ჩემი "პოლიტიკური კარიერა"
(აღიარება დაიწერა ზუსტად ორი წლის წინ, როცა მავანნი აქტიურად ცდილობდნენ ე.წ. ლუსტრაციის კანონის" შემოღებას)
– დავიბადე 1956 წელს, 16 აპრილს, თბილისში, მშობლები არ იყვნენ სკკპ–ს წევრები და არც შემდეგ ყოფილან; ჩემი დაბადება მათი დამსახურებაა, საბჭოთა ეპოქა დასაბადებლად მე არ ამირჩევია.
– 1960 წელს ჩუმად მომნათლეს, თუმცა ამ ფაქტმა ჩემგან ეკლესიური ადამიანი ვერ შექმნა; ჩემი "ნათლია" პირველად ვნახე ნათლობის დღეს და რაღაც "თეთრად" ჩამრჩა მეხსიერებაში (ზაფხული იყო და, ალბათ, თეთრი "საროჩკა" ეცვა), მეორედ კი გუშინ, 2013 წლის 14 ივნისს... პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დავინახე, ოღონდ ამჯერად შავ ქვაზე დახატული... ძალიან სპეციფიური მეტსახელი ჰქონდა და საფლავის ქვაზე მიწერილი რომ ვნახე, უმალ მივხვდი, რომ მისი ნათლული ვარ.
– 1963 წელს შემიყვანეს სკოლაში, იმავე წლის 5 დეკემბერს დასვენების დღე რომ იყო და "კონსტიტუციის დღე" რომ ერქვა, ჩემს კითხვაზე, თუ რა არის კონსტიტუცია, ვერც ოჯახში და ვერც უბანში პასუხი ვერავინ გამცა.
– ანბანის შესწავლა რომ დავამთავრეთ, გულზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი დაგვაბნიეს ყველას ოქროსთმიანი ხუჭუჭა ბიჭის სახით და გვითხრეს – "ოქტომბრელები" ხართო. ოქტომბერი მაშინ მე წელიწადის თვე ვიცოდი და სანამ სსრკ–ს ისტორია არ გვასწავლეს, ვერ მივხვდი, თუ რა კავშირში იყო ნოემბერში მომხდარი რევოლუცია და მისი ბელადი "ოქტომბერთან"
– (პირველი ცოდვა) პიონერების რიგში მიგვიღეს მეოთხე კლასში, ავლაბრის არალეგალურ სტამბაში და იქ რატომღაც ე.წ. მედაფდაფე არ გამოცხადდა და ე.წ. პიონერული ხაზის ჩატარებას ვერ ახერხებდნენ – "მე ვიცი–მეთქი დოლზე დაკვრა, მასწ!" – ვთქვი და მას შემდეგ 4 წელი ყველა "ხაზზე" ვაბრახუნებდი.... ალბათ, ამ დამსახურების გამო, კლასის პიონერული რაზმის ერთ–ერთი რგოლის ხელმძღვანელად დამნიშნეს.
– (მეორე ცოდვა) მერვე კლასში რომ ვიყავით, ასე თუ ისე კარგი მოსწავლეები, კომკავშირის რაიკომში წაგვიყვანეს და გამოგვცადეს რა იმაში, რომ ვიცოდით "დედა რომელია', კომკავშირის წევრებად გვაქციეს, თუმცა კომკავშირის ნიშანი ნამდვილად არ მიტარებია. არსებობს კლასის ფოტოები და შემიძლია წარმოვადგინო.
– (მესამე ცოდვა) უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, ჩემმა ძმამ (ის სკკპ–ს წევრი გახდა ოკუპანტების ჯარში სავალდებულო სამსახურის გავლის დროს 1964–67 წლებში) დამიწყო ჩიჩინი – თუ გინდა, რომ რამეს მიაღწიო, კომკავშირში უნდა დაიწყოო ჩალიჩი – და ჩემს დაუკითხავად ასეთი "შტუკა" გამიკეთა. ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი, მეხუთეკურსელი ნოშრევან ჯიშკარიანი (ღმერთმა აცხონოს! ახალგაზრდა გარდაიცვალა, კარგი ბიჭი იყო....) ჩემი ძმის სიმამრის მდგმური იყო და ამ ჩემმა ძმამ და მისმა სიმამრმა გამიჩალიჩეს ის. რომ კურსის პირველივე კომკავშირულ კრებაზე ნოშრევანმა მე კურსბიუროს მდივნის თანამდებობაზე დამასახელა და დამნიშნა კიდეც... ეს იყო ჩემი კომკავშირულ–კომუნისტური კარიერის მწვერვალი. ერთი წლის შემდეგ არაფრისკეთების გამო გამათავისუფლეს და დიდმა კაცმა და დიდმა მეცნიერმა კოტე ფაღავამ ყვირილით გამომისტუმრა ფაკულტეტის კომკავშირის კრებიდან უმაქნისობის და პოლიტიკური ინერტულობის გამო.... მადლობა ღმერთს, მეორე კურსიდან აღარ ვიყავი მდივანი და სულ მალე მე ბატონი კოტეს საყვარელი სტუდენტი გავხდი და მეც ძალიან მიყვარდა ეს დიდებული ადამიანი.
– 1981–83 წლებში ვმსახურობდი ავღანეთში სამხედრო თარჯიმნად, მაძალებდნენ სკკპ წევრობას, მაგრამ არ შევედი მათს როგებში და 1983 წელს ასაკის შესაბამისად კომკავშირიც და სამხედრო სამსახურიც ერთად დავტოვე....
– 1983 წლის სექტემბერ–ოქტომბერში ორი თვე ვმუშაობდი კომკავშირული ქალაქის ბორის ძნელაძის პასუხისმგებელ აღმსრულებლად (მზია რაჟდენოვნასთან), იქ მე განათება–გათბობა–კეთილმოწყობის საქმეები მევალებოდა.
– ამით დასრულდა ჩემი "პოლიტიკური კარიერა". მას შემდეგ არანაირ პარტიასა თუ დაჯგუფებაში გაწევრიანების არანაირი სურვილი და შანსი არ მქონია... ვიყავი ჩემთვის აპოლიტიკურ ყოფაში და ვზრდიდი შვილებს... ასევე აპოლიტიკურად!
...მე ყველაფერი ვაღიარე, ახლა "ეს თქვენი რუმბივით გასიებული ფალავანი გინდათ შაიტანეთ და გინდათ გამაიტანეთ" (ციტატა ფილმ "ბაში–აჩუკი"–დან... არ იფიქროთ, რომ ამ ფრაზაში "ფალავანი" რაიმე "სემიოტიკური" წიაღსვლაა... "ფაჰლავან" სპარსული სიტყვაა და "ვ ეტომ გასტინიცე ია დერექტორ").
Комментариев нет:
Отправить комментарий