27 თებერვალი, 2011 წ
ვიწყებ ჩემს ცხოვრებაში შემოხვედრილ მედროვთა გალერის შექმნას; სახელებს შევცვლი, რადგან ამ ხალხს შვილები და შვილიშვილები ეზრდება და არ დავუჩრდილავ ბავშვებს მომავალს....
საბედნიეროდ, მედროვეობა მემკვიდრეობით არ გადაეცემა – ეს არის ჩემი რწმენაც და იმედიც – და ამიტომაც მჯერა, რომ მომავალი თაობა, ვისი შვილებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ამ საშინელი სენით არ გააწამებს ახლობელს, მეზობელს, თანამემამულეს თუ უბრალო შემთხვევით თანამგზავრს.
მე მხოლოდ ამბავს მოვყვები:
მგონი, 2004 წელი იყო.... ჰო, ასე იყო, რადგან შექსპირის რჩეული სონეტების თარგმანების წიგნი (60 სონეტი) იმ წელს დავბეჭდე და ამ პოეტის დაბადებიდან 440–ე წლსთავს მივუძღვენი. იმ დროისთვის უკვე გამოცემული მქონდა კიდევ რამდენიმე წიგნი და ფილარმონიიის ფოიეში გამართულ წიგნის გამოფენა–ბაზრობაზე ჩემი პროდუქციით ერთი მოკრძალებული ადგილი დავიკავე პატარა მაგიდით, სადაც მხოლოდ ჩემი გამოცემები ელაგა. გამოფენა 5 დღეს გაგრძელდა და დღითიდღე იზრდებოდა დამთვალიერებელ–მყიდველთა რაოდენობა, რაც ძალიან სასიამოვნო მოვლენა გახლდათ და ამტკიცებდა იმას, რომ მარტო "სწენკების" ინტერიერის გასალამაზებლად არ გვყვარებია წიგნის შეძენა.
მესამე თუ მეოთხე დღეს ჩემს მაგიდასთან ორი კაცი მოვიდა და მათ მესამეც მოჰყვა, ვიდეოკამერით ხელში....
– "ჭიჭიკო ჭუჭუკაშვილის წიგნი არ გაქვთ?!" – მკითხეს
– "არა, მე მხოლოდ ჩემი წიგნები მიდევს მაგიდაზე" – ვუპასუხე.
ვიდეოკამერიანმა დაიძახა – "არ ვარგა!" – მერე მე მომმართა:
– "იქნებ სხვაგვარად გვიპასუხოთ – ველოდებით ბატონი ჭიჭიკოს ნაშრომს!"
– "?!" – ჩემმა გაკვირვებულმა სახემ ვიდეოკამერიანი დაარწმუნა, რომ "ამ მაგიდასთან" შედეგს ვერ მიიღებდა და სამივე ერთად იქვე ახლოს მდგარ დახლთან გადაბარგდა, სადაც ერთი მშვენიერი გოგონა პატრონობდა წიგნებს და, როგორც ჩანს, "ბატონი ჭიჭიკოს" წიგნების სულმოუთქმელი მოლოდინი ჩემს სამეზობლოში წარმატებით აღბეჭდეს ფირზე.
* * *
მეორე დღეს, როცა ხალხის რაოდენობამ პიკს მიაღწია, ისევ გამოჩნდა ის სამი სუბიექტი, მოიტანეს პატარა ბროშურების შეკვრა, გადასცეს მშვენიერ გამყიდველ გოგონას, ვიდეოკამერიანი კი ჩემთან ახლოს დადგა და დაიწყო გადაღება... "ორი მყიდველი" სხვადასხვა მხრიდან მიუახლოვდა გოგონას დახლს, გაარღვიეს ნამდვილ მყიდველთა რიგები და "შეიძინეს" ბატონი ჭიჭიკოს ბროშურები (ალბათ, 24 ან 32 გვერიდიანი მწვანეყდიანი პოლიგრაფიული ნაწარმი)..... მერე ბედნიერი სახით ერთმანეთს ჩამოართვეს ხელი....
"კრუპნი პლანიც მინდა" – დაიძახა ჭიჭიკოს დაქირავებულმა "ფელინიმ"; ჩვენკენ წამოვიდა ერთ–ერთი მყიდველი და რეჟისორმა იგი დააფიქსირა კამერაზე – აღფრთოვანებული სახე, თვალები.... აკანკალებული ხელები.... ვერ მოითმინა მადლიერმა მკითხველმა და იქვე, ფოეში დაიწყო ბატონი ჭიჭიკოს გენიალური ნაშრომის გაცნობა!
ოციოდე წუთში "გადამღები ჯგუფი" წავიდა, მე კი იმ დახლთან მივედი და დავხედე "გაპიარებულ წიგნს":
"ზიმბაბვეს სამედიცინო რეფორმის პრიორიტეტების სამეცნიეორ–დოკუმენტური ანალიზი" (ზიმბაბვეს ნაცვლად სხვა ქვეყანა ეწერა, არც რუსეთი და არც აშშ.... სხვა).
* * *
დაახლოებით ერთ საათში ერთი კარგი წიგნის პრეზენტაცია შედგა ფოიეში, უამრავი ხალხი შეიკრიბა და უსმენდნენ წიგნის გამომცემლებს, მეც იქ ვიყავი და კვლავ შევნიშნე "გადამღები ჯგუფი"" გადაიღეს ერთმანეთის მომღიმარი სახეებიც და კარგი წიგნის მოყვარულთა აღფრთოვანებული მზერაც.... ნახევარ საათში პრეზენტაცია დასრულდა, ხალხი დაიშალა, სახელდახელო სცენა განთავისუფლდა და.... ჰოი, საოცრებავ! სცენაზე მიკროფონთან მივიდა ის ბუმბერაზი მეცნიერი – ბატონი ჭიჭიკო!
"ფელინიმ" ყველა რაკურსით "აღნუსხა" გენიალური მკვლევარის გამოსვლა "მადლიერი მკითხველის" წინაშე და კმაყოფილი სახით მიმართა მის დამქირავებელს, რომ რეპორტაჟი წიგნის პრეზენტაციის შესახებ წარმატებით შეიქმნა... რომ მონტაჟს საღამოს გააკეთებდა.
– "წავედით?" – იკითხეს "გადამღებ ჯგუფში.
– წავედით! – უპასუხა ჭიჭიკომ – და დამშვიდობების ნიშნად ხელი რომ აწია, სახეზე უცებ ისეთი გრიმასა გამოესახა, მტაცებელს რომ აქვს ხოლმე მისატაცებლის დანახვისას....
– არ წახვიდეთ! – დაიყვირა ჭიჭიკომ – სასწრაფოდ გადამიღეთ! – თქვა და გაექანა შემოსასვლელისკენ, სადაც იმხანად ერთი ძლევამოსილი მინისტრი გამოჩენილიყო და ჯერ სიტუაციას ეცნობოდა.... ჭიჭიკო მიიჭრა მინისტრთან, ხელი ჩამოართვა, მტაცებლიდან უცებ "მიმლაქუცებლად" გარდაიქმნა.... თავისი წიგნი მიართვა და თან საწერკალამიც მიაყოლა – ავტოგრაფი დამიტოვეთო, ალბათ.... ეს ყველაფერი "ფედერიკო ფელინიმ" დიდი წარმატებით გადაიღო და კოლეგა–მსახიობებს გადაულაპარაკა – "პრემიაც იქნება!"
...ეს იყო პირველი "ექსპონატი" ჩვენი ვერნისაჟისა – ბატონი ჭიჭიკო!
იმედია, კარსმომდგარი გაზაფხული კიდევ რამდენიმე "ნიმუშის" გაცნობის საშუალებას მოგვცემს, თუ არა და, ზაფხული ხომ ჩვენია და ჩვენია.
* * *
ღმერთმა სიკეთე და სიალალე მოგცეთ!
Комментариев нет:
Отправить комментарий