суббота, 3 мая 2014 г.

10 თვისება, რითაც შეიძლება სნობის შეცნობა

სიტყვა 'სნობი" ინგლისურია (snob) და პირველ ხანებში - დაახლოებით მე-19 საუკუნის პირველი მეოთხედიდან - აღნიშნავდა ისეთ სუბიექტს, ვინც მდაბიო წარმოშობისაა და ყველა გზითა და საშუალებით ცდილობს გზა გაიკვალოს მაღალ საზოგადოებაში და იცხოვროს ე.წ "არისტოკრატული წესით". ქართველთათვის ასეთი პერსონაჟი კარგადაა ცნობილი - იგი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი გახლავთ.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღევანდლამდე სნობიზმი უფრო საშუალო ფენების წარმომადგენელთა მანკიერებად იქცა და შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით გამოირჩევა:

1. ბრმად აყოლა და გაზიარება ნებისმიერი მოდისა და მოდად ქცეული გემოვნებისა.
2. მონური მორჩილების გამომჟღავნება საზოგადოდ აღიარებილი პიროვნებების ან ცნებების მიმართ და მათი სახელების მოშველიება საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.
3. ე.წ. არაპრესტიჟული წარმომავლობის შემთხვევაში საკუთარი წარსულის საგულდაგულოდ დამალვა ან გადაკეთება ოფიციალური დოკუმენტაციის შეცვლითაც კი (იგულისხმება შენიღბვა-შელამაზება, ვთქვათ, გვარის, ეროვნების, დაბადების ადგილის, ნათესავების, ძველი სამეგობრო წრის და ა.შ.)
4. ქედმაღლობა და "ზემოდან ყურება" მათკენ, ვინც ცდილობს იყოს თვითმყოფადი.
5. შიში ყოველგვარი სიახლის მიმართ საკუთარ ქვეყანაში და სწრაფვა იმ "სიახლეებისკენ", რაც სხვა ქვეყნებშია აპროპირებული და სხვათა ცხოვრებაზე მორგებული.
6.  აღფრთოვანება იმ ყველაფრით, რაც არის პირველხარისხოვანი, კომფორტული, ავანგარდული და შესაბამისად უარყოფა მეორეხარისხოვანისა თუ არაპრესტიჟულისა მაშინაც კი, როცა ეს უკავშირდება ცნებებს "სამშობლო და მშობლიური" ან წინაპრების არცთუ სახარბიელო წარსულს.
7. მოვლენათა და საგანთა დაფასება მხოლოდ მათი გარეგნული თვისებების გამო და ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, თუ ეს მოვლენა ან საგანი ელიტად შერაცხული საზოგადოების რომელ წევრს უყვარს ან ახასიათებს.
8. ზომიერი, პრაგმატული ფანატიზმი.
9. გამუდმებული სწრაფვა თანამდებობის თუ ტიტულებისკენ და შემოქმედებითი საქმიანობის, როგორც საარსებო საშუალების, პირწმინდად უარყოფა.
10. პარადოქსია, მაგრამ სნობი არ არის არც მლიქვნელი და არც ზარმაცი, სამაგიეროდ არის თვალთმაქცი და კარგი დიპლომატი და ამასთანავე გამოირჩევა დიდი შრომისუნარიანობით.

"სნობიზმი" და მისი თავისებურებანი დიდი ხანია გამოვლენილი და მხილებულია, მე უბრალოდ თავი მოვუყარე განსაკუთრებით თვალშისაცემ შტრიხებს და ათ ერთეულში ჩავატიე.

ალექსანდრე ელერდაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий