ერთხელ, 90-იანებში, როცა ბენზინი სანთლით საძებარი იყო (...თუმცა სანთლით ნაპოვნი ბენზინი კაიდღეს დააყენებს მპოვნელს), თბილისთან ახლოს მდებარე იმ ერთ-ერთი რაიცენტრისკენ ავტობუსით მივდიოდი, ახლა რომ მუნიციპალიტეტის ცენტრი ჰქვია... ოციოდე კილომეტრი იყო დარჩენილი იქამდე და ამ მანძილის გავლას, გზის ხარისხის, რელიეფის და მგზავრთა ადი-ჩადის გათვალისწინებით, ერთი საათი მაინც დასჭირდებოდა... ჰოდა, ჩამთვლიმა და ათიოდე წუთში ხმამაღალმა შეძახილმა გამომაფხიზლა - გააჩერე, მეც ქალაქში მოვდივარო - და ავტობუსში სამოციოდე წლის კაცი ამოვიდა... ალბათ, ძილ-ბურანში ყოფნის გამო დავეჭვდი, თორემ იმ გზას ხუთი თითივით ვიცნობდი და გვერდით მჯდომ ქალბატონს ვკითხე - რა იყო, თბილისისკენ მივბრუნდით-მეთქი?! "არა"-ო - გაიოცა ქალმა და ეჭვის თვალით ამზომ-დამზომა - ემანდ, ვინმე შარიანი არ იყოსო...
ავტობუსი მშვიდობით ჩავიდა დანიშნულების ადგილზე და ის, "ქალაქში" მიმავალი კაცი, სადღაც (როგორც ახლა იტყვიან) "მუნიციპალურ სავაჭრო ცენტრში" (ბაზარში, რა....) გაუჩინარდა.... ესე იგი ის კაცი ქალაქად იმ დასახლებულ პუნქტს მოიხსენებდა, სადაც ერთად ჩავედით "პაზიკით" (...იყო ერთდროს ასეთი ავტობუსი - ПАЗ - და, მგონი, ახლაც შემორჩა ჩვენს მიგრეხილ-მოგრეხილ გზებს...); თავისთავად ის პატარა დაბა მე მეხიკო-ტოკიოს მსგავს 20-მილიონიან მეგაპოლისებს მირჩევნია, მაგრამ მისი "ქალაქად" მოხსენიება მეუხერხულა.... რატომღაც.
ეს ყველაფერი კი იმიტომ გამახსენდა, რომ ამდილას გიზო ნიშნიანიძის წიგნს ვათვალიერებდი, სანამ ბავშვი ფეხბურთში ვარჯიშობდა, და ბატონი გიზოს ნათქვამი ასეთი ფრაზა წავიკითხე - "თბილისელობა ქალაქელობა კი არა, მოქალაქეობაა"-ო...
ქალაქი ბევრია საქრთველოში და ღმერთმა ამრავლოს, მაგრამ "საკუთარი სამშობლოს მოქალაქეთა" რაოდენობა დღითიდღე იკლებს... რატომღაც.
Комментариев нет:
Отправить комментарий