პროლოგი
....კაცმა რომ თქვას, მე ისეთივე კახელი ვარ, როგორი კენიელიც ბარაკ ობამაა (ვგულისხმობ იმას, რომ "ისტორიულ სამშობლოში" არც მე დავბადებულვარ და მიცხოვრია და არც ის), მაგრამ როგორც მას მოეძალება ხოლმე ხანდახან "ლომობა" (კენიაში ერთი მასაის ტომია და საკუთარი თავი ლომების შთამომავლებად მიაჩნიათ), მეც ხშირად მახსენდება ხოლმე ასეთი ანდაზები და გამონათქვამები: "ყველა კახელი დღეში სამი წუთი მაინც არის ვირი.... ვირი ორშაბათსაც ვირია და ოთხშაბათსაც.... ვირი გინდა ღობის იქით დააბი და გინდა ღობის აქეთ, მაინც ვირია..." ჩემი თარგმანებიდან კი ძალიან მომწონს ეს ბეითი საადი შირაზელისა:
იესოს ვირი მექაშიაც რომ წაიყვანო,
დაბრუნდება და ვირი ისევ იქნება ვირი...
დაახლოებით ასეთივე გამონათქვამი აქვს სერვანტესს.... ასე რომ, არც ისეთი ხელწამოსაკრავი არსებაა სახედარი, რაკიღა ასეთი ტიტანების ყურადღება დაიმსახურა... თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვირი საგზაო ინჟინერიის მეტისმეტად "პრადვინუტი" მუშაკია, შეიძლება დავასკვნათ
ა) ვირი სჯობს ლომს. ბ) კახელები სჯობნიან მასაის ტომის წარმომადგენლებს, გ) მე ვჯობივარ ბარაკ ობამას! (გაქვთ რამე საწინააღმდეგო?!)
ჰოდა, იმას ვამბობდი
სანამ პროლოგს ვწერდი, "სამწუთიანმა კახელობამ" გადამიარა და ახლა უფრო დადინჯებით ვიტყვი სათქმელს: ამ სპარსულ–ქართულ ლექსიკონს რომ ვაკეთებ, სპარსული ნაწილის საფუძვლად უზარმაზარ სპარსულ–რუსული ლექსიკონს ვიღებ და ვუწერ მერე ქართულ შესატყვისებს.... ჰოდა, რა იციან ან სად გაიგონებდნენ რუსები ასეთ სიტყვას "ზახრუმა", რომელიც ჩემს უბანში და მის გარშემო, ალბათ, 10 კილომეტრის რადიუსში ყველამ იცის, თუმცა მისი წარმომავლობის ამბავი კი არ სმენიათ: "ზოჰრ" შხამია და "მარ" გველი, ანუ ზოჰრ–ე–მარ – გველის შხამი (წყევლაა, რა, ერთგვარი.... კახეთიდან კი შემოგვრჩა სიტყვა "მურტალი', ამ სიტყვის შესახებ უკვე დავწერე ერთხელ აქ პატარა წერილი).... ერთის სიტყვით, კახელობაც და ძველთბილისელობაც ძალიან მეხმარება ბევრი აღმოსავლური სიტყვის ცოდნასა თუ გახსენებაში.
ჰოდა, დღეს კახელობა კიდევ ერთ რამეში დამეხმარა: მინდოდა მელაპარაკა ერთი ძალად "VIP"–ის (very important person) შესახებ და მისი სახელის აღმოსავლურ ყაიდაზე წარმოთქმასთან დაკავშირებით (რასაც თავად ხშირად იქმს თავისი განსწავლულობისა და ორიგინალურობის სადემონსტრაციოდ), მინდოდა მეთქვა, რომ მისი სახელის "აღმოსავლური ვარიაციები" არცთუ საამოდ აღიქმება (გარკვეულ ექსკრიმენტებს, შხამთან დაკავშრებულ ცნებას, მომწამლავ სითხეს ნიშნავს), მაგრამ ერთი ანეკდოტი გამახსენდა:
მიხომა თქვა ერთხელ: წეღან ჩემი ძველი ნაცნობი დავინახე, ერთი კი ვიფიქრე, მივალ, მოვიკითხავ–მეთქი, მაგრამ მერე ვთქვი –ერთი შენი დედაცა და შენი მამკითხველისაც–მეთქი....
მაინც არ დამიფასებს – რაღა ვირი და რაღა "ვიპი" – თავიანთი "მექიდან თუ მედინიდან" რომ ბრუნდებიან, ჰგონიათ, რომ სხვანაირები გახდენენ.... ეგონოთ, რა.... მე მაგათი მომკითხველი აღარა ვარ.... (არ მინდა საკუთარი თავი ვაიძულო და კახელობის მეორე – საპრემიო! – სამწუთიანი სეანსიც ჩავატარო)
ეპილოგი
ზოგი თავს იფასებს ამ "ფეისბუქშიც" კი, არადა, ძველი, "პაპიჩემის დროინდელი" ნაცნობია და ვითომ არ ახსოვხარ.... რაღა მეტი გავაგრძელე – ზახრუმა, თქვენ! – ნახეთ ზემოთ, ხომ დავამტკიცე, რომ ბარაკ ობამას ვჯობივარ, მეტი რა ვქნა?!
Комментариев нет:
Отправить комментарий