(სამი "ოხერის" აკომპანემენტით)
ერთხელ თიანეთში გასვენება იყო თუ წლისთავი, აღარ მახსოვს, და ერთი ჩვენი ნათესავი (ლავრენტი) უზარმაზარ ქვაბში ლობიოს ხარშავდა, თან ღიღინებდა:
"შენა ხარ, ჩვენო ლობიო,
მუსიკით შესამკობიო".
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ დღემდე, რაწამს ლობიოს დავინახავ, ეს სიტყვები მახსენდება. არადა, მეც როგორ მიყვარს ლობიო! მამაჩემმა დამარიგა ერთხელ: "მეორე-მესამე დღის ლობიოს არაფერი სჯობს, ცოტაზე რომ შეაცხელებ, ბლომად მწვანილს, ხახვსა თუ ნიორს რომ დააჭრი და მიუშვებ კუჭის საჯიჯგნად"... მამაჩემსაც სტკიოდა კუჭი და მეც მაწუხებს, მაგრამ ამ ოხერ (პირველი ოხერი!) გასტრიტს თუ წყლულს არაფერს დაგიდევთ და ყოველთვის მივირთმევ პატივცემულ ლობიოს, როცა ამის შანსი მეძლევა.
ისიც მიკვირს დღემდე - იმ გაგანია თიანეთში ამ კაცს “ლავრენტი” რატომ დაარქვეს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა და სხვა დროს მივუბრუნდეთ. ჰოდა, ლავრენტის და ქვაბის დუეტს რომ ვუყურებდი, ის არ მიტრიალებდა თავში, თუ რას ჰგავს მათი ურთიერთობა - ცეკვას (ქვაბი ფშავლის ქალივით იდგა და სურნელებას იდენდა, ლავრენტი კი ქორივით გარს დასრიალებდა) თუ რაიმე ჯადოქრულ-რიტუალურ ქმედებას?! არა, პირველივე კითხვა, რა თქმა უნდა, იმ “ოხერმა” (მეორე ოხერი!) არითმეტიკამ გამიჩინა - რამდენი მარცვალი იქნება ახლა ამ ქვაბში, ჰა? - მეკითხებოდა შინაგანი ხმა. რა დროს მარცვლებია, ბიჭო! - ვპასუხობ მას (შინაგან ხმას, განა ლავრენტის) - აბა, შეხედე, როგორ ეფერება და ეალერსება ეს კაცი უკვე ამოთუხთუხებულ ქალბატონ ლობიოს-მეთქი, მაგრამ როდის დაუნებებია თავი ჩემთვის ამ არითმეტიკის ჟინს, რომ ახლა დაენებებინა? დედაჩემს დავემგვანე ამაში - ყველა მეზობლის დაბადების წელი, თვე და რიცხვი ხომ იცოდა და იცოდა ზეპირად, ორიოდე წლის წინ გამოძახებული სასწრაფო დახმარების მანქანის ნომერსაც გაიხსენებდა, საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო.... ჰოდა, ერთმანეთს შეერწყა იმ თიანურ რემინისცენციაში მამაჩემის სიყვარული ლობიოსადმი და დედაჩემის არითმეტიკული ვნებანი და დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რამდენი მარცვალი ლობიო შეიძლება ყოფილიყო პატივცემული ლავრენტის დროებით დაქვემდებარებაში მყოფ ქვაბში.
ასეთი ფორმულა შევადგინე: უნდა დაითვალოს ქვაბის ზედაპირზე არსებული მარცვლების რაოდენობა (ვთქვათ 5 000), მერე განისაზღვროს თითო მარცვლის საშუალო სისქე (ვთქვათ 3 მილიმეტრი), მერე ქვაბის მთელი სიმაღლე (60-70 სანტიმეტრი) გაიყოს მარცვლის საშუალო სისქეზე და გამრავლდეს 5000-ზე... ფორმულა მზად არის! ესე იგი ჯადო ხელში მიჭირავს! მაგრამ ვინ მიგიშვებს დასათვლელად?! - ლავრენტის დიდი ჩამჩა უჭირავს ხელში, თავად ქვაბს კიდევ ცხელი ოხშივარი - არა, სურნელება!!! - ასდის... ამიტომ მივმართე ყველასათვის ცნობილ და ნაცად მეთოდს, რასაც პირადად მე “ძუკუს ფორმულას” ვუწოდებ, რადგან ერთ მეგრულ ანეკდოტში ამოვიკითხე: ცხვრების რაოდენობის დასათვლელად უნდა გამოვთვალოთ მათი ფეხების რიცხვი და გავყოთ ოთხზე.... გენიალურია! ესე იგი მეც უნდა გამოვთვალო ლობიოს ლებნების რაოდენობა და გავყო ორზე....
პრობლემა გადაწყვეტილია!!! მაგრამ.... ახლა უკვე მესამე ფაქტორი ჩაერთო საქმეში, რასაც ჩემი მშობლების თვისებებით ნამდვილად ვერ გავამართლებ, ანუ მესამე “ოხერმაც” შემახსენა თავი - ცხოვრების მიმდინარე მოვლენების ფილოსოფიურმა აღქმაზე მოგახსენებთ.
ანუ:
ეს ქვაბი თავისი ლობიოთი განვაზოგადე და ასეთი შედარებები მივიღე: ქვაბი არის ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორია, მასზე ჩამოყალიბებული და არსებული მატერიალურ-სულიერი მემკვიდრეობით, ლობიოს მარცვლები კი ამ ქვეყანაში (ქვაბში) მცხოვრები ხალხია და.... იხარშებიან მანამ, სანამ არ მოვა “მჭამელი” და არ შესანსლავს მათ.... “მჭამელის” არსი და სახელი თავად დაადგინეთ.
ჰოდა... ვიხარშებით ყველანი ერთად (ადამიანები... ქართველობაზე აქცენტს მაინცადამაინც არ ვაკეთებ), თავს დაგვტრიალებს “ლავრენტი” ჩამჩით და დროდადრო აგვრევს ხოლმე ერთმანეთში, მაგრამ ჩვენს შორის ზოგიერთი, ყველაზე “მარჯვე და მოხერხებული” მარცვალი ახერხებს იმას, რომ გამუდმებით ქვაბის ფსკერზე იყოს, სხვებზე მეტი სითბო მიიღოს და ნაკლებად აატაროს ზემოთ, თავისთვის დაიტოვოს... ჩვენ ავდი-ჩავდივართ, ქვაბის ზედაპირზე ჩავისუნთქავთ ჰაერს, სულებიდან და სხეულებიდან ამოვიდენთ დაგროვილ ოხშივარს (სურნელებას-მეთქი!), მერე ჩამჩა ისევ ჩაგვატრიალებს, ისევ ჩავალთ ქვემოთ, ცეცხლთან ახლოს, დავიგროვებთ მცირეოდენ სითბოს თუ ენერგიას, კვლავ ამოვალთ ზედაპირზე და ასე გრძელდება მანამ, სანამ ლავრენტის არ გამოსძახებენ სუფრიდან - აბა, ლობიოს ჩამოტარების დროა! ცოცხლად, ბიჭო, ცოცხლად!
ზოგიერთი მარცვალი კი, როგორც მოგახსენეთ, ახერხებს იმას, რომ სულ ფსკერზე იყოს, აგროვოს და აგროვოს ცეცხლიდან მიღებული ენერგია და არც კი დაფიქრდეს იმაზე, რომ ადრე თუ გვიან საინზე, ლანგარზე, თეფშზე მოუწევს მოთავსება და “მჭამელის” საინფორმაციო-საკვები ღრუსკენ გაქანება...
და მერე რა? - შეიძლება ისე მოხდეს რომ ის პრივილეგიაშეძენილი მარცვლები საერთოდ არ ამოვიდნენ ზემოთ და მიეწვან ქვაბის ფსკერს.... შექმნან პარაზიტული გაუმტარი ფენა ნორმალურ მარცვლებსა და ცეცხლს შორის.... ვეხვეწოთ ღმერთსა თუ განგებას, რომ ამ მავნებლობად ქცეული მარცვლების რაოდენობა ბევრი არ იყოს და დიდხანს არ გაიგრძელონ წვის პროცესი, თორემ ქვაბის მიმწვარი, ჩაშავებული ძირი მთელ ლობიოს შეუცვლის გემოს...
არა, მერე ხაშლამასაც შეიტანენ, შილაფლავსაც, მაგრამ თუ ლობიო უვარგისია, პირადად ჩემთვის ნებისმიერ სუფრას მადლი და მუღამი ეკარგება.
P.შ. ბოლოში მაინც თავი იჩინა ამ ჩემმა აღმოავლეთმცოდნობამ და სიტყვა “მუღამი” მათქმევინა და ბარემ იმასაც გეტყვით, რომ “ოხერი” სპარსულიდან მომდინარე სიტყვაა და “ბოლოს, უკანასკნელს” ნიშნავს, ჩვენს ენაში კი უარყოფით ცნებათა მთელი სპექტრი შეითავასა.
Ты кто такой?!
Давай До Свидания!
შენ ვინა ხარ?!
აბა, წადი, ნახვამდის!...
ხალხს რას ერჩი,
რად გსურს იქცეს გლახად ის?!
Комментариев нет:
Отправить комментарий