არის ხოლმე შემთხვევები, როცა კამათში ესა თუ ის მხარე გაჯიქდება და სანამ თვითონაც არ გალურჯდება და შენც არ გაგალურჯებს და თავისას არ გაიტანს, ვერ დაშოშმინდება... რუსთველისა არ იყოს – "უცილობლობს ვითა ჯორი" (მე–15 სტროფი); ასეთ შემთხვევაში პირადად მე ვერიდები ხოლმე კამათის სიღრმეებში შესვლას, ვუფრთხილდები საკუთარ ნერვებს, მაგრამ თუ მაინცადამაინც საჭიროა საკუთარი პოზიციის დაცვა, საამისოდ არსებობს ასეთი საშუალება:
ჯიუტად მოკამათე მხარე (შემდგომში "ჯორი") ასიდან 99 შემთხვევაში ფსიქიკური სტრესის ზეგავლენით მოქმედებს და არანაირად არ უნდა დავის საკითხი გონებრივ რეგისტრებში გადაიტანოს: ანუ – მას აკვიატებულად მიაჩნია, რომ კამათში დამარცხება მის თავმოყვარეობას შელახავს, თუნდაც გრძნობდეს საკუთარი მტკიცებულებების მცდარობას, მაინც არ დანებდება... სიჯიუტე საშიში ფსიქიური ნაკლოვანებაა...
ამიტომ: ა) უნდა შეძლოთ და პირველ რიგში აღკვეთოთ მის ფსიქიკაში პატივმოყვრეობის აღგზნება და უბრალოდ უთხრათ ასე.... "დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით..." ჯორი რაწამს გაიგებს ამ სიტყვებს, უმალ შეწყვეტს კამათს და დაიწყებს ტკბობას საკუთარი გამარჯვებისა გამო... ბ) თუმცა ხსენებულ ფრაზას ("დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით...") მცირეოდენი პაუზის შემდეგ უნდა მოაყოლოთ ჯადოსნური სიტყვა "მაგრამ" (!)....
"დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით... მაგრამ..."
"დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით... მაგრამ..."
გ) მოკამათე უმალ დაცქვეტს ყურებს და გაემზადება ახალი შეტევისთვის. თქვენ კი არ უნდა აცალოთ მორიგი აღგზნება და უნდა გააგრძელოთ თქვენს მიერ განსახორციელებელი მკურნალობა შემდეგი სიტყვებით: "...მაგრამ ამ საკითხის შესახებ არსებობს სხვა ჭკვიანური მოსაზრებაც".... ჯორისთვის ეს იქნება გამაოგნებელი დარტყმა, ანუ: მისი მოსაზრება "ჭკვიანურია" თურმე და კიდევ არსებობს ამქვეყნად მისი მსგავსი ჭკვიანი ხალხი (!)... ესე იგი განხორციელდება მარტივი, მაგრამ ძალზედ ეფექტური ოპერაცია: ჯორის ემოციურ აშლილობას (სიჯიუტეს) გადაიყვანთ რაციონალური მსჯელობის სივრცეში და თქვენ უკვე გექნებათ სრული გარანტია იმისა, რომ მოდავე–მოკამათეს დაამარცხებთ, რადგან იგი გონივრულ რეგისტრებში სრულ კრახს განიცდის; მისი იარაღი კამათის დროს არის სიჯიუტე, რაც, როგორც უკვე ვნახეთ, ჩვენ ეშმაკურად მოვიშორეთ თავიდან.
მაშ ასე, ვიმეორებ ფრაზას მთლიანად:
"დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით... მაგრამ... ამ საკითხის შესახებ არსებობს სხვა ჭკვიანური მოსაზრებაც..."
პაუზების დარეგულირება ნუ დაგავიწყდებათ და განხორციელებული "მკურნალობის" შემდეგ გამოთქვით თქვენი მოსაზრება თამამად – ჯორი კამათს აღარ გააგრძელებს...
თუ კამათში შეგეფეთა უცილობლად ვინმე ჯორი,
სარეზერვოდ უნდა გქონდეს შენ "ნერვები" ერთი–ორი...
ჯორს ვერაფერს დააჯერებ, თუნდაც ურტყა ლომის ტორი...
დამშვიდდი და ჭკუისაკენ გაუკვალე ჯორს გზა შორი.
Комментариев нет:
Отправить комментарий