воскресенье, 24 марта 2013 г.

მარადიული სენი


...ერთი დოკუმენტური ფილმი ვნახე მონღოლეთში მოგზაურობის შესახებ: 
მავანმა ევროპელებმა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, სიგანეზე გადასერეს მთელი მონღოლეთი მისი ყველა უდაბნოთი და თანაც სსრკ–ში წარმოებული УАЗ-ით (მონღოლი მძღოლით) და თან ძალიან შთამბეჭდავი და რეალური სცენები აჩვენეს იქაური ხალხის ყოფა–ცხოვრების შესახებ; პარალელურად ჩინგიზ–ყაენის ამბებს ყვებოდნენ წარსულის სინამდვილესთან მიახლოებული და დოკუმენტურად აღდგენილი სცენების საშუალებით... ფილმიდან ბევრი რამ დამამახსოვრდა და მათ შორის ასეთი პასაჟი:
ჩინგიზ–ყაენს ერთი სტრატეგიული ხრიკი ჰქონია – დასაპყრობად გამზადებულ ქვეყნებსა და ქალაქებში გზავნიდა მსტოვრებს და ისინი ავრცელებდნენ ჭორს იმის შესახებ, რომ ჩინგიზს ურიცხვი, თითქმის მილიონიანი არმია ჰყავდა და ეს წინასწარ, მორალურად აუძლურებდა ხალხს და ქვეყანას... სინამდვილეში კი მონღოლთა დიდ ყაენს ხანგრძლივი მცდელობა დასჭირდა საიმისოდ, რომ ძალიან მეჩხერად დასახლებულ და ადმინისტრაციულად დაქუცმაცებულ ტერიტორიაზე 100 ათასიანი ლაშქარი შეეგროვებინა; ასე მაგალითად, მონღოლთა პირველ მსხვერპლს, ხვარაზმელებს 400 ათასიანი ჯარი ჰყავდა თავის ქვეყნის ფარგლებში, მაგრამ მათზე 4–ჯერ ნაკლებმა მონღოლებმა ზემოთხსენებული ხრიკის საშუალებით ადვილად დაამარცხეს ისინი, რადგან მტრის მოახლოებამდე ხვარაზელთა დიდმა ნაწილმა დატოვა ქალაქი და გაიქცა...
და მეორე საინტერესო დასკვნა:
დამარცხების შემდგეგ დაპყრობილთა მემატიანენი, რომლებიც თავისი ეპოქისთვის ჩვეულებრივი ე.წ. "ჟურნალისტები" იყვნენ და ჩვენთვის არიან მხოლოდ მემატიანენი, იმისათვის, რომ გაემართლებინათ საკუთარი მარცხი, თავადაც ცრუობდნენ ისტორიის წინაშე და ამბობდნენ დაახლოებით ასე: ჩინგიზ–ყაენს მილიონიანი არმია ჰყავდა და ამიტომავ დავმარცხდითო... არადა, "მილიონი" მონღოლი ამ ტერიტორიაზე მხოლოდ მე–20 საუკუნუს მეორე ნახევარში ცხოვრობდა თავისი ქალით, მოხუცით, ბავშვით, ცხენით თუ ბატკან–ბუტკანით...

სიცრუე ჟურნალისტიკის მარადიული სენი ყოფილა, რითაც ყოველთვის სარგებლობდნენ მხოლოდ პოლიტიკოსები!

Комментариев нет:

Отправить комментарий