понедельник, 18 февраля 2013 г.

2012-ის ზამთარში ნაფიქრალი


    დღეს, მგონი, ვკვდები, დიდი სიცხე მაქვს... ჰოდა, გამახსენდა, რომ ამას წინათ ერთმა "ფრენდმა" მითხრა - "ქალიშვილი შენ არ გყავს და მოდი, მიშვილეო" (ძალიან მომეწონა ეს აზრი!)
   აი, ახლა, სიკვდილის ბუზი რომ დამაჯდა,  ისევ "ლექსი" დამაწერინა, მაგრამ დავეჭვდი - ბუზი თუ სიკვდილისაა, ალილუია უნდა ჩამძახოს, რა დროს ლექსებია-მეთქი... ერთი სიტყვით, ბუზი ზის და არ იძვრის და სანამ გონზე მოსულა, ამ ლექსს ჩავიწერ:

    მგონია, ვკვდები.... ამას  გთხოვ, შენ, შვილობილო კაწიე -
    მე ერთი დიდი ტკივილი როგორმე გამიპაწიე;
    მეგრელი დედა მე არ მყავს, ცრემლით რომ მითხრას - ვააააა, წიე!
    და ვერც ასული დამტირებს - "მამა ვის ვუთხრა აწი ეეეეეეეეე"
    ოთხი ბიჭი მყავს (ქვეყნისთვის, მე მგონი, ჯაფა გავწიე).
    ჰოდა, ერთმანეთს ეტყვიან - ე, ბიჭო! კუბო აწიე....
    ამიტომაც გთხოვ შვილობილს, ხალხი აქა-იქ  გაწიე -
    მე ერთი ცრემლი და ბევრი ღიმილი შემომაწიე.

    ...და რადგან ეს ბუზი კვლავ არ იძვრის (ნეტავი ხომ არ შემიცვალეს?! - ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია,  მგონი, ჩემი კუთვნილი სიკვდილის ბუზიც წამართვეს.... ყოველი შემთხვევისთვის... ხომ ხედავთ, რამდენი ბუზი იქნება საჭირო მალე).
    ჰოდა, არ იძვრის და ნუ იძვრის - ერთ მკრეხელურ აზრს კიდევ დავწერ "ვეფხისტყაოსნის" შესახებ და შევეცდები ერთი პერსონაჟის სახელის წარმომავლობა ავხსნა:

    მოგეხსენებათ, რუსთველი ერთ ადგილზე ახსენებს როსტომს ("შაჰნამეს" პერსონაჟს) - "როსტომის მკლავ უგრძესითა"-ო - ამბობს მშვილდის შესახებ; ესე იგი როსტომი და როსტევანი ავტორისთვის სხვადასხვა სახელებია.
    რას უნდა ნიშნავდეს "როსტევან"-ი?
    ამასწინათ ვთქვი - "რუსთა/როსთა" სპარსულად სოფელია და "რუსთაველის" ფსევდონიმიც აქედან მოდის-მეთქი (და ტოპონიმი "რუსთავიც"); მე ასე ვვარაუდობ და რა ვიცი?! ჰოდა, თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ როსთა-ვან (მეორე ვარიანტი - როსთა-ბან) არის ~სოფლის თავკაცი, მპყრობელი, მოსამართლე და მოწყალე -  მეფე... "სოფელი", რა თქმა უნდა, აქ ნიშნავს ქვეყანასაც და საწუთროსაც.... ("ვან/ბან" ბოლოსართი რაღაცის ფლობას აღნიშნავს (გაიხსენეთ "მარზ-ბან/მარზ-პან" - საზღვრის მფლობელი, მცველი).
    აი, ასეთი ამბებია....
   
    სიკვდილის ბუზი ამოძრავდა და თუ ხვალ "ფეისბუქში" არ გამოვჩნდი, პანაშვიდის დღეებს გაცნობებენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий