- 1964 წლის 18 ნოემბერს, შუადღისას ჩემს ძმას ვაცილებდით ჯარში
ნავთლუღის სადგურიდან; თარიღი დამამახსოვრდა, რადგან ზუსტად იმ საღამოს ჩვენმა
"დინამომ" ტაშკენტში პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა ფეხბურთში.
- ჰოდა, ვაცილებთ ამ ჩემს ძმას, მეორეს, მასზე უფროსი
ერთი წლით ადრე წავიდა ჯარში და... არის სადგურში ერთი ქვითინი და ცრემლისღვრა – აბა,
როგორია, შვილი სამი წლით გაუშვა სადღაც გადაკარგულში... მე შენ გეტყვი, სსრკ–ს ტერიტორიები
არ ჰქონდა ხალხის გადასაკარგავად თუ რა?!.... ოხვრა–ვიშვიშში მატარებელი დაიძრა და უცებ ფანჯრიდან
ერთმა კახელმა ბიჭმა გადმოყო თავი და დაიძახა:
– ნუ ტირიხართ, ქალებო! მაშ, გრეჩკოს
დედამ რა ქნას – სულ ჯარშია იმის შვილი! (გრეჩკო მაშინ სსრკ–ს თავდაცვის მინისტრი იყო)... - და ატყდა ცრემლიანი სიცილ-ხარხარი მატარებელშიც და ბაქანზეც...
- ახლა მეც ვაპირებდი წუწუნის დაწყებას იმის თაობაზე,
თუ რა ცუდი და გაუხარელი ბავშვობა გვქონდა (არც კომპიუტერი, არც მობილური, არც ოცნება
და მოძრაობა...), მაგრამ მერე ზემოთხსენებული ამბავი გამახსენდა და წუწუნი გადავიფიქრე,
უბრალოდ ხაიამის რობაის შემოგთავაზებთ, რაღაცნაირად თემასთან ახლოსაა:
ხომ ლამაზია ჩემი სატრფო, როგორც ღვთაება,
ხომ ვდარდობ, რადგან სევდის ქსელში გული გაება,
ასეთი ხვედრი მერგო, მაგრამ არ ვნაღვლობ მაინც!
მადლობა ღმერთს, რომ უარესი არ მაქვს ვაება.
P.S. მგონი, მაშინ სხვა იყო სსრკ-ს თავდაცვის მინისტრი (მალინოვსკი? - ზუსტად არ მახსოვს), გრეჩკო კი მერე გახდა... რა მნიშვნელობა აქვს?! - ჩვენთვის მთავარია კახური იუმორი, რომელსაც ვერაფერი შეედრება... გაწყობთ?
Комментариев нет:
Отправить комментарий