ამ ორი-სამი დღის წინ სპარსულ-ქართული ლექსიკონის თაობაზე ჩემს ლექტორთან მომიხდა საუბარი, რომელმაც ვერ გამიხსენა და საუბრის დასაწყისში ზუსტად ის აზრი ჰქონდა აღბეჭდილი სახეზე, რაც "აგულის მხრივ გამოფენებში არმონაწილეობას" შეესაბამებოდა.... ომის შემდეგ.
რა თქმა უნდა, ამ ამბებს მას ვერ მოვუყვებოდი, ამიტომ გადავწყვიტე აქ დავწერო მიზეზები იმისა, თუ რატომ ვერ ვმონაწილეობდა "გამოფენებში."
1981-83 წლებში სამხედრო თარჯიმნის სტატუსით ე.წ. "რუსის ჯარში" ვმსახურობდი... მაშინ ავღანეთის ომის მიმდინარეობის გამო, მთელი სსრკ-დან შეკრიბეს სპარსულის მცოდნე სამხედროვალდებული რეზერვის ოფიცრები და ხსენებულ ომში მონაწილეობისთვის "ნებაყოფლობით მიიწვიეს"... მათ შორის ვიყავი მეც, ოღონდ იმის გამო, რომ არაბული დამწერლობა ვიცოდი (ტაჯიკების და უზბეკებისაგან განსხვავებით), მე თეორიული მეცადინეობების თარჯიმან-მთარგმნელად გამამწესეს. ჰოდა, მე-20 საუკუნის რუსულ "სამხედრო სიბრძნეს" ჩვენს უნივერსიტეტში ნასწავლი კლასიკური სპარსული ენით ვუთარგმნიდი ავღანელებს, რომელთა შორის ძირითადად პუშტუნები იყვნენ და ლიტერატურული სპარსულის დიალექტი "ფარსი-დარი" მათთვის ისეთივე მშობლიური იყო, როგორც ჩემთვის ველიკორუსული ენა.... ერთი სიტყვით, სრული "ბაბილონის გოდოლი" და ცოდვის ტირილი იდგა ჩვენს ლექციებზე, მაგრამ მინდოდა-არმინდოდა უნდა მეთარგმნა, რადგან ხელმძღვანელობას ასეთი პრინციპი ჰქონდა - "Государство (СССР) на тебя потратило деньги и 5 лет учили тебя... так иди и переводи! Шагом марш!" მეც ვთარგმნიდი, როგორც შემეძლო; თარგმნის კურიოზებს სხვა დროს გავიხსენებ, ახლა კი ერთი "нравоучительный" ამბავი უნდა გიამბოთ....
* * *
უკრაინელმა პოლკოვნიკმა ბეზუგლიმ ორენოვანი სტენდების გაფორემება დამავალა (ისევ იმ მიზეზით, რომ სპარსულად წერა შემეძლო); მე ვუთხარი, რომ ვინმე ავღანელი დამხმარე დამჭირდებოდა, ვისაც კარგი ხელწერა ექნებოდა და მასთან ერთად შევქმნიდით "наглядный материал"-ს... დამთანხმდა და მითხრა - შენ თვითონ იპოვე ასეთი დამხმარეო.... ჰოდა, "ჩემი გუნდისთვის" ავღანელის ძებნა რომ დავიწყე, გამახსენდა ერთი "კურსანტი", რომელიც იმით გამოირჩეოდა, რომ ჩემს მიერ ნაკარნახებ ტექსტს ყველაზე სწრაფად იწერდა და მერე დაინტერესებული თვალებით მიღიმოდა, სანამ ახალ ტექსტს ვუკარნახებდი... წავედი, მის უფროსობას პოლკოვნიკის სურვილი ვაცნობე და წამოვიყვანე ის ბიჭი... დაუდ-ხანი ერქვა... და დავიწყეთ მზადება ორკვირიანი სამუშაოსათვის, რაც იმის გარანტიას მოგვცემდა ორივეს, რომ ჩვენთვის წყნარად უნდა ვმსხდარიყავით საკლასო ოთახში და გვეხატა და გვეწერა სტენდები....
პირველმა დღემ მშვენივრად ჩაიარა - სადურგლო საქმეს შესანიშნავად გავართვით თავი და სტენდები შევკარით... იმ საღამოს სახლში ვთარგმნე პირველი სტენდების ტექსტები, დილით ნაწილში რომ მივედი, მოვამზადე ტუში, კალმები და "ყალმები", ჩემი დამხმარე დაუდ-ხანიც მოვიდა (ჩაის ინსტრუმენტებიც მოაყოლა თან) და დავიწყეთ მუშაობა... სანამ ის ჩაის სვამდა, მე მარცხნივ ყველაფერი დავწერე რუსულად, მეორე ეტაპი კი ითვალისწინებდა ამ რუსული ტექსტის სპარსული თარგმანის დაწერას მარჯვენა მხარეს, რაც დაუდ-ხანს უნდა შეესრულებინა... ვკარნახობ და ვხედავ, რომ რაღაც იეროგლიფებს წერს და მერე მიღიმის "ინტერესით"...
- ინ ჩისთ?! ("რა არის"-მეთქი - ვეკითხები)
- ნევეშთამ დიგე, საიბ თარჯომან! (დავწერეო, რა... ბატონო თარჯიმანო)
- ბეჰ-ბეჰ დაუდ-ხან?! ჩი ნევეშთი?! (ვაჰ-ვაჰ, დაუდ-ხან!...რა დაწერე?! - ვეკითხები)
.... პასუხი არ არის... მხოლოდ მიღიმის.
დავხედე მის დაწერილს და იქ მხოლოდ ცალკეული ასოები ეწერა... ძალიან საეჭვო იყო, რომ დაუდ-ხანს სადღაც ავღანეთის მთებში სტენოგრაფიის კურსები გაევლო... ყრმობისას, მით უმეტეს ამაში ვერ დავარწმუნებდი პოლკოვნიკ ბეზუგლის, რომელიც ავღანელების "გავლით" გენერლობაზე ოცნებობდა და მეც და ჩემს "სტენოგრაფისტსაც" ისე გაგვიშვებდა ავღანეთის ომის ფრონტის წინა ხაზზე, რომ საღამოს ცოლთან ერთად შესანსლული "სალა" სულ არ დაადგებოდა ყელზე...
- ჰეი, დაუდ-ხან! ჰალა ბეხან ჩი ნევეშთი (წაიკითხე-მეთქი, რაც დაწერე, ვუბრძანე რიგით დაუდ-ხანს... ოფიცერი ვიყავი, უფროსი ლეიტენანტი და ასეთი ტონი ბრძანებისა ნამდვილად შემეფერებოდა და ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო ბრეჟნევი და ბაბრაქ-ქარმალი არსად მიჩივლებდნენ).
...რა თქმა უნდა, დაუდ-ხანმა თავისი "ტექსტი" ვერ წაიკითხა, რადგან იქ მხოლოდ თითო-ოროლა ასო ეწერა... აღმოჩნდა, რომ:
ა) ამ ჩვენმა დაუდ-ხანმა, წერა-კითხვა კი არა, ზოგადად არაბული დამწერლობის ასოები იცის და ჩემს ნაკარნახებში რომელ ბგერასაც უკეთ მოჰკრავდა ყურს, იმას დაწერდა ხოლმე რვეულში (ლექციებზე) და სტენდებზე (ჩვენს სახელდახელო სახელოსნოში, რომელსაც მოფერებით "ყალამ-ხანე" დავარქვი).
ბ) სსრკ-ში წამოსასვლელთა რიგებში იმიტომ ჩაეწერა, რომ ავღანეთში ფრონტის ხაზზე არ გაეგზავნათ და ხარკოვში ჩამოსვლამდე ერთმა ამხანაგმა ასწავლა იმ თითო-ოროლა ასოს მოხაზვა, რითაც "მომხიბლა" მე, რადგან ჩემს მიერ ნაკარნახებ დიდ წინადადებს სულ ორი-სამი ასოთი აკონსპექტებდე თავის დავთარში...
ერთი სიტყვით... სტენდებზე სპარსული ტექსტის დაწერაც მე მომიხდა, ავღანელის "განსწავლულობის" ამბავი რომ მეცნობებინა პოლკოვნიკისთვის, იმ საწყალს გაგანია ომში უკრავდნენ თავს... "ნულოვანი ტოლერანტობა" მაშინ სსრკ-ში არ არსებობდა და არც მაინტერესებდა, რადგან შემეცოდა ეს პატარა ბიჭი ფრონტის წინა ხაზისთვის... მე ვწერდი (რუსულ-სპარსულად), ის იღომოდა, შიგადაშიგ ჩაისაც მასმევდა და სიგარეტზეც მეგზავნებოდა...
ასე ჩამეშალა გეგმა "ჩემი გუნდის" შექმნისა...
ლექსი:
შენს გარშემო როცა არის
წყვდიადი და ბინდი-ბუნდი,
არაფერი არ გიშველის,
რაგინდ შეკრა "დიდი გუნდი".
Комментариев нет:
Отправить комментарий