ახლა წავიკითხე "ნიჭიერში" გამარჯვების ერთ–ერთი ყველაზე ღირსეული კანდიდატის თეონა კოროშინაძის ინტერვიუ.... ამ გოგომ, მართალი რომ გითხრათ, თავიდან ძალიან გამაღიზიანა, მაგრამ მერე ვუყურებდი და მომწონდა, თან ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიანდაძალიან ნაცნობი და ახლობელი იყო ჩადებული მასში.... აბა, მხოლოდ ინტუიცია რას გამაგებინებდა, ეს ინტერვიუ რომ არ წამეკითხა.
ეთერ იოსებიძის ქალიშვილი ყოფილა!
რა ბედნიერებაა, ასეთი სასწაულები რომ არსებობს ამქვეყნად!
ეთერს ჩემი თაობის ადამიანები კარგად იცნობენ, იგი პირველი იყო, ვინც 70–იანი წლების დასაწყისში გაიმარჯვა თითქმის ისეთივე კონკურსში, როგორიც "ნიჭიერია"; იმ კონკურსს ერქვა – "ალო, ჩვენ ვეძებთ ტალანტებს". შემდეგ კიდევ ერთ სხვა, ჩვენს უბანში დაბადებულ, ჩვენუბნელ მომღერალთან, ჯილდა დათუაშვილთან ერთად ყველასთვის საამაყო და სათაყვანო წარმომადგენელი იყო ჩვენი უბნისა თუ სკოლებისა (გარშემო 3–4 სკოლა იყო და ყველა ერთმანეთს ვიცნობდით). ეთერმა რამდენიმე ძალიან კარგი სიმღერა იმღერა ცნობილ ფილმებში – "მოიტაცეს თამარ ქალი" თუ " მხიარული რომანი"... ეს სიმღერები ახლაც იციან და სიამოვნებით მღერიან, რადგან მართლაც ნამდვილი სიმღერებია..... მე ასე მგონია.
თუმცა არის კიდევ სხვა მომენტი: ეთერ იოსებიძე ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო და მის დასთან ერთად ჩვენს სკოლაში გამართულ კონცერტებზე ხშირად გამოდიოდა (იგი იქვე, მეზობლად მდებარე სკოლაში სწავლობდა); იმ თაობის ადამიანებს მომღერალი ჩიტო (ვენერა) შოშიაშვილიც ეხსომებთ, საქართველოს დამსახურებული არტისტი.... პირველად ჩიტოსგან გავიგე ბევრი ძველი და კარგი სიმღერა. ახლა თეონა ქუმსიაშვილს რომ ვუსმენ, ცრემლი არამარტო იმის გამო მადგება თვალზე, რომ ამ ახალგაზრდა და უმშვენიერესი გოგოს ტრაგიკული ბედი მაწუხებს.... ეს სიმღერები, ან ამ სიმღერების მსგავსები, ჩონგურზე რომ სრულდება, ჩიტოსგან მახსოვს, რადგან ჩიტო დეიდა ჩვენი ოჯახის ძალიან ახლო მეგობარი, ჩემი დის ნათლია და ჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო სკოლაში....
ჩიტოც მახსენდება!
.... და ეთერ იოსებიძეც აუცილებლად ჩანს ხოლმე ჩემს უნებლიე მოგონებებში, რადგნ ეთერი, როგორც მომღერალი, ჩიტომ გაზარდა.... "ჩიტოს მოსწავლე" ეს ტიტული იყო, რომელსაც დამსახურება უნდოდა! ჩემი ძმაც "ჩიტოს მოსწავლე" იყო, ყველანაირ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა და მღეროდა, იგი აფხაზეთის ომში დაიღუპა შვილთან ერთად – სოხუმის თეატრის მსახიობი ომარ ელერდაშვილი; მათი, მამა–შვილი ელერდაშვილების სახელები თბილსის გმირთა მოედანზე სხვა გმირებთან ერთადაა მოხსენიებული ახლა...
ჩემი ძმის და ეთერის ერთად ნამღერი სიმღერაც გამახსენდა.... ჩიტოს მოსწავლეები იყვნენ ორივე!
თეონა კოროშინაძე ეთერის შვილი ყოფილა!
ისეთი გრძნობა გამინდა, რომ ჩემი დისშვილია ეს გოგო!
....რომ ისიც "ჩიტოს მოსწავლეა"!
* * *
მეუბნება ეს წუთისოფელი – ღმერთიც არსებობს და განგების ძალაცო, მე კიდევ დავმდგარვარ და ვეჭვობ....
დაიჯერე რა, შე მუდრეგო!
ვაჰ!
აპრილი, 2011 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий