ანუ მცირეოდენი ლინგვისტური ძიებანი
მეგრული ანეკდოტებით
ამასწინათ ყველა ჩვენგანის დიდი მასწავლებელთან, ცნობილ და ღირსეულ პიროვნებასთან ვსაუბრობდი და როდესაც ჩემი "ნაირგვარი წიაღსვლების" თქმა გავბედე მასთან, მან ჩვეული იუმორით მითხრა: "ნიკო მარს ყველა დიდ მეცნიერად მიიჩნევდა, მაგრამ იმასაც ამბობდნენ - მისი ნაკლი ის არის, რომ "მუხრუჭი" არ გააჩნიაო...)))))
* * *
ახლა კიდევ ერთი "უმუხრუჭო თეორია" უნდა გითხრათ:
კაცმა რომ თქვას, ეს ჩვენი საქმე არც არის, ირანელებს, ალბათ, გასწვრივ თუ გარდიგარდმო აქვთ გამოკვლეული, მაგრამ მაინც ვიტყვი და საამისოდ ბიძგი მომცა იმან, რომ რუსთველის პოემასთან ჩემმა დაუსრულებელმა მოკირკიტე დამოკიდებულებამ ერთი რამ "აღმომაჩენინა": "ვეფხისტყაოსანში" მხოლოდ ორი სიტყვაა (არსებით სახელს ვგულისხმობ), სადაც გვხვდება ასო "ჟ", ესენია - ჟამი და პატიჟი - და არცერთი ქართული არ გახლავთ; "ჟ" მეტყველების სხვა ნაწილებშიც ძალიან იშვიათია - "ჟრჟოლა" და კიდევ ორიოდე ასეთი სიტყვა...
ახლა სპარსული ენის შესახებ მოგახსენებთ და, რა თქმა უნდა, "შაჰნამეს" მოვიშველიებ.
"ღ - ყ" ბგერების ურთიერთდამსგავსების პროცესი ჩემთვის ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენს და ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე, თუ როგორ წარმოთქვამენ ამ ბგერებს ირანელები და იმ დასკვნამდე მივედი, რომ სრული თანაფარდობაა: 50% განასხვავებს მეტყველებისას, 50% კი ერთნაირად წარმოთქვამს....
ამ ინტერესს ისიც აძლიერებს, რომ, მაგალითად, სომხურ ენაში ბგერა "ყ" საერთოდ არ არის (მაგ., ყარსი - სომხურად "ღარსი"-ა); სომხური და სპარსული კი ერთმანეთთან ყველაზე ახლო მდგომი ენები გახლავთ (ყველა ლინგვისტური პარამეტრით), თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სომხური ვითარდებოდა კავკასიურ გარემოცვაში, სადაც პრაქტიკულად ყველა ენისთვის "ყ" მისაღები ბგერაა, მაშინ იბადება ლოგიკური კითხვა - რატომ არ ცნობენ სომხები ამ ბგერას?
შესაძლოა, ამაში "ბრალი" მიუძღვის რელიგიურ სხვაობას, ანუ: მუსლიმან სპარსელთა ენაში ბგერა "ყ" არაბულ სიტყვებს შეჰყვა, ქრისტიან სომხებს კი ამგვარი "სესხება" სრულიად არ სჭირდებოდათ.
ახლა ჩავხედოთ "შაჰნამეს", უფრო სწორად მის შესავალს (მთლიანად ამ პოემის კვლევა მხოლოდ "ყ"-ს გამოისობით, ალბათ, მთელ ცხოვრებას მოითხოვს, მუხრუჭიანსაც და უმუხრუჭოსაც).
"შაჰმამეს" შესავალში ვიპოვე მხოლოდ ოთხი სიტყვა, სადაც ფიგურირებს ასო "ყ", ესენია: იაყუთ, ეშყ, ყოულ, ყოვვა... ყველა არაბული წარმოშობისაა და თანაც ორი მათგანი თითოჯერ გვხვდება იმ თავში, სადაც "ფეიღამბარის" შესახებაა საუბარი... ამ უკანასკნელის "არაბულობაც" ყველასთვის ცხადია.
ახლა დასკვნები თავად გამოიტანეთ, მე კი ორ "მეგრულ" ანეკდოტს გიამბობთ:
1.
მეგრელმა თქვა - ჩვენი ნაკლი ისაა, რომ ნაკლი არ გვაქვსო.
2.
მეგრელს ჰკითხეს - რატომ გაქვთ ასეთი რბილьი "ლь"
უპასუხა - სამაგიეროდ "ყ" გვაქვსო მაგარი!
Комментариев нет:
Отправить комментарий