ამბავი იმისა, თუ როგორ ვიძიე შური შაჰ-აბასის იმპერიაზე!
....თეირანის სამხრეთით, 4–5 საათის სავალზე, არის ქალაქი ქაშანი, რომელიც ირანის პირობებზე არცთუ დიდი დასახლებაა, ჩვენთვის კი საკმაოდ დიდი რეგიონული ცენტრი იქნებოდა. ძირითადად ერთ–ორსართულიანი სახლებითაა მოფენილი ეს "მარქაზი" (ცენტრი) უდაბნოსპირა "ოსტანისა" (ოლქისა... ტერ.–ადმ.ერთეულისა....). ჩვენს წარსულს შემორჩა სიტყვა "ქაშანური", რაც საუკეთესო ხარისხის თიხის ჭურჭელთან არის დაკავშირებული; არ ვიცი, დღეს რა ტრადიციები აქვს ამ ქალაქს საჭურჭლო წარმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ბრინჯის მორიგი ულუფა (დედაქალაქთან შედარებით) მართლაც უფრო გემრიელი იყო... სადილის შემდეგ კი ქალაქის მრავალრიცხოვან ისტორიულ ძეგლებს ფოტოაპარატებით შევესიეთ 11 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მთარგმნელ–თარჯიმანი სპარსული ლიტერატურული თუ რელიგიური ძეგლებისა... ბოლოს ქალაქგარეთ მდებარე ერთ ბაღს ვესტუმრეთ, სახელი ზუსტად არ მახსოვს ("ბაღ-ე ფინ" - ასე ჟღერდა სპარსულად, მგონი) და არც აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა – ბაღი თითქმის ტრიალი და უკაცრიელი უდაბნოს შუაში, მაღალი გალავნით შემოზღუდულ დიდ ტერიტორიაზეა გაშენებული.... შეხვალთ უზარმაზარ ჭიშკარში და შიგნით დაგხვდებათ ათასწლოვანი ხეებით დაჩრდილული ბილიკები და ამ ბილიკებსშუა მოჩუხჩუხე წყაროები... სიღრმეში სამსართულიანი სასახლე დგას, ძვირფასად მორთული დარბაზებით, მარცხენა მხარეს "ჰამამ" (აბანო) გახლავთ, მის გაყოლებაზე – "ქეთაბხანე" (ბიბლიოთეკა)... უდაბნოდან ასეთ გარემოში რომ მოხვდები, დანაშაულიც კია, ლექსი რომ არ დაწერო, მაგრამ! – მთარგმნელებს ერთი რკინისებრი კანონი გვაქვს – "ჩვენ არ ვწერთ ლექსებს", ჩვენ მხოლოდ ვთარგმნით! – ჰოდა, როგორ უნდა დამერღვია ეს კანონი, როცა ჩემს ირგვლივ კიდევ 19 ჩემისთანა "ელემენტი" მოაბიჯებდა... ამიტომაც ლექსის შეთხვაზე უმალ ვთქვი უარი და გავუძეხი ჩემს კოლეგებს წყაროებით შუაზე გაპობილ ბილიკებზე (თქვენი მონა–მორჩილი, ამ სტრიქონების ავტორი, თავისი ასაკის გამო განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა და პირველი ნაბიჯის გადადგმა სწორედ მე მიწევდა ხოლმე ამა თუ იმ ღონისძიებაზე).
ეს ბაღი მე–15 საუკუნეში გაუშენებია ერთ–ერთი ადგილობრივ მმართველს, მერე ირანის ლომად წოდებული შაჰ–აბასის ბრძანებით სამეფო რეზიდენციად გადაკეთებულა და ჩვენამდე სწორედ ხსენებული "ლომის" გემოვნების შესაბამისად მოუღწევია... რა ვქნა?! – შაჰ–აბასის ხსენებაზე უმალ ის ასი ათასობით ქართველი მახსენდება, ვინც გარეკახეთიდან იძულებით გადაასახლეს შაჰ აბასის იმპერიის სხვადასხვა რეგიონში; ეგებ ამ საქციელს იმდროინდელი იმპერიის მმართველნი დიდ წყალობადაც კი თვლიდნენ ქართველთათვის, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ (თითოოროლა უსულგულო–ურჯულოს გამოკლებით), მაშინაც და ახლაც ქართველისთვის სამშობლოსთან განშორება მარადიულ ტკივილთან არის დაკავშირებული... ჰოდა, ამ ფიქრებით რომ მივუძღვოდი წინ მდიდრული სასახლისკენ "მთარგმნელთა ფარას", ალბათ, ამიტომაც მომივიდა ეს აზრი! – თუნდაც სიმბოლურად მეძია შური "ლომზე".... გადავხედე ჩემს კოლეგებს და ფრიად საინტერესო დაჯგუფებები შევნიშნე, თუმცა მანამდე ჩამოგითვლით ქვეყნებს: რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, სირია, ლიბანი, ეგვიპტე, პაკისტანი, ბანგლადეში.... ენები? საერთაშორისო ენა – სპარსული (ინგლისურის ჭაჭანებაც კი არ იყო ამ რანგში), ორი დიდი ჯგუფის საერთო ენები: არაბული და რუსული, რეგიონალური ენები: ურდუ, უზბეკურ-ყაზახური ნარევი, სომხური (მე და ალბერტიკა ვლაპარაკობდით ზოგჯერ სომხურად). ჰოდა, ეს ყველაფერი – ენები და ქვეყნები და იმპერიები – ერთ ფოკუსში რომ მოექცა, ვინებე და აღმოვთქვი ჩემი იდეა: ერთ მხარეს ყოფილი სსრკ–ს წარმომადგნელები დავალაგე და გადავუღე ფოტო, მეორე მხარეს არაბთა ხალიფატში შემავალი ქვეყნების შვილები დავსხი და ისინიც ავსახე ფოტოობიქტივზე და აჰა! აღსრულდა შურისძება! – შაჰ-აბასს მისსავე საყვარელ ბაღში ორიოდე წუთში დავუშალე ის იმპერია, რომლის გაძლიერება–განაშენიანებასაც ასი ათასობით ქართველის სამშობლოსთან განშორება შეეწირა ოდესღაც...
...სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! – თუმცა ზოგადად "შურისძიება" კარგი საქციელი არ არის.
Комментариев нет:
Отправить комментарий