ერთი მეზობელი გვყავდა უბანში, იმხანად უკვე მოხუცი ქალი იყო, უბნის დიდ–პატარანი, ქალიან–კაციანად ყველა ემდუროდა – ანჩხლი და კაპასი ადამიანიაო. კიდევ ის მახსოვს, რომ ჩვენი ეზოს მოპირდაპირე მხარეს, გზისგადაღმა ორსართულიანი სახლის არც ეზოში და არც კიბეებზე ბავშვებს არ მიგვესუნინებოდა იმ ქალის რიდით… ეზოების და კიბეების მეტი რა იყო გარშემო, მაგრამ ყველას მაინც იქითი გვიწევდა გული, ვერ–კი შევდიოდით – გვეშინოდა დაცაცხანების…. ჰოდა, სახელიც უცნაური ერქვა – Арусяк…. როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე ინტერესი მქონდა სიტყვების მნიშვნელობის მიმართ, მაგრამ, აბა, მაშინ რას გავარკვევდი, თუ რატომ ერქვა ასეთი განსხვავებული სახელი…. სამეზობლოში ზოგი “მარუსიაკას” ეძახდა ( სომეხი კი იყო, მაგრამ რუსულად გაზრდილი) და ამაზე ძალიან ჯავრობდა ის ავი დედაკაცი, თუმცა–კი ახლა ვხვდები, რომ თავადაც ნამდვილად არ ეცოდინებოდა, თუ რა წარმომავლობა ჰქონდა მის სახელს…
“არუს” عروس არაბულად პატარძალია. “არუს–აქ” – პატარა პატარძალი ანუ თოჯინა. ეს “აქ” კნინობითი ფორმის მაწარმოებელი ბოლოსართია სპარსულში: “მიხ” (ლურსმანი) – “მიხ–აქ” (პატარა ლურსმანი ანუ ჩვენთვის კარგად ცნობილი ყვავილი მიხაკი). რაღა შორს წავიდეთ, ეს ბოლოსართი ქართულ სიტყვებსაც ერთვის: წიგნი – წიგნაკი, აგარა – აგარაკი, მილი – მილაკი….
ერთი სიტყვით, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როცა აღარც ის ჩვენი უბანი არსებობს (ახლა იქ სამების ტაძარია) და აღარც ის აშარი ქალი თავისი დაგრეხილი კიბით, ახლაღა გავიგე, რომ, სახელიდან გამომდინარე, “არუსიაკ–ბაბო” ჩვენი უბნის “თოჯინა” ყოფილა…. გაგიგია?!
* * * ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ “არუს”–ს (პატარძალს) რუსეთში რაღა ესაქმება?! ვითომ გვარი Аросьева ამ სიტყვიდან მოდის?
გეხსომებათ ეს მსახიობი – ოლგა აროსევა (იხილეთ ფოტო) – იგივე პანი მონიკა იუმორისტული გადაცემიდან “13 სკამი”…. (ბოდიშს ვითხოვ, რუსული თემატიკის შემოტანისთვის, ჩემი ბრალი არ არის, რომ იმ ეპოქაში დავიბადე…. ამ ეპოქაში რომ დავბადებულიყავი, ალბათ, არც არუსიაკა მეცოდინებოდა, არც აროსევა და არც სპარსელი პატარძლები…. თუმცა ვინ იცის?! – ირანი ძალიან აქტიურად ბრუნდება კავკასიაში, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა და მე მასთან უმძრახად გახლავართ…. ირანთან კი არა, – პოლიტიკასთან).
Комментариев нет:
Отправить комментарий