ძილისპირული მონოლოგი
მცირე შესავალი
ჩემმა ცუდად ჩავლილმა ცხოვრებისეულმა სულისკვეთებამ ისე ინება, რომ ტიტულების და ე.წ. ხარისხებისკენ წამითაც არ გამახედა... ჰოდა, სადღაც მოვკარი თვალი, რომ თურმე "თარგმანმცოდნის" სამეცნიერო წოდებაც კი არსებობს და ახლაღა გამახედა იმ ბედდამწვარმა სულისკვეთებამ მეცნიერობისკენ, მაგრამ რაღა დროისაა?! - ჩემი მატარებელი წავიდა, მაგრამ ხომ არსებობს თვითმფრინავი? ერთი სიტყვით, ვიწყებ სამეცნიერო კარიერის შექმნას (!), თუნდაც "ფეისბუქთან" ასოცირებული პროფესორის ვაკანტური ადგილი დასაკავებლად და გთავაზობთ ჩემი მომავალი დისტერტაციის პირველ "ოპუსს":
მავანი “ჰაფეზოლოგები” ამბობენ - ჰაფეზის ყაზალების თარგმნა შეუძლებელიაო და ერთ მათგანს ასეთი შედარებაც კი მოაქვს: “მისი თარგმნა მთვარის სხივებით ლარნაკის ავსების მცდელობაა”-ო... დიახ, შეუძლებელია ჰაფეზის თარგმნა, მაგრამ ნუთუ ბაირონის ან გოეთესი შესაძლებელია?! ან თუნდაც მარინა ცვეტაევასი... ან რაბინდრანათ თაგორის?! ნებისმიერი პოეტის ლექსის სხვა ენაზე ასევე ლექსად გადატანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული... მაშ, არ უნდა არსებობდეს პოეტური თარგმანი, რაკიღა "მთვარის სხივებით ლარნაკს ვერ ავავსებთ?!
თუ სხენებული “პოეტო-ლოგების” პრინციპით ვიმოქმედებთ, მხატვრული თარგმანი არ უნდა არსებობდეს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ის “უზუსტობით და გადაცდენებით სცოდავს ორიგინალის წინაშე”... მაშ, რა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც არ შეუძლია, არა მარტო ჰაფეზის, არამედ ნებისმიერი უცხოენოვანი პოეტის შემოქმედების გაცნობა ენის არცოდნის გამო? უნდა დაკმაყოფილდნენ იმით, რომ ე.წ. ფილოლოგიური თარგმანები (პწკარედი... სიტყვასიტყვითი თარგმანი...) იკითხონ და დაუჯერონ მათ, ვისაც ორიგინალში აქვს წაკითხული, რომ ეს არის ძალიან ლამაზი პოეზია?! არა, ვერანაირად ვერ დაიჯერებენ, რაც არ უნდა დიდი ხათრი ჰქონდეთ მთქმელისა...
ანუ: რა ქნას პეპელამ?! - არც წაიკითხოს, არც დაიჯეროს?! (დელიავ-რანუნი...)
პასუხი ასეთია: ერთი ცნობილი სპექტაკლი არსებობდა ადრე, სადაც დაქორწინება-არდაქორწინების შესახებ მთავარი გმირი ამბობდა: “შეირთავ, ინანებ... არ შეირთავ და მაინც ინანებ”-ო... ჰოდა, ბარემ ლამაზად “თარგმნილი” წაიკითხე და ის დაიწუნე, რა...
(უკვე) 17 აგვისტოს ღამე... სადაცაა 2014-ის ზაფხულიც გავა
ძილი ნებისა!
Комментариев нет:
Отправить комментарий