воскресенье, 17 февраля 2013 г.

საშობაო აღსარება

პროლოგი

ერთი ცოდვა მაწევს სინდისზე და თუ არ გიამბეთ სრულიად ვირტუალურ საზოგადოებას, ისე ვერ მოვისვენებ და ვერ შევხვდები 2013 წელს.

1974 წელს, ივლისის ბოლო დღეებში ფრიად საჭირბოროტო პრობლემის წინაშე ვიდექი... თეატრალურ ინსტიტუში მეორე წარუმატებელი ცდის შემდეგ სადმე ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა, თუ არა და შემოდგომაზე “რუსის ჯარში” მიკრავდნენ თავს... ჰუმანიტარულზე იმიტომ, რომ იქ, მისაღებ გამოცდებზე, ასე თუ ისე რამეს დავწერდი, ისტორიაში და უცხო ენაშიც ნამდვილად მივიღებდი ნიშანს, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. ჰოდა, მივადექი "მაღლივს" საბუთების შესატანად.... ათიოდე დღე იყო დარჩენილი გამოცდებამდე და ჩასაბარებელი საგნების გადამეორების იმედიც მქონდა, თუმცა უფრო მეტად ავანტიურიზმის სულისკვეთება არ მასვენებდა.

ფაკულტეტის არჩევა

ავუარე, ჩავუარე ჰუმანიტარული ფაკულტეტების რიგებს და ერთი სამწუხარო რეალობა აღმოვაჩინე - მართალია, ადგილების რაოდენობა და კონკურსანტთა სიმრავლე ასე თუ ისე მისაღები იყო ჩემთვის, მაგრამ საბუთების შემტანთა უზარმაზარი რიგები იდგა და იქ ნამდვილად ვერ ჩავდგებოდი... რიგში დგომა და მოლოდინი მთელი ცხოვრების განმავლობაში მძულდა და სანამ კარგა გვარიანად არ გადავაბიჯე მოწიფულ ასაკს, ცნება “რიგი” ყოველთვის მაჟრჟოლებდა და ტანში მზარავდა... და, ალბათ, ამის გამო ბევრი რამ დავკარგე ამ წუთისოფელში, მაგრამ რაც იყო, იყო - ვეღარაფერს დავიბრუნებ.
ჰოდა, სახლში გამობრუნებას რომ ვაპირებდი იმ იმედით, რომ მეორე დღეს დილაადრიან მივადგებოდი მიმღებ კომისიას, უცებ დავინახე - რაღაც “კიბერნეტიკულ” განხრაზე ასევე ჰუმანიტარული საგნები ბარდებოდა და პლიუს მათემატიკა... არადა, მეცხრე-მეათე კლასში სანამ თეატრით ამბნეოდა ჭკუა-გონება, ჩვენი სკოლის “პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ნამდვილად ტექნიკურ საგნებში უფრო კარგად ვერკვეოდი... ჰოდა, იმ მათემატიკასაც მოვერეოდი - ასე მჯეროდა და მივედი იმ “კიბერნეტიკულ სამყაროსთან”, მაგრამ საბუთების მიმღები ქალბატონი მცირე ხნით გასული იყო და ათიოდე წუთს რომ გაგრძელდა ეს “მცირე ხანი”, უკვე ამოქმედდა ზემოთხსენებული სიძულვილი ლოდინისადმი და იქიდან წამოსვლაც ჰა-და-ჰა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ იქვე შორიახლოს დავინახე “აღმოსავლეთმცოდნეობის დახლი”, სადაც უსაქმურად იჯდა მიმღები კომისიის წევრი ქალბატონი და ისე, რომ არც კი მიმიხედავს კონკურსის პირობებისთვის, შევიტანე საბუთები....
წარმოდგენაც კი არ მქონდა - ვინ და რა უნდა გამოვსულიყავი, თუკი იქ მიმიღებდნენ, ჩემთვის მთავარი იყო ერთი წელი სადმე ისე გამეტარებინა, რომ ჯარში არ წავეყვანე...

გამოცდები

ქართულის წერით გამოცდაში “ოთხიანი” მივიღე და ეს ფაქტი ჩვენი უბნის ქალთა გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც ღამის 2-3 საათამდე გრძელდებოდა, დადებითად შეფასდა... იცოდნენ რა მათ, რომ მე არანაირ რეპეტიტორთან არ ვემზადებოდი, დაასკვნეს - ცოდნა ჭრის!!!  (სხდომები ქართულ-სომხურ-რუსულად მიმდინარეობდა - სინქრონული თარგმანის გარეშე - და დედაჩემი სპიკერი თუ არა, ვიცე-სპიკერი მაინც იყო ყოველთვის).
მეორე გამოცდა იყო ზეპირი ქართულ ენასა და ლიტერატურაში... გამოცდისთვის ასე თუ ისე მზად ვიყავი, მაგრამ “დავითიანის” გადაკითხვა ვერ მოვასწარი და იმ იმედით შევედი გამოცდაზე, რომ გამიმართლებდა და გურამიშვილის შესახებ საუბარი არ მომიწევდა....
შევედი.... ავიღე ბილეთი და ვხედავ - პირველი საკითხი: დავით გურამიშვილის “ქართლის ჭირი"... ერთი სიტყვით, ბედმა გამწირა.
კომისიის წევრმა მიმიყვანა გამომცდელთან, ვისაც “სამიანზე” უნდა გამოვეცადე, მითხრა, რომ ბილეთის საკითხები გადამეწერა ცალკე ფურცელზე, თავად ოფიციალური საგამოცდო ბილეთი კი გამომართვეს და სხვა აბიტურიენტებისთვის ჩააბრუნეს გამოცდაში... იმ ფურცელზე, რომელზედაც მე ჩემი ხელით გადავწერე ბილეთის საკითხები, არავის არანაირი აღნიშვნა არ გაუკეთებია... და გულში რაღაცამ გამკრა (?!).
ჩემი გამომცდელი ერთი მაღალი, როხროხა, ხმაჩახლეჩილი რომ ჰქვია, ისეთი კაცი აღმოჩნდა და სულ აქეთ-იქით დადიოდა... მალე გვერდით ერთი მეგრელი ბიჭი მომისვეს და ჩვენმა გამომცდელმა ორივეს მოსაფიქრებლად დრო მოგვცა, თავად კი კვლავ სადღაც გავიდა...
სანამ ის მოვიდოდა, იმ ბიჭს ვთხოვე - “ერთი საზეპირო მაინც ჩამაწერინე-მეთქი ქართლის ჭირიდან” და მან ჩემს თხოვნას ასე უპასუხა: “ქართლის ჭირსა ვერვინ მოთვლის... დანარჩენი შენ გააგრძელეო” და პირი იბრუნა - კონკურენტები ვიყავით და ჩათვალა, რომ ჩემი სახით ერთი არასასურველი სუბიექტი უკვე ჩამოიშორა... და, მგონი, მოსალოდნელი მიკრო-გამარჯვების ემოციებით დაიმუხტა.
რაღას ვიზამდი, მეორე და მესამე საკითხების ანაბარა დავრჩი და ვიფიქრე - როგორმე “სამიანს” გავაჩალიჩებ და უბნის ქალთა საკრებულოს წინაშე თავს ვიმართლებ-მეთქი რაღაც ასეთი “აფორიზმით” - ცოდნა ჭრის, მაგრამ ზოგჯერ ბედიც უნდა გქონდეს.
ამასობაში გამომცდელი მოვიდა და ჩემს კონკურენტს სთხოვა ბილეთის საკითხებზე ესაუბრა.... შევატყე, რომ მთლად კარგად ვერ იყო მომზადებული ის “რბილად მოსაუბრე” ყმაწვილი (...მახსოვს, რაღაც უცნაური სახელი ერქვა - ლავბერი თუ ბერლავი); ჰოდა, მისი თავდაჯერება ჩემი ნაადრევი განადგურების შესახებ ზედმეტად ოპტიმისტური ემოცია აღმოჩნდა. უცებ იმ ხმაჩახლეჩილმა კაცმა ორივეს გვკითხა - აღმოსავლეთმცოდნეობაზე რომ აბარებთ, აბა, რა იცითო აღმოსავლური ლიტერატურის შესახებ? ჩემი კონკურენტი დადუმდა, როგორც მაცი ხვიტიას მეგობარი კოჭოია ცხენის მოპარვის პროცესის წინ... მე კი ამოვღერღე - ომარ ხაიამი-მეთქი (თუმცა მთლად დარწმუნებული არ ვიყავი, რა ენაზე წერდა პატივცემული ომარი - არაბულად თუ სპარსულად) და შევატყე ჩემს გამომცდელს, რომ ამ სახელმა მას სიამე და კმაყოფილება მოჰგვარა...
რაღა ბევრი გავაგრძელო და ჩემმა ძვირფასმა კონკურენტმა მხოლოდ “სამიანი” მიიღო და სანამ ჩემი ჯერი დადგებოდა, გამომცდელს ისევ უხმეს განზე და მე მარტო დავრჩი მაგიდასთან.... მიმოვიხედე... გარშემო არავინ ჩანდა, თანაც სადღაც “მოგუდულში” ვიჯექი... ჰოდა, მეორედ გამკრა გულში ერთმა უკეთურმა განზრახვამ - “ამ ჩემი ბილეთის საკითხები ხომ არავის აქვს ნანახი, ჰა?!” მართალია, ბილეთის ნომერი მითითებული იყო, მაგრამ ჩემი გამომცდელი ის კაცი არ ჩანდა, ვისაც დაზეპირებული ექნებოდა, თუ რომელ ბილეთში რა საკითხი ეწერა... არადა, ასეთებიც არიან ხოლმე.
სანამ მესამედ გამკრავდა გულში რაღაცას ის ბემურაზი განზრახვა, მე დავასწარი მას, ამოვიღე სხვა ფურცელი, ბილეთის ნომერი იგივე დავტოვე და ჩავაწიკწიკე ის სამი საკითხი, რომელიც შესანიშნავად ვიცოდი და პირველი მათ შორის “ავთანდილის ანდერძი” გახლდათ... ძველი საკითხების ფურცელი კი საგულდაგულოდ გადავმალე ტანსაცმლის არაესთეტურ ნაწილში...
დასაკარგი არაფერი მქონდა, როგორც იტყვიან - რისკი კეთილშობილი საქმეა... თუ ყალბისმქნელობაში მამხელდნენ და “ვირის აბანოში” გამამწესებდნენ, იმ 2-3 წელს საქართველოს დილეგში მაინც გავატარებდი და დამპყრობთა ჯარში არ ვიმსახურებდი...

პოლიტიკური ინტერმეცცო

1974 წელია, ბიჭოოოოოო! რა დამპყრობი და რის ოკუპაცია?! - ჩვენს პოლიტიკოსებს მზე ჩრდილოეთიდან ამოსდიოდათ და როცა არ ამოსდიოდათ, თავად ამოჰყავდათ...
* * *
ერთი სიტყვით, ყალბისმქნელობის მოსალოდნელი შედეგების გაანალიზებაც მოვასწარი, შევეგუე კიდეც ყველაზე უარეს მომავლას და ჩემი გამომცდელიც მოვიდა...
ბილეთის საკითხები ვაჩვენე და დავიწყე მასლაათი:
- “დაჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად” (ეს “საბრალო”, ალბათ, მეტისმეტი გამომსახველობით ვთქვი).
- “რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა” (რა ნამუსით შევძელი ამის თქმა, ვერ გეტყვით - თავად დიდ სიცრუეს ვიქმდი იმ წუთს)
- “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების~ (ამ სიტყვებზე ცოტა გულზე მომეშვა).
შევატყე ჩემს გამომცდელს, რომ მოეწონა ამგვარი (ფარულ სინამდვილესთან გათანაბრებული) დეკლამაცია.... თანაც “ომარ ხაიამით” ვასიამოვნე და....

დამაკმაყოფილებელი ნიშანი ასე თუ ისე დავიმსახურე და იმ ხმაჩახლეჩილმა კაცმა რომ მითხრა, “ოთხიანზე” წადიო, ერთი კი ვიფიქრე - ორჯერ გამართლება არ არსებობს-მეთქი, მაგრამ თან დედაჩემის დაქალების დიდი დაინტერესება გამახსენდა საბჭოთა განათლების სისტემის მიმართ და მეორე “ოთხიანსაც” თუ მივიტანდი, მთლად გავუმყარებდი რწმენას “მშობლიური სკკპ-ს” პატიოსნებისა და პირუთვნელობის თაობაზე.

მეორე ნაწილი - “ოთხიანი”

წავედი ჩემი საგამოცდო ფურცლით და მითითებულ ადგილზე დავჯექი... სად იყო, სად არა “ოთხიანის” გამომცდელიც მოვიდა... შევხედე და ვიცანი - ჩემი ძმის სიმამრის სახლში მდგმურად ცხოვრობდა ეს კაცი, თუმცა სახელი მაშინ არ ვიცოდი და მერე გავიგე, რომ დიდებული კაცი და მეცნიერი კორნელი დანელია გახლდათ და სანამ საკუთარ ბინას იშენებდა, მდგმურად უწევდა ცხოვრება...
ბატონი შახის (ასე ერქვა ჩემი ძმის სიმამრს) სახლში გაშლილ პურ-მარილებზე ბევრჯერ მყავდა ნანახი ეს ჩემი მორიგი გამომცდელი და ღმერთს შეკითხვის თვალით ავხედე - ვითომ მიცნობს-მეთქი?
დღესაც არ ვიცი, მიცნო თუ არა იმ დღეს (მერე კი გავახსენე ეს შეხვედრა ბატონ კორმელის), მაგრამ იქ, უკვე ხელისგულივით გადაშლილ ფერეფანში ყველა გვხედავდა და ვერანაირ “ყურუმსაღობას”, რა თქმა უნდა, ვერ ჩავიდენდი... ასე რომ თვალებით მოგვიხდა საუბარი არასანქცირებულ საკითხებზე:
- მიცნობთ? - ვეკითხებოდი მზერით.
- გიცნობ, როგორ არ გიცნობ! - მეჩვენებოდა, რომ ასე მპასუხობდა... თვალებით... მეტყველების ორგანოები კი ქართული ენის გრამატიკის ამა თუ იმ საკითხს მიმოიხილავდნენ პროფესორის და აბიტურიენტის საუბრის დონეზე...
ასე იყო თუ ისე, განმიცხადა - წადიო “ხუთიანზე”.
- აუჰ! - ვუთხარი თვალებით.
- წადი, ბიძია, წადი... - მეუბნებოდა მისი მზერა - ახლა მე შენ “ფრიადზე” რომ არ გაგიშვა, შახი ხომ ღვინოში ჩამახრჩობსო...
- არა და არა! - გავაპროტესტე... ავანტიურისტის გამოხედვით.

...კომისიის თავმჯდომარე იყო მზექალა შანიძე, რომლის შესახებ ჩემი ძმა (მისი ნასტუდენტარი) ლეგენდებს ყვებოდა...
ბატონმა კორნელომ დიდხანს არ მაცალა საპროტესტო მუხტით ტკბობა, აიღო ჩემი საგამოცდო ფურცელი და თავად დაუდო ქალბატონ მზექალას მაგიდაზე, მე კი თითით მანიშნა - მიბრძანდიო “ფრიადის” მისაღებად, ყმაწვილო.
მეც რა უნდა მექნა?! - ავდექი და მივბრძანდი.
მივიხედე, მოვიხედე და იქ უკვე იჯდა ერთი “ფრიადზე მიბრძანებული” აბიტურიენტი გოგონა, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ჩემი მომავალი თანაჯგუფელი ნანა ფანცულაია აღმოჩნდა და მისი გვარიც იქვე გავიგე, რადგან გაზეთ “სახალხო განათლების” ფოტოკორესპონდენტი მოვიდა, სურათი გადაგვიღო და ჩვენი გვარებიც ჩაიწერა.
ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია ნახოს 1974 წლის აგცისტოს “სახალხო განათლების” ერთ-ერთი ნომერი (ოთხშაბათობით გამოდიოდა) და იქ ჩვენს სურათებს იხილავს, თუ როგორ ვართ “მიბრძანებულები” უმაღლესი შეფასების მისაღებად.
ერთი კი გამკრა გულში - დღეს მესამე მეგრელთან მიხდება ურთიერთობა-მეთქი და ჩავისურვილე - ხუთიანი მიმაღებინე-მეთქი, ღმერთო! - და მას შემდეგ დაცდილი მაქვს ჩვენი საყვარელი სამეგრელოს წარმომადგენლების რაოდენობა თუ სამია ან სამზე მეტი, ყველგან გამარჯვებული და წარმატებული გამოვდივარ...

მესამე ნაწილი - მზექალა შანიძე

ნანა ფანცულიამ მის მიმართ აღძრულ ყველა “ინტერესს” შესანიშნავი პასუხები მოუძებნა, ქალბატონი მზექალას კმაყოფილება დაიმსახურა და ‘ხუთიანით” დატოვა ჩვენი ფრიად კამერული საზოგადოება... (“კამერა” შემთხვევით არ ვახსენე, “ვირის აბანოში” მოხვედრის შიში ჯერაც არ გამნელებოდა).
ჰოდა, დაიწყო აწ უკვე ქართლის კი არა, ჩემი “ჭირი”... აი, იმ დღეში ვიყავი - ქორმა წიწილა წაიღო, იძახდა წიავ-წიავსაო...
ამასობაში გამოცდისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, ყველა გამომცდელი თანდათან “ქორის და წიწილის” (ხვდებით, ალბათ. მეტაფორების არსს) გარშემო შემოკრბა, ჩემი “სამიანი” და “ოთხიანი” გამომცდელებიც მოვიდნენ და უყურებდნენ ჩემს ვაი-ვაგლახს და ჩქარობდნენ იმდღევანდელი საგამოცდო დღის ბოლომდე მიყვანას, რასაც “ხელს უშლიდა” ჩემი მასლაათით ქართული ლიტერატურის ჰაგიოგრაფიული ძეგლების შესახებ, რაც თანდათან უკვე შორდებოდა “წიავ-წიავის” ინტონაციურ წყობას და სულ უფრო დამაჯერებელი ხდებოდა, რადგან შევნიშნე, რომ ქალბატონ მზექალას ალალად აინტერესებდა - ვინ ვიყავი და საიდან აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში....
აკი გითხარით, ჩემი ძმა განათლებით ფილოლოგი იყო და სახლში მრავლად გვქონდა სპეციალური ლიტერატურა, რასაც ისე, სასხვათაშორისოდ ვფურცლავდი ხოლმე მოცალეობისას და, როგორც აღმოჩნდა, ამ სალაღობო საქმიანობამ მე კარგი სამსახური გამიწია, რადგან კომისიის თავმჯდომარეს ვუხსენე ისეთი გვარები და ნაშრომები, რაც აბიტურიენტს წესით და რიგით არ უნდა სცოდნოდა....
~ქალბატონო მზექალა, დაუწერეთ ხუთიანი, საგამოცდო დრო ამოიწურა” - ბუბუნებდა იქვე შორიახლოს კომისიის წევრთა ქორო....
“არა! ჯერ არ ეკუთვნის!...” - პასუხობდა  მეფე ოიდიპოსივით მზექალა აკაკის ასული შანიძე და ასე გაგრძელდა ჩვენი “გულთბილი საუბარი” ორმოციოდე წუთს...
.....დაბოლოს
ჩემს საგამოცდო ფურცელში ჩაიწერა წვით და დაგვითა გაჩალიჩებული ~ფრიადი~.

...მაღლივის კიბეებზე “ხუთიანის” მანიშნებელი აწეული მარჯვენა ხელით გამოვედი და თვალი მოვკარი დედაჩემს, რომელსაც უკვე სახეზე ეტყობოდა, თუ რა ტრიუმფალურ სიტყვას ამზადებდა უბნის პარლამენტის მორიგ სესიაზე წარმოსათქმელად....

ცნობისათვის, ეს “სხდომები” მაის-სექტემბრის პერიოდში, ყოველღამე, 2-3 საათამდე, ახლანდელი სამების ტაძრის დიდი ჭიშკრის მოპირდაპირე მხარეს, ერთ ციცაბო დაღმართზე საგანგებოდ მოწყობილ პატარა მოედანზე იმართებოდა, სადაც დღისით ბავშვები ვთამაშობდით, საღამოს კი უბნის ქალთა საკანონმდებლო-წარმომადგენლობითი ყრილობა მოღვაწეობდა ფრიად ნაყოფიერად.

ეპილოგი

...ისტორიაში და უცხო ენაშიც “ხუთიანები” მივიღე (პატიოსნად!) და ჩავირიცხე აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, სადაც მთელ კურსზე სულ 11 სტუდენტი ვიყავით (4 სპარსულზე, 4 თურქულზე და 3 არაბულზე).

კარგად მახსოვს პირველი სექტემბერი...
ვსხედვართ მეხუთე კორპუსის მეორე სართულზე, დერეფნის ბოლოში მარჯვნივ რომ დიდი აუდიტორიაა, ერთმანეთს არ ვიცნობთ და ჩუმად ველით ნანი ჭანიშვილს, რომელმაც უნდა ჩაგვიტაროს პირველი ლექცია...
უცებ აუდიტორიაში შემოდის ერთი ჯმუხი, ულვაშიანი ახალგაზრდა კაცი და რიხიანად კითხულობს:
- რომელია აქ ელერდაშვილი?
- მე ვარ-მეთქი... - გაოცებულმა და დამფრთხალმა ვუპასუხე, იმ ჩადენილი ცოდვის აჩრდილი ისევ თვალწინ დამიდგა და ვიფიქრე - “მოვიდნენ ჩემს წასაყვანად”.
- გამოდი გარეთ - მიბრძანა უცნობმა.
გავედი....
უცნობმა ხელი ჩამომართვა, გადამეხვია და მითხრა - მეც ელერდაშვილი ვარ, მესამე კურსელიო...
გიშველა ღმერთმა!
ეს ჩემი მოგვარე გიორგი ელერდაშვილი 2002 წელს საგარეჯოში მოკლეს ფულის გამოძალვის მიზნით....
იმ ქვეყანაში წაიღო საწყალმა გიორგამ თავის ლამაზ ცოლშვილზე დანატრებული თვალები...
* * *
2-3 დღის სტუდენტები ვიყავით უკვე და მეხუთე კორპუსის დერეფანში ჩემი “ნაცნობი” ხმაჩახლეჩილი კაცი დავინახე....
შორენა კოპალიანს ვუთხარი - ამ კაცს ვიცნობ, გამოცდაზე “სამიანი” დამიწერა-მეთქი...
- ეგა შე დებილო, ვახუშტი კოტეტიშვილიაო - მითხრა ყველაფრისმცოდნე შორენამ...
მერე კი კარგად გავიგე, ვინც იყო ვახუშტი კოტეტიშვილი და განგების იმ ფანდსაც ჩავუკვირდი, თუ რატომ შემახვედრა ბედმა უნივერსიტეტში ფეხის შედგმისთანავე ამ “გამომცდელთან”, ...მაგრამ ეს ვერანაირი შეღავათი ვერ აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში “დებილის” იმიჯი არ მომშორებია შორენას ცნობიერებაში....

მეტს ვეღარ დავწერ... თვალზე ცრემლი მომადგა

* * *
2013 წლის დადგომას გილოცავთ და ეს ჩემი აღსარებაც, ნახევრად ხუმრობით რომ გიამბეთ, იმ ჩვენი წასული მეგობრების და მასწავლებლების ხსოვნაც არის, ვინც ვერ დაესწრო დღევანდელ დღეს...

მივალთ ჩვენც იქ და ვუამბობთ, როგორი ბედნიერი იყო 2013 წელი საქართველოსთვის!გავედი....
უცნობმა ხელი ჩამომართვა, გადამეხვია და მითხრა - მეც ელერდაშვილი ვარ, მესამე კურსელიო...
გიშველა ღმერთმა!
ეს ჩემი მოგვარე გიორგი ელერდაშვილი 2002 წელს საგარეჯოში მოკლეს ფულის გამოძალვის მიზნით....
იმ ქვეყანაში წაიღო საწყალმა გიორგამ თავის ლამაზ ცოლშვილზე დანატრებული თვალები...
* * *
2-3 დღის სტუდენტები ვიყავით უკვე და მეხუთე კორპუსის დერეფანში ჩემი “ნაცნობი” ხმაჩახლეჩილი კაცი დავინახე....
შორენა კოპალიანს ვუთხარი - ამ კაცს ვიცნობ, გამოცდაზე “სამიანი” დამიწერა-მეთქი...
- ეგა შე დებილო, ვახუშტი კოტეტიშვილიაო - მითხრა ყველაფრისმცოდნე შორენამ...
მერე კი კარგად გავიგე, ვინც იყო ვახუშტი კოტეტიშვილი და განგების იმ ფანდსაც ჩავუკვირდი, თუ რატომ შემახვედრა ბედმა უნივერსიტეტში ფეხის შედგმისთანავე ამ “გამომცდელთან”, ...მაგრამ ეს ვერანაირი შეღავათი ვერ აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში “დებილის” იმიჯი არ მომშორებია შორენას ცნობიერებაში....

მეტს ვეღარ დავწერ... თვალზე ცრემლი მომადგა და სათვალის მინებს მისველებს,,,, ვეღარაფერს ვხედავ...

* * *
2013 წლის დადგომას გილოცავთ და ეს ჩემი აღსარებაც, ნახევრად ხუმრობით რომ გიამბეთ, იმ ჩვენი წასული მეგობრების და მასწავლებლების ხსოვნაც არის, ვინც ვერ დაესწრო დღევანდელ დღეს...

მივალთ ჩვენც იქ და ვუამბობთ, როგორი ბედნიერი იყო 2013 წელი საქართველოსთვის!






1 комментарий:

  1. მრავალ ახალ წელს შეხვედროდით ბევრი საინტერესო მოგონებებით.

    ОтветитьУдалить