воскресенье, 17 февраля 2013 г.

დასატუ-ჯან!


1988-ში გორბაჩოვის პერესტროიკამ ძალა რომ მოიკრიბა და რაღაც პლენუმი თუ მისი მსგავსი რომ ჩაატარეს და სობჩაკები და ელცინები რომ გამოვიდნენ სკკპ-ს კრიტიკით, ეს ისეთი საოცრება იყო, რომ მეორე ცვლაში გაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა მეორეკლასელებთან (ქართულს ვასწავლიდი რუსულ სკოლაში) და მთელი 20  წუთით დავაგვიანე, რადგან სკოლის დირექტორს ვუყვებოდი - ასე უთხრეს და ასე გააბაიბურეს-მეთქი კომუნისტებმა ერთმანეთი და ისიც პირდაღებული მისმენდა... მას შემდეგ იმდენჯერ მივიღე "შოკი" გარდამავალი ეპოქების გამო (ნუ ჩამომათვლევინებთ, თუ ღმერთი გწამთ), რომ ახლა აღარაფერი მაკვირვებს... არადა, როგორ მინდა დავდგე ახლაც და 20 წუთის განმავლობაში ველაპარაკო ვინმეს მავანთა ნამოქმედარის შესახებ... მაგრამ გაცლის ვინმე?! ცხრა ტელევიზია ცხრაჯერ დაგცემს ლახვარს ტვინში და აღარც საკუთარ აზრს შეგარჩენს და აღარც გრძნობას...
ისე კი, მეორეკლასელებს ქართულს რომ ვასწავლიდი, იმდენი კურიოზი შევქმენით ერთობლივად მე და იმ ბავშვებმა, რომ მოსაყოლად ღირს.... მოგიყვებით, თუ დამცალდა....
მაგალითად:
ერთი კირაკოსიანი მყავდა, ჩასაყლაპი ბავშვი იყო, სიმაღლე მაქსიმუმ 70-80 სანტიმეტრი და, რა თქმა უნდა, ცელქი.... ერთხელაც ვერაფრით ვერ დავაშოშომინე - ხან ქართულად ვუთხარი - გაჩერდი-მეთქი, ხან რუსულად - успокойся, მაგრამ არაფერმა გაჭრა და ბოლოს სომხურად ვუთხარი - გაჩერდი, თორემ მიგტყეპავ-მეთქი და..... ბავშვი შოკში ჩავარდა, თვალები ისე გაუფართოვდა, რომ ლამის საკუთარი სიმაღლის ნახევარს მიაღწია (ესე იგი 40 სანტიმეტრს დიამეტრში...); გაკვეთილის ბოლომდე ხმა აღარ ამოუღია, ზარი რომ დაირეკა, მოვიდა და სომხურად მითხრა - მასწავლებელო-ჯან... (დასატუ-ჯან!) და გაიქცა...

ნეტავი ცალი თვალით დამანახა - სად არის ახლა... სახელიც მაგარი ერქვა - ქრისტო!

1 комментарий: