вторник, 23 апреля 2013 г.

დრო და შურისძიების კიკო


...გუშინ, კომპიუტერი გამოვრთე იმ იმედით, რომ დილით ისევ დავუბრუნდებოდი მას და  ათიოდე წუთით შევჩერდი ჩვენს წიგნებთან... 
ცხოვრების 30 წელი მაინც ვაგროვებდი მათ (...ვკითხულობდი კიდეც, რა თქმა უნდა!), მერე ჩემმა შვილმა დაამატა ერთი იმდენი.... მერე ჩემი დის ბიბლიოთეკა მე დამრჩა და... ძალიან ბევრი წიგნი დაგროვდა სახლში... 
რაღაც ორგვარი გრძნობა გამიჩნდა: საამო ნოსტალგიისა და ამ წიგნებთან განშორების სამწუხარო აუცილებლობის ნაზავი... "განშორება"-ში ჩემს ფიზიკურ არსებობასაც ვგულისხმობ - კი ბატონო! - მაგრამ უფრო მათი (წიგნების) ფიზიკური არსებობა-არარსებობის გამო მწყდებოდა გული წუხელის, როცა წიგნის საერთაშორისო დღე - 23 აპრილი დადგა.
რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს, ადამიანი თანდათან შორდება წიგნს... კომპიუტერიზაციის გამო, თუმცა მთელი ის განვლილი საბჭოთა ეპოქა რომ მახსენდება თავისი "წიგნთვაჭრობის" ციებ-ცხელებით, მესამე, არცთუ მთლად საკადრისი გრძნობაც მიჩნდება და ამას შურისძიება ჰქვია...

ჩემი ცხოვრების ორი ეპიზოდი გამახსენა ამ "საწუთისოფლო შურისძიებამ":

ა) ახლა მეტრო "რუსთაველთან" რომ სახლებქვეშა დერეფანი-გალერეაა, ადრე მის ადგილზე ნაირგვარი მაღაზიები იყო და მათ შორის პატარა, ვიწრო და ბნელი ბუკინისტური მაღაზია... ლექციების შემდეგ ფეხით რომ ჩამოვივლიდი, აუცილებლად ვყიდულობდი იქ რამე წიგნს და მერე კითხვა-კითხვით სახლამდე ისე ვმგზავრობდი, ვერც-კი ვიგებდი... დიახ, ყოველდღე რაღაც კარგი და ჩემთვის სასურველი წიგნი მხვდებოდა იქ და ზოგჯერ არა ერთი და ორი... პრაქტიკულად მთელი ჩემი სტიპენდია იმ წიგნებში იხარჯებოდა... ალალი იყოს! მაგრამ რაღაც დროის შემდეგ იმ მაღაზიის გამგე, ასაკოვანი, დაბალი, ჩასუქებული და კეთილი თვალების მქონე კაცი გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი მისივე ახალგაზრდა მოადგილე-გამყიდველი დანიშნეს და... იმ მაღაზიაში ყველა კარგი წიგნი გაქრა... ვეღარაფერს ვყიდულობდი... თვალის ასახვევად მხოლოდ პარტიული ლიტერატურა და ნაირგვარი უსარგებლო მაკულატურა იდო.... ერთხელ გამყიდველმა ქალბატონმა ჩემი მორიგი ვიზიტის და ხელცარიელი გამობრუნების შემდეგ თავისთან მიხმო და მკითხა - ყოველდღე შემოდიხარ და რატომ არაფერს ყიდულობო?!... მე, ალბათ, არაფერი ვუპასუხე და ვივარაუდე, რომ ე.წ. დახლქვეშიდან აპირებდა რაიმე წიგნის შემოთავაზებას... დიახ, იყო ასეთი ვაჭრობა საბჭოთა კავშირში - დახლქვეშიდან... ეს სხვა პრობლემაა, მე კი იმის თქმა მინდოდა, რომ "შური ვიძე" და იმ მაღაზიას სათოფედ აღარ ვეკარებოდი... 
არ ვიცი, ყური მოვკარი თუ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ იმ "ბუკინისტურის" ყოფილი გამგე, კეთილთვალებიანი დაბალი კაცი მავანთა ინტრიგებით მოახსნევინეს...

ბ) უკვე 90-იანი წლები იდგა... საგამომცემლო საქმე გათავისუფლდა საბჭოური ცენზურისგან და იფიქრეს - არიქა, ახლა ვიშოვითო ფულს და დაიწყო ნაირგვარი "ტომეულების" გამოცემა... ერთი-ორი წელი კი იყო ვაჭრობა ჯერაც შემორჩენილი "საბჭოური წიგნომანიის" ინერციით, როცა ე.წ. ტომეულების "სწენკებში" ფიგურირება პრესტიჟულად ითვლებოდა ოჯახში (მოარული გამართლებით - "მე თუ არა, ჩემი შვილები წაიკითხავენ"), მაგრამ მერე... ომი და სიბნელე და შიმშილი და "დედა-შვილს-არაიყვანს" რომ დაიწყო, შერჩათ (უკვე ბიზნესმენ!) გამომცემლებს ეს ნაირგვარი გამოცემები გაუყიდავი... მაშინ ერთი-ორი წელი ერთ ფირმაში ვმუშაობდი, თანამდებობა კი მქონდა "შთამბეჭდავი", მაგრამ ფინანსურად ვერაფრით დავიკვეხნიდი, მაგრამ მაინც... "ვიზიტკა" მქონდა ისეთი, რომ ქვას გახეთქავდა და, სად იყო - სად არა, შუა ქალაქში ერთი ჩემი ყოფილი "ხელმძღვანელი" შემხვდა, რომელსაც გარკვეული წლების წინ გარკვეული თანამდებობის გამო ჩემი დასაქმება-არდასაქმება უშუალოდ ეხებოდა და მან ეს "უშუალობა" იმით გამოხატა, რომ მე არ დამასაქმა და ჩემი კუთვნილი ადგილი ერთი თავისი კოლეგა-ძმაკაცის პუტკუნა ქალიშვილს უბოძა... როგორც საუბრიდან გაირკვა, იმ ჩემს ყოფილ ხელმძღვანელსაც იმხანად დაჰკარგვოდა თავისი სარფიანი სამსახური და წიგნების გამოცემისთვის მოეკიდა ხელი, მაგრამ, უკვე ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, მან ეს "ტომეულები" ვეღარ გაყიდა და დიდი მატერიალური ზარალი ნახა... ჰოდა როცა მე ცოტა წავიტრაბახე, ანუ "შთამბეჭდავი" თანამდებობის დამადასტურებული საბუთი ვაჩვენე, მან პირი დააღო და მივხვდი, რომ ჩემში მხსნელი დაინახა, რადგან, მისი აზრით, ჩვენს ფირმას შეეძლო მის მიერ გამოცემული წიგნების შეძენა და მერე საჩუქრებად დარიგება... მართალი რომ გითხრათ, რამეს კი მოვახერხებდა და წიგნების ნაწილს მაინც შევიძენდით, მაგრამ რატომ? დიახ! რატომ? - გგონიათ, დამიფასებდა სიკეთეს?! - მისი ამბავი რომ ვიცოდი, წავიდოდა და იტყოდა - "ისეთი წიგნები გამოვეცი რომ ტაციაობააო მათზე... ფირმა-ფირმაზე მოდისო შესაძენად".... ერთი სიტყვით, უკადრისი საქციელი ჩავიდინე, ერთგვარად შური ვიძიე მასზე და არაფრით დავეხმარე...
სხვათა შორის, იმ პატივცემული "ხელმძღვანელის" მიზეზით 1983-88 წლები, ძვირფასი და აუნაზღაურებელი დრო ჩემი სიცოცხლისა, სხვადასხვა საქვაბეებსა და მშენებლობებზე მუშად გავატარე, რათა ხელფასი მაინც მქონოდა... იმ პერიოდში ძალაც და მონდომებაც (...და არა ჭკუა და გამოცდილება) ბევრად მეტი მქონდა და უფრო მეტ სასარგებლო საქმეს გავაკეთებდი, ალბათ, ვიდრე ხსენებული ხელმძღვანელის ძმაკაცის "პუტკუნა ქალიშვილი"...
* * *
...რომ მახსენდება საბჭოთა ეპოქის "დახლქვეშა ვაჭრობა და წიგნო-სწენკო-მანია" და რომ ვუყურებ წიგნის ბიზნესის ახლანდელ გაწამაწიას, როცა ვხედავ რომ მავანნი "ნემსის ყუნწში ძვრებიან", რათა როგორმე გაყიდონ თავისი პროდუქცია, ხანდახან ის აზრი მიჩნდება, რომ დროსაც ახასიათებს თურმე ისეთი უკეთური და უზნეო თვისება, რასაც შურისძიება ჰქვია... 

ეს "ლექსი" კი ორი-სამი წლის წინანდელია, მაგრამ, შექსპირისა არ იყოს - დროთა კავშირი დაირღვა და - ამ ჩემს დღევანდელ პროზაულ ნაფიქრალს ისე დააჯდა, როგორც კიკო!  
გახსოვთ, ალბათ, წიგნებს ყიდდნენ
ხელმოწერით.... ქვითრით... რიგით...
ან დახლქვეშა გარიგებით, 
სპეკულანტით... ჩარჩით... ციგნით;
და ვაი, რომ წიგნი ხშირად
მიდიოდა იქით, იმ გზით,
სადაც კი არ კითხულობდნენ,
მხოლოდ დებდნენ "სწენკის" შიგნით.
დღეს კი წიგნებს ძლივს ყიდიან
ლაქუც–ლაქუც თხოვნით, ლიქნით...
აწ სიმცირეს კი არ ვჩივით,
ჭირს სიმრავლის გამო ვიქმნით...
* * *
ვაჭარნო და ბიზნესმენნო,
თქვენ სიხარბეს ფუჭად იგვრით –
სიმდიდრე და ფუფუნება 
ჯერ ვერავინ ჰპოვა წიგნით.

P.S. არც შექსპირი გამხსენებია უმიზეზოდ - 23 აპრილი მისი დაბადების დღეა - "დრომ გადათელა ჩემი სულიც მძიმე ფლოქვებით...“

Комментариев нет:

Отправить комментарий