2011 წლის 4 ივნისი
..ისე არიან აღგზნებულნი შერონ სტოუნის ჩამოსვლით, როგორც იმ პროვინციული ქალაქის მკვიდრნი, სადაც გოგოლმა ოდესღაც ხლესტაკოვი ჩაიყვანა.... ვაი და ჰოლივუდელ "შორენას" სააბაზანოში დადებული ლოსიონის სურნელება ანდა ღონისძიებაზე სხეულის განსათავსებელი სკამის სიფაფუკე არ მოეწონოს! – მერე რა გვეშველება?!
ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა სოფი ლორენზე (თუ ჯინა ლოლობრიჯიდაზე.... მნიშვნელობა არ აქვს).
ერთხელაც ჩამოვიდა სოფი ლორენი თბილისში და ქართველებთან ისურვა გაცნობა – "ჩემი კარი ყველასთვის ღიააო!" ჰოდა, მივიდა მასთან თბილისელი გურამა (თუ გინდათ, ჯემალა იყოს... მნიშვნელობა არ აქვს). მივიდა და უძვირფასესი ბეჭედი მიართვა – "ეს ჩემგან საჩუქრად გქონდესო, სოფო!" (ამ ბეჭდის შესაძენად კი მთელი თავისი მოდგმა-ჯიშის სახლი და კარი გაყიდა).
– "გრაციას (თუ თენქ იუ.... მნიშვნელობა არ აქვს) უთხრა სოფიმ გურამას და ჰკითხა – როგორ გადაგიხადოო მადლობა და ისე გაიპრანჭა, თითქოს მართლა არ დაინანებდა არაფერს იმ თბილისელი კაცისთვის.
– არა ფერი არ მინდა – უთხრა გურამამ – მარტო იმას გთხოვ, წასვლისას, სანამ თვითმფრინავში შეხვალ, ჩემსკენ გამოიხედე და ხელი დამიქნიე-ო
- მაგაზე როგორ გაწყენინებო, სინიორ გურამ ("კაცო"–ს ვერ ეტყოდა, ეს სიტყვა იტალიურად ცუდად ჟღერს).
....დადგა სოფის გამგზავრების დღეც, ავიდა ტრაპზე, შემობრუნდა ხალხისკენ და უცებ გაახსენდა გურამას თხოვნა და მოძებნა იგი თვალებითაც და ღიმილითაც და დაუძახა – "არრრრივედერჩი, გურამ!"
გურამამ მიმოიხედა და ერთი–ორი თავისი მეზობლის გასაგონად "უპასუხა" სოფის – Уезжай, уезжай.... надоела!
...დარწმუნებული ვარ, შერონ სტოუნის გამგზავრების შემდეგ ასე დაიწყებს ვიზიტის განსჯას წარმატებული ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა ("ჩვენი წარამატებული საზოგადოების ნაწილი" შეცდომა იქნება არა მარტო გრამატიკულად, არამედ აზრობრივადაც): "ა) ჩემსკენ სამჯერ გამოიხედა.... ბ) მე ორჯერ გამიღიმა.... გ) გვერდით რომ გამიარა, ვითომ შემთხვევით შემეხო?!.... დ) ჩემი გამომცხვარი ხაჭაპური ძალიან მოეწონა...
ვასო გოძიაშვილი "რევიზორში" ხლესტაკოვს რომ თამაშობდა, ასეთი იმპროვიზაცია ჰქონდა:
...ხშირად ვხვდები ხოლმე პუშკინს და ვეკითხები – სხვა როგორა ხარ, ძმაო პუშკინ? – და ისიც მპასუხობს – ისეო რა.... ვარო.... ისეო...
ალბათ, ჰოლივუდის ყველაზე ჭკვიან ვარსკვლავსაც ჰკითხავენ ამერიკაში – სხვა რა მოგეწონა, დაო შარონ, ჯორჯიაში?
შესაძლოა, მავანმა ტელევიზიამ შარონის სავარაუდო პასუხის პათოსიც გვამცნოს.... ოღონდ მოდელირებულად.
Комментариев нет:
Отправить комментарий