понедельник, 11 марта 2013 г.

მიდი, სოსო! გაიმარჯვეეეეეეე!


ჩემმა შვილმა ბავშვობაში ასეთი ლექსი იცოდა:
დილით ადრე გავიღვიძებ, ავდგები,
პირს დავიბან, ფისოს ვეთამაშები....
მეც ჩვევად მექცა – პირველ რიგში "ფისოს" გავეთამაშო და, თუ რამე ფიქრი გამომყვება სიზმრებიდან, აქ დავაფიქსირო.  
ჰოდა, მოგახსენებთ!
მე მომხრე ვარ იმისა, რომ სოსო ნარიმანიძემ მიმდინარე კონკურსში ("ნიჭიერი – 2011) გაიმარჯვოს ორი მიზეზის გამო:
პირველი: ალალი და კარგი ბიჭია, სიმღერით ირჩენს თავს და ხალხს ახარებს.
მეორე: თუ სოსომ გაიმარჯვა, ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ არ შეიძლება ყველაფერი "დასავლურის" ბრმად გადმოღება მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ იქ გაამართლა და ჩვენც მათსავით უნდა ვიცხოვროთ.
კარგი ბიჭია–მეთქი სოსო – ვთქვი, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს არ არის ნიჭიერება (მით უმეტეს მეორე სიმღერა "ტრულაილაზე" ძალიან ცუდად იმღერა); ეს გარკვეული და კონკრეტული ვითარებისთვის განკუთვნილი შემოქმედებაა და ამგვარი ნიჭის გამარჯვება იგივე იქნება, სმს–ების საშუალებით ყველა დროის საუკეთესო ქართული ფილმი რომ გამოავლინონ და შედეგად მიიღონ – ქართული კინოშედევრი არის "სიყვარული ყველას უნდა", რადგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ – მიმბაძველობა დამღუპველია ყველანაირ დროსა თუ ვითარებაში! ნახეთ ბრიტანული, ამერიკული თუ უკრაინული ვარიანტები ამგვარი კონკურსისა და შენიშნავთ, რომ თვით ჟიურის განწყობაც კი წინასწარაა დაგეგმილი: ნაპირზე უნდა იჯდეს მკაცრი ძია (ინგლისში საიმონი.... გვარი ზუსტად არ მახსოვს, უკრაინაში იგორ კონდრატიუკი), რომლისაც უნდა ეშინოდეთ კონკურსანტებს, შუაში მეტისმეტად ემოციური, მომხიბლავი ქალბატონის ადგილია (ჩვენი შარშანდელი ემოციური მანდილოსნისგან განსხვავებით, წლევანდელს აშკარად დიდი უპირატესობა აქვს ყველა ასპექტში), მესამე მსაჯი კი პუბლიკის "любимчик"–ი უნდა იყოს....  როგორც მითხრეს, ასეთი პროექტების ავტორები (გამყიდველები) სავალდებულო წესით წერენ კონტრაქტში, რომ მიმბაძველებმა (მყიდველებმა) ყველაფერი ზუსტად დაიცვან.... თითქოს–და, რომ არ აიძულონ, ჩვენი "კრეატივშჩიკები" არ მიბაძავენ!

მიმბაძველობა დამღუპველია, რადგან მიბაძვაში თავიდანვეა განსაზღვრული ყველაფერი და ეს თავისთავად გულისხმობს ნიჭის და შთაგონების ანულირებას.
გაიმარჯვოს სოსომ! ალალია მასზე!  ....მაგრამ მიხვდებით, რომ ასეთი წესით ნიჭიერების გამოვლენა არ შეიძლება! 

ქართული მიმბაძველობის ისტორიას კი ცალკე დიდი გამოკვლევის დაწერა სჭირედება; ის სათავეს სადღაც მე–20 საუკუნის 70–იანი წლების შუახანებში იღებს, კულმინაციას 21–ე საუკუნის დამდეგს მიაღწია, ახლა კი აგონიის დრო დაუდგა.... მადლობა ღმერთს! 

ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩემი ფისო "ფეისბუქია".... აბა, თქვენ რა გეგონათ?!

Комментариев нет:

Отправить комментарий