"ფეისბუქზე" ჩემი მოსწავლე, ნინო ბაზაძე შემეხმიანა და ეს ამბავიც მაშინ გამახსენდა.
...მივედი სკოლაში მასწავლებლად და მომცეს მე–11 კლასი (მე თავადაც იმ სკოლაში ვისწავლე 10 წელი); კლასში სულ რაღაც 16–17 ბავშვი ირიცხებოდა სიით.... სახეზე იყო ხოლმე 5–6... ზოგჯერ 10–იც. ეს ის პერიოდია, როცა გვადი ბიგვას "ფაშისტად" აცხადებდნენ და არჩილ ფორია ხდებოდა "ეროვნული გმირი" ანუ ბოლშევიკებთან მებრძოლი ვაჟკაცი... მაგრამ ვის აინტერესებს შენი "გვადი ბიგვა" და "დროშები ჩქარა", გამწარებულები დარბიან რეპეტიტორებთან, ვინც არ დარბის, შემოისეირნებს ხოლმე სკოლაში...
იმ 5–6 მოსწავლეს ზოგი სხვა კლასელიც ემატებოდა ხოლმე (სხვა გაკვეთილებიდან გამოგდებულები.... მე კი ყველას ვუშვებდი შიგნით, ვინც მთხოვდა – ანტრე, ბატონო–მეთქი!); დავიწყებდი ხოლმე ლიტერატურაზე საუბარს და გადავდიოდით მერე ათას სხვა რამეზე.... კინო, სპორტი, ძმაკაცობა, სიყვარული და ა.შ. ორიოდე კვირაში დავძმაკაცდით და ვხედავ, რომ თანდათან "შემომსეირნებელთა" რაოდენობა მატულობს... მიდის რაოდენობა ზემოთ! ერთხელაც შევედი ე.წ. "ბაძაღუას კაბინეტში" და 10–15 წუთში კლასი გაივსო.... მოდიოდნენ და მოდიოდნენ, მეც ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობდი... შუა გაკვეთილზე ყველა მერხი დაკავებული იყო, ზოგი უკვე ფეხზეც იდგა... ჩავხედე სიას – 16–17 მოსწავლე ირიცხება ჟურნალში, გაკვეთილზე კი მიზის 35–40 მეთერთმეტეკლასელი... ვაჰ!
კი მივხვდი, ეს ყველაფერი "ანტრე ბატონო"–ს ბრალი იყო, მაგრამ დერეფნებში ხეტიალს და ტუალეტებში ბოლის ყლაპვას არ ჯობდა ჩემთან მჯდარიყვნენ და ესმინათ კინო, სპორტი, ძმაკაცობა, სიყვარული და ა.შ?
...ხანდახან ლიტერატურაზეც ვლაპარაკობდით და ამასობაში ახალი ცხოვრების მოსვლის შესაბამისად (1990 წლის გაზაფხულია) დავადგინეთ, რომ გვადი ბიგვა გზასაცდენილი კაცი იყო, არჩილ ფორია კი ახალი, დემოკრატიული საქართველოს მესაძირკვლე (?!)
...თუმცა მთავარი ეს კი არ არის, მთავარი ისაა, რომ ნინო ბაზაძის დანახვა გამიხარდა!
Комментариев нет:
Отправить комментарий