пятница, 15 марта 2013 г.

ისე "ამოივენთება", ვერსად დაემალები...


ორსერიიანი ფილმი "მარკო პოლო" (2007 წ გადაღება) გადმოვწერე, ძალიან მიყვარს ისტორიული ფილმები, მით უმეტეს იმ ეპოქის შესახებ, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა.... 
დაიწყო თუ არა ფილმი, ყურადღება ცისფერთვალა მარკო პოლომ მიიპყრო – გასაგებია, დასავლელი მაყურებლისთვის მხოლოდ ასეთი ტიპაჟია რაინდობისა და კეთილშობილების მანიშნებელი.... მაგრამ რატომ?!
გარეგნულად დიდებული ეფექტი იქმნება: შთამბეჭდავი ხედები, უდაბნის მისტიური პანორამა, გრანდიოზული საბრძოლო სცენები, ჩინეთის იმპერატორის სასახლის თვალწარმტაცი დეკორაციები და ასე შემდეგ... "დასავლური ხარისხი" იტაცებს თვალს, მაგრამ აბნელებს გონებას:
* * *
გონ–დაბნელება #1 – დახედეთ ამ რუკას, ფილმის შემქმნელების აზრით ეს მე–13 საუკუნის მიწურულის მახლობელი აღმოსავლეთია (უფრო ზუტად – 1298 წელს იწყება ფილმის სიუჟეტი ვენეციაში); როგორც რუკაზე ჩანს, მაშინ უკვე არსებობდა "თურქეთი" იმ საზღვრებში, რომელიც არის ახლა, 21–ე საუკუნეში, ეს კი აბსურდი გახლავთ, მოგეხსენებათ თურქებმა 1453 წელს დაიპყრეს საბოლოოდ ბიზანტიის იმპერია და თანდათან შექმნეს იქ თავისი სახელმწიფო.
გონ–დაბნელება #2 – ასეთივე "წარმატებით", იმავე საზღვრებში მოხაზულია მონღოლეთიც (Mongolia), რომლის გავლის შემდეგ მარკო პოლო თავის მამა–ბიძიანად უდაბნოს ქვიშების და ოაზისის ზღვართან სერზე გადადგებიან და შესძახებენ – აი, ეს არის ჩაინა.... (უკაცრავად – "ჩინეთი" უნდა მეთქვა). ეს ერთ ანეკდოტს ჰგავს: სოფლელი თბილისში პირველად მოხვდა და მთაწმინდიდან რომ გადახედა ქალაქს, აღფრთოვანებულმა დაიძახა – რამხელა ყოფილა საბჭოთა კავშირი!
გონ–დაბნელება #3 – ყუბილაი–ხანი ჭაბუკ მარკო პოლოს ესაუბრება და მისი გამბედაობითა და გამჭრიახობით თითქოს მოიხიბლება კიდეც და თავისი ვარაუდის შესამოწმებლად იქვე მდგომ კარისკაცებს შორის ერთ–ერთს მიმართავს – ასე არ არის, ბარონ ახმეტ?!.... ხომ წარმოგიდგენიათ – მონღოლთაგან დაპყრობილ ჩინეთში ადამიანს "ბარონის" ტიტული აქვს; ეს დაახლოებით იგივეა, მეფე როსტევანს რომ მიემართა ვაზირთათვის – რას ფიქრობს პარლამენტის უმრავლესობა ჩემი ასულის ინაუგურაციის შესახებ?! – თუმცა ვინ იცის, ეგებ "ივენთები" ისე განვითარდეს, რომ ჩვენმა შთამომავლობამ სწორედ ასეთი "ვეფხისტყაონი" წაიკითხოს....
ერთი სპარსული ანდაზაც გამახსენდა – "ჰარ დერახშანდე ზარ ნისთ" (ყველაფერი ბრჭყვიალა ოქრო არ არის). 
გამახსენდა და რა ვქნა?! – გონებაში დაბლოკვის საშუალება არ არსებობს, ზოგი ფაქტი თავისით "ამოივენთება" ხოლმე და ვერსად გაექცევი.... სიზმრების გარდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий