среда, 31 марта 2021 г.

რა არის ჯამე?

 მკითხეს, ვუპასუხე...

ახლა თქვენთვის უფრო ფართოდ დავწერ - რატომ ეძახიანო აჭარაში მეჩეთს „ჯამეს“...

„ჯამე“- სიტყვასიტყვით „შემკრებს“ ნიშნავს (ვრცლად ასე ამბობებ - მასჯად-ე ჯამე' - [ხალხის] შემკრები სალოცავი ადგილი)... ყველამ იცით, რაც არის „ჯამაათი“ (ხალხო და ჯამაათო)... როგორც ხედავთ, „ჯამე“ და „ჯამაათი“ ერთმანეთთან უშუალო კავშირშია... დიახ, გაგახსენდებოდათ კიდევ სიტყვა „ჯამი“ (როგორც შეკრების შედეგი)... ეს სიტყვაც ამ რიგში დგას: ჯამე (შემკრები), ჯამაათი (შეკრებილი ხალხი), ჯამი (შეკრების შედეგი).

ამ სიტყვას ჩვენთვის აკუსტიკურად ჰგავს სხვა, ამავე ძირის, არაბული სიტყვაც „ჯამ'ე“, რასაც ისინი ისე წარმოთქვამენ, რომ ერთმანეთს სულაც არ ამსგავსებენ, ჩვენთვის კი ერთნაირად ჟღერს, თუმცა მე სხვა რამის თქმა მინდოდა... არაბებმა თავის პრობლემებს თვითონ მიხედონ, ჩვენთვის კი ის არის საინტერესო, რომ ეს სიტყვა „ ჯამ'ე“ ისეთ სამ სიტყვაშია დღეს შემორჩენილი, რომელთაგან ორი საერთაშორისო მნიშვნელობისაა და „ევროპული“ ჰგონიათ, ერთი კი შეიძლება ზოგმა ქართულად ჩათვალოს...

ვითომ „ქართულით“ დავიწყოთ:
1) ჯამ'ეგირ = ჯამ'ე+გირ... დიახ, ეს გახლავთ „ჯამაგირი“ (ხელფასი); ამ შემთხვევაში ეს „ჯამ'ე“ ტანსაცმელს, სამოსს ნიშნავს და გამოიყენება დაახლოებით ამ აზრით - სამოსის შესაძენად აღებული გასამრჯელო...

„ჯამ'ე“ ვითომ „ევროპულ“ სიტყვებში:
2) ჯამ'ედან = ჯამ'ე+დან.... ტანსაცმლის შემცველი, ჩასალაგებელი... ანუ? - დიახ, ჩემოდანი.
3) ფაიჯამ'ე = ფაი+ჯამ'ე... „ფაი“ - ფეხი... ესე იგი „ფეხებზე ჩასაცმელი“ და აქედან რა სიტყვა მიიღო ევროპამ? - დიახ, „პიჟამა“ (საუბარში ჩვენ უფრო ხშირად „პიჟამოს“ ვამბობთ)... განმარტებით ლექსიკონში კი წერია, რომ ეს არის ინდური სიტყვა: [ინგ. pyjamas ინდურიდან] 1. საშინაო ან ღამით ჩასაცმელი ტანისამოსი; შედგება შარვლისა და კურტაკისაგან. 2. ინდოეთში – თხელი ქსოვილის განიერი შარვალი.
ეს არ არის სწორი, უნდა ეწეროს „არაბულ-სპარსული“... ეს დიდი უბედურება არ არის ჩვენთვის, მაგრამ მაინც სასურველია, რომ შესწორდეს...

ასე რომ, ამ სიტყვების შესახებ (ჯამე, ჯამი, ჯამაათი, ჯამაგირი, ჩემოდანი, პიჟამა) შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთი არის ქართული და არც დანარჩენი - ევროპუ-რუსული ყველა „ბედკრული არაბულის შვილები“ არიან...

вторник, 9 марта 2021 г.

ასო-ბგერა „ჟ“- ს შესახებ

...ადრეც ვფიქრობდი ამაზე და ერთხელ ფეისბუქშიც გამოვაქვეყნე მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბგერა „ჟ“ ოდესღაც არ გვქონდა ჩვენ... მსგავსი მოვლენები - ამა თუ იმ ბგერის არქონა - თითქმის ყველა ენაში შეინიშნება და არც ქართულისთვის იქნებოდა უცნაური ასეთი ბგერის არარსებობა.

ეს იყო ვარაუდი და ემყარებოდა ძირითადად „ვეფხისტყაოსანს“ და „ვისრამიანს“, სადაც „ჟ“ გვხვდება მხოლოდ 11 სიტყვაში, რომელთაგან უმეტესი სხვა ენებიდან არის შემოტანილი... დიახ. ეს იყო ვარაუდი „და აწ დამტკიცებულად გეტყვით“, რომ ჩემი ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება...

სანამ კონკრეტულ მაგალითებზე ვილაპარაკებ, უნდა გითხრათ, რომ ეს ბგერა “ჟ“ ძალიან ორგანული და აუცილებელი აკუსტიკური ელემენტია სპარსულისა და სომხურისთვის (ეს ენები ისეთივე „ძმები“ არიან, როგორც ქართული და მეგრულია); უფრო მეტიც, თუ სიტყვაში ეს ბგერა ურევია, სპარსულენოვანი ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს ნამდვილად მათი სიტყვაა მაშინ, როცა თანამედროვე სპარსულის 80% არაბული ლექსიკითაა გაჯერებული...

ახლა ჩვენს (ჰ)აგიოგრაფიას მივხედოთ:

„შუშანიკში“ არის ერთადერთი სიტყვა „ჟამი“, რომელიც შეიცავს ხსენებულ ასო-ბგერას; ასეთი სულ 13 შემთხვევაა: ჟამი (2), ჟამთა(1), ჟამსა (3), ჟამამდე (1), უჟამოდ (1) რაჟამს (5)

„აბოსთან“ (რომელიც უფრო დიდი ტექსტია) ასეთი ვითარებაა: გვაქვს მხოლოდ სიტყვა „ჟამი“, სადაც ფიგურირებს ასო-ბგერა „ჟ“ და არის ამ ასოს გამოყენების 28 შემთხვევა, ოღნდ ეს „ჟამი“ უკვე მეტი ფორმებითაა წარმოდგენილი და „შუშანიკესეულ“ ვარიანტებს ემატება თითო შემთხვევა ასეთი სიტყვებისა: ჟამისათვისცა, ჟამისათა, ჟამად-ჟამად, ჟამადმდე, მყოვარ-ჟამ....

და ყველაზე უფრო საინტერესო არის ის, რომ არც „შუშანიკი“ და არც „აბო“ არ იცნობენ ისეთ ორგანულ  ქართულ სიტყვას, როგორიც გახლავთ „დრო“.

აქედან გამომდინარე შეიძლება არსებობდეს სამი ვარაუდი: 1) ან არ არსებობდა ქართულში ეს სიტყვა მე-10 საუკუნემდე ან 2) პრინციპულად არ იყენებდნენ მას იაკობ ცურტაველი და იოანე საბანისძე ან 3) მე-8 საუკუნის შემდეგ შემოვიდა ქართულში ეს სიტყვა... იგულისხმება „დრო“

რატომ მე-10 საუკუნემდე? იმიტომ, რომ „გრიგოლ ხანძთელში“ უკვე გვხვდება სიტყვა „დრო“ (სამჯერ);

რაც შეეხება „ჟ“-ს, გიორგი მერჩულე 201-ჯერ იყენებს მას უკვე ხსენებული „ჟამის“ ვარიაციებით და აქვე შემოაქვს სხვა (ნამდვილად არაქართული) სიტყვა, რომელიც შეიცავს „ჟ“-ს... ეს გახლავთ პატიჟი..

მე უკვე „დამტკიცებულად“ ვამბობ, რომ „ჟ“ არის ჩვენი „გერი შვილი“, რასაც კიდევ ერთი ფაქტი ამტკიცებს: ჩემს უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონში, სადაც 90 ათასამდე სიტყვაა თავმოყრილი (პირველ გამოცემაზეა ლაპარაკი), ყველაზე ცოტა სიტყვა სწორედ „ჟ“-ზე იწყება - 351 

* * *

მე ჩემი აზრი მოგახსენეთ, ახლა თქვენ იფიქრეთ, თუ ამის სურვილი გექნებათ - გავუმჟღავნოთ მას თუ არა, რომ ჩვენი ღვიძლი შვილი არ არის და ამით გული ვატკინოთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: ჟრუანტელი, ჟუნჟრუკო, ჟუჟუნა და ა.შ.

суббота, 13 февраля 2021 г.

სპორტული მონოლოგი

დღეს ჩვენს დიდ კალათბურთელზე, ზურაბ საკანდელიძეზე არსებულ ინფორმაციას მივყევი ინტერნეტში და ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიგე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ:

ბატონი ზურაბი იყო კალათბურთელი, რომელსაც ჰქონდა მოპოვებული სამივე უმაღლესი ტიტული ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონისა.. მისი თამაში მინახავს სპორტის  სასახლეში, 1968-74 წლებში... ისე კი, 1963 წლიდან დაიწყო „დინამოში“ თამაში, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი...

ახლა მთავარ სათქმელს გეტყვით:

რუსებს 2017 წელს გადაუღიათ მხატვრული ფილმი «Движе́ние вверх», რაც 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალს ეხება; ამ დრამატულ მატჩში სსრკ-მ დაამარცხა აშშ და პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. თავად ფილმი დიდი არაფერია, ტიპიური ახლანდელი „მუვი“ გახლავთ, რასაც საბჭოური კინოხელოვნების იდეოლოგიური გადმონაშთებიც ემატება, მაგრამ მაინც საინტერესოა სანახავად, თუნდაც იმიტომ, რომ ხსენებულ მატჩში თამაშობდნენ: ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია და ქართული კალათბურთის აღზრდილი სერგეი კოვალენკო (მან თბილისის „ქარიშხალაში“ დაიწყო თამაში და მერე კიევის „სტროიტელში“ წაიყვანეს). 

ამ ფილმს ტრიუმფით მოუვლია რუსეთის ეკრანები და ყველა დროის მაღალშემოსავლიანი ბლოკბასტერი ყოფილა დღეს... ის უყიდია ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკასაც კი  თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ნაკრებში ერთადერთი იქაური კალათბურთელი - მოდესტას პაულაუსკასი -  თამაშობდა... ჩვენთან კი, მგონი, ამ ფილმის შესახებ არავინ არაფერი იცის... ვიმეორებ - ფილმი ბევრი არაფერია, მაგრამ იქ ორი დიდი ქართველი კალათბურთელის ამბებიც არის მოთხრობილი და ამან მაინც უნდა დაგვაინტერესოს...

...1972 წლის კალათბურთელთა ტურნირის ფინალურ მატჩში სამი წამი იყო დარჩენილი, როცა საბჭოთა კავშირმა მოახერხა ბურთის ჩაგდება და ერთი ქულით მოუგო აშშ-ს... მანამდე კი... ეს სამწამიანი ფინალი სამჯერ გადაათამაშებინეს, რადგან კაცი, ვისაც წამზომის ჩართვა-გამორთვის ღილაკი ებარა, შეგნებულად ძალიან ჩქარობდა და ადრე თიშავდა ღილაკს, რათა აშშ-ს მოეგო... ბოლოს თავად ამერიკელი კაცი ჩაერია საქმეში, ადამიანი, ვისაც იმ ეპოქის კალათბურთის წესებისა და სამართიანობის დაცვა ევალებოდა და სამი წამი ზუსტად დაიცვა, რამაც საბჭოთა კავშირის ნაკრებს საშუალება მისცა, რომ გადამწყვეტი ბურთი ჩაეგდო კალათში... ეს ყველაფერი მე იმ 1972 წლის ზაფხულშივე მშვენივრად ვიცოდი, რადგან ვუყურე ტელერეპორტაჟს მიუნჰენიდან, თუმცა არ ვიცოდი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი - დროის ხსენებული ღილაკის კონტროლი თურმე ებარა, იცით, ვის?! -  იოზეფ ბლატერს.. (ეს არ არის ჭორი, რადგან მე თავად ვუსმინე ახლა გომელსკის შვილს, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ხსენებულ მატჩს მიუნჰენში).  ჰოდა, ეს (ბლატერი) ის კაცია, რომელიც იმ დღეს კალათბურთის სამყაროდან წავიდა და გადაბარგდა ფეხბურთში... სადაც  გახდა ფიფა-ს პრეზიდენტი 1998-2015 წლებში, საიდანაც დაითხოვეს, რადგან კორუფციული მაქინაციების ქსელი გააბა და პირველ რიგში ამბობენ იმას - მისი უშუალო „ღვაწლია“, რომ 2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა არა ინგლისში, არამედ რუსეთში... 2022 წელს კი ყატარში უნდა ჩატარდეს... ქვეყანაში, სადაც  უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს იმდენი ქალაქი, რომ 32 გუნდის მატჩებს უმასპინძლოს..

ჰოდა, ამ იოზეფ ბლატერის „ღვაწლთა“ გამო საქართველო კარგავდა ორ ოლიმპიურ ჩემპიონს - ზურაბ საკანდელიძეს და მიხეილ ქორქიას... ქართულმა ფეხბურთმა კი რაც დაკარგა იმით, რომ ახლა ფეხბურთი სპორტი კი არა, ბიზნესია, ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ...

სპორტული გადაცემა თქვენი თხოვნით, მეგობებო,  დამთავრებულია. 

რეპორტაჟს უძღვებოდა ქართული სპორტის სტაჟიანი გულშემატკივარი („ქომაგი“ არ თქვათ, რადგან არაქართული სიტყვაა და „დამხმარეს, ხელშემწყობს“ ნიშნავს).

четверг, 11 февраля 2021 г.

რას არ გაიგებს კაცი

ანუ „არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს“


ყოველთვის მიკვირდა 1945-47 წლებში თბილისის „დინამოში“ საიდან მოხვდა ფეხბურთელი „იტალიური“ გვარით - „ბოგატელო“?! ისიც უნდა გითხრათ, რომ ამ გვარის იტალიურობაში მუდამ ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ თბილისს რას გაუგება?! იმდენი ერის და ჯურის ადამიანს უცხოვრია აქ, რომ, მგონი, ამდენი თავად დედამიწაზეც არ არსებობს...
ჰოდა, დღეს წავაწყდი ასეთ ინფორმაციას:
მიხეილ ჭაბაშვილის მოგონებებიდან:
ერთი ჩემი თანაკლასელი ქალი – შუშიკა პეტრუსოვი (ასურელი იყო) სარდაფში ცხოვრობდა. ასევე სარდაფში ცხოვრობდა მეორე თანაკლასელი ალბერტა ბაგატელიც. როგორც შემდეგ გავიგე, ნასომხარი იყო და მისი ნამდვილი გვარი იყო ბაგატელოვი. ერთხელ ეს ალბერტა მეუბნება, ჩვენს სახლში სულ შიშლიკებს ჭამენო. „შიშლიკი“ რა იყო, არ ვიცოდი, მაგრამ მაშინვე წარმოვიდგინე ტაფაზე შემწვარი ნერწყვის მომგვრელი ხორცის ნაჭრები (ე. ი. თითქმის მივმხვდარვარ, რას ნიშნავდა „შიშლიკი”). ალბერტა ფრონტზე დაიღუპა. უფროსი ძმა ჰყავდა – გავრიკა. ფეხბურთს გაჰყვა და დიდობაში გვარი იტალიურ ყაიდაზე გადაიკეთა. ერთ ხანს ჩვენში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო, მარჯვენა გარემარბი გავრო ბოგატელო...
* * *
ჩემგან კი იმას დავამატებდი, რომ ეს „ბაგატელოვი“ მე-19 საუკუნეში ისეთივე გარუსებული ფორმაა, როგორიც ბარათოვი ან ციციანოვი, სინამდვილეში ხსენებული გვარის ფუძეში არის სიტყვა „ბაღათერ/ბაღათურ“, რაც თავისთავად თურქულენოვანი სამყაროდან მოდის და მისი განშტოებაა თუნდაც რუსული სიტყვა „Богатырь“...

P.S. რაც შეეხება „შიშლიკ“-ს, ეს გახლავთ შამფურზე აგებული ხორცის ექვსი ნაჭერი: სპარსული „შიშ“ (ექვსი) + თურქული „ლიქ“ (ერთობის, მთლიანობის აღმნიშვნელი სუფიქსი).

вторник, 9 февраля 2021 г.

ლინგვისტური პარადოქსები

ანუ რა აქვთ საერთო ქართულ «ხიზანს», რუსულ «хозяйн»-ს და 

სპარსულ «შემოდგომას» (خزان)


  • სიტყვები ადამიანებივით მოგზაურობენ და, ცნობილი ანდაზისა არ იყოს, სადაც ჩადიან, «იქაურ ქუდს იხურავენ»; ხშირ შემთხვევაში კი იმდენად იცვლიან ფორმას და შინაარსს, რომ სრულიად კარგავენ კავშირს თავის წარმომავლობასთან და იმ ენის წესებით და კანონებით აგრძელებენ ცხოვრებას, სადაც მკვიდრდებიან...
  • აბა, რა შეიძლება იყოს საერთო  ქართულ «ხიზანს» და რუსულ «хозяйн»-ს შორის?! შინაარსობლივად ამ სიტყვებში დიამტერალური სხვაობაც კი არსებობს, რადგან ერთი მათგანი არის მფლობელი (хозяйн, ძველ თბილისში ახლაც ამბობენ - «ხაზეინი»-ო), მეორე კი სხვის სამფლობელოს შეფარებული ადამიანი – «ხიზანი», თუმცა რომ დავაკვირდებით, ჟღერადობით ნამდვილად ჰგვანან ერთმანთს, რაგან სამ ერთგვარ თანხმოვანს ეფუძნებიან (ხ-ზ-ნ) და სწორედ ამ თანხმოვნებშია საქმე, რადგან არაბული ენიდან გამოემგზავრნენ ეს სიტყვები (და კიდევ სხვებიც, რომლებსაც ახლავე ვნახავთ).
  • არაბულ ენაში ხსენებული სამი თანხმოვანი (ხ-ზ-ნ) ქმნის სიტყვას «ხაზან» (خَزَن), რასაც შემდეგ მნიშვნელობები აქვს: 1) დაგროვება, მარაგის შექმნა. 2) შენახვა, საწყობში განთავსება... ეს „ხ-ზ-ნ“ ქმნის ბევრ ვარიანტს თავად არაბულში და, მგონი, უკვე გასაგებია, რატომ მოდის იქიდან ქართული «ხაზინა» (სალარო, საჭურჭლე, სახელმწიფო ქონება) და  «ხიზანი» (ის, ვინც სხვამ უნდა შეინახოს, შეიფაროს)... ამ სამ თანხმოვანთან უკვე «хозяйн»-ის კავშირიც გასაგებია, თუმცა უცნაური ის არის, რომ რუსებმა ოდნავ სახე უცვალეს პირველ ხმოვანს და მიიღეს казна და казначей (ხაზინადარი = ხაზინა+დარ= ხაზინის მქონე)... სავარაუდოდ, მათ «хозяйн» ერთი რომელიმე ენიდან წაიღეს (თუნდაც ქართულიდან), «казна» კი სხვა ენიდან (თურქულიდან, მონღოლურიდან და ა.შ.)
  • და ბოლოს – სპარსული «შემოდგომა» რაღა შუაშია?
  • შუაშიც არის და თავშიც – შემოდგომა ხომ სწორდ ის დროა წელიწადისა, როცა ყველაფერი გროვდება და ერთად იყრის თავს და რაც მერე (ჩინოვნიკურ-ჟურნალისტური ენით რომ თქვათ) შენახვის განხორციელებას ექვემდებარება... ჰოდა, ამიტომაც ჰქვია სპარსულად «ხაზან».
  • P.S. სომხურ და თურქულ ენებს აღარ გადავწვდი, თორემ ამ «ხ-ზ-ნ»-ს იქაური ქუდებითაც მრავალს მოვძებნიდი...

среда, 2 сентября 2020 г.

ისევ ომარმა მიშველა

...ტარიელი ნესტანდარეჯანის ხილვისას გონს რომ დაკარგავს, ნათქვამია:

„სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან,
მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;
მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.
სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან“.

კი, გასაგებია, რომ ეს „მუსაფი“ იგევე ყურანია, მაგრამ ამ სიტყვა „მუსაფს“ ვერ მივაგენი ლექსიკონებში, რადგან ფონეტიკური ცვლილებები ჰქონია განცდილი... და ისევ ჩვენმა მეგობარმა ომარმა მიშველა... მის ერთ რობაიში წერია:
یک دست به مصحفیم و یک دست به جام
ეს ყოფილა სიტყვა - „მოსჰაF“ [ مصحف ], შესაბამისად - რობაის თარგმანშიც უნდა დავწეროთ „მუსაფი“ (რადგან ასე დააკანონა შოთამ) და არა „ყურანი“

ერთ ხელში რომ მუსაფი მაქვს, მეორეში – ჯამი,
თავს ვიწონებ ხან კრძალვით და ხან – ურჩობის ჟამით;
ვერც ისლამის მადლით მიცნობთ, ვერც უღვთობის შხამით...
ცას, ლაჟვარდით მიმოხატულს, ვუმზერ დღით და ღამით.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა სხვა კითხვამ იჩინა თავი - რატომ უარყო რუსთველმა მუსლიმანთა საღვთო წიგნის უფრო გავრცელებული სახელი „ყურანი“ და რად გამოიყენა პოემაში ნაკლებად ცნობილი „მუსაფი“?!
რაღაც „ინტრიგა“ უნდა იყოს ამაშიც...

четверг, 2 июля 2020 г.

მთარგმნელობითი ბოტანიკა (?!)

...დიახ, მთარგმნელის საქმე ისეთია, რომ მან ბოტანიკაც უნდა შეისწავლოს [თუ დასჭირდა], პალეონტოლოგიაც და ასტრონომიაც და ბევრ სხვა სამეცნიერო სფეროშიც უნდა გაერკვეს ამა თუ იმ კონკრეტული ტექსტის თარგმნისას...
ავიღოთ ერთი რობაის სიტყვასიტყვითი თარგმანი (ეს რობაი აშკარად მიეწერება ხაიამს, მისი არ არის, თუმცა ეს სხვა თემაა და ამაზე მომავალში ვისაუბროთ, ანუ: უნდა ვთარგმნოთ თუ არა ე.წ. „მიწერილი“ ტექსტები).
„იცით, რატომ და რა მიზეზით გახდნენ ცნობილნი
და მითქმა-მოთქმის საგნები კვიპაროსი [სარო] და სოსანი?
იმ მიზეზით, რომ ერთ მათგანს აქვს ათი ენა და სულ მდუმარე,
მეორეს კი აქვს ორასი ხელი და ყოველთვის მოკლე“.
მე, როგორც საბჭოთა ეპოქიდან წამოსული კაცი, ყველა ნაწარმოებში მაინც „თემას“ და „იდეას“ ვეძებ და აქაც ეს დავინახე: კონკრეტული მცენარეების აღწერით ავტორი გვეუბნება, რომ გრძელი ენაც და ხელიც საძრახისია ადამიანისთვის, მაგრამ თუ სოსანის და კვიპაროსის [საროს] რაობაში არ გავერკვევით, ისე საქმე წინ ვერ წავა. აქვე გთხოვთ დაიმახსოვროთ, რომ „კიპარისი“ არასწორი (რუსულის გავლენით დანერგილი) ფორმაა, ხოლო ქართულ სამეცნიერო ლიტერატურში „კვიპაროზი/კვიპაროსი“ გვაქვს.
1) ჯერ სოსანის საკითხი გავარკვიოთ:
ეს სიტყვა სპარსულიდან კი არის შემოსული, მაგრამ სპარსელებს ამ ყვავილისთვის სხვა, ფრიად უცნაური სახელიც ჰქონიათ - „ენა კეფაზე“ [زبان در قفا]... მისი სამეცნიერო სახელი არის Consolida. ჩვენი ვიკიპედია კი ერთგვარი ტოლობის ნიშანს სვამს სოსანსა და ზამბახს შორის... (ზამბახიღა გვაკლდა!)
2) კვიპაროსის შესატყვისად სპარსულში წერია „სარო“ [سرو], ესე იგი ამ საკითხშიც „გარღვევა გვაქვს ბალანსში“, რადგან სარო ჩვენი ლერწმის სინონიმად ვაქციეთ და ამით ლამის განვდევნეთ ენიდან ეს მშვენიერი ქართული სიტყვა (ლერწამი), არადა, სპარსელებისთვის სარო ყოფილა კვიპაროსი და მისი ფოტო რომ მოვძებნეთ, რაღაც ჩვენებური ნაძვი თუ ფიჭვი დავინახეთ...
ერთი სიტყვით, სრული ლინგვისტურ-ბოტანიკური ქაოსია [ამიტომაც უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი საკუთარი სიტყვები და უცხოურს არ წავეპოტინოთ], თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს სხვა რამ - რომელს აქვს „ათი მდუმარე ენა“ და რომელს - „ორასი მოკლე ხელი“...
ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეების ფოტოები დავათვალიერე და დავინახე, რომ სოსან/ზამბახად წოდებულ ყვავილებს ნამდვილად აქვთ აქეთ-იქით გაშვერილი „ენები“, ხოლო კვიპაროს-ლერწამ-საროს უამრავი მოკლე „ხელი“ [წიწვი] აქვს... (იხილეთ ფოტოები).
ბოტანიკურად ასე თუ ისე გავერკვიეთ, ახლა დგება მოცემული ტექსტის გალექსვის საკითხი