(გვიამბობს ჩემი შვილი, ვახტანგი... ავსტრიიდან)
ლინცში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, ერთი პროზაული პრობლემის წინაშე დავდექი: დამჭირდა ცოცხი. ჰოდა, მივადექი დიდ ხუთსართულიან ჰიპერმარკეტ, kika-ს სადაც ყველაფერი იყიდება სახლისთვის: ლურსმნიდან დაწყებული ჰამაკით დამთავრებული. ვინაიდან გერმანული არ ვიცი, დავიწყე ცოცხის ძებნა ხუთ სართულზე. ზუსტად ორი საათი ვეძებე მაგრამ ამაოდ. ბოლოს ძალიან რომ დავიღალე, გადავწყვიტე იქაური პერსონალისთვის მიმემართა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მე ცოცხი არ ვიცოდი, როგორ იყო გერმანულად, მათ კი - ინგლისურად არ იცოდნენ რა არის broom (ჩემი ანდროიდი კი დამჯდარი იყო, რომ მენახა ლექსიკონში). ჰოდა, გავაგრძელე ბოდიალი იმის იმედით რომ ვიპოვიდი. ამასობაში გამახსენდა ბებიაჩემი, რომელიც მთელი ბავშვობა მიყვებოდა ერთ ისტორიას, თუ როგორ დაასრულა სკოლა ისე, რომ მხოლოდ ერთი ანდაზა ისწავლა გერმანულად: Neue Besen kehren gut (რაც ბებიაჩემის ინტერპრეტაციით "ნოე ბეზენ კერენ გუთ" იყო ანუ "ახალი ცოცხი კარგად გვის"). ჰოდა, მივადექი დამხმარე პერსონალს და ვეუბნები ერთ გოგოს: "იხ სუხე ბეზენ, კიონენ ზი მია ჰელფენ" (არ ვიცოდი რა სქესისა იყო "ბეზენ" და არტიკლი გამოვტოვე). იმ გოგომ - აი, ესააო და მომირბენინა "ჩოთქი". მოკლედ... დიდი ხანი ვუმტკიცე, რომ ეს არ იყო ის, რასაც ვეძებდი ანუ ცოცხი და ის მეუბნებოდა, რომ - არა ეს არისო ბეზენ (ცოცხი).
Moralität:
ხანდახან ბებია, რომელმაც არაფერი იცის გერმანულში რაღაცას გასწავლის და შენთვის "ჩოთქი" შეიძლება სხვებისთვის იყოს - ცოცხი
Комментариев нет:
Отправить комментарий