воскресенье, 17 февраля 2013 г.

რომაელები... რამე–რუმით


17 წელი ვიყავი ამ სფეროს აქტიური მუშაკი, ყველაფერი კი 1994 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა გაზეთის შექმნის იდეა გაჩნდა...  ეს ის დრო გახლდათ, საქართველო სიბნელეში რომ იხრჩობოდა, ამ სიტყვის (სიბნელის!) პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით... თუმცა გადატანითი მნიშვნელობა ახლაც საკმაოდ იგრძნობა.
არადა, ერთი "სიბნელე" მეც მჭირდა... არ ვიცოდი პოლიგრაფია და გაზეთის გამოშვება დავაპირე.

ყველას, ვისაც რამე გაეგებოდა საგამომცემლო–პოლიგრაფიულ საქმეში, აზრი და რჩევა ვკითხე... ზოგმა რა მითხრა და ზოგმა რა... იმასაც მეუბნებოდნენ – რა ძალა გადგია, ცხოვრებას დაიმახინჯებო... ასეა თუ ისე, მაინც იმძლავრა იდეამ და დავიწყე გამოშვება.... ამ საქმის დეტალებს (...რაც მაშინ ხდებოდა) მთელი "რომანი" შეიძლება მიეძღვნას, ახლა კი ერთ კურიოზს მოგახსენებთ.
პირველი ნომერი რომ გამოვუშვი, სტამბაში არც–კი შემიხედავს, ჩემი უნივერსიტეტელი ჯგუფელი დამეხმარა და დამიბეჭდა (...ისიც აქ არის, "ფეისბუქზე"... ამ ამბავს რომ გავახსენებ – ему будет приятно... когда ему будет приятно, и мне тоже будет приятно). ჰოდა, ავაფრიალე ეს გაზეთი და თავი უკვე მედია–მაგნატი მეგონა და ერთხელაც, სადღაც ე.წ. "ზარია ვოსტოკას" შენობის ჯურღმულებში ერთ ჩემ მსგავს "მაგნატს" გადავეყარე, რომელმაც საგანგებო შეხვედრაზე (ყავა და კონიაკი და რამე–რუმე...) მიმიწვია, რათა ეთხოვა ჩემთვის, რომ მისი ახლადდაარსებული გაზეთისთვის კროსვორდები შემედგინა... კროსვორდის შედგენას რაც შეეხება, ამაში არც მაშინ მიმაჩნდა ვინმე ჩემს ბადალად და არც ახლა... ერთხელ, კიევში სპეციალურად ჩავედი, რათა ჩემი საკროსვორდო მიღწევები უკრაინელებისთვის გამეცნო და ერთ–ერთი საკმაოდ დიდი ჟურნალის რედაქციაში სრული საღადაო ინტონაციით განვაცხადე – Я король грузинского кроссворда-მეთქი და არც იმ ჟურნალის რედაქტორი აღმოჩნდა ჩემზე ნაკლები მოღადავე და მაშინვე მთხოვა – Ваше величество! Можно у вас взять автограф-ო... თუმცა ავცდი ძირითად საკითხს, "რომაელებზე" მინდოდა რაღაცის თქმა...

ის ჩვენებური "მაგნატი", ზემოთ რომ ვახსენე (სხვათა შორის, საკმაოდ სიმპათიური და გამომწვევი გარეგნობის მქონე ქალბატონი), უკვე სამ–ოთხჯერ სტამბაშიც იყო ნამყოფი და პოლიგრაფიული ტექნიკის სახელების ცოდნაში აშკარად მჯობნიდა... ჰოდა, ჩემი გაზეთის პირველი ნომერი მასაც რომ ავუფრიალე ცხვირწინ, პირველად ის მკითხა – რომაერებზე ბეჭდავო?
"რა შუაში არიან რომაელები?!" – გავიფიქრე და ვერ გავიგე, მაგრამ როგორ ჩამოვრჩებოდი ჩემს კონკურენტ მაგნატს და კონიაკით (...და რამე–რუმით) შესმული  სადღეგრძელო მივუძღვენი რომაელებსაც ბიზანტიელებსაც, ბერძნებსაც... რა თქმა უნდა, სპარსელებსაც (ამას როგორ გამოვტოვებდი!) და მსმენელი "დავარწმუნე" იმაში, რომ ფრიად ფართო და მასშტაბური პერსპექტივები ეშლებოდა ჩემს გაზეთს... რაღა "ვოშინგთონ პოსტი" ან "ფიგარო" და რაღა ჩემი პირმშო–გაზეთი.
ერთი სიტყვით, როცა მეგონა, რომ სრული აღიარება მოვიპოვე ჩემი "Речь"–ით, თანამოსაუბრე კონკურენტის და ამავე დროს პოტენციური პარტნიორის თვალებში გაუგებრობა შევნიშნე.
- რომაერებზე ბეჭდავ? - გამიმეორა კითხვა.
– აბა, რა! – რომაელებზეც, ბერძნებზე, მულატებზეც, ჩუქჩებზე, ჩუჩმეკებზე... და ყველაზე!!!
...ჩემმა თანამოსაუბრემ აშკარად გიჟად ჩამთვალა... ან უკიდურეს შემთხვევში – მოღადავედ (როგორც იმ კიეველმა რედაქტორმა).
* * *
ორიოდე კვირის შემდეგ გავიგე, რომ "რომაერი" საბეჭდ მანქანას ჰქვია... ოღონდ ის არ მესმის დღემდე – რატომ თქვა იმ ქალბატონმა მრავლობით რიცხვში – რომაერები?! მეც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა და საკუთარი თავიც...

ეს კონიაკი რას არ უზამს კაცს! – თანაც რამე–რუმით...

1 комментарий: