понедельник, 24 июня 2013 г.

"აააააააააააააააააააა...."

ედიშერ გარაყანიძეს ბევრი იცნობს და ახსოვს, რა დიდებული ადამიანი და ხელოვანი იყო იგი... მისი ლამაზი ცხოვრების და ტრაგიკული გარდაცველების ამბებს, ალბათ, ჩვენი საერთო მეგობარი მაია კახიძე გვიამბობს, რომელმაც უკვე ისეთი სტარტი აიღო, რომ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ვინც კი ცხოვრობდა საქართველოში ჭკვიანი, ნიჭიერი და ღირსეული, ყველას იხსენებს და მეც ვეხმარები, შეძლებისდაგვარად, ამ დიდ საქმეში...
მე კი ახლა ერთი ამბის გახსენება მინდა:
ედიშერის და ნინო ბაღათურიას ქორწილში ვიყავით ცხაკაიაში (ახლანდელ სენაკში), სადღაც 70-იანი წლების მეორე ნახევარში; ყველაფერი ისე ჩატარდა იქ, როგორც დიდებულ სამეგრელოს და მის უმშვენიერეს ხალხს ეკადრება - ნიჭიერებით, კურიოზებით, სიხარულით, გართობით, სადღეგრძელოსთვის გამზადებული და თეფშებზე ჩამწკრივებული 7, 9, 11 ჭიქით და ა.შ... ამ ქორწილის დეტალებს ოდესმე სხვა მოგონებაში გავიხსენებ... ჰოდა, ქორწილის მეორე დღეს სენაკის (მაშინდელი ცხაკაიას) სადგურზე რომ გვაცილებდნენ, სტუმარი თუ მასპინძელი ყველა მღეროდა, აბა, ედიშერის ქორწილის დასკვნითი ეტაპი უსიმღეროდ ხომ არ ჩაივლიდა?! - ნამთვრალევ-ნაბახუსევი მექორწილეები, გოგო თუ ბიჭი, ყველა მღეროდა და მათ შორის ერთი ჩვენი მეგობარიც, რომელსაც, მგონი, დაბადებამდე დაადგა დათვმა ყურზე ფეხი... მოგეხსენებათ, რა ძნელი მოსასმენია, როცა ისმის ლამაზი, ხმაშეწყობილი სიმღერა და ერთი ვინმე ეჩრება და საშინლად არღვევს არსებულ ჰარმონიას... 
დიახ, სწორედ ასე იქცეოდა ის "დათვისგან დაჩაგრული" ერთი ჩვენი მეგობარი, არადა, მასაც სურდა, რომ ემღერა და რა ექნა, ხომ არ დადუმდებოდა?! ედიშერმა ერთხანს უსმინა და გაუძლო კაკოფონიას, ვერაფრით ვერ შეძლო "დათვის" გაჩუმება და ბოლოს ძალიან თავაზიანად შესთავაზა ერთი ბგერის დამახსოვრება და უთხრა: როცა მე განიშნებ ეს ბგერა მაშინ წაიმღერეო და... ჩვენც გვეშველა და სიმღერის ჰარმონიასაც... მორიგ პასაჟს რომ ჩავიმღერებდით, ედიშერი მისგან სახელდახელოდ გაწვრთნილ "სოლისტს" ანიშნებდა და ისიც ამოიღრიალებდა - "აააააააააააააააააააააა"... ასე რომ, მოიძებნა საშუალება იმისა, რომ ყველას თავისი ამბიცია დაეკმაყოფილებინა ვოკალურ ხელოვნებაში...

იცით, ეს ყველაფერი რატომ გავიხსენე?
მოკლედ ვიტყვი - თუ არ მოგცა ღმერთმა ნიჭი ლექსის ჰარმონიის შექმნისა და მაინც გინდა, რომ ირიცხებოდე პოეტთა საზოგადოებაში, არის ასეთი საშუალება - "აააააააააააააააააააააა" (იხილე ზემოთ) და შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ!

Комментариев нет:

Отправить комментарий