პირველად 1994 წელს მოვხვდი ირანში; იმხანად ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს დიდ მეზობელთან ურიერთობაში – საქართველო პირველად, მთელი ისტორიის მანძილზე, დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით წარდგა სპარსეთის წინაშე. კაცმა რომ თქვას, ჩვენ ამ ქვეყანას მუდამ "სპარსეთს" ვეძახდით და მეც ასე მირჩევნია, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს... მით უმეტეს იმ ამბისთვის, რასაც ახლა მოგიყვებით.
როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, პირველად ახალი ქვეყნის "ასათვისებლად" (თურქეთის და სირიის შემდეგ) ირანისკენ შოპ–ტურისტების ქარავანი დაიძრა... ეს ცალკე თემაა და საკმაოდ საინტერესოც, ნებით თუ უნებლიედ მეც ჩამითრიეს ამ სფეროში და შემომთავაზეს თარჯიმნად გავყოლოდი იმ ჯგუფს, რომელიც პირველად მიდიოდა ირანში... ეს ჩემთვის ზღაპრის ახდენას ნიშნავდა, რადგან ირანისტების ოჯახში შესვლის პირველივე დღიდან ვოცნებობდი იმ ქვეყნის ნახვას, რომელსაც დაუსწრებლად ასე თუ ისე ვიცნობდი.
ჰოდა, წავედით ირანისკენ ავტობუსით (სომხეთის გავლით)... დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობა იყო არა თავისი ფათერაკებითა და კურიოზებით, არამედ იმ ტიპაჟით, ვისთანაც ორი კვირა მომიხდა ყოფნა და ლუკმის გაზიარება... ესეც უნდა აღვწერო თავის დროზე.
* * *
თეირანის სასტუმრო "მინა" შოპ–ტურისტებით იყო სავსე, ძირითადად ყოფილი სსრკ–დან: აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ნაირ–ნაირი შუა აზიელები და, რა თქმა უნდა, ქართველები.
საღამოს ე.წ. "ბარდანებით" (ბარ–დან – ტვირთის შემცველი) დატვირთული მანქანები რომ მოადგებოდა სასტუმროს, იდგა ერთი გამიშვი–გამატარე ლიფტის რიგში.... სასტუმროს მომსახურე პერსონალი გაოცებული უმზერდა ყოფილი საბჭოელების "სავაჭრო სულისკვეთებას" და პირველ ხანებში ჩემგან ინტერვიუსაც კი იღებდნენ ხოლმე ორი მიზეზის გამოისობით: 1. სპარსული ვიცოდი და 2. მეც საბჭოელი ვიყავი... ოღონდ ბარდანები არ მომქონდა....
მეორე–მესამე დღეს, საღამო ხანს, როცა ბარდანების ბარდნა (ცოტა წავი–პოეტუროთ,, მაინც ირანში ვართ...) იწყებოდა, სასტუმროს შესასვლელთან ასე 12–13 წლის შავტუხა ბიჭი გამოჩნდა. კაცმა რომ თქვას, მისი "შავტუხობა" არც უნდა მეხსენებინა, რადგან იქ ოლივერ ტვისტის მსგავსი ქერაკულულებიანი ბავშვი ნამდვილად არ გამოჩნდებოდა, მაგრამ მაინც... როგორც ჩანს, სხვებთან შედარებით უფრო შავტუხა იყო...
მე, უსაქმოდ მდგარი რომ დამინახა, უმალ ჩემსკენ გამოქანდა და თვალწინ ამიფრიალა ბუშტები (ბავშვობაში ჩვენს უბანში ამას "ფუჩიკებს" ვეძახდით).
– შარიკ ხოჩიშ? (უკვე ორი ღერი რუსულიც ჰქონდა ნასწავლი, როგორც ჩანს, შემოჩვეული იყო იმ სასტუმროსთან).
...მე გამეცინა და სპარსულად ვკითხე – რა გქვია–მეთქი?
– აბდულა! შარიკ ხოჩიშ?
...რაღაც გროშებად ყიდდა იმ თავის "შარიკებს", ავიღე ორი–სამი ცალი ბავშვებისთვის.
მეორე დღეს ისევ გამოჩნდა "შარიკა აბდულა", მაგრამ მე აღარ გამკარებია, რადგან მისი კლიენტი აღარ ვიყავი, თუმცა ცოტა ხანში რაღაც ვერ გაარკვია ერთ სომეხთან და მე მომვარდა – უთხარი, რა, რომ ხურდა არა მაქვს და ახლავე მოვუტანო... – და გაქრა. სომეხმა ყვირილი ატეხა, მაგრამ დავამშვიდე – ცუდი ბიჭი არა ჩანს, დაგიბრუნებს–მეთქი ფულს და არც შევმცდარვარ.... "შარიკა" მალე მოვიდა და ფულიც დააბრუნა... მის მეტყველებაში დავაფიქსირე, რომ ეს ბიჭი ავღანელი იყო; ეს გამიჭირდებოდა?! – ორი წელი სულ "ჯილა–ჯილა" ავღანელებთან გავატარე და მათი აქცენტი და ინტონაცია დღემდე ჩამესმის ყურში, რუკაზე კასპიის ზღვის იქით რომ გავაპარებ ხოლმე თვალს.
ერთი სიტყვით, მე და "შარიკა" მალე დავძმაკაცდით, თავისი ბიზნესის განვითარებაშიც დავეხმარე და მცირეოდენი რეკლამირების შემდეგ ჩვენი ჯგუფის ქალებს სულ ათ–ათი ბუშტი ვაყიდინე... მგონი, გასაყიდადაც წამოიღეს. ერთხელ ჩაიხანაშიც ჩამოვჯექით და აბდულამ მიამბო თავის ოჯახის ამბავი: ავღანეთიდან წამოსული ლტოლვილები იყვნენ; ხუთი და–ძმა ვართო და აბდულა მათ შორის უფროსი ყოფილა. იმ დროს მამა ავად ჰყავდა და ოჯახისთვის ლუკმა პურის საყიდელ ფულს ამ "შარიკებით" შოულობდა...
გავიდა ის ჩვენი 10 "დაბარდნილი" დღე და წამოვედით უკან, მშობლიური კავკასიისაკენ...
ოოოოო, რაც მე ირან–სომხეთის საზღვარზე, მდინარე არაქსზე გადმოსვლისას ვნახე და განვიცადე, ენით აღუწერელია... ფილმი უნდა გადაიღოს კაცმა და აჩვენოს მათ, ვინც შორ გზაზე სავაჭროდ დადის... თუმცა 21–ე საუკუნეში, მგონი, ეს "სოვდაგრობის მანია" ჩაცხრა და აღარავინ დადის ასე... ავტობუსებით; არ ვიცი, მე დიდი ხანია ჩამოვშორდი ამ საქმით დაკავებულ ადამიანებს, მას შემდეგ, რაც 1996 წლიდან გაზეთის გამოშვება დავიწყე.
* * *
ერთი წლის შემდეგ ჩემმა ახლო მეგობარმა მთხოვა, გავყოლოდი ირანში და ამჯერად სამკაციანი ჯგუფი ცივილიზირებული წესით გადავფრინდით თეირანში... მათ თავისი კომერციული მიზნები ჰქონდათ და საკმაო წარმატებითაც გავართვით ამას თავი ერთობლივად – ჩემი თარჯიმნობითაც და ექსკურსიამძღოლობითაც. ყველაფერი ერთ კვირაში მოვაგვარეთ და დაგვრჩა კიდევ შვიდი დღე გამოფრენამდე.... დადგა საკითხი – როგორ გაგვეტარებინა ეს კვირა ამ უზარმაზარ ქვეყანაში.
თემურამ თქვა – შირაზში და ისფაჰანში წავიდეთო.
ბადურამ დაიჩემა – ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარე პორტ ბენდერ–აბასში წავიდეთ და მომავალი კომერციული მიზნებისთვის დავზვეროთ იქაური სიტუაციაო.
მე, რა თქმა უნდა, შირაზში წასვლა მერჩივნა, მაგრამ ბადურას აზრმა გაიმარჯვა...
უხ, ბადურ, შენ რა გითხარი!...
ოთხი დღე ავტობუსში გავატარეთ... ახლა ნუღარ გამახსენებთ ამას, ნერვები მეშლება, პირობას ვდებ, რომ ამ სათავგადასავლო ტრანსირანულ ავტოკრუიზს დეტალურად გიამბობთ სხვა დროს...
ბენდერ–აბასი (აბასის პორტი) ორმუზდის ყურის ნაპირზე მდებარეობს და, რუსების პეტრე პირველისა არ იყოს, შაჰ–აბასმაც გაჭრა "ფანჯარა", ოღონდ აზიაში... უფრო სწორად ინდოეთისკენ და ჩინეთისკენ... ჩემთვის კი ეს ქალაქი აღმოჩენად იქცა, რადგან დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახლავთ, ის "მულღაზანზარი", სადაც ნურადინ–ფრიდონი ცხოვრობდა.... უნდა ნახოთ ბენდერ–აბასის პორტში მდგარი გემები, რომლის ანძები მიგრაციის პროცესში მყოფი ფრინველებითაა დახუნძლული და თქვენც დამეთანხმებით, რადგან "მურღ" სპარსულად სწორედ "ფრინველს" ნიშნავს.
მივდექით–მოვდექით, ოკეანეს, უფრო სწორად ორმუზდის სრუტეს გავხედეთ და შორს–შორს დავინახეთ კუნძული... აი, "ვეფხისტყაოსნის" ორი ეპიზოდი, ერთი ეხება იმას, რომ აქ შორ გზაზე მცურავი გემები იყრიან თავს, მეორე კი კუნძულს:
ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა,
შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა; (643)
მამის ძმა და მამა-ჩემი პაპამ ჩემმან გაყვნა ოდეს,
ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს, (607)
ბადურამ სწორედ ამ კუნძულზე გადაცურვა აიტეხა – ვიღაცისგან სმენოდა, რომ იქ თავისუფალი ეკონომიკური ზონაა და "ტავარიც" იაფად იშოვება...
ვააააააააააა!
მივდექით–მოვდექით და გავარკვიეთ, რომ ნახევარ საათში იმ კუნძულისკენ კატარღით შეგვეძლო წასვლა, ბილეთებიც ვიყიდეთ და დროის გასაყვანად იქვე სანაპიროზე ჩაიხანაში ჩამოვსხედით...
მილეთის ხალხი ირეოდა: ინდოელები, პაკისტანელები, არაბები.... ჩვენი რუსი რძლის, გლაშას თქმისა არ იყოს, "შავი–შავი..." და ყველასაგან ჩვენ იმით გამოვირჩეოდით, რომ ვიყავით "ტეტრი–ტეტრი", ჰოდა, მიტომაც აღმოვჩნდით ყურადღების ცენტრში და დაიწყო ჩვენს გარშემო საშოვარზე გამოსული ლაწირაკების რია–რია: ზოგი მათხოვრობდა, ზოგი იტაცებდა მაგიდიდან საჭმელს, ზოგიც ქურდობდა, ასე ვთქვათ ჯიბგირობდა...
ჯიბ – გირ – (სპარსულად) ჯიბის დამჭერი.
ჰოდა, ამომაცალეს ჯიბიდან საბუთები და ფული და მივაშტერდი ბადურას – ახლა მიშველი შენი თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომერციული პოტენციალით?! დამტოვეთ სამარადისოდ ირანში უსაბუთებოდ და ეგ არის–მეთქი და.... ამ "სოფლის სამდურავში" რომ ვიყავი, უცებ ვიღაცამ დამკრა მხარზე ხელი და შემძახა – შარიკ ხოჩიშ?
აბდულაააააააააა! – ისე აღმომხდა, თითქოს ღმერთმა დამხმარედ და მხსნელად თავად ავთანდილი გამომიგზავნა... ახლა ის არ იფიქროთ, რომ საკუთარი თავი ტარიელს შევადარე, მაგრამ მაინც – აბდულამ გახსნა ჩემთვის იმედის და გადარჩენის ცა... თავისთან მაინც წამიყვანდა უსაბუთოს და ცარიელ–ტარიელს (აქ "ტარიელი" ზუსტად შეესაბამება აზრის მსვლელობას) და მეც მასავით დავიწყებდი "შარიკებით" ვაჭრობას... საამისოდ სამი–ოთხი ენა კი ვიცოდი.
– აბდულააააააააააა! ჩეთოური (რავა ხარ!)?! ინჯა აზ ქოჯა ფეიდა შოდი (აქ საიდან გაჩნდი)?!
– საბრ ქონ ვა მიგიამ (დაიცადე და გეტყვი) ინ აქსე თოსთ (ეს შენი სურათია)? – მკითხა და ჩემი პასპორტი გამომიწოდა...
– ვაჰ! ბალე, ბალე.... მანამ (ჰო, ჰო... მე ვარ) – აკი გითხარით – "ავთანდილი" გამომიგზავნეს–მეთქი მხსნელად.
აბდულამ პასპორტი დამიბრუნა, მერე მცირეხნით გაქრა და ფულიც მომიტანა...
მერე ეს მიამბო: "აქ სამი თვის წინ ჩამოვედი, უფრო მეტ ფულს ვშოულობ... მამაჩემი მოკვდა და ჩემს მეტი პატრონი არა ჰყავსო ჩვენს ოჯახს... ავღანეთში გვინდა ისევ დაბრუნება და ფულს ვაგროებთო საგზაოდ...."
ამასობაში ჩვენი კატარღაც მოაყენეს ნაპირს...
– მოვაზებ ბაშ! (ფრთხილად იყავი) – მითხრა ბოლოს "შარიკამ" და იდგა ნაპირზე, ხელს მიქნევდა, სანამ თვალს არ მივეფარეთ...
ძალიან საინტერესოდ წერ სასიამოვნოდ იკითხება მადლობა რომ გვიზიარებ შენს მოგონებებს
ОтветитьУдалить