пятница, 1 марта 2013 г.

პელე და ქართველები

ახალგაზრდებსაც დააინტერესებთ, ალბათ.

1965 წელს მოსკოვში საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრებთან სათამაშოდ ბრაზილიის ეროვნული გუნდი ჩამოვიდა. იმ დროისთვის ბრაზილია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იყო ზედიზედ (1958, 1962), თბილისის "დინამო" კი სსრკ–ს ჩემპიონის ტიტულს ატარებდა (1964), ალბათ, ამიტომაც სსრკ–ს ნაკრებში 5 ქართველი თამაშობდა იმ მატჩში: მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭინავა, ანზორ კავაზაშვილი (ეს უკანასკნელი მაშინ უკვე მოსკოვის "ტორპედოში" იყო გადასული); მატჩი ბრაზილიელებმა მოიგეს – 3:0.
ამ მატჩის შემდეგ ფეხბურთის სამყაროში ასეთი ჭორ–მართალი დარჩა:
გიორგი სიჭინავა, მაშინ სრულიად ახალგაზრდა, უნიჭიერესი ფეხბურთელი ნაკრებში მიიწვიეს და ეს იმ ფონზე, როცა სსრკ–ს საფეხბურთო ელიტაში ბრწყინავდნენ ისეთი ნახევარმცველები, როგორებიც იყვნენ: ვორონინი, ბიბა, საბო, სერებრიანიკოვი და კიდევ ბევრი სხვა; ახლა რომ "ვარსკვლავებს" უწოდებენ ე.წ. "მუნდიალებზე" მაშინ ასეთი ვარსკვლავი ალმა–ათის "ქაირათში" თუ ლეგანსკის "ზარიაშიც" კი იყო, ერთი მაინც.... ჰოდა, ასეთი კონკურენციის მიუხედავად, ნაკრებში სწორედ თბილისის "დინამოს" მე–6 ნომერი სიჭინავა მიიწვიეს და არათუ ძირითად შემადგენლობაში ჩასვეს, არამედ პელეს პირადი მეურვეობაც კი დაავალეს..... იმ დროს პელეს დაჭერა იგივეს ნიშნავდა, საპნის ბუშტი რომ დაგეჭირა: დაიჭერ – გაიქცევა–აორთქლდება–გოლს გაიტანს ("ბემურაზი" სხვა კი არაფერია!).... მთელი პირველი ტაიმი სდია თურმე სიჭინავამ, მის დევნაში თვითონ ვერ თამაშობდა და რომ ვერაფერს გახდა, მეორე ტაიმში, მწვრთნელების მითითება აღარაფრად ჩაუგდია და უთქვამს – "ახლა შენ მდიე"–ო და უთამაშია ისე, როგორც მას შეეძლო და სურდა..... აი, ასეთი ლეგენდა დარჩა იმ მატჩის შემდეგ, მე მგონი, სინამდვილესთან ახლოსაა ეს ამბავი.

რატომ გავიხსენე?! 
....თქვე კაი ხალხო, ხომ ხედავთ, რომ ამ ნატო–კატო–ებს თუ ევროკავშირებს არ ვუნდივართ! 
ვეხვეწებით – ერთი "მაპი" გადმოუგდე.... საქართველოს ცუნცულასა – და ყურს არ იბერტყავენ, ჩვენ კი დავდევთ ასე უაზროდ.... 
იქნებ სჯობს, რომ "ვითამაშოთ" ჩვენი თამაში და თუ აქეთ არ შეგვეხვეწებიან – "კავკასიაში მიგვიღეთო" – მაგასაც ნახავთ.... არადა, ფაქტი სახეზეა – თავად ხედავთ ფოტოზე, თუ როგორ მივიდა პელე ქართველებთან – "თქვენ სიაში ჩამწერეთ"–ო 
ფოტოზე, მარცხნიდამ მარჯვნივ: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი, მიხეილ მესხი

Комментариев нет:

Отправить комментарий