ამ ორიოდე დღის წინ ჩემი ძველი უბნისკენ მივდიოდი მანქანით და ჩემი სკოლელი, ბავშვობის მეგობარი დამემგზავრა... უფრო სწორად, დავინახე, რომ გზაზე იდგა, გავაჩერე მანქანა და წაყვანა შევთავაზე და, როგორც თბილისში ვამბობთ ხოლმე, ერთმანეთის ნახვაც ძაან–ძაან გაგვიხარდა... "სად მიგიყვანო?"–მეთქი, რომ ვკითხე, ისეთი კარგი სახელი მითხრა ჩემი მშობლიური უბნისა, რომ ესეც ძაან–ძაან გამიხარდა...
საქმე იმაშია, რომ ჩემს უბანს (ლაპარაკია სამების დიდი კარიბჭის წინ მდებარე ტერიტორიაზე) თავისი კონკრეტული სახელი არ გააჩნდა... ეს ქუჩა ახლანდელ ისნის (ყოფ. 26 კომისრის) და ჩუღურეთის (ყოფ. ოქტომბრის) რაიონებს ყოფდა ერთმანეთისგან, უფრო მიკროუბნური სახელების გათვალისწინებით კი ხევისუბნის (ჩუღურეთის მხრიდან), კაზარმის (ახლანდელი პრეზიდენტის სასახლის) და ხოჯევანქის (ელიის დასახლების მიმართულებით) გზაგასაყარზე მდებარეობდა და ახლაც მდებარეობს... 60–იანი წლების დასაწყისში სამების ხსენებული ჭიშკრის ადგილზე ოთხსართულიანი 98–ე რუსული სკოლა რომ ააშენეს, თითქოს ცოტათი გვეშველა და "სკოლის უბანი" დაგვერქვა, მაგრამ ასეთი სახელი დაკონკრტებას საჭიროებდა, რადგან იმ უბნებში 77–ე, 79–ე, 84–ე, 86–ე, 88–ე, 90–ე, 122–ე დიდ–პატარა ქართულ–რუსულ–სომხური სკოლები არსებობდა და შესაბამისად "სკოლის უბანიც" ბევრი იყო...
ჰოდა – შენ ხარ ჩემი ბატონი! – ასე და ამგვარად გვტანჯავდა და ორიენტაციას (გეოგრაფიულს, განა სხვა რომელიმეს...) გვიბნევდა გზაგასაყარზე ცხოვრება... რაღაც მთლიანად საქართველოს მოდელში ვიყავით, რა... ვერც ამ ჩვენი ქვეყნისთვის დაგვიდგენია ორიენტაცია (აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი თუ დასავლეთი?) და ჩემს ხსენებულ უბანსაც იგივე სადარდებელი ჰქონდა...
და აი, გვეღირსა! დაგვერქვა სახელი!
ჩემმა სკოლისდროინდელმა მეგობარმა მითხრა – "სამების უბანში მიმიყვანეო!" (ვაჰ, შენც გენაცვალე და იმ უბანსაც!)
სახელიც და გზაც ტაძრამდე მივიდა!!!
სახელიც და გზაც ტაძრამდე მივიდა!!!
* * *
ეს უბნელობა და სკოლის მეგობრობა კი "ელჩებივით" მარადიული ცნება ყოფილა – ერთხელ თუ იქ დაიბადე და იქაური მეგობრები გაიჩინე, მერე სადაც გინდა გადასახლდე, მაინ სულ იმ–ძველი–უბნელი გქვია და იქაური მეგობრობაც მარადიული და დაუსრულებელია... და, მგონი, საიქიოშიც გრძელდება...
ესე იგი მე სამების უბნელი ვარ!
რა მაგარია!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий