...ერთი ოჯახი ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად: მამა ტიპიური თბილისელი იყო, გაურკვეველი ეროვნებით, ანუ: პასპორტში სომეხი ეწერა, გვარი რაღაც ოსურ ყაიდაზე უჟღერდა, ლაპარაკით კი ნაღდი ქართულით მეტყველებდა; დედა ქართლელი ქალი იყო (ელენე დეიდა), ისეთი ტკბილი და საამო ქართულით საუბრობდა ხოლმე ეს ქალი, რომ ჩემი უბნის ჭრელი ბგერებისაგან ყურის დასასვენებლად (და თუთის და ლეღვის საჭმელადაც) მათს ეზოში ხშირად დავდიოდი. ამ ცოლ–ქმარს ორი უფროსი ქალიშვილი ჰყავდათ. მერე კიდევ ერთი ქალიშვილი (ჩემზე ორი წლით უფროსი), და ბოლოს ვაჟი, ჩემო მეგობარი და აუტანელი მოქიშპე ნარდსა თუ დომინოში...
ეს ჩემზე ორიოდე წლით უფროსი გოგო ძალიან ამპარტავანი ვინმე გამოდგა, ისე გავატარეთ მთელი ბავშვობა, რომ ერთხელ არ უკადრებია უბნის ბავშვებთან გამოსვლა, ჩემსკენ ხომ საერთოდ არ გამოუხედავს, გეგონება რამე შავი ჭირი მჭირდა... მთელი დღეების განმავლობაში სახლში იჯდა, რაღაც უცხო მუსიკას უსმენდა, სულ სარკეში იყურებოდა და დროდადრო, ჩვენ რომ თუთის ხეზე ვკონწიალობდით, ამ გოგოს ოთახიდან უცხო ენებზე წარმოთქმული სიტყვები გვესმოდა.... ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი! - სახელი ამ უკარება გოგონასი გახლდათ "დოდო", მაგრამ გარკვეულ მომენტში შევნიშნეთ, რომ მისი უმცროსი ძმა მოიხსენიებდა ასე – "დოძი". როგორც ჩანს, მე მაშინვე ვიყავი სიტყვების წარმომავლობით დაავადებული და ძალიან მიკვირდა, რატომ გახდა დოდო – დოძი?! – მაგრამ, აბა, კითხვას როგორ გავბედავდი, შეიძლება ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო თუთაზე აღარ ავეშვი, ამიტომაც ვამბობდი გულში – ეს "დოძი" რა უნდა იყოს–მეთქი.
ერთხელაც ვსხედვართ უბანში, დომინოს თუ ჭადრაკს (თუ ნარდს) ვთამაშობთ, იქვე ქალები ჟღურტულებენ და ზაფხულის გაღაღანებულ საღამოს ფოთლების შრიალიც ალამაზებს და... ელენე დეიდამ თქვა:
– ეს რა უბედურაბაა, გენაცვალეთ, საკუთარი შვილი ხმას არა მცემს, როცა ვეძახი–ო!
– ვითომა–და რათაო, ქა?! – ჰკითხა კახელმა მაყვალამ, რომელიც სომხის ცოლი იყო და ვამჩნევდი, რომ უკვე ნელნელა სომხურად უქცევდა (ასეთები მოხდარა!)
– რათა და... აჰა, ნახეთ – თქვა ელენე დეიდამ და ხმამაღლა დაიძახა – დოდოოოოოო!!!
...არსაიდან ხმა, არსით პასუხი!
– დოდოოოოოოო!!!!
....ისევ დუმილი.
– ის რაღაცა რადიო ექნება ხმამაღლა ჩართული და იმიტომაც არ ესმის, ქა! – დაამშვიდა მაყვალამ
– რადიო, არა?! აბა ახლა ნახეთ – ეშმაკურად მოჭუტა ელენემ თვალები და ნაზად დაიძახა – დოძიიიი! დოძიიიი!
...და "დოძიმ" აღირსა მშობელ დედას გამოპასუხება – Я занята, мама! (ახლა რომ სამება დგას, მისი კარიბჭის და დიდი კიბეების ადგილზე 98–ე რუსული სკოლა იყო და მთელი უბნის ბავშვები იქ სწავლობდნენ, ჩემს გარდა, რასაკვირველია).
– ზნაჩიტ დოძი?! – ჩაიქირქილა მაყვალამ.
– აჰა, აი, ამ შავ დღეში ვარ, ქალებო! – თქვა და მართლა დარდი ამოაყოლა სათქმელს ელენე დეიდამ.
* * *არ ვიცი, ახლა სად არის "მადამ დოძი", მაგრამ ის კი მგონია, რომ დედას მაინც არ უნდა ატკინო გული შენი მეტისმეტად დასავლური ორიენტაციის გამო...
* * *
ის პარტია კი დომინოსი თუ ჭადრაკისა, ალბათ, წავაგე გივისთან, სანამ ქალების ლაპარაკს ვუსმენდი, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, რომ ისედაც სულ მიგებდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий