ერთხელ ჩემი მასწავლებელი თავის ძმაკაცზე, ყველასთვის ცნობილ ადამიანზე, ამბებს ყვებოდა; ასე იციან ხოლმე მათ, ვისაც მეგობრად განგებამ გამოჩენილი ადამიანი არგუნა: ვითომ დასცინიან და არც დასცინიან... ყველგან ყვებიან მათზე "შინაურულ" ამბებს და ამით იმის თქმა უნდათ - დახე, დახე... როგორ კარგ ხალხში მიწევსო ყოფნა”...
- ...მე ეგეთი ფრთხილი და მოსიყვარულე მამა ჯერ არ მინახავს... – თქვა და მეც ჩამითრია მსმენელად სუფრის ორიოდე წევრთან ერთად...
– ფრთხილია... ფრთხილია, რომ ჰა.... ერთხელ მოსკოვში ვიყავით, ზამთარში, გზა მოყინული იყო, ფეხი მოუცურდა და წაიქცა... სანამ ახლოს მივიდოდი, არც მოუხედია და ისე თქვა - ფრთხილად, შვილო, მოყინულია...
– თქვენ გითხარათ შვილოო?!
– არა, კაცო.... – და გადაიხარხარა – თავისი შვილი გაახსენდა, ყველა საფრთხეში ის ახსენდებოდა –”ფრთხილად, შვილო... ფრთხილადო”..
...თავად ერთხელაც აროხროხდა და მსმენელებსაც ღიმილი გადააკრა სახეზე... ჩემს გარდა.
– შენ რატომ არ იცინი, არ მოგეწონა ამბავი?!
– მეც ეგეთი ფრთხილი ვარ.
– ჰოო-ო?!
– დიახ!
...ახლა აღარც ის ფრთხილი მამაა ცოცხალი და აღარც მისი შვილი... ჩემი მასწავლებელიც დიდი ხანია წავიდა...
მე კი ვფრთხილობ, მაგრამ რა ხეირი?! - დღეს-ხვალ მეც წავალ....
– ჰოო-ო?!
– დიახ!
Комментариев нет:
Отправить комментарий