понедельник, 13 мая 2013 г.

ინტერვიუ, 2012 წლის მარტი

ალექსანდრე ელერდაშვილი
"თეირანში პანიკა არ იგრძნობა"

დღეს ირანი, იქ მიმდინარე პროცესები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ამ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ქართულ-ირანულ ურთიერთობებზე გვესაუბრება აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი ალექსანდრე ელერდაშვილი, რომელიც რამდენიმე კვირაა დაბრუნდა თეირანიდან.

- ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობები მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ეფუძნება. ორ ხალხს შორის პოლიტიკური ურთიერთობა 200 წლის განმავლობაში თითქმის გაწყვეტილი იყო, მაგრამ კულტურული, ადამიანური ურთიერთობები მეტ-ნაკლები ინტენსივობით მაინც გრძელდებოდა. ირანი ყოველთვის დაინტერესებული იყო ამიერკავკასიაში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. დღეს ამას ირანელი ტურისტების საქართველოსადმი სულ უფრო მზარდი ინტერესიც დაემატა.
- როგორ შეაფასებთ ირანსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა?
- დადებითად. რატომ არ უნდა იყოს უვიზო მიმოსვლა ჩვენს სახელმწიფოებს შორის? თეირანში ყოფნისას არაერთ ქართველს შევხვდი, რომლებიც იქ ბიზნეს თუ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან. საქართველოში ირანის საელჩოს კულტურის განყოფილება, ისევე როგორც საქართველოს საელჩო თეირანში, ყველაფერს აკეთებს მრავალსაუკუნოვანი ქართულ-სპარსული ურთიერთობების განსამტკიცებლად, აღსადგენად. იგეგმება ქართულ-ირანული ტელესერიალის გადაღება, რამდენიმე დღეში თბილისში გაიმართება ბელა შალვაშვილის წიგნის, ფირდოუსის გენიალური "შაჰნამეს" თარგმანის პრეზენტაცია, რომელიც ირანის საელჩომ გამოსცა.
- მიუხედავად სავიზო რეჟიმის გაუქმებისა, ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ერთგვარი კლიშეები ირანის მიმართ, რომ იქ ნაკლებად შემწყნარებლური საზოგადოებაა, რომ იქ მოქმედებს შარიათის კანონები, ქურდობის გამო ხელს აჭრიან და ა.შ.
- თანამედროვე ირანი ტექნოლოგიურ-სამეცნიერო თვალსაზრისით ძალზე განვითარებული ქვეყანაა, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაც უკავია ცხოვრების საკმაოდ მაღალი დონით. შარიათის კანონებიდან გამომდინარე, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები არსებობს. ვფიქრობდი, რომ ინტერნეტით სარგებლობა ირანში შეზღუდული იყო, მაგრამ ინტერნეტი იქ მუშაობს, თუმცა ნელა, დაბალი სიჩქარით, ისევე როგორც საქართველოში იყო რამდენიმე წლის წინ. ასე რომ, ჩვენი და დასავლური სამყაროს თვალსაზრისი ირანზე ხშირად ზედაპირულია. ხშირად გაიგონებთ, რომ ირანში ქალთა უფლებები ილახება, თუმცა, უცხოელები გაკვირვებით აღნიშნავენ, რომ ოჯახში ირანელ ქალს მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ზოგ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, განსხვავება ირანელი საზოგადოების ცხოვრების წესსა და ჩვენი ცხოვრების ნირს შორის არსებობს, მაგრამ ის მინიმალურია.
- მაინც რა არის მთავარი განსხვავება დასავლურ და ირანულ საზოგადოებას შორის?
- კავკასიელების მსგავსად, ირანელები სტუმართმოყვარე ხალხია. თუ ევროპელი, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად ინტერესდება ქუჩაში გამვლელის პრობლემით, იქ შეგიძლია ნებისმიერ ადამიანს სთხოვო დახმარება, უარს არაფერზე გეტყვიან.
- როცა 1979 წლის 1 აპრილს, ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოცხადდა, მისი საგარეო პოლიტიკის ლოზუნგი ასეთი იყო: "არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი"... რას იტყვით, დღევანდელი ირანის საგარეო პოლიტიკის ვექტორზე?
- პოლიტიკის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ირანის იმჟამინდელი კურსი სწორი იყო. ჩემი აზრით, როცა ქვეყანა ირჩევს რომელიმე ორიენტაციას, ეს გარკვეულწილად, მიბაძვას გულისხმობს, მიმბაძველობა კი მანკიერი თვისებაა. ირანელებმა გადაწყვიტეს, საკუთარი თავისთვის, ისტორიისთვის მიებაძათ და ასე განეგრძოთ სვლა მომავლისკენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს იდეალური ფორმულაა, მაგრამ კარგი იქნება, ქართველებმაც საკუთარ ფესვებზე მეტი ვიფიქროთ.
- რამდენიმე დღის წინ ირანში პარლამენტის, მეჯლისის არჩევნები ჩატარდა, ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს იყო ბრძოლა ტრადიციონალისტებსა და რეფორმატორებს შორის.
- როცა საზოგადოების განვითარება გარკვეულ ზღვრამდე, ნიშამდე მივა, ჩნდება რეფორმების საჭიროება. ნებისმიერ რელიგიასა თუ იდეოლოგიაზე დაფუძნებული საზოგადოება გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ რეფორმის აუცილებლობის წინაშე დგება. როგორც ჩანს, ირანელებმა მიიჩნიეს, რომ რევოლუციის გარკვეული ეტაპი დასრულდა და ცვლილებები, დოგმების გადახედვაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ არაბული სამყაროს არაერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ირანში დაშვებულია მრავალპარტიულობა, ისე როგორც კერძო საკუთრება. ცვლილებების მოლოდინმა გამოიწვია ის, რომ ირანის პარლამენტში ახალი პოლიტიკოსების, პოლიტიკური მიმართულებების გავლენა გაძლიერდა.
- გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მეჯლისის არჩევნებში დამარცხდა პრეზიდენტ აჰმადინეჟადის უმცროსი და, რომელიც მშობლიურ ქალაქში იყრიდა კენჭს...
- საერთოდ, ნათესაური კლანების საკითხის წამოწევა ნებისმიერ ქვეყანაში აქტუალური და პრობლემურია. არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტის და თანასწორ, პატიოსან პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა, შესაძლოა, ამაში გარკვეული მიზნებიც იყო ჩადებული და დღეს მოდურად ქცეული პიარისთვის დასჭირდათ. ასეა თუ ისე, ეს ფაქტი მრავლისმეტყველია.
- მიმდინარე ბირთვული პროგრამის გამო, ირანს დასავლეთის ქვეყნები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ და შეიძლება ითქვას, მის გარშემო წრე სულ უფრო ვიწროვდება, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თქვა, რომ თუ არაფერი შეიცვალა, ვაშინგტონი უყოყმანოდ გამოიყენებს ძალას ირანის წინააღმდეგ... ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადება მიმდინარეობს, მოსახლეობა მობილიზებულია, საბრძოლველად ე. წ. ქალ-ნინძებსაც კი ამზადებენ და ა.შ.
- მოგეხსენებათ, ირანიდან რამდენიმე კვირის წინ ჩამოვედი, იქ მსგავსი არაფერი მინახავს, არც ხალხში და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში იგრძნობა დაძაბულობა. ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მეც გარკვეული შიშით მივდიოდი, მაგრამ ჩემი იქ ყოფნისას ირანში რევოლუციის 33-ე წლისთავი აღინიშნა, თეირანის ცენტრში გაიმართა დიდი სამოქალაქო თავყრილობა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს, მაგრამ არავითარი პანიკა არ იგრძნობა.
და კიდევ - ზოგიერთი "კომპეტენტური" ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორია შესაძლოა, დასავლეთმა ირანზე თავდასხმის პლაცდარმად გამოიყენოს, რაც აბსურდია. აშშ-ს ამისთვის ირანთან დიდი სახმელეთო საზღვრის მქონე ერაყი ჰყავს, აღმოსავლეთიდან კი - ავღანეთი და პაკისტანი, რისთვის სჭირდება მას კავკასია, კერძოდ, საქართველო ამ მიზნისთვის?
- გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მთელ მსოფლიოში ირანული ლიტერატურის, კინოს ბუმია, ახლახან ირანულ ფილმს "ოსკარი" მიანიჭეს. ხომ არ თამაშობს ამ ყველაფერში გარკვეულ როლს პოლიტიკური კონიუნქტურა?
- პოლიტიკა არაფერ შუაშია. ირანული კინემატოგრაფის ტრიუმფი, ჩემი აზრით, ორი ფაქტორით არის განპირობებული. პირველი - ე.წ. ბებერ ევროპას ყოველთვის სჭირდება ახალი სისხლის გადასხმა, იქნება ეს სამხრეთამერიკული მწერლობა თუ პოსტსაბჭოური სივრცისა და იუგოსლავიელი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმები. ირანიც ევროპისთვის ახალი ხილია. მთავარი კი ის არის, რომ ირანელები ძალზე პოეტური აზროვნების, ცნობიერების ხალხია. ეს კარგად ჩანს როგორც მსოფლიო დონის სპარსულ ლიტერატურაში, ისე მათ ფილმებში. ირანული კინო არ არის კომერციული, "ჰეფი ენდზე" დაფუძნებული, რომლისთვის მთავარია მაყურებელი დარბაზიდან კარგ განწყობაზე გამოვიდეს, იფიქროს, ფული ტყუილად არ დამიხარჯავსო. ირანული კინო ადამიანს დააფიქრებს და არაერთი დღის სამყოფ სულიერ საგზალს გაატანს.

ინტერვიუს უძღვებოდა ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)

http://www.ambebi.ge/politika/49796-aleqsandre-elerdashvili-qtheiranshi-panika-ar-igrdznobaq.html?add=1

Комментариев нет:

Отправить комментарий