანად გავთავისუფლდი სამსახურიდან. 1991 წლის 4 მაისს საგარეჯოს რაიონში უკვე აშკარად და აქტიურად ჩამოვაყალიბე ჰელსინკის კავშირი და ბატონ ზვიად გამსახურდიას რეკომენდაციით არჩეული ვიქენი საგარეჯოს რაიონში მრგვალი მაგიდის სპიკერად და ამჟამადაც ვითვლები მთელ გარე კახეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზვიადისტური მიმართულების ორგანიზაციების ლიდერად.
1947 წლიდან, როცა მე მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი, ჩემი სოფლის სასოფლო კლუბში სოფლის მოსახლეობისათვის წავიკითხე პირველი საჯარო ლექცია თემაზე გარეკახეთის როლი საქართველოს ისტორიაში, ამ დროიდან მოკიდებული დღემდე ე.ი. 2012 წლამდე წაკითხული მაქვს 1000-ზე მეტი ლექცია, როგორც საქართველოს ისტორიიდან, ისე მსოფლიოს მრავალი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
1947 წლიდან ვეწეოდი ჟურნალისტურ და სამწერლო მოღვაწეობას. როგორც რაიონულ ისე რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მაქვს სხვადასხვა შინაარსის ორი ბროშურა და ორი წიგნი.
გამოსაცემად მომზადებული მაქვს ასევე შემდეგი წიგნები:
1) გარეჯის ქვეყანა - საგარეჯო.
2) გარეჯული ქრონიკები.
3) გარეკახეთის მატერიალური კულტურის ძეგლები.
4) ნინოწმინდა.
5) დავით გარეჯა.
6) მხატვრული საბავშვო მოთხრობები სათაურით -  "მე და ჩემი რაზმი".
7) მოთხრობების კრებული - "მარტო კაცი".
8) პუბლიცისტური ნარკვევები "გარე-კახეთი წინათ და ახლა".
9) პატარძეული თქმულებებში და წერილობით წყაროებში.
10) გარეკახეთის ლეგენდები.
11) გარეკახეთის ონომასტიკონი.
2011 წელს გამოვეცი წიგნი-ცნობარი "საგარეჯო".
მიუხედავად ხანდაზმულობისა და ავადმყოფობისა კვლავ ვაგრძელებ სამეცნიერო-კვლევით და ლიტერატურულ-შემოქმედებით მოღვაწეობას მთლად უჰონორაროდ და მორალური წახალისების გარეშე.
* * *
ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მუხთალმა ბედმა ბევრი ტრაგიკული უბედურება მარგუნა. იმის გამო, რომ შეუდრეკლად ვიბრძოდი ჯერ კომუნისტური, ხოლო შემდეგ ედუარდ შევარდნაძის მოღალატური რეჟიმის წინააღმდეგ, მომიკლეს ჩემი ვაჟიშვილი გიორგი ელერდაშვილი, ცოლშვილიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული წითელი დიპლომზე.... ეს მოხდა 2002 წელს და მისი მკვლელობა არც კი გამოიძიეს. იგი იყო უნიჭიერესი ბიჭი, რომელმაც წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სპარსული ფილოლოგიის განხრით, მას დიდი მომავალი ჰქონდა, მაგრამ ჩაჭკნა მისი ნიჭი, დუხჭირმა ცხოვრებამ არ მისცა საშუალება გაეფურჩქნა თავისი ნიჭი. ლუკმა-პურის შოვნის გამო საგარეჯოში ვალუტის გაცვლის პუნქტი გახსნა და ყაჩაღებმა ზემოდან დავალებით მოკლეს იგი.
გია ელერდაშვილს დარჩა ობლად ორი შვილი, ვაჟიშვილი ალეკო ელერდაშვილი და ქალიშვილი თეონა ელერდაშვილი. ამ ნაშრომის დაწერის დროს ორივენი დაოჯახებულები იყვნენ. ალეკო ელერდაშვილს ჰყავს ბიჭი გიგი (გიორგი), ხოლო თეონას, რომელიც გათხოვილია საგარეჯოში თევდორაშვილ ზურაბზე, ჰყავთ ქალ-ვაჟი: მარიამი და დაჩი.
ჩემი მეორე ვაჟიშვილი ივანე (იონა) ელერდაშვილი დაბადებულია 1960 წელს, ცოლშვილიანია. ჩვენი პოლიტიკური მრწამსის გამო 2000 წლიდან უმუშევარია. ივანე ელერდაშვილს დამთავრებული აქვს თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მეორადი _ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სწავლის დროს უნივერსიტეტის ალმანახ “პირველ სხივში” და საგარეჯოს რაიონულ გაზეთ ~ივრის განთიადში~ სისტემატურად აქვეყნებდა ლექსებსა და მოთხრობებს. 1980 წლიდან მუშაობდა სკკპ საგარეჯოს რაიკომის ინსტრუქტორად, საზოგადოება ~ცოდნის~ თბილისის განყოფილების რეფერენტად, ზეპარტიულ გაზეთ ~ასავალ-დასავალის~ ეკონომიურ მენეჯერად. ივანე ელერდაშვილს ჰყავს ფენომენალური, სასწაულთმოქმედი ნიჭით დაჯილდოვებული ქალიშვილი თამარ (თათია) ივანეს ასული ელერდაშვილი, რომლის ფენომენზედაც ბოლოს მოგახსენებთ. ივანეს ჰყავდა კიდევ ორი შვილი: ნინო და დათო, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ.
* * *
ახლაც აქტიურად ვარ ჩაბმული საქართველოს სრული და ნამდვილი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, მაგრამ არც მე და არც ჩემს პოლიტიკური მოტივით შთამომავლობას არ გვაძლევენ სამუშაოს; 1990 წლიდან უმუშევარი ვარ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც. მიუხედავად ამისა, უშურველად ვშრომობ, ვებრძვი სიღატაკეს და უსამართლობას, მიუხედავად დიდი უსამართლობისა ჩემს მიმართ, მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა არ ვკარგავ ენთუზიაზმს და ვაგრძელებ შემოქმედებით მუშაობას.
* * *
მაშ ასე, ამ მცირე ლირიკული გადახვევის შემდეგ კვლავ მესამე პირში ვაგრძელებ ჩემი ელერდაშვილების გვარის მოკლე ისტორიის წერას. 
ჩემი გვარის გირგოლაანთ მოდგმიდან კიდევ დამრჩნენ ზოგიერთი ცნობილი თუ უჩინარი პირები, რომელთა შესახებაც ჩემს მკითხველს შეძლებისდაგვარად მივაწვდი ცნობებს.

მამაჩემი გიორგი (ზაურბეგი) გარდაიცვალა 1976 წელს, 96 წლის ასაკში, დედაჩემი ანა გიორგის ასული გარდაიცვალა 1978 წელს 91 წლის ასაკში.
ჩემი უფროსი ძმა ვასილ გიორგის ძე ელერდაშვილი, დაბადებული 1914 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა დიდი სამამულო ომის ფრონტზე.
ვასილ გიორგის ძე ელერდაშვილს დარჩა ერთი შვილი, ვიგენტი ვასილის ძე ელერდაშვილი, რომელიც ზედსიძედ იყო შესული სოფელ ხაშმში და გარდაიცვალა 2000 წელს, ვიგენტის დარჩა ორი ვაჟიშვილი ვასიკო და დათო. ვასიკო სოფელ ხაშმში ცხოვრობს და ეწევა ინდივიდუალურ მოღვაწეობას სოფლის მეურნეობაში, ხოლო დათო თბილისში ცხოვრობს და საჯარო სამსახურში არის ჩამდგარი. ვიგენტის ქალიშვილი მარინე გათხოვილი არის საგარეჯოში, გილაშვილების გვარში. ვიგენტის შვილს, ვასიკოს, ჰყავს ქალ-ვაჟი: ნინო და ლევანი.


ჩვენი გვარის  განშტოებები
ჩვენი გვარი - ელერდაშვილები გამრავლების კვალობაზე სხვადასხვა განშტოებით ჩამოყალიბდნენ და ვეცდები ყველას თავისი ადგილი მივუჩინო, არ დავუკარგო ის ადგილი რაც მათ დაიმსახურეს უფლის ნებით. 

ქიტაანები
ერთ-ერთ განშტოებას მე ქიტაანებს დავარქმევდი, ამ განშტოების მამამთავარი ყოფილა ქიტა ელერდაშვილი. მისი შვილები იყვნენ პავჭვი (სონკა, იგივე სოლომონი), პუპუზა (იოსები) და დათია (დონდია).
პავჭვი (სონკა, იგივე სოლომონი) სახელოვანი კაცი იყო, იგი ერთხანს სოფლის თავკაცადაც იყო არჩეული, მაგრამ საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ თბილისში (კერძოდ ავლაბარში) გადასახლდა. მას ჰყავდა მეუღლე ანა, რომელთანაც ჰყავდა 6 შვილი, 2 ვაჟი: ლადო (ვლადიმერი) და გიორგი და 4 ქალი: მარიამი, ელო (ელეონორა), პელაგია და ქეთო. აქედან 4 შვილი დაოჯახდა და დასახლდა სოფელ პატარძეულში. ხოლო უმცროსი შვილები თბილისში წაიყვანა თავისთან, ესენი იყვნენ გიორგი და ულამაზესი ქალიშვილი ქეთო, რომლის სილამაზეზე დღესაც აღფრთოვანებით  ლაპარაკობენ მისი მხილველები (გიორგის და ქეთოს ერთად გადაღებული სურათი გადმოგვცა ნინო ომარის ასულმა ელერდაშვილმა, გოგის შვილიშვილმა, და ამ გვერდზე დავბეჭდეთ ).
ლადოს ჰყავდა 5 შვილი, 2 ვაჟი: ვალიკო  (ტუზია),  თეიმურაზი (ჩიტო) და 3 ქალი: რუიზანი, ციური და ციცო. ტუზია (ვალიკო) სოფელში გამოირჩეოდა თავისი გარეგნობით და ვაჟკაცობით, იგი ბავშვობიდანვე იყო ყველა დაჩაგრულის ქომაგი. ჯერ კიდევ 5 წლისა იყო, რომ სოფლის თავკაცმა ზამთრის ცივ ღამეში სოფლის კლუბში ჩაკეტა მარტოდმარტო, რათა შეეშინებინა და ეთქმევინებინა, თუ სად იმალებოდა მისი მამიდას ქმარი, რომელმაც ომში წასვლას თავი აარიდა და ამიტომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. მაგრამ ბავშვი ვერ გატეხეს, ვერაფერი ათქმევინეს, თუმცა მან იცოდა, რომ ძებნილი მათი სახლის სხვენში იმალებოდა. მეორე დღეს, გაყინული ბავშვი (ფეხები ისე მოჰყინვოდა, რომ ფეხზე ვერ დგებოდა) სოფლის თავკაცმა ხელში აყვანილი მიუყვანა მშობლებს. ასე გადაარჩინა პატარა ტუზიამ თავისი და თავისი მამიდის ოჯახი გაციმბირებას. ვალიკოს (ტუზიას) ჰყავს 2 შვილი: გიორგი და ქეთევანი. გიორგი დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი: ვალერი და ნათია. ჩიტოსაც (თეიმურაზის) ჰყავს ორი შვილი: ელდარი  და გოჩა. პავჭვის მეორე ბიჭს გიორგის ჰყავს 2 შვილი: ომარი და ცისანა (ციცო). ომარის ჰყავს 3 შვილი: ნინო, ხათუნა და გიორგი, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში.
იოსების (პუპუზას) შვილები პატარძეულში ცხოვრობდნენ ერთხანს, მერე მისი უფროსი შვილი გიორგი ადრე გარდაიცვალა, ხოლო მომდევნო ვაჟიშვილი უშანგი თბილისში გადასახლდა.
დონდიას (დათას) შვილებიდან ქიტესა თბილისში ცხოვრობს (მისი შვილია თამრიკო), ხოლო შაქრო პატარძეულში ცხოვრობს, დონდიას ჰყავდა ასევე ქალიშვილი - ლიანა.
ორიოდ სიტყვა შაქრო ელერდაშვილის შესახებ:
შაქრო (ზაქარია) დავითის ძე ელერდაშვილი დაიბადა 1925 წელს, ცოლშვილიანი, ჰყავს ერთი ქალიშვილი ლალი და ვაჟი იური (გიორგი) სპორტსმენი, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, იურას ჰყავს ერთი ვაჟიშვილი - გიორგი და ორი ქალიშვილი: ეთო და ნინო.
შაქრო ელერდაშვილი სპეციალობით მძღოლი, მას საუკეთესო სპორტული მონაცემები ჰქონდა, იყო სწორუპოვარი მოჭიდავე, ფალავანი ქართულ ჭიდაობაში. მისმა სახელმა ქართული სპორტის ასპარეზზე კომეტასავით გაიელვა, მაგრამ მალევე ჩაქრა, არ გაჰყვა ქართული სპორტის სახელოვან გზას, მაგრამ კარგი სახელი დატოვა.
* * *
ბატონი ალექსანდრე გიორგის ძის მონათხრობს დავუმატებ ასეთ ფაქტებს მე, ალექსანდრე ვახტანგის ძე: 
“2011 წლის ოქტომბერში ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვხვდი ელერდაათ უბანში, სადაც ჩვენი გვარის მთელი ისტორია ჩაისახა; ელერდაშვილების მცირე დელეგაციას და-ძმა - გელა და ქეთინო და მე, ალექსანდრე, იგივე საშა) ვესტუმრეთ პატარძეულის უხუცეს ელერდაშვილს, ბატონ შაქროს, რომელმაც ბევრი რამ გვიამბო და გვაჩვენა ელერდაშვილების წარსულთან დაკავშირებული ადგილები და იქვე ახსენა, რომ მის შესახებ ლატვიაში იღებენ ფილმს, რასაც, ცოტა არ იყოს, უნდობლად შევხვდი, მაგრამ მოგვიანებით ნამდვილად ვიპოვე ამ ფილმის სცენარი, რომელსაც "ფალავანი" ჰქვია და მოგვითხრობს ბატონი შაქროს ცხოვრების ამბავს. (http://www.film-palestra.ge/pdf/palavani_2.pdf) 
ბატონმა შაქრომ 1954 წელს თბილისის ცირკის არენაზე დაამარცხა მაშინ უკვე სახელოვანი მოჭიდავე, მსოფლიოს ჩემპიონი ვახტანგ ბალავაძე და ეს ამბავი მთელი მისი მომდევნო ცხოვრების სიამაყის და მოგონებების თემა გახდა.
ამ სცენარში საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი ბატონი შაქროს იუმორს, რაც ჩემთვისაც კარგად ცნობილი გახდა იმ ორიოდე საათის ურთიერთობის დროს, რაც მისი თაბდასწრებით გავატარეთ... 
ხსენებულ სცენარში  ერთ ასეთ სახუმარო ამბავს იხსენებს ბატონი შაქრო (სცენარი ინგლისურად არის დაწერილი):
~ბავშვობიდანვე ზრდილობას და კულტურას მიმაჩვიეს ჩემს ოჯახში...  
ჰოდა, სულ ორჯერ ვიყავი ქალაქში ნამყოფი იმ დღემდე, როცა დედაჩემმა კარტოფილი წაიღო ბაზარში გასაყიდად და მც თან წამიყვანა... ჰოდა, ბაზარში მიყიდა ნაყინი, მაგრამ მე შემრცხვა ხალხში იმის ჭამა და ჯიბეში ჩავიდე _ მერე შევჭამ-მეთქი, როცა არავინ დამინახავს.
ცოტახანში ბიძაჩემი მოვიდა და დედაჩემს ჰკითხა - "ბავშვს ნაყინი უყიდეო?"
"ვუყიდე, მაშა! - უთხრა დედაჩემმა და მერე მე მომიბრუნდა - ხომ გიყიდე, ბიჭო?"
"- ჰოუ, ჰოუ... მიყიდე და ჯიბეში შევინახე".
"- რატომ არ შეჭამე?!"
"- ამოტოლა ხალხი მიყურებდა ბაზარში და, აბა, როგორ მეჭამა?!" - აკი გითხარით, კულტურულად მზრდიდნენ-მეთქი....
აი, ეგრე შემრჩა ხელში მარტო ჯოხი..."
(ეს ტექსტი, ალბათ, ჯერ რუსულად უთარგმნეს ლატვიელებს, მერე იმათ ინგლისურად თარგმნეს, მერე მე გადმოვაქართულე და თუ პატარძეულელების ლაპარაკის კილო და ხასიათი ზუსტად ვერ შევინარჩუნე, ნუ დამძრახავთ ამისთვის - ალ.ელერდაშვილი-უმცროსი).   

ესტატიაანთ მოდგმა  
ესტატე ელერდაშვილი ქიტა ელერდაშვილის ძმა იყო, მან კარგი კვალი დატოვა ელერდაშვილების მოდგმაში, იყო საუკეთესო მეურნე და მხვნელ-მთესველი, გარდაიცვალა  1946 წელს, მისი შვილები იყვნენ ვანო, კატუშა, ნინა და სიკო.
ვანო ადრე წავიდა თბილისში, იქ დასახლდა და შექმნა საუკეთესო ოჯახი. მისი შვილები იყვნენ: შოთა, ციალა, ლამარა. შოთა სამხედრო სამსახურის დროს გარდაიცვალა 1950-იან წლებში.
სიკოს ჰყავს სამი ვაჟი: გივი, ვაჟა და ნოდარი.
სიკო ელერდაშვილი სოფლის თავკაცი იყო, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა პატარძეულის ჯერ კიროვის სახელობის კოლმეურნეობას, ხოლო შემდეგ ლენინის სახელობის კოლმეურნეობის წევრი იყო. გარდაიცვალა 1970-იან წლებში.
სიკოს უფროსი ვაჟიშვილი გივი ელერდაშვილი იყო საუკეთესო, განათლებული, კაცური კაცი, სპეციალობით პოლიგრაფისტი, იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტივისტი, გარდაიცვალა 1990-იან წლებში.
მისი ერთი ვაჟიშვილი, კობა ელერდაშვილი, ცხოვრების მღვრიე ტალღამ შორეულ ავსტრალიაში გადატყორცნა, სადაც ბიზნესს მიჰყო ხელი და გამდიდრდა, ამბობენ: მალე უკან დაბრუნდება და ავსტრალიაში ნაშოვნ ფულს თავის სამშობლოს კეთილდღეობას და აღორძინებას მოახმარს. გივის მეორე ვაჟიშვილი, ვაჟა, საქართველოშია, თბილისში ცხოვრობს და თავის მშობლიურ სოფელ პატარძეულში მისდევს ფერმერულ საქმიანობას, ეწევა ქველმოქმედებას და უანგაროდ ეხმარება თავის თანამემამულეებს. გივის ქალიშვილი ნანი კი გათხოვილია და ცხოვრობს ამერიკაში. სიკოს მეორე ვაჟიშვილი ვაჟა იყო ერთი წარმატებული სპორტსმენი, მძღოლი და დაიღუპა ავტოკატასტროფაში 1970-იან წლებში. მას დარჩა შვილები: შოთიკო და ზაზა. ზაზას ჰყავს შვილი _ ვაჟიკო.
სიკოს მესამე ვაჟიშვილი, ნოდარი, ცხოვრობს სოფელ პატარძეულში ეწევა ინდივიდუალურ მეურნეობას, ჰყავს ცოლ-შვილი და ორი ვაჟიშვილი: სოსო და ზვიადი. ვაჟას დარჩა ერთი ბიჭი.

ზაქარია ელერდაშვილის განშტოება
ზაქარია ელერდაშვილის შესახებ ცნობები არ გამაჩნია, ის ვიცი მხოლოდ რომ მისი გარდაცვალების თარიღი, 1909 წელი, დაფიქსირებულია მისი საფლავის ეპიტაფიაზე.
ზაქარია ელერდაშვილს ჰყავდა ორი ვაჟიშვილი: აღდგომელა (ილუა) და მიხეილი (არწივის მამა). აღდგომელას ჰყავდა ერთი ვაჟი და ერთი ქალი.
აღდგომელას ვაჟიშვილს ერქვა შაქარო. შაქაროს და მის მეუღლეს მელოს 5 შვილი ჰყავდათ: ვანო (ვანია), მარიამი (გათხოვილი იყო საგარეჯოში (დაბ. 1903 წ), ნინა (გათხოვილი იყო სართიჭალაში, დოხტურიშვილებში, დაბ. 1906 წ), ქეთო (დაბადებული 1909 წელს) და ლადო (დაბ. 1912 წ). 
შაქაროს შვილი ვანო ახალგაზრდობაში დაიღუპა, საქმე შემდეგში იყო:
ვანო ელერდაშვილს ჯერ კიდევ ჭაბუკობის დროს შემოაკვდა თავისივე ბიძაშვილი იასონაანთ მიტრუა (დიმიტრი), რომელიც სისტემატურად დასცინოდა ხოლმე თავის მოგვარე ვანოს და შეურაცხყოფას აყენებდა. ეს ვეღარ აიტანა ვანომ და ბიძაშვილი თოფით მოკლა. თვითონ დიმიტრიც გადაგვარებული პიროვნება იყო, რომელმაც თავისი მამა იასონა მოკლა სრულიად უბრალო მოტივით, ჩემი დაჩემებული კამეჩი გაყრის დროს რატომ მე არ შემახვედრეო. მკვლელობას მკვლელობა მოჰყვა და მიტრუას მკვლელი ვანოც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს წისქვილში მიტრუას ამხანაგებმა.
შაქარო ელერდაშვილის ერთი ვაჟიშვილი ლადო შერჩა. ლადომ კარგი ოჯახი შექმნა, მონაწილეობა მიიღო სამამულო ომში და ომიდან მედლებით დამშვენებული დაბრუნდა. ლადო ელერდაშვილი გარდაიცვალა 1993 წელს, ლადოს დარჩა ერთი ვაჟიშვილი გიორგი (გუგულა), ორი ქალიშვილი: ეთერი (რომელიც პატარძეულშია გათხოვილი) და იზა (სართიჭალაში გათხოვილი); გუგულას ჰყავს ორი ვაჟი: ლევანი და ბესიკი. ლევანის ჰყავს ორი შვილი: ვაჟი გიორგი და ქალიშვილი მარიამი, ბესიკის კი _ ერთი ვაჟი ნიკა.
მიხეილ ზაქარიას ძე ელერდაშვილს ჰყავდა ერთი ვაჟიშვილი გიორგი (არწივი) რომელიც დაიბადა 1880 წელს, იყო კარგი მშრომელი გლეხი, სოფლის და მთელი გარე-კახეთის განთქმული მოჭიდავე-ფალავანი. მის შესახებ ლეგენდები დადის სოფელში.
გიორგი (არწივი) ელერდაშვილი იყო სწორუპოვარი ფალავანი და სოფლის თავკაცი, სოფლის თეატრალიზებული სანახაობების ორგანიზატორი. მაგალითად "ყეენობის" დროს ყველიერში სოფელი პატარძეული ორ ნაწილად იყოფოდა. ქვემო უბნის "ყეინი" ონაანთ ლელო იყო, ხოლო ზემოუბნის ~ყეინი~ ელერდაანთ არწივი, ყეინობის დროს დასჭიდებდნენ ხოლმე ყეინებს ერთმანეთს, სადაც უმეტეს წილად ელერდაანთ არწივი (გიორგი) იმარჯვებდა.
გიორგი ელერდაშვილს ჰყავდა ორი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი. უფროს ვაჟიშვილს სვიმონი ერქვა, უმცროს ვაჟიშვილს მიხეილი (მითა). მიხეილი ნახევრად ყრუ-მუნჯი იყო. მთლიანად ყრუ-მუნჯი იყო მისი ულამაზესი ასული ლუბა.

ისვე ალექსანდრე ვახტანგის ძის პატარა ჩანართი: 
მამაჩემი ვახტანგი ყვებოდა ხოლმე:
"აკრობატი კი ვიყავი (იხილეთ აკრობატების ფოტო ქვემოთ, ეს ვახტანგის არქივში ვნახე.... უბრალოდ აკრობატიკის ნიმუშად ვდებ, თუმცა შეიძლება თვითონ მამაჩემიც არის ფოტოზე), მაგრამ ჩვენს კურსს ფიზკულტურის ტექნიკუმში ჭიდაობაში მონაწილეობა დაავალეს და რაღაც რესპუბლიკურ ტურნირზე გამგზავნეს... დიდი მოჭიდავე მე არ ვიყავი, მაგრამ იმდენი ძალა კი მქონდა, რომ ნებისმიერი მოჭიდავისთვის გამეძლო... პირველ ორთაბრძოლაზე რომ მიხმეს, მსაჯებმა გამოაცხადეს _ ერთმანეთს ეჭიდავებიან მიხეილ ელერდაშვილი და ვახტანგ ელერდაშვილიო... მე გულზე მომეშვა, ჩემს მოგვარეს ვეტყვი, რომ მოჭიდავე არა ვარ და ძალიან არ დამჩაგრავს-მეთქი, მაგრამ გაგიგონია?! - ჯერ ჩავჩურჩულე, მერე ხმამამაღლა ვუთხარი _ მეც ელერდაშვილი ვარ-მეთქი, მაგრამ არანაირი რეაქცია არ გამოუმჟღავნებია.... მეც ვიფიქრე - რაც არის არის, ამას თუ მოგვარეობა არ აწუხებს, მეც ალალად ვეჭიდავები-მეთქი.... ერთი სიტყვით, დავამტვრიეთ ერთმანეთს ძვლები და ისე დავშორდით.... მერე მითხრეს - ამწუთას შენ რომ ეჭიდავე, ნახევრად ყრუ-მუნჯიაო...".
* * *
მითა (მიხეილ) ელერდაშვილი პროფესიით მეჩექმე იყო, მაგრამ ჭიდაობდა კიდეც. მითა თბილისში ცხოვრობდა, სისტემატურად ვარჯიშობდა ბერძნულ-რომაულ (კლასიკურ) ჭიდაობაში და იყო საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი ჭიდაობის ამ სტილში.
სვიმონ ელერდაშვილი ყოფილა სახალხო მთქმელი და მელექსე (იგი ეპიზოდურ როლშიც კია გადაღებული ქართულ ფილმში - "თიბათვე"), მას ჰყავდა ერთი ვაჟიშვილი გივი ელერდაშვილი სპეციალობით ინჟინერი, გივისაც ორი ვაჟიშვილი ჰყავს სულხანი და პაატა. სულხანი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მის ზუსტი შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ,  პაატას კი ორი ვაჟი ჰყავს: გიორგი და თორნიკე.
სვიმონ ელერდაშვილს სამი ქალიშვილი ჰყავდა: ელიზა, მედიკო და თინა.
მითა ელერდაშვილს ჰყავდა ორი ვაჟიშვილი: უშანგი და შოთა. უშანგი ინჟინერია, შოთა ელერდაშვილი კი მეცნიერმუშაკი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სპორტის აკადემიის პროფესორი, იგი სულ ახლახან გარდაიცვალა. შოთა ელერდაშვილს ორი ვაჟიშვილი ჰყავს ლევანი და დათო. 
დათოს ჰყავს სამი შვილი: მარიამი, გიორგი, ნინო (ნინია), ლევანს კი ორი შვილი: გიორგი და ანი.

ბაგრატა ელერდაშვილის მოდგმა
ბაგრატა, ალექსა (თუნია) ელერდაშვილები და გიორგი (მესაცრე) ძმათა შვილები იყვნენ.
ბაგრატას მამას ნიკოლოზი ერქვა. ბაგრატას ორი ვაჟიშვილი ჰყავდა - ნიკო (ნიგოზა) და სოლომონი (ყრაყანა). ნიკო ელერდაშვილს ორი ვაჟიშვილი ჰყავს: ლადიკო და გურამი.
ლადიკოს ჰყავს ბიჭი _ სპარტაკი (ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში) და სამი ქალიშვილი: ოლღა, ნანა, ნონა. სპარტაკს ჰყავს ქალ-ვაჟი: ლადო და ანა. 
გურამ ელერდაშვილს ჰყავს ერთი ბიჭი - ნუკრი (ნიკოლოზი) - და ქალიშვილები - მანანა და ირმა, ნუკრის ჰყავს სამი ბიჭი: გურამი, ილია და დაჩი. გურამს ჰყავს შვილი - ნიკა.

ალექსი (თუნია) ელერდაშვილის განშტოება
ალექსი (თუნია) ელერდაშვილს ჰყავდა სამი ვაჟიშვილი: ტიტია (დიმიტრი), ვასო (ღუილა) და მიხეილი (გნუმე).
ტიტიას ერთი ვაჟიშვილი ჰყავდა შიოლა, რომელიც ადრევე გადასახლდა საგარეჯოში (ქვლივიძეების უბანში), მისი შვილებია თამაზი და გივი. თამაზს ჰყავს სამი შვილი: ზაქარია, მაია და რუსუდანი (ცხოვრობს გერმანიაში, ქალაქ კარსრუეში უკვე 13 წელია). ზაქარია თამაზის ძეს კი ორი შვილი ჰყავს: ანანო და თამაზი.
შიოლას მეორე შვილს, გივის, ჰყავს სამი შვილი: ნინო, შიო და ირაკლი (ირაკლი ამჟამად ცხოვრობს რუსეთში, ქალაქ პეტროზავოდსკში, უკვე 10 წელია).  შიოს კი ჰყავს ორი შვილი: გივი და ლუკა. ამ განშტოების უმეტესი ნაწილი ამჟამად ქალაქ საგარეჯოში ცხოვრობს. 
ვასია (ღუილა) ელერდაშვილს ჰყავდა ერთი ვაჟიშვილი ისიდორე (მისმა შვილიშვილმა ეთიამ გვითხრა –ისიდორეს ონგურის დაკვრა უყვარდა და მეტსახელად ~ინჩას~ ეძახდნენო). ისიდორეს სამი შვილი ჰყავს, ესენია: გივი, ოთარი და ნანა. ოთარის შვილია გიორგი (1985 წ), გივის შვილები არიან ეთია და ეკა.
მიხეილს (გნუმეს) პირველი ცოლისგან ჰყავდა ორი ვაჟიშვილი: გოგი (გიორგი), ვახტანგი (ანეზა) და ქალიშვილი ნაზიკო, ხოლო მეორე ცოლისგან ორი ქალიშვილი: ციცინო და სონიკო. 
აი, ასეთია ალექსი (თუნიას) განშტოება.
* * *
გვსურს შემოგთავაზოთ ერთი საგაზეთო პუბლიკაცია, რომელიც მოძებნა და ამოიწერა ქეთევან ელდარის (სოსოს) ასულმა ელერდაშვილმა გაზეთ "ივრის განთიადის" 1983 წლის 5 ნოემბრის ნომრიდან. გაზეთის რედაქტორი მაშინ ალექსანდრე გიორგის ძე ელერდაშვილი იყო.

მოგონებებით ცოცხლობს ჯარისკაცი
შვიდი ათეული წელი მოიტოვა უკან და მერვე ათეულში გადადგა  ფეხი მიხეილ (გნუმე) ალექსი (თუნიას) ძე ელერდაშვილმა.
– თითქოს გუშინ იყო, ისე  მახსოვს განვლილი გზის აღმართ-დაღმართი, -- იტყვის ხოლმე იგი ხუმრობით. ან რატომ არ ეხსომება ყველაფერი, მისი გზა ია-ვარდებით როდი იყო მოფენილი, სულ ნარ-ეკლიანი გზით იარა, ვიდრე მას სახლად მოიყვანდა, ვიდრე ცოლ-შვილს ცხოვრების მყუდრო ნავსაყუდელს შეუქმნიდა.
"ომმა, იმ დაწყევლილმა ომმა დამწია უკან, თორემ ჩემი ცხოვრების გზასავალი უფრო ადრე მიმიყვანდა ბედნიერებამდე. გიორგი (გოგია) და ნაზიკო უკვა წამოჩიტებულები იყვნენ, ვახტანგიც ის იყო ფეხს იდგამდა, მიხაროდა, მალე შვილებს გვერდში ამოვიყენებდი, ერთ გუთნეულს გავუძღვებოდით მე და ჩემი ბიჭები, მაგრამ ვინ მაცალა, დაიქუხა ომმა და პირველ დაძახილზევე სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩავდექი, დროებით მივატოვე გუთანი და ურემი, ჩემი ხარები ლამაზო და მარალა შინ დარჩენილებს მივაბარე და თოფი ავიღე ხელში, რომელიც მტრის საბოლოო განადგურებამდე არ მიმიტოვებია.
კარგად მახსოვს 1945 წლის 12 ოქტომბერი, ნაწილთან გამომშვიდობება, მებრძოლ ამხანაგებთან განშორება, გერმანიის გულში, ბერლინის მახლობლად დავშორდი მათ. საზეიმო გაცილებაზე ნაწილის უფროსმა მაიორმა მოგილევსკიმ დაგვილოცა გზა. მოკლე, მაგრამ გულში ჩამწვდომი სიტყვებით მოგვმართა, რომელიც ისე ჩამებეჭდა მეხსიერებაში, რომ მისი ამოშლა აღარ შეიძლება.
-- ჩემო ძვირფასო თანამებძოლებო, – მოგვმართა მან, – დადგა ჟამი განშორებისა, თქვენ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს მეთორმეტე სესიის გადაწყვეტილებით დემობილიზებული ხართ და მალე მშობლიურ კერას დაუბრუნდებით. იარაღის შეცვლა მოგიწევთ ძმებო და მეგობრებო, საბრზოლო იარაღის შეცვლით გუთანზე და ნამგალზე, დაზგაზე და გრდემლზე, თქვენს ძალასა და ენერგიას მოახმარებთ მშვიდობიან შრომას, სამშობლოს აყვავებას, მის ძლიერებას...
ხომ დიდი ბრძლები გამოვიარე, მრავალჯერ შემიხედავს სიკვდილისთვის თვალებში, მაგრამ გეფიცებით, გული მწყდებოდა როცა ჩემს მებრძოლ ამხანაგებს ვემშვიდობებოდი და ვშორდებოდი, ცრემლიც კი მომადგა თვალზე... რამდენიმე დღეში მე სახლში ვიყავი...~
ვათვალიერებ მიხეილ (გნუმე) ელერდაშვილის საბრძოლო ჯილდოებს, მადლობებს, მედლებს, მაგრამ თვითონ მეომარი დუმს თავის საბრძოლო ეპიზოდების მოყოლაზე.
~რა უნდა გითხრათ, მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, ვიყავი ჩვეულებრივი რიგითი ჯარისკაცი და ყოველთვის სიტყვის შეუბრუნებლად ვასრულებდი მეთაურების ბრძანებებს, ჩემს მოვალეობას, ეს იყო და ეს.
მე ჯარში ომამდეც ვმსახურობდი ქართულ ლეგიონში და იქაც რიგითი ჯარისკაცი, რიგითი მსროლელი ვიყავი. ომის პირველ დღეებშივე სანგარში მოვხვდი ჩემს მეზობლებთან ერთად მენაბდიაანთ დათასთან, მესაცრიაანთ სვიმონ გიორგის ძე ელერდაშვილთან და თევდორაანთ არჩლასთან ერთად. მერე ხან ირანში წაგვიყვანეს, ხან ერევანში. პირველი საბრძლო ნათლობა ნოვოროსიისკთან და გელენჯიკთან მივიღე, როცა ჩრდილო კავკასია მტერმა დაიკავა იმ აეროდრომის საბრძლო აღჭურვილობა, სადაც მე ვმსახურობდი, ზურგში გადმოვისროლეთ ეშელონებით, მაგრამ მტრის ავიაცია გზაში წამოგვეწია, ექვსი ეშელონი დაგვიწვა და მხოლოდ მეშვიდე გადარჩა რაღაც სასწაულით, სწორედ იმ ეშელონიტ ჩამოვაღწიეთ საქართველოში. შემდეგ ისევ ფრონტი და ომის გზები იყო ჩვენი გზასავალი.
პირველი საბრძოლო მედალი ქალაქ კოველის განთავისუფლებაში მივიღე. მონაწილეობას ვიღებდი ვარშავის განთავისუფლებაში, ვნახე ბევრი ვაი-უბედურება, დამწვარი, მიწასთან გასწორებული სოფლები და ქალაქები. ვიბრძოდი მარშალ გიორგი ჟუკოვის არმიაში და ძლევამოსილად შევედით ბერლინში....~
ერთი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა მიხეილმა (გნუმე)...
~როცა ჯარიდან დავბრუნდი და მშვიდობიან შრომას მოვეკიდე, სამშობლოს დამცველთა რიგებში ახლა ჩემი უფროსი ვაჟიშვილი გიორგი (გოგია) გაიწვიეს. გავიდა რამდენიმე თვე და ბიჭი მწერს: მამი, ნაწილში მისვლისთანავე შტაბში გამომიძახეს და მეკითხებიან: ვინ არის მამაშენი, ან ახლა რას აკეთებსო. მე რამდენადაც შემეძლო ავუხსენი ყველაფერი და მერე ნაწილის უფროსი პოდპოლკოვნიკი მოგილევსკი მეუბნება, მისწერე მამაშენს თუ ფრონტული სურათები აქვს, ერთი აქ გამოგზავნოსო.
 მეც ავდექი და ის ფოტოსურათი გავუგზავნე, რომელშიც მოგილევსკთან ერთად მქონდა გდაღებული. სიხარულით ცას ეწია, თურმე მოგილევსკის უთქვამს, მამაშენიც კარგი მებრძოლო იყო და შენც ალბათ იმაზე უკეთესი იქნებიო. ჯარში სამსახურის პერიოდში თურმე სულში ისვამდა ჩემს შვილს~.
ახლა მიხეილ (გნუმე) ელერდაშვილი ექვსი საბრძოლო მედლის კავალერი, მებრძლ-ვეტერანი დამსახურებულად ისვენებს, პენსიაზეა, მაგრამ შინ უსაქმოდ რა გააჩერებს, აქტიურად ეხმარება პატარძეულის მეურნეობას, გაპიროვნებული აქვს ვენახი. იგი როცა მოგონებები იძრება, თვალწინ წამოუდგება ტანჯვით განვლილი, გმირული ეპიზოდებით აღსავსე საბრძოლო გზა და სულ იმის ნატვრაშია, აღარასოდეს გაეგონოს ომი, რომ ქვეყნად იყოს მშვიდობა და ხალხის კეთილდღეობა.

გიორგი (მესაცრე) ელერდაშვილის მოდგმა
გვიამბობს ამ განშტოების ერთ-ერთი წარმომადგენელი ქეთევან ელდარის (სოსოს) ასული ელერდაშვილი
“ჩემი დიდი პაპა, გიორგი (მესაცრე) ელერდაშვილი რუსეთის კარზე სახელოვანი ფალავანი ყოფილა, იგი ჭიდაობის დიდ ოსტატად ითვლებოდა თურმე; ასევე მას მცირედი წილიც ჰქონია ვლადიკავკავში, ძეხვის ქარხანაში, რომლის მეპატრონე იყო ისიდორე გუგანას ძე ელერდასჰვილი. 
გიორგის (მესაცრეს) სახლ-კარი ჰქონდა სოფელ პატარძეულის ზემო უბანში, შიოს ეკლესიასთან ახლოს, სადაც ცხოვრობდა მეუგლესთან, დარბაისლიაანთ ქალთან და შვილებთან _ ვლადიმერთან და სვიმონთან ერთად. გიორგის მეუღლე მალევე გარდაიცვალა, იგი უმცროსი ვაჟის, სვიმონის დაბადებას გადაჰყვა. რადგან გიორგი ვლადიკავკავში მუშაობდა და ამავდროულად რუსეთის მეფის კარზეც მსახურობდა, მისი შვილების _ 3 წლის ვლადიმერის და ერთი თვის სვიმონის _ აღზრდა ითავა ნიკოლოზ (ნიგოზა) ბაგრატას ძე ელერდაშვილის დედამ. გიორგიმ რომ გაიგო მეუღლის გარდაცვალება, მიატოვა ყველაფერი, თავისი წილი მიანდო ძეხვის ქარხნის მეპატრონეს და ჩამოვიდა სოფელ პატარძეულში შვილების გასაზრდელად. რამდენიმე წელში გიორგი (მესაცრე) დაავადდა მუცლის ტიფით და 7 წლის ვლადიმერი და 4 წლის სვიმონი დაობლდნენ. ობლებს პატრონობა გაუწია დედის ძმამ იოსებ (კაპიტონა) დარბაისელმა და ისინი თავისთან წაიყვანა საგარეჯოში. მაგრამ ერთ წელში ბავშვები ისევ სოფელ პატარძეულში დაბრუნდნენ, თავის კარ-მიდამოზე და მათ ისევ ნიკოს (ნიგოზა) ელერდაშვილის დედა უვლიდა.
ძმები რომ წამოიზარდნენ ღავს ირჩენდნენ პარიკმახერობით. გიორგის (მესაცრეს) უფროსმა ვაჟმა, ვლადიმერმა იქორწინა საგარეჯოში მცხოვრებ ქეთევან გულიკაშვილზე და დასახლდა საგარეჯოშივე. მათ შეეძინათ ხუთი შვილი, ოთხი ქალიშვილი: ციალა, ზეინაბი, მარიამი (მარიკა), მერსი და ვაჟი ელდარი (სოსო) ელერდასჰვილები.
ვლადიმერის ვაჟი ელდარი (სოსო) ამჟამად ცხოვრობს ქალაქ საგარეჯოში, იგი დაქორწინდა თამარ გიორგის ასულ იორამაშვილზე და შეეძინათ სამი ქალიშვილი: ქეთევანი, მერსი და მარიამი. ელდარი (სოსო) ახალგაზრდობაში თავისი პაპის მსგავსად ჭიდაობდა, თუმცა ბოლომდე არ გაჰყოლია ტრამვის გამო.
ვლადიმერის უმცროსმა ძმამ სვიმონმა იქორწინა ნინა მარხვაშვილზე, მათ შეეძინათ ორი ვაჟი: რობიზონი (რომანი) და კარლო (ომარი). კარლო (ომარი) 2 კვირის იყო, როდესაც სვიმონი დიდ სამამულო ომში გაიწვიეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა, იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მისი სახელი სოფელ პატარძეულში გმირთა სავანის მემორიალზეა მოხსენიებული გმირის სახელით. სვიმონის დაღუპვის შემდეგ, მისი ცოლ-შვილი გადასახლდნენ სოფელ სართიჭალაში, ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისში დაბინავდნენ და დღემდე მისი შთამომავლობა თბილისში ცხოვრობს. სვიმონის უფროს ვაჯს რობიზონს (რომანს) ჰყავს ორი ქალიშვილი: ნანა და ნინო. უმცროს ვაჟს, კარლოსაც (ომარსაც) ორი ქალიშვილი ჰყავს: მანანა და შორენა ელერდაშვილები; კარლოს ჰყავდა ვაჟიც, 1971 წელს დაბადებული ირაკლი, მაგრამ იგი 4 წლის ასაკში გარდაიცვალა~.
ვიცნობდეთ ერთმანეთს:
– მანანა კარლოს (ომარის) ასული _ მხატვარი-დეკორატორი.
– შორენა კარლოს (ომარის) ასული _ იურისტი, ამჟამად ცხოვრობს ესპა-ნეთში, ქალაქ ბარსელონაში.
– ნანა რობიზონის (რომანის) ასული _ ისტორიკოსი, მუშაობს პედაგოგად. 
– ნინო რობიზონის (რომანის) ასული _ ეკონომისტი. 
– ქეთევან ელდარის (სოსოს) ასული _ იურისტი, ამჟამად მუშაობს თავისი პრო-ფესიით. 
– მერსი ელდარის (სოსოს) ასული _ ეკონომისტი. 
– მარიამ ელდარის (სოსოს) ასული _ ბუღალტერ-ეკონომისტი და რელიგ-იათმცოდნეობა-ფსიქოლოგი.

ზაქარია (ზაქარა) ელერდაშვილის განშტოება
(ამ თავს უფროსი ბატონი ალექსანდრეს ნებართვით მე დავწერ, ალექსანდრე ვახტანგის ძე ელერდაშვილი, რადგან ამ შტოს წარმომადგენელი გახლავართ და უკეთ ვიცი ყველა დეტალი).
ზაქარია ელერდაშვილი ცხოვრობდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ზაქარიას შვილები იყვნენ დიანოზი (დევანა, ლევანი), ევა და ნიკა. ისინი ცხოვრობდნენ ელერდაანთ უბანში, ბაგრატაანთ და ჩაფიაანთ ზემოთ. ვასია (ღუილა) ელერდაშვილის გვერდით. მოგვიანებით დევანოზი (დევანა) პატარძეულის ქვემო უბანში გადასახლდა. დევანას ჰყავდა სამი შვილი: ნადია, თამარა და სერგო.
ნადიას ჰყავს ქალიშვილი მერი, რომელიც თავის შვილებთან ერთად ცხოვრობს თბილისში. თამარა არ გათხოვილა და უშვილოდ გარდაიცვალა, მან მთელი ცხოვრება უდედოდ დარჩენილ ძმისშვილებს შეალია. სერგოც თბილისში ცხოვრობს, ნავთლუღის დასახლებაში, მან მთელი ცხოვრება ტაქსის მძღოლად იმუშავა. სერგოს ჰყავს ქალ-ვაჟი: ნაირა (მარიამი) და ვაჟა. ვაჟას ჰყავს სამი შვილი: ლევანი, გიორგი და სერგი, ლევანს ჰყავს პატარა ქალიშვილი _ მარიამი. 
სერგოს მეორე შვილი ნაირა (მარიამი) გათხოვილია და ჰყავს სამი შვილი.
ზაქარიას ქალიშვილი ევა საგარეჯოში იყო გათხოვილი და უშვილოდ გარდაიცვალა.
ზაქარიას უმცროში შვილი ნიკა ელერდაშვილი კი ადრე გადასახლებულა თბილისში; იგი მცირეწლოვანი იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ვერ აიტანა დედის მეორედ გათხოვება და 10-11 წლის ასაკში პატარძეულიდან გაიქცა და თბილისში დაიწყო ცხოვრება; ჩემთვის (მისი შვილიშვილისთვის) ცნობილია ის, რომ იგი ერთხანს ციხეშიც მჯდარა, რაღაც პოლიტიკურ გაერთიანებებშიც ყოფილა 1905 წლის რევოლუციის დროს, პირველ მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა, მაგრამ ჩემამდე რაიმე დოკუმენტური მასალა შემორჩენილი არ არის. დარჩა მხოლოდ ბოთლი, რომელიც ჩვენი ოჯახის რელიქვიად ითვლება. როგორც მამაჩემი ვახტანგი ყვებოდა, ეს ბოთლი ნიკას ციხეში გაუკეთებია, უფრო სწორად მის გაუტეხავად შიგნით ეკლესიის ამბიონია აწყობილი ბოთლის (შეგიძლიათ ნახოთ ფოტო) ყელიდან და დღემდე დაუზიანებელი სახით არის შემორჩენილი; მისგანვე დაგვრჩა ასევე ციხეში ძვლებისგან გამოთლილი კრიალოსანი. 
მას შემდეგ, რაც ელერდაშვილების ისტორიას გავეცანი, ვვარაუდობ, რომ ნიკაც ვლადიკავკავში იყო ერთხანს, რადგან ყველა ელერდაშვილი, როგორც კი წამოიჩიტებოდა, იქ გარბოდა... ამაზე წიგნის წინა თავებში ბევრი ამბავია მოთხრობილი. ასეა თუ ისე, მისი ცხოვრების მთელი 20 წელი 1921 წლამდე ჩემთვის ბნელითაა მოცული. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ნიკა ელერდაშვილი თბილისში (ავლაბარში) ზედსიძედ შევიდა გოგიჩაძეების ოჯახში და 1922 წელს დაიბადა მამაჩემი, ვახტანგი. 
ნიკა ერთხანს ვაჭრობას მისდევდა, მერე ღვინის დუქნები ჰქონია მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. ნიკა 1941 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც თავისი ერთადერთი შვილისგან (ვახტანგისგან) სამკუთხა ბარათი მიიღო ფრონტის წინა ხაზიდან და მოზღვავებულ სიხარულს და მღელვარებას ვერ გაუძლო და წერილის კითხვის პროცესში 53 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა.... ესღა მახსოვს ბებიაჩემისგან: ~სიკვდილის წინ თქვა - კაცს ერთი ყვავილი ჰყავდეს და ისიც გულიდან მოსწყვიტონო?!~ ნიკას და ეკატერინეს (ბებიაჩემს) მეორე შვილიც ჰყავდათ _ საშიკო (ალექსანდრე), რომელიც მცირე ასაკში რაღაც სნეულებით გარდაიცვალა... სწორედ მისი სახელი დამარქვა მამაჩემმა მე, თავის მეოთხე შვილს. 
ბატონი ალექსანდრე გიორგის ძე (ამ წიგნის ავტორი) წერს, რომ ნიკას მეტსახელად ~ბედნი ნიკას~ ეძახდნენ და ფიროსმანთან და Yეთიმ გურჯთან მეგობრობდა, მისი დუქნის ფირნიში და ინტერიერი ფიროსმანის მიერ იყო მოხატულიო. თუმცა მე ასე მსმენია, რომ მას მეტსახელად ~პატარა ნიკა~ ერქვა და ასეთი ლექსიც კი არსებობდა მის შესახებ:
დაუბერე ნიავო,
პატარა ნიკა მქვია,
პარტიიდან წასული ვარ,
ყაჩაღს მეძახიანო.
ამ ლექსის პირველი ორი სტრიქონი ბავშვობიდან ვიცოდი, მომდევნო სტრიქონები კი ქეთინო და გელა ელერდაშვილების ოჯახში სტუმრობისას მითხრა მათმა დედამ, ქალბატონმა ჟუჟუნამ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ეს ლექსი სხვა “პატარა ნიკაზე” გამოითქვა, მაგრამ მე მაინც დავტოვებ ამ კრებულში, რადგან მამაჩემი ხშირად ამბობდა ხოლმე ამ ლექსს და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ეს მამამისზე (პაპაჩემზე) არ გამოითქვა....  
* * *
ვახტანგ ელერდაშვილს ოთხი შვილი ჰყავდა: ომარი, ნოდარი, ნინიკო და საშა (ალექსანდრე). ომარი და ნოდარი ცოცხლები აღარ არიან. თავად ვახტანგი კი XX საუკუნის ყველა ომისა და უბედურების გამზიარებელი ერთი გაუტეხელი სულის კაცი იყო, მის შესახებ, თუ დამცალდა, ცალკე წიგნს დავწერ, აქ კი ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ 1972 წელს, 50 წლის ასაკში ისიც ასევე ინფარქტით გარდაიცვალა.
ჩემი უფროსი ძმა, ომარ ვახტანგის ძე ელერდაშვილი (დაბ. 1943 წელს) იყო პროფესიით მსახიობი, მოღვაწეობდა ზუგდიდის და სოხუმის თეატრებში, მინიჭებული ჰქონდა აფხაზეთის დამსახურებული არტისტის წოდება. მას ჰყავდა ერთადერთი ვაჟი, ვახო (ვახტანგი), დაბადებული 1969 წელს. ჩემი ძმის ოჯახი დიდი ხნის განამავლობაში ცხოვრობდა სოხუმში და ვახო ფაქტიურად იქ გაიზარდა, იქვე დაამთავრა სკოლა და შემდეგ საბჭოთა არმიაში იმსახურა ორი წლის განმავლობაში; ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ ისევ სოხუმში დაბრუნდა და დედ-მამის ბედნიერ ოჯახთან ერთად აპირებდა ლამაზი ცხოვრების შექმნას, მაგრამ აფხაზეთის ომმა ეს ბედნიერი ოჯახი, როგორც ბევრი ასეთივე ბედნიერი ოჯახები, ერთ დღეში დაანგრია. 1992 წლის 29 სექტემბერს, სანამ სოხუმი დაეცემოდა, ვახო თავის 5 მეგობართან ერთად მოხალისედ ჩაეწერა ქართულ არმიაში და ისინი იმავე დღეს საბრძოლო დავალებაზე გაგზავნეს.... სოფელ ტამიშთან, ხიდზე გადასვლისას, პირველი ჯავშანმანქანა უსაფრთხოდ გადავიდა, მეორე კი, რომელშიც ვახო და მის მეგობრები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა და ექვსი ქართველი ბიჭი ისე ჩაიწვა შიგ, რომ ვერცერთის გადარჩენა ვერ შეძლეს... მეორე დღეს, 30 სექტემბერს ომარმა ვერ გაუძლო შვილის სიკვდილით გამოუწვეულ ტკივილს და მეცხრე სართულიდან გადმოხტა... ასე დასრულდა მსახიობ ომარ ელერდაშვილის სიცოცხლე 49 წლის ასაკში... ეს იყო მისი ბოლო როლი!
მამა-შვილი დღეს ერთად განისვენებენ საბურთალოს საძმო სასაფლაოზე, მათი სახელები კი ამოტვიფრულია თბილისში, გმირთა მოედნის მემორიალზე. 
ვახტანგის მეორე შვილი ნოდარი (1945-1994 წწ), განათლებით ფილოლოგი, წლების განმავლობაში მუშაობდა "დოსააფის" და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, ჰქონდა ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. გარდაიცვალა 1994 წელს მას შემდეგ, რაც იმ შავბნელ პერიოდში უმუშევარი დარჩა, დეკემბრის ბოლოს ვეღარ გაუძლო მოწოლილ ბოღმას, სიცივეს, უშუქობას, დასნეულდა და ახალი წლის წინა დღეს ხელში ჩამაკვდა ეს უტეხი და უძლიერესი სულის კაცი, რომელიც სიკვდილამდე ხუთიოდე წუთით ადრეც კი არ კარგავდა სიცოცხლის იმედს და, როგორც პატარა ჯინიანი ბიჭი, ისე ეწინააღმდეგებოდა სიკვდილის მოსვლასაც კი. ნოდარის ჰყავს შვილები: ნიკა და თეა. ნიკა ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს და მუშაობს, ხოლო მისი შვილები _ სალომე და ნოდარი _ თბილისში არიან და აქვე იღებენ განათლებას. თეა განათლებით ბიოლოგია, ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
ნინო ვახტანგის ასული ელერდაშვილი (დაბ. 1947 წელს) გათხოვილია და ჰყავს ერთი შვილი ზურაბი.
ჩემს შესახებ ისევ უფროსი ალექსანდრე ელერდაშვილის ტექსტს მოვიშველიებ, მე საკუთარ თავზე ვერაფერს ვიტყვი; ბატონმა ალექსანდრემ ამგვარი აბზაცი ჩაამატა ძირითად ტექსტში მას შემდეგ, რაც დასწრებულად გავიცანით ერთმანეთი და წიგნის მომზადება დავიწყეთ:
~ალექსანდრე ვახტანგის ძე ელერდაშვილი (დაბ. 1956 წელს) საკმაოდ კოლორიტული პიროვნებაა; ცნობილია როგორც თბილისში, ისე მთელ საქართველოში, როგორც სწავლული აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი; მისი ნიჭი და ერუდიცია გამოვლინდა მრავალმხრივ ინტელექტუალობაში; ცნობილია როგორც მწიგნობარი, მეცნიერი, ჟურნალისტი, მთარგმნელი (თარგმნილი აქვს სპარსული და ინგლისური პოეზიის ნიმუშები) და საზოგადო მოღვაწე. არის მრავალი წიგნისა და ნარკვევის ავტორი. თითქმის ორი ათეული წელი იყო შემეცნებით-გასართობი გაზეთის “ფანტაზიის” მთავარი რედაქტორი; მის კვალს (ცოდნა-განათლების საკითხში) გაჰყვა მისი ვაჟიშვილი ვახტანგ ელერდაშვილიც, რომელიც ძალიან ხშირად ტელევიზიიდან ავლენს თავის მრავალმხრივ ერუდიციას ცოდნის სხვადასხვა დარგში (გადაცემა რა? სად? როდის?). ალექსანდრეს ჰყავს მეორე ვაჟიც, ლევანი (დაამთავრა თსუ-ს გეოგრაფიის ფაკულტეტი, ამჟამად მუშაობს პროგრამისტად), რომელიც თავის მხრივ ორი ვაჟის – სანდროს და დათუნას – მამაა|.
* * *
(ფრაგმენტი ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ “სარკეში” დაიბეჭდა 2011 წელს... პასუხობს ვახტანგ ელერდაშვილი).
– თქვენს ბავშვობას როგორ გაიხსენებთ?
– დავიბადე თბილისში 1980 წლის 20 ნოემბერს 20 საათსა და 20 წუთზე. ავლაბარში გავიზარდე, იქვე დავდიოდი სკოლაშიც, თუმცა ბნელ 90–იან წლებში სკოლაში სიარულს ნაკლებად ერქვა ~სკოლაში სიარული~. აუტანელი ბავშვი ვყოფილვარ – ჯიუტი და თავნება. ყველა ასე იხსენებს ჩემს ბავშვობას. 
– პროფესიით ფიზიკოსი ხართ. რითია ეს პროფესია თქვენთვის საინტერესო? 
– სკოლაში ტექნიკური საგნები მიყვარდა. ფიზიკასთან ან მათემატიკასთან კავშირში უნდა ყოფილიყო ჩემი მომავალი პროფესია. ფიზიკურზე ჩაბარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტის ყველა დანარჩენ ტექნიკურ ფაკულტეტზე მაღლივ კორპუსში უნდა მევლო. მაღლივში სიარული არ მინდოდა. პრინციპში კმაყოფილი ვარ,  რადგან მივიღე ტექნიკური განათლება. ამან აზროვნება სხვანაირად ჩამომიყალიბდა. ჩემი ასეთი მკაცრი და ფორმალური აზროვნება ხშირად მეხმარება პრობლემების გადაჭრის დროს, მაგრამ აქვს მეორე მხარეც – იწვევს იმას, რომ დემისტიკური ხდება ცხოვრება, ანუ აღარ გჯერა სასწაულების, აღარ გჯერა ვარდისფერი ფერით შეფერილი რაღაცის. ვერ ვხვდები მაგალითად, როცა მეუბნებიან, რომ ~ბატონების~ დროს სახლში ჩაქუჩის ხმარება არ შეიძლება, პურის უკუღმა დადება არ შეიძლება და ა.შ. კმაყოფილი ვარ ჩემი ამდაგვარი მკაცრი ლოგიკური აზროვნების. ეს ფიზიკის ფაკულტეტის დამსახურებაა. 
– ინეტელქტუალური თამაშისთვის ბევრს კითხულობთ თუ მთავარი ინტუიციაა? 
– ბევრს ვკითხულობ, თან მას შემდეგ, რაც ციფრული წიგნების კითხვაზე გადავედი. ჩემს ლეპტოპში ასი ათასამდე წიგნი მიწერია ყველ იმ ენაზე, რომლებზეც კითხვა შემიძლია. დიდი ციფრული ბიბლიოთეკა მაქვს, რომელსაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ვეძახი. რა თქმა უნდა, ყველა წიგნის წაკითხვას ჩემი ცხოვრება არ ეყოფა, თუმცა ჩემს ბიბლიოთეკაში ქექვა ერთი სიამოვნებაა. ხან რას გადავაწყდები ხოლმე და ხან – რას. 
– მოაზროვნეთა კლუბში როგორ მოხვდით? 
– მთავარი გატაცება, რომელიც მეათე კლასიდან მომყვება, არის "რა? სად? როდის?" თამაში. ეს ფონად გასდევდა მთელ სტუდენტობას. მეათე კლასში დავიწყე და დღემდე ვთამაშობ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვევაში გადამეზარდა. კლუბი 1000 კაცზე მეტს ითვლის. არის სატელევიზიო და სპორტული ფორმატი, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ არც შეკითხვების სირთულით, არც – თამაშის დროს მიღებული სიამოვნებით. სატელევიზიო ვარიანტი შოუა, სადაც სხვა თვისებებია მნიშვნელოვანი. სპორტული უფრო გუნდური თამაშია. თავიდან არასწორი დამოკიდებულება მქონდა ამ თამაშის მიმართ. მეგონა, რომ ცოდნა იყო მთავარი. ამიტომაც, ცოდნის მიღების მანიაკალური სურვილით დავავადდი სტუდენტობის დროს. მერე მივხვდი, რომ ინტუიცია უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა ამასობაში დაგროვილი უაზრო რაოდენობის უსარგებლო ინფორმაცია შემრჩა. 
ბოლო წლებია ახალი გასართობი მაქვს – შეკითხვებს ვწერ თამაშისთვის. ბევრი თამაშობს, მაგრამ კითხვების წერა ყველას არ შეუძლია. ბოლო ხანს რამდენიმე სერიოზული ტურნირი ჩავატარე და კვლავაც ვაგრძელებ ამ საქმეს. ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, ვახო კითხვებს უფრო კარგად წერს, ვიდრე თამაშობს და სჯობს, კითხვები წეროსო. 
ორი წელია კიდევ ერთი გასართობი მაქვს, რასაც ბლოგოსფერო ჰქვია. საქართველოში სულ რამდენიმე წელია, რაც ეს სიახლე გამოჩნდა ბლოგების სახით. შესაბამისად, მეც ვცადე და შევრჩი. გავაკეთე ბლოგი, რომელშიც ვწერდი უცხო ენებზე, მათემატიკაზე, ყველაფერზე, რაც მაინტერესებს. ბლოგის პატრონი არის მისი ბლოგის სრული განმკარგველი. რაც უნდა, დაწერს, რაც უნდა – არა. ბლოგის კულტურა ჯერ არ გვაქვს. დასავლელმა ბლოგერებმა როცა დაინახეს, რომ ბევრი ადამიანი შედიოდა მათ ბლოგებზე, სამსახურებს თავი დაანებეს და შემოსავლის მთავარ წყაროდ აქციეს. ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ბლოგებს წერენ, განსხვავდებიან იმ "ისტებლიშმენტისგან", რომელიც საქართველოში არსებობს. 
ინტერნეტში ლინგვისტუსი მქვია. ეს ჩემი მოგონილი სიტყვაა. არაფერს ნიშნავს. მინდოდა ისეთი სიტყვა მომეფიქრებინა, რომელიც ინტერნეტის საძიებო სისტემაში მხოლოდ ჩემ შესახებ არსებულ ინფორმაციას ამოყრიდა... (შეგიძლიათ იხილოთ ეს ბლოგი: 
ჰტტპ://ლინგუისტუსს.ცომ
* * *
და კვლავ ბატონ ალექსანდრე-უფროს ელერდაშვილს მოვუსმინოთ ჩვენი გვარის სხვა განშტოებების შესახებ:

ვეზირიაანთ მოდგმა
ვანოს (ვეზირი)  ბიჭი არ ჰყავდა, მისი შვილო იყო კატო (მაწახა) ელერდაშვილი. იგი გიორგიწმინდელ დალაქ შაქროზე გათხოვდა და მალე ქმარი ფრონტზე დაეღუპა. ვანოს ძმა თბილისში დასახლდა და თავისი სახლკარი ჯერ დევანას მიჰყიდა, დევანამ კი მენაბდიშვილებს მიჰყიდა. მენაბდიშვილები ეხლაც ვანოს სახლ-კარზე ცხოვრობენ. ვანოს სახლკარში ახლა მაწახას შვილიშვილები, ოთარას და ვახტანგის შვილები ცხოვრობენ. 

ჩაფიაანთ მოდგმა
ჩაფიას მამას გაბრო ერქვა. თუნია (ალექსი) და გაბრიელი ძმათაშვილები იყვნენ.
ჩაფია გამოცვლის სახელია და მას გიორგი ერქვა. ჩაფიას მეტყველება წართმეული ჰქონდა. ჟესტიკულაციით ლაპარაკობდა. მის ცოლს ბაბალე ერქვა. ისინი ცხოვრობდნენ ბაგრატა ელერდაშვილის გვერდით.
ჩაფიას ორი ვაჟიშვილი და ორი ქალიშვილი ჰყავდა.
ვაჟიშვილებს, ერთს უფროსს გიგა ერქვა, მეორეს ლაზო, გიგა სამამულო ომში დაიღუპა, მემკვიდრე არ დარჩენია.
ლაზო ელერდაშვილი ინვალიდი იყო, ცალი ფეხით კოჭლობდა, სოფლის მეჯღანე-ხარაზი იყო. გარდაიცვალა 1990-იან წლებში, ჰყავს ერთი ვაჟიშვილი გივი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს პატარძეულის ქვემო უბანში. მას ჰყავს ვაჟიშვილი გიორგი ჯანგირა და ქალიშვილები - ნანა და მაიკო. ჯანგირას ჰყავს ბიჭები:Lგივი და თორნიკე.
* * *
ელერდაშვილების გვარის გენეალოგია ამით არ დამთავრებულა. აქ რაც დავწერეთ მხოლოდ ელერდაშვილების გვარის ზემო უბნის საკომლოებსა და ძირითად დაჯგუფებებს ეკუთვნოდა. 
როგორც დასაწყისში წარმოვადგინეთ ამ გვარის ფუძემდებელი და ფუძეგვარის პირველი წარმომადგენელი ჩეჩენ-ინგუშეთიდან გადმოსახლებული ელერდა ყოფილა თავის ძმა ყუშიტასთან ერთად. მათი პირვანდელი საცხოვრებელი ადგილი პატარძეული ყოფილა,  ე.წ. ~ძველიპატარძეული~ და ~ძნელაანი~, მაგრამ მას შემდეგ, რაც პატარძეულისა და ბერთუბნის ფუძემდებლის გვარებმა XIX საუკუნის დასაწყისში უფრო ქვემოთ, დღევანდელი სოფლის გაშლილ ველებზე იწყეს ჩამოსახლება, პირველმა ელერდაშვილებმაც უფრო უკეთესი ადგილი აირჩიეს _ ბუტულაანთ უბანი _ და საუბნო ციხის მახლობლად დაიდგეს ბინა, მაგრამ მალე, საკარმიდამო ადგილის სივიწროვის გამო, 5 ძმიდან ოთხმა ძმამ ზემოთ, ახლანდელ ელერდაანთ უბანში დაიდეს ბინა.
რაც შეეხება იმ ერთ ძმას, კოჟინას. რომელიც ბუტულაანთ უბანში დარჩა საცხოვრებლად, გამრავლდა და მისი მოდგმა ორ ქვეჯგუფად ჩამოყალიბდა. ერთი ჯგუფი ქშუიაანთ სახელს ატარებს, მეორე ჯგუფი კი კოჟინაანთ სახელით არის ცნობილი. ეს ქვემოთა ელერდაშვილები ცხოვრების მღვრიე ტალღებმა გაფანტა და ლუკმა-პურის საშოვნელად სადღაც შორს გადაკარგა. მიუხედავად ამისა, ეს ~ქვემოთა ელერდაანი~ თავისი კეთილშობილებით, რაინდული სულისკვეთებით არავის ჩამოუვარდებოდნენ ხოლმე. ქვემოთა ელერდაშვილებიც კარგი მხვნელ-მთესველები, პურ-ღვინის მომყვანი ხალხი იყვნენ და ღირსეულად ეწეოდნენ ცხოვრების ჭაპანს.

ქვემოუბნელი ელერდაშვილები
ქვემოუბნელი (ბუტულაანთუბნელი) ელერდაშვილები ძირითადად მიწისმუშები და მხვნელ-მთესველები, კარგი მწყემსები და კარგი სპორტსმენები იყვნენ.
ქართული სპორტის, ჩოგბურთის სახეობას ელერდაშვილების მოდგმა ეზიარა მას შემდეგ, რაც პატარძეულელი გლეხი ნიკო ელერდაშვილი ლუკმა-პურის ძიებამ თბილისში ჩაიყვანა და ჟორესის ქუჩაზე (ახლანდელი მარჯანიშვილის ქუჩა) ჩოგბურთის კორტებთან დასახლდა. რა იცოდა მაშინ სამუშაოს საძებნელად ჩასულმა ნიკომ, რომ ჩოგბურთი მისი შვილების, მისი მოდგმის ცხოვრების ნაწილად იქცეოდა. მისი შვილები არჩილი და ივანე დღენიადაგ კორტებთან ჩოგბურთის თამაშს უყურებდნენ და ნებსით თუ უნებლიედ ისინიც სპორტის ამ სახეობამ გაიტაცა. მოდი, თითოეული მათაგნი გავიცნოთ და მთელი ელერდაშვილების საგვარეულოს გავაცნოთ მათი ცხოვრების დეტალები. 
ჯერ არჩილი გავიცნოთ, როგორც ქართული ჩოგბურთის ვირტუოზული ოსტატი, რომელმაც არა ერთხელ მოიყვანა აღტაცებაში არა მარტო ქართული სპორტის გულშემატკივრები, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის სპორტის მოყვარულები.
არჩილ ნიკოლოზის ძე ელერდაშვილი დაიბადა 1920 წელს თბილისელი ჩოგბურთელების უსაყვარლესი ადამიანის ნიკო ელერდაშვილის ოჯახში. არჩილი ჯერ კიდევ ადრე ბავშვობის წლებში თავის ძმა ვანოსთან ერთად თავდავიწყებით უყურებდა ჩოგბურთის მოთამაშეებს და თვითონაც შეესისხლხორცნენ სპორტის ამ საოცარ სახეობას. 
სისტემატურმა წვრთნამ ძმები, არჩილ და ვანო, საუკეთესო ჩოგბურთელებად აქცია და ისინიც მოზარდთა შეჯიბრებებზე აქტიურად მონაწილეობდნენ რესპუბლიკურ და ასპარეზობებზე. ამიტომ 1936 წელს მოზარდთა შორის ჩოგბურთში შეჯიბრებაზე ლენინგრადში ძმები არჩილი და ივანე (ვანო) გამოირჩეოდნენ, როგორც ვირტუოზი ჩოგბურთელები. არჩილი მაშინ უკვე ლენინგრადის ლესგაფტის სახელობის ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი იყო. ძმები არჩილ და ივანე ელერდაშვილები ჩოგბურთში საქართველოში პირველი სპორტის ოსტატები იყვნენ. გაზეთები აჭრელებული იყო მათი ფოტოებითა და სპორტული მიღწევებით.
* * *
(2012 წლის მინაწერი - ბატონი ვანო სულ მალე 90 წლის გახდება; იგი ამჟამად ჩვენი გვარის უხუცესი წარმომადგენელია).
* * *
გთავაზობთ საგაზეთო წერილს ჩოგბურთელი ელერდაშვილების დინასტიის შესახებ, რომელიც ამოჭრილი ჰქონდა და მას სათუთად ინახავდა 25 წლის განმავლობაში ამჟამად ესპანეთში მცხოვრები ნიკა ნოდარის ძე ელერდაშვილი.


ელერდაშვილები
ეს ნარკვევი ერთი გვარის შვიდ ჩოგბურთელზეა, შვიდ ადამიანზე, რომლებიც სხვადასხვა დროს იცავდნენ ქართული სპორტის ღირსებას.

ჯერ მამები თამაშობდნენ ჩოგბურთს - ძმები არჩილი და ივანე, მარჯანიშვილზე (მაშინ ჟორესის ქუჩა ერქვა), კორტებთან ცხოვრობდნენ და ნებით თუ უნებლიედ ჩოგბურთი მათი ცხოვრების ნაწილად იქცა...
მერე ეს სიყვარული მამებისგან შვილებს გადაეცათ - ჩოგბურთს მარინე და გიაც (ივნეს შვილები) თამაშობდნენ და ლალი, ნიკო და გელაც (არჩილის შვილები).
განა უბრალოდ თამაშობდნენ - 1936 წლიდან ერთად მოდიან ქართული ჩოგბურთი და ელერდაშვილების ოჯახი.
მამები
ბატონ არჩილ ელერდაშვილთან ვარ სტუმრად ძველი გაზეთები სურათები და მოგონებები, მოგონობები და მოგონებები...
„ ...უფროსი ასაკის ბავშვთა შორის გამარჯვება მოიპოვეს ნუნუ ხელიამ და  არჩილ ელერდაშვილმა“... 
ეს კი ფოტოსთან ერთად არის: „... 1934 წელს ივლისში ტფილისში ჩატარდა ბავშვთა საქართველოს შეჯიბრება ჩოგბურთში, სურათზე - მიხეილ გიჟიმყრელი და ძმები არჩილ და ვანო ელერდაშვილები“.
ლენინგრადული გაზეთები: „უმაღლეს  ჯილდოს ერთმანეთს ეცილებიან თბილისელი ივანე ელერდაშვილი (მერე რამდენიმე გვარი მოდის) და არჩილ ელერდაშვილი.“ ბატონ არჩილის გვარის გასწვრივ ლენინგრადია მითითებული. იმ დროს ლენინგრადის ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლობდა.
...და იყო ძმების გამარჯვებები, საქართველოს, ამიერკავკასიის, თბილისის, სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“, „ბოლშევიკის“, „ისკრის“ პირველობაზე, წარმატება 1936 წელს მოსკოვში საკავშირო შეჯიბრებაზე. ივანე ელერდაშვილი საქართველოში პირველი სპორტის ოსტატი გახლავთ ჩოგბურთში, იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, შედიოდა საკავშირო საუკეთესოთა ათეულში.
ეს ფოტოები და გაზეთები აცოცხლებენ მოგონებებს.ბატონი არჩილი თითქმის მთელი ქართული ჩოგბურთის ისტორიას მიყვება:
„ეს ის დრო იყო, ქართულ სპორტს გიორგი მერკვილაძე რომ ედგა სათავეში. ჩოგბურთს იან გომერი თავკაცობდა. მერე რა კარგი ბიჭები და გოგონები თამაშობდნენ მაშინ! ვალოდია სერებრენიკოვი, ტატიანა კრუპენიკოვა, ნუნუ ხელაია...ნიკოლოზ ოზეროვთან ერთადაც
მითამაშია „სპარტაკის“ პირველობაზე. 1941 წელს ომში წავედი. ჩემზე ორი წლით უმცროსი ძმა, ორი წლის შემდეგ წაიყვანეს. ორმოცდახუთში დავბრუნდით. 
დაბრუნდნენ და ისევ ჩოგბურთს მიხედეს. ამის შემდეგ თითქმის ოც წელიწადს იყვნენ რესპუბლიკის ნაკრებში.
არც შემდეგ უფიქრიათ ჩოგბურთთან განშორება, წლებმა, რომ თავისი გაიტანეს, ახალგაზრდების წვრთნას მოჰკიდეს ხელი. საქართველოს ნაკრებს. „ბურევესტნიკის“ გუნდს ედგნენ სათავეში. ორივენი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები არიან.

მარინე
მამები - ეს საფუძველია, რომელზეც ელერდაშვილების საჩოგბურთო დინასტიაა დაყრდნობილი. ამიტომაც გადავწყვიტე მამებით დამეწყო და ის სტუმრობაც იმიტომ გავიხსენე. პირველი კი ვისაც შევხვდი ელერდაშვილებიდან მარინე იყო. საგვარეულო ტიტულებზე, მიღწევებზე ვსაუბრობდით და მაშინ მითხრა მარინემ:
„გია ჩვენს შორის განსაკუთრებული იყო. გიამდე ყველას ძალიან ბევრი გვიკლია. თავიდან ერთად ვთამაშობდით, შემდეგ კი გიას საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში უწევდა საზღვარგარეთ გამოსვლა, შეკრებებზე ყოფნა. მის ყოველ თამაშს ჩემსაზე მეტად განვიცდიდი. ისედაც როგორი ვნებათა ღელვაა, ვინმეს რომ გულშემატკივრობ და წარმოიდგინე რა იქნება ძმის ქომაგობა. არც კი ვიცი რომელი შეხვედრა გავიხსენო. 1983 წელს საქართველოს პირველობის ფინალში ვიქტორ ხურდას ეთამაშებოდა. სამივე პარტია მოუგო. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა ქვეყნად. თვითონ თუ განიცდიდა ჩემს გამო? როგორ არა! უხაროდა ჩემი წარმატება, თუმცა, გარეგნულად არ გამოუმჟღავნებია.“
...ამ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნიკოს შევხვდი.
 „...ვნერვიულობდი, როდესაც მამა და დედა უყურებდნენ ჩემს თამაშს, მარინეს გამოჩენა კი საოცრად მამშვიდებდა. მინდოდა სულ გვერდით მყოლოდა. მიყვავებდა, მარიგებდა... კორტზეც მარინეზე უკეთესი პარტნიორი არ მყოლია, მას მეტად ვუგებდი, ვიდრე ჩემს დას _ ლალის (ლალიც საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, რესპუბლიკის ჩემპიონიც იყო და სპორტსაზოგადოება „ბურევსტნიკისაც“12).

გია
ბატონ ივანეს ოჯახში ჩემი ყურადღება ერთმა დიდმა ფოტომ მიიპყრო - გია მარჯანიშვილის კორტებზეა გადაღებული... (გია საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო იუნიორთა შორის, საკავშირო თასის მფლობელი, საქართველოს სპორტსაზოგადოება „ბურევესტნიკის“, „დინამოს“ მრავალგზის ჩემპიონი, ვახტანგ ლეჟავას მემორიალში არაერთგზის გამარჯვებული, ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს შეჯიბრებები მონტე-კარლოში, თურქეთში, ინდოეთში, მეორეები იყვნენ იტალიაში...)
ახლობლები: 
გიას ნიჭი უცნაურად გამოჩნდა. ყველა ჩვენი ბავშვი სულ პატარაობიდანვე იღებდა ჩოგანს ხელში, ის კი რატომღაც არ ჩქარობდა, მერე ერთბაშად, უეცრად დავინახეთ, რა ნიჭის ალღოს პატრონი იყო“
გამოჩნდა და სპეციალისტებისგან ისმოდა:
„გია ელერდაშვილი - ნაკრებისთვის „ოქროს ქულების მომტანი“; ალექსანდრე მეტრეველის შემცვლელი;
წამოდით კორტებზე, ნახეთ როგორ თამაშობს!
ასეთი მონაცემების ჩოგბურთელს მეტისთვის უნდა მიეღწია, მაგრამ...
ამის პირველი მიზეზი ბატონმა ივანემ მითხრა:
 "ნებისყოფა არ ეყო, იმოქმედა მავანთა უყურადღებობამ, გულგრილობამაც, მაგრამ მაინც თვითონ ვერ გამოიჩინა სულის სიმტკიცე.
გია: „წარუმატებლობას ყოველთვის მძაფრად განვიცდიდი, ვტიროდი. განსაკუთრებით კი იმ წარუმატებლობამ გამტეხა, როდესაც ძალიან კარგ სპორტულ ფორმაში ვიყავი, საკუთრი ძალების მჯეროდა და მაინც რაღაც უხილავი მიზეზით, გნებავთ სპორტული უიღბლობა დაარქვით, ისეთ პარტიას ვაგებდი, რომელიც აუცილებლად უნდა მომეგო.“
მარინე: „გია ბავშობიდანვე ძალიან ემოციური იყო. როდესაც პატარები ვიყავით, სევეროდონეცკში, ბელორუს სპორტსმენს იგორ ზოზულიას შეხვდა. დამარცხდა. ისე მტკივნეულად განიცადა რომ სულ იხვეწებოდა კიდევ ერთხელ შემახვედრეთ, 6:2 6:2 უნდა მოვუგოო. მართლაც ერთი წლის შემდეგ შეხვდა იგორს და დაპირებული ანგარიშით სძლია“.
გია: „წაგება არც ახლა მიყვარს, იმიტომ არ ვთამაშობ ანგარიშზე, ხომ შეიძლება დავმარცხდე. ჩემსავით ადრე დაანებეს ჩოგბურთს თავი პაატა სეხნიაშვილმა, რომა გევორქიანმა, გია ზამბახიძემ. სპორტიდან წასვლა მათი მიზეზით არ მომხდარა.
ჩემი კერპი ალექსანდრე მეტრეველი იყო _ მისი ტექნიკა, ნებისყოფა, ფანტაზია... მაგრამ ვერ შევძელი ნებისყოფის გამომუშავება, საკუთარი თავის ხელში აყვანა. როდესაც ალექსანდრე მეტრეველმა ჩემში კარგი ჩოგბურთელი დაინახა, მომთხოვა მეც იგივე დატვირთვით მევარჯიშა როგორც თვითონ. მე კი ვერ გავუძელი, ბოლოს რეჟიმსაც ვარღვევდი... იმედი რომ ვერ გავუმართლე, საოცრად დასწყდა გული. ახლა ძალიანაც ვნანობ. კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ - გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლო.
რა არის ჩემთვის ჩოგბურთი? უიმისოდ სიცოცხლე ვერ წარმიმიდგენია. ყველაფერი ჩოგბურთს მივუძღვენი - ძალა, ნერვები, სულ ყველაფერი... მისგან სიხარულიც მხვდა, მაგრამ გულის ტკენაც საკმაო მახსოვს“
* * *
ელერდაშვილების მეორე თაობაც გადავიდა მოთამაშეებიდან მწვრთნელებში. ნიკოს კორტებზე შვხვდი. ორ პატარა ბიჭს ავარჯიშებდა. ბიჭები აღტაცებული იყვნენ _ ნიკო მასწავლებელი ისეთი ჟინითა და ექსტაზით თამაშობდა, თითქოს მეტოქედ თვის ტოლი და სწორი ჰყოლოდა და თნაც იმიტომ უხაროდათ, რომ ნიკო გვარიანად დაღალეს.
„ისეთი მკაცრი მწვრთნელი ვერ ვარ როგორიც მამა იყო (ბატონი არჩილი განსაკუთრებით მკაცრი შვილებთან და ახლობლებთან ყოფილა), მაგრამ გაცუღლუტების ნებას არ ვაძლევ.“
მწვრთნელობა ნიკომ თელავში დაიწყო. 1980 წელს ნორჩ ჩოგბურთელთა სკოლა გაიხსნა და მწვრთნელად მიიწვიეს. ხუმრობით ამბობდნენ კახელ კაცს (ნიკოს წინაპრები პატარძეულიდან იყვნენ) უნდა მიეტანა კახეთში ჩოგბურთიო. ოთხი წელი დაჰყო თელავში.
„ნიჭიერი ბავშვები მოვიდნენ. ერთი ჩემპიონიც ავღზარდე - ლევან ჯანდიერი. როდესაც იქ წასვლა შემთავაზეს, მამამ მომიწონა აზრი და გზა დამილოცა. თუ არა მამამ, ვინ იცოდა, რამდენად საჭირო იყო ეს ნაბიჯი. როგორც მწვრთნელს, შეიძლება ჯერ არაფერი გამიკეთებია მნიშვნელოვანი, მაგრამ, თელავს რომ ვიხსენებ, ვმშვიდდები. ხომ ჩემი ხელშწყობით აიდგა ფეხი ჩოგბურთმა იმ ქალაქში...“
აქვე ამბავიც, რომელიც ნიკომ დამიმალა, მაგრამ სხვებისგან მაინც შევიტყვე. ორი წელი იყო, რაც თელავში მუშაობდა მწვრთნელად. რატომღაც საქმე გაკეთებულად ჩათვალა და თბილისისაკენ  წამოვიდა, გომბორის  მთაზე  დაეწივნენ თელავალები და გაქცეული მწვრთნელი  უკან დააბრუნეს. კორტებზე მიიყვანეს. მშობლები წასულიყვნენ. მხოლოდ  ბავშვები  იდგნენ და ელოდნენ ნიკოს... უმწეონი?!  შეიძლება უფრო უმწეო მდგომარეობაში  თავად ნიკო აღმოჩნდა, ასე პირისპირ დააყენეს: გაქცეული მწვრთნელი და ბავშვები. ამის შემდეგ კიდევ ორ წელიწადს იმუშავა თელავში.
ახლა კიდევ ერთი ელერდაშვილი -- ამჯერად გელა, ყველაზე ახალგაზრდა, საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში -- ზუგდიდში ამკვიდრებს ჩოგბურთს. სამოცი ბავშვი ჰყავსო, მითხრა ნიკომ, განსაკუთრებით გოგოები ეტანებიანო...
ზუგდიდში დარეკვა მინდოდა, მაგრამ ნიკომ მითხრა, ბათუმში საქართველოს ჩემპიონატზე იქნება, გელა ამ ჩემპიონატით თავის, როგორც მოთამაშის, კარიერას ამთავრებსო. 
გულშემატკივრები
ალბათ ადვილი არ არის ელერდაშვილობა. ერთი მხრივ სასიამოვნოა იყო ამ დინასტიის წარმომადგენელი, მაგრამ მეორე მხრივ საკმაოდ მძიმე და საპასუხისმგებლოც უნდა იყოს.
გია: ,,მამა თითოეულ ჩემს ნათამაშებ პარტიას არჩევდა, განსაკუთრებით წაგებულს. იშვიათად თუ იმეტებდა კეთილ სიტყვებს...“
თუმცა, იყო ოჯახში ადამიანი, ვინც, მართალია, არასდროს დადიოდა გიას თამაშის სანახავად, მაგრამ ტკბილი სიტყვა მუდამ მზად ჰქონდა. ეს იყო დედა _ ქალბატონი ნათელა: ,, ნუ ნაღვლობ, ჩემო ბიჭო, შემდეგ თამაშს აუცილებლად შენ მოიგებო“...
ალბათ, დედებზე ცოტა ადრე უნდა მეთქვა. თუ მარინეს და გიას დედა არასდროს უყურებდა შვილების თამაშს, ქალბატონი მედეა (ლალის, ნიკოს, გელას დედა) ყოველთვის თან დაჰყვებოდა შვილებს სადაც კი მიდიოდნენ. განსაკუთრებით კი გელას...
~საქართველოს ჩემპიონატი დამთავრდა. ალბათ, გელაც ჩამოშორდება აქტიურ სპორტს. მაგრამ, კვლავ იქნებიან კორტზე ელერდაშვილები. ჩვენი შვილებიც ითამაშებენ ჩოგბურთს!~ _ მითხრა ნიკომ გამომშვიდობებისას.
გაზეთი "თბილისი", 1987 წ. 13 ნოემბერი

ნატალია ელერდაშვილი
ნატალია გეოლოგების ოჯახში იზრდებოდა და თავადაც ბავშვობიდან ოცნებობდა ამ პროფესიაზე, ამიტომაც 1971 წელს სპი-ს გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა საოჯახო ტრადიციის გასაგრძელებლად, მაგრამ მას ერთ მშვენიერ დღეს ეწვია სახვითი ხელოვნების მუზა, რასაც მათს ოჯახში სტუმრად მყოფმა მხატვარმა ვიტალი დორონინმა შეუწყო ხელი, აჩუქა რა ~მომავალ გეოლოგს~ სახატავი მოწყობილობების კომპლექტი.
ნატალიას პირველი ნამუშევრები დადებითად შეაფასეს ლადო გუდიაშვილმა და უჩა ჯაფარიძემ და ამით გამხნევებულმა დამწყებმა მხატვარმა სამხატვრო აკადემიას მიმართა და დაიწყო იქ სათანადო განათლების მიღება; ჯერ მას პორტრეტული გრაფიკა იტაცებდა, შემდეგ სხვა ჟანრებსაც დაუთმო ყურადღება და პირველი პერსონალური გამოფენა 1988 წელს გამართა. მისი  სახელი შეტანილია ცნობარში - "ვინ ვინ არის თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში" და გერმანულ გამოცემაში - მხატვრების მსიოფლიო ბიოგრაფიული ლექსიკონი".
გთავაზობთ ქალბატონი ნატალიას მიერ გამოგზავნილ წერილს მისი პაპის სიმონ (სიკო) ელერდაშვილის შესახებ: 

ПОВЕЛИТЕЛЬ РЕК
Недавним майским вечером мы с супругой заглянули на огонёк к давней знакомой живописцу и скульптору-миниатюристу Наталье Элердашвили. Оказалось, что на днях Наталья отметила 105-летие со дня рождения дедушки заслуженного геолога Грузии, одного из крупнейших исследователей в инженерно-геологической сфере, Семёна Исидоровича Элердашвили.
Потомки должны быть вечно признательны Семёну Исидоровичу за проекты орошения Самгорской и Карталинской земель, Алазанской долины, Тбилисского и Сионского водохранилищ, осушения Колхидской низменности и внедрение ряда капитальных ирригационных систем. Значителен его вклад в проектирование Сухумского, Цхалтубского, Гурджаанского водопроводов и нескольких гидроэлектростанций.Деятельность Семёна Элердашвили распространилась и далеко за пределы Грузии будучи в 4-летней командировке в Ираке, он руководил проектно-изыскательными работами по регулированию стока рек Тигр и Евфрат, а также ирригации и дренажу Южной Мессопотамии.
Немалый вклад внёс доктор геологических наук Семён Элердашвили в качестве эксперта по вопросам гидрогеологии и инженерной геологии в Египте, где проводил успешные работы по орошению на базе Асуанского водохранилища. В сложнейших климатических условиях на острове Куба он блестяще справился с задачей проектирования и строительства оросительных и осушительных систем.
Война прервала его плодотворную научную деятельность.В 1942-45 гг Семён Исидорович, в качестве руководителя военно-геологического отряда, занимался вопросами войскового водоснабжения и оборонного строительства, за что был удостоен многих правительственных наград, и в их числе «За героическую оборону Кавказа» - так были оценены его заслуги в возведении стратегически важнейшего моста через реку Чорохи. Итогом его плодотворной научной деятельности стала капитальная монография по гидрогеологии и инженерной геологии Ирака, с описанием географических условий страны и проведённых в ней физико-географических исследований, во многом не потерявшая актуальности и в наши дни. 
“Избранной профессии дедушка был предан беззаветно, и меня приобщил к романтике гидроинженерии, которая стала моей первой профессией, пока живопись не завладела всеми помыслами и временем,- рассказывает Наталья за чашкой чая на веранде, выходящей окнами в дивный дворовый сад. Геология была его жизнью, но его жизнью была не только геология. Этот сад, за которым сейчас ухаживаю я детище дедушкиных рук. Он приятельствовал и долгие годы обменивался поздравительными открытками с легендарным Михаилом Мамулашвили, снабжавшем Семёна Исидоровича редкими семенами и дававшем бесценные консультации. Вот они, эти открытки, и в каждую вложен засушенный цветок...
Мы обходим комнаты просторного дома, построенного Семёном Исидоровичем и унаследованного его любимой внучкой. На её картинах, экспонировавшихся на многих персональных и коллективных выставках на родине и за рубежом дуб, сирень, самшит, розы все писаны с натуры в дедушкином саду. 
С пяти лет работала я в саду вместе с дедушкой, который, по моей просьбе, охотно купил мне лопатку,- рассказывает Наталья.- И до сих пор, возясь в саду, ни разу не надевала перчаток землёй нельзя брезговать, это святое...
А по вечерам, отдыхая от трудов праведных, дедушка любил играть на французской скрипке, с очень нежным, чарующим тембром. Вот она Наталья показывает бережно хранимый инструмент.
«Да, были люди в то время»,- подумалось нам. Впрочем, чему удивляться богатая семья владельцев завода во Владикавказе, в которой вырос Семён Исидорович, имела возможность в спокойной обстановке, последовательно, прививать детям интерес к подлинным жизненным ценностям и любовь к прекрасному. А что самое главное, обеспечить реализацию заложенных в них возможностей.
Он был воспитан в духе уважения к людям, независимо от их должностей и регалий, и разговаривал в одной благожелательной тональности и с министрами, и с простыми землекопами…..


გაბრიელ (გაბო) იოსების (ჩაფიას) ძე ელერდაშვილის მოდგმა
აფხაზეთის ომს, ზემოთ უკვე ხსენებული ომარ და ვახტანგ ელერდაშვილების გარდა, კიდევ ერთი ელერდაშვილის სიცოცხლე შეეწირა - წარმოშობით პატარძეულელი, ქვემო ელერდაშვილების წარმომადგენელი, თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტის კურსდამთავრებული და აფხაზეთის (სოხუმის) ერთ-ერთი ქართული სკოლის და სოხუმის უნივერსიტეტის ფიზკულტურის მასწავლებელი გიორგი (გოგია) ელერდაშვილი (1921-1992 წწ). იგი მეუღლესთან და რძალთან ერთად 1992 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რომელსაც დაეცა ჭურვი სოხუმის დაბომბვის დროს. 
გვიამბობს გიორგი ზურაბის ძე ელერდაშვილი: "პაპაჩემი გიორგი (გოგი) დაიბადა 1921 წლის 5 ნოემბერს სოფელ პატარძეულში; იგი არის გაბრიელ იოსების ძე ელერდაშვილის  და რახიელ ვასილის ასული ენაგელის შვილი. სკოლა დაამთავრა პატარძეულში. იბრძოდა სამამულო ომში და იქიდან დაბრუნების შემდეგ დაამთავრა ფიზკულტურის ინსტიტუტი ქალაქ თბილისში. თამაშობდა ჩოგბურთს; 1950-1952 წლებში გადავიდა ქალაქ სოხუმში და დაიწყო მუშაობა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში) ფიზიკური აღზრდის კათედრის უფროს მასწავლებლად. იყო საკავშირო კატეგორიის მსაჯი".
გიორგის ჰყავს შვილი - ზურაბი (დაბ. 1958 წ) და შვილიშვილები: ლევანი (დაბ. 1980 წ) და გიორგი (დაბ. 1986 წ), ხოლო ლევანს ჰყავს ქალიშვილი, მედიკო (დაბ. 2009 წ). გაბრიელ (გაბო) ელერდაშვილს კიდევ ორი შვილი ჰყავდა: თენგიზი (1927-1985 წწ) და ეთერი (1939-2009 წწ), რომელთა ოჯახები ამჟამად თბილისში ცხოვრობენ; თენგიზის შვილები არიან მანანა (დაბ. 1957 წ) და პაატა (დაბ. 1965 წ). პაატასაც ჰყავს ქალ-ვაჟი: ლაშა და ანკა... ამ ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი კი გახლავთ ელენე ლაშას ასული ელერდაშვილი (დაბ. 2011 წ). 

სხვა ქვეყნებში მცხოვრები ელერდაშვილები
ნათქვამია: "სადაურსა სად წაიყვან, ბედო?!" - ეს ფრთიანი გამოთქმა ელერდაშვილების გვარის წარმომადგენლებზეც ითქმის. ცხოვრების მღვრიე ტალღებმა და ბედის ტრიალმა, საარსებო წყაროს ძიებამ ზოგი სად გადატყორცნა და ზოგი სად. ვინ იფიქრებდა, რომ ისიდორე ელერდაშვილის კვალს დაადგებოდნენ ჩვენი გვარის მომდევნო თაობის წარმომადგენლებიც; ან ვინ იფიქრებდა, რომ პატარძეულელი სიკო ელერდაშვილის შვილიშვილები - კობა და მისი და ნანი - ჩვენგან ძალიან დაშორებულ ქვეყნებში _ ავსტრალიასა და ამერიკაში - აღმოჩნდებოდნენ. ეს რომანტიკული გატაცება იყო თუ ცხოვრების, ლუკმა-პურის ძიების დაუოკებელი ლტოლვა?! - ვინ იცის!
ელერდაშვილის გვარის წარმომადგენლები სად არ გაფანტა ბედის ტრიალმა: აზიის ნახევრად უდაბნოების, შორეული არქტიკის, უკიდეგანო რუსეთის უსიერი ტაიგის თუ პოლარული ციაგით განათებულ მხარეებში... ყველაფერი მათი ბედისწერის გზამკვლევმა განსაზღვარა.... 
მართალია, შორეულ ქვეყნებში მცხოვრები ელერდაშვილების შესახებ ძალზე მწირი ცნობები მოგვეპოვება, მაგრამ მათს ცხოვრებასაც მისწვდა ჩვენი თვალსაწიერი და შეძლებისდაგვარად მოვიხსენიეთ ჩვენს საგვარეულო წიგნში.
ჩვენი ინფორმაციით მოსკოველი ელერდაშვილების ერთი ნაწილი ვლადიკავკაველი ელერდაშვილების შთამომავლები არიან, რომელთაგან, რუსიციზმის გავლენით, ნაწილი “ელერდოვების” გვარზე დაფიქსირდნენ, თუმცა დიდმა ნაწილმა მაინც დაიბრუნა თავისი ისტორიული გვარი. შეგვიძლია დავასახელოთ ერთი მათგანი _ იური (გიორგი) შალვას ძე, რომელმაც გასული XX საუკუნის 70-იან წლებში მოსკოვში მაღალ თანამდებობას მიაღწია და იყო ჯერ სკკპ ცენტრალური კომიტეტის სატრანსპორტო განყოფილების ინსრუქტორი, ხოლო შემდეგ სსრ კავშირის სამშენებლო-სამონტაჟო სამინისტროს ლენინის ორდენოსანი #7 ტრესტის სამონტაჟო სამმართველოს უფროსი. მოსკოვში კიდევ ერთი, დათიკო ელერდაშვილის ოჯახი ცხოვრობდა. სსრკ-ს დედაქლაქში სხვა ვლადიკავკაზელი ელერდაშვილების ოჯახიც გადასახლებულან XX საუკუნის 70-იან წლებში.
ახლა ~ამერიკელი~ ელერდაშვილების შესახებაც მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა; აშშ-ს ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს საგარეჯოელი სულხან გივის ძე ელერდაშვილიც, რომელიც ელერდაშვილების ~არწივიანთ მოდგმას~ ეკუთვნის, ხოლო მეორე ელერდაშვილი, პატარძეულში დაბადებულ-გაზრდილი ქეთევან ელერდაშვილი დღეს ცხოვრობს აშშ-ს მინესოტას შტატში და არის გერმანული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენის მეუღლე.
მშვიდობის გზას, აღორძინებასა და გამრავლებას ვუსურვებ ჩემი სისხლისა და ხორცის შთამომავლებს!  სიკეთესა და ბედნიერებას ვუსურვებ ელერდაშვილების დიდ გვარს!
აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე! 
ამინ! 

მინაწერი ბოლოთქმის სახით
ვამთავრებ რა ელერდაშვილების სახელოვანი გვარის ამ მოკლე ისტორიას, მე, როგორც ამ გვარის უხუცესი წარმომადგენელი და მეისტორიე, რომელმაც გაუკვალავი ყამირის გატეხვა ვიკისრე, ალბათ, ბევრი შეცდომა დავუშვი ამ გვარის ყველა განშტოების აღწერის დროს.
ამიტომ ამ ნარკვევის მკითხველებს და მთელ ჩვენს საგვარეულოს ვევედრები _ ნუ დამძრახავთ. ამავე დროს ვიმედოვნებ, რომ გამოჩნდებიან ამ საქმის გამგრძელებლებიც და ჩემს მიერ დაშვებულ ხარვეზებს ისინი გამოასწორებენ შემდგომ გამოცემებში.
ალექსანდრე გიორგის ძე ელერდაშვილი-თვალთაველი
მწერალი და საზოგადო მოღვაწე




* * *
წიგნის მეორე და მესამე ნაწილების ავტორია ალექსანდრე ვახტანგის ძე ელერდაშვილი
მეორე ნაწილი – მის მიერ შეგროვილ სიაში მაქსიმალურად შესაძლებელ ფარგლებში წარმოდგენილია 500–ზე მეტი ელერდაშვილის შესახებ არსებული ცნობები და ფოტომასალა.
მესამე ნაწილი – სხვა ვერსიები ჩვენი გვარის წარმოშობის თაობაზე
თქვენს ხელთ არსებული წიგნის მომზადების პროცესში მე, ალექსანდრე ვახტანგის ძე და ქეთინო ელდარის (სოსოს) ასული ვეწვიეთ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ელერდაშვილთა ოჯახს, სადაც ფაქტიურად ჩვენი გვარის სამი განსხვავებული წარმომავლობის პიროვნებები აღმოვჩნდით: ვლადიკავკაველი, საგარეჯოელი და თბილისელი ელერდაშვილები... მე იქ მოკლედ ვახსენე ჩვენი გვარის ჩრდილოკავკასიური წარმოშობის ამბავი და ჩემი მოგვარებისგან მოვისმინე კიდევ ერთი ვერსია:
ჩვენი გვარის წინაპრები მთიულები იყვნენ – ელერდაურები – და გარკვეული მიზეზების გამო (მტრებისგან სისხლის აღების წესს გაარიდესო თავი) მოუხდათ ბარში, გარეკახეთში ჩამოსახლება; სხვათა შორის, ეს ვერსია მე მამაჩემისგან, ვახტანგისგანაც მსმენია... პირადად მე კი ვიცი კიდევ ერთი, მესამე ვარიანტი ელერდაშვილთა წარმოშობის შესახებ, რის გამოც ინტერნეტში დიდი კვლევა-ძიება ჩავატარე და ბევრ საინტერესო მასალას მივაკვლიე.
ეს “ლაზური” ვერსია პირველად ერთმა ჩვენმა მოგვარემ საკმაო დამაჯერებლობით მიამბო ამ 3-4 წლის წინ; ჩემთვის ეს სრულიად ახალი ვარიანტი იყო, ანუ: იყოო ორი ძმა (ელერდა და ყუშიტა), რომლებიც ლაზეთიდან (ყოფილი ტრაპიზონის სამეფოდან, ლაზებით და და ბერძნებით დასახლებული ადგილებიდან) გადმოსახლდნენ პატარძეულში და გვარად ისინი ძნელაძეები იყვნენო... სხვაგან არავისგან მსმენია მსგავსი ინტერპრეტაცია ჩვენი გვარის წარმოშობის შესახებ და აღარც კი მახსოვდა, მაგრამ ამასწინათ ინტერნეტში წავაწყდი ასეთ გვარს –  ელერდაისი – და ინტერესი კვლავ გამიახლდა.
თავისდაუნებურად გაჩნდა ასოციაცია სიტყვისა “ელადა” (საბერძნეთის ძველქართული სახელი), რადგან დაბოლოება ამ გვარისა (ელერდაისი), პირველ რიგში ბერძნული წარმოშობის ვარაუდს აჩენს. პირადად მე ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა ჩემს გვარს არასწორად წერდნენ და უფრო ხშირად ასეთი ვარიანტი “ელარდაშვილი~ იქმნებოდა.... ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელო ფაქტია, მაგრამ მაინც მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ცნობიერებაში უფრო გამჯდარია “ელარდა-ელადა”, ვიდრე “ელერდ” ძირი. სიტყვა “ყუშიტა” კი აშკარად თურქულიდან (ყუში - ფრინველი) არის წარმოშობილი... ამ სიტყვის შემცველი კომპოზიტები ჩვენ ქართულშიც გვაქვს: თუთიყუში და ბაიყუში. შესაბამისად “ელერდას” და ყუშიტას” ჩრდილოკავკასიური წარმოშობა ეჭვის ქვეშ დგება და მას ენაცვლება, ასევ ვთქვათ, ბერძნულ-თურქული ვერსია, ხოლო ლაზეთი რომ ბერძენთა და თურქთა საბატონო რეგიონში მდებარეობს, ყველას კარგად მოეხსენება... ერთი სიტყვათ, შეიქმნა მოსაზრება, რომ “ელერდ” ძირი მოდის “ელად”-იდან... ჰოდა, დავიწყე ძებნა ინტერნეტში ასეთი ვარიანტებისა - Elerdais, Ellerdais, Элердайс - და ამგვარი ძირებისა: ელერდ-ალარდ-ელარდ და ძალიან საინტერესო შედეგები მივიღე:

1. სემ ელერდაისი - საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ ცნობილი მწვრთნელი, რომლიც ახლაც წვრთნის ერთ-ერთი პოპულარულ ინგლისურ კლუბს (მისი ფოტოც გვაქვს).

2. ვიღაც გერმანელი პიროვნება სადღაც ფორუმზე (ტექსტი გერმანულად წერია) იხსენებს თავის საზღვაო მოგზაურობებს და იქ აღნიშნავს, რომ 1983 წელს იმოგზაურა გემით "Long Elerdais” (გრძელი ელერდაისი).

3. ამჟამად ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ცხოვრობს ვინმე Egen Elerdais (ეჟენ ელერდაისი),  რომელსაც რუსულ ინტერნეტ-სივრცეში (Мой Мир) აქვს თავის პროფაილი, როგორც ჩანს, რუსული მისთვის ან მშობლიური ან განათლების მიღების ენაა.... თუ მისი მეგობრების აბსოლუტური უმრავლესობით ვიმსჯელებთ, იგი წარმოშობით უნდა იყოს ყირგიზეთიდან.

4. რაღაც ავსტრალიური ფილმის მთავარი პერსონაჟია სენტ-ჯონ ელერდაისი - მუტანტი, რომელიც ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დაიბადა.

5. არტურ კონან დოლის რომანის “ჭრელი ზანდუკის” პირველივე ფრაზა ასე იწყება: “აბა, რას იტყვით ამის შესახებ, ელერდაის?"

6. ტიმოთი მოს (Timothy Mo) რომანი “მაიმუნების მეფე" (The Monkey King, 1978), სადაც ერთ-ერთი პერსონაჟად ვინმე ელერდაისი გამოყვანილია როგორც ევროპელი კოლონიზატორი ჩინეთში.

“Мистер Пун приглашает важного чиновника колониальной администрации Элердайса провести с ним вечер” 
“Уоллес не мог понять, что говорил Элердайс...”


 კიდევ აღმოჩნდა სამი პიროვნება, რომელთა გვარი შეიცავს ჩვენთვის საინტერესო ძირს - "ელერდ” - და მათი გვარები ინგლისურ ყაიდაზე ოდნავ განსხვავებულად იწერება:

- ამერიკელი კომედიური ჟანრის მწერალი ჯეიმზ ბ. ელერდაისი (James B. Allardice) (1919-1966 წწ).
- რეჟისორი ჯონ ელერდაისი (John Allardice).
- რეჟისორი კევინ ელერდაისი (Kevin Allardice).

როგორც ხედავთ, პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს გეოგრაფიაა შემოკრებილი ჩვენი გვარის მთავარი შემადგენელი ნაწილის _ “ელერდა”-ს გარშემო... რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ეს მხოლოდ დამთხვევაა (მაგალითად, ჩრდილოეთ გერმანიაში არის პატარა ქალაქი - ელერდორფი, Ellerdorf), მაგრამ მაინც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ელერდაშვილებსა და ელერდაისებს შორის არის რაღაც კავშირი, თუმცა ამის დადგენა შეუძლებელიცაა და, ალბათ, უსარგებლოც. 
                 
ალექსანდრე ვახტანგის ძე ელერდაშვილი

ИСТОРИЯ ФАМИЛИИ ЭЛЕРДАШВИЛИ
У каждой фамилии, как и у страны или государства, имеется своя история... поэтому каждому такому родовому объединению нужен свой летописец, а это является большой роскошью. К счастью, у нашей фамилии Элердашвили есть такой летописец, это Александр Георгиевич Элердашвили, который благодаря своему исследованию сохранил для будущих поколений старые истории о представителей фамилии Элердашвили и тем самым вечному существованию этой фамилии подарил ПАМЯТЬ!...  А без памяти не существует любовь ни к самому себе, ни к своей фамилии , ни к своей Родине. В этом и заключается вся суть родословной книги.
Согласно одной из легенд, фамилия Элердашвили произошла от корня “Элерд”, который на одном из языков северокавказских народов (вероятнее всего - на ингушском) означает “Орел”. Сохранилась память о том ,что братья Элерд и Кушит (Сокол), которые по вероисповеданию были христианами, переселились с северного Кавказа в село Патардзеули, который находится на востоке от Тбилиси (40 км), в сторону Кахетии.
 Эти места по-грузински называются “Гарекахети” (ныне Сагареджойский и Гардабанский районы, деревни: Марткопи, Норио, Сартичала, Хашми, Патардзеули и др.). В начале 17-го века из Гарекахети,  по велению шаха Персии Аббаса I, почти 400 тысяч людей переселили в разные регионы современного Ирана (Мазандаран, Гилян, Ферейдун). В результате вышеуказанный регион Грузии остался почти без населения.В последующем веке жители горных регионов Кавказа и Закавказья начали переселяться на плодородные земли среднего течения реки Иори и образовали там фамильные диаспоры. Так оказались предки современных представителей Элердашвили и Кушиташвили в селе Патардзеули и до сих пор сохранили память о том, что они были братьями и долго-долго даже был запрет брака между представителями этих фамилий.
Из уст в уста передавались славные истории, связанные с предками Элердашвили... Александр Георгиевич смог собрать много материалов о первых представителей этой фамилии и установил, что все современные потомки ведут своё родословие от четырех братьев, трое из которых поселились в верхней части села Патардзеули, а один - в нижней, ближе к реке Иори. Это произошло примерно в середине 18-го века.
Во второй половине 19-го века в городе Владикавказе обосновался один из представителей фамилии Элердашвили (Исидорэ), он начал заниматься бизнесом, создал сеть заводов и с тех пор многие его родственники ездили к нему и оставались жить и работать в северной Осетии. Потомки этих людей до сих пор живут в разных городах России и Украины, часть из которых сохранила свою фамилию в грузинском варианте, а другая часть носит сейчас фамилию Элердов.
В настоящее время в Грузии проживают больше 400 человек, которые имеют фамилию Элердашвили.
В конце июня 2012 года намечается первая встреча разных поколений фамилии Элердашвили в селе Патардзеули и есть желание, превратить это мероприятие ежегодным явлением - “Элердоба”. 
Добро пожаловать!


Александр Вахтангович Элердашвили

ELERDASHVILI - A FAMILY HISTORY

Like every country, every last name that exists has its own history. Fortunate is the family who has someone to remember and record this history. The Elerdashvili family has such a chronicler, Alexander G. Elerdashvili, who pieced together oral stories, passed from generation to generation along with documented evidence of the family's history to create this historical book.
Alexander Elerdashvili researched the history of the Elerdashvili last name and found precious gems in  the family's legends and heroes, which he brings now to us in this book. Reading this book is crucial to remembering our past for, if we do not know our past, we cannot know who we truly are nor who we can become.
According to one legend the family name Elerdashvili derived from the root  "Elerd", which means "eagle” in one of the languages of North Caucasian peoples (most likely - the Ingush),  Preserved the memory of the brothers Elerd and Cushita (Falcon), which religion was Christianity migrated from the northern Caucasus to village Patardzeuli, this village is located east of Tbilisi (40 km) in the direction of Kakheti.
These places are called for Georgian "Garekaheti" (now Sagarejo and Gardabani districts, villages: Martkopi, Norio, Sartichala, Hashmi, Patardzeuli, etc.). In the early 17th century from Garekaheti under orders of the Shah of Persia Abbas I-th almost 400 000 people moved to different regions of modern Iran (Mazandaran, Gilan, Fereydoon) and as a result in this region of Georgia did not remain population ... in the following century the inhabitants of mountainous regions of the Caucasus began to migrate to the fertile lands of the middle reaches of the river Iori, and they formed a family diaspora. So were the ancestors of modern representatives Elerdashvili and Kushitashvili families settled in Patardzeuli and still preserved the memory of the fact that they were brothers, and for a long time, even was a ban on marriage between members of these families.
Many stories passed from century to century related to ancestors Elerdashvili ... And at last Alexander G. was able to collect a lot of material on the first representatives of this family and found that all modern descendants trace their lineage from the four brothers, three of whom settled in the upper part of the village Padardzeuli, and one - at the bottom, closer to the river Iori. This happened about the middle of the 18th century.
In the second half of the 19th century one of the representatives Elerdashvili (name Isidore) settled in the town Vladikavkaz, he began to do business, has created a network of factories and since then many of his relatives went to him and stayed to live and work in North Ossetia. The descendants of these people still live in different cities of Russia and Ukraine, some of which retained its name in the Georgian version, and another part now has the name Elerdov.
* * *
Currently, in Georgia live more than 400 people who have the surname Elerdashvili.
At the end of June 2012 is scheduled the first meeting of different generations of Elerdashvilis in the village Patardzeuli and there is a desire to make this event an annual event called "Elerdoba."

Welcome!


Alexander V. Elerdashvili






2 комментария:

  1. Здравствуйте Александр Вахтангович!Меня зовут Константин Элердов,Исидор Элердашвили приходится мне пра пра дедушкой,а его сын Захар мой прадед,я с огромным интересом прочитал историю фамилии Элердашвили,хочу Вас поблагодарить за то что сохранили эту бесценную информацию о наших предках.Очень бы хотелось с Вами познакомиться и пообщаться лично,надеюсь это когда-нибудь случиться...

    ОтветитьУдалить
  2. Информация о том, что во Владикавказе Исидор Элердов имел сеть заводов, очень преувеличина.Как это часто бывает, слухи растут и со временем полностью искажают историческую действительность.

    ОтветитьУдалить