среда, 5 июня 2013 г.

"ლავუაზიეს კანონი"- 2

... ოთხმოცდაათიანი წლების თბილისში

("ფანტაზია" #45(71), 1997 წ... 2013 წლის რედაქტირებით და წამატებებით)

OUVERTURE - "ბატონი აზარტი"
ადამიანი, ყველა სხვა ღვთიურ-ეშმაკეული "აღჭურვილობის" გარდა, უხვადაა დაჯილდოებული იმ შუქ-ჩრდილებით, რასაც მთლიანობაში ჟინი ჰქვია... თავისი ავი თუ კარგი შეფერილობით.
რაღას არ იგონებს ხოლმე ადამის ძე, რომ როგორმე შეებრძოლოს მოზღვავებულ ერთფეროვნებას და მასზედ გამარჯვებით წამით მაინც გადმოხედოს "არწივის საფრენი" სიმაღლიდან ყოფიერებას.
"ფორტუნა" თუ ქალბატონად აღიქმება და მისი კეთილგანწყობაც, ქალური სიმპათიისა არ იყოს, ძნელადმოსაპოვებელია, "აზარტი" უდავოდ "ბატონია", მთელი თავისი სიძლიერითა და მიმზიდველი სიტლანქით.
აბა, რომ არა აზარტის მიზიდულობის ძალა, განა გაბედავდა ბატონი რამაზი 150-ვატიანი ნათურის მწვადის ნაჭერივით გაქანებას პირისკენ და... თუმცა სჯობს, შორიდან მოვუაროთ და სათქმელიც ნელინელ შემოგთავაზოთ. 
...ჰოდა, იმას ვამბობდი:

PRAELUDARE - "საღამოჟამს"
ბაზრობაზე საქმეებს რომ მორჩნენ, სამი ბოთლი შამპანიური წამოიყოლეს და ერთმანეთს მზერით უთხრეს - ამსაღამოს სტრესებისაგან გავთავისუფლდეთო, თუმცა, ალბათ, მიხვდებით, რომ რამაზი და მისი მეგობარი თამაზი სიტყვა 'სტრესის", ასე ვთქვათ, "გაგებაში არ იყვნენ" და არც არანაირი სურვილი გასჩენიათ ოდესმე, რომ სცოდნოდათ მსგავსი უცხო სიტყვების მნიშვნელობა... მათ  ერთი პატარა ოთახი ჰქონდათ დაქირავებული თბილისის ძველ უბანში და საღამოობით სმისა და ძილის მეტს არაფერს აკეთებდნენ... ის შობისწინა საღამოც ჩვეული დიალოგით დაიწყო:
- ბიჭო, თამაზ!
- რაო, რამაზ?
- შენ იყავი თამადა!
- ჰოდა, გაგიმარჯოს!

INTERMEZZO - "თამადობას რა უნდა?"
ჯერ ოჯახის სადღეგრძელოებს მოივლიდნენ ხოლმე, მერე წასულებს გაიხსენებდნენ, დაბადებულ თუ დასაბადებელ ბავშვებს დალოცავდნენ, "წმინდა სალოცავებსაც" აუცილებლად ახსენებდნენ და აჰა... ეგეც შენი ქართული სუფრა და მისი მაგიური ძალა!
ეს ყველაფერი პატიოსანი მოადათეებივით რომ აღსრულეს აწ უკვე ჩვენმა ნაცნობმა "კაი ბიჭებმა", უცებ შუქმა მათ წამით თვალი "ჩაუპაჭუნა" და მერე სულ ჩაქრა... განა თბილისში ვინმეს უკვირდა ელექტროენერგიის დეფიციტის გამო აბონენტთა ხშირი "გათიშვა", მაგრამ ქეიფის ეშხში შესულ თამაზ-რამაზს მაინც წამოსცდათ მათი უდროოდ ჩამაბნელებლის დედის "სადღეგრძელო" (უღვინ-უჭიქოდ, რასაკვირველია!) და მეზობლის ფანჯარაში გაჩახჩახებული ნათურა რომ დაინახეს, ერთად წამოიძახეს:
- ვაჰ, ბიჭოს! ამათ "დვიჟოკი" უყიდიათ?! 
- ხმა რომ არ ისმის?! - გაიკვირვა თამაზმა (თუნდაც რამაზმა).
- უხმო გამოიგონეს, ალბათ...
- ჰოოო?!
- მაშ! გაუჭირდებოდა თურქეთსა?!
...მაგრამ სხვა მეზობლების ფანჯრებიც გაჩახჩახებული რომ იხილეს, ნამდვილად დაეჭვდნენ თურქეთის მიერ ამდენი უხმო "დვიჟოკის" წარმოებაში და მერე მათი ღარიბ-ღატაკი მეზობლების მიერ მათი მასობრივი შესყიდვის ფაქტში.
- თურქეთი კი არა და.... მგონი, ჩვენი ნათურა გადაიწვა - დაასკვნა რამაზმა (თუნდაც თამაზმა). 

SUJET - "ესე იგი ბნელა!"
თამაზი მაშინვე სამზარეულოში გავიდა, იქ მოხსნა ნათურა, მერე შეხტა მაგიდაზე, გამოცვალა გადამწვარი და იმ გადამწვარს რაღაცა "დამწვარი" თვალებით დააშტერდა.
- ჩამოდი, ჰა... ეს ბოთლიც დავცალოთ!
თამაზი კი იდგა ასე, მაგიდაზე, ნათურას დასცქეროდა და ამასობაში ის იშვიათი წამები განაგრძობდნენ დენას, როცა მისი გონება აწმყოსა და წარსულს შორის რაღაც ანალიტიკურ მომენტებს აფიქსირებდა  და აკი ამოღერღა კიდეც:
- გახსოვს, ბიჭო, აემოდენა ქლიავები რო ესხა პაპაჩემის ბაღში?
- ჰოუ, მახსოვს... როგო არ მახსოვს.... რო ჩავირბენდი ხოლმე და რო ავძვრებოდი და რო ჩავიდებდი მთელ ქლიავსა...
- სად ჩაიდებდი?
- როგორ თუ სადა?! - პირში ჩავიდებდი...
- აბა, აბა!... ეგეთები არ იყოს!
- ჰოოოო, ჰოოოო.... აეგრე, მთელ ქლიავს ვიტენიდი პირში...
- მაშ, მთელ ქლიავსა არა?! აეს ნათურა ხო იმ ქლიავის ტოლია, არა?!
- მგონი უფრო პატარაც არის (რამაზი ტრაბახის ეშხში შევიდა)
- რაკი ეგრა, აჰა, და ჩაიდე... 

PAUSA - "ხომ კარგი ბიჭები არიან, არა?!"
ქლიავი (Prunus Domestica) - საშუალო სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახისა, ისხამს გრძელყუნწიან, კურკიან, მომჟავო-ტკბილ ნაყოფს (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი).

"მერე?!" (to be continiud, რა!)
რამაზმა გამოართვა თამაზს 150-ვატიანი ნათურა, რომელსაც ბიჭების ლაი-ლაიში უკვე მოესწრო გაციება, ყბების გასაპოხად ერთი ჭიქაც დალია (სადღეგრძელოს მოკლე შინაარსი: აიმ ქლიავებსაც და ჭანჭურებსაც და ტყემლებსაც გაუმარჯოს, პაპა-ბაბოებს რომ გაგვახსენებს...), თამაზს ამრეზით გადახედა და ნათურა საკუთარი პირის ღრუს სასარგებლო ფართში უმტკივნეულოდ განათავსა... 

CULMINUS - "ყოჩაღ, ბიჭო!"
- ჰოუ, ჰოუ... კარგი, გამაიღე, მჯერა, მჯერა.... მაგარი ყოფილხარ! გამაიღე-მეთქი, ბჯოუ!... მჯერა!
...მაგრამ რამაზმა ნათურა ვეღარ გამოიღო!
- გამაიღე, ბჯოუ, გამოვცალოთ ეს ბოთლიც - უკვე დაეჭვებული ინტონაციით ეხვეწებოდა თამაზი, მაგრამ რამაზი, ახლადგაფურჩქნილი ვარდივით მთლად რომ წამოწითლებულიყო, ამაოდ ცდილობდა ნათურის გამოღებას და ბიჭები ნელინელ იმასაც კი ეუბნებოდნენ უკვე ერთმანეთს მზერით, რომ რაღაც "არაადეკვატური აქტი" განხორციელდა და სასწრაფო ზომები უნდა მიეღოთ, თორემ იქნება ის წყეული ნათურა კბილებში ჩამსხვრეულიყო კიდეც... ჰო, მზერით ეუბნებოდნენ ერთმანეთს კიდევ იმას, რომ საქართველოში მეორედ განხორციელდა "ლავუაზიეს კანონი", როცა წრეში რაღაც (ან ვიღაც) შედის და ვეღარ გამოდის...
მზერით ეუბნებოდნენ, თორემ "არაადეკვატური და ლავუაზიე" და სხვა უცხოური დიპლიპიტოებისა მათ არა გაეგებოდათ, რა და, თუ სიმართლე გინდათ, არცა სჭირდებოდათ.
აბა, აქეთ... აბა, იქით.... აბა, მეზობლებიო, აბა სანტექნიკოსია, აბა ვულკანიზაციის ბიჭებიო... მაგრამ ნათურას ძვრა ვერ უყვეს - იგრე იჯდა ხახაში, როგორც ჩიტი თავის ბუდეში და "კუდიც" უჩანდა...  

სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას
ყბა-სახის განყოფილებაში ბედად კარგი და გამოცდილი ექიმი დახვდათ; ჩასუქებული, მოხითხითე კაცი იყო ის ექიმი, რომელმაც ჯერ ჩაიხითხითა, მერე - "რო იტენიდი, რას იტენიდიო?!" - უთხრა, მერე მეტრიანი მაშები მოიტანა და შამპანურისგან გაპოხილი ყბები ისე გაუგანივრა რამაზს, რომ მას კრინტიც არ დასცდენია; ნათურა კი,  მთელი და უვნებელი გამოაძვრინა "დროებითი იზოლირების საკნიდან".
თამაზმა გაიკრა ჯიბეზე ხელი და ჩუმად ჩაუსრიალა ათლარიანი ჩახითხითებულ ექიმს.
- ახლა მკურნალობა ფასიანიაო, შვილოსან, და ეგრე ჩუმად ნუღარ მაძლევთო ფულს - ისევ ჩაიხითხითა ექიმმა.
- ჰოოო, ჰოუ... ექიმო, ამის შემდეგ გვეცოდინება! - ერთად შესძახეს ბიჭებმა.
- ჰოდა, აიღეთ ეს თქვენი "პაპას ქლიავი" და მოუსვით სახლში.
* * *
ბიჭებმა "მეტრომდე" ფეხით ჩამოისეირნეს, თურქული ყვითელი ტაქსი გააჩერეს, მერე გზად არაყიც იყიდეს სამაღარიჩოდ, იმ ტაქსის შოფერიც დაპატიჟეს დასალევად, მაგრამ ხომ გაგიგიათ - კაცია და გუნებაო და... ის შოფერიც რაღაცნაირი ჟინიან-აზრატული კაცი გამოდგა, დალევაზე კი უარი უთხრა, მაგრამ გულში ეჭვი გაუჩნდა - ვითომ მართლა ჩაიდო პირში ნათურა და მართლა ვერ გამოიღოო?! ჰოდა, ჟინმაც თავისი ქნა.... სახლში შედგა ფეხი თუ არა, ბინაში ჩამოკონწიალებული ნათურები რაღაც მუშტრის თვალით აზომ-დაზომა - "ვითომ ჩაიდო კიდევაც და ვერც გამოიღო?!" - ეჭვში ათქვეფილი აზარტი მოსვენებას არ აძლევდა იმ ჩვენი ცოდვით სავსე ტაქსისტს.
მოსახდენი მაინც მოხდა! 
ორიოდე საათში ბატონმა აზარტმა "დუელში გამოიწვია" შალიკო (ასე დავარქვათ ტაქსის მძღოლს) და მანაც, ჩამოხსნა რა ერთი მოზრდილი ნათურა, ყბების ყოველგვარი გაპოხვის გარეშე ეს "ელექტროხულიგანი" თავისუფლად მოათავსა საკუთარ ხახაში, მაგრამ....
მაგრამ! - ლავუაზიეს კანონია: რასაც ჩაიდებ, უკან ვეღარ გამოიღებ.
"ვაჰ, შაითან, შაითან... შაიტან - ვეღარ გაიტან..." - გულში ამბობდა თურქული ტაქსის მძღოლი შალიკო და სარკის წინ ამაოდ მოჩალიჩეს ისღა ამშვიდებდა, რომ იმ უხორცო აზარტს პირველი რაინდი მოუგო - ანუ ჩაიდო! - "მეორე რაუნდის" წარმატებით ჩასატარებლად კი ის ბიჭები უნდა მოეძებნა, ბიჭები მერე იმ ექიმს მოაძებნინებდნენ და ასე შემდეგ... შალიკომ დაქოქა მანქანა და ადვილად მიაგნო იმ სახლს, სადაც თამაზ-რამაზი ჩამოსხა. 
კარებზე ბრახუნი და "მუუუ-მუუუს" ძახილი კოშმარივით ჩაესიზმრა ისედაც დაშინებულ რამაზს, მაგრამ მალევე გამოფხიზლდა და კარი რომ გამოაღო "მუუუ-მუუუ" დაინახა, რომლის ხახაშიც ნათურა ისე იჯდა, როგორც ჩიტი თავის ბუდეში და "კუდიც" უჩანდა.... რასაკვირველია!
- აუჰ! თამაზ, წავედით ექიმთან - გასძახა "მუუუ-მუუუუ"-თი დაშინებულ მეგობარს... 
- შენ რაღამ გამო.... - მიხვდებით, ალბათ, როგორ უნდა დაასრულოთ თამაზის ფრაზა და, როცა დაასრულებთ, მერე ისევ გავუდქეთ საავადმყოფოს გზას.... 
* * *
საავადმყოფოში ის მოხითხითე ექიმი აღარ დახვდათ; სხვას კი ნამდვილად არ ანდობდნენ ბუდიდან "ჩიტის" გამოყვანას; კითხვა-კითხვით და "ბოდიში-უკაცრავად"-ის ძახილით ძლივს მიაგნეს ექიმის ბინას, რომელიც ამჯერად ღრმადპატივცემულ ხვრინვასთან დარბაისლური დიალოგით იყო დასაქმებული თავის საძინებელში. ჰოდა, რაკიღა ახალი დროის ახალი წესებით უკვე ინფორმირებული იყო თამაზი, მისალმების ნაცვლად ათლარიანი აუფრიალა ძილწართმეულ ექიმს და....
- თქვენ რა... მოცლილები ხართ თუ რაშია საქმე?! რო იტენით, რას იტენით, თქვე შობელძაღლებო... "მუუუუ-მუუუუს" გაჩვენებთ ახლა, დამაცადეთ - უთხრა მათ ექიმმა, თან ჩაიხითხითა, სამზარეულოში გაიქცა, იქ პატარა ზომის. ე.წ. "ჭაღის" ნათურა მოძებნა, ჩაიდო პირში და ასე გამოეცხადა მომლოდინე ყმაწვილებს:
- ვაჰ-ვაჰ!!! თქვენცა, ექიმო?! - ესღა დასცდა სამივეს (შალიკოს გულში დასცდა, რასაკვირველია...) და, მგონი, ღვთისა და ერის წინაშე აღთქმა დადეს, რომ ელექტროენერგიის მწარმოებელს, მომწოდებელს თუ გამთიშველს - და საერთოდ მთელ "ენერგეტიკას" - აღარასოდეს უხსენებდნენ დედას არანაირ კონფიგურაციასა და კონტექსტში. 
მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ექიმი მხოლოდ გაეხუმრა მათ და, აღმოაჩინა რა (ბედად!) სახლში ის თავისი მეტრიანი მაშები და სხვა ინსტრუმენტები. ტაქსისტი შალვაც იხსნა იმ ტანჯვისაგან, რაც რამაზიდან მოყოლებული და ლავუაზიეთი დამთავრებული, "ბატონი აზარტის" სამატრაბაზო ცნებებად ქცეულიყო იმ საღამოს.

FINAL
....ჟინსა და აზარტს კიდევ ერთი თვისება ჰქონია თურმე: ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ მის მიერ განცდილი საამო თუ უამური გრძნობა სხვასაც განაცდევინოს და საამისოდ არსებოს "ნაძლევი".
ტაქსისტ შალიკოს ერთი ავტოინსპექტორის ჯავრი სჭირდა... (დავარქვათ მას ვალიკო და ბარემ გაერითმება "შალიკოს" ისევე, როგორც რამაზი და თამაზი).
მეორე დღეს ეს ჩვენი შალიკო იმ ინსპექტორის საყვარელი "პოსტისკენ" გაეშურა და იქიდან შემოუარა, სადაც ცალმხრივი მოძრაობა იყო, მოსახვევში "მიგალკის" ჩართვაც შეგნებულად უარყო და რაღა დარჩენოდა ინპექტორ ვალიკოს, რომ არ გაეჩერებინა მორიგი მსხვერპლი. გააჩერა შალიკომ მანქანა და - ვაჰ! - ვალიკო გაკვირვებით მიაშტერდა მას -  მანქანაში პირშინათურაგარჭობილი მძღოლი იჯდა "მუუ-მუუს" ძახილით, მაგრამ.... ნუ შეშინდებით! შალიკომ პატარა ნათური ჩაიდო და ინსპექტორს "ფოკუსი" ჩაუტარა.... სანამ ვალიკო-უფროსი უფრო ახლოს მოვიდოდა, შალიკო-ტაქსისტმა პატარა ნათურა გამოიღო და დიდი ნათურა გამოაძვრინა "სიდენიის" ქვემოდან შეუმჩნევლად...
დიახ, დიახ, ბატონი ვალიკოც აზარტული და ჟინიანი კაცი გახლდათ!
* * *
ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენს იხითხითებს ის ექიმი, როცა ყბა-სახის განყოფილებაში მიუვა მესამე (ფორმიანი!) პაციენტი, რომელსაც, სასტვენი კი არა, ნათურა აქვს გაჩრილი პირში, როგორც ჩიტი თავის ბუდეში... და "კუდიც" უჩანს რასაკვირველია! 

POST SCRIPTUM
აზარტულ და ჟანიან მკითხველებს ვთხოვთ ამ ამბის წაკითხვიდან  2-3 საათის განმავლობაში ნუ გაიხედევენ იმ მიმართულებით, სადაც შეიძლება დაინახონ ნათურა... ჭაღზე, ბრაზე, ე.წ. "ნაჩნიკზე" და ასე შემდეგ...

ალექსანდრე ელერდაშვილი, 1997 წ


Комментариев нет:

Отправить комментарий