пятница, 14 октября 2016 г.

„ფეისბუქის“ მარგალიტები

  • მე, ადამიანი, რომელიც ოდესღაც ერთი დღის განმავლობაში ხან 5-6 წიგნის მაღაზიის შემოვლას ვახერხებდი იმ იმედით, რომ იქნებ რაიმე საინტერესო შემხვედროდა... მოგეხსენებათ, მაშინ წიგნებს, ხორცივით და ყველივით მალავდენენ იმ მიზნით, რომ ზედმეტ ფასად გაეყიდათ... ახლა თვეები ისე გავა, რომ წიგნის მაღაზიაში არ შევდივარ... ალბათ, ასაკის ბრალიც არის, მაგრამ მაინც საკვირველია!
  • ჰოდა, გუშინწინ წიგნის ერთ დიდ მაღაზიაში მომიხდა დიდხანს ყოფნა და კარგად დავათვალიერე იქაურობა და ნამდვილად შემშურდა ახლანდელი ახალგაზრდობის!
  • თაროებზე დევს ულამაზესი დიზაინის წიგნები (თუმცა შიგნით ზოგი მათგანი საშინელი პრიმიტივიზმით არის დაკაბადონებული), ამიტომაც უმეტესი ამ გამოცემებისა გათვლილია ისეთ მომხმარებელზე, ვისაც პირველ რიგში გარეგნული „ბრჭყვიალობები“ ხიბლავს. ბევრი კი არა, აურაცხელი კარგი წიგნი დევს, მაგრამ მყიდველი კანტკიკუნტად ჩანს... ისიც თვალში საცემია, რომ გამომცემლები ბიზნესს ბავშვების ხარჯზე აკეთებენ იმ ყბადაღებული „ფორმულის“ გათვალისწინებით, რაც ძალიან ბევრ მშობელს უნერგავს მომავლის იმედს - „ვიყიდი და, მე თუ არ ვკითხულობდი, ჩემი შვილი გაიზრდება და წაიკითხავს“.
  • პოეზიას კი პრაქტიკულად არავინ ყიდულობს, არც გამომცემლები არიან დაინტერესებულნი პოეტური კრებულების გამოცემით და ცოტა ხნის წინ, რომ გამიჩნდა სურვილი ფეისბუქში გამოქვეყნებული საუკეთესო ლექსების კრებული შემედგინა და შემეთავაზებინა ვინმე გამომცემლისთვის, გუშინწინ ლამის ხელი ავიღე ამ განზრახვაზე... ერთი ამგვარი პოეტური ანთოლოგია უკვე შედგენილი მაქვს და ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მის გამოცემაზე ორიოდე დღის წინ უარი რომ მითხრეს, ამანაც იმოქმედა და ლამის საერთოდ მივატოვე პოეზიაზე ფიქრი, მაგრამ არა უშავს, ჩვენ მაინც გამოვცემთ! ასეთები გამოგვიცია?!
  • ამხელა მონოლოგი კი იმიტომ დავწერე, რომ დღეს კიდევ ერთი მარგალიტი ვიპოვე ერთი ჩვენი ცნობილი პოეტისა და შევიტანე მომავალ კრებულში, ერთი თვის განმავლობაში ოთხი მარგალიტი უკვე ჩავდე წიგნში... თითოეული მათგანი ეპატაჟური მწერლების ათ ტომს უდრის... რა თქმა უნდა, გააჩნია ვისთვის!


Комментариев нет:

Отправить комментарий