დღეს, მგონი, ვკვდები, დიდი სიცხე მაქვს...
ჰოდა, გამახსენდა, რომ ამას წინათ ერთმა "ფრენდმა" მითხრა - "ქალიშვილი შენ არ გყავს და მოდი, მიშვილეო" (ძალიან მომეწონა ეს აზრი!)
აი, ახლა, სიკვდილის ბუზი რომ დამაჯდა, ისევ "ლექსი" დამაწერინა, მაგრამ დავეჭვდი - ბუზი თუ სიკვდილისაა, ალილუია უნდა ჩამძახოს, რა დროს ლექსებია-მეთქი... ერთი სიტყვით, ბუზი ზის და არ იძვრის და სანამ გონზე მოსულა, ამ ლექსს ჩავიწერ:
მგონია, ვკვდები.... ამას გთხოვ, შენ, შვილობილო კაწიე -
მე ერთი დიდი ტკივილი როგორმე გამიპაწიე;
მეგრელი დედა მე არ მყავს, ცრემლით რომ მითხრას - ვააააა, წიე!
და ვერც ასული დამტირებს - "მამა" ვის ვუთხრა აწი ეეეეეეეეე"
ოთხი ბიჭი მყავს (ქვეყნისთვის, მე მგონი, ჯაფა გავწიე).
ჰოდა, ერთმანეთს ეტყვიან - ე, ბიჭო! კუბო აწიე....
ამიტომაც გთხოვ შვილობილს, ხალხი აქა-იქ გაწიე -
მე ერთი ცრემლი და ბევრი ღიმილი შემომაწიე.
მგონი, სიკვდილის ბუზი ჯერ ცუდს არაფერს მიპირებს და ამიტომ ერთ მკრეხელურ აზრს კიდევ დავწერ "ვეფხისტყაოსნის" შესახებ და შევეცდები ერთი პერსონაჟის სახელის წარმომავლობა ავხსნა (არაქართულად):
მოგეხსენებათ, რუსთველი ერთ ადგილზე ახსენებს როსტომს ("შაჰნამეს" პერსონაჟს) - "როსტომის მკლავ უგრძესითა"-ო - ამბობს მშვილდის შესახებ; ესე იგი როსტომი და როსტევანი ავტორისთვის სხვადასხვა სახელებია.
რას უნდა ნიშნავდეს "როსტევან"-ი?
ამასწინათ ვთქვი - "რუსთა/როსთა" ( روستا ) სპარსულად სოფელია და "რუსთაველის" ფსევდონიმიც აქედან მოდის-მეთქი (და ტოპონიმი "რუსთავიც"); მე ასე ვვარაუდობ და რა ვიცი?! ჰოდა, თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ როსთა-ვან (მეორე ვარიანტი - როსთა-ბან) არის ~სოფლის თავკაცი, მპყრობელი, მოსამართლე და მოწყალე - მეფე... "სოფელი", რა თქმა უნდა, აქ ნიშნავს ქვეყანასაც და საწუთროსაც.... ("ვან/ბან" ბოლოსართი რაღაცის ფლობას აღნიშნავს (გაიხსენეთ "მარზ-ბან/მარზ-პან" - საზღვრის მფლობელი, მცველი).
აი, ასეთი ამბებია....
მგონი, სიკვდილის ბუზი ამოძრავდა და თუ ხვალ "ფეისბუქში" არ გამოვჩნდი, პანაშვიდის დღეებს გაცნობებენ...