среда, 26 октября 2016 г.

ოქტომბრის ღამის უძილობის მონოლოგი

  • რუსული სიტყვების ჟარგონის სახით შემოსვლას უკვე მივეჩვიეთ, თითქოს აღარც კი გვეხამუშება: პახოდუ, პრადვინუტი, სასტავი და ა.შ. - ეს ყველაფერი რუსულ ენაში სრულიად წესიერი სიტყვებია, ბევრი ქართველისთვის - კი აუტანელი ჟარგონული ერთეულები გახლავთ... საოცარია და ამ ყველაფერს ხშირად ისეთი ადამიანები იყენებენ, ვინც უკიდურესი რუსოფობიით გამოირჩევა (ამიტომაც ვთვლი, რომ მათი „რუსოფობიაც“, ბევრ სხვა რამესთან ერთად, მოდის აყოლაა და მეტი არაფერი); და კიდევ ერთი საინტერესო თვისება შევნიშნე ჟარგონისა - ზოგი ასეთი მავნებელი დროთა განმავლობაში სალიტერატურო ენის ნაწილად იქცევა თურმე... მაგალითად, ერთი ასეთი სიტყვა უკვე გამოვიყენეთ - „გვეხამუშება“; ვინმე იტყვის ახლა, რომ ეს სიტყვა არ არის ქართული ენის ლექსიკის სრულუფლებიანი წევრი? სინამდვილეში „ხამუშ“ სპარსული სიტყვა გახლავთ და დარწმუნებული ვარ, ოდესღაც ის ბევრ სხვასთან ერთად (ნაღდი, სურათი, საათი, ბულბული, კატა და სხვა) ქართული ენისთვის სრულიად აუტანელ ბარბარიზმს წარმოადგენდა...
  • ეს ყველაფერი კი დღეს მოსმენილმა ფრაზამ დამაწერინა; ერთმა მუსიკოსმა ტელეპერსონაჟმა თქვა - „დღეს ახალი ვეში უნდა დავწეროო“ - და ფორტეპიანოს მიუჯდა...
  • მე კი მაღიზიანებს ეს „ვეში“ (Вещь - 1. Псякий предмет, изделие... 2. Произведение искусства...), მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე იწყება მისი გა-ლიტერატურ-ულ-ებ-ის პროცესი და მალე არა მხოლოდ მუსიკალურ ნაწარმოებს დაერქმევა, არამედ ლექსიც, ნახატიც, სპექტაკლიც და ა.შ. ( произведение искусства) „ვეში“ გახდება და მომავალში, სადმე „თბილისობა-2055“-ზე ისეთივე რიხით გამოაცხადებენ წამყვანები მორიგ ნომერს, როგორც ეს „თბილისობა-2016“-ის „მოდერნიზებული“ სიმღერების წარდგენისას ხდებოდა:სულხან ცინცაძის ვეში ებაუთ თბილისი ფილმიდან A Bezara (შეგიძლიათ აჰყვეთ მუსიკას და იღიღინოთ):
  • http://www.geolyrics.com/1865
  • P.S. მერე იმავე 2055-ში ვინმე გამოაცხობს ფეისბუქის პოსტის მაგვარ ლინგვისტურ გამოკვლევას იმის შესახებ, რომ მურმან ლებანიძის ფრაზა - „დაშლიგინებდა გავეშებული ტახი ლაქაშში“ - არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ტახი ლაქაშში სიმღერ-სიმღერით დაშლიგინებდა...

пятница, 14 октября 2016 г.

„ფეისბუქის“ მარგალიტები

  • მე, ადამიანი, რომელიც ოდესღაც ერთი დღის განმავლობაში ხან 5-6 წიგნის მაღაზიის შემოვლას ვახერხებდი იმ იმედით, რომ იქნებ რაიმე საინტერესო შემხვედროდა... მოგეხსენებათ, მაშინ წიგნებს, ხორცივით და ყველივით მალავდენენ იმ მიზნით, რომ ზედმეტ ფასად გაეყიდათ... ახლა თვეები ისე გავა, რომ წიგნის მაღაზიაში არ შევდივარ... ალბათ, ასაკის ბრალიც არის, მაგრამ მაინც საკვირველია!
  • ჰოდა, გუშინწინ წიგნის ერთ დიდ მაღაზიაში მომიხდა დიდხანს ყოფნა და კარგად დავათვალიერე იქაურობა და ნამდვილად შემშურდა ახლანდელი ახალგაზრდობის!
  • თაროებზე დევს ულამაზესი დიზაინის წიგნები (თუმცა შიგნით ზოგი მათგანი საშინელი პრიმიტივიზმით არის დაკაბადონებული), ამიტომაც უმეტესი ამ გამოცემებისა გათვლილია ისეთ მომხმარებელზე, ვისაც პირველ რიგში გარეგნული „ბრჭყვიალობები“ ხიბლავს. ბევრი კი არა, აურაცხელი კარგი წიგნი დევს, მაგრამ მყიდველი კანტკიკუნტად ჩანს... ისიც თვალში საცემია, რომ გამომცემლები ბიზნესს ბავშვების ხარჯზე აკეთებენ იმ ყბადაღებული „ფორმულის“ გათვალისწინებით, რაც ძალიან ბევრ მშობელს უნერგავს მომავლის იმედს - „ვიყიდი და, მე თუ არ ვკითხულობდი, ჩემი შვილი გაიზრდება და წაიკითხავს“.
  • პოეზიას კი პრაქტიკულად არავინ ყიდულობს, არც გამომცემლები არიან დაინტერესებულნი პოეტური კრებულების გამოცემით და ცოტა ხნის წინ, რომ გამიჩნდა სურვილი ფეისბუქში გამოქვეყნებული საუკეთესო ლექსების კრებული შემედგინა და შემეთავაზებინა ვინმე გამომცემლისთვის, გუშინწინ ლამის ხელი ავიღე ამ განზრახვაზე... ერთი ამგვარი პოეტური ანთოლოგია უკვე შედგენილი მაქვს და ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მის გამოცემაზე ორიოდე დღის წინ უარი რომ მითხრეს, ამანაც იმოქმედა და ლამის საერთოდ მივატოვე პოეზიაზე ფიქრი, მაგრამ არა უშავს, ჩვენ მაინც გამოვცემთ! ასეთები გამოგვიცია?!
  • ამხელა მონოლოგი კი იმიტომ დავწერე, რომ დღეს კიდევ ერთი მარგალიტი ვიპოვე ერთი ჩვენი ცნობილი პოეტისა და შევიტანე მომავალ კრებულში, ერთი თვის განმავლობაში ოთხი მარგალიტი უკვე ჩავდე წიგნში... თითოეული მათგანი ეპატაჟური მწერლების ათ ტომს უდრის... რა თქმა უნდა, გააჩნია ვისთვის!