пятница, 23 мая 2014 г.

მზესუმზირების მეთოდი

ერთხელ, 90-იან წლებში, ერთ (ჩვენთვის ახლადგახსნილ) ქვეყანაში წავედით მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი... დიდი ბიზნესის დაწყების მანიით იყო შეპყრობილი მაშინ ყველა და ჩვენც ვცადეთ... ქვეყანა გახლდათ ევროპულ-სლავური და შესაბამისად ნაცნობობის გაბმა, კარგი ურთიერთობის დამყარება და ა.შ. არ გაგვჭირვებია, თუმცა უნდა ითქვას, რომ საოცრად გულღია ხალხი შეგვხვდა და დღემდე იმ აზრზე ვარ, რომ ეს ქვეყანა ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანებით არის დასახლებული...
ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, დაგვპატიჟეს ერთ მთიან სოფელში, სადაც იყო საოცრად ლამაზი ბუნება და უმშვენიერესი ისტორიული ძეგლები მონასტრითურთ... იქაური ხედები დღემდეა ჩარჩენილი ჩემს მეხსიერებაში... მიგვიღეს, გვიმასპინძლეს, პატივი გვცეს და საღამოს სადღაც ქვემოთ, ცენტრალურ შარაგზაზე რომ დიდი დასახლება იყო, იქ წაგვიყვანეს გასართობად... ჩვენც გავერთეთ (როგორ? ეს ცალკე მოთხრობის თემაა); იქამდე გზა მზესუმზირის უზარმაზარ ყანაზე გადიოდა და შესაბამისად უკანაც ამ გზით უნდა ავბრუნებულიყავით, უფრო სწორად - ბილიკით... 
ხსენებული გასართობი ადგილიდან ნასვამ-ნაჭამ-ნაქეიფრები რომ გამოვედი, მე და ჩემი მეგობარი ამოვუყევით გზას მონასტრისაკენ... ალბათ, 2-3 კილომეტრი იქნებოდა ორმეტრიან მზესუმზირებს შორის ("სემიჩკას" ვეძახი დღემდე შინაურობაში)... მეც კარგად მთვრალი ვიყავი, მაგრამ ის ჩემი მეგობარი ძლივს იდგა ფეხზე და რომ გამოვიარეთ 300-400 მეტრი, მიმოვიხედე და ის ვაჟბატონი არსად ჩანდა.... ვიდექი გაოგნებული შუა ღამისას შუა ბილიკზე, შუა ციდან თავზე ბადრი მთვარე დამნათოდა და ცხადია, მაშნვე დავიწყე ძახილი.... ბადრი, ბადრიიიიი (სხვა სახელი ჰქვია მაგრამ აქ "ბადრი" ერქვას იქ რომ მთვარე დამნათოდა იმის ხათრით). მაგრამ სადაა ბადრი?! ფაფუ! არსაიდან ხმა, არსით ძახილი... ვიფიქრე უკან დაბრუნდა და გართობის გაგრძელება მოინდომა-მეთქი, ან გამასწრო და უკვე მონასტერშია-მეთქი, ან გაფრინდა-მეთქი... ვაჰ! სხვა რა მეფიქრა?! მაშ, სად დავკარგე ეს კაცი ასე თვალსა დე ხელს შუა?! უფრო სწორად - მზესუმზირებსა და სემიჩკებს შუა... ორიოდე საათი ვიარე ზემოთ-ქვემოთ... ამასობაში გამოვფხიზლდი კიდეც... იმასაც ვფიქრობდა - დედაშენს რა ვუთხრა-მეთქი, ბიჭო, უშენოდ რომ დავბრუნდები თბილისში და ასე შემდეგ და ჰარი-ჰარალე... შენ დაუკა, ლურჯი ჩიტი ამოფრინდება... დავიღალე-ჩამოვჯექი-ავდექი... ისევ დავიღალე, ისევ ჩამოვჯექი და ისევ რომ ავდექი, ვიფიქრე ამ "სემიჩკებშიც" უნდა შევიდე-მეთქი და პირველივე ნაბიჯის შედგმაზე, ორ-სამ მეტრში ბილიკიდან, დავინახე - ეს ჩვენი ბადრი წევს და არხეინად ხვრინავს... მერე კიდევ ბევრი ამბები გადაგვხდა თავს იმ ქვეყანაში და თუ სათქმელი მოიტანს, დავწერ კიდეც... 
ეს ამბავი კი, ახლა რომ გიამბეთ,  იმან გამახსენა, რომ ამჟამად ამით ვარ დაკავებული - ჩემს მიერ ოცდაათიოდე წლის წინ თარგმნილი ყაზალის დედნებს ვეძები ჯალალ ედ-დინ რუმის დივანში, სადაც 3200 ყაზალია მოთავსებული; ერთი მათგანი ვერაფრით რომ ვერ ვიპოვე, ვიფიქრე, აბა ერთი იმ "მზესუმზირებში შესვლის" მეთოდს გამოვიყენებ და მაუსის პირველივე ჩამოსქროლებით სადაც გავჩერდები, იქ დავიწყებ-მეთქი კითხვას და ძებნას და აჰა! - მეორედ გამიმართლა ცხოვრებაში ამ მეთოდმა.... ვიპოვე! რიგით 1160-ე ყოფილა...
დიდება მზესუმზირებს! სხვაა შორის, კარგი ფილმი იყო ასეთი ერთდროს - "მზესუმზირები", სოფი ლორენი თამაშობდა, სსრკ-იტალიის ერთობლივი ნაშრომი... ამ გახსენებაზე, ბარემ იმასაც ვნახავ საღამოს კინოთეატრ "იუთუბში".
თარგმანი, რომლის დედანსაც დიდხანს ვეძებდი, ეს გახლავთ:

შუბლი გაიხსენ და მიღმიერ პირს ნუღარ მიხრი,
ვით შვიდსა სფეროს, განგვირიგე ჩვენც ლტოლვის ნიხრი...

ჩვენ შორი გზიდან მოგვიყვანა შენმა ტრფიალმა,
მოდი, გვნახე და განგვაშორე ლოდინის ჭირხლი.

ნეტავი შენ, რომ შენი სულის მფლობელი შენ ხარ
და სამოთხეთა ძიებაში ქედს არსად იხრი...

ბანიდან ქვემოთ ჩამოგვხედე უსასო მიჯნურთ,
თორემ სადაც არს, ჩაგვაზილა საწუთრომ წიხლი.

მწდეო, სუფიებს სხვა სიბრუვის ღვინო სწყურიათ,
ვაზის ნაჟურს და რუმბში ნადგომს რა თავში ვიხლი?!

მწდეო, იმ ღვინით ისე ძლიერ უნდა დამათრო,
რომ საფლავშიაც მემღვრეოდეს, გარდაცვლილს სისხლი.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий