вторник, 14 мая 2013 г.

რა შეუძლია მაპუტუს, ანუ ასეთია პოეტების ბედი!


დილიდან ამეკვიატა ეს სიტყვა (მაპუტუ – მოზამბიკის დედაქალაქია, რა) და სანამ რაღაც ლექსისმაგვარი არ შვა, თავი არ დამანება; ვერ გეტყვით, რატომ არ დამანება თავი, იწრიალა, იწრიალა და შესაძლო რითმები მომაძებნინა, თანაც ეს ყველაფერი ხდებოდა სადღაც უკანა პლანზე, ჩემ საკეთებელ საქმეს ვაკეთებდი და მის წილ ფიქრსაც ვთვლიდი “პრიორიტეტად”, ეს მაპუტუ კი, ჩვენ რომ ვიცით ხოლმე თქმა, მოგუდულად “ღიღინებდა” გონებაში….

არ გეგონოთ, რომ საკუთარი ნიჭის წარმოჩენას ვცდილობ, მე უბრალოდ აზრი გავადევნე იმ პროცესს, რასაც ლექსის შექმნა ჰქვია, ასევე წრიალებს, ალბათ, ბგერა კომპოზიტორის არსებაში, ფერი მხატვართან და ასე შემდეგ….
მახსოვს ასეთი შემთხვევა: ერთი ძალიან ცნობილი პოეტის გვერდით ვიდექი ხალხმრავალ ადგილზე, ჩვენს გვერდით ქალები იდგნენ, რომლებმაც შენიშნეს, რომ მოშორებით მაშინდელი მერი თბილისისა ვანო ზოდელავა იდგა… ჩვენს უკან კი ვიღაცამ ჩაილაპარაკა – ეს წიგნები თითმერიას გამოცემულია–ო… იმ ცნობილმა პოეტმა კი თავისდა უნებურად, ისე რომ არც კი უფიქრია, ჩაილაპარაკა: “წიგნებს ბეჭდავს თითმერია, თვალს ადევნებს თვით მერია”… მე მგონი, მას, იმ პოეტს ეს ფაქტი აღარც კი ახსოვს, ჩემს მეხსიერებას კი შემორჩა, როგორც ფაქტი ლექსის დაბადებისა…
ჰოდა, “მაპუტუზე” მოგახსენებდით…. ათიოდე წუთის წამების შემდეგ ასე შვა მან ნიმუში “პატრიოტული ლირიკისა”, თავადაც დაისვენა და მეც დამასვენა:
ჩემო თბილისო, ვიდრემდე
დამგვანებიხარ მაპუტუს,
ვიდრემდე ვნახავთ ქართველებს
გაძარცვულსა და გაპუტულს,
ჩვენ თავს მივხედოთ, ნუ ვკივით -
“კაპუტ ენგლიშ” და “კაპუტ რუს”,
თორემ სულ მალე გვეტყვიან:
ლიკვიდუს! მოჭრუს! ამპუტუს!

Комментариев нет:

Отправить комментарий