воскресенье, 17 февраля 2013 г.

სათხრობელა ლექსით


    მერვე კლასის დამრიგებელი ვიყავი 1–2 წელი, სადღაც 1991 წელს, როცა უკვე უშუქობა, შიმშილი და ყველა ვაი–ვაგლახი დაწყებული იყო. ერთხელ მეექვსე გაკვეთილს ვატარებ... ყველანი უკვე დაღლილები ვართ – მასწავლებელ–მოსწავლიანად... ჩავიარე რიგებს შუა და ბოლო მერხთან რომ მივედი, დავინახე, რომ ერთი ბიჭი "ბულკს"ჭამდა და ჩემი მიახლოებისთანავე დამალა ჩანთაში... ხმა არ ამომიღია, ვიდექი და ვუყურებდი... მანაც მიყურა რამდენიმე წამის განმავლობაში და ჩემს თვალებში ამოკითხა, ალბათ, ის, რაც მერე სიტყვებით ჩამჩურჩულა:
   – საშა მას, დედაჩემს არ უთხრათ, რომ ვჭამდი გაკვეთილზე და ნახევარ "ბულკს" თქვენ მოგცემთო....
  ..იმან კარგად იცოდა, რომ არავის არაფერს ვეტყოდი, უბრალოდ ისევე გამეხუმრა, როგორც მე მიყვარდა ხოლმე მათთან ხუმრობა.... თუმცა ისეთი საშინელი დრო იყო, შეიძლება ჩემს თვალებშიც შიმშილი დაინახა)))))

ამ ჩვენმა ხალხმა რამდენი
იწვალა და იშიმშილა...
თავი რომ გადაგვერჩინა,
ვინ ქვა გაყიდა, ვინ – სილა;
გარედან მტერი მოგვიხტა,
"მოყვარემ" გვტკიცა შინ სილა...
ოჰ, ღმერთო, გთხოვთ, მოგვაშორე
პოლიტიკოსთა სინსილა!

Комментариев нет:

Отправить комментарий